...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

1924 წლის აჯანყება - კალენდარი

25 ივლისი 2024


გაეცანით სტატიას, რომელშიც აღწერილია აჯანყების წინა ისტორია და მოვლენათა ყოველდღიური განვითარება 1924 წლის აგვისტოსა და სექტემბერში.

 

11 თებერვალი - 16 მარტი, 1921

საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა ბოლშევიკური რუსეთის მიერ; საქართველოს მთავრობამ ქვეყანა დატოვა და გადავიდა დევნილობაში.


მაისი, 1921

საბჭოთა რუსეთის მმართველობით გამოწვეული გლეხთა უკმაყოფილება სვანეთში, ხევსურეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. შეიარაღებული გამოსვლების დაწყება, რომელსაც შემდგომში მხარი აუბა გურიის, ქართლისა და კახეთის მოსახლეობამ. 


საბჭოთა მთავრობამ დაიწყო მენშევიკთა წევრებისა და დაპირისპირებული ნაწილის რეპრესიები. სოციალისტური პარტიის დაპატიმრებული წევრების რიცხვმა 3000-ს მიაღწია.

ივნისი, 1921 

ქუთაისში გაიმართა სახალხო კრება, სადაც ერთხმად გამოიტანეს ვერდიქტი შემდეგი ფორმულირებით: “ნდობა ჟორდანიას, სასჯელი უმაღლესი ფორმა ლენინისთვის”. კრებას დაპატიმრებათა ახალი ტალღა მოჰყვა.

5 ივლისი, 1921

სტალინის სიტყვით გამოსვლა თბილისელი მუშების წინაშე, რასაც აუდიტორია უარყოფითად შეხვდა. შეხვედრამ ობსტრუქციის ფონზე ჩაიარა და სტალინის მცდელობა, სიტუაცია დაელაგებინა - წარუმატებელი აღმოჩნდა. ზოგიერთი მკვლევარი ამ ფაქტის შედეგად მიიჩნევს იმას, რომ ფილიპე მახარაძე საქართველოს რევკომის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს და მის მაგივრად ბუდუ მდივანი დანიშნეს.

6 აგვისტო, 1921

თბილისის 3,449 მუშამ ხელი მოაწერა ევროპელი მუშების ორგანიზაციებისადმი მოწოდებას. კოოპერატივების პირველ არჩევნებზე კომუნისტებმა მხოლოდ 3% აიღეს, სოციალისტებმა კი 95%. კომუნისტებმა გააუქმეს არჩევნების შედეგები და თავიანთი დეპუტატები დანიშნეს.


სექტემბერი, 1921

სვანების შეიარაღებული ნაწილების მიერ სვანეთის ტერიტორიაზე განლაგებული წითელი არმიის დანაყოფების განიარაღება. სვანების ქუთაისზე შეტევის განზრახვა.


7 ოქტომბერი, 1921

საქართველოს რევოლუციური კომიტეტის მიერ საგანგებო ღონისძიებების გატარების დაწყება. საქართველოს სსრ-ს ყველა კუთხეში შეიქმნა განსაკუთრებული დანიშნულების ძალები. მუშათა საგანგებო რაზმი “ჩონი”, რომელთაც თავიანთ რეგიონში ანტისაბჭოთა გამოსვლების ჩახშობა დაევალა.

8-17 ოქტომბერი, 1921

ქართული პროფკავშირული ორგანიზაციების კრებები, სადაც გადაწყდა, რომ პეტიციის შედგენა დამპყრობთა მთავარი ხელმძღვანელისთვის, რომელშიც იგულისხმებოდა “რევკომი.” 

24 ოქტომბერი, 1921

მეტეხის ციხეში ჩასვეს მთავრობის სასახლეში მოსალაპარაკებლად მისული პროფკავშირის 9 წევრი.







28 ოქტომბერი - 9 ნოემბერი, 1921
(მუშათა გაფიცვის ქრონიკა)

ქალაქში ვრცელდება პროკლამაციები, რომელიც აპროტესტებს პროფკავშირელთა დაპატიმრებას. 


ბუდუ მდივანმა “კონტრრევოლუციონერების, ნაციონალისტების, სოციალ-დემოკრატებისა და მუშების” წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

1 ნოემბერს 7 საათიდან დაიწყო მუშათა გაფიცვები. გაჩერდა ტრანსპორტი, ადმინისტრაციულმა დაწესებულებებმა ქარხნებთან ერთად შეწყვიტეს მუშაობა.


2 ნოემბერს ძალოვნები ცდილობდნენ დაეპატიმრებინათ გაფიცვის მოთავეები.

3 ნოემბერს კომუნისტურმა პარტიამ ამგვარი საქციელი ღალატად შეაფასა. მამია ორახელაშვილის ბევრი მცდელობის მიუხედავად, პროფკავშირთა საბჭომ კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც დაპატიმრებული ცხრაკაციანი დელეგაციის გათავისუფლებას მოითხოვდა.

უნივერსიტეტში დაიწყო მიტინგი, რომელიც 2000 სტუდენტს აერთიანებდა. სტუდენტებმა იმღერეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჰიმნი - “დიდება”.

საბჭოთა რევოლუციურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა დეკრეტი, რომელიც “უკრძალავს მუშებს უარი თქვან სამუშაოზე”.

4 ნოემბერს გაიფიცა ფოსტა-ტელეგრაფის 2000-ზე მეტი თანამშრომელი. რეზოლუციით თანამშრომლებმა მხარი დაუჭირეს დაპატიმრებული დელეგაციის გათავისუფლების მოთხოვნას.

3-დან 6 ნოემბრამდე კომუნისტებმა დაიჭირეს 3,000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა 90%-ს მუშები წარმოადგენდნენ.

9 ნოემბერს ბუდუ მდივანი კვლავ დაემუქრა მშრომელებს, თუმცა აქციები მაინც გაგრძელდა.

1921 წლის ნოემბრიდან

სოციალ-დემოკრატიული პარტია კვირაში ორჯერ უშვებდა გაზეთს სახელწოდებით “საქართველოს ხმა”.



3-8 დეკემბერი, 1921

გაიმართა არჩევნები, სადაც ანტიბოლშევიკურ პარტიებს არ მიეცათ მონაწილეობის უფლება. მოსახლეობის 70%-მა პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. დაიწყო მუშათა და მოსახლეობის დაპატიმრება. კომუნისტურმა პარტიამ მცირე მხარდაჭერით ისარგებლა და ვერ აიღო საკმარის ხმები. კომუნისტებმა არჩევნებში ხმის მისაცემად ჩართო ჯარი, რომელთა უმრავლესობაც ეროვნებით რუსია. ქართველი მუშები ძალით გადაიყვანეს რუსეთში, მათ სანაცვლოდ კი ბოლშევიკებისადმი ლოიალურად განწყობილი სომეხი, რუსი და კავკასიელი პირები დაასაქმეს. ყველა ამ ნაბიჯის შედეგად არჩევნები ფორმალურად, გაყალბებით მოიგო კომუნისტურმა პარტიამ.

1921 წლის მიწურული

შინაგამცემების საშუალებით ბოლშევიკურმა რუსეთმა ჩაახშო სვანეთის აჯანყება, რასაც მალევე მოჰყვა გურიისა და ფშავ-ხევსურეთის აჯანყებათა მარცხი.

23 დეკემბერი 1921 - 1 თებერვალი 1922

გაიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი ყრილობა, რომელსაც ხელმძღვანელობენ: სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი, ფილიპე მახარაძე, სილიბისტრო თოდრია, საბაშვილი,  ბუდუ მდივანი. 

1922 იანვარ-თებერვალი

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ათამდე ხელმძღვანელი ციმბირში და რუსეთის სხვადასხვა რეგიონში გადაასახლეს.

5 თებერვალი, 1922

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ჩაატარა არალეგალური კონფერენცია, სადაც მხარი დაუჭირეს დამოუკიდებლობის გაერთიანებული კომიტეტის ჩამოყალიბებას, რომელსაც უნდა მოეცვა ყველა ქართული ძალა და ეთანამშრომლა ემიგრაციასთან.

11 თებერვალი, 1922

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 60 ათასმა ადამიანმა, ძირითადად, ახალგაზრდობამ, გააპროტესტა რუსული არმიის საქართველოში შემოჭრის წლისთავი.

17 თებერვალი, 1922

გარდაიცვალა ჩეკას მიერ დაპატიმრებული და შემდეგ გათავისუფლებული ძლიერ ავადმყოფი სილიბისტრო ჯიბლაძე - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების უხუცესი წევრი. „ჩეკას“ წარმომადგენლებმა ოჯახს მისი ცხედარი მოსტაცეს და გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაასაფლავეს, სავარაუდოდ, ვერის რუსულ სასაფლაოზე.

25 თებერვალი 1922

გაიხსნა საქართველოს კომუნისტური საბჭოების პირველი ყრილობა.

3 მარტი, 1922

დაიხურა საბჭოების ყრილობა და აირჩიეს ხელმძღვანელები:

მდივანი (თავმჯდომარე), კალანდაძე (მდივანი) ოკუჯავა (თავმჯდომარის მოადგილე), მახარაძე, ორახელაშვილი, ქავთარაძე, თოდრია და სვანიძე.

11 მარტი, 1922

მოსკოვმა შექმნა ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციასა და ამიერკავკასიის კომუნისტური პარტია, რომლის თავმჯდომარედ დანიშნა მამია ორახელაშვილი, ხოლო ამიერკავკასიის პრეზიდიუმში შევიდნენ: კიროვი, ნარიმანოვი, მდივანი, მახარაძე, ლუკაშინი და მიასნიკიანი.


ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა (ასფსრ), იგივე - ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაცია  წარმოადგენდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გაერთიანებას. ფედერაციამ 1936 წლამდე, ახალი კონსტიტუციის მიღებამდე იარსება, რის შემდეგაც პირობით გაერთიანებაში შემავალი ქვეყნები საბჭოთა კავშირში ამჯერად დამოუკიდებლად შეიყვანეს. ამიერკავკასიის პრეზიდიუმში შევიდნენ: კიროვი, ნარიმანოვი, მდივანი, მახარაძე, ლუკაშინი და მიასნიკიანი.



მარტი, 1922 

ჩამოყალიბდა რუსეთის ოკუპაციისაგან საქართველოს გამოსახსნელად აჯანყების მოსამზადებელი სამხედრო ორგანო - “სამხედრო ცენტრი”, შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე - გენერალი კოტე აფხაზი; წევრები: გენერალური შტაბის გენერალი ალ. ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი გოგი ხიმშიაშვილი და პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი. კახეთში პარტიზანული რაზმის უფროსად დაინიშნა პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, ქართლში - მიხეილ ლაშქარაშვილი.



10 აპრილი, 1922

გაიხსნა გენუის საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც საქართველოს წარმოადგენდა ვლასა მგელაძე. კონფერენციაზე უნდა ემსჯელათ საბჭოთა რუსეთის საკითხებზეც. მგელაძე ამხელდა საქართველოს ოკუპაციას, ჩატარებულ ყალბ არჩევნებს და ითხოვდა საოკუპაციო ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან. 


გენუის კონფერენციას მემორანდუმით მიმართა საქართველოს პატრიარქმა - ამბროსი ხელაიამ. იგი საერთაშორისო საზოგადოებას იმ გაუსაძლისი პირობების შესახებ წერდა, რომელიც რუსულმა მმართველობამ მოიტანა და დაუყოვნებლივ მოითხოვდა საოკუპაციო ჯარის საქართველოდან გაყვანას. გიორგი მაჩაბლის (ცნობილი პარფიუმერი “პრინცი მაჩაბელი) ძალისხმევით, 25 მაისს პატრიარქის მიმართვა იტალიურ გაზეთ “კაფაროში” დაიბეჭდა.



24-25-26 მაისი, 1922

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოაწყო დემონსტრაციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროცესებში მონაწილეობა ათი ათასამდე დემონსტრანტმა მიიღო. 


რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიანად შეკრებილ ხალხს და დაიწყო რეპრესიები: ამავე თვის ბოლოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის 80 წევრი გადაასახლეს ციმბირსა თუ რუსეთის სხვა რეგიონში.



აპრილი-აგვისტო, 1922

დაფუძნდა იატაკქვეშა გაერთიანება, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი („დამკომი“, „პარიტეტული კომიტეტი“). დამკომის პირველი წევრები სხვადასხვა პარტიიდან იყვნენ: გოგიტა ფაღავა (სოციალ-დემოკრატიული პარტია), იასონ ჯავახიშვილი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია), გრიგოლ რცხილაძე (სოციალისტ-ფედერალისტური პარტია), მუხრან ხოჭოლავა (სხივი), იოსებ გობეჩია (სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია).



28 მაისი - 23 ივნისი, 1922

ბელგიის კოოპერაციული სამმართველოს ხელმძღვანელი ვიქტორ სერვი იკვლევდა კოოპერაციული სექტორის მდგომარეობას საქართველოში, სადაც მიუთითებდა, რომ:

“ქართველთა ფენაში მეფობს ფარული სიძულვილი რუსული ტირანიის წინააღმდეგ. საქართველოს ერთმა მთიანმა რეგიონმა თავი დააღწია საბჭოეთს, მეზობელ ქვეყნებსაც გადაუარა აჯანყებების ტალღამ და გასაკვირი არ იქნება, რომ ერთ დღეს საქართველო, რომელიც ღრმა დემოკრატიული სულისაა, აღდგეს მჩაგვრელის წინააღმდეგ.”


აგვისტო-სექტემბერი, 1922

აჯანყება კახეთსა და ხევსურეთში; აჯანყებულებმა ვერ გაუძლეს თბილისიდან დაძრული რუსული ჯარის შემოტევასა და ალყას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა ალყა გაარღვია და კახეთისკენ დაიხია; დაიწყო რეპრესიები და დახვრეტები.


9 ნოემბერი, 1922

არმიის საიდუმლო მოხსენება იუწყებოდა, რომ კახეთ-ხევსურეთის მთიელი აჯანყებულები თავს დაესხნენ სამხედრო შენაერთებს. შიდა საბჭოების არჩევნებში კომუნისტების სიამ სინამდვილეში 30%-ზე ნაკლები ხმა მიიღო, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ კომუნისტური პარტია საქართველოში სულაც არ სარგებლობდა პოპულარობით. 

1923 წლის დასაწყისი

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაქვემდებარებაში მყოფი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმი “დამკომის” იურისდიქციაში გადავიდა. როგორც ცნობილია, “დამკომი” ქაქუცას ყოველთვიურად 200 ლირას უგზავნიდა და მასთან კომუნიკაციას სამხედრო კომისიის მეშვეობით ამყარებდა.



17 იანვარი, 1923

სოციალ-დემოკრატიული პარტია გამართა არალეგალური კონფერენცია, რომელიც ამტკიცებდა დამკომის შექმნას. აჯამებდა თავის მოღვაწეობას, მიმოიხილავდა ემიგრაციის საკითხებს. ამ დროისთვის პარტია თავის რიგებში 26 ათას წევრს, ახალგაზრდულ ფრთაში კი 5000 წევრს აერთიანებდა.


იანვარი, 1923

“ჩეკა” (საგანგებო კომისია) ატარებდა დიდ ოპერაციას, რომლის მიზანი იყო დაეკავებინა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალი მებრძოლები.






თებერვალი, 1923

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრის, ჯაშუშ კალე მესაფიშვილის დახმარებით, “ჩეკამ” “პარიტეტული კომიტეტისა” და “სამხედრო ცენტრის” ლიდერების შესახებ მიიღო ინფორმაცია.


“ჩეკამ” დააპატიმრა გენერალი კოტე აფხაზი და “სამხედრო ცენტრის” 14 წევრი. მათ შორის ასევე იყვნენ: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ელიზბარ გულისაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი.

ამბოხებათა ჩასახშობად გურიაში გაგზავნეს ჩეკისტი ალექსანდრე (საშა) ობოლაძე, რომელმაც გლეხების დაჭერა და სოფლების გადაწვა დაიწყო. 


მიუხედავად იმისა, რომ მას 15-მდე მცველი ახლდა, 10 თებერვალს დამკომთან არსებულმა ჯგუფმა, მიხეილ კოღუაშვილის ხელმძღვანელობით, ლიხაურში შეძლო როგორც ობოლაძის, ასევე წითელი არმიის მეთაურების სანიკიძისა და ჩუბინიძის მოკვლა. 

13 თებერვალს თბილისში დახვრიტეს 94 პატიმარი, რომელთა უმრავლესობა სოციალისტი მებრძოლი იყო.

14 მარტი, 1923

გაიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ბესარიონ ლომინაძე.

აპრილი, 1923

ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ჩეჩნეთში გავლენიან პირებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა ალექსანდრე სულხანიშვილი. “დამკომის” წევრები ჩრდილოეთ კავკასიაზე გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ და უნდოდათ იმიერკავკასიის სრული აჯანყება. 


სულხანიშვილი შეიხის შვილს, ათაბეი უმაევს აჩვენა ქაქუცას გამოგზავნილი წერილი. უმაევმა პირობა დადო, რომ მეზობელ ერებთან კავშირს დაამყარებდა და ერთიანი ფრონტით გამოვიდოდა.  


ქაქუცა სხვა გავლენიან ჩეჩენს - ალი მიტაევსაც შეხვდა, რომელიც  ახლო წარსულში ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის რევოლუციური კომიტეტის წევრი იყო, თუმცა მალევე განუდგა საბჭოთა სისტემას. საერთო შეთანხმების თანახმად, აჯანყება ერთდროულად უნდა დაეწყოთ, არ შემოეშვათ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ჯარი, შეეტიათ მათთვის და აეყარათ რკინიგზა.

19-20 მაისი, 1923

საქართველოს საგანგებო კომისიისა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის კოლეგიების ერთობლივმა სხდომამ, ეპიფანე კვანტალიანის, ლავრენტი ბერიას, მამია ორახელაშვილისა და შალვა ელიავას მონაწილეობით, “სამხედრო ცენტრის” წევრებს დახვრეტა მიუსაჯა; 


განაჩენი აღსრულდა 20-21 მაისის ღამით, თბილისში, სავარაუდოდ, თანამედროვე ვაკის პარკის ტერიტორიაზე. კომუნისტებმა დახვრიტეს სამი გენერალი, ხუთი პოლკოვნიკი, ოთხი ოფიცერი და სამი სამოქალაქო პირი. 


დახვრეტილთა შორის იყვნენ: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, გიორგი ხიმშიაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, ნიკოლოზ ზანდუკელი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე, ივანე ქუთათელაძე, სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი. 


დახვრეტის წინ სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელმა თანამებრძოლები შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „თქვენ ხომ იცით რატომაც ვკვდებით, მე მხოლოდ ის მადარდებს სამშობლოსთვის ვერაფერი რომ ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენს უკან რჩება ხალხი, რომელიც ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს და ჩვენც იმქვეყნად გავიგებთ, როცა საქართველო იქნება თავისუფალი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ 


ჩეკისტები სიცოცხლეს შეჰპირდნენ სამხედრო ცენტრის წევრს, ილიას დისწულს კოტე აფხაზს, თუკი ის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაზე ხელს აიღებდა. მაგრამ კ. აფხაზმა ჩეკისტების ნაჩუქარ სიცოცხლეზე უარი თქვა, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“ აღსანიშნავია, რომ თხუთმეტივე ქართველი ოფიცერი დახვრეტის წინ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნს „დიდებას“ მღეროდა.

ამ სადამსჯელო ოპერაციამ საერთო აჯანყების დაწყებას უდიდესი ზიანი მიაყენა, თუმცა ანტისაბჭოურად განწყობილი ნაწილი მორალურად შეამზადა.


“სამხედრო ცენტრის” წევრების დახვრეტის შემდეგ მისი ფუნქცია “სამხედრო კომისიამ” გადაიბარა. ცნობილია, რომ სამხედრო კომისიაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ცნობილი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი.  “ჩეკამ” მწერალი დააპატიმრა, რის შემდეგაც კომისიაში ეროვნულ-დემოკრატი გიორგი წინამძღვრიშვილი შევიდა.



1923 წლის მაისი

ნოე ხომერიკის ინიციატივით, ბაქოში დავალებით გაგზავნეს მენშევიკთა ცენტრალური კომიტეტის რწმუნებული ევტიხი სალუქვაძე, რომელსაც ბაქოში მცხოვრებ ქართველ მენშევიკებთან პოლიტიკური კონსულტაციები და ბაქოელ მუსავატელებთან კავშირის დამყარება ჰქონდა დავალებული. 


აზერბაიჯანის პარალელურად,  ქართველებმა მოლაპარაკება სომხეთის დაშნაკთა პარტიასთანაც დაიწყეს, თუმცა აჯანყებაზე უარი მიიღეს.

   




25- 26 მაისი, 1923

დამოუკიდებლობის კომიტეტმა ერთა ლიგას გაუგზავნა მემორანდუმი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე.


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ხუთი წლის თავზე დამკომმა ერთა ლიგას მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ 1921 წლის თებერვალში რუსის ჯარმა დაიპყრო საქართველო. ქვეყანას ჩეკა მართავს, რომელიც ხვრეტს და ანადგურებს მოსახლეობას. “დამკომი” ხაზს უსვამდა, რომ ერთა ლიგისთვის პატარა ერის ხმის მიწვდენა სურდა, რომელიც რუსეთის ხელით თანდათანობით ნადგურდება როგორც ფიზიკურად, ასევე კულტურულადაც. დამკომი სთხოვდა ერთა ლიგას, რომ მიეღო ზომები ქართველი ერის გადასარჩენად და დამოუკიდებლობის აღსადგენად. 


ოქტომბრის ბოლო, 1923

გროზნოდან ჩამოვიდა რწმუნებული საქართველოში შექმნილი სიტუაციის გასარკვევად. მას უნდა გაერკვია რამდენად რეალურია ქართველთა აჯანყებისთვის მზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩეჩნეთი არ მიიღებდა პროცესებში მონაწილეობას.  შეთანხმების თანახმად, გროზნოში უნდა გაეგზავნათ რამდენიმე ქართველი ოფიცერი, რომელიც აჯანყებულ მთიელებს უხელმძღვანელებდა. 

1923 წლის ნოემბერი

თბილისში ჩამოვიდა მუსავატელთა ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენელი აღა-ალი-იუსუფ ზადე, რომელსაც ნოე ხომერიკმა მცირე მატერიალური დახმარება აღუთქვა, თუმცა იუსუფ ზადემ განაცხადა, რომ აჯანყებას 6 თვეზე ადრე ვერ შეძლებდნენ. შემდგომში მუსავატელებთან კავშირი გაწყდა.  აზერბაიჯანმა და სომხეთმა არ მოისურვა რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლა.

9 ნოემბერი, 1923

ჩეკამ დააპატიმრა ნოე ხომერიკი, რომელიც “დამკომში” გოგიტა ფაღავამ ჩაანაცვლა.

1923 წლის ბოლო

“დამკომის” სამხედრო კომისიამ კავშირი დაამყარა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, რომელმაც ისევ მოახერხა რაზმების შეკრება. დამკომი ქაქუცაზე დიდ იმედებს ამყარებდა და გადამწყვეტი როლიც კი ენიჭებოდა. ქაქუცა “დამკომის” სხდომას სერგო მაისურაძესა და გაბო ოზიაშვილთან ერთად დაესწრო. 


შეიარაღებული ნაწილებისთვის უნდა ეხელმძღვანელათ: მიხეილ ლაშქარაშვილს (ქართლი), ნესტორ გარდაფხაძეს (სვანეთი), სერგო მათითაიშვილს (გურია). ქაქუცა თბილისში რვა დღე დარჩა და ბევრ სამხედრო პირს შეხვდა აჯანყებაში ჩასართავად. 


ნოემბერში ყველა საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო და სამხედროები აჯანყების თარიღის დადგენას ითხოვდნენ.


აჯანყების თარიღად “დამკომმა” 1924 წლის თებერვლის დასაწყისი აირჩია, რომელიც ემთხვეოდა ინგლისსა და საბჭოთა კავშირს შორის მოლაპარაკებების დასაწყისს. ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, მოგვიანებით, თებერვლის შუა რიცხვებში დააპატიმრეს სამხედრო კომისიის ხელმძღვანელები.

1924

1924

24 იანვარი

ჩეკამ დააპატიმრა გოგიტა ფაღავა, რომელიც გასცა აზერბაიჯანიდან სამოკავშირეო ხელშეკრულების დასადებად ჩამოსულმა რწმუნებულმა.

28 იანვარი

დააპატიმრეს გიორგი წინამძღვრიშვილი სწორედ მაშინ, როცა იგი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმისთვის იარაღს აგზავნიდა. იარაღის საქმეში ჩართული ორი წევრიდან ერთი ჩეკას აგენტი აღმოჩნდა. 


მნიშვნელოვანი პირების დაპატიმრებების გამო აჯანყების თარიღმა გადაიწია და ეროვნულ ძალებს შორის კოორდინაციის ხარისხმა იკლო.




 იანვრის ბოლო

“დამკომმა” ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის შესაფასებლად და კავშირის განსამტკიცებლად ეროვნულ-დემოკრატი და სამხედრო კომისიის წევრი მიხეილ იშხნელი გაგზავნა.  ალი მიტაევთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ იშხნელი ნაკლებად ოპტიმისტურად განეწყო აჯანყების ჩრდილოკავკასიური პერსპექტივების მიმართ. 


სამხედრო კომისიის წევრი, ეროვნულ-დემოკრატი გიორგი წინამძღვრიშვილი ამტკიცებდა, რომ ჩეჩნეთს 6000 კაცის გამოყვანა შეეძლო, რასაც მიხეილ იშხნელი სკეპტიკურად უყურებდა და გადაჭარბებულად თვლიდა.





12 თებერვალი

ევგენი გეგეჭკორი და ნოე რამიშვილი მარსელში ბოლოჯერ შეხვდნენ სათათბიროდ ჩასულ ემისრებს: ბენია ჩხიკვიშვილს, ვალიკო ჯუღელს, ვასილ ნოდიას, გრიგოლ ცინცაბაძეს და ვიქტორ ცენტერაძეს, რომლებიც შემდგომში საქართველოში ჩამოვლენ.


14 თებერვალს დელეგაცია გემით “Patrice” (პატრისია) დაიძრა მარსელიდან, შეჩერდა ათენში და 24 თებერვალს ჩავიდა სტამბოლში, სადაც მათ დახვდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები: კონსტანტინე გვარჯალაძე, სიმონ მდივანი და ვასო წულაძე. 

თებერვლის შუა რიცხვები


უფრო ზუსტი თარიღი 15 თებერვალი

ჩეკამ დააპატიმრა სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მთავარი შტაბის წევრი - ნაპოლეონ კახიანი, კიდევ ერთხელ ჩასვა საპყრობილეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარიტეტული კომიტეტის თავმჯდომარე - გოგიტა ფაღავა და დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი - გიორგი წინამძღვრიშვილი. ამით ცენტრალურ სამხედრო კომისიას დიდი ზიანი მიადგა და იგი ძველებურად ვეღარ ფუნქციონირებდა.


აჯანყების დაჩქარების მიზნით, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, თბილისში პარიზიდან ჩამოვიდა წარსულში დამფუძნებელი კრების წევრი - ვასილ ნოდია, ინფორმატორი, რომელიც ემიგრაციაში მყოფ მთავრობას საქართველოში მყოფ ეროვნულ ძალებთან აკავშირებდა.




23 თებერვალი

პარიზში საგანგებო დისკუსიისთვის შეიკრიბა ემიგრირებული მთავრობა (ე. გეგეჭკორი, ნ. რამიშვილი, აკ. ჩხენკელი, კონსტანტინე კანდელაკი) სადაც უმრავლესობით დაადგინეს, რომ თუ სიტუაცია კავკასიის მასშტაბით სახალხო გამოსვლისთვის (და არა შეთქმულებისთვის) შემზადებულია, მაშინ პროცესი უნდა დაიძრას. 


კავკასიაში მიმდინარე სიტუაციაზე ცნობების შესაგროვებლად მხარი დაუჭირეს კონკრეტული კანდიდატურის წამოყენებას. დაბოლოს, მათ აღნიშნეს, რომ საერთაშორისო მდგომარეობა არ აფერხებს გამოსვლას, თუმცა ემიგრაციიდან არავითარი დახმარების მიწოდება არ შეუძლიათ. 

13 მარტი

ქუთაისში მოქალაქე ვასილ მაქსიმის ძე ლეჟავას სახლში ჩატარდა კრება, სადაც განიხილავდნენ აჯანყების საკითხებს. ჩეკამ რვავე მონაწილე დააპატიმრა. აღსანიშნავია, რომ, რომ მათ შორის იყვნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, წევრები საშუალო განათლებით, გლეხი და რკინიგზის მოხელე.

მაისი

ვალიკო ჯუღელი, ბენიამინ ჩხიკვიშვილი და გრიგოლ ცინცაბაძე ჩამოვიდნენ საქართველოში. მათთან ერთად ჩამოვიდნენ ვლასა მგელაძე და ვიქტორ ცენტერაძე.

11 მაისი

დააპატიმრეს ვარლამ კაპანაძე, რომლის ძიების გამოც ჩეკამ სვირში 19 კაცი დაიჭირა. ვარლამ კაპანაძე წარმართავდა სვირში აჯანყების ორგანიზაციულ საქმიანობას. 




26 მაისი

“დამკომი” შეეცადა მოეწყო საერთო სახალხო გამოსვლა არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. მათ სურდათ მსოფლიოსთვის მიეწვდინათ ხმა, რომ ქართველი ხალხი უკმაყოფილო იყო ბოლშევიკური ხელისუფლებით, თუმცა ღონისძიება გასცეს და ჩეკამ შეძლო მისი ყველგან აღკვეთა. ჟორდანიას წერილი, რომელშიც იგი მოითხოვდა მაგისტრალებისა და სხვა საკვანძო პუნქტების მწყობრიდან გამოყვანას - ჩეკამ იგდო ხელთ.

25 ივნისი

ალექსანდრე ლანდიას ბინაში დააპატიმრეს ბენია ჩხიკვიშვილი.

14 ივლისი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის 36-ე დაბადების დღე.

ივლისი

აჯანყების ორგანიზატორებმა ჩაატარეს “დამკომისა” და სამხედრო ცენტრის გაერთიანებული სხდომა, სადაც გადაწყვიტეს საორგანიზაციო საკითხები. 


ორგანიზაციამ და მასში გაწევრებულმა პარტიებმა განიხილეს თავიანთი ძალების პოტენციალი, თუ რამდენი მებრძოლის გამოყვანა შეიძლებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

30 ივლისი

ნოე ხომერიკი, გოგიტა ფაღავა, ბენია ჩხიკვიშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი და ვასილ ნოდია გადააგზავნეს სუზდალის პოლიტიკურ იზოლატორში.


ივლისის ბოლოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა მეორე სხდომა გამართა, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, რომ განეხილათ შეიარაღებული გამოსვლების დაწყების თარიღი გაერთიანებულ პარტიათა ცენტრალური კომიტეტებთან შეთანხმებით. ქართველებმა ჩეჩნეთში ვანო ავალიშვილი მიავლინეს, რომელმაც გაიგო, რომ ალი მიტაევი დაეპატიმრებინათ. 

აგვისტოს დასაწყისი

თბილისში შემოიღეს კომენდანტის საათი - საღამოს 9 საათის შემდეგ ქალაქიდან გასვლა და ქალაქში შემოსვლა აიკრძალა; დედაქალაქში დააბრუნეს მანევრებზე გაყვანილი საჯარისო ნაწილები.

5 აგვისტო

დამოუკიდებლობის კომიტეტმა მემორანდუმი გაუგზავნა ერთა ლიგას, რომელიც ჟენევაში სექტემბერში უნდა შეიკრიბოს. 


6 აგვისტო,
(საღამოს 10 საათი და 35 წუთი)

ჩეკამ დააპატიმრა ვალიკო ჯუღელი. სწორედ მაშინ, როდესაც იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ბორნით მოდიოდა პარტიულ კრებაზე დასასწრებად.  დაკითხვას ჩეკისტი მოროზოვი გაუძღვა, ერთი წყაროს ცნობით მან ჯუღელს თავად გააცნო აჯანყების გეგმა და უთხრა, რომ “დამკომის” ერთ-ერთი წევრი ჩეკასთან თანამშრომლობდა. სოლომონ ზალდასტანიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ ჯუღელის დაჭერით დაიწყო აჯანყების ჩაშლა, “დამკომს” გეგმების შეცვლა მოუწია, რამაც აჯანყების პერსპექტივები ცუდ პირობებში ჩააყენა.


ვალიკო ჯუღელი მიხვდა, რომ მას შინაურებმა უღალატეს და თვითმკვლელობა სცადა: ალესილი კოვზითა და ლურსმნით მარცხენა ხელის არტერია გადაიჭრა, თუმცა მიუსწრეს და გადაარჩინეს.

14 აგვისტო

შორაპნის მაზრაში მიიღეს ცნობა აჯანყების მზადების შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად აჯანყება 15-25 აგვისტოს შუალედში უნდა დაწყებულიყო. ალექსანდრე ვაშაძეს კომუნარების რაზმებით ჭიათურის გამაგრება დაევალა. თუმცა, 26 აგვისტოს კომუნარები სახლში დააბრუნეს. 

15 აგვისტო

ქაქუცასთან მოსალაპარაკებლად თბილისიდან გაიგზავნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი; 


“ქაქუცასთან თავი მოეყარათ მანგლისისა და დიღმის რაიონის წარმომადგენლებს და განკარგულებას ელოდნენ… პირველი გეგმის შესასრულებლად მას 17 აგვისტოსთვის 600 კაცი უგროვდებოდა და ეს ძალა თბილისისკენ იერიშის მისატანად მთლად საკმარისი იყო. მით უმეტეს რომ თბილისში სხვა რაზმები უნდა დახვედროდა. 


“ქაქუცა დარწმუნებული იყო რომ ერთ ღამეში რუსებს თბილისიდან განდევნიდა, მაგრამ როცა შევატყობინე სინამდვილე, ქაქუცას გული გაუფუჭდა, დაღონდა, გეგმის შეცვლა არ ესიამოვნა, აჯანყების გადადებამ კვლავ ააღელვა. ბოლოს იძულებული იყო “დამკომის” და მთავარსარდლის დადგენილებას დამორჩილებოდა, მაგრამ დამისვა შემდეგი პირობები: “ხომ ხედავ რომ ხალხი თავს იყრის და თუ დროზე გამოვედით, იმედი მაქვს რაზმს უფრო გავაძლიერებ. თუ გამოსვლა 20 აგვისტოს არ მოხდა, მაშინ ტყეში, თბილისთან ახლოს ამდენ ხალხს ვერ შევინახავ, სანოვაგის საკითხი ამისთვის მოგვარებული არ მაქვს და იძულებული გავხდები რამდენიმე დღის შემდეგ ხალხი სოფელში დავაბრუნო. ახლო მომავალში მათი თავის მოყრა ადვილი არ იქნება.”

16 აგვისტო

ერთმანეთს შეხვდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რწმუნებული სოლომონ ზალდასტანიშვილი.  


ჩოლოყაშვილთან თავი მოიყარა დიღმისა და მანგლისის რაზმების სრულმა შემადგენლობამ, რომელიც მის განკარგულებებს უნდა დალოდებოდა. კაპიტან ელიზბარ ვაჩნაძის ჩათვლით ქაქუცასთან 200 კაცი იმყოფებოდა, რომელსაც შემდგომში 300 მებრძოლი უნდა დამატებოდა.

17 აგვისტო

აჯანყების დაწყების პირველად თარიღად, აჯანყების ხელმძღვანელების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 17 აგვისტო გადაწყდა. აჯანყებულთა საერთო მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო გენერალ-მაიორი სპირიდონ ჭავჭავაძე, თუმცა, მეთაურებს აჯანყების თარიღის გადაწევა მოუხდათ. 


სოლომონ ზალდასტანიშვილის ცნობით, ქაქუცას არ მოეწონა თარიღის ცვლილება, რადგან ჯარი დიდხანს ვერ გაძლებდა და  დაეშლებოდა. სიტუაციას ართულებდა ნდობის ფაქტორიც. ზალდასტანიშვილი მიუთითებს, რომ მან შეამჩნია გარკვეული უნდობლობა სამხედრო კომისიის წევრების მხრიდან, არამარტო მისდამი, არამედ სხვა აჯანყებულთა მიმართაც. ამგვარი შიდა დაპირისპირების გაჩაღებაში “ჩეკას” ხელი ერია.


ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმებს უნდა შეერთებოდნენ მ. ლაშქარაშვილისა და მ. ნაცვლიშვილის რაზმები. ქაქუცა იმედოვნებდა, რომ 600 მეომარი საკმარისი ძალა იყო თბილისზე იერიშის მისატანად.

18 აგვისტო

სოლომონ ზალდასტანიშვილმა მოაწვევინა დამკომის საგანგებო სხდომა. 


აჯანყების ახალი თარიღის დანიშვნა ხუთ კაცს მიენდო: სოლომონ ზალდასტანიშვილს, კოტე ანდრონიკაშვილს (დამკომის თავმჯდომარე), დავით ონიაშვილს (მენშევიკთა პარტიის ბიუროს თავმჯდომარე), შალვა ამირეჯიბს (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბიუროს თავმჯდომარე) და სპირიდონ ჭავჭავაძეს (აჯანყების საერთო მთავარსარდალს).


კრებამ უნდობლობა გამოუცხადა სამხედრო კომისიას, რომელიც დაშალა და მისი წევრები პარტიებში დააბრუნა.


“დამკომის” დავალებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმში სიტუაციის შესასწავლად გაგზავნეს ი. ჯავახიშვილი, რომელიც რამდენიმე დღეში დადებითი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა უკან.

20 აგვისტო

“დამკომის” მიერ ორგანიზებულ კრებაზე გაირკვა იმ პარტიათა ვინაობა, რომლებიც აჯანყებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ესენი იყვნენ: სოციალ-დემოკრატიული პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია. რაც შეეხება სოციალ-ფედერალისტებს, მათ ფიქრისთვის დრო მოითხოვეს, “დამკომმა” კი მათ დრო არ მისცა, რის შედეგადაც სოციალ-ფედერალისტები აჯანყებას არ შეუერთდნენ.


“დამკომის” კრებაზე, აჯანყების ახალი თარიღის განსაზღვრა 5 კაცს მიანდვეს: კოტე ანდრონიკაშვილს, იასონ ჯავახიშვილს, შალვა ამირეჯიბს, სპირიდონ ჭავჭავაძეს და დავით ონიაშვილს, რომელთაც აჯანყების თარიღად 29 აგვისტო, ღამის 2 საათი განსაზღვრეს.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბჭოთა მხარეს მოღვაწე პატრიოტულად განწყობილ ქართველ გუშაგებს სურდათ აჯანყებულთა მომარაგება ბათუმის საარტილერიო საწყობიდან. აგენტურამ ისინი გასცა, რის შემდეგაც ყველა არასაიმედო საწყობის მცველი შეცვალეს.

23 აგვისტო

“ჩეკამ” იცოდა აჯანყების მზადების შესახებ, ამიტომაც დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები.  დააპატიმრეს ბათუმის პარიტეტული კომიტეტის თავმჯდომარე და აჭარის სამხედრო ორგანიზაციის ლიდერი - მიხა საბაშვილი. “ჩეკამ” ასევე მიიღო ინფორმაცია ქობულეთის შეიარაღებული რაზმების შესაძლო გამოსვლის თაობაზე. დააპატიმრეს გენერალი ფურცელაძე. ამით მთელი აჭარის მასშტაბით აჯანყებულთა ორგანიზაციებს დიდი ზიანი მიადგა.


აჭარაში დაიწყო მასობრივი მობილიზაცია. ბათუმში სხვა ძალებთან ერთად შეიარაღდა 100 კომუნისტი, 260 კომკავშირელი, 150 უპარტიო. მათმა რაოდენობამ 1000-ს მიაღწია. იდეოლოგიური პროპაგანდის შედეგად შეიარაღდა 500-მდე მუშა, გლეხებიც ამჟღავნებდნენ ინტერესს ანტისაბჭოთა აჯანყების ჩახშობისადმი.


“ჩეკამ” ჩამოაყალიბა რაზმი, რომელშიც 1200 კაცამდე შედიოდა. მათ თურქეთის საზღვრის დაცვა დაევალათ. საბჭოთა კავშირმა გააძლიერა დაცვა აჭარა-გურიის საზღვარზე.

24 აგვისტო

ხუთეული, რომელსაც აჯანყების თარიღი უნდა დაენიშნა, ერთმანეთს შეხვდა და პროცესის დასაწყისად 29 აგვისტო, ღამის ორი საათი დაასახელა.


თბილისში დაარსდა “დამკომის” განყოფილება, რომელშიც შევიდნენ სოციალისტ-რევოლუციური და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები. განყოფილებაში გააწევრეს ერთი “სხიველიც”. 


დაშლილი სამხედრო კომისიის წევრებმა მოითხოვეს ახსნა-განმარტება, თუ რით იყო გამოწვეული “დამკომის” უნდობლობა მათ მიმართ. “დამკომმა” კომისიის წევრ გ.ჯინორიას (რომელიც ვალიკო ჯუღელს ანაცვლებდა) ღალატიც კი დასწამა. ჯინორია სამხედრო კომისიიდან მოხსნეს სამეგრელოში გადაიყვანეს. “დამკომი” ასევე მოექცა გერმანე ღლონტსაც, რომლის დახვრეტასაც მოითხოვდნენ. მოგვიანებით, დაკითხვისას გერმანე ღლონტი ჩეკას შემოაკვდება, ხოლო მისგან ვერაფერს გაიგებს. ორგანიზაცია ყველანაირად ცდილობდა აჯანყებულებს შორის განხეთქილება შეეტანა.

25 აგვისტო

“დამკომი”, სპირიდონ ჭავჭავაძე და აჯანყების მთავარი შტაბი ტოვებს თბილისს და  ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანაკში გადადის.


თბილისში დარჩა “დამკომის” ქვეგანყოფილება - ს. ზალდასტანიშვილი, მ. იშხნელი, ს. მენაღარაშვილი და გ. ღლონტი. ზალდასტანიშვილმა და ღლონტმა პროტესტი გამოთქვეს ამგვარი “გახლეჩის” გამო. 

26 აგვისტო

ჩატარდა “დამკომის” თბილისის განყოფილების კრება, სადაც განიხილეს საორგანიზაციო საკითხები. როგორც ირკვევა, გამოცდილ წევრებზე კრებამ უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან თბილისში დატოვებული ახალი წევრები საქმის კურსში კარგად ვერ ერკვეოდნენ.  მკვლევარი ანცი ფარსადანიშვილი ვარაუდობს, რომ ამაში “ჩეკას” დიდი წვლილი იყო, რომელსაც სურდა აჯანყება თბილისში გამოცდილი ხელმძღვანელობის გარეშე დარჩენილიყო.


თბილისში “დამკომს” უნდა დაეკავებინა: “ჩეკას” შენობა, ფოსტა-ტელეგრაფი, ჯავშნოსანი მატარებელი და საავიაციო გუნდი. 


26-27 აგვისტოს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები შემოვლით დაზვერვით საქმიანობას იწყებენ შორაპნის მაზრაში და ატარებენ კრებებს.


ჩრდილოეთ კავკასიაში გაიგზავნა შვიდი ოფიცერი მაიორ ვ.ბერიძის მეთაურობით, რომელსაც 29 აგვისტოს დილის 2 საათზე უნდა დაეწყოთ შეიარაღებული გამოსვლები. 

27 აგვისტო

“დამკომის” პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, კომიტეტის წევრებმა დატოვეს თბილისი და შიო-მღვიმის ტყეში გადავიდნენ. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ჭიათურასთან აჯანყება დაიწყო.


27 აგვისტოს (ოთხშაბათს) ჭიათურაში ჩავიდა გიორგი წერეთელი, რომელსაც ადგილობრივი აჯანყებისთვის უნდა ეხელმძღვანელა. გლეხების ცნობით, წერეთელმა დაარწმუნა ისინი, რომ საქართველოში გამოსვლები უკვე დაიწყო, თბილისი გათავისუფლებულია და პროცესმა აზერბაიჯანთან ერთად რუსეთიც კი მოიცვა. წერეთელმა ბრძოლისკენ მოუწოდა ჭიათურის მოსახლეობას.  პირველად აჯანყებულებმა აიღეს შუქურეთი ოფიცერ ჩაჩანიძის მეთაურობით (გიორგი წერეთელთან ერთად, სავარაუდოდ). ჩინოვნიკები კოოპერატივის შენობაში ჩაკეტეს და გეზი ჭიათურისკენ აიღეს. 


აჯანყების ნაადრევი დაწყება ჭიათურასთან ახლოს, სოფელ შუქრუთში (ან შუქურეთი). ამის შესახებ არ უცნობებიათ არც “დამკომისთვის” არც მთავარსარდალ სპირიდონ ჭავჭავაძისთვის და არც “დამკომის” ქვეკომიტეტებისთვის თბილისში. 



ირაკლი ცაგურია იგონებდა: “აჯანყების მომწყობთ არ გაუთვალისწინებიათ ტფილისის მორალური და პოლიტიკური მნიშვნელობა. საქართველო უპყრია მათ, ვისაც ტფილისი აქვს ხელში. სწორედ ამიტომ, აუცილებელი იყო პირველი დარტყმა მომხდარიყო ტფილისზე, კომუნისტურ ძალთა სიმაგრეზე. ტფილისის აღებისას, წითელი არმია, მოკლებული ცენტრალურ მმართველობას, დევნილი მთელს საქართველოში, ხალხის სიძულვილით გარშემორტყმული, უნდა დანებებოდა გამარჯვებულს. მაშინ როდესაც, პირველი გეგმის მიხედვით ჩვენი ძალები, დაქსაქსულნი მთელს მხარეში, ვერ შეიკრიბნენ თავის დროზე, ჩვენ დავმარცხდით ძალიან უსწორო ბრძოლაში. მეორე მიზეზი ჩვენი დამარცხებისა იყო ჭიათურის დასწრებული გამოსვლა - დანიშნულ დროზე 24 საათით ადრე. ჭიათურის ნაადრევმა გამოსვლამ საშუალება მისცა საბჭოთა უფროსებს, დროზე მიეღოთ ენერგიული ზომები აჯანყების ჩასაქრობად. მთელს საქართველოში გამოცხადდა სამხედრო წესები.”


შემდგომში ირაკლი ცაგურიამ ვერ შეძლო 300-კაციანი რაზმით ვაზიანის საარტილერიო ბაზის დაკავება, რომელიც კარგად იყო გამაგრებული და იქიდან თბილისზე იერიშის მიტანა.

28 აგვისტო (04:00)

დილის სამ საათზე შორაპნის მაზრის პოლიტბიუროს უფროსმა გ. ლომიძემ აუწყა ტ. მგალობლიშვილს, რომ ერთ საათში აჯანყებულები ჭიათურას თავს დაესხმებოდნენ და გეგმავდნენ საგანგებო კომისიისა და მილიციის უფროსების გატაცებას. საგანგებოდ შეკრიბეს 30 კომუნარი და დაურიგეს იარაღი.


აჯანყება იწყება ჭიათურაში, მანგანუმის მაღაროში, რომელიც სოციალ-დემოკრატი მუშების მთავარი დასაყრდენი იყო. დილის 03:00 საათზე ჭიათურაში ვალიკო ჩუბინიძის მეთაურობით აჯანყებულები ჭიათურისკენ მიემართებიან. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა დილის 08:00-დან 14:00 საათამდე აჯანყებულებმა ქალაქი მთლიანად გაათავისუფლეს. დაიჭირეს 200-მდე ჩეკისტი და ხელში ჩაიგდეს იარაღი.ჭიათურაში შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში გიორგი წერეთელი ჩაუდგა. პოზიციური ბრძოლები გაიმართა კაცხთან, სადაც აჯანყებულებმა უკან დაიხიეს. 


ჭიათურაში გამარჯვების შემდეგ აჯანყებულები შორაპნისკენ გაემართნენ, სადაც რკინიგზა უნდა აეყარათ. აჯანყებულებმა უკან გააბრუნეს ორთქლმავალი, რომელსაც შეიარაღებული კომუნარები ჭიათურისკენ გადაჰყავდა.


ზესტაფონში მოსალოდნელი აჯანყების შესახებ წინასწარ იცოდნენ, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ საეჭვო პირები დააპატიმრა, შესაბამისად ზესტაფონში ვერ მოხერხდა აჯანყებულთა გამოსვლა, რასაც ვერ ვიტყვით მის სოფლებზე, მაგალითად, სვირზე.


მიუხედავად იმისა, რომ ხარაგაულში აჯანყება არ ყოფილა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაინც დაიწყო საეჭვო პირთა დაპატიმრება. ანალოგიური სიტუაცია იყო ამაშუკეთის რაიონშიც, მეტიც, ჭიათურიდან ჩამოსული პარტიზანული ბრძოლების ხელმძღვანელები საბჭოთა მთავრობამ დააპატიმრა.


აჯანყებულებმა ანდრო მაჭავარიანის მეთაურობით დაიკავეს დაბა საჩხერე, რომელსაც ორი დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ.


კონსტანტინე ჩაჩანიძემ ოცკაციანი რაზმით აიღო პარტიული კომიტეტისა და საავადმყოფოს შენობა სოფელ ტეხისში.


აჯანყებულებმა 1 დღით კონტროლი მოიპოვეს კორბოულის რაიონზე.


აჯანყებულები სოფ. ქვემო ჭალადიდთან დამარცხდნენ კომუნარებთან ბრძოლაში, თუმცა მოხერხდა სოფ. ხორშის და ზანის გათავისუფლება. ხორშს აჯანყებულები ორი დღის მანძილზე ფლობდნენ. ზანაში აჯანყებულებმა მიწები თავიანთ მფლობელებს დაუბრუნეს. აიღეს სოფელი ძონძირ-ისული, თეკლათი, ახალი სენაკის რაიონისთვის ბრძოლაში 879 ადამიანი მონაწილეობდა. აჯანყებულებმა აიღეს სოფ. ძველი სენაკი, ეკი, გეჯეთი.


აჭარის საგანგებო კომისიამ მიიღო ცნობა, რომ აჯანყებული სოციალ-ფედერალისტები აჯანყების დაწვრილებითი გეგმით ქობულეთში ჩადიოდნენ, რათა შეეგროვებინათ ძალები და აეღოთ ბათუმი. აჭარის საგანგებო კომისიამ თავმჯდომარის მოადგილის, კილაძის, ხელმძღვანელობით ქობულეთში გაიგზავნა 120 წითელარმიელი და კომუნარი, რომლებმაც დააპატიმრეს სოციალ-ფედერალისტების სამხედრო შტაბი და მათი უფროსი გ. ჩიქოვანი


ბალის მთაზე, სვანეთში 150 აჯანყებული შეიკრიბა და აჯანყების სამოქმედო გეგმა განიხილა. 28-29 აგვისტოს ღამის 2 საათზე თავს დაესხნენ ბეჩოს,  


აჯანყებულებმა სოფელ გონებისკარში დაატყვევეს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი ფილიპე მახარაძე, თუმცა ოზურგეთის მაზრის პოლიციამ შეძლო მისი გათავისუფლება.


შეტევა სოფელ ნაგომარში მილიციის შენობაზე, პარტიული კომიტეტის მდივნის გაქცევა სამმართველოს უკანა კარიდან, ს. გოგიბერიძის რაზმის მიერ ფოსტის შენობის დაკავება და გადამცემის აპარატის მწყობრიდან გამოყვანა. სამხედრო ცენტრის შექმნა ოზურგეთის ასაღებად. 


საღამოს შეიკრიბა სენაკის მაზრის “დამკომი” და სამხედრო შტაბი. გადაწყდა, რომ სენაკისთვის (ახალი სენაკი) უნდა შეეტიათ 29 აგვისტოს 02:00- საათიდან. აჯანყებულებმა დაიკავეს სენაკის მილიციის, პარტიული კომიტეტის, სადგურისა და ფოსტის შენობა. 1 სექტემბერს აჯანყებულებმა ვერ გაუძლეს წითელარმიელთა ახალი დანაყოფების იერიშებს და დატოვეს სენაკი. (ახალი სენაკი)


სადგურ სალიეთში შორაპნის მაზრის მილიციის ხელმძღვანელმა თბილისიდან დამატებითი ჯარები მოითხოვა.  საბჭოთა ხელისუფლებამ ჭიათურის აჯანყებულებისგან გასათავისუფლებლად მიავლინა ჟორჟიკ ქავთარაძე და მარქაროვი. ისინი ჭიათურისკენ ღამის 9 საათზე დაიძრნენ და სოფ. ქვაციხეში აჯანყებულებს დაესხნენ თავს, სადაც რამდენიმე ტყვედ ჩაიგდეს, ზოგი კი ბრძოლაში მოკლეს.


ღამით დაიწყო გამოსვლები ორპირში, თუმცა მომდევნო დღეს მოკლეს რაზმის მეთაური ლუკა კუპრაშვილი, დააპატიმრეს კაპიტონ დოღონაძე, სხვა წევრები კი გაიქცნენ. აჯანყება ორპირში წარუმატებლად დასრულდა.


28 აგვისტოს ღამით ადგილობრივი აჯანყებულები უშაფათში, კვარჩხალის მთაზე შეიკრიბნენ, სადაც კურიერს ელოდნენ, თუმცა იგი არ მოსულა. მომდევნო დღეს სოფ. უშაფათის რაზმი (10 კაცი) ფოცხოსაკენ გაემართა, სადაც სოფელი აღებული დახვდათ. უშაფათში აჯანყებულებმა სამფეროვანი დროშები დაკიდეს და ეკლესიის ზარების მუშაობა აღადგინეს. კომუნისტებისგან გათავისუფლდა სოფელი ლეძაძამე. 


28 აგვისტოს ნოქალაქევში მასვანჯებულის მთაზე აჯანყებულებმა საიდუმლო შეკრება გამართეს.  29 აგვისტოს გაათავისუფლეს ნოქალაქევი. ეკლესიებზე ზარები ჩამოკიდეს და სამფეროვანი დროშები აღმართეს.



28-29 აგვისტო

ჩეკამ დაიწყო მასობრივი რეპრესიები და დახვრეტები, პირველ რიგში დაცვის გარეშე მყოფი დიდი ხნის პატიმრების. ყველა ადგილობრივ საგანგებოს კომისიას (ჩეკას) მიეცა დახვრეტის ნებართვა. ხვრეტდნენ ყველას, ვისაც აჯანყებასთან კავშირი არ ჰქონდა, ვისაც არაპირდაპირ ჰქონდა კავშირი, არავის ინდობდნენ. მაგალითად: მეტეხის ციხის საავადმყოფოდან გამოიყვანეს 12 ავადმყოფი პატიმარი და დახვრიტეს. სოფელ რუისში ჩეკისტთა ბანდებმა 300-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, მათ შორის ქალები და ბავშვები.  სამეგრელოში ჩეკას მისაშველებლად დაძრულმა რუსული ჯარების სარეპრესიო კორპუსმა ასობით ადამიანი მოკლა. დახვრეტები იყო კახეთში, თელავის ციხეში. დაღუპულთა რიცხვი 5.000-დან 7.000-მდე გაიზარდა. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით 12.000-საც კი შეადგენდა.


28-29 აგვისტოს ღამეს აფხაზეთში კონსტანტინე დადეშქელიანის მეთაურობით წებელდის რაიონი გათავისუფლდა. გათავისუფლდა საბერიოს რაიონი, მანუჩარ ცხოტუამ მოახერხა საბჭოთა ძალაუფლების დამხობა ბევრ სოფელში ჭუბურხინჯიდან-ოქუმამდე. 


სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში, ახალ ათონსა და გულრიფშში დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.  ტუაფსედან, კრასნოდარიდან და სოჭიდან შემოვიდნენ წითელი არმიის ნაწილები. 










29 აგვისტო

დილის 8 საათზე ჭიათურის თავზე გამოჩნდა საბჭოთა მზვერავი აეროპლანი, რომელმაც აჯანყებულებს ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნა. დილის 9 საათზე კომუნისტები ჭიათურას მიადგნენ ტყვიამფრქვევით, ქალაქში შეიჭრნენ და დაიკავეს საფინანსო განყოფილებისა და მილიციის შენობები. აჯანყებულებმა ტყვეებთან ერთად უკან დაიხიეს.


დაიწყო გამოსვლები ვანის რაიონში, რომლის საერთო ხელმძღვანელი იყო სერგო თვალაებეიშვილი, ხოლო სამხედრო - ამბერკი ადეიშვილი.  შეტევა დაიწყო შემდეგი სოფლებიდან: ყუმური, ზედა და ქვედა ბზვანი. აჯანყებას შეუერთდნენ სოფლები: ინაშაური, ამაღლება, დვალიშვილის თემი, ამ უკანასკნელს იოველ დვალიშვილი მეთაურობდა. აჯანყებულებმა გაათავისუფლეს ისრითი, დიხაშხო, საქარხიდე.  თავის მხრივ, ამბერკი ადეიშვილმა - საპაიჭაო, მუქეთი და ტობანიერი.  ბოლოს კი ვანის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის შენობაში შევიდნენ, სადაც თავმდჯომარე ალექსანდრე კოღუაშვილმა დაჭრა ამბერკი ადეიშვილი, თუმცა ამბერკის გაშვებულმა ტყვიამ კოღუაშვილი სიცოცხლეს გამოასალმა.  


ბრძოლა დარკვეთთან გრიგოლ ვაშაძის რაზმსა და კომუნისტ ილარიონ ტალახაძის ნაწილებს შორის. ვაშაძის უდანაკარგო უკან დახევა და ტყეში გახიზვნა.


გურულმა აჯანყებულებმა დაიკავეს საჭამიასერი. გათავისუფლდა საჯავახო, ჩოხატაური, ხიდისთავი. ხიდისთავის სოფელ გომში აჯანყება 28--29 აგვისტოს ღამეს დაიწყო.  აჯანყებულებმა აიღეს ბახვი, ლიხაური, სუფსა, 


საბჭოთა ხელმძღვანელობამ ხაშურიდან სამტრედიისკენ გამოაგზავნა დრეზინა, რომელიც აჯანყებულებმა ჩაიგდეს ხელში.


ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმები თავს დაესხნენ წითელი არმიის ბარაკებს მანგლისში, თუმცა უკან დაიხიეს.


აჯანყებულებმა აიღეს სენაკი. დაიჭირეს “ჩეკისტები” ხოლო პატიმრები გამოუშვეს და შეაიარაღეს. სვანეთიდან ჩამოსულმა “შეფიცულმა” თავადმა მხეიძემ ღამის სამი საათისთვის რაზმებს მზადყოფნის ბრძანება მისცა. დაიკავა სენაკი და ხელში ჩაიგდო არსენალი, მათ შორის ორი ტყვიამფრქვევი. დაიკავა რკინიგზის სადგური. მომდევნო დღეს მან ხელში ჩაიგდო ჯავშანმატარებელი.  


სვანეთის სხვადასხვა რაიონში დაპირისპირებების შედეგად, მთელი რეგიონი აჯანყებულთა ხელში გადავიდა. სვანთა 500 კაციანი რაზმი ქუთაისსაც მიადგა და შეტევებიც განახორციელა, თუმცა რუსებს ქალაქი კარგად გაემაგრებინათ.  სვანების უკან დახევის შემდეგ რუსები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. როგორც სოლომონ ზალდასტანიშვილი აღნიშნავს, მათ სვანეთის დასამორჩილებლად სამი კვირა მაინც დასჭირდათ.


შორაპნის რაზმმა დაიკავა ჩხარი, რომელიც რამდენიმეჯერ გადავიდა ხელიდან-ხელში. საბოლოოდ, აქ საბჭოელებმა გაიმარჯვეს.  შორაპნის მაზრიდან აჯანყებულებმა თავი მთას შეაფარა, ზოგი კი დანებდა.


ადგილობრივმა აჯანყებულებმა ამბერკი ადეიშვილის მეთაურობით მძიმე ბრძოლების შემდეგ დაიკავეს სამტრედია. ბოლშევიკებმა იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ. აჯანყებულები დაეუფლნენ ბაშს, საყულიასა და მუხიანს, შემდგომში კი პატრიკეთს. ტყვეების დაკითხვის შემდეგ ადეიშვილმა გამოარკვია, რომ ქუთაისი საბჭოთა ხელისუფლებას კარგად გაემაგრებინა. სოფ. ჯიხაიშთან საბჭოთა დანაყოფებმა იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ. სამტრედიის რაიონის სოფლებში გომსა და მათხოჯში აჯანყებამდე ცოტა ხნით ადრე ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო.  სოფელ საპაიჭაძეოში ადეიშვილისა და თვალაბეიშვილის რაზმს მილიციელებისა და კომუნარების გაერთიანებული 300 კაციანი დანაყოფი დაესხა თავს. 



2 სექტემბერს ჟორჟოლიანმა მარქაროვთან ერთად ვანის (გ)  დაპყრობაში მიიღო მონაწილეობა.


აჯანყებულებმა ა. დარახველიძის მეთაურობით დაიკავეს სოფელი გურნი, ხოლო ალექსანდრე არაბიძის მეთაურობით სოფელი ჩხარი.


დაიწყო აჯანყება ხრესილსა და ტყიბულში. პოზიციური ბრძოლებით. გათავისუფლდა სოფელი ჩხარი. (31 აგვისტოს კომუნისტების ჯარებმა განდევნეს აჯანყებულები)


დაიწყო შეტევა ქუთაისზე. აჯანყებულები სოფელ გეგუთთან მძიმე ბრძოლაში შედიან, ამბერკი ადეიშვილის 300 კაცამდე რაზმი უპირისპირდება კომუნისტ თემურხან პაპიაშვილს. როდესაც გაიგეს, რომ პაპიაშვილს დამხმარე ჯარი დაემატებოდა,  გადაწყვეტენ, რომ ქუთაისს სოფელ უკანეთიდან შეუტიონ. მათ დაიკავეს სოფლები მესხეთი და ბაკისუბანი. 



ბოლშევიკებისგან გათავისუფლდა ბაღდათი, დააპატიმრეს შორაპნის მაზრის უფროსი მელიტონ ჟორჟოლიანი.


29 აგვისტოს საღამოს, საბჭოთა ჩინოვნიკებმა კახეთის ეროვნული ორგანიზაციის ყველა ხელმძღვანელი შეიპყრეს და დახვრიტეს.


სამხრეთ ოსეთში “ჩეკამ” სიტუაცია სათავისოდ წარმართა. “ტროიკებმა” (ე.წ. საგანგებო სამეულებმა, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებდნენ) გაამკაცრეს თავიანთი საქმიანობა, რადგან რეგიონში ძლიერი მენშევიკური ორგანიზაციები მუშაობდა. შედეგად, საბჭოთა პროპაგანდის გავლენით, აღნიშნული რეგიონი აჯანყებას გამოეთიშა, თუ არ ჩავთვლით მცირე, უმნიშვნელო გამოსვლებს. 


კომუნისტები შევიდნენ სოფ. ნოქალაქევში, (3 სექტემბრის ჩათვლით კომუნისტებმა ბევრ სოფელზე მოიპოვეს კონტროლი: სალხინო, ლეძაძამე, თამაკონი, რომელთაც შეუერთდა ახალი სენაკის კომუნარებიც.


29-30 აგვისტოს, ღამით, ქაქუცას ბრძანებით ელიზბარ ვაჩნაძემ  წარმატებით შეუტია მანგლისის სამხედრო სასწავლებელს, სადაც რუსული ჯართან ერთად 300 კურსანტიც იყო დისლოცირებული.


შეფიცულმა ჩიქოვანმა კოჯრის მიდამოებში დააყენა მცირერიცხოვანი რაზმი, რომელიც აკვირდებოდა დედაქალაქში მიმდინარე სიტუაციას.


აჯანყებულებმა აიღეს სოფ. გაჭედილი, ნახუნავო, ნაგვაზავო, ხუნწი, სოფ. მარტვილი, კურზუ, თამაკონი, კიწია, ნოსირი, წყემი, ძველი აბაშა, აბაშა სოფლებითურთ, ბანძა.


7 საათისთვის დარჩელის რაიონში ზუგდიდიდან ჩამოვიდა იაკობ ახალაია და ვარლამ თორია, რომლებმაც მოსახლეობას აჯანყების თარიღი აცნობა. აჯანყება მომდევნო დღის დილით დაიწყეს. აჯანყებულთა რიცხვი 500-დან 600-მდე მერყეობდა.მეორე დილით აჯანყებულებმა გაათავისუფლეს დარჩელი, ორულუ-ერგეტა, კოკი, სადაც მოხუცებიც კი ითხოვდნენ იარაღს, 

29 აგვისტო

დილის ოთხ საათზე აჯანყებულებმა ზუგდიდს შეუტიეს, მოკლეს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ როგავა. ქალაქის ხელში ჩაგდების შემდეგ აჯანყებულებმა კომუნისტების დაპატიმრება დაიწყეს და ზუგდიდს 31 აგვისტომდე აკონტროლებდნენ.


დილის ცხრა საათზე საბჭოთა ჯარები ჭიათურას სამი ტყვიამფრქვევით მიადგნენ. აიღეს მილიციისა და საფინანსო განყოფილების შენობები. 


წითელი არმიის დანაყოფებსა და აჯანყებულებს შორის შედგა დაპირისპირება ნატანებისა და სუფსის რკინიგზის სადგურებთან. დააკავეს აჯანყებულთა მეთაურები. ბათუმში გამოვიდა ბრძანებულება, სადაც ჩამოყალიბდა სპეციალური ხუთეული, რომელსაც გაზრდილი უფლებები მიეცათ. 


სერგო თვალაბეიშვილმა აიღო დაბა ვანი, რითაც დაიწყო ანტისაბჭოთა აჯანყება ქუთაისის მაზრაში. აჯანყებულებმა აიღეს მაზრის ბევრი სოფელი, მათ შორის საპაიჭაო, მუქეთი, ტობანიერი. მომზადდა შეტევა ქუთაისზე, საპრასია-შუხუთის დაკავების შემდეგ გრიგოლ ხურციძის რაზმი ბაღდათში გადავიდა, შემდეგ კი სვირში რკინიგზა გადაკეტა.


ლანჩხუთის რაიონის დასაკავებლად თეოფილე მუშახვარია იბრძოდა, თუმცა რამდენიმე საათიანი ბრძოლა აჯანყებულთა დამარცხებით დასრულდა. 


აჯანყებულებმა უომრად აიღეს წალენჯიხა.  გათავისუფლდა სოფ. ჯგალი, მუხური, საჩინო, ლიაში. 


აჯანყებულებმა დილის 4 საათიდან დაიწყეს ხობის გათავისუფლება.. სოციალისტ-ფედერალისტმა ბესარიონ ჯორჯიკიამ დილის 8 საათზე ჩაატარა საერთო კრება. აირჩიეს ხობის დამკომის წევრები და ერთმანეთს მიულოცეს საბჭოთა მმართველობის დამხობა. ბრძოლებმა მოიცვა და გათავისუფლდა: ხეთა, ნოჯიხევი, ახალი ხიბულა, საჩიჯაო, ნარაზენი, ლეწურწუმე, ნაფიჩხოვო, ჭოღა, თუმცა, სამწუხაროდ 30 აგვისტოსთვის ჩხოროწყუს რაიონის ყველა სოფელი კომუნისტებმა დაიპყრეს.


გამთენიისას მეამბოხეებმა ებრძოლეს საბჭოთა რაზმებს, უკუაქციეს ისინი და გაათავისუფლეს სოფელი ჭალოვანი.


სპირიდონ შენგელიას მეთაურობით დაიწყო შეიარაღებული გამოსვლა ჩხოროწყუს რაიონშიც, სოფელ ხაბუმიდან. თუმცა ერთი-ორი დღის შემდეგ რაზმმა ვერ გაუძლო საბჭოთა ჯარების ზეწოლას და წალენჯიხის გავლით, თავი სვანეთს შეაფარა.


წალენჯიხაში აჯანყება არაორგანიზებულად დაიწყო, შესაბამისად ეროვნულმა ძალებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. 


სოფელ ჯვარში აჯანყებულთა მთავარი მიზანი სვანეთში გადასვლა იყო. ჭუბერში მათ 60-80 კაციანი რაზმი დახვდათ, რომელსაც არდევან ჭკადუა და დავით ნიჟარაძე ედგა სათავეში. გაერთიანებული რაზმები ხუდონამდე ჩავიდნენ, თუმცა სვანების რაზმებმა ბრძოლაზე უარი განაცხადეს. აჯანყებულებმა თავი ცხომარის ტყეს შეაფარეს.


აჯანყებულებმა აიღეს კახათი და ცაიში, თუმცა კომუნისტ ა. თოლორაიას კონტრშეტევის შემდეგ დაკარგეს. 


ბათუმში და აჭარის ყველა მაზრაში კომუნიზმის მხარდასაჭერი ხალხმრავალი მიტინგები იმართებოდა. სიტყვით გამოვიდა ასევე ფილიპე მახარაძე.

30 აგვისტო

ქალაქი ხაშური დაბომბეს რუსულმა აეროპლანებმა.


აჯანყებულები ნასაკირალის მთაზე შეიკრიბნენ ოზურგეთზე შეტევის დასაგეგმად. ამავე დღეს ოზურგეთში მყოფმა საბჭოთა შეიარაღებულმა ჯარებმა, რომელთაც ჯავშანმატარებელიც ჰყავდათ, აჯანყებულებს სოფ. ექადიის მიმართულებით შეუტიეს. გურულმა აჯანყებულებმა დაკარგეს ლიხაური და ექადია, რის შემდეგაც გურია დატოვეს და აჭარაში გაიხიზნნენ.


საბჭოთა არმიამ შეუტია ჭიათურას. აჯანყებულებმა დატოვეს გათავისუფლებული სოფლები და მთავარი ყურადღება ჭიათურაზე გადაიტანეს. მათ ორჯერ შეძლეს საბჭოთა შემოტევის განეიტრალება. დღის ბოლოს საბჭოელებმა ჭიათურის სადგურს მიაღწიეს, რამაც საშუალება მისცა მათ რკინიგზის დახმარებით დამატებითი ჯარები შემოეყვანათ.


აჯანყებულები შეიკრიბნენ ნასაკირალის მთაზე ოზურგეთზე იერიშის მისატანად. მიუხედავად, საბჭოთა დიდი წინააღმდეგობისა, მათ შორის ჯავშანმატარებლებით, ოზურგეთზე შეტევა არ გადაუფიქრებიათ. გურიაში ბრძოლებში თავი გამოიჩინა პარმენ ჭანუყვაძემ. 1924 წლის 1 სექტემბერს გურიის აჯანყებულებს ოზურგეთზე შეტევა უნდა დაეწყოთ. მანამდე აჯანყებულებმა აიღეს სურები, ხიდისთავი. ბახმარო, ზოტიყელი და გომის მთა.


ლუი კოკე “ოქროს საწმისის მემკვიდრეებში” გადმოგვცემს, რომ თავადმა მხეიძემ დაიკავა აბაშა, რომელსაც 70 მილიციელი და ბოლშევიკი ამაგრებდა. პარალელურად, ხონიდან გამოგზავნეს 300 კაციანი რუსული რაზმი, რომელსაც მხეიძისათვის ცხენისწყლის ხიდი უნდა წაერთმია. მხეიძემ მასალის უქონლობის გამო ვერ შეძლო ხიდის აფეთქება.მხეიძე მომდევნო ბრძოლებში ორგან დაიჭრა, თუმცა თავისი 700-კაციანი რაზმით რუსების გამოგზავნილი ჯარი გაანადგურა. მხეიძის რაზმი 7 სექტემბრამდე სანგრებში იყო გამაგრებული და წინააღმდეგობას უწევდა თბილისიდან გამოგზავნილ ორ ბატალიონს. კომუნისტებმა დამხმარე ძალა ასევე გამოგზავნეს სოხუმიდან, რომელიც ალყაში აქცევდა აჯანყებულებს. 8 სექტემბერს მხეიძემ, იმისათვის, რომ ალყაში არ ჩავარდნილიყო, გადაწყვიტა ჯარის გადარჩენილი ნაწილით სვანეთისთვის შეეფარებინა თავი. მძევლად მან წაიყვანა 300 ბოლშევიკი, დაკითხვის შემდეგ კი გაუშვა. 6 ადამიანი, რომელიც აჯანყებულთა დახვრეტებში იღებდა მონაწილეობას, სიკვდილით დასაჯა. სოფელი აბაშა აჯანყებულებს 3-4 დღე ეკავათ. კომუნისტებმა აბაშაში შესვლა სამტრედიიდან, ჯავშნოსანი მატარებლით სცადეს, თუმცა აჯანყებულებმა ლიანდაგები აყარეს. ტეხურის ხიდიდან საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებულებს ქვემეხებიდან გაუხსნა ცეცხლი, რასაც მათი დაფანტვა მოჰყვა.


საბჭოთა მმართველობიდან გათავისუფლდა სოფელი პატრიკეთი და სულორი. აჯანყებულების მიზანს ერთიანი ფრონტით ქუთაისზე შეტევა წარმოადგენდა.


ქაქუცა ჩოლოყაშვილი “დამკომის” წევრებს შიო-მღვიმის მონასტერში ტოვებს დაცვასთან ერთად, ხოლო თავად კავთისხევში გადადის, სადაც საბჭოთა რეგულარული ჯარი ხვდება. ქაქუცა მტკვრის მეორე მხარეს გადავიდა და დუშეთისკენ გაემართა. 


საბჭოთა არმიამ დაიწყო იერიში ჭიათურაზე. აჯანყებულებმა დატოვეს გარშემო დაკავებული სოფლები და კონცენტრირდნენ ჭიათურასა და პერევისზე. მათ თავს დაესხათ ზესტაფონიდან შემოსული საბჭოთა არმიის ნაწილები. შეტევის ორჯერ მოგერიების მიუხედავად, საბჭოთა არმიამ აიღო ჭიათურის სადგური. 

31 აგვისტო

დილის 3 საათზე ზესტაფონიდან გასული მატარებელი შეჩერდა არგვეთის ხიდთან, სადაც ორმოები წინასწარ იყო გათხრილი, პირველი ვაგონიდან გადმოიყვანეს პატიმრები და დახვრიტეს (ტყვიამფრქვევებით) სხვა ვაგონებიდან გადმოსვლაზე ტყვეებმა უარი თქვეს, რის გამოც ქუთაისის საგანგებო კომისიის თავკაცმა ილარიონ ტალახაძემ გასცა ბრძანება, რომ პატიმრები პირდაპირ ვაგონებში დაეხვრიტათ. კომუნისტებმა პატიმრებით სავსე ხუთ ვაგონს ტყვიები დაუშინეს. არგვეთის ხიდთან დახვრიტეს 96 ადამიანი.


შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა რაოდენობამ 171-ს მიაღწია. ქუთაისის მაზრაში - 85. სენაკში - 144, ზუგდიდის მაზრაში - 44, გურიაში- 7, ლეჩხუმში- 37, რაჭაში- 4, აფხაზეთში- 11, აჭარაში -33.


შეფიცულთა რაზმის შიო-მღვიმის მონასტერში ავიდა, სადაც ღამე პატარა ტყეში გაათიეს. მეორე დილით ერთ-ერთი ბერისგან გაზეთი იშოვეს, სადაც დახვრეტებისა და რეპრესიების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.


ზუგდიდისთვის ბრძოლა წინა ორი დღის განმავლობაში აჯანყებულთა გამარჯვებით სრულდება, თუმცა საბჭოთა კავშირი ზუგდიდში 31 აგვისტოს ახალ ჯარებს გზავნის. აფხაზეთის კომიტეტის მდივნის - აქირთავასა და გალის საინფორმაციო პუნქტის უფროსის - შარიას მეთაურობით. თავდაცვით რაზმებს ვლადიმერ გეგეჭკორი მეთაურობდა, რომელმაც ტაქტიკურად უკან დაიხია. 1 სექტემბერს ვლადიმერმა ახალი სენაკის დაცემის შესახებ გაიგო. აჯანყებულებმა დატოვეს ხობიც და დაიქსაქსნენ.


პოლკოვნიკი ირაკლი ცაგურია, რომელსაც თბილისზე ვაზიანის მხრიდან შეტევა ჰქონდა დავალებული, ფარულად შევიდა დედაქალაქში და ნახა სოლომონ ზალდასტანიშვილი და მიხეილ იშხნელი. 29 აგვისტოს ცაგურიას დანიშნულ ადგილზე დამატებითი რაზმის ნაცვლად, უიარაღო დანაყოფი დახვდა, ვაზიანის საარტილერიო ბაზაზე შეტევაც ვერ განხორციელდა.  ცაგურიამ გადაწყვიტა აეღო პატარძეულის მილიციის შენობა და შეეიარაღებინა მოსული რაზმი, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლებამ წინასწარ გააფრთხილა მილიცია. ამის შემდეგ ცაგურიამ რაზმი დაშალა და თბილისში ფარულად ჩამოვიდა.


ჩეკამ დახვრიტა ნოე ხომერიკი, ვალიკო ჯუღელი, ბენია ჩხიკვიშვილი, გოგიტა ფაღავა და მათთან ერთად 20 ადამიანი. ამას გარდა, თბილისში აჯანყებისას დახვრიტეს 36, სიღნაღის მაზრაში 21, შორაპნის მაზრაში 31, თელავის მაზრაში 16, სამეგრელოში 451. 


ბაშში საბჭოთა კონტრშეტევა 31 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყეს, რაც შორაპნის მაზრის მილიციის უფროსი მელიტონ ჟორჟოლიანი ტყვეობიდან გამოიხსნეს. ჟორჟოლიანმა იარაღი აჰყარა ადეიშვილის 6 ცხენოსანს. პოზიციების შენარჩუნება გაურთულდა ალიმ დარახველიძესაც. მისმა რაზმმა გურნი დატოვა და ძმუისში გადავიდა. გახიზნული დარახველიძე სექტემბრის ბოლოს პოლიტბიურომ იპოვა და დააპატიმრა. 


ბათუმის ცენტრალურ მოედანზე 20-მდე კაცმა მიტინგის ჩატარება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ისინი მალევე დააპატიმრეს. გადმოგვცემენ, რომ ნოდარ მენაბდემ დაკავებისას დაიყვირა: “ძირს სისხლიანი ხელისუფლება, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს”. 



სექტემბრის დასაწყისი

გაგრძელდა მასობრივი დახვრეტები. ლუი კოკეს თანახმად, 44 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, რასაც დაპატიმრებები და კონფისკაციები დაემატა. დახვრეტა მიესაჯა 2,500 ადამიანს.  საბჭოთა ჩინოვნიკებს ასობით ადამიანი გამოჰყავდათ მეტეხის ციხიდან და ხვრეტდნენ.

სექტემბრის დასაწყისი

რუისის ტრაგედია: აზნაურ ფანიაშვილების საგვარეულოს 94 წევრის, მათ შორის უამრავი ქალის და ბავშვის დახოცვა სოფელ რუისში; ოჯახის უფროს წევრს ანცი ფარსადანიშვილს უწერია 24 სული, ფანიაშვილებს კი მთელი ოჯახი (წყარო: ნათმელაძე 2008).


დახვრეტებმა ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ საგანგებო კომისიამ 4 სექტემბერს დაგზავნა დეპეშა, რომ ადგილობრივ საგანგებო სამეულებს პირდაპირ, სანქციის გარეშე არ შეეძლოთ დაეხვრიტათ აჯანყებაში მონაწილეები და ეჭვმიტანილები.  სიღნაღში დახვრეტა მიესაჯა 64 ადამიანს.  გორის მაზრაში 4 სექტემბერს დახვრიტეს 100-მდე ადამიანი. შსს საარქივო სამმართველოს ცნობით, “სამეულების” გადაწყვეტილებით დახვრეტა 832 ადამიანს მიესაჯა, აქედან 24 სასულიერო პირი იყო. 


ზოგიერთი ცნობით, აჯანყებას 12,000 ადამიანი ემსხვერპლა. ზოგი მკვლევარი მეტსაც ასახელებს. 

1 სექტემბერი

თელავში “გიგოს გორაზე” დახვრიტეს 28 კაცი.


დაიწყო კონტრშეტევა ახალ სენაკზე, სადაც აჯანყებულები იყვნენ გამაგრებული.  მათ უკან, სოფელ ზანასკენ დაიხიეს და კომუნისტი ტყვეებიც წაიყვანეს. 


ნიკოლოზ ურუშაძის მეთაურობით, მდინარე ჩოლოქთან გამაგრებულ კომუნისტ ჩაჩბას რაზმს თავს გურულები დაესხნენ.  გურულებმა მალე უკან დაიხიეს.  გაიმართა პოზიციური ბრძოლები ქაქუთთან, სადაც სრულად განადგურდა ურუშაძისა და მაჰმუდ დიასამიძის რაზმი. მნიშვნელოვანი დანაკარგები მიიღო წითელი არმიის ნაწილებმაც.  აჭარაში შუქრი კეკელიძის მეთაურობით დაიკავეს სოფლები: ქვაბღა, ზოტი და ჩხაკოურა.


ვერ მოხერხდა ხულოში აჯანყების დაწყება, რადგან აჭარის საგანგებო კომისიამ დააპატიმრა რამდენიმე მნიშვნელოვანი პირი.

2 სექტემბერი

აჯანყებულები ჯერ კიდევ ფლობდნენ გურიას და ოზურგეთზე შეტევისთვის ემზადებოდნენ, თუმცა საბჭოთა დამატებითმა ჯარებმა მათ ალყა შემოარტყეს. აჯანყებულებმა გაარღვიეს ალყა და თავი ტყეებსა და მთებს შეაფარეს, საიდანაც ნაწილი სახლში, ნაწილი კი ემიგრაციაში წავიდა.


ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლს, პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანიშვილს, რომ ტერორზე ტერორით ეპასუხა. ამისათვის 40 სტუდენტი მზაობას გამოთქვამდა, თუმცა მათი თხოვნა თბილისის გაერთიანებულმა ორგანომ არ გაიზიარა. სტუდენტთა უმეტესობა კი რეპრესიებმა იმსხვერპლა.


“დამკომის” წევრები შიო-მღვიმის ტყიდან ადგილის შესაცვლელად მიემართებოდნენ, რა დროსაც მათ საბჭოთა დაზვერვამ ცეცხლი გაუხსნა. 


სოფელ კალაში 180 შეიარაღებული სვანი შეიკრიბა. 

3 სექტემბერი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმები თავს დაესხნენ დუშეთს და მცირე ხნით მოახერხეს ქალაქის დაკავება. საბჭოთა ჯარების შემოტევის გამო, ჩოლოყაშვილს უკან დაბრუნება მოუწია.


საბჭოთა კონტრშეტევით დაიპყრეს ჩოხატაური. 28 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით საბჭოთა კავშირმა აჭარიდან გურიაში 500 კომუნარი და 1700 წითელარმიელი გადაგზავნა. აჯანყებულთა მიერ ვერ მოხერხდა მხოლოდ ოზურგეთის გათავისუფლება.


მცხეთის მიდამოებში დააკავეს კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი.


კალაში 150 შეკრებილი შეიარაღებული სვანი ჩოლურში შევიდნენ. ლაშხეთის აჯანყებულებთან გაერთიანების შემთხვევაში მათი რიცხვი 1500 გადააჭარბებდა. 

4 სექტემბერი

ჩეკამ მიაგნო დამკომის მთავარ შტაბს შიომღვიმის მონასტერში და დააპატიმრა მისი ლიდერები (იასონ ჯავახიშვილი, ეროვნულ დემოკრატი, კომიტეტის მდივანი; გოგი ჯინორია, სოციალ-დემოკრატი ლიდერი; მიხეილ ბოჭორიშვილი - სოციალ დემოკრატი ლიდერი; მიხეილ იშხნელი - სოციალ დემოკრატი ლიდერი; დავით ონიაშვილი - სოციალ დემოკრატი ლიდერი), მათ შორის თავმჯდომარე კოტე ანდრონიკაშვილი. ორმხრივი სროლის შემდეგ დამკომის ლიდერები დააპატიმრეს.


საბჭოელებმა დაიპყრეს სოფ. სურები.


ქვემო სვანეთის აჯანყებულებმა ლეჩხუმის მაზრის მიმართულებით გააგრძელეს გზა, სადაც კომუნარები ჩაუსაფრდნენ, თუმცა წარუმატებლად.  სვანები ცაგერში შეიჭრნენ და საპყრობილე აიღეს.  მედგრად იბრძოდნენ ლეჩხუმისა და ცაგერის აჯანყებულები. თუმცა რიცხობრივი უპირატესობა საბჭოელებს ჰქონდათ. 


საბჭოთა კავშირმა დაიპყრო სამურზაყანო და დალის ხეობა. კონსტანტინე დადეშქელიანმა ბრძოლები გამართა ლათასთან, ჩხალთასთან, აჟარასთან, გენწვიშთან და ომარიშარასთან.  საბჭოელებს დიდი ზიანი მიადგა, მაგრამ აჯანყების დინამიკის კლებასთან ერთად მთელ საქართველოში, დადეშქელიანი იძულებული იყო უკან დაეხია და ტყესა და ხევს შეაფარა თავი.


აჭარის სოფელ ღირჯომში ხალხი გამოვიდა და საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია მოითხოვა. მამედ გაბაიძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ 100-მდე შეიარაღებული ხულოსკენ დაიძრა, რა დროსაც მათ კომუნისტ ო.მოწყობილის რაზმები გადაეღობნენ. მოწყობილმა უკან დაიხია, რადგან იცოდა, რომ დამატებითი ძალები მოუვიდოდა.  შემდეგ კი შეტევაზე გადავიდა. მთლიანად გადაწვეს სოფელი ღორჯომი. მემედ გაბაიძე და ჰასან მეკეიძე ხალხის თვალწინ გაროზგეს და შემდეგ დახვრიტეს.

ამის მიუხედავად, კეკელიძის რაზმი მაინც ცდილობდა ხულოს აღებას, რომელმაც საფრანოვის რაზმები გაანადგურა. მოწყობილს და ბასოვს პანოვის არმიებიც შეუერთდა. კეკელიძემ გააცნობიერა, რომ წინააღმდეგობას თანდათანობით აზრი ეკარგებოდა. სინისლაის ტყესთან მას საბჭოთა ჯარი წამოეწია. კეკელიძემ რევოლვერით მოიკლა თავი. მისი გვამი ხიშტებით დაასახიჩრეს და ხევში გადააგდეს.



მომდევნო დღეებში ხუთეულმა აჭარა-გურიის საზღვარს მიაქცია ყურადღება და ქობულეთში 50 კომუნარი და 100 წითელარმიელი გაგზავნა ტყვიამფრქვევითურთ. აჯანყებულები დამარცხდნენ და ბახმაროს მთას მიაშურეს. 




3-5 სექტემბერი

ანდრონიკაშვილმა, ჯავახიშვილმა, ბოჭორიშვილმა, ჯინორიამ და იშხნელმა, ლავრენტი ბერიას პირდაპირი დირექტივით, ხელი მოაწერეს განცხადებას პარიტეტული კომიტეტის დაშლის შესახებ. განცხადებაში მათ დაუყოვნებლივ მიმართეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მებრძოლ ნაწილებს, რომ ბრძოლა შეეწყვიტათ. ამ შემთხვევაში ბერიას დაპირებით, იგი მასიურ დახვრეტებს შეაჩერებდა, რაც არ მოხდა.დანებების გადაწყვეტილებას ანდრონიკაშვილი ასე აფასებს: “ჩვენ ვისხედით ხელშეკრულნი და ასე ვაწარმოებდით მოლაპარაკებას”.


5 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ წერილი გაუგზავნა საბჭოს და ერთა ლიგის მეხუთე ასამბლეას მიმდინარე პროცესების შესახებ.


ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანებმა 5 სექტემბერს აიღეს ერწო. 


5 სექტემბერს ბათუმიდან ხულოს მიმართულებით 110 კომუნარი გაიგზავნა 2 ტყვიამფრქვევით, რადგან “ხუთეულს” აცნობეს, რომ თურქეთის მხრიდან მოსალოდნელი იყო რაზმების შემოჭრა. 

6 სექტემბერი

ქაქუცა დუშეთიდან თიანეთში გადავიდა, სადაც მოზრდილმა სამხედრო შენაერთმა გადაუჭრა გზა. სავარაუდოდ, სიმონანთხევთან.  ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თიანეთში დაატყვევა და იარაღი აჰყარა 600 კავალერისტს და 150 მილიციელს. ქაქუცამ ტყვეები გაათავისუფლა. 


გურამ შარაძე შენიშნავს, რომ სწორედ სიმონიანთხევში შეიტყო ქაქუცამ “დამკომის” მიერ გამოცემული მიმართვის შესახებ, სადაც ორგანიზაციის მეთაურები აჯანყებულებს დანებებისკენ მოუწოდებდნენ. ამის მიუხედავად, ქაქუცა ბრძოლას აგრძელებდა. 


სიმონიანთხევში გამარჯვების შემდეგ ჩოლოყაშვილი კახეთისკენ გაემართა და ხევგრძელასთან დაბანაკდა, სადაც თავისი სამხედრო ოსტატობა გამოავლინა. მან ისე დააბნია საბჭოთა ჯარები, რომ საბჭოთა ნაწილებმა ცეცხლი ერთმანეთს გაუხსნეს. (ზარბაზნებით). შალვა ამირეჯიბი გადმოგვცემს: “ ბოლშევიკებს ფარდაგგადაფარებული ურმებით ჩამოჰქონდათ თელავში თავისი მკვდრები და დაჭრილები და სოფლის ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ქაქუცას რაზმელები არიანო”. მკვლევარი დოდო ონიკაძე მიიჩნევს, რომ ხევგრძელა ქაქუცა ჩოლოყაშვილის “ბოლო აკორდი” იყო. ფაქტობრივად ამით დასრულდა 1924 წლის აჯანყება.


ბუდიონის ჯარების გამოჩენის შემდეგ უკან დაიხია და თელავსა და თიანეთს შორის გამაგრდა. 


სოფელ დღვანში ანტისაბჭოთა ჯგუფი შეიკრიბა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სოფელ კვიახიძეებში დავითაძის 150 კაციან შეტევას ელიან.  შეკრებილები გაერთიანდნენ დავითაძის რაზმთან.

7 სექტემბერი

გამოსვლები ქუთაისის მაზრაში სრულად იქნა ლიკვიდირებული.

8 სექტემბერი

დაიწყო შეტაკება ბუდიონისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჯარებს შორის. “ყოველი მხრიდან სროლა ისმოდა”. 


ლუი კოკეს გადმოცემით ქაქუცა შეეტაკა ბუდიონის 3000-იან კაციანი ჯარის ავანგარდს. ჩოლოყაშვილი 400 ჯარისკაცით დილის 4 საათიდან 16 საათამდე იბრძოდა. არაგვის ხეობაში მათ დამატებითი რაზმიც დაუპირისპირდათ, რომელიც ვლადიკავკაზიდან დარიალის გავლით მოვიდა. ქაქუცამ უკან, თიანეთისკენ დაიხია, შემდგომში კი მთებს შეაფარა თავი.


შედგა კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის სხდომა.განიხილეს აჯანყებულთა წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში. დააჯილდოვეს რამდენიმე ადამიანი. 


სარიჩაირ-ჩირუხის ხაზზე შემოვიდა აჯანყებულთა 30 კაციანი რაზმი დავითაძის მეთაურობით, თუმცა გუშაგების წინააღმდეგობას ვერ გაუძლო და უკან დაიხია.  სოფ. კობალთის მხრიდან აეროპლანმა ორი ბომბი ჩამოაგდო. 7 სექტემბერს ასევე დავითაძის ჯგუფის შემოსვლამდე გამოჩნდა თურქული აეროპლანი. ეს აიხსნება იმით, რომ აჯანყებულთათვის თურქეთის მხრიდან იარაღის მიწოდების არაერთი მცდელობა იყო.  “სედაიმილეთის” ორგანიზაციის წევრები - ჰუისენ ბეგ ბიბინ ოღლი (ბიბინეიშვილი) და მაჰმუდ მათარაჯ-ოღლი. ართვინიდან და რიზედან.  ისინი  გუნთაიშვილის რაზმისთვის იარაღს აგზავნიდნენ, ასევე ფიქსირდება მოტორიანი ნავიც.

11 სექტემბერი

ბუდიონის თავისი ოთხი კოლონით მოახერხა აჯანყებულთა ალყაში მოქცევა. თუმცა, ოფიცრებისა და გლეხების ერთმა ნაწილმა (400-500 კაცი) შეძლო ალყაში ბრძოლაც და 2,400 მხედრიანი დივიზია გაანადგურა.


ქვემო სვანეთში მყოფ აჯანყებულებს ლუქსურაში ზემო სვანეთის აჯანყებულები შეუერთდნენ, მათ შორის სამეგრელოს აჯანყების მეთაურებიც.  სვანი მეამბოხეების მთავარმა თავკაცმა ბიძინა პირველმა გაიგო რა აჯანყების მარცხის შესახებ, ურჩია აჯანყებულებს, რომ რუსებისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ. შეტაკება მაინც მოხდა, რომელსაც 19 რუსი შეეწირა. ბიძინა პირველმა აჯანყებულები დაითხოვა და თავად ტყეს შეაფარა თავი.

სექტემბრის ბოლო

25 სექტემბერს ჩატარდა აჭარის მშრომელი მოსახლეობის ყრილობა და მოიწონეს პარტიის გენ. ხაზი. მოიწონეს აჯანყების დამარცხება.


მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება წარუმატებლად სრულდებოდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი მაინც არ ნებდებოდა. მან თბილისში შალვა ამირეჯიბი გაგზავნა სიტუაციის გასარკვევად. გადმოგვცემენ, რომ ქაქუცა სამი კვირა ელოდა ცნობებს. 


ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ შეფიცულთა რაზმის წევრებთან ერთად საქართველოს დატოვება და თურქეთში გადასვლა. ქაქუცასთან ერთად ემიგრაციაში წავიდნენ: სპირიდონ ჭავჭავაძე, ელიზბარ ვაჩნაძე, შალვა ამირეჯიბი, რაფიელ ერისთავი, ალექსანდრე სულხანიშვილი, სერგო მაისურაძე, ალექსანდრე ბადურაშვილი და სხვები, სულ 26 კაცი. 

7 ოქტომბერი

საქართველოს საბჭოთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის განცხადება ამნისტიის შესახებ აჯანყების ყველა იმ მონაწილისთვის, რომელიც თავისი ნებით ჩაბარდება.

24 ოქტომბერი

პარიზში პირველი ქართული ემიგრანტული ორგანიზაციის,  “თეთრი გიორგის” დაარსება, რომლის მიზანსაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა.

ივლის-აგვისტო, 1925

აჯანყების ცოცხლად დარჩენილი ხელმძღვანელისა და მონაწილე პოლიტპატიმრების გასამართლება საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს მიერ.

1925 წლის დასაწყისი

საქართველოში სსრკ ცეკას თავმჯდომარის, მიხეილ კალინინის ვიზიტი და 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ამნისტიისა და რელიგიური სახის დევნის შეწყვეტისკენ მოწოდება.

ზაფხული, 1925

სოციალ-დემოკრატიული პარტიის მესამე არალეგალური ყრილობა.






 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

  1. ბერიშვილი, ტიერი . 1924: ეროვნული აჯანყება საქართველოში. პარიზი-თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამომცემლობა, 2013.
  2. ჯიქია, ლევან. 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში (სადოქტორო ნაშრომი). თბილისი, 2012. 
  3. ბენიძე, ვალერი . 1924 წლის აჯანყება საქართველოში. თბილისი, საქართველოს რესპუბლიკის ილია ჭავჭავაძის სახელობის საზოგადოება “ცოდნა,” 1991.
  4. დვალიშვილი, ოთარ. 1924 წლის აჯანყება საქართველოში და უცნობი ეროვნული გმირები. ქუთაისი, 2006.
  5. გოგიბერიძე, სიმონ . ბრძოლა სამშობლოსთვის. თბილისი, უნივერსიტეტი, 1991.
  6. კირთაძე, ნესტან . 1924 წლის აჯანყება საქართველოში. ქუთაისი, სტამბა, 1996.
  7. კონფერენციის მასალები. 1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყების 90-ე წლისთავი. თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2016.
  8. ფარსადანიშვილი, ანცი, თეიმურაზ ვახტანგიშვილი, მირიან თვალიაშვილი [და სხვ.]. ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა XX საუკუნის 20-30-იან წლებში. თელავი, კახეთის პოლიგრაფიული სახლი, 2015.
  9. საითიძე, გოჩა. 64 ამბავი: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი. თბილისი, არტანუჯი, 2022.
  10.  წერეთელი, ირაკლი . ქართველთა ბრძოლები და დიდი ეროვნული აჯანყება, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის წინააღმდეგ. თბილისი, კალმოსანი, 2019.
  11. ზალდასტანიშვილი, სოლომონ. საქართველოს 1924 წლის ამბოხება (მოგონებანი). მიუნხენი, არჩილ მეტრეველის სტამბა, 1956.
  12.  უგრელიძე, ნიკო. “ვალიკო ჯუღელი და 1924 წლის აჯანყება.” ისტორიანი, N6, ივნისი. 2018, გვ. 43–46.
  13.  დიუგე რემონ. “მოსკოვი და წამებული საქართველო.” ცისკარი, N7, 1992, გვ. 149–160.
  14.  სულხანაშვილი, ალექსანდრე.. მოგონებანი შეფიცულთა რაზმზე. თბილისი, არტანუჯი. 2007.
  15.  ჯიქია, ლევან. 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყება საქართველოში. იხ. ბმული
  16.  თოდუა, არჩილ. 1924 წლის აჯანყება სამეგრელოში. იხ. ბმული



 

შემდგენლები: გიგა ჩალიგავა, რაჟდენ ჩიხორია, ანტონ ვაჭარაძე

 

-

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.