22 მაისი 2023
ავტორი: ანტონ ვაჭარაძე
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ჩერჩილს მიაწერენ გამონათქვამს: „საბჭოთა კავშირში თითქმის არაფერი შეიძლება, მაგრამ რაც შეიძლება - სავალდებულოა!“
დაახლოებით ასე გამოიყურება 600 კვადრატული მეტრის მიწაზე განთავსებული ტიპური საბჭოთა აგარაკი ე.წ. „დაჩა“, რომელიც 1949 წლიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს განკარგულებით გადაეცემოდა მუშათა კლასის წარმომადგენლებს, თავდაპირველად 5-7 წლით, შემდგომ კი მუდმივ მფლობელობაში, როგორც „სამშენებლო-სააგარაკე კოოპერატივის “ წევრებს.[2]
რიგითი საბჭოთა მოქალაქის ტიპური აგარაკი („დაჩა“)
ჩნდება კითხვა, თუ როგორ და რა პირობებში ცხოვრობდა და ისვენებდა ბელადი - იოსებ სტალინი. ბელარი, რომლის „საამაყო ასკეტიზმზე“ არაერთ მითსა და ლეგენდას მოისმენთ. მითი - ერთი წყვილი ჩექმის, ორად-ორი შარვლის, შინელისა და გაცვეთილი მარშლის ქუდის შესახებ თანამედროვეობაშიც არ კარგავს აქტუალობას...
სინამდვილეში, სტალინის ქონება და საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავებული და გაცილებით ჩინებული იყო ვიდრე ნებისმიერ საბჭოთა ამხანაგს შეეძლო წარმოედგინა. მრავალრიცხოვანი ავტომობილი და აგარაკი, საუკეთესო მზარეულები, საუცხოო დელიკატესებით უხვად დახუნძლული ბრწყინვალე ნადიმები, საუკეთესო აღმზრდელები ბავშვებისათვის, დაცვის აურაცხელი თანამშრომელი, პირადი კინოდარბაზები და ა.შ.. ყოველ აგარაკზე რომელზეც სტალინი დასასვენებლად მიდიოდა, მისთვის ირჯებოდა მომსახურე პერსონალის სოლიდური შტატი (დაახლოებით 50 ადამიანი): დამლაგებლები, დალაქი, მზარეულები, ოფიციანტები, მედდა, მძღოლი, მებაღეები, მეეზოვეები, ტოქსიკოლოგი (საკვების ხარისხის შესამოწმებლად)...
კ. გუბარიოვი „აგარაკი (ბოსტნეული და ადამიანები)“
1921 წლის აპრილში, პარტიამ ზოგიერთი მაღალჩინოსანი ამხანაგი დაავალდებულა(!) დაესვენათ. ბოლშევიკურ გადატრიალებამდე, ყოფილი რევოლუციონერები არც თუ სახარბიელო პირობებში ცხოვრობდნენ: მეფის ოხრანკის მხრიდან მუდმივი დევნა, ციხეები, გადასახლებები რთულ კლიმატურ პირობებში - ყველაფერმა ამან ბუნებრივია შეარყია და დაღი დაასვა ამჟამად უკვე „მოწინავე პარტიული მუშაკების“ ჯანმრთელობას. იღბლიანთა შორის რომელთაც „დასვენება მიესაჯათ“, ტროცკის, კამენევის, რიკოვის და სხვათა მსგავსად მოხვდა ამხანაგი სტალინიც. მისი პირველი კავკასიური შვებულება ორთვე-ნახევარს გაგრძელდა. შემდგომ წლებში კი ბუნების წიაღში გატარებული შვებულებების ხანგრძლივობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.[3]
უკვე ხელისუფლებაში მოსვლის და განმტკიცების შემდეგ, სპეციალურად სტალინისთვის აშენდა სულ მცირე სამი აგარაკი მოსკოვში, ათი კავკასიის რეგიონში და ოთხიც ყირიმში.
1938 წლის 3 თებერვლის საბჭოთა კავშირის სახალხო კომისრების (СНК) სხდომისა და ბოლშევიკების კომუნისტური პარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის (ЦК ВКП) დადგენილებით: „...ხელმძღვანელი საბჭოთა მუშაკებისათვის აგარაკების მოცულობა განისაზღვროს 7-8 საშუალო ოთახით ოჯახური წყვილებისათვის და 4-5 ოთახით დასაოჯახებლებისთვის.“[4]
სხვადასხვა დროს, სტალინის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებს მოსკოვსა თუ სამხრეთში მდებარე, სპეციალური აგარაკები წარმოადგენდა. 1933 წელს, მოსკოვთან ახლოს, სოფელ ვოლინსკოეში (აწ უკვე ქ. მოსკოვის შემადგენლობაში), ქალაქ კუნცევოსთან (კუნცევოც დღესდღეობით მოსკოვს ეკუთვნის) დაიწყო ბელადისათვის ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი, კუნცევოს „ახლო აგარაკის“ (Ближняя дача) მშენებლობა. მეტსახელი შემთხვევითი არ იყო, კრემლისაგან მას მხოლოდ 10 წუთის სამანქანო გზა აშორებდა. 1932 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სტალინის მეუღლემ, ნადეჟდა ალელუევამ, სტალინმა დატოვა ძველი აგარაკი, „ზუბალოვკა“, დროებით გადავიდა „ლიპოვკაში“. როგორც ოლეგ ხლევნიუკი აღნიშნავ,ს „წარსულთან დაშორებისას, სტალინი ახალ ცხოვრებას ახალ ადგილას იწყებდა“[5], სწორედ ამ მიზნით აშენდა კუნცევოს ახლო აგარაკი.
კუნცევოს/ ახლო აგარაკი ვოლინსკოეში
ახლო აგარაკის მშენებლობას 36 წლის წარმატებული ახალგაზრდა არქიტექტორი, მირონ მერჟანოვი (მიგრან ოგანესის ძე მერჟანიანცი) ხელმძღვანელობდა, რომელსაც შემდგომშიც სტალინისთვის ფასეული და სასურველი არაერთი აგარაკის პროექტირება მიანდვეს. თუმცა, უნდა აღნიშნოს რომ ბელადის პირადი არქიტექტორის სტატუსმაც არ დაიცვა იგი „ხალხის მტრის“ იარლიყისაგან, რეპრესიებისაგან და გადასახლებისგან. საინტერესოა, რომ 1949 წელს მირონ მერჟანოვი გადასახლებიდან ჩამოიყვანეს, მოსკოვთან ახლოს, სუხანოვოს ციხეში სამუშაო კაბინეტი მოუწყვეს და სოჭში უშიშროების სამინისტროს სანატორიუმი დააპროექტებინეს. სამუშაოს შესრულების შემდეგ კი უკან, ციმბირში გააბრუნეს. მხოლოდ „პატრონის“ გარდაცვალების შემდეგ, 1956 წელს რეაბილიტირდა მერჟანოვი და მას მიეცა მოსკოვში დაბრუნების უფლება.[6]
მირონ მერჟანოვი ოჯახთან ერთად, 1930-იანი წლები
კუნცევოს/ ახლო აგარაკი ვოლინსკოეში
ახლო აგარაკი, იყო პირველი ნაგებობა, რომელიც მთლიანად მოარგეს სტალინის მხატვრულ და ყოფით გემოვნებას. იგი არაერთხელ გადააკეთეს და საბოლოო ჯამში შენობა პომპეზურობისა და ბიუროკრატიულობის უცნაურ ნაზავად იქცა. მისი სტილი შეიძლება დახასიათდეს როგორც პოსტკონსტრუქტივიზმი, არქიტექტურული ავანგარდისა და ნეოკლასიკის ზღვარზე ე.წ. „სტალინური ამპირი“. პირველ სართულზე განთავსებული იყო შვიდი, სტალინის ქალიშვილის სვეტლანა ალილუევას შეფასებით, უსახური ოთახი. მეორე სართულით, სადაც ლიფტით შეიძლებოდა ასვლა, თითქმის არ სარგებლობდნენ, გამონაკლისი იყო მაო ძედუნისა და ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი საბჭოთა კავშირში.
პირველ სართულზე მდებარეობდა სტალინის ძირითადი საქმიანობის ოთახი - ე.წ. „მცირე სასადილო“, სადაც იგი იღებდა სტუმრებს, სადილობდა, ეძინა და გარდაიცვალა კიდეც 1953 წელს. 76 კვ.მ. ზომის ოთახში მდებარეობდა სამმეტრიანი დიდი მაგიდა, დივანი, ბუფეტი, სავარძლები, სატელეფონო მცირე ზომის მაგიდა და ბუხარი. ბუხრის სიახლოვეს ეკიდა სანადირო თოფები და ბინოკლი. იატაკზე დაფენილი იყო დიდი ხალიჩა. ოთახი გადიოდა შემინულ ვერანდასა და ტერასაზე. სვეტლანა ალილუევას მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ბელადს ეძინა დივანზე, დიდი მაგიდა მთლიანად საბუთებით, გაზეთებითა და წიგნებით იყო გადავსებულ-გადატვირთული. თუ სტუმრები არ ჰყავდა, ბელადს სუფრას მაგიდის თავში უშლიდნენ. ჭურჭელი და მედიკამენტები კი ბუფეტში გვერდიგვერდ იყო განლაგებული. [7]
აგარაკს გარს ერტყა ორ ჰექტარზე გადაჭიმული პარკი. სტალინის განკარგულებით, აგარაკზე აიგო ციტრუსების სათბური, ვენახი, მოჰყავდათ საზამთროები, სპეციალურ აუზებში ამრავლებდნენ თევზს. ახალი თევზი სტალინის კვებითი რაციონის აუცილებელი და განუყოფელი ნაწილი იყო. ბელადი თავადაც აქტიურად იყო ჩართული აგარაკის სასოფლო-სამეურნეო კეთილმოწყობის საკითხში. შემონახულია სტალინის მიერ ხელმოწერილი, დეტალური და ზედმიწევნითი, სამეურნეო ხასიათის ასობით განკარგულება. აგარაკზე მეცხოველეობას, მეფრინველეობასა და მეფუტკრეობასაც ეწეოდნენ.[8] ერთ-ერთ მისაღებ ოთახში მდებარეობდა უინსტონ ჩერჩილის მიერ 1941 წელს სტალინისათვის ნაჩუქარი წითელი ხით გაფორმებული რადიოლა, რომელიც დღესაც გამართულად მუშაობს. აგარაკზე დაცულია დაახლოებით სამი ათასი ფირფიტა. სტალინს შეფასების საკუთარი „მეთოდოლოგია“ ჰქონდა შემუშავებული - ჯვრებს ასვამდა ფირფიტებს. რაც მეტი ჯვარი იყო დასმული ფირფიტაზე, ესე იგი მით უფრო მაღალი იყო ბელადის შეფასება. მაგალითად მინაწერი „ძალიან კარგია!“ და ხუთი ვარსკვლავი ჰქონდა მინიჭებული კარასის არიას ოპერიდან „ზაპოროჟიელი დუნაის მიღმა“, შვიდი ჯვარი „ტანკისტების მარშს“ ხოლო „რუსული და ბესარაბიული მარშები“ მთელი რვა ჯვრით იყო დაჯილდოებული. მადლიერების ნიშნად სტალინმა ჩერჩილს ცნობილი ყიზლარის კონიაკის პარტია გაუგზავნა, ჩერჩილი ფრიად კმაყოფილი დარჩა სასმლით და მას შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ მიიღო მსგავსი ძღვენი.[9] [10]
სტალინის განკარგულების არქიტექტურული შედეგი იყო ასევე აგარაკის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრად შერაცხილი - ე.წ. „დიდი დარბაზი“, სადაც საღამოს სპეციალურ კინოდარბაზში ორგანიზებული კინოჩვენებების შემდეგ ლეგენდარული „სტალინური სადილები“ იმართებოდა. ოთახში განთავსებული იყო შვიდმეტრიანი მაგიდა. უზარმაზარი ხალიჩის ფართობი (12*6 მეტრი) კი 1953 წელს 16 საშუალო სტატისტიკური საბჭოთა კავშირის მოქალაქის საცხოვრებელი ფართის ტოლი იყო (ქალაქებში ერთ სულ მოსახლეზე საცხოვრებელი ფართის ნორმა - 4.5 კვ.მ. იყო).[11]
სწორედ საღამოს კინოჩვენების შემდეგ, თითქმის ყოველდღიურად, სწორედ დიდ დარბაზში იმართებოდა ცნობილი სტალინური „სადილები“. „ჩვენ დაუღალავად უნდა გვემუშავა ჩვენს თანამდებობაზე... ხოლო ამის გარდა მიგვეღო მონაწილეობა სტალინურ საღამოებში თეატრალური პერსონაჟების ნაცვლად და გაგვერთო იგი. ფრიად რთული დრო იყო ჩვენთვის..“ - იხსენებს თავის მოგონებებში ნიკიტა ხრუშჩოვი.[12]
მისაღები დარბაზი კუნცევოს/ „ახლო აგარაკზე“
მიიჩნეოდა, რომ სტალინის ამფსონთა შორის ყველაზე ნიჭიერი მოცეკვავე ანასტას მიქოიანი იყო.[13] დანარჩენები შეძლებისდაგვარად ცეკვავდნენ. თავად ბელადიც „ადგამდა ფეხებს და ამოძრავებდა ხელებს“[14] . სტალინს კარგი სმენა ჰქონდა და ხშირად მეორე ტენორად მღეროდა საოპერო მომღერალ მიხაილოვთან, ვოროშილოვთან და მოლოტოვთან კვარტეტში. როგორც მოლოტოვი იხსენებს, უმეტესად რუსულ ხალხურ, ქართულ და უკრაინულ სიმღერებს, თუმცა თეთრგვარდიული ფოლკლორიც ხშირად შემოიპარებოდა ხოლმე მის რეპერტუარში. სადილისას უპირატესობა ქართული და რუსული სამზარეულოს კერძებს ენიჭებოდათ. ახლო აგარაკის ხშირი სტუმარი გენერალი ს.მ. შტემენკო თავის წიგნში „გენერალური შტაბი ომის წლებში“ იხსენებს, რომ მასშტაბური სადილებიც კი სტალინთან ყოველთვის ოფიციანტების დახმარების გარეშე მიმდინარეობდა. მომსახურე პერსონალი აწყობდა მდიდრულ „შვედურ“ სუფრას და მდუმარედ ტოვებდა დარბაზს. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ სუფრის წევრებს არ სურდათ მათი ლაპარაკი ვინმეს გაეგო. ხანდახან სადილებს მიხეილ ჭიაურელი თამადობდა.[15] მენიუ მრავალფეროვანი და დახვეწილი იყო: უხა, შჩი, ჩახოხბილი, მწვანე ლობიო, დუნაის ქაშაყი, ქერჩისა და ციმბირული ნელმა და ღლაბუტა (საუკეთესო თევზის ჯიშები), ციცარი, იხვი, მწყერი, კაკაბი, ხოხობი შემწვარი გოჭის ხორცი, ღორის ლაბი (ხალადეცი), ბლინები, საცივი და ჩანახი, ქართული ყველის ასორტიმენტი. ბელადი სიამოვნებით მიირთმევდა სპეც. მეთოდით დამზადებული ინდაურის ღვიძლს (ფუა-გრა), შამფურზე დაბრაწულ ცხვრის ნეკნებს, ორ კვირის ასაკის ბატკნის მწვადს, შავი და წითელი ხიზილალის ბუტერბროდებს. დესერტად: ნამცხვრები და ტორტი. ბელადის განკარგულებით სუფრას მუდმივად ამშვენებდა მისთვის საყვარელი - ბანანი. თვალშისაცემი იყო ალკოჰოლური სასმელების სიუხვე და მრავალფეროვნება: კონიაკი, არაყი, შამპანური და თავისთავად ქართული ღვინოების მდიდარი ასორტიმენტი: „ხვანჭკარა“, „ოჯალეში“, “მუკუზანი“,“ცოლიკოური“. სომხური და აზერბაიჯანული „არენი“, „არტაშაგი“, „ნორაშენი“, „მადრასალი“. ბელადი უპირატესობას ნახევრადტკბილ ქართულ ღვინოებს ანიჭებდა, ბოლო წლებში კი შამპანურს, რომელსაც მინერალური წყლით აზავებდა. ღვინის ბოთლს იგი აუცილებლად თავად ხსნიდა და თავადვე ისხამდა.[16] [17] უცხოელი სტუმრების შემთხვევაში, შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, მენიუ კიდევ უფრო ეგზოტიკური და დახვეწილი ხდებოდა ხოლმე.
როგორც მიქოიანი იხსენებს, „სტალინი ნელა, აუღელვებლად სადილობდა, დიდი რაოდენობით საკვებს მიირთმევდა და ღვინოს აყოლებდა“. იმავეს აღნიშნავდა იუგოსლავიის ვიცე-პრეზიდენტი მილოვან ჯილასი თავის წიგნში „საუბრები სტალინთან“: „სტალინი იმ რაოდენობის საკვებს შთანთქავდა, რომელიც უფრო დიდი აგებულების ადამიანისათვისაც კი უზარმაზარი იყო, უმეტესწილად ხორციან და სპეციალურ კერძებს ეტანებოდა...[18] სტალინის მიერ წარმოთქმული ორი სიტყვა „ახალი სუფრა“ სიგნალი იყო მომსახურე პერსონალისათვის ოთხივე მხრიდან ტომსიკასავით აეკეცათ სუფრა მასზე განლაგებული დახვავებული სანოვაგითა და ბროლის თუ ფაიფურის ჭურჭლით, რომელიც ამასობაში ნამსხვრევებად იქცეოდა და სუფრა თავიდან გაეწყოთ ახალი სერვირებითა და ახლად მომზადებული კერძებით.
წიგნში „ნადირობა და პოლიტიკა“ მოყვანილია ი.პ. კუზმიჩევის მოგონება: მას შემდეგ რაც 1933 წელს პიკნიკზე, სტალინს, კიროვსა და ვოროშილოვს პირველად მიართვა ტრადიციული რუსული, გამომცხვარი კარტოფილი, აღფრთოვანებული სტალინი თითქმის ყოველდღიურად მიირთმევდა ამ კერძს. როდის ისადილებდა „პატრონი“ ცნობილი არ იყო და ვინაიდან კარტოფილი გემრიელი მხოლოდ ახალი გამომცხვარია, ამიტომ დღის 12 საათიდან იწყებოდა კერძის პირველი პორციის მომზადება, ნახევარ საათში მას ყრიდნენ და ადგამდნენ მეორე პორციას და ანალოგიურად ყოველ 30-40 წუთში სანამ ბელადი არ ინებებდა სადილობას... ამისა გამო, ხანდახან 2 ტომარა ნარჩევი ტამბოვისა ან ლიპეცკის კარტოფილი ფუჭად იხარჯებოდა.[19]
ასაკის მატებასთან ერთად, სტალინი ალკოჰოლის სმაში ზომიერებას იჩენდა. მისი ერთ-ერთი გასართობი იყო დაეთრო სტუმრები და დაჰკვირვებოდა მათ საუბარსა თუ ქცევას. ამისათვის სხვადასხვა მიზეზსაც იგონებდა. ერთი მეორეს ენაცვლებოდა სადღეგრძელოები, რომელთა დალევაც ბოლომდე იყო სავალდებულო. მათ ვინც თავს არიდებდა „აჯარიმებდნენ“. აი რას იხსენებს 1948 წელს სტალინთან აგარაკზე სტუმრობის შემდეგ მ.ჯილასი: „ყველამ ივარაუდა თუ რამდენი გრადუსია გარეთ და შემდეგ იძულებული იყო დაელია იმდენი თლაშო (სტოპკა) არაყი რამდენითაც შეცდა. ბერია, როგორც მახსოვს 3 გრადუსით შეცდა და აღიარა რომ გააზრებულად დაუშვა შეცდომა, რათა მისთვის მეტი არაყი დაესხათ...“ ალკოჰოლი ცალსახად აკეთებდა გასაკეთებელს. „გარემო ვახშმებზე ძალდაუტანებელი და ბუნებრივი იყო, ჰყვებოდნენ ანეკდოტებს, ხშირად უხეშსაც, ბევრს ხარხარებდნენ“. ჟდანოვი როიალზე უკრავდა და უხამსი შაირებით ართობდა საზოგადოებას. როგორც ნიკიტა ხრუშჩოვი იხსენებს „ეს სიმღერები, მხოლოდ სტალინთან “სადილებზე“ თუ შეგეძლო მოგესმინა, სხვაგან მათი გამეორება აკრძალული, დაუშვებელი და მიუღებელი იყო.“[20]
ახლო აგარაკის ინტერიერი
სტალინურ ნადიმებს მნიშვნელოვანი პრაქტიკული ფუნქციაც ჰქონდა: სუფრა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების განხილვის ადგილი იყო. სოციალური მიზნის გარდა ეჭვიანი სტალინისათვის არაფორმალურ გარემოში შეკრებები ასევე ინფორმაციის მიღებისა და თანამებრძოლების კონტროლის ბერკეტი იყო. სიცოცხლის ბოლო თვეებში, თავისუფალ დროს, ბელადი სხვადასხვა უცნაური თავშესაქცევით ერთობოდა: ეზოში სეირნობის დროს ნაძლავს დებდა დაცვის თანამშრომელთან ჰაერის ტემპერატურის მიმდინარე ნიშნულზე. თანამშრომელი ასახელებდა რიცხვს, სხვა თანამშრომელი თავის რიცხვს, ასევე სტალინიც. შემდეგ კი თერმომეტრზე ამოწმებდნენ თუ რომლის პასუხი იყო ყველაზე ახლოს თერმომეტრის ჩვენებასთან. მსგავსად ეჯიბრებოდა სტალინი დაცვის თანამშრომლებს ხეებს შორის ზუსტი მანძილის დადგენაში. მალევე მთელი აგარაკი თერმომეტრებით, ხოლო დაცვის თანამშრომლები საზომი ე.წ. „რულეტებით“ აღიჭურვა.[21]
„ძალაუფლება რყვნის. აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად...“ ლორდი ჯონ ექტონი.
„შორეული აგარაკი“ სემიონოვსკოეში
„შორეული აგარაკი“ სემიონოვსკოეში
ახლო აგარაკმა ეს მეტსახელი იმიტომ მიიღო, რომ არსებობდა კიდევ ერთი აგარაკი, „შორეული“ (Дальная дача). იგი 1937-1939 წლებში ააგეს სემიონოვსკოეში, გრაფი ორლოვების საგვარეულო მამულში. დაგეგმარებით, დიზაინითა და ავეჯის გაწყობის სტილით იგი ჰგავდა ახლო აგარაკს, განსაკუთრებით მეორე სართულის დაშენებამდე და ისიც მწვანე შეფერილობის იყო, ისევე როგორც ვოლინსკოეში მდებარე შენობა. ზოგადად სტალინის გემოვნება და ჩვევებიც საკმაო კონსერვატიზმით გამოირჩეოდა - ყველა მისი რეზიდენცია ერთიმეორეს ჰგავდა. სემიონოვსკოეს თვალწარმტაც კარ-მიდამოს და შთამბეჭდავ ბუნებას ბელადი იშვიათად სტუმრობდა. აგარაკის საძინებლები მოპირკეთებული იყო ხის პანელებით. დიდ სასადილოში (სტალინს მაღალჭერიანი ნაგებობები ხიბლავდა და აგარაკზე ჭერი 4 მეტრი სიმაღლის იყო) განლაგებული აგარაკის სიამაყე - ბუხარი, ონიქსითა და ოპალით იყო დამშვენებული. სტალინის კაბინეტის გვერდით ზამთრის ბაღი მდებარეობდა, რომლის გავლითაც დიდ სასადილოსა და მთავარ საძინებელში მოხვდებოდით. სტალინის აგარაკებისთვის, ძირითადად ქარხანა „ლუქსში“ საბჭოთა კავშირის საუკეთესო ოსტატები ავეჯს, ფანჯრის რაფებს, კიბეებს, მოაჯირებსა და კარებს ამზადებდნენ. ისევე როგორც ვოლინსკოეს შემთხვევაში, აქაც, ფაბრიკის კარტოთეკაში საგულდაგულოდ ინახებოდა თითოეული ნივთის დეტალური აღწერილობა და ნახაზი. საჭიროების შემთხვევაში ერთ დღეში მზადდებოდა „დუბლიორი“ და აგარაკზე იგზავნებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს შორეულ აგარაკს საფრთხე დაემუქრა და გადაწყდა მისი დანაღმვა. აგარაკი სასწაულებრივად გადაურჩა აფეთქებას. თქმულების თანახმად, მის კომენდანტს სოლოვიოვს პარტიულმა ხელმძღვანელობამ განუცხადა: „დროზე ადრე ააფეთქებ აგარაკს - დაგხვრეტთ. გერმანელებს ჩაუგდებ ხელთ - გიპოვით და დაგხვრეტთ. ასე რომ თავად გადაწყვიტე..“ აგარაკი თითქმის ექვსი მეტრ სიმაღლის ღობით იყო შემოსაზღვრული, მის ორივე მხარეს მდებარეობდა საკონტროლო-სათვალთვალო დაცვის ზოლი.[22]
დარბაზი სემიონოვსკოეს აგარაკზე
საქართველოში...
აგარაკი „ცივი მდინარე“ გაგრასთან
სტალინის ერთ-ერთ საყვარელ და საიდუმლოებებით მოცულ აგარაკს წარმოადგენდა აფხაზეთში, გაგრის სიახლოვეს მდებარე, თვალწარმტაცი უღრანი რელიქტური ტყეების ტევრში ჩაფლულ-ჩაძირული 500 კვ.მ. ფართობის შენობა, „ცივი მდინარე“ (არქიტექტორი მ.მერჟანოვი).
მდინარე ბაგრიპსტა აგარაკთან სიახლოვეს ჩაედინება. სხვადასხვა მონაცემით, სტალინი აქ თოთხმეტჯერ ისვენებდა[23]. აგარაკს გამაჯანსაღებელი დატვირთვა ჰქონდა ვინაიდან ჰავა განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩეოდა, სტალინს კი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა (რევმატიზმი, რადიკულიტი, სტენოკარდია და ა.შ). რეზიდენცია 1932-1933 წლებში შენდებოდა და განსაკუთრებულად იყო დაცული. ზუსტად უსაფრთხოების ზომების გადაჭარბებულ დაცვის შედეგი იყო ბაღში სანათები უცნაური ფორმა და ზომა, ისინი ნახევარ მეტრსაც არ აღემატებოდა, რათა სიბნელეში შეუძლებელი ყოფილიყო აგარაკის მობინადრეთა სილუეტების გარჩევა (იხ. სურათი ). მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ნიადაგი არ გამორჩეოდა სიმყარით, სტალინის დაჟინებული მოთხოვნით აგარაკი მაინც აიგო შერჩეულ ადგილას. სამსართულიანი აგარაკი ზღვიდან 330 მეტრზე კლდეშია აზიდული. სტალინის უსაფრთხოების საკითხებისადმი მანიაკური დამოკიდებულების გათვალისწინებით, აგარაკი არ ჩანს ზღვიდან, ჩვეულად მწვანე ფერითაა შეღებილი და ბუნებრივად ერწყმის ბიჭვინთის ფიჭვნარის თვალწარმტაც ლანდშაფტს.[24]
აგარაკი „ცივი მდინარე“ გაგრასთან
მერჟანოვის ჩანაფიქრით, აგარაკის ერთი ნაწილი ხომალდის სტილიზაციას წარმოადგენდა. კინოთეატრის დარბაზი გემბანს წააგავდა, ფანჯრების ნაწილი კი ილუმინატორებს.[25]
თავდასხმის შიშით შეპყრობილ სტალინს შეეძლო ერთი ღამის განმავლობაში რამდენიმე საძინებელი გამოეცვალა. მისი პირადი დაცვის უფროსის გარდა არავინ იცოდა, რომელ საძინებელში გაიღვიძებდა ბელადი დილით. ლეიბები სურნელოვანი ბალახისა და წყალმცენარეებისგან იყო შეკერილი. სავარძლები, და სხვა რბილი ავეჯი კი ცხენის ძუით გამოტენილი. თავისი მჭიდრო სტრუქტურის გამო ცხენის ძუა ტყვიაგაუმტარად ითვლებოდა. სანათებს საძინებლებში თხელი მეტალის ბადე ჰქონდა გადაკრული, რათა გასკდომის შემთხვევაში ნამსხვრევებს ბელადი არ დაეზიანებინათ.
საძინებელი აგარაკ „ცივ მდინარეში“
აგარაკის მოწყობისათვის 40-მდე ფასეული ჯიშის ხის მასალა იყო გამოყენებული. ჰარმონიულობისათვის ყოველ ოთახში მხოლოდ ერთი ან ორი ტიპის ხის მასალა. შესაბამისად, აგარაკზე ვხვდებით კაკლით, აფრიკული ურთხლით, ბზით, კარელიური არყის ხით და თეთრი წიფლით მოწყობილ ოთახებს. „არყის ხის“ ოთახში, აისისას, მზის სხივებს ხის პანელები ირეკლავდა და ოთახს მყუდრო, ქარვისფერ ნათებას სძენდა. მისაღები ოთახი 300 ცალი კაკლის ხის პანელით იყო გაწყობილი. გამოსახულებები პანელებზე კი ისე იყო შერჩეული და შეხამებული ერთმანეთთან, რომ კარის მდებარეობა შეუმჩნეველი დარჩენილიყო სტუმართათვის. აგარაკზე კარის ყველა მასიური სახელური ტულის იარაღის მწარმოებელ ქარხანაში იყო ჩამოსხმული. აღნიშვნის ღირსია ასევე ბრინჯაოს მასიური ჭაღები, რომლებიც პეტერბურგის ერთ-ერთი სასახლიდან ჩამოიტანეს და სანთლები ელექტრო ნათურებით ჩაანაცვლეს. ჰაერის ბუნებრივ და ჯანსაღ კონდიცირებას ბროლის შუშები უზრუნველყოფდა. ცოკოლის სართულზე განლაგებული იყო დასვენების ზონა. აქვე იყო ორგანიზებული საშინაო კინოდარბაზი. უკლებლივ ყოველ ოთახში განთავსებული იყო „საგანგაშო ღილაკები“, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებს.
სასადილო ოთახში მდებარეობდა 14 პერსონაზე გათვლილი მასიური მუხის მაგიდა. მას ბელადისათვის ჭურჭლით სრულად აწყობდნენ, ვინაიდან წინასწარ არავინ იცოდა თუ სად ინებებდა ის დაჯდომას. აღსანიშნავია უნიკალური, პანორამული სარკეები - სპეციალურად კონსტრუირებულ სარკეებში მთელი ოთახი ისე ირეკლება როგორც ხელისგულზე, მომზირალი ადამიანი კი საკუთარ თავს ნებისმიერი მხრიდან სრული სიმაღლით ხედავს. ყურადსაღებია სააბაზანოც: ბელადის ზომების ზედმიწევნითი გათვალისწინებით შერჩეული ქაშანურის აბაზანა, რომელიც საათების განმავლობაში ინარჩუნებდა წყლის ტემპერატურას და აუცილებლად ზღვის წყლით მარაგდებოდა. საბილიარდო ოთახში 1905 წლის ნახელავი, სამი მასიური გრანიტის ფილისაგან შემდგარი (3 ტონა დაახლოებით) საბილიარდო მაგიდა იდგა. თავად ბელადი არ თამაშობდა, თუმცა არაერთი ლეგენდაა შემონახული, რომ მის სტუმრებს დიდძალ თანხებზეც კი უთამაშიათ. საშინაო კინოთეატრში სტალინი ხშირად ფილმებს ბავშვების გარემოცვაში უყურებდა. ბავშვების ნაივური რეაქციები ფილმზე სტალინზეც ახდენდა გავლენას და თუ მათ მოსწონდათ ესა თუ ის ფილმი, ბელადი თამამად იძლეოდა ნებართვას - სურათი ფართომასშტაბიან კინოგაქირავებაში გაეშვათ. [26]
ა.ეგოროვი (დახვრიტეს 1939 წელს), კ. ვოროშილოვი, ი.სტალინი, მ. ტუხაჩევსკი (დახვრიტეს 1937 წელს), ა.მიქოიანი აგარაკზე „ცივი მდინარე“, 1935 წელი
სამზარეულო აგარაკის ტერიტორიაზე არ იყო. ბელადს არ მოსწონდა სამზარეულოდან გამომავალი სუნი და აღიზიანებდა ჭურჭლისა და სამზარეულო ინვენტარის ხმა. სამზარეულო ცალკე მდგომ, ორსართულიან „მოსამსახურეთა ბლოკში“ მდებარეობდა და აღჭურვილი იყო გერმანული ელექტროღუმელებით. მის უშუალო სიახლოვეს განლაგებული იყო ლაბორატორია, სადაც ექიმი-ტოქსიკოლოგი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებდა ბელადისათვის და მისი სტუმრებისთვის მისართმევად განკუთვნილ სანოვაგეს. მოსკოვში მიწოდებული პროდუქტები კი კრემლის სამკურნალო-სანატორიულ სამმართველოში გადიოდა შემოწმებას რაზეც დგებოდა ხარისხის და უვნებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.[27] იმავე ლაბორატორიაში მოღვაწეობდა კიდევ ერთი ტოქსიკოლოგი, რომელიც შენობაში ჰაერის ხარისხზე იყო პასუხისმგებელი.[28] იმისათვის რომ აგარაკი შეუფერხებლად მომარაგებულიყო ელექტროენერგიით, სპეციალურად მის სიახლოვეს აშენდა ჰიდროელექტროსადგური.
1935 წელს აგარაკთან აიგო სტუმრების სახლი, სადაც სტალინის დაცვის უფროსი პაუკერი და მისი მოადგილეები ცხოვრობდნენ. თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ სტუმრების სახლში ხშირად იმართებოდა ორგიები ახალგაზრდა მოსამსახურე ქალების მონაწილეობით, თუმცა ამ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლებელია, ვინაიდან ამ ისტორიის ყველა მონაწილე 1937-1939 წლებში შპიონაჟისა და კონტრრევოლუციურ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დახვრიტეს.
სტალინის უცნაური გემოვნების ერთ-ერთი მაგალითია ზღვაზე ჩამავალი 870 საფეხურიანი კიბე, რომელიც 1933 წელს, მისი განკარგულებით ააგეს. ბელადი რეგულარულად, ორი ოფიცრის თანხლებით ჩადიოდა, სადაც მას მანქანა ელოდა და ბრუნდებოდა კვლავ აგარაკზე... ისე, რომ ზღვაზე არც გადიოდა.
ასაკთან ერთად იზრდებოდა სტალინის დასვენებების ხანგრძლივობაც. 1946-1949 წლებში შვებულება სამი - სამნახევარი თვე გრძელდებოდა, 1950-1951 წლებში კი უკვე ოთხთვენახევარი. „შვებულებაში მე არ ვზივარ ერთ ადგილას, მუდმივად გადავდივარ ერთი აგარაკიდან მეორეზე“, - წერდა სტალინი.[29] აგარაკების განტოტვილი ქსელი თავისუფლად იძლეოდა ამის საშუალებას.
აგარაკი რიწის ტბასთან
აფხაზეთშივე, რიწის ტბასთან მდებარეობს სტალინის კიდევ ერთი, 1947 წელს აგებული აგარაკი, სადაც ბელადს ასევე უყვარდა სტუმრობა. თავად რეზიდენცია მხოლოდ დასვენებისათვის იყო განკუთვნილი: მასში სამუშაო კაბინეტიც კი არ იყო. ჩვეულებისამებრ მუქ-მწვანედ შეფერილი აგარაკის წინ ცაცხვები იყო დარგული, რომელნიც ფარავდნენ 200 მ/კვადრატის ფართობის ერთსართულიან შენობას და მისი გარჩევა ტბის საპირისპირო ნაპირიდან შეუძლებელი იყო. ას ჰექტრამდე ტერიტორია რამდენიმე ტიპის, 6 მეტრამდე სიმაღლის ზღუდით იყო შემორაგული: ეკლიანი მავთულხლართებით, მეტალის ღობეებით და ხის გალავნებით.[30]
აგარაკი რიწის ტბასთან
აგარაკის გარე პერიმეტრი შინსახკომის თანამშრომლების მიერ კონტროლდებოდა, საჰაერო სივრცე დახურული იყო ფრენებისათვის და მას საზენიტო ნაწილები იცავდნენ. გალავნებს შიგნით სტალინის უსაფრთხოებას კი უკვე მისი პირადი დაცვა უზრუნველყოფდა. შენობაში დამონტაჟებული იყო მრავალი სპეციალური სენსორი და ყოველთვის როდესაც სტალინი კარს აღებდა ან ხურავდა, დაცვას სპეციალურ ტაბლოზე სიგნალი მიეწოდებოდა. ბელადის დაცვაზე 300 ადამიანი იყო პასუხისმგებელი, რომელთათვისაც ცალკე სახლი იყო აგებული. აგარაკზე ტრადიციულად იმყოფებოდა მომსახურე პერსონალის 50 კაციანი შტატი. სტალინთან გამოცხადება მათ მხოლოდ ბელადის პირადი გამოძახების შემთხვევაში ჰქონდათ ნებადართული. ჩაის, სადილის ან ფოსტის მოთხოვნა, მძღოლის გამოძახება სტალინს შიდა სატელეფონო ქსელით შეეძლო. აგარაკზე მდებარეობდა რამდენიმე საძინებელი, კინოდარბაზი, მოსასვენებელი ოთახები საბილიარდო მაგიდით, ბიბლიოთეკა და მისაღები. ბელადი რიწის აგარაკზეც საუცხოო ქაშანურის აბაზანაში ნებივრობდა.[31]
რიწის ტბის აგარაკის ინტერიერი
რიწის ტბის აგარაკის დარბაზი
ასევე აგარაკს ამკობდა ნავსადგომი, გასართობის მოედანი, პარკი და დეკორატიული ქვის ხიდი ნაკადულზე. აგარაკიდან რიწის ტბასა და ულამაზეს ბუნებაზე თვალწარმტაცი ხედი იშლებოდა.
რიწის ტბის აგარაკის ხედი
სწორედ აფხაზეთში, ცივი მდინარის აგარაკზე ვიზიტს უკავშირდება სტალინზე თავდასხმის ცნობილი ეპიზოდი. 1933 წელს, სოჭში გატარებული თვის შემდეგ, სტალინი მიუსერას ესტუმრა, სადაც მას ნესტორ ლაკობას განკარგულებით მორიგი აგარაკი აუგეს. ორსართულიანი ასიმეტრიული სახლი გრძელი ვერანდით ტროპიკულ პარკში გორაკის წვერზე იყო განლაგებული. ადრე აქ სომეხი ნავთობმაგნატის, ლიანოზოვის მამული მდებარეობდა. აგარაკი ბელადის გემოვნების შესაბამისად მასიური მუხის პანელებით, ფართო ვერანდებით და უზარმაზარი სასადილოთი იყო დამშვენებული. ფანჯრიდან კი მშვენიერი ხედი იშლებოდა ყურეზე, სადაც ლაკობას მითითების ნავსადგომი ააგეს. აგარაკი ყოველი მხრიდან ბილიკების სერპანტინებით იყო გარემოცული, ზღვისკენ კი კიბეები მიემართებოდა. 1933 წლის 23 სექტემბერს, ლაკობამ ორგანიზება გაუწია კატერით გასეირნებასა და ნადირობას. სტალინი და ნიკოლაი ვლასიკი, მისი პირადი დაცვის უფროსი, ჩასხდნენ კატერში „წითელი ვარსკვლავი“ და ნაპირ-ნაპირ გაცურეს. უეცრად გასროლის ხმა გაისმა, ვლასიკი გადაეფარა ბელადს, მისი ნებართვის შემდეგ საპასუხო ცეცხლი გახსნა თავისი ვინჩესტერიდან, კატერი კი მესაჭემ ღია ზღვაში შეაცურა. თავდაპირველად, ბელადმა გასროლები აფხაზების წეს-ჩვეულებებს მიაწერა, მაგრამ მკაფიოდ გამოხატული მცირეკალიბრიანი შაშხანის რამდენიმე გასროლის ხმის დაფიქსირების შემდგომ აზრი შეიცვალა და ინციდენტის გამოძიება ბერიას (მან კი თავის მხრივ გოგლიძეს) დაავალა. გამოძიებამ ერთ-ერთი მესაზღვრის, ლავროვის ბრალეულობა დაადგინა, რომელსაც ნაპირთან მოდრეიფე კატერი უცხოეთის მცურავი ობიექტი ეგონა. ასევე გაირკვა, რომ ის ბელადის კატერის გადაადგილების შესახებ გაფრთხილებული არ ყოფილა. ლავროვი და კიდევ რამდენიმე მესაზღვრე 3-3 წლიანი გადასახლებით დასაჯეს. სასჯელის მოხდიდან 4 წელში, 1940 წელს, ლავროვი მოძებნეს და სიკვდილით დასაჯეს. 1937 წელს, როდესაც ე.წ. „ლაკობას კ/რ ორგანიზაციის“ წევრების დაპატიმრებები დაიწყო, პასუხისმგებლობა თავდასხმაზე თავად ლაკობას მიაწერეს, როგორც არ შემდგარი ტერორისტული აქტის მცდელობა ბელადის მიმართ, ინციდენტის დაგეგმვასა და განხორციელებაში ბრალი რამდენიმე ადამიანს დასდეს და მათი უმეტესობა დახვრიტეს. [32] [33]
ბელადის კატერი, რიწის ტბა
გოგირდის წყლები
აგარაკი - ახალი მაცესტა
სოჭში, მერჟანოვის პროექტით 1935-1937 წლებში ყოფილი ჩაით მოვაჭრის, მენზინოვის მამულში აიგო სტალინის მორიგი აგარაკი - ახალი მაცესტა. ბელადის ოჯახი ყველაზე ხშირად ზუსტად მაცესტას აგარაკს სტუმრობდა. ადგილი იმდენად მოეწონათ სტალინის თანამოაზრეებს, რომ მალევე მის მეზობლად ბერიას, მალენკოვის, ვოროშილოვის და მოლოტოვის აგარაკებიც წამოიჭიმა. სოჭში სტალინი ყველაზე დიდ დროს მაცესტას გოგირდოვანი წყლებით მკურნალობის გამო ატარებდა.
აგარაკი - ახალი მაცესტა
მაცესტას სამკურნალო წყლები ბელადს ანასტას მიქოიანმა ურჩია, ახალგაზრდობაში დაზიანებული მარცხენა ხელის სამკურნალოდ. „მე უკეთ ვგრძნობ თავს. მაცესტას წყლები კარგია სკლეროზის, ნერვების, გულის გაფართოების, იშიასის, წითელი ქარის და რევმატიზმის სამკურნალოდ“[34] წერდა სტალინი მოლოტოვს 1925 წელს. ზღვის დონიდან 160 მეტრზე აგებულ აგარაკზე თბილი ზღვიდან მონაქროლი ბრიზი და მთის გრილი ნიავი განსაკუთრებულად სასარგებლო კლიმატურ პირობებს ქმნიდა. შემოდგომით განსაკუთრებით უყვარდა სტალინს მაცესტაში სტუმრობა. აგარაკზე ბუნებრივია ბელადის ყველა მოთხოვნა იყო გათვალისწინებული, მაგალითად კიბეები დაბალი საფეხურებით, რათა რევმატიზმით დაავადებულ სტალინს არ გასჭირვებოდა ასვლა-ჩამოსვლა.[35]
სტალინის დასვენების ჩვეული სქემა ძირითადად მოიცავდა სოჭს, შემდეგ ცივ მდინარესა და რიწაზე ვიზიტებს, ასევე „მიუსერისა“ და ახალი ათონის აგარაკებს, მცირე გაჩერებებით წყალტუბოში ან ბორჯომში. სტალინი არაერთ მისთვის აგებულ რეზიდენციას, მხოლოდ რამდენიმეჯერ ეწვია: მაგალითად „მცირე სასნოვკას“ იალტასთან ან მხოლოდ ერთხელ, 1948 წელს, „მერცხლის ბუდეს“ ახალი ათონის მონასტრის სიახლოვეს. ბელადის აგარაკების სრული სია ასე გამოიყურებოდა:[36]
1. "რიწა" (რიწის ტბასთან, აფხაზეთი, საქართველო) - ერთი სართული, 200 კვ.მ., განადგურდა;
2. “მერცხლის ბუდე“, ახალი ათონი (აფხაზეთი, საქართველო) - 2 სართული, 200 კვ.მ., სტალინი ერთხელ იმყოფებოდა;
3. "ცივი მდინარე" (გაგრა, აფხაზეთი, საქართველო) - 2 სართული, 500 კვ.მ;
4. "სოხუმი" (აფხაზეთი, საქართველო) - 2 სართული და 20 მდე ოთახი, 600 კვ.მ;
5. "მიუსერა" (აფხაზეთი, საქართველო) - 1 სართული და 6 ოთახი, 300 კვ.მ;
6. "ბორჯომი" (სამცხე-ჯავახეთი, საქართველო) - 2 სართული, 9 ოთახი, 300 კვ.მ;
7. “წყალტუბო" (იმერეთი, საქართველო) - 2 სართული, 200 კვ.მ;
8. "კორეიზი" (ყირიმი, უკრაინა) - 2 სართული, 600 კვ.მ. (1945 წელს იალტის კონფერენციის დროს სტალინი იქ ცხოვრობდა);
9. "ტრაპიზნიკოვო" (ყირიმი, უკრაინა) - 2 სართული, 300 კვ.მ. (სტალინი აქ 20- 30-იანი წლებში ისვენებდა, შემდეგ კი გადასცა ე. იაროსლავსკის);
10. "ივეინაია" (ყირიმი, უკრაინა) - 1 სართული, 150 კვ.მ. (სტალინი არასდროს ყოფილა აგარაკზე, თუმცა იგი მისთვის აშენდა);
11. "პუზანოვკა" (სოჭი, რუსეთი) - 1 სართული, 100 კვ.მ;
12. "ბლინოვკა" (სოჭი, რუსეთი) - 2 სართული, 200 კვ.მ. (სტალინი მხოლოდ ერთხელ ესტუმრა, შემდეგ კი ვოროშილოვს დაუთმო);
13. "ახალი მაცესტა"/ "ზელიონაია როშჩა", (სოჭი, რუსეთი) - 2 სართული, 200 კვ.მ;
14. "კუნცევო“ / "ვოლინსკაია" / "ბლიჟნაია", (მოსკოვი, რუსეთი) - 2 სართული, 1000 კვ.მ;
15. "სემენოვსკოე" / "დალნაია", (მოსკოვი, რუსეთი) - 1 სართული, 800 კვ.მ.
გარდა ამისა: რივიერა, გოლოვინკა, ლიპკი, ვალდაი, სასახლე - „მასანდროვსკი“, მცირე სასნოვკა, სასახლე - „იუსუპოვსკი“ და ა.შ.[37]
სტალინის აგარაკი სოხუმში
აღსანიშნავია რომ, ამ თემაზე ძალიან მცირე მონაცემები არსებობს, რადგან თითქმის ყველა საარქივო ინფორმაცია საზაფხულო კოტეჯებისა და საგნების შესახებ ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს და, შესაბამისად, დახურულია. მხოლოდ რიწის ტბაზე სახლის მშენებლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტია საჯარო, რითაც შესაძლებელია მშენებლობის შესახებ წარმოდგენის შექმნა.
ეპილოგის მაგიერ
1947 წელს სტალინის, როგორც სახალხო კომისრების საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურება თვეში 10.000 რუბლი (ახალი ავტომობილის „პობედას“ ღირებულება) იყო. ამდენივე იყო მისი ანაზღაურება ცეკას პირველი მდივნის თანამდებობისათვისაც. ბელადის ანაზღაურებას ემატებოდა ჰონორარები ასობით ათას ტირაჟიანი ნაშრომების გამოქვეყნებიდან საბჭოეთსა თუ საზღვარგარეთ. არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სტალინის მიერ პირადი შემოსავლებიდან თუნდაც ერთი რუბლის გაღებას: თავდაცვაზე ომის დროს, სახალხო მეურნეობის აღორძინებაზე, ბავშვთა სახლების, ომის ინვალიდების დახმარებაზე, ან სხვა რაიმე სახით საქველმოქმედო ან კეთილშობილ საქმიანობაზე. სტალინს არც ერთხელ შეუძენია სავალდებულო - სახელმწიფო-სასესხო ობლიგაციები, რისთვისაც დასაქმებული საბჭოთა მოქალაქეები ვალდებული იყვნენ ხელფასის 1/5-დან 1/3-მდე ნაწილი გაეღოთ. სვეტლანა ალილუევა წერს: „ფულს იგი არ ხარჯავდა, არსად ჰქონდა დასახარჯი. მთელი მისი საყოფაცხოვრებო ხარჯები, აგარაკები, სახლები, მომსახურე პერსონალი, კვება, სამოსი, ნებისმიერი ხარჯი - სახელმწიფოს მიერ იფარებოდა...“ სტალინის ფინანსურ საქმეებს განაგებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო. თანხები კი აურაცხელი იყო. გენერალი ვლასიკი სტალინის სახელით მილიონებს განკარგავდა.[38]
როგორც ჩანს, ისტორიები „900 რუბლზე შემნახველ წიგნაკზე“, საკვებად მხოლოდ „შჩი და ფაფაზე“, ცალ ხელ ტანისამოსზე და ა.შ. ა.შ. ცალსახად პროპაგანდისტული, საბჭოელი ხალხის ზომბირებისა და სტალინის კულტის გაძლიერების მიზნით შექმნილი ლეგენდებია.
[1] სათაურში გადათამაშებულია დიდი ესპანელი რეჟისორის, ლუის ბუნუელის ორი ფილმის სახელი: ფილმი, „უპურო მიწა“ (1933) ასახავს ესპანეთის ერთ რეგიონში გამეფებულ საზარელ შიმშილს, ხოლო ფილმი „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“ (1972) მაძღარი საზოგადოების სიურრეალისტურ ყოფა-ცხოვრებას.
[2] https://www.cottage.ru/articles/focus/kak-poyavilis-sovetskie-dachi-i-uchastki-po-shest-sotok.html
[5] О. Хлевнюк, „Жизнь одного вождя”, 2015, стр. 15.
[6] А.Акулов, „Архитектор Сталина“. 2005, стр. 123-125, 133.
[8] О. Хлевнюк, „Жизнь одного вождя”, 2015, стр. 16.
[11] О. Хлевнюк, „Жизнь одного вождя”, 2015, стр. 15.
[12] „Вопросы истории“, 1992, №1, стр. 53.
[13] Р. Медведев, „Они окружали Сталина”, 2012, стр. 175.
[14] „Вопросы истории“, 1991, №4, стр. 62.
[15] Штеменко С. "Генеральный штаб в годы войны", 1989, стр. 174.
[16] В. Похлебкин “Кухня века” Глава 6. „Что ел Иосиф Сталин”, 2000.
[17] И. Анискин, Большая книга о нем, Сборникმ 2014, стр. 123-126.
[18] Е. Гусляров, Сталин в жизни, 2003, стр. 691.
[19] А. Богомолов, Легенды первых лиц, 2016, стр. 51.
[20] Е. Гусляров, Сталин в жизни, 2003, стр. 692-695.
[21] О. Хлевнюк, „Жизнь одного вождя”, 2015, стр. 16.
[22] И. Анискин, Большая книга о нем, Сборник, глава 6. Дальняя дача, 2014.
[23] А. Артамонов, Спецобъекты Сталина Экскурсия под грифом “секретно”, Глава: “Дача особого назначения «Холодная речка» с 1945 по 1992 год”, 2017.
[25] А.Акулов, „Архитектор Сталина”, 2005, стр. 69, 75.
[27] А. Артамонов, Спецобъекты Сталина Экскурсия под грифом “секретно”, Глава: Интервью с бывшим сотрудником в/ч 1139 хозяйства №11 и 12, проживающим в Новом Афоне (август 2009 года), 2017.
[29] С.С. Монтефиоре, Двор Красного монарха - История восхождения Сталина к власти, 2015, стр. 66.
[32] С.С. Монтефиоре, Двор Красного монарха - История восхождения Сталина к власти, 2015, стр. 67.
[33] Большой террор в Абхазии, 207, стр. 197, 198. https://archive.mia.gov.ge/2%20tomi%202.pdf