...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

26 მაისი დოკუმენტურად - რას გვიყვება არქივები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე

25 მაისი 2022


აღნიშნულ საინფორმაციო ბლოგში წარმოგიდგენთ რამდენიმე საარქივო დოკუმენტს, რომელიც სხვადასხვა არქივსა თუ ონლაინ სივრცეშია დაცული, ასევე განვმარტავთ კონტექსტს - რას მოგვითხრობს ესა თუ ის დოკუმენტი 26 მაისის შესახებ.

სხვადასხვა არქივსა და (ონლაინ) სივრცეში დაცული დოკუმენტების გაცნობით, ბლოგი მოგითხრობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის- 26 მაისის კონტექსტის შესახებ. 

 

1918-1921 წლები

1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა ჩატარდა, რომელმაც  ნაშუადღევს, 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელიც 4 საათსა და 50 წუთზე გაიხსნა, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“. ამავე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უსწრებდა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 1918 წლის 25 მაისს,  ამიერკავკასიის სეიმის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე. 

         

საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ოქმი ამიერკავკასიის სეიმის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე, 1918 წლის 25 მაისი. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

საქართველოს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

ღამის 11 საათზე, 25 მაისს 1918 .

(საყურადღებო ფაქტია, რომ დოკუმენტი საარქივო წესით დამუშავებული და აღწერილია საბჭოთა პერიოდში, სწორედ ამის გამო სიტყვა - „დამოუკიდებლობის“ - ყდაზე ბრჭყალებშია ჩასმული)

დაესწრნენ: . ჟორდანია, . ლასხიშვილი, . საყვარელიძე, . გვარჯალაძე, . ხომერიკი, ალ. ლომთათიძე, . ჯიბლაძე, . მესხიშვილი, . მესხი, . რამიშვილი, იას. ლორთქიფანიძე, . ვეშაპელი, . ჟურული, ალ. ასათიანი, . მაჭავარიანი, . ვაჩნაძე, . გვაზავა, ირ. წერეთელი, . გეგეჭკორი, . ჩხეიძე, . გობეჩია.

თავმჯდომარე . ჟორდანია. მდივანი . ნახუცრიშვილი.

1. . ჟორდანია აცნობს დამსწრეთ . ჩხენკელის დეპეშას და წერილს1, სადაც იგი თხოულობს დაჩქარებულ იქნეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რადგან გვიანდება და აუცილებელი კია.

შემდეგ თავმჯდომარე განმარტავს, რომ სურვილი იყო ამაღამ ათს საათზე შეკრებულიყო სეიმი2, რომელიც გამოაცხადებდა სეიმს დაშლილად და შემდეგ საბჭო გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ სეიმის ზოგიერთმა ფრაქციებმა შეკრებაზე უარი სთქვეს, მაგალითად მუსავატმა განაცხადა, რომ მათ ჯერ არ განუხილავთ საკითხი და აზრი არ შეუმუშავებიათ, თუ ქართველებს სურთ დამოუკიდებლობის გამოცხადება, გამოაცხადონ, ჩვენ ხელს არუშლით, სომხებმა განაცხადეს, რომ შესამუშავებელი აქვთ თავიანთი განცხადება და თხოულობენ გადიდოს სეიმის სხდომა ხვალ დღით.

რადგანაც ჩვენ გვინდოდა მათთან თანხმობით საქმის გაკეთება, მაგრამ რადგან არ ხერხდება და არ სურთ, ჩვენ უნდა ცალკე ვიმსჯელოთ, სეიმის კრება დღეს არ მოხდა, დანიშნულია ხვალ დღის 12 საათზე. სეიმის შემდეგ საბჭო სასახლეშივე გამოაცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობას.

შემდეგ გაიმართა სჯა ბაასი იმის შესახებ, თუ როდის გამოცხადდეს დამოუკიდებლობა; რადგან ძალიან საჭიროა ამ აქტის გამოცხადება, რამდენიმე ორატორი იმ აზრისა იყო, რომ იმ დღესვე გამოცხადებულიყო აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა.

მაგრამ . ჟორდანიამ განმარტა, რომ დღევანდელი გამოცხადებით საქმე გართულდება, ვინაიდან სეიმი და მისი და მისი მთავრობა არსებობს, არ გაუქმებულა, მაშინ ორი მთავრობა იქნება, რაც შეუძლებელია; შეიძლება ზოგიერთმა წინააღმდეგობა გაგვიწიონ, დამოუკიდებელი საქართველო არ სცნონ, მათთან შეტაკება მოგვიხთება; ამიტომ გამოცხადება გადიდოს სახვალიოთ.

რადგან შეთანხმება არ მოხდა ამ ორ ჯგუფის შორის, კენჭი უყარა საკითხს: „საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდეს დღეს თუ ხვალ.“

პირველს მომხრე აღმოუჩნდა 6 ხმა.

მეორეს .......................................4 ხმა.

გადაწყდა გამოცხადებულიყო დღესვე; ამის გამო . ჟორდანიამ განაცხადა: რაკი დღესვე გამოცხადდება დამოუკიდებლობის აქტი, იგი პასუხის მგებლობას არ კისრულობს მოსალოდნელ შედეგებისას.

მაგრამ მცირე ხნის შემდეგ გამოირკვა, რომ დამოუკიდებლობის აქტი ჯერ შემუშავებული არ არის და ვერ იქნება წაკითხული; რამაც გამოიწვია თავის თავად აქტის გამოცხადების გადადება სახვალიოთ.

ვინაიდან საქმე მაინც საშურია, . რამიშვილის წინადადებით გადაწყდა: ხვალ 26 მაისს, დილით 10 საათზე მოხდეს სეიმის სხდომა, ხოლო 12 საათზე საბჭოსი.

 

აღნიშნული დოკუმენტი ნათლად გვაჩვენებს იმ პერიპეტიებს, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადებას უძღოდა წინ. მთავრობის წევრებს შორის სუფევს ერთგვარი მოუმზადებლობა და დაბნეულობაც კი. ბათუმის საზავო კონფერენციაზე3 მიღებული გადაწყვეტილება გამოცდილი პოლიტიკოსებისთვის მოულოდნელი ვერ იქნებოდა და ყველა სცენარი, სავარაუდოდ, განხილული უნდა ყოფილიყო, თუმცა პროცესს, ზემოაღნიშნული დოკუმენტის მიხედვით,  შეუმზადებლობაც თან ახლავს.


1918 წლის 26 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს XIX ყრილობა. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ, ყრილობის ხელნაწერს, რომლიდანაც შემდგომში შედგა გასუფთავებული დოკუმენტი. 

                                                

1918 წლის 26 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს XIX ყრილობა. შავი პირიდაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

“მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთის ისტორიულის იშვიათის და ამავ დროს ტრაღიკული აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა, ამავ დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს.

ჩვენ მივაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ერის დიდ ტრაგედიას, რომლის ერთი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზედ სცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი ჩვენს გარეშედ. ეს არის - სომხობა. ძველს ანდერძს დღევანდელი ქართველებიც გაიხსენებს და სომხის ერი იმავე მფარველობას ჰპოვებს ჩვენში, რომელსაც ჰპოვებდა იგი ქართველ მეფეთა შორის!“

 

ეროვნულ უმცირესობათა მიმართ დამოკიდებულება სამომავლოდ, მიღებულ კანონებშიც გამოიხატა. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობის კანონისთანახმად, ქვეყანაში არ არსებობდა ეროვნული ნიშნით გამორჩევა და ერთ-ერთი პუნქტის დამატებად ისიც კი იყო განსაზღვრული, რომ მთავრობას შეეძლო თანამდებობაზე სამუშაოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე მოეწვია. ცალკე აღსანიშნავიასაქართველოს სახელმწიფო ენისკანონი, რომელიც უცხო ენაზე მოსაუბრე ქვეყნის მოქალაქეებს დამფუძნებელ კრებაში საკუთარი ენის გამოყენების უფლებას აძლევდა.

საქართველოს კონსტიტუციის განხილვისას კი უდიდესი დრო ეთმობოდა ეროვნული უმცირესობების საკითხს. საქართველოში მცხოვრები ელინებისა (ბერძნები) და გერმანელებისთვის კულტურული ავტონომიის სტატუტი შემუშავდა. ჩატარდა საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე სხდომა, რომელიც უმცირესობების საკითხს ეხებოდა. საკითხის გარშემო აქტიურობდნენ არა მხოლოდ სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი) უმრავლესობა, არამედ სხვა პარტიებიც. აღნიშნულ საკითხზე ეროვნულ არქივებში დაცულია შემდეგი დოკუმენტები:

  • კომისიის სოციალ-ფედერალისტი წევრის, .ბარათაშვილის მოსაზრებანი ეროვნული უმცირესობების შესახებ;
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წინადადება დამფუძნებელ კრებას კონსტიტუციის შემუშავებასთან დაკავშირებით;
  • ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი (საკონსტიტუციო წინადადება, წარმოდგენილი ეროვნულ დემოკრატი .გვაზავას მიერ).

აღნიშნული მუშაობა და პრინციპები, საბოლოო ჯამში, აისახა 1921 წელს მიღებულ კონსტიტუციაში, სადაც მე-14 თავი (მუხლები 129-137)4 ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს შეეხებოდა.



საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რუსეთის იმპერიაში და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები შესამჩნევი ხდებოდა პირველი მსოფლიო ომის მიწურულს. 1918 წლის 26 მაისს New York Times-ში იბეჭდება სტატია სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენების შესახებ სათაურით “როგორ დაანაკუწეს გერმანელებმა რუსეთი”:

 

როგორ დაანაკუწეს გერმანელებმა რუსეთი, The New York Times, 26 მაისი, 1918 წელი.

„ქაოსი, რომელშიც რუსეთი იმყოფება, ვიზუალიზებულია ამ რუკით. შავი მსხვილი ხაზის მიღმა დარჩენილი ტერიტორია წარმოადგენს გერმანელების მიერ ოკუპირებული რუსეთის იმპერიის ნაწილებს. მარჯვენა დაბლა კუთხეში ნაჩვენებია რუსული პროვინციები ყარსი, ერევანი და ბათუმი, რომლებიც ბრესტ-ლიტოვსკის ზავით თურქეთს გადაეცა. მის ჩრდილოეთით კავკასიური ტერიტორიები როგორც ჩანს სულ მცირე 2 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაიყოფა.“

 

გაზეთის ამ სტატიაში გამოთქმული ვარაუდი, რომ კავკასიაში სულ მცირე 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდებოდა, იმავე დღეებში გამართლდა - საქართველომ 26 მაისს, ხოლო 28 მაისს სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. საქართველო დამოუკიდებლობას შემდეგ რუკაზე აღნიშნულ საზღვრებში შეხვდა:

ბრესტ-ლიტოვსკის ზავით გამოწვეული ტერიტორიული დათმობები მძიმე გამოდგაბათუმის ოლქი მთლიანად ოსმალეთის კონტროლქვეშ მოექცა. მცირე ხანში ოსმალეთმა ოლქში რეფერენდუმი ჩაატარა და ბათუმის ოლქში ისტორიულად მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მონაწილეობის უფლება შეუზღუდა, თუმცა შემდგომში საქართველომ მოახერხა ოლქზე კონტროლის აღდგენა და ის საკუთარ დე-ფაქტო და დე-იურე საზღვრებში მოაქცია.

New York Times-ის გაზეთის ტონი ერთგვარად თანაუგრძნობს რუსეთის იმპერიას, ვინაიდან ამ პერიოდში ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა და მათთვის ძლიერი და ერთიანი რუსეთის იმპერია იყო საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზეთის პოზიციით, რუსეთის დაშლა თითქოს გერმანიასბრალდებოდა და არა, მაგალითად, სამოქალაქო ომს, რომელიც ამ პერიოდში იქ მძვინვარებდა. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, აშშ პოზიცია რადიკალურად შეიცვალა: პარიზის საზავო კონფერენციაზე პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა წარმოადგინა 14 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტი, რომლის მე-6 პუნქტი რუსეთში შემავალი .. „ცენტრალური ერებისთვითგამორკვევის და დამოუკიდებლობის უფლებას ითვალისწინებდა



თვითდამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელისათვის 1918 წლის 26 მაისს გაცემული - გერმანიის, თურქეთის, ავსტრია-უნგრეთის და ბულგარეთის მთავრობებთან მოლაპარაკებების წარმოების, ხელშეკრულებების გაფორმების და სხვა უფლებებით აღჭურვის ნებართვა. ასლი. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ქვეყნის მთავარი დიპლომატი, აკაკი ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის მიერ აღნიშნული მანდატით აღიჭურვა. ამ პერიოდში საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობა და აღიარების მოპოვება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით თუ იქნებოდა შესაძლებელი.

 პირველი სახელმწიფოები, რომლებმაც ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია და თავიანთი სრულუფლებიანი წარმომადგენლები გაგზავნეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან, იყვნენ: სომხეთი, აზერბაიჯანი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო დამოუკიდებლობა ასევე აღიარეს  ოსმალეთმა,  ავსტრიამ, იტალიამ, საფრანგეთმა, დიდი ბრიტანეთმა, იაპონიამ, საბჭოთა რუსეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, ბელგიამ, პოლონეთმა. საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით ეს იყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოსა და მისი დიპლომატიის სერიოზული წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა საქართველოს რესპუბლიკას სახელმწიფოებრიობის გრძელი გზა, ლოკალურ და საერთაშორისო შრეებზე, ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. მათ შორის უმთავრესი იყო პარიზის საზავო კონფერენციაზე ქვეყნის ცნობის საკითხი, რისთვისაც ქვეყანა აქტიურად მუშაობდა. 

პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი და, ფაქტობრივად, საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მომტანი, აკაკი ჩხენკელი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და 1918 წლის 4 ნოემბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი გახდა. ამ ნაბიჯს გააჩნდა პრაქტიკული მნიშვნელობა: აკაკი ჩხენკელი იყო დასავლურ პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი, პროგერმანული ორიენტაციის პოლიტიკოსი. გერმანიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს უკვე უნდა მოეძებნა სხვა საერთაშორისო პარტნიორები, ხოლო ჩხენკელის პროგერმანულობა შესაძლოა დამაბრკოლებელი ფაქტორი ყოფილიყო აღნიშნულ გზაზე. სწორედ ამიტომ, მაღალი პოლიტიკური შეგნების გამო, აკაკი ჩხენკელი ოფიციალურად ჩამოშორდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თანამდებობას, თუმცა ყოველთვის ინარჩუნებდა გავლენებს ქვეყნის მართვა-გამგეობაში.



გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წელი, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლისთავი.

გაზეთის გარეკანზე წარმოდგენილნი არიან წამყვანი პოლიტიკოსები: აღმასრულებელი ხელისუფლებიდან - ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ხომერიკი და კონსტანტინე კანდელაკი. ასევე დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი და მისი თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად მთავრობის ინტერპარტიული ხასიათისა, ნომრის გარეკანზე მხოლოდ მისი სოციალ-დემოკრატი წევრები იყვნენ გამოსახული. თავად გაზეთში კი ძირითადად მილოცვები, რამდენიმე სამინისტროს 1 წლის მუშაობის ანგარიში და ბელეტრისტიკული ნაშრომებია წარმოდგენილი.

 

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წელი, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლისთავი.

1920 წლის გაზეთის ყდა საინტერესოდაა შერჩეული - ნოე ჟორდანია, როგორც გემი, რაც სიმბოლურად საქართველოს რესპუბლიკის განვითარებისთვის მის წამყვან როლს აღნიშნავს. გარეკანზე დატანილია საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნიც:

“დიდება მეტით კურთხეულს, 

დიდება ქვეყნად სამოთხეს. ტურფა ივერსა;

დიდება ძმობა-ერთობას, დიდება თავისუფლებას

დიდება სამარადისო ქართველ მხნე ერსა!

დიდება ჩვენსა სამშობლოს,

დიდება ჩვენი სიცოცხლის მიზანს დიადსა

ვაშა ტრფობასა, სიყვარულს, ვაშა შვებასა, სიხარულს

სალამი ჭეშმარიტების შუქ განთიადსა!”

 

დამოუკიდებლობის დღე ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 3 წელში და პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებიდან 4 დღეში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში დამყარდა ბოლშევიკური რეჟიმი. 1922 წლის 26 მაისს საქართველოს ძირითადმა პარტიებმა ქართველ ერს მიმართეს. აღნიშნული დოკუმენტი ასახავს მიმართვას, რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. 

 

                                                     

საქართველოს ძირითადი პარტიების 1922 წლის 26 მაისის მიმართვა ქართველ ერს. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

"ამ დღეს საქართველოს მზე ანათებდა და ათბობდა. დღეს საქართველო მგლოვიარეა. ქართველ ერს კვლავ ძველი ხიშტი, ძველი მჩაგვრელი მოევლინა. ეროვნული წმიდათა წმიდა შეირყვნა და წაიბილწა. საქართველოს მიწა-წყალზე ხიშტი ძველებურად პარპაშებს, და მას მხარს უმშვენებენ ქართველი მოღალატენი.

საქართველოს დღევანდელმა მდგომარეობამ ევროპის ყველა წრეებში დიდი თანაგრძნობა და გამოძახილი მოიპოვა. საქართველოს ოკუპაცია უსაშინლეს გულისწყრომას იწვევს ევროპა-ამერიკაში.

...ქართველი ხალხი ერთი წუთითაც არ გაიფიქრებს თავისუფლების და დამოუკიდებლობის დროშა დაბლა დახაროს. ის მტკიცე და შეურყეველია დამპყრობელთა და მჩაგვრელთა წინააღმდეგ.

დღეს მთელი ქართველი ერი, ერთსულოვანი, მსოფლიოს წინაშე აცხადებს: ქართველი ხალხი მთელ თავის ძალღონეს მიიტანს საქართველოს განთავისუფლების სამსხვერპლოზე. ის იბრძოლებს მანამდი სანამ არ იქნება გაყვანილი საქართველოდან რუსის ჯარი და არ იქნება აღდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობა, ქართველი ხალხის უფლებები."

 

ემიგრანტული მთავრობა 26 მაისს მუდმივად აღნიშნავდა. საწყის პერიოდში აღნიშვნას, გამოსვლებს ჰქონდათ უფრო მეტად ბრძოლის, საქართველოში სწრაფად დაბრუნებისა და სახელმწიფოებრიობის სწრაფი აღდგენის ხასიათი, თუმცა შემდგომში მთავრობის წევრთა შორის უფრო და უფრო იმძლავრა ნიჰილიზმმა და იმედის დაკარგვამ, განსაკუთრებით მსოფლიოს წამყვანი ძალების მიერ საბჭოთა კავშირი აღიარების შემდეგ (დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი (1924), აშშ (1933) და ა.შ.). 1940-50-იანი წლებში, მას შემდეგ, რაც ემიგრანტული მთავრობის წევრების უმეტესობა უკვე აღარ იყო ცოცხალი, ამ ღონისძიებას უფრო მეტად სიმბოლური ხასიათი გააჩნდა და ტრადიცია 1980-იანი წლების ბოლომდეც კი შენარჩუნდა.

 დოკუმენტები სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 

__________________________________

[1] 1918 წლის 22 მაისს, საქართველოს წარმომადგენელმა ბათუმის კონფერენციაზე, აკაკი ჩხენკელმა (1874-1959) თბილისში მოიწერა წერილი, სადაც დაჟინებით მოითხოვდა ამიერკავკასიის სეიმის დაშლას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას. წერილი ამგვარად მთავრდებოდა: ურისკოთ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ. მაშ საჭიროა გამბედაობა, გამბედაობა და კიდევ გამბედაობა.

[2] ამიერკავკასიის სეიმი -  ამიერკავკასიის ქვეყნების წარმომადგენლობითი ორგანო. 22 აპრილს სეიმმა გამოაცხადა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 1918 წლის 26 მაისს სეიმმა თვითლიკვიდაცია და რესპუბლიკის ლიკვიდაცია მოახდინა.

[3] ბათუმის საზავო კონფერენცია (11-26 მაისი/ 31 მაისი-4 ივნისი, 1918) — საზავო კონფერენცია, რომელიც გაიმართა ბათუმში ოსმალეთის იმპერიასა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის.

[4] საქართველოს კონსტიტუცია, მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს. იხ.: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4801430?publication=0