19 მაისი 2023
ავტორები: ანტონ ვაჭარაძე, ეკა კალანდაძე
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
სტალინიზმის შესწავლაში მთავარ ყურადღებას იქცევს “დიდი ტერორი” - ერთ-ერთი მომაკვდინებელი და სასტიკი ეპიზოდი კაცობრიობის ისტორიაში. 1930-იან წლებში, მილიონობით უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრა ან დახვრიტა საბჭოთა საიდუმლო სამსახურებმა[1]. საბჭოთა სისტემა მიზნად ისახავდა მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველგვარი განსხვავებული აზრისა და წინააღმდეგობის ჩახშობას. რეპრესიებს ეწირებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც სისტემისთვის მიუღებელი იყო. მათ შორის მოწინავე დარგების წარმომადგენლები, ადამიანები, რომელთა მიღწევებსა და შესაძლებლობებს სისტემა საფრთხედ აღიქვამდა, ასევე ისინიც, ვინც საბჭოთა იდეოლოგიურ კონიუნქტურას ვერ ერგებოდა ან ემიჯნებოდა. “დიდმა ტერორმა” ღრმა კვალი დატოვა, როგორც საბჭოთა მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შედეგების, ისე შიშისა და უნდობლობის გრძელვადიანი მემკვიდრეობის თვალსაზრისით. საერთო ჯამში, 1937-1938 წლების “დიდი ტერორის” დროს საქართველოდან 15,000-მდე ადამიანი დახვრიტეს, ამდენივე კი გადაასახლეს[2].
ერთ-ერთი მრავალთაგან, ვინც სისტემამ დასაჯა, ინჟინერი, ელექტრული წევის სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალი იყო.
საქართველოს შსს არქივში დაცულია მხოლოდ სტეფანე ყირქესალის განაჩენის სისრულეში მოყვანის ოქმი. ხოლო საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში მისი პირადი ფონდი. სტეფანე ყირქესალის ბიოგრაფიის შექმნაში, ძირითადად, გამოყენებულია გვიანდელ საბჭოთა ეპოქაში დაწერილი სტატიები და მოგონებები მის შესახებ, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია 1980-იან წლებში გაზეთში გამოქვეყნებული სურენ გაზარიანის მოგონებები. 1960-იანი წლებიდან სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (დღეს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) გაიმართა სტეფანე ყირქესალის რამდენიმე ხსოვნის საღამო, რომლის მოხსენებები ასევე გამოყენებულია ჩვენს სტატიაში.
სტეფანე ყირქესალის შესახებ სტატიებსა და ინტერნეტ სივრცეში მწირი ინფორმაცია იყო დაცული. აღნიშნული სტატია წარმოადგენს ავტორების მცდელობას, საზოგადოებას გააცნონ ბიოგრაფიული დეტალები ამ ადამიანის შესახებ.
ბიოგრაფიული ცნობები
სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალი დაიბადა 1890 წლის 7 მარტს, ქ. ახალციხეში. ყირქესალი, ყირქესალიშვილის შემოკლებული ფორმაა, რომლის ფუძეც შეიცავს თურქულ სიტყვას „ყირქესალ“, რაც თარგმანში ორმოცქისიანს ნიშნავს. გადმოცემით, ეს სიტყვა ზედმეტსახელად უწოდებიათ ამ საგვარეულოს წინაპრებისთვის მათი სიმდიდრის აღსანიშნავად. ამ ეპითეტზე დამყარებული საგვარეულო სახელი ხმარებაში ისე განმტკიცებულა, რომ ნამდვილი ძველი გვარი დავიწყებას მისცემია.[3]
ამონაწერი ახალციხის იოანე ნათლისმცემლის სომხურ-კათოლიკური ეკლესიის წიგნიდან, სტეფანე ყირქესალის დაბადების შესახებ. (29 ივლისი, 1900)
სტეფანე ყირქესალის დაბადების თარიღია - 1890 წლის 7 მარტი, ნათლობის - 15 მარტი.
მშობლები: მამა - პეტრე ივანეს ძე ყირქესალი და დედა - ნინა ბეთანოვა.
საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდი N96, აღწერა N6-1, საქმე N31
სტეფანეს მამა - პეტრე ივანეს ძე ყირქესალი მემამულე იყო, დედა - ნინო პავლეს ასული ბეთანელი - დიასახლისი, რომელმაც 10 შვილი (სხვა ვერსიით 9)[4] აღზარდა. სტეფანე ყირქესალის უმცროსი ძმა, ივანე ყირქესალი პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი და პედაგოგი იყო, რომელიც არქიტექტურის კათედრას განაგებდა. იგი ლექციებს კითხულობდა ქალაქების დაგეგმარების თეორიულ კურსში და ახორციელებდა კვლევა-ძიებას აღნიშნულ დარგში.[5]
ყირქესალების ოჯახი ახალციხეში. (სავარაუდოდ 1890-იანები)
საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდი N96, აღწერა N6-1, საქმე N59
სტეფანე ყირქესალის მეუღლე იყო ნინა კონსტანტინეს ასული ჯორჯაძე. მათი ვაჟი, მალხაზ სტეფანეს ძე ყირქესალიშვილი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში - ქერჩში, 1943 წელს. ქალიშვილი, ნათელა ყირქესალიშვილი კი მუშაობდა მასწავლებლად თბილისის 155-ე საშუალო სკოლაში. იყო „სახალხო განათლების” წარჩინებული ნიშნის მფლობელი. დამთავრებული ჰქონდა ორი უმაღლესი სასწავლებელი: პედაგოგიური და ფიზკულტურის ინსტიტუტები. ომის წლებში, ალპინისტ-ინსტრუქტორ სპორტსმენებთან ერთად მას დიდი წვლილი მიუძღვის წვევამდელთა მომზადებაში, სამთო ნაწილების ბევრ მებრძოლს შეასწავლა მთაში მოძრაობისა და მოქმედების ტექნიკა, რის გამოც დაჯილდოებული იყო მედლითა და სიგელით.[6]
სტეფანე ყირქესალის მეუღლე, ნინა ჯორჯაძე (ცალკე და სტეფანესთან ერთად). (1920-30-იანები)
საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდი N96, აღწერა N6-1, საქმე N58
1907 წელს ყირქესალებმა ახალციხე დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ, შვილების უკეთესი განათლების მიზნით.
საარქივო საქმეში დაცულია ი. მაისურაძის 1977 წელს გამოქვეყნებული სტატია “სახელოვან ძმათა ღვაწლი”[7]. სტატიაში აღნიშნულია, რომ სტეფანე ყირქესალის ოჯახმა ახალციხეში შემოინახა ქართული სამოქალაქო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი დარბაზიანი და ბანიანი სახლის სახით. სახლი საგანგებოდ არის დაცული, როგორც მხარის საყოფაცხოვრებო კულტურის მკაფიო გამოხატულება (ყირქესლიანთ დარბაზად წოდებული, ეს ძეგლი ბალიაშვილის დარბაზად იყო ცნობილი) თავისი კონსტრუქციითა და სამშენებლო ხელოვნებით კი იგი მრავალ დამთვალიერებელს იზიდავდა.
1909 წელს სტეფანე ყირქესალმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის კომერციული სასწავლებელი და სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც შევიდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკურ მიმართულებაზე. სტუდენტობის დროს, 1914-1916 წლებში, იგი სწავლის პარალელურად მუშაობდა ყირიმის ელექტრული რკინიგზის საპროექტო ბიუროში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გამოჩენილი რუსი მეცნიერი, ელექტრული წევის საბჭოთა სკოლის დამაარსებელი, პროფესორი ა. ვულფი. აღსანიშნავია, რომ ყირქესალმა სადიპლომო ნაშრომი სწორედ ვულფის ხელმძღვანელობით შეასრულა. 1917 წელს ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ყირქესალმა პეტროგრადშივე დაიწყო ლაბორანტად მუშაობა, ერთ-ერთ სამხედრო დაწესებულებაში.[8]
სტეფანე ყირქესალი. (1910-იანები)
საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდი N96, აღწერა N6-1, საქმე N60
1917 წელს სტეფანე ყირქესალმა დაწერა სადიპლომო პროექტი - “ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ელექტრიფიცირება”. 1918 წელს სტეფანე ყირქესალი საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ინჟინრად, სამხედრო-ტექნიკურ საამქროში; 1920 წელს კი გზათა დეპარტამენტში, რკინიგზის ლიანდაგის სამსახურის სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლად. ამავე წლის ოქტომბრიდან კახეთის რკინიგზის ტექნიკური განყოფილების უფროსი გახდა. 1921 წლის აგვისტოდან კი ამიერკავკასიის რკინიგზის სამსახურის II ტექნიკური განყოფილების უღელტეხილების ელექტროფიკაციის უფროსი ინჟინერი. პარალელურად ლექციებს კითხულობდა სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე.[9]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის პირველი პროფესორ-მასწავლებლები. მესამე რიგში, მარცხნიდან მეხუთე - სტეფანე ყირქესალი (მონიშნულია ლურჯი კალმით). (1922)
საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდი N96, აღწერა N6-1, საქმე N47
სტეფანე ყირქესალი აქტიურად მონაწილეობდა 1923 წელს ამიერკავკასიის რკინიგზაზე შექმნილი სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციის ბიუროს ჩამოყალიბებასა და ხელმძღვანელობაში. აღსანიშნავია, რომ სურამის უღელტეხილის მაგალითზე წყდებოდა ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო მთელი საბჭოთა კავშირის მაგისტრალური რკინიგზების ელექტროფიკაციასთან. საჭირო იყო საფუძვლიანი შესწავლა და გადაწყვეტა ბევრი, იმ დროისთვის ურთულესი პრობლემის, როგორიც იყო, მაგალითად, დენის ოპტიმალური სისტემის შერჩევა, წევის ქვესადგურის გარდამქმნელი აგრეგატების პარამეტრების დადგენა, ელექტრული ენერგიით მომარაგების საკითხების გადაწყვეტა და სხვა. აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობდნენ, მოსკოვის ქარხანა „დინამოს“, ხარკოვის ელექტრო მანქანათმშენებლობის ქარხანა „ХЕМЗ“-ის სპეციალისტებიც, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ბევრი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის გადაწყვეტის მოსამზადებელი ეტაპი ხორციელდებოდა სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციის ბიუროში, რომელშიც მუშავდებოდა ელექტროფიკაციის პროექტი და რომელიც ხელმძღვანელობდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. სტეფანე ყირქესალმა და მისმა გუნდმა წარმატებით გაართვეს თავი ურთულეს პირობებს. ყირქესალი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციის ბიუროს ტექნიკური განყოფილების გამგედ. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით წარიმართა შაორისა და ტყიბულის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული კვლევები. სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციის ბიურო სისტემატურად აწარმოებდა რიგ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებსაც. როგორიც იყო, მაგალითად, გამოკვლევები, რომელიც დაკავშირებული იყო ბაქო-ბათუმის ნავთის მიწისქვეშა მილსადენების ელექტრული კოროზიისგან დასაცავად.[10]
რკინიგზის მუშაკები, მათ შორის სტეფანე ყირქესალი. (1925)
საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდი N96, აღწერა N6-1, საქმე N48
ლ. აბელიშვილის სტატიაში, „გამოჩენილი საბჭოთა ინჟინერი“ (გაზეთი „ლენინელი“, 16.03.1965), არის ასეთი პასაჟი: “პირველად ჩვენი პირობებისათვის ელექტროფიკაციის ბიუროში შეირჩა მუდმივი დენის 3000 ვოლტის ძაბვის სისტემა, დადგინდა საკონტაქტო ქსელის სადარის ტიპი, განისაზღვრა საჭირო ელექტრომავლის მთავარი პარამეტრები, დენის სისტემა. საკონტაქტო ქსელის საკიდარი დიდი ხანი ფუნქციონირებდა სსრკ კავშირის რკინიგზებზე, ხოლო იმ დროს შერჩეული ელექტრომავალი, თითქმის შეუცვლელად, მრავალი წლის განმავლობაში სერიულ ელექტრომავლად რჩებოდა”.[11]
ყირქესალის ხელმძღვანელობით დაპროექტდა და შემდეგ აშენდა ზაჰეს-რიონჰესის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რომელიც საქართველოში პირველ 110 კილოვატიან ხაზს წარმოადგენდა. ამით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ენერგეტიკული სისტემის არსებობას, მაგრამ ელექტროფიკაციის ბიუროს საქმიანობის მთავარი შედეგი იყო სურამის უღელტეხილზე საელექტრომავლო წევის ექსპლუატაციაში გაშვება. 1932 წლის 16 აგვისტოს ხაშურიდან ზესტაფონისკენ გავიდა მატარებელი, რომელსაც პირველად საბჭოთა კავშირში ელექტრომავალი (ლოკომოტივი) ეწეოდა.[12]
სტეფანე ყირქესალი დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით: უძღვებოდა ელექტრული მანქანების და ელექტრული წევის კურსებს. ამავდროულად, ის ახორციელებდა სადიპლომო პროექტირებას მაგისტრალური რკინიგზების ელექტროფიკაციის დარგში. 1928 წელს 28 ივლისს და 7 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის საბჭოს ორი ღია სხდომა ჩატარდა. სადიპლომო პროექტები, მაგისტრალური რკინიგზის უბნების ელექტროფიკაციის თემაზე, სტეფანე ყირქესალის ხელმძღვანელობით ორმა სტუდენტმა დაიცვა. 1928-29 წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო პოლიტექნიკური ფაკულტეტი. ახალი პოლიტექნიკური ინსტიტუტის შექმნისთანავე 1928 წელს ყირქესალმა ჩამოაყალიბა ელექტრული მანქანების კათედრა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ის აგრეთვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმძღვანელოების გამოცემას ქართულ ენაზე და ამ მიმართულებით პირადად მუშაობდა.[13]
1930 წელს სტეფანე ყირქესალი ელექტროფიკაციის ბიუროდან გადავიდა ამიერკავკასიის რკინიგზის განყოფილებაში, სადაც დაგეგმარების დარგში ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა, ამავე დროს იყო ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე. აქ მან მიიღო საპატიო რკინიგზელის სამკერდე ნიშანი. 1931 წელს ქართულ ენაზე შეადგინა პირველი სახელმძღვანელო ელექტრული მანქანების მუშაობის შესახებ - „სინქრონული მანქანები“.[14]
ამიერკავკასიის საგეგმო განყოფილების უფროსი, სტეფანე ყირქესალი რკინიგზელის ფორმაში. (1937)
საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდი N96, აღწერა N6-1, საქმე N50
სტეფანე ყირქესალის გამოცემული ჰქონდა სხვა კვლევებიც: „მოხეტიალე დენებისგან დაცვა“, „ერთღუზა გარდამქმნელების ელექტრული დიაგრამების აგება“, „ელექტროტექნიკის და ელექტროშედუღების პროგრამა“ და სხვა.[15] თანაავტორთან ერთად გამოსცა წიგნი „ცვალებადი დენის თეორია“.
1934 წელს სტეფანე ყირქესალი წარადგინეს პროფესორის სამეცნიერო წოდებაზე. 1935 წელს გამოიცა ტრანსფორმატორების დაპროექტების დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც შედგენილი იყო ყირქესალისა და გ. სეხნიაშვილის მონაწილეობით. ელექტრული მანქანების კათედრას ჰქონდა სრული შესაძლებლობა ესარგებლა უცხოური ლიტერატურული წყაროებით, ისევე როგორც სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციის ბიუროს.[16]
ყირქესალი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში, სამეცნიერო შეხვედრებსა და დისკუსიებში. უშუალოდ იყო ჩართული ახალგაზრდა ინჟინრების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. ის ალექსანდრე დიდებულიძესთან, ალექსანდრე მესხიშვილსა და ლევან ხიზანიშვილთან ერთად ქართული ელექტროტექნიკური განათლების ფუძემდებელია.
სადოქტორო დისერტაცია სტეფანე ყირქესალს 1937 წლის 1 ივლისს უნდა წარედგინა და 9 სექტემბერს დაეცვა…
ამონაწერი უმაღლესი საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმიდან: ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში სტეფანე ყირქესალის პროფესორის სამეცნიერო წოდებით დამტკიცების შესახებ. (23 მარტი, 1935)
დოკუმენტის თანახმად, სტეფანე ყირქესალს დაეკისრა ვალდებულება, 1937 წლის 1 ივლისამდე წარმოედგინა სპეციალური სადოქტორო დისერტაცია.
საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდი N96, აღწერა N6-1, საქმე N43
რეპრესია
სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალი დააპატიმრეს 1937 წლის 16 ივლისს.
გაზეთ „Ленинское знамя”-ს 1990 წლის 22 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ერთ-ერთი რეაბილიტირებულთაგანი“[17], სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის ქალიშვილის ნათელა ყირქესალის მოგონებას ვხვდებით, რომელიც იხსენებს მამის დაპატიმრების პერიოდს. „ამბობენ, ბავშვები კარგად იღებენ მშობლების თვისებებსო. ნათელა სტეფანეს ასულმა ყირქესალმა სწორედ ის თვისებები მიიღო“, - აღნიშნავდნენ სტატიის ავტორები.
სტეფანე ყირქესალი ოჯახის წევრებთან ერთად. მარჯვნივ - ნათელა ყირქესალი. (1920-იანები)
საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდი N96, აღწერა N6-1, საქმე N57
ნათელა ყირქესალის გადმოცემით, სტეფანე პეტრეს ძეს ძალიან უყვარდა კოლექტივი. მას ასევე დიდ პატივს სცემდნენ მეზობლები. თუმცა დაპატიმრების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მეზობლები, რომლებიც გუშინ, გუშინწინ გულითადად ესალმებოდნენ, მოულოდნელად უცხოები გახდნენ. ყველა დუმდა, რადგან თითოეული მათგანისთვის საიდუმლო არ იყო, რომ ქალაქში სათითაოდ იჭერდნენ ხალხის „მტრებს“.
ნათელა ყირქესალის ნაამბობის მიხედვით, ცხოვრება კიდევ უფრო რთული გახდა მამის დაპატიმრების შემდეგ. ფული ეწურებოდათ… ნინას (ყირქესალის მეუღლე), უპირველეს ყოვლისა, ბავშვების ბედი აწუხებდა, მაგრამ ცდილობდა გარეგნულად არ ეჩვენებინა თავისი მდგომარეობა. სტეფანე ყირქესალის ჩხრეკისას ძალიან ცოტა რამ ამოიღეს: საპატიო რკინიგზელის სამკერდე ნიშანი (ნომერი 2216) და პირადი კორესპონდენცია. შედგენილ ოქმში აღნიშნული „ყირქესალის საბუთების განადგურების შესახებ“, ერთი გამონაკლისის, “ჭიჭინაძის ბროშურის”, გარდა. ყირქესალს ბრალად ედებოდა ჯაშუშობა ბრიტანული დაზვერვის სასარგებლოდ. ამ საქმის მთავარი ფიგურანტი კი ბესარიონ ჭიჭინაძე იყო[18].
1988 წელს ჟურნალ „ლიტერატურულ სომხეთში“ (N6-9) გამოქვეყნდა სურენ გაზარიანის პუბლიკაცია სათაურით „ეს აღარ უნდა განმეორდეს“[19]. მასში მოთხრობილი იყო იმ ხალხის საშინელ ბედზე, რომელიც “დიდ ტერორს” ემსხვერპლა.
საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ОГПУ (при НКВД) მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე, სურენ გაზარიანი 1937 წლის ივლისში, თბილისის იზოლატორში, ქართველი მეცნიერებისა და ინტელიგენციის მძიმე რეპრესიების თვითმხილველი გახდა. თავად გაზარიანიც 1937 წლის 8 ივლისს დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს[20]. გაზარიანი დაბრუნდა და მოგვიანებით, 1960-იან წლებში მოკლე მემუარები დაწერა, რომელიც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.
გაზარიანი აღწერს სტეფანე ყირქესალის დაპატიმრების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რომლის მიხედვითაც, საკანში 27 ადამიანი იყო განთავსებული. ისინი დაბნეულები ეკითხებოდნენ ერთმანეთს, „რა ხდება?“, მაგრამ პასუხს ვერ იღებდნენ. საკანში ყურადღება მიიპყრო ორმა შემოყვანილმა პატიმარმა, ესენი იყვნენ პროფესორი ყირქესალიშვილი და აბელიშვილი (აბელოვი). გაზარიანი წერს, რომ მაღალი, ტანადი ყირქესალისგან 3 აბელოვი გამოიჭრებოდა, რომელსაც დაბნეული გამომეტყველება და დაცარიელებული გამოხედვა ჰქონდა.
ორივე მათგანს ბრალად ედებოდა მავნებელ ბესარიონ ჭიჭინაძესთან კავშირი. საქართველოს ГПУ-ს თავმჯდომარეობის დროს, ბერია დაბეჯითებით „ნადირობდა“ ბესარიონ ჭიჭინაძეზე. ბრალს სდებდა მას, ჯერ ზემო ავჭალის ჰიდროსადგურის მშენებლობის უვარგისობაში, შემდეგ კი ედავებოდა რიონჰესის მშენებლობაში დაშვებულ შეცდომებზე იქამდე, სანამ არ დააპატიმრა, როგორც სამშობლოს მოღალატე. სწორედ “ინგლისის აგენტ” ჭიჭინაძესთან თანამშრომლობისთვის იყვნენ დაპატიმრებული ყირქესალიშვილი და აბელოვი. პროფესორ ყირქესალიშვილს ბრალად ედებოდა სურამი-ხაშურის მაგისტრალის ელექტრიფიცირების დროს, ჯაშუშური ინფორმაციის გაყიდვა (2-ჯერ), რომლის დროსაც ბრალდების თანახმად 200-200 მანეთი მიუღია. “გესმით, რა აბსურდია - ამბობდა ყირქესალიშვილი… ჩემი ხელფასი, რომელიც რამდენიმე ათასს შეადგენს თურმე არ მაკმაყოფილებს და 400 მანეთის გულისთვის გავხდი ინგლისის შპიონი. …ღმერთმანი, სასაცილოა, რა ცნობები უნდა გადამეცა ჭიჭინაძისთვის, მაშინ, როცა ჭიჭინაძე საქართველოს მთავარი ენერგეტიკოსია”.
გაზარიანის მოხსენების მიხედვით, საკანში, სადაც ყირქესალიშვილი და აბელიშვილი იყვნენ, შეიყვანეს მოხუცი რკინიგზელი, რომელიღაც პატარა სადგურიდან. განათლების არმქონე ყოფილა, გაურკვეველი მიზეზით დაპატიმრებული, იარლიყით „ჭიჭინაძის აგენტი“. ამბობდა რომ არც იცნობდა პირადად არ უნახავს ჭიჭინაძე. მან არ იცოდა სიტყვა „აგენტის“ მნიშვნელობა, შეშინებული ეკითხებოდა პატიმრებს „დამხვრეტენო?“, ამ დროს ყირქესალიშვილი ცდილობდა მის დამშვიდებას: “რისთვის უნდა დაგხვრიტონ? რა დააშავე? - მე მაგალითად არაფერი დამიშავებია, მაგრამ კამერაში ყველა მეუბნება, რომ რახან აგენტი ვარ, აუცილებლად დამხვრეტენ”.
გაზარიანი ხაზს უსვამს მოხუცი რკინიგზელის გასამხნევებლად წამოწყებული საუბრის მხიარულ ნოტას, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, ცდილობდნენ იმედი არ დაეკარგათ: “ყველამ გულითადად გავიცინეთ მწარე სიცილით, თუმცა სიკვდილის გვერდითაც პატიმარს ხანდახან შეუძლია გაიცინოს”.
აბელიშვილი, მიუხედავად მათ მიმართ წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებებისა, რომელიც უსათუოდ დახვრეტით დასჯაზე მიუთითებდა, იმედს არ კარგავდა, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი ცხადი გახდებოდა და ყირქესალს ანუგეშებდა: “თუ დაგვხვრეტენ - არ გვეწყინება, თავს იმით ვინუგეშებთ, რომ საშუალო ასაკი ვიცოცხლეთ, რაც შეეხება „იარლიყს“, რომელიც მოგვაწერეს, ჩვენი მომავალი თაობა მოგვხსნის ამ იარლიყს და კეთილი სიტყვით მოგვიხსენებს”...
გაზარიანი იხსენებს 28 სექტემბრის ღამეს, როდესაც საკანში სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის მდივანი შევიდა. მან გაზარიანს სთხოვა ხელი მოეწერა საბრალდებო დასკვნის ასლებისთვის, გადასცა ისინი და გავიდა.
- მე და შენ კი არაფერი, პროფესორო. გაზარიანი დღეს მიადგება გარკვეულ სანაპიროს, ჩვენი ნაპირი კი ჯერ არ ჩანს - ამბობდა აბელიშვილი.
გაზარიანი საბრალდებო დასკვნის წაკითხვამდე ზედამხედველმა საკნიდან გაიყვანა. გასვლამდე მან აბელიშვილს და ყირქესალს სთხოვა მისი სახელი კედელზე დაეწერათ, იმ შემთხვევაში, თუ არ დაბრუნდებოდა.
კამერაში დაბრუნებული გაზარიანი ბავშვივით აქვითინდა, დაგროვილმა განცდებმა ერთიანად ამოხეთქა და დამშვიდებას ვერ ახერხებდა. ყირქესალი მასთან გასამხნევებლად მივიდა, მაგრამ გაზარიანი ცრემლებს ვერ იკავებდა.
- ხელს ნუ უშლი, ყირქესალ, დაე იტიროს, ცრემლები შეამსუბუქებს,- უთხრა მას აბელიშვილმა.
გაზარიანი თავის მემუარებში იხსენებს საკნის დატოვების წინა ღამეს: “მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. საბრალდებო დასკვნის მეორე დღეს გამომიძახეს “ნივთებიანად” (С вещами!). მე თბილად დავემშვიდობე ყირქესალს და აბელოვს, ვისურვე შევხვედროდით თავისუფლებისას. სამწუხაროდ, ჩემი სურვილი სურვილადვე დარჩა - ისინი დახვრიტეს”.
სტეფანე ყირქესალი აღმოჩნდა 1937 წლის 15 სექტემბრის სიაში, სტალინისა და მოლოტოვის ხელმოწერით. ბრალად დასდეს კონტრრევოლუციური საქმიანობა. სტეფანე ყირქესალი სამხედრო კოლეგიამ გაასამართლა, რომლის წევრებიც მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური და კოსტიუშკო იყვნენ. სასამართლო სხდომა 1937 წლის 29 სექტემბერს გაიმართა, ხოლო განაჩენი - დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია - მეორე დღეს, 30 სექტემბერს აღასრულეს.[21]
სტეფანე ყირქესალის გარდაცვალების მოწმობა. (21 თებერვალი, 1956)
დოკუმენტის თანახმად, სტეფანე ყირქესალი გარდაიცვალა 1944 წლის 1 ივლისს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ფონდი N96, აღწერა N6-1, საქმე N45
1955 წელს მეუღლის, ნინას მოთხოვნით, სტეფანე ყირქესალის საქმეზე ჩატარდა დამატებითი მოკვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ყირქესალი ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დაუსაბუთებლად დააპატიმრეს - “ნინა კონსტანტინეს ასულს - მითითება: ყირქესალის საქმე ხელახლა განიხილა უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ 1955 წლის 9 ივლისს. 29 სექტემბერს ყირქესალთან დაკავშირებით სამხედრო კოლეგიის განაჩენი ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო გაუქმდა და საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო”. იქამდე, 1955 წლის 8 ივლისით დათარიღებული მთავარი სამხედრო პროკურატურის წერილით ნინა ჯორჯაძე-ყირქესალს ეცნობა - „თქვენი საჩივრის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ თქვენი მეუღლის ყირქესალის საქმის გამოძიება დასრულებულია, 1955 წლის 14 ივლისს, საქმე გადაეგზავნება სამხედრო კოლეგიას - განსახილველად და რეაბილიტაციისთვის“.[22]
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საბჭოთა ეპოქაშივე სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალს არაერთი საიუბილეო მოხსენება თუ სტატია მიეძღვნა, რომელშიც გადმოცემული იყო მისი ბიოგრაფიული ცნობები, პროფესიული მიღწევები და ის ღვაწლი, რომელიც ელექტროფიკაციისა თუ ქართული ელექტროტექნიკური განათლების სფეროში ჰქონდა. აღნიშნული მასალა დღეს საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში, სტეფანე ყირქესალის პირად ფონდში ინახება. ერთ-ერთ სტატიაში (მ.მახვილაძე)[23] - „სახელოვანი მეცნიერის ხსოვნას“ (გაზეთი „ლენინელი“), რომელიც ყირქესალის დაბადებიდან 75 წლისთავს მიეძღვნა, აღნიშნულია: “ამ საღამოზე სტეფანე ყირქესალი თავიდან დაიბადა და სამართლიანად უთქვამს დიდ ილიას: „ორჯერ დაბადებულ ადამიანს ერთი სიკვდილი ვერაფერს დააკლებსო…“
[1] იხ.: Oleg Khlevnyuk, The objectives of the Great Terror, 1937-1938, Macmillan Press, London, 1995.
[2] იხ.: მარკ იუნგე, ომარ თუშურაშვილი, ბერნდ ბონვეჩი, ბოლშევიკური წესრიგი საქართველოში, ტომი 1, თბილისი, 2015.
[3] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდი, აღწერა N6-1, საქმე N9.
[4] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდი, აღწერა N6-1, საქმე N20.
[5] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდი, აღწერა N6-1, საქმე N9.
[6] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდის აღწერა N6-1, საქმე 10.
[7] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდის აღწერა N6-1, საქმე 9.
[8] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდის აღწერა N6-1, საქმე 15.
[9] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდის აღწერა N6-1, საქმე 20.
[10] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდის აღწერა N6-1, საქმე 15.
[11] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდის აღწერა N6-1, საქმე 3.
[12] იქვე.
[13] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდის აღწერა N6-1, საქმე 15.
[14] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდის აღწერა N6-1, საქმე 20.
[15] იქვე.
[16] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდის აღწერა N6-1, საქმე 15.
[17] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდის აღწერა N6-1, საქმე 21.
[18] ბესარიონ ჭიჭინაძე (1887-1937) - ინჟინერ-ჰიდრომშენებელი, პროფესორი. 1927-1930 წლებში რიონჰესის მშენებლობის უფროსი. 1934-1937 წლებში მოსკოვში საკავშირო ტრესტ "ჰიდროენერგოპროექტის" მმართველი და მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის პროფესორი. ბრალად ედებოდა, რომ იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი საქართველოში მოქმედი ანტისაბჭოთა ტერორისტული დივერსიული ჯაშუშური მეამბოხე ორგანიზაციებისა, რომლებიც გაერთიანდა ე. წ. „ქართულ ეროვნულ ცენტრში“ და მიზნად დაისახა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა. 1921 წლიდან დაპატიმრებამდე ჭიჭინაძე იყო გერმანიის, იაპონიის და სხვა უცხო ქვეყნების დაზვერვების აგენტი, და მსხვილი ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვებს მონაცემებს, რომლებიც შეადგენდა სსრკ სახელმწიფო საიდუმლოებას. დახვრიტეს 1937 წლის 5 ოქტომბერს (წყარო: სტალინური სიები საქართველოდან).
[19] Газарян С. О. Это не должно повториться : Док. повесть // Литературная Армения. - 1988. - № 6. - С. 2-53 ; № 7. - С. 2-50 ; № 8. - С. 2-49 ; № 9. - С. 2-41.
[21] სტალინური სიები საქართველოდან
[22] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდის აღწერა N6-1, საქმე 21.
[23] საქართველოს ეროვნული არქივი, სტეფანე პეტრეს ძე ყირქესალის პირადი ფონდის აღწერა N6-1, საქმე 4.