06 მაისი 2022
ავტორები: ანტონ ვაჭარაძე, ნინო გოზალიშვილი
რედაქტორი: ლევან ავალიშვილი
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნამ რუსეთის ფედერაციაში განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, იმდენად, რამდენადაც რუსული პროპაგანდა ცდილობს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების ნარატივის ადაპტირებას თანამედროვეობაში. 9 მაისი საბჭოთა კავშირში და მის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის იყო უფრო მეტი, ვიდრე სახალხო დღესასწაული - ნაციზმზე გამარჯვების ნარატივმა კი ღრმად გაიდგა ფესვები, არა მხოლოდ რუსულ ეროვნულ იდენტობაში, არამედ პოლიტიკურ პრაქტიკაშიც. ამ დღეს, გამარჯვების ნარატივები თითქმის აგრესიულად ფარავს ომის სისასტიკის, მსხვერპლთა და ზიანის ტრავმას. დღესაც, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, 9 მაისის მოახლოება რუსეთისთვის ასოცირდება ომის გამარჯვებით დასრულებასთან ან მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევასთან მაინც, რადაც არ უნდა დაჯდეს ეს.
არაერთი დასავლური გამოცემის აზრით, უკრაინაში დაწყებული აგრესიული ომის “წარმატებით დასრულებას” პუტინი სწორედ 9 მაისს აპირებდა, გრანდიოზული მასშტაბის ღონისძიებით, რომლის მთავარი გზავნილი იქნებოდა “ნაციზმის დამარცხება”. უკრაინაში დაწყებული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივი ხომ ქვეყნის ე.წ. “დენაციფიკაციაა”.
ვლადიმირ პუტინის პირველი ინაუგურაცია 2000 წლის 7 მაისს შედგა და სწორედ ამ დღიდან დაიწყო მან პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება. 2008-2012 წლებში, ის იყო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე, როდესაც სიმბოლურად პრეზიდენტობა დიმიტრი მედვედევს გადააბარა, ხოლო 2012 წლიდან იგი კვლავ 2 ვადით გახდა რუსეთის პრეზიდენტი. 2020 წლის მარტიდან, მას შემდეგ რაც მან მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ინიციატივა პრეზიდენტობის ვადის “განულების” შესახებ, მას მიეცა რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე 2036 წლამდე დარჩენის კანონიერი შესაძლებლობა.
2000 წლიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში იცვლებოდა პუტინის სამხედრო რიტორიკა და მასთან ერთად მოსკოვში, წითელ მოედანზე 9 მაისის აღნიშვნის სიმბოლური და გარეგნული დატვირთვა. ბოლო წლებში ამ ყველაფერს დაემატა რუსეთის პრეზიდენტის განსაკუთრებული დამოკიდებულება რუსეთისა და მეზობელი ქვეყნების ისტორიის მიმართ. როგორც ისტორიკოსი ფიოდორ უსპენსკი აღნიშნავს: “რუსეთის პრეზიდენტის დაინტერესება ისტორიით საბედისწერო და მავნებლურია. ეს ინტერესი ცოცხალი და არახელოვნურია, თუმცა ინტერესის დასაკმაყოფილებლად მასალას იგი მოიპოვებს არც თუ ისე სანდო წყაროებიდან, რასაც ხშირად ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ.”
კრემლის მიერ განხორციელებული რიგი საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი, ისტორიის წარმოჩენა იმ ფორმით, რაც შეეწინააღმდეგება ქვეყნის ოფიციალურ ნარატივს, სისხლის სამართლის კოდექსითაც კი ისჯება. კონტრასტული ნარატივების ადვოკატირება, “ფაშიზმის რეაბილიტაციისა” და სხვა მსგავსი მუხლებით ამა თუ იმ კონკრეტულ სასჯელს ითვალისწინებს. აღნიშნული პოლიტიკა ნათლად არის ასახული რუსეთის კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც.
პუტინი და მისი რეჟიმი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შეუდგა გამარჯვების დღის ინსტრუმენტალიზაციას, საკრალიზაცია და თარიღის გარშემო მითებისა და ლეგენდების კიდევ უფრო დიდი დოზით შეთავაზებას საზოგადოებისთვის. ერთი მხრივ, ეს ყველაფერი ხდებოდა მზარდი მილიტარისტული აქტივობებით, ხოლო მეორე მხრივ - საზოგადოებისთვის დიდი სამამულო ომის ერთი, დომინანტური ნარატივის დამკვიდრებით, რომლისგან ნებისმიერი გადახვევა ჩაითვლებოდა ფაშიზმის რეაბილიტაციად. ასე მაგალითად:
- 2016 წლის მარტში თანამდებობიდან გაათავისუფლეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივის (ГАРФ) დირექტორი სერგეი მირონენკო, ვინაიდან მან გამოაქვეყნა საარქივო დოკუმენტები “28 პანფილოველის” შესახებ. ოფიციალურმა დოკუმენტურმა წყაროებმა კი რუსეთის კულტურის სამინისტროს მიერ 30 მილიონი რუბლით დაფინანსებული პროპაგანდისტული ფილმის შინაარსი თავდაყირა დააყენა;
- 2021 წელს პუბლიცისტ ალექსანდრ ნევზოროვს, რუსეთის სამხედრო-ისტორიულმა საზოგადოებამ პროკურატურაში უჩივლა, ვინაიდან ნევზოროვმა მეორე მსოფლიო ომის გმირი, ზოია კოსმოდემიანსკაია მოიხსენია როგორც ფანატიკოსი, რომელიც სტალინის პროპაგანდამ გმირად აქცია;
- 2021 წელს რეპერი მორგენშტერნი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, ვინაიდან მან ერთ-ერთი ინტერვიუსას იკითხა, მიზანშეწონილი იყო თუ არა მილიონების ხარჯვა სადღესასწაულო ღონისძიებებში.
გარდა ამისა, პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია სკოლის მოსწავლეთა ინდოქტრინაცია - რუსეთის და მისი მეზობლების ისტორიის შესახებ შეხედულებათა სისტემისა და სტერეოტიპების ჩანერგვა და ჩამოყალიბება. ამ მიზნით, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ მე-6-8 და მე-9-მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა სპეციალური გაკვეთილი - “ჩემი ქვეყანა”. გაკვეთილის შესახებ წარდგენილი ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად: “მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ გახდა იძულებული პრეზიდენტი და ხელისუფლება უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები შეეყვანა, რომ ეს არ არის ომი, არამედ სპეციალური სამშვიდობო ოპერაცია, რომლის მიზანია დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობის დაცვა და ნაციონალისტების შეკავება, რომლებიც ემუქრებიან რუსულენოვან მოსახლეობას”.
გაკვეთილის - “ჩემი ქვეყანა” - პოსტერი
9 მაისის გამარჯვებას განსაკუთრებული როლი აქვს პუტინის რუსეთის ეროვნულ ნარატივში: ვინაიდან ქვეყანამ წლებია ვერ შეძლო დასავლური დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრება, ტექნოლოგიური და ეკონომიკური მოდერნიზაცია, მოსახლეობის ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება და სულ უფრო და უფრო ეფლობა კორუფციაში, ეროვნული ნარატივის კედლების შენებას კრემლი კვლავაც 77 წლის წინანდელ მიღწეულ დიდ გამარჯვებაზე და ნაციზმის დამარცხებაზე აგრძელებს.
მიმდინარე ბლოგით შევეცდებით წარმოვაჩინოთ, როგორ იცვლებოდა 9 მაისის მიმართ დამოკიდებულება წლების მანძილზე, რა ფორმებს იძენდა ამ დღისადმი მიძღვნილი მთავარი აღლუმი თანამედროვე რუსეთის ფედერაციაში და რომელი სიმბოლოები თუ ნარატივები დომინირებდა ამ დღესთან მიმართებით.
სანამ უშუალოდ 2000 წლიდან განხილვას დავიწყებდით, საჭიროა განვიხილოთ პერიოდი რუსეთის დამოუკიდებლობიდან 1990-იანი წლების ბოლომდე, რათა ნათლად ვაჩვენოთ ის გარდაქმნა, რომელიც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამ გამოიწვია ამ კუთხით. 1991-1994 წლებში სამხედრო აღლუმები არ ჩატარებულა. 1995 წლის აღლუმი პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება იყო თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ისტორიაში, ვინაიდან ამ წელს ომის დამთავრების 50 წლისთავი აღინიშნებოდა. აღლუმს დაესწრო გაეროს გენერალური მდივანი, ბუტროს ბუტროს-გალი და 56 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის: აშშ პრეზიდენტი ბილ კლინტონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჯონ მეიჯორი, გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი, თურქეთის პრემიერი თანსუ ჩილერი, უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. აღლუმში მონაწილეობდა 15,000 სამხედრო, გარდა ამისა, მარშით ჩაიარეს “დიდი სამამულო ომის” 10-ივე ფრონტის მონაწილე ვეტერანმა, ხოლო დამატებით 5,000 ვეტერანი მოსკოვში მიწვეული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან. მოსკოვში გაიმართა მძიმე ტექნიკის აღლუმი, თუმცა არა წითელ მოედანზე, არამედ ე.წ. “Პოკლონნაია გორაზე”, ვინაიდან წითელი მოედნის ირგვლივ ქუჩების რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა და ტექნიკა გადაადგილებას ვერ შეძლებდა. ამავე დღეს გაიმართა საავიაციო აღლუმიც.
რუსეთის ფედერაციის და აშშ პრეზიდენტები, ბორის ელცინი და ბილ კლინტონი 1995 წლის აღლუმზე
1995 წლის აღლუმს რამდენიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნდა:
- სამხედრო ძალის დემონსტრაცია, ვინაიდან - 1) ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ომი ჩეჩნეთში და 2) დასავლეთის ლიდერებს უნდა დაენახათ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძლიერება არსად გამქრალა;
- ვეტერანების, იმ საბჭოთა მოქალაქეების გულის მოგება, რომლებიც განიცდიდნენ საბჭოთა კავშირის დაშლას, ვერ შეეგუვნენ ახალ ეკონომიკურ წყობას და გარდამავალ სოციალურ პრობლემებს.
ამრიგად, 9 მაისმა საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წელში უკვე დაიბრუნა ის პოლიტიკური ფუნქცია, რომელიც მოგვიანებით მნიშვნელოვანი იარაღად იქცა პუტინის პოლიტიკაში.
1996 წელს აღლუმი გაცილებით მოკრძალებულად ჩატარდა და მასში მონაწილეობას მხოლოდ 7,370 ქვეითი ჯარისკაცი იღებდა. აღლუმზე არ გამოუყვანიათ მძიმე ტექნიკა. ეს იყო ბოლო აღლუმი, როდესაც ტრიბუნად გამოიყენეს მავზოლეუმის ვერანდა. მას შემდეგ, სპეციალურად ამ დღის ღონისძიებებისთვის, ცალკე ტრიბუნა იგებოდა. 1997-1999 წლებში აღლუმები ასევე მოკრძალებულად ჩატარდა და განსაკუთრებული სიახლე ან განსხვავებულობა ამ ღონისძიებებს არ ახასიათებდა.
საინტერესოა, რომ 1995 წლის აღლუმის დროს ყვავილებით იყო დაფარული წარწერა - “ლენინი” - მავზოლეუმის კედელზე. 1996 წელს წარწერა ჩანდა, ხოლო 1997-1999 წლებში კვლავ დაფარული იყო. 2000 წლიდან კი აღლუმზე წარწერა აღარ დაუფარავთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რუსეთმა კვლავ აიღო გეზი საბჭოთა წარსულის იდეალიზაციისკენ და ნელ-ნელა იქცა დანაშაულებრივი რეჟიმის სრულყოფილ მემკვიდრედ როგორც იდეოლოგიურად, ასევე პოლიტიკურადაც.
ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია 2000 წლის 7 მაისს გაიმართა. 8 მაისს იგი უკვე კურსკში იმყოფებოდა, სადაც გახსნა ცნობილი ბრძოლის მემორიალი. 9 მაისს კი ახალარჩეული პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ბორის ელცინი წითელი მოედნის ტრიბუნაზე ერთად გამოჩნდნენ. აღლუმში 11,000 სამხედრო იღებდა მონაწილეობას, მათ შორის 5,000 ვეტერანი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან და 6,000 რუსეთის ფედერაციის აქტიური სამხედრო. 2000 წელი იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც ვეტერანებმა მარშით ჩაიარეს წითელ მოედანზე. როგორც მწერალი როი მედვედევი აღნიშნავს, სანახაობა მართლაც შთამბეჭდავი იყო - 5,000 სამოცდაათ წელს გადაცილებული, თვალცრემლიანი ადამიანის ერთად გავლა, რასაც პუტინიც ცრემლმორეული ადევნებდა თვალს. როი მედვედევის აზრით, 7-9 მაისის ღონისძიებებმა მოსახლეობაში პოლიტიკური გაურკვევლობის შეგრძნება სიამაყის შეგრძნებით ჩაანაცვლა და პუტინი ამის შემოქმედად წარმოაჩინა, რაც სწრაფად აისახა სტატისტიკაზეც. მაგალითად, 10-12 მაისს, პუტინის პირველ 3 სამუშაო დღეში, წლების განმავლობაში, პირველად გამყარდა რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებით.
პუტინი და ელცინი მხარდამხარ 2000 წლის აღლუმზე
2001 წლის მთავარი სიახლე ის იყო, რომ აღლუმი ჩაიბარა რუსეთის ისტორიაში თავდაცვის პირველმა სამოქალაქო მინისტრმა (იქამდე თავდაცვის მინისტრი ყოველთვის სამხედრო პირი იყო) და პირველად გაჟღერდა მოდიფიცირებული “ალექსანდროვის ჰიმნი” (საბჭოთა კავშირის ყოფილი ჰიმნი, რომელსაც ტექსტი გადაუკეთეს და 2000 წლის 25 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის ჰიმნად დააბრუნეს). ძველი ჰიმნის დაბრუნებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ისტორიული განგრძობადობის იდეას, რომლის დამკვიდრებასაც მოსვლის დღიდან ცდილობდა პუტინის პოლიტიკა.
2002-2004 წლებში განსაკუთრებული სიახლეები აღლუმებზე არ შეინიშნებოდა.
2005 წლის აღლუმი დატვირთული იყო თეატრალური ელემენტებით: ვეტერანების მარში აღარ შემდგარა, 3,000-მდე ვეტერანი ამ დღისთვის სპეციალურად განახლებულ, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი სატვირთო მანქანებით ჩაატარეს, ხოლო ჯარისკაცები გამოაწყვეს წითელარმიელთა ტანისამოსში. ყველა ქვედანაყოფი, იქნებოდა ეს ტანკისტები თუ გამნაღმველები თავიანთი ძაღლებით, მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ფორმებს ატარებდნენ. 2005 წლის აღლუმს დასავლური სამყაროს არაერთი ლიდერი დაესწრო: ბუში, ჰუ ძინტაო, შირაკი, შრედერი, კოიძუმი და სხვები. აღსანიშნავია, რომ ზემონახსენები ისტორიული ერთიანობის იდეა 2005 წელს უკვე აბსტრაქციიდან რეალობაში აისახა თეატრალური ელემენტების საშუალებით. ამ წელს ჩნდება წმ. გიორგის ლენტიც (ე.წ. გეორგიევსკის ლენტი), რომელმაც რუსეთის ფედერაციაში პატრიოტიზმის ერთგვარ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.
პირველ რიგში: ჟაკ შირაკი, პუტინის ყოფილი მეუღლე ლიუდმილა, პუტინი, ჯორჯ და ლორა ბუშები, ჰუ ძინტაო - 2005 წლის აღლუმი
2008 წელს, სანამ ზუსტად 3 თვის თავზე რუსეთი საქართველოში შემოიჭრებოდა, აღლუმი პომპეზურად ჩატარდა. საგულისხმოა, რომ აღლუმს წინ უძღოდა 2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება და მოკავშირეების მიერ აღებული ვალდებულება - საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრებად გახდომის თაობაზე. აღლუმის დროს წითელ მოედანზე გამოიყვანეს მძიმე სამხედრო ტექნიკაც, რაც რუსეთის ფედერაციის ისტორიაში პირველად მოხდა. წითელ მოედანზე გაიარა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების - “ტოპოლ” [Тополь] მულაჟებმა. საინტერესოა, რომ საკონტინენტთაშორისო რაკეტები აღლუმებზე ბოლოს 1974 წელს იყო დემონსტრირებული, ვინაიდან 1972 წელს ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების აქტს (ე.წ. SALT I). 2008 წელს აღლუმი გაიმართა რუსეთის 12 დიდ ქალაქშიც. რუსეთის ფედერაციის მზარდი მილიტარიზმით შეშფოთებაზე კი პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა: “ეს არ არის იარაღის თვალწინ თამაში. ჩვენ არავის ვემუქრებით და არაფერს ვახვევთ თავს. ეს არის თავდაცვის სფეროში ჩვენი მზარდი შესაძლებლობების დემონსტრაცია”. აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება ნამდვილად შეიძლება განიხილებოდეს საერთაშორისო ურთიერთობებში “ძალის დემონსტრირების” კონცეპტის ფარგლებში.
2009 წელს ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის 3000-მდე დასახლებულ პუნქტში აღლუმებში მონაწილეობა მიიღო 30,000-ზე მეტმა სამხედრომ და 10-მა მილიონმა ადამიანმა. რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის გამოსვლაში გაიჟღერა საგულისხმო ფრაზამ: “ამ მოედანზე გაივლიან ომის გმირების შთამომავლები. Მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც რეალურ შეტაკებაში დაამტკიცეს თანამედროვე რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ: ნებისმიერი აგრესიას ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ გაეცემა საკადრისი პასუხი”. სავარაუდოა, რომ “რეალურ შეტაკებაში” და მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიაზე პასუხში საქართველო წინააღმდეგ წარმოებული 2008 წლის ომი იგულისხმებოდა.
აშკარად მზარდი მილიტარიზმის, საქართველოსთან წარმოებული ომისა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, 2010 წლის, ომის დასრულების 65 წლისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასავლური დემოკრატიული სამყაროს ლიდერები და ამავე ქვეყნების სამხედრო შენაერთებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას. ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების: პოლონეთის, საფრანგეთის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა (თითოეულმა ქვეყანამ გამოაგზავნა 70 სამხედრო), გაშლილი დროშებით წითელ მოედანზე რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცების მხარდამხარ გაიარეს. მათ მიჰყვა იმდენივე სამხედრო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უკრაინა. აღლუმს არ ჩაუვლია არც თეატრალური პროპაგანდის გარეშე. მაგალითად, თურქმენეთის არმიის ოფიცერმა წითელ მოედანზე ჩაიარა ახალთექეს ჯიშის ცხენით, ხოლო პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ეს იმ ცხენის პირდაპირი შთამომავალი იყო, რომლითაც მარშალმა ჟუკოვმა გამარჯვების აღლუმი ჩაიბარა. აღლუმზე დამსწრეთა შორის იყო გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ტორბორნ იაგლანდი. Მათ მხარდამხარ კი არაღიარებული “აფხაზეთის პრეზიდენტი” სერგეი ბაღაფში და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი” ედუარდ კოკოითი. Ბარაკ ობამამ, სილვიო ბერლუსკონიმ, ნიკოლა სარკოზიმ და გორდონ ბრაუნმა სხვადასხვა მიზეზით უარი თქვეს მოსკოვში ჩასვლაზე. საინტერესო აღმოჩნდა მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, მიხაი გიმპუს პოზიცია: “მე ვერ მივიღებ აღლუმში მონაწილეობას იმ არმიის მხარდამხარ, რომელმაც მოიტანა კომუნიზმი. ეს არმია დნესტრისპირეთის ჩამოყალიბების სათავეებთანაც იდგა”.
მარშალი გიორგი ჟუკოვი 1945 წლის აღლუმზე
ცხენოსანი თურქმენი სამხედრო 2010 წლის აღლუმზე
2011 წლის აღლუმში რეკორდული - 20,000 სამხედრო მონაწილეობდა. ასევე წარმოადგინეს ტექნიკის მთელი არსენალი: ჯავშნოსანი ავტომობილი “Тигр”, ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80, ტანკი Т-90, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი “Мста-С”, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “Бук-М2”, რეაქტიული სისტემა “Смерч”, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “Панцирь-С1”, სარაკეტო კომპლექსის გამშვები მოწყობილობა “Искандер-М” და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი “Тополь-М”.
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი “Тополь-М” აღლუმზე
2012-2013 წლების აღლუმებიც გამოირჩეოდა ხალხმრავლობით და მასში 10,000 სამხედროზე ნაკლებს მონაწილეობა არ მიუღია. ყოველწლიურად წითელ მოედანზე ჩაივლიდა მძიმე ტექნიკა, მათ შორის, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები.
2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, აღლუმში მონაწილეობდა შავი ზღვის ფლოტის 810-ე ქვეითი ბრიგადა, რომელსაც მიჰქონდა 2014 წელს 18 მარტს რუსეთის ფედერაციის მიერ მიერთებული ახალი ერთეულის, ე.წ. “ყირიმის რესპუბლიკის” დროშა. ამრიგად, ამ წლებში რუსეთის ფედერაცია ცდილობდა გამარჯვების “ახალი ნარატივის” ძველისთვის მიბმას და ამ საშუალებით, მის განახლება-გამოცოცხლებას, ვინაიდან, გამარჯვების ნარატივს ამ პერიოდში უკვე აშკარად გამოხატული სოციალურ-პოლიტიკური ფუნქციები ჰქონდა.
2015 წელს გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე საერთაშორისო დამსწრეების ვექტორი ევროპული დემოკრატიული ქვეყნებიდან - ავტორიტარული ქვეყნებისკენ გადაიხარა და ღონისძიებას უკვე ისეთი ოდიოზური ლიდერები დაესწრნენ, როგორებიცაა: რობერტ მუგაბე, რაულ კასტრო, ნიკოლას მადურო და სხვები. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერების მოსკოვში არწასვლის მიზეზი ამერიკის აგრესიული პოლიტიკა გახდა. აღლუმის პარალელურად, პუტინი პირადად მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით ჩამოყალიბებული კიდევ ერთი პროპაგანდისტული ღონისძიების ე.წ. “უკვდავი პოლკის” მსვლელობაში მოსკოვის მასშტაბით 500,000, ხოლო რუსეთის მასშტაბით 12 მილიონი ადამიანის მხარდამხარ.
2016 წლის აღლუმზე ერთი საინტერესო დეტალი დაფიქსირდა: კრემლის კარიბჭიდან ღია ავტომობილით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ავტომობილის შეჩერება მოითხოვა, ქუდი მოიხადა და პირჯვარი გადაიწერა. ცენტრალურ ტრიბუნაზე საერთაშორისო პარტნიორების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა და იქ ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის და სსრკ ბოლო ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის გარდა ადგილს იკავებდნენ მომღერალი იოსიფ კობზონი, ამერიკელი მოკრივე ჯეფ მონსონი და რეჟისორი ოლივერ სტოუნი, რომელმაც იქამდე პუტინზე 4 საათიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. პუტინმა თავის სიტყვაში 9 მაისი მოიხსენია როგორც არა მხოლოდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, არამედ როგორც საოჯახო დღესასწაული.
9 მაისის აღლუმისთვის ახალი, რელიგიური სიმბოლიზმი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს შესრულებით - 2016 წელი
2017-2019 წლებში აღლუმი კვლავაც დატვირთულად მიმდინარეობდა, თუმცა ნაკლები პომპეზურობით. 2020 წელს კი, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილე კოვიდ-19 პანდემიის გამო არა 9 მაისს, არამედ 24 ივნისს გაიმართა. აღლუმში მონაწილეობდა 14,000-ზე მეტი სამხედრო, ასევე დემონსტრირებული იყო იმ ტექნოლოგიური სიახლეების ნაწილი, რომლებიც 2018 წლის 1 მარტს ვლადიმირ პუტინმა წარადგინა, მაგალითად, ავიაგამანადგურებელ МиГ-31К-ზე დამაგრებული ზებგერითი სარაკეტო კომპლექსი “კინჟალი”.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით 2022 წლის აღლუმზე არ მოიწვევენ არც ერთ უცხოელ ლიდერს. წინასწარი ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით ნაკლები იქნება საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა. 24 აპრილს, ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა, ტიგრან კეოსაიანმა (უფრო ცნობილი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის მეუღლემ) ვიდეომიმართვაში ყაზახეთის მიერ 9 მაისის აღლუმის გაუქმება უცენზურო სიტყვებით გააკრიტიკა და ამ აქტს უმადურობა უწოდა. იქვე მან აღნიშნა, რომ 9 მაისის აღლუმის გამართვა არის ერთგვარი ინდიკატორი - ქვეყანა რუსეთისკენაა თუ მის წინააღმდეგ. ყაზახეთში რუსი პროპაგანდისტის ამ გამოსვლას მძაფრი რეაქცია მოყვა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ 27 აპრილს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, შესაძლოა კეოსაიანს ყაზახეთში შესვლაც კი აეკრძალოს.
რუსეთის ფედერაციის 30 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში იცვლებოდა როგორც აღლუმის ჩატარების ფორმები, ასევე ნარატივები, დამსწრეთა და მონაწილეთა რაოდენობა და მრავალი სხვა ასპექტი, თუმცა ის პოლიტიკური და სოციალური ფუნქცია, რომელიც 9 მაისის გამარჯვების ნარატივს პოლიტიკურად აქვს მინიჭებული უცვლელად წარმოდგებოდა წლიდან წლამდე:
- 1995 წლის გარდა, ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში მასშტაბური სამხედრო აღლუმი, მძიმე ტექნიკის და ავიაციის გამოყენებით არ გამართულა, ხოლო პუტინის ეპოქაში, განსაკუთრებით კი მეორე ათწლეულში, აღლუმებში ათასობით სამხედრო მონაწილეობს და გამუდმებით ხდება სამხედრო ტექნიკის დემონსტრაცია, რაც შეიძლება აიხსნას დასავლური სამყაროს და ნატოს წინააღმდეგ ძალის დემონსტრირებით და ირგვლივ მყოფი ქვეყნების მუდმივ დაძაბულობაში ყოფნით;
- პუტინის რეჟიმის პირობებში აღარ ხდება საბჭოთა კავშირთან იდეური დისტანცირება და, მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს - წარწერა “ლენინის” დაფარვა, რითაც ელცინის ხელისუფლება აფიქსირებდა რუსეთის ფედერაციის საბჭოთა წარსულთან დამაკავშირებელი იდეური ჯაჭვის წყვეტას. პუტინის ხელისუფლება კი პირიქით, საბჭოთა წარსულის იდეალიზებას განაგრძობს, რაც განცხადებების გარდა თუნდაც აღლუმის მიმდინარეობისას, არაერთ სიმბოლურ აქტში გამოიხატება. ამასთანავე საყურადღებოა თანამედროვე რუსეთის ფედერაციაში კიდევ ერთი, რელიგიური სიმბოლიზმის მომძლავრება - მინისტრ შოიგუს მიერ ოფიციალური პროტოკოლის დარღვევა და პირჯვრის გადაწერა აღლუმის დაწყებამდე;
- წარსულთან ერთიანობის განცდა რუსეთის მთავრობის ნაციონალისტური პოლიტიკის გამოძახილია: წარსულისა და აწმყოს გამარჯვებების გარშემო გაერთიანების მცდელობა აშკარა იყო როგორც რიგ თეატრალურ წარმოდგენებში, ისე 2014 წლის შემდეგ ანექსირებული ყირიმის “გამარჯვების ნარატივში” ინტეგრაციაში. ამგვარი პოლიტიკის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს 9 მაისის ასეთი მყარი ადგილი რუსულ ეროვნულ თვითშეგნებაში;
- 1995 წლიდან ოფიციალური სტუმრებს შორის სულ უფრო და უფრო ნაკლებად ფიგურირებენ დასავლური სამყაროს ლიდერები და, მაგალითად, ამერიკის და სხვა წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების პრეზიდენტების ნაცვლად შეგვიძლია ვიხილოთ ოდიოზური დიქტატორები, არაღიარებული სახელმწიფოების “პრეზიდენტები” და სრულიად უცნაური ლოგიკით მთავარ ტრიბუნაზე აღმოჩენილი ცნობილი ადამიანები;
- როგორც ჩანს, საომარი მოქმედებები და/ან ისეთი საერთაშორისო მოვლენები, როგორიც იყო ბუქარესტის სამიტი, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს 9 მაისის აღნიშვნის ცერემონიაზე, მისი სიმბოლურ და პოლიტიკურ დატვირთვაზე.
საგულისხმოა საქართველოში პერიოდულად მიმდინარე დებატები “ფაშიზმზე გამარჯვების დღის” 9 მაისიდან 8 მაისზე გადმოტანასთან დაკავშირებით. პირველ რიგში აღსანიშნავია უქმე დღის სახელწოდება - “ფაშიზმზე გამარჯვების დღე” - იმ პირობებში, როცა ამ დღეს არა იტალიური ფაშისტური რეჟიმი, არამედ გერმანის ნაცისტური „რაიხი“ დამარცხდა და კაპიტულაცია გამოაცხადა. მაგალითად, უკრაინაში, 9 მაისს „ნაციზმზე გამარჯვების დღე“ აღინიშნება. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ევროპასა და საბჭოთა კავშირში თარიღებს შორის განსხვავება გამოიწვია სასაათო სარტყელმა - გერმანიის მხრიდან უსიტყვო კაპიტულაციას ხელი ვერმახტის (ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელწოდება 1935-1945 წლებში) გენერალ-ფელდმარშალმა, ვილჰემ კაიტელმა მოაწერა საბჭოთა კავშირის წინაშე, რითაც მეორე მსოფლიო ომში გერმანიის შეიარაღებული ძალების მოქმედება ოფიციალურად შეწყდა, 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე. მოსკოვის დროით კი უკვე 9 მაისი იყო.
რუსეთის მმართველი ელიტის მიერ 9 მაისის არნახული ინსტრუმენტალიზაციიდან და მილიტარისტული რიტორიკიდან გამომდინარე, მთელმა რიგმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა გამარჯვების დღის აღნიშვნა 9 მაისის მაგიერ 8 მაისს გადაიტანეს. 2022 წელს განხილვები მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტშიც: ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის ინიციატივა გამოთქვეს - უქმედ დღედ 9 მაისის ნაცვლად 8 მაისის გამოცხადების თაობაზე. პროექტის ავტორებმა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს, რაც უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. დებატებისას კი უმრავლესობა აპელირებდა ისეთ არგუმენტებზე, რომლებიც არ ითვალისწინებს რუსეთის მიერ 9 მაისის ინსტრუმენტალიზაციის მნიშვნელობას.
_____
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.
ვებგვერდი მომზადდა და იმართება ინფორმაცის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ(IDFI).
ვებგვერდის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.