30 აგვისტო 2022
,,9 თებერვალი 24 წ. შაბათი საღამო. მარსელი. მინდა რომ ეს სადღი[უ]რო წიგნაკი ჩვენზე ბედნიერი იყოს: რომ იგი იყოს უკანასკნელი უცხოეთისთვის… დღეს დილით ჩამოვედი მარსელში… თითქმის ამ სამი წლის წინათ სწორედ აქ ვიყავი: მარსელით შამოვედი საფრანგეთში და მარსელითვე გავდივარ. მაშინ მე და ბენია შამოვედით ერთათ და ეხლაც ერთად გავდივართ… უთუოდ არსებობს რაღაცა წერა, რაღაცა განგება!.. მაშინ, ამ სამი წლის წინეთ მძიმე და გაურკვეველ გუნებაზე ვიყავი… ეხლა კი სრულიად დამშვიდებული, მხნე და იმედიანი ვარ… მაშინ არ იყო პერსპექტივა, ეხლა კი მაქვს ნათელი და შეურყეველი რწმენა…”- ამონარიდი ვალიკო ჯუღელის დღიურიდან “მძიმე ჯვარი”.
ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი და “დამკომის” წევრი ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე ჯუღელი დაიბადა 1887 წელს, ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ სვირში.
იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში და 1904-1905 წლების საპროტესტო დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემდეგ მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციაში. 1916 წლის ზაფხულში, ვალიკო ჯუღელი თბილისში დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მიემხრო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. ამავე წლიდან იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან კი — ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი. 1917 წლის დეკემბრიდან, ვალიკო ჯუღელი, სათავეში ჩაუდგა საქართველოს წითელი გვარდიის (1918 წლის ივნისიდან - სახალხო გვარდიის) ჩამოყალიბებას.
1917 წლის 12 დეკემბერს მისი მეთაურობით გვარდიელებმა დაიკავეს თბილისის არსენალი და განაიარაღეს იქ მდგომი რუსული სამხედრო ნაწილები.
1919 წელს, ვალერიან ჯუღელი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იგი იყო სამხედრო კომისიის წევრი. ლობირებდა სახალხო გვარდიას და ინარჩუნებდა მის შედარებით დამოუკიდებლობას გენერალური შტაბიდან.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იგი აირჩიეს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. მთავარი შტაბის ნომინალური მეთაური იყო ნოე ჟორდანია, თუმცა, პრაქტიკულად, სახალხო გვარდიას ვალიკო ჯუღელი მეთაურობდა.
ვ. ჯუღელი სახალხო გვარდიის ფორმაში
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
იგი პირადად უჩვენებდა თანამებრძოლებს ბრძოლის მაგალითს სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას. უშუალოდ მონაწილეობდა 1918-1921 წლებში მიმდინარე თითქმის ყველა საბრძოლო მოქმედებაში. მისი ხელმძღვანელობით ჩაახშეს 1920 წლის ანტისახელმწიფოებრივი აჯანყება ცხინვალის რეგიონში.
განსაკუთრებული პატრიოტული სულისკვეთება ჩანს 1920 წლის 4 მაისს გაზეთ “ერთობაში” (N98) გამოქვეყნებულ ვალიკო ჯუღელის რამდენიმე დეპეშაში:
პროფესიონალურ კავშირთა ცენტრალურ საბჭოს
“ამხანაგებო!.. …თქვენი გვარდია ჯერ არსად დამარცხებულა. არ დამარცხებულა, რადგანაც ის ყოველთვის თავდაცვას აწარმოებდა და სხვას არავის თავზე არ ესხმოდა. დღეს მტრები ისევ წალეკვას და განადგურებას უქადის ჩვენს ქვეყანას.
და სახალხო გვარდია კვლავ თოფ ქვეშ დგება. გაშლილი დროშებით, მტკიცე იმედით და შეურყეველი რწმენით გამარჯვებაში მივისწრაფვით ჩვენს საზღვრებისაკენ და თქვენ შეგყურებთ. ჩვენი გამარჯვება თქვენზეა დამოკიდებული, როცა ჩვენ ვგრძნობთ პროლეტარიატის სულიერ და ფიზიკურ კავშირს ჩვენთან ჩვენ ძალა გვემატება და უძლეველი ვხდებით. და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გიყვართ თქვენი გვარდია, რომ თქვენ შეიყვარებთ ჩვენ სამხედრო ფრონტს.
ეს სიყვარული ჩვენთვის ყველაფერია.
ეს სიყვარული ჩვენ კვლავ მოგვცემს გამარჯვებას.”
მთავრობის თავმჯდომარეს
“ამ საბედისწერო დროს, როცა წყდება მთელი ჩვენი ხალხის ბედ-იღბალი და მომავალი, როცა მტრის ძალები ყოველ მხრივ უახლოვდებიან ჩვენი რესპუბლიკის რევოლუციონურ საზღვრებს, სახალხო გვარდიის მესამე კონფერენცია იმედიან სალამს უძღვნის მთავრობას და ფიცს სდებს, რომ მთელი თავისი ძალ ღონით დაიცვას ჩვენი რესპუბლიკის ხელუხლებლობას და თავისუფლებას. სახალხო გვარდია მთელ ხალხთა ერთად თავისი გაერთიანებული მკერდით გარდაუვალად გარსს შემოერტყმის ჩვენ განთავისუფლებისათვის, ხალხის ბედნიერებისათვის საჭირო შეიქმნა დიდი მსხვერპლი, – მთელი სახალხო გვარდია აღტაცებით მიიტანს თავის ფიზიკურ და ზნეობრივ ძალებს მშრომელი ხალხის თავდაცვის საკურთხეველზე.”
1920 წლის ივლისში, ბათუმის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაზეთ “ერთობის” ფურცლებზე ვკითხულობთ:
გაზეთი ერთობა, 1920 წლის 8 ივლისი, N152
საქართველოს დეპეშათა სააგენტოს ცნობა
ბათომი
“5 ივლისს ბათომში შედგენილი სახალხო გვარდია ერთი ბათალიონის შემადგენლობით ტყვიისმფრქვეველთა კომანდასთან ერთად, ბათალიონის კომანდირ კვაშალის მეთაურობით ბათომის მიდამოებში, ბარცხანის ახლოს, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის უფროსს ვალიკო ჯუღელს მიეგება. ვალიკო ჯუღელმა სახალხო გვარდიელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დაახასიათა ბათომის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ყველაზე უფრო ძვირფასი გამარჯვება საქართველოს დემოკრატიისა არის უკანასკნელი გამარჯვება, ესე იგი დაბრუნება ბათომისა, რომელიც ყოველთვის ორგანულად იყო საქართველოსთან დაკავშირებულიო.”
ქალაქ ბათუმში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი. 1920 წლის 7 ივლისი.
ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.
აღსანიშნავია, რომ ჯუღელი დღიურის ფორმის ჩანაწერებს აწარმოებდა, რომელიც 1920 წლის დეკემბერში გამოიცა, სახელწოდებით „მძიმე ჯვარი”. დღიურში, სარდალი 1918 წლიდან 1920 წლის დეკემბრამდე მომხდარ ამბებს იწერდა.
27 თებერვალი, 1924 წელი, სტამბოლი.
“სიზმრები, სიზმრები საქართველოზე! დღე და ღამე სულ საქართველო მიდგას თვალწინ და ჩემი გონება და ოცნებაც მაზედ არის მიჯაჭვული,”- ამონარიდი დღიურიდან.
კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები ჯუღელის მოგონებებიდან რუსი და ოსი ისტორიკოსების ერთ-ერთ დასაყრდენად იქცა საქართველოს მხარის გენოციდში დადანაშაულებაში. სინამდვილეში, მემუარებში კარგად ჩანს სამაჩაბლოში ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული აჯანყების ნამდვილი და ანტისახელმწიფოებრივი სახე.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას ჯუღელი აქტიურად იყო ჩართული საბრძოლო მოქმედებებში და გამოირჩეოდა საბრძოლო სულისკვეთებით. ყოველივე კარგად ჩანს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” ფურცლებზე დაბეჭდილ მის მიმართვაში:
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 17 თებერვალი, N37
თავდაცვისათვის
“ომი არ გამოცხადებულა, მაგრამ უკვე დაიწყო ომი. დიდი და მძიმე ომი.
როგორც ყოველთვის ჩვენ დღესაც ზავი, მშვიდობიანობა გვინდოდა. მაგრამ დაუცხრომელი მტერი ჩვენ მშრომელი ხალხისა კვლავ ქურდულათ, მუხანათურად, ვერაგულათ დაგვეცა.
ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ვიწყებთ ომს!
მთელი ჩვენი ძალებით და აღფრთოვანებით ვიწყებთ ამ ომს.
მთელი ხალხის ენერგია ფრონტის ირგვლივ უნდა დაგროვდეს. ყველა კითხვები დროებით განზე უნდა გადიდვეს და მხოლოდ ფრონტზე უნდა ვიზრუნოთ. ზურგმა თავი ფრონტს უნდა ანაცვალოს.
ქვეყნის დაცვა და განმტკიცება დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ყველამ უნდა გაიღოს ეს მხვერპლი. ვისაც რით შეუძლია. ქონებით, შრომით სისხლით. და გამარჯვება ჩვენი იქნება. ისე, როგორც ყოველთვის. გამარჯვება დიდი, ბრწყინვალე.”
1921 წლის მარტში კი მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად ვალიკო ჯუღელმა დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა, სადაც ჩაება ანტისაბჭოთა ბრძოლაში. 1922 წელს, ვალიკო ჯუღელმა სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა და რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად გაუგზავნა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების გეგმა.
1923-1924 წლებში სპეციალური წვრთნა გაიარა საფრანგეთის რესპუბლიკის 35-ე ქვეითთა პოლკში. პოლკში მისვლის შემდეგ, 1923 წლის 22 ივლისს, ჯუღელი აკაკი ჩხენკელს სწერდა: ,,... საქართველო, ტანჯული, დაჩაგრული, დამარცხებული, მაგრამ კვლავ მებრძოლი სამშობლო დამიდგა თვალწინ, აგორაკებული, ამწვანებული ბუნებაც ჩემ ქვეყანას მომაგონებდა. და დანაღვლიანებულ, ტანჯულ გულში შეიჭრა იმედი! გარდაუვალი, დაუძლეველი, მტკიცე და საფუძვლიანი იმედი! საქართველო მალე, სულ მალე იქნება თავისუფალი! - მეუბნებოდა გული. შეუძლებელია არ გადაიგდოს მან მტრის უღელი! და თუ როდესმე მე მქონია ბრძოლის და თავდადების სურვილი, თუ როდესმე მქონია იმედი გამარჯვებისა, დღეს ყოველივე ჩემში ეს გაორკეცდა ... ასეთია პირველი შედეგი ჩემი აქ ჩამოსვლისა..."
1924 წლის აპრილში ბენია ჩხიკვიშვილთან, გრიგოლ ცინცაძესთან, ვასილ ნოდიასთან და ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში, აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად. თავიდან ცხოვრობდა გურიაში და შემდეგ გადავიდა თბილისში, სადაც შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და დაიწყო აჯანყებისთვის ორგანიზება. იყენებდა ფსევდონიმს “ზურაბი”.
ვ. ჯუღელი ათენში 1924 წ. გზად საქართველოსკენ
წყარო: legionerebi.com
1924 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) დააპატიმრა. მისი დაკავების შესახებ სტატიები არა მხოლოდ მის წინააღმდეგ, არამედ საზოგადო ზიზღის დათესვისკენაც იყო მიმართული: „6 აგვისტოს თბილისში, საღამოს 10 საათსა და 35 წუთზე დაპატიმრებულ იქნა საზღვარ-გარეთიდან არალეგალურად ჩამოსული, სახალხო გვარდიის შტაბის ყოფ. თავმჯდომარე და მენშევიკური პარტიის ც.კ. წევრი, მთელს საქართველოში ცნობილი ბანდიტი, ოსეთის და აფხაზეთის გამანადგურებელი ვალიკო ჯუღელი, რომელმაც სისხლით მორწყო დუშეთის და სხვა მაზრები...“(გაზეთი „კომუნისტი“, N178, 8 აგვისტო, 1924 წელი). ჩეკას ციხეში სავარაუდო წამებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ვალიკო ჯუღელს დააწერინეს რამდენიმე ვრცელი წერილი და გაზეთ კომუნისტში ეტაპობრივად გამოაქვეყნეს. წერილებში ჯუღელი ინანიებდა დანაშაულს, განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოებას კი მოუწოდებდა გონს მოგებასა და კომუნისტურ რეჟიმთან შეგუებისკენ.
ვალიკო ჯუღელის საწინააღმდეგო სტატიები გაზეთიდან - "კომუნისტი"
“…ამხანაგებო, მე წინადადებას გაძლევთ სასწრაფოდ გაარჩიოთ და შემდეგ სრულიად მოხსნათ საკითხი აჯანყების მოხდენის შესახებ, რამდენად იგი საზოგადოდ იდგა და ბურუსში ხვევდა მებრძოლ საქართველოს ბუნებას… აჯანყების საკითხის გადაჭრით მოხსნა გაანთავისუფლებს ქართველ ერს საშიშარ ილიუზისაგან…”- ვ. ჯუღელის ღია წერილი აჯანყებასთან დაკავშირებით. 1924 წ. 24 აგვისტო. გაზ. “წითელი არმიელი”.
1924 წ. 24 აგვისტო. გაზ. “წითელი არმიელი”
1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ, საქართველოს საგანგებო კომისიის გადაწყვეტილებით ვალიკო ჯუღელს, ბენია ჩხიკვიშვილს, ნოე ხომერიკსა და 41 სხვა პატრიოტს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.
“საქართველოს საგანგებო კომისია ადგენს, რომ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირები, როგორც პროლეტარიატის წინააღმდეგ აჯანყების მომწყობნი და როგორც მუშურ-გლეხური ხელისუფლების შეურიგებელი მტრები დასჯილნი იქნან უმაღლესი სასჯელით - დახვრეტით…” - საგანგებო კომისიის ბრძანება 44 პატრიოტის სიკვდილით დასჯის შესახებ, გაზ. წითელი არმიელი,1924 წ., N588.
გაზ. წითელი არმიელი,1924 წ., 3 სექტემბერი, N588
წყაროები:
გაზეთი ერთობა,1920 წლის 4 მაისი (N98);
გაზეთი ერთობა, 1920 წლის 8 ივლისი, N152;
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა,1921 წლის 17 თებერვალი, N37;
გაზ. “წითელი არმიელი”, 1924 წ., 24 აგვისტო, N586;
გაზ. წითელი არმიელი, 1924 წ., 3 სექტემბერი, N588;
გაზეთი „კომუნისტი“, N178, 8 აგვისტო, 1924 წელი;
ვალიკო ჯუღელის დღიური “მძიმე ჯვარი”.