...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

1924 წლის საერთო-სახალხო აჯანყების საწინააღმდეგო პროპაგანდა - ვანო ალიხანაშვილის მოხსენებები

28 აგვისტო 2024


 ავტორები: 

ანტონ ვაჭარაძე, IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი;

გიგა ჩალიგავა, ისტორიის დოქტორანტი, მკვლევარი

 

შესავალი

საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება 1900-იანი წლების რევოლუციური მოძრაობის წევრის, ივანე (ვანო) კიტას-ძე ალიხანაშვილის 1926 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული “საიდუმლო” მოხსენება[1], რომელსაც ის ფილიპე მახარაძისა და სტალინისთვის წერს. მოხსენებაში მიმოიხილავს ახლადოკუპირებულ საქართველოში მიმდინარე საკითხებს, განათლებას, პოლიტიკასა და ეკონომიკას, თუმცა, აღნიშნული სტატიაში ყველაზე მეტად საინტერესოა ის ნაწილები, რომელშიც იგი 1924 წლის აჯანყებისა და ყოფილი მთავრობის საქმიანობის შესახებ საუბრობს. ასევე საინტერესოა თავად ვანო ალიხანაშვილიც, რომელზეც აქამდე გამოცემულ ნაშრომებში მხოლოდ ფრაგმენტულ ცნობებს ვხვდებით. არქივში მოიპოვება ვანო ალიხანაშვილის მეორე მოხსენებაც[2], რომელიც 1926 წლის 1 ივლისით თარიღდება და იმჟამინდელი ქართული ემიგრაციის მდგომარეობის შესახებ მოგვითხრობს. დოკუმენტში ავტორი მოუწოდებს საბჭოთა მთავრობას ყველაფერი იღონოს ემიგრაციის დასასუსტებლად და დასაშლელად.

ვანო ალიხანაშვილი (მეტსახელები: გურული, ხუნხუზა, შავი ბიჭი) 1900-იანი წლებიდან აქტიურად იყო ჩართული ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის ძირითად მეთოდებად გამოიყენებოდა მკვლელობები, ტერორისტული აქტები და ა.შ. 1934 წლით დათარიღებულ მოგონებებში ალიხანაშვილი იხსენებს 1904 წელს სტალინის მიერ თბილისში წარმოთქმულ სიტყვებს: “რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტია უნდა შეუდგეს ქალაქის მუშებისაგან შეიარაღებული დრუჟინების შედგენას, ხოლო სოფლათ რევოლუციონურ გლეხკაცობაში… წითელი რაზმების შედგენა მოწყობას”.[3] საარქივო მასალები ადასტურებს, რომ 1905 წლის ოქტომბერში, სტალინის გადაწყვეტილებით, თბილისის გუბერნიის ყველა ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. “წითელი რაზმი” გაერთიანდა, მას სათავეში ვანო ალიხანაშვილი ჩაუდგა.[4] “1905 წელს ხაშმიდან ჩამოვიდა ვანო ალიხანაშვილი, რომელმაც უფრო დაამკვიდრა რაზმის მეთაურობა.” - წერს არშაკა არუთინოვი.[5] მოსახლეობის რევოლუციურ პროცესში ჩასართავად, დაჯგუფებები თავს ესხმოდნენ საკომუნიკაციო საშუალებებს - ვანო ალიხანაშვილის კვალი ჩანს კაჭრეთში ფოსტის შენობის ორჯერ აღების საქმეში.[6] ვანო ალიხანაშვილი ასევე იყო კახეთში მოქმედი “ექსპროპრიატორული” რაზმის მეთაური.[7] თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცულ არშაკა არუთინოვის ჩანაწერში ნათქვამია, რომ, მაშინ, როცა ბანდა წინანდალში “უეზდის არტელშიკს” თავს დაესხა და რვა ათასი მანეთი წაართვა, მეთაურად ალიხანაშვილი ჰყავდათ. სოსო სტეფანეს ძე აივაზოვი თავის ავტობიოგრაფიაში იხსენებს, რომ მათ შორის ალიხანაშვილმა გააპარა სტალინი გურჯაანიდან თბილისში, რომელსაც პოლიცია აქტიურად ეძებდა.[8] სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის გარდა, ალიხანაშვილის რაზმს დაგეგმილი ჰქონდა საქართველოში მაღალ თანამდებობებზე მყოფი გენერლის, მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის მკვლელობა, რომელიც, საბოლოო ჯამში, 1907 წლის 3 ივლისს, ქალაქ ალექსანდროპოლში (ახლანდელი გიუმრი) სომეხმა დაშნაკებმა მოკლეს. თავად ვანო ალიხანაშვილი უარყოფდა ფაქტს, რომ გენერალი დაშნაკებმა მოკლეს, პირიქით, იგი წერს, რომ მისი და კამოს ორგანიზებით საიდუმლოდ შეიკრიბა დაჯგუფების შვიდი წევრი და მკვლელობა მათვე დაგეგმეს, ხოლო შემდგომში სომხებს დააბრალეს, რადგან მისი თქმით, განსხვავებით ქართველებისგან, კავკასიის მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს სომხებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.[9]

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში ცნობები ალიხანაშვილის საქმიანობისა და თანამდებობის შესახებ არ მოიპოვება, თუმცა გაზეთ “Заря Востока”-ს 1925 წლის ნომერში აღნიშნულია, რომ იგი ყოფილი მენშევიკი იყო.[10]

საინტერესოა, რომ  მას ქ. ქუთაისში შეეძინა ქალიშვილი - მარიამ ალიხანაშვილი (1920-1994), რომელიც შემდგომში Maria Meriko-ს ფსევდონიმით ფრანგული თეატრისა და კინოს მსახიობი გახდა. 

                                                                                                                                       

  

ალიხანაშვილისა და სოციალ-დემოკრატების ურთიერთობასთან დაკავშირებით ამბივალენტური მონაცემები არსებობს: მაგალითად, ერთი ცნობით,  მთავრობის წინააღმდეგ ოპოზიციური მუშაობისთვისა და გადატრიალების მცდელობისთვის იგი ოთხჯერ დააპატიმრეს.[11]  მეორე მხრივ, ალიხანაშვილი თავის მოხსენებაში წერს, რომ 1921 წლის ბოლოს, ნოე ხომერიკმა პირადად გაუგზავნა წერილი მას, სადაც სთხოვდა, რომ სათავეში ჩასდგომოდა არდაგანის წინააღმდეგობის ანტიბოლშევიკურ მოძრაობას, ვინაიდან, ის როგორც ძველი რევოლუციონერი, საქართველოს მუშებსა და გლეხებში საკმაოდ პოპულარული იყო.

1920 წლის ნოემბერში, ვანო ალიხანაშვილმა სახალხო გვარდიას მიმართა - დაენიშნათ მანგლისის შტაბში, რადგან სრულად განიკურნა დაავადებისგან. მას განცხადება დაუკმაყოფილეს და მანგლისში დანიშნეს.[12] მორიგ წერილში, რომელიც 12 ნოემბრით თარიღდება, იგი ითხოვდა ფორმის მიცემას და ტანსაცმელს შვილისთვის, რომელიც მას ნაწილობრივ დაუკმაყოფილეს.[13]

 

 

საარქივო დოკუმენტები ადასტურებს ფაქტს, რომ ვანო ალიხანაშვილი გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს სახალხო გვარდიაში მუშაობდა. შესაძლოა, მან ამ პერიოდიდან დაიწყო ფარული ბოლშევიკური საქმიანობა, რაც შემდგომში უკვე ღიად გამჟღავნდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი ბენია ჩხიკვიშვილმა დააპატიმრა. ან იქნებ ფარული ბოლშევიკობა არც გამჟღავნებულა და ალიხანაშვილმა ეს ნაწილი მოიგონა, რადგან შემდგომში კომუნისტებთან სათანამშრომლოდ კარგი ალიბი ჰქონოდა. ალიხანაშვილი ასევე აღნიშნავდა, რომ თავისი ცხოვრების განმავლობაშიბევრ განსაცდელს გადაურჩა: სამჯერ მიუსაჯეს სიკვდილი, 14-ჯერ გაროზგეს, ხოლო პასუხისგებაში ჯამში 76-ჯერ მისცეს.

1921 წელი ბურუსით ყველაზე მეტადაა მოცული, რადგან თავად ალიხანაშვილი წერს, რომ სანამ მთავრობა ემიგრაციაში წავიდოდა, ბენია ჩხიკვიშვილმა დააპატიმრა. სხვა წყაროებით, იგი მოგვიანებით ბოლშევიკებმაც დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც მას დახვრეტა (შესაძლოა მოსკოვში) ან გაციმბირება
[14] ემუქრებოდა. 1922 წელს ბერლინში მყოფი დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელის, ვლადიმერ ახმეტელის დახმარებით, მოხერხდა საბჭოთა კავშირზე საერთაშორისო ზეწოლა და ალიხანაშვილთან ერთად კიდევ რამდენიმე ცნობილი პოლიტპატიმრის (კალისტრატე სალია, გიორგი ნაკაშიძე)  გათავისუფლება და შემდეგ ბერლინში ევაკუაცია ოჯახთან ერთად.[15]

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, ალიხანაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ფარულად გააგრძელა პოლიტიკური აქტივიზმი. ალიხანაშვილის ჯგუფს მიაჩნდა, რომ მენშევიკური მთავრობისა და ზოგადად საქართველოს ხსნა საბჭოთა ხელისუფლებასთან შერიგება იყო. იგი მოუწოდებდა ემიგრირებულ მთავრობას გაეუქმებინა თავისი ორგანიზაციები და ეროვნულ საგანძურთან ერთად დაბრუნებულიყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის.

სწორედ ევროპაში ყოფნის პერიოდია ყველაზე საინტერესო, რაზეც ცნობებს მისივე მოხსენება გვაწვდის. იგი ჯერ კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ალიხანაშვილის მოგონებებს თუ დავეყრდნობით, იგი ემიგრანტულ მთავრობასთან თანამშრომლობდა და ინფორმაციას აწვდიდა ბოლშევიკურ აგენტურას.  1925 ან 1926 წელს საქართველოში დაბრუნდა და პუბლიცისტურ საქმიანობას შეუდგა. სწორედ ამ პერიოდშია დაწერილი არქივში დაცული მისი მოხსენებები.

1937 წელს ვანო ალიხანაშვილი “დიდ ტერორს” ემსხვერპლა.

 

მისი მოხსენება, ერთი მხრივ, ნათლად გვაჩვენებს, როგორ ახასიათებს და აფასებს მიმდინარე მოვლენებს რიგითი კომუნისტი ჩინოვნიკი და პროპაგანდის რა საშუალებები გამოიყენებოდა საბჭოთა საქართველოში აჯანყების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა საერთო-ეროვნული აჯანყების მონაწილეთა დისკრედიტაციას ხელახალი გამოსვლების პრევენციისთვის და საზოგადოების თვალში სასტიკი რეპრესიული ტალღის გამართლებას, რომელიც აჯანყებას მოჰყვა. მოხსენება იმითაცაა საინტერესო, რომ იგი მოიცავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციაში მოქმედების უცნობ ფურცლებს - როგორ ემზადებოდა აჯანყებისთვის ემიგრანტული მთავრობა, ვინ იყვნენ მთავარი მონაწილე პირები და სხვა.

ვანო ალიხანაშვილის 1926 წლით დათარიღებული საიდუმლო მოხსენება “მენშევიკების ბატონობის პერიოდში და მის შემდეგ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.” საკმაოდ ვრცელია. მასში ქრონოლოგიური თხრობა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველობიდან, მისი თქმით “მენშევიკების ბატონობიდან” იწყება და 1924 წლის აჯანყების შეფასებასაც მოიცავს. ანგარიში ასევე მიმოიხილავს სხვადასხვა საკითხს საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, მაგალითად: ალიხანაშვილი მიმოიხილავს ეკონომიკურ მდგომარეობას აფხაზეთში, პოლიტიკური განათლების საკითხებს, წერა-კითხვის უცოდინარობის პრობლემას სამხრეთ ოსეთში და გლეხთა მეურნეობის პრობლემებს. ალიხანაშვილის მოხსენებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს 1924 წლის აჯანყების ქრონიკას, სადაც კარგადაა ნაჩვენები ეროვნული სახალხო აჯანყების საბჭოური პროპაგანდისტული შეფასება და ხედვა - რომ სხვა არაფერია თუ არა “ავანტიურა” და ქართველი ხალხის, საბჭოთა მუშებისა და გლეხების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის არმიამ თბილისი დაიკავა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და ჯარი დასავლეთ საქართველოში გადავიდა, სადაც აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლას მარტის შუა რიცხვებამდე აგრძელებდა. ალიხანაშვილი, როგორც კომუნისტური პროპაგანდის გამტარი, აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა “მუხანათურად და ქურდულათ” ჩასხდა გემებში და სახელმწიფო ქონებასა და ჯარის ნაწილებთან ერთად ემიგრაციაში გაიქცა, ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი - პარიზში.

ალიხანაშვილისვე თქმით, კონსტანტინოპოლში, რომის პაპის წარმომადგენელ დოლიჩთან მოლაპარაკების შემდეგ, მთავრობამ ქვეყნიდან წაღებული ქონება და საგანძური დააბინავა. ემიგრანტები კონსტანტინოპოლში 2 აპრილამდე იყვნენ, რასაც ალიხანაშვილი “კონსტანტინოპოლის ვაკხანალიის” სახელით მოიხსენიებს, რადგან მისი მოხსენების თანახმად, მთავრობა ე.წ. “[ნოე] ხომერიკი-[ბენიამინ] ჩხიკვიშვილის ხალხი” მიეცა გარყვნილებას და ფულის ფლანგვას რესტორნებსა თუ “კაფე-შანტანებში”. თანხებს ასევე ანიავებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი ერაძე, რომელიც ემიგრირებულმა მთავრობამ ქონების გამგედ დანიშნა.

ალიხანაშვილის აღწერით, პოლიტიკური ელიტის ამგვარმა ქცევამ საბოლოოდ დაარწმუნა ემიგრაციის რიგითი წევრები, რომ სოციალ-დემოკრატებმა მათ უღალატეს, გაყიდეს და ბრმა იარაღად გამოიყენეს. ანგარიშის თანახმად, ამავე პერიოდში საქართველოს მთავრობის წევრებმა სხვადასხვა ორგანიზაციის შექმნა დაიწყეს, რომელთა მთავარი მიზანიც ემიგრირებულ ქართველებს შორის კავშირების გაბმა, საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ ბრძოლა და, საბოლოოდ, საქართველოს გათავისუფლება იყო.

ვანო ალიხანაშვილი ამგვარ ორგანიზაციებს ბოლშევიკურ-პროპაგანდისტული პერსპექტივიდან აფასებს და წერს, რომ 1921 წელს ნოე ხომერიკმა, ბენიამინ ჩხიკვიშვილმა, ვალიკო ჯუღელმა და გენერალმა ალექსანდრე ზაქარიაძემ დააარსეს “საპროვოკაციო პოლიტიკური კომისია”, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მენშევიკური პროპაგანდის გავრცელება როგორც საქართველოში, ისევე ევროპის ქვეყნებში, ბოლშევიკების საწინააღმდეგო ორგანიზაციების დაარსება, საქართველოში მყოფ მენშევიკებთან და საიდუმლო ორგანიზაციებთან ფარული დირექტივების გადაგზავნა.

სტამბოლში ამგვარი ტიპის ორგანიზაციას სოციალ-დემოკრატი კონსტანტინე (კოწია) სულაქველიძე ჩაუდგა სათავეში და მის გარშემო გაერთიანდნენ: “სხვა ჯურის ხულიგნები და მათ შორის: ნოე რამიშვილის ცნობილი აგენტი ფაჩულია, პრისტავი კედია, შატო ქარცივაძე, ლელი ჯაფარიძე, ინჟინერი არდიშვილი, კოლია ჯაყელი, ილარიონ მაჭარაძე და სხვები. ზემოთ დასახელებულმა ჯგუფებმა სხვა და სხვა გვარი ბოროტი საშუალებებით გააჩაღეს თავიანთი მუშაობა.” ავტორის ინფორმაციით, კონსტანტინე სულაქველიძის მეთაურობით შეიქმნა აგენტების ქსელი ბათუმში, ანაბაში, მესხეთ-ჯავახეთში, სინოპეში, ფოთში, სოხუმსა და ნოვოროსიისკში. ნოე რამიშვილის დავალებით პოეტმა და პოლიტიკოსმა ლევან (ლელი) ჯაფარიძემ მოახერხა საქართველოდან საბჭოთა მმართველობის შესახებ ინფორმაციის გამოტანა და ამით ჩაატარა “პროვოკატორული აგიტაცია ევროპაში.” გროვდებოდა საერთო თანხა აჯანყების მოსაწყობად. ალიხანაშვილი ამ მოქმედებებს “კოწია სულაქველიძის აგენტების თარიშს უწოდებს.

1921 წლის დამლევს, ალიხანაშვილის ინფორმაციით, ნოე ხომერიკმა პირადად გაუგზავნა წერილი მას, სადაც სთხოვდა, რომ სათავეში ჩასდგომოდა არდაგანის წინააღმდეგობის მოძრაობას, ვინაიდან, ალიხანაშვილს, როგორც ძველ რევოლუციონერს, საქართველოს მუშებსა და გლეხებში საკმაო პოპულარობა ჰქონდა მოპოვებული. ხომერიკის შეთავაზება ალიხანაშვილმა უარყო, რადგან არ სურდა ჩართულიყო “ძმათამკვლელ” ომში და ეკისრა “პროვოკატორობა”. ავტორი წერს, რომ არ წამოეგო მენშევიკების “კარიერისტულ” განზრახვას, რის შემდეგაც სიკვდილითაც კი დაემუქრნენ, არ დაუშვეს პარტიულ კრებაზე და დააპატიმრა ინგლისის პოლიციამ, თუ მენშევიკების საწინააღმდეგო პროპაგანდაზე ხელს არ აიღებდა. 

 1922 წლის აპრილიდან-აგვისტომდე მიმდინარეობდა “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის” სხვაგვარად - “დამკომის” ან “პარიტეტული კომიტეტის” ჩამოყალიბების პროცესი, რომელმაც დაგეგმა და აღასრულა 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყება საქართველოში. ვანო ალიხანაშვილი, როგორც ჯაშუში-ინფორმატორი, აგროვებდა ცნობებს ორგანიზაციის მუშაობაზე და აწვდიდა საბჭოთა მთავრობას. ბუნებრივია, რომ საბჭოთა პროპაგანდისტული მეთოდების შესაბამისად, ორგანიზაცია ყოველთვის “პარიტეტული კომიტეტის” სახელითაა მოხსენიებული და მომხსენებელი არ იყენებს ტერმინს - “დამოუკიდებლობის კომიტეტი” (დამკომი). “1922 წელშივე პარიზში შესდგა პარიტეტული კომიტეტი, რომლის წევრებიც იყვნენ: ნოე რამიშვილი, [გრიგოლ] ვეშაპელი, იოსებ გობეჩია და სხვები, რომელთა მიზანიც იყო ევროპაში მყოფ ყველა რეაქციონერისა და ანტი საბჭოთა ორგანიზაციების გაერთიანება, ანტისაბჭოთა პროვოკაციის და პროპაგანდის გავრცელება და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური ბლოკის შეკვრა და სამხედრო კავშირების შექმნა საბჭოთა კავშირის დასამხობლათ!”

ვანო ალიხანაშვილის ცნობით, მისი ცოლი მენშევიკურ საქმიანობაში “ჩაითრიეს” და მას “გადაჰკიდეს”, შემდეგ კი საქართველოშიც გაგზავნეს ინფორმაციის შესაგროვებლად. მან კი ამ საქმეს “რატომღაც” თავი ვერ გაართვა.  

ალიხანაშვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში აგრძელებდა თავის მოღვაწეობას, მაგალითად, იმყოფებოდა პრაღაში, სადაც აგროვებდა ხალხს ეროვნული ხელისუფლებისთვის გეგმების ჩასაშლელად და ინფორმაციის მოსაპოვებლად. ვენაში მან შექმნა ჯგუფი მიმოფანტული ქართველი სტუდენტებისაგან, რომელთანაც ჯერ ნაციონალისტური ტონით დაიწყო საუბრები, შემდეგ კი თანდათანობით ანტიეროვნულ საქმიანობაში ჩააბა. ამავე მისიით იმყოფებოდა ბერლინში, სიტყვით გამოვიდა ქართული ემიგრაციის შეკრებაზე პარიზში, რომელსაც ესწრებოდნენ ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი, კონსტანტინე კანდელაკი, გიორგი გვაზავა და ემიგრაციის სხვა წარმომადგენლები. ალიხანაშვილმა კრებაზე დაგმო “მენშევიკების პოლიტიკა”, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია. ორ კვირაში იგი საფრანგეთის პოლიციამ დააპატიმრა, გათავისუფლების შემდეგ კი ბელგრადისა და სოფიის გავლით კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.

ალიხანაშვილი წერს, რომ სტამბოლში ემიგრანტებს შორის ძალიან გაიზარდა მენშევიკებით უკმაყოფილების დონე. აჯანყება რომ არ მომხდარიყო, ჟორდანიამ და რამიშვილმა ემიგრაციის სამხედრო ნაწილი დაფანტეს და სასწავლებლად გაუშვეს საბერძნეთში, პოლონეთსა თუ ჩეხეთ-სლოვაკეთში. ალიხანაშვილის მოხსენებიდან ირკვევა, რომ იგი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ინფორმატორისა და ჯაშუშის ფუნქციას ითავსებდა და მნიშვნელოვან ცნობებს აგროვებდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების მუშაობისა და საქმიანობის შესახებ, რასაც შემდეგ საბჭოთა მთავრობას უგზავნიდა. პატრიოტულად განწყობილი ემიგრაცია და საქართველოში მოქმედი ძალები კი თანდათანობით ემზადებოდნენ საერთო-სახალხო გამოსვლისთვის და დამღუპველ აჯანყებისთვის აქტიური ნაბიჯებიც” იდგმებოდა.

ალიხანაშვილი აღნიშნავს: “კონსტანტინოპოლში მე შევადარე პარიზიდან წამოღებული ინფორმაცია და გამოირკვა შემდეგი: 1922 წლიდან დაწყებული სამზადისი საქართველოში აჯანყების მოსაწყობათ თანდათან სისრულეში მოჰყავდათ.” ამისათვის საქართველოში გაგზავნეს ნოე ხომერიკი, რომელმაც განაცხადა, რომ 1923 წლისთვის აჯანყებას ინტერნაციონალის დახმარებაც ექნებოდა შესაბამისი ძალებით, “ჰაეროპლანებითა” და “დრედნოუტებით”.

მისი მხედველობის მიღმა არ დარჩენილა პოეტი ნიკოლო მიწიშვილიც, რომელიც ემიგრაციაში მონასტერს აფარებდა თავს და ანტისაბჭოთა წერილებს წერდა: “საბჭოთა საქართველოდან გამოქცეული ჩემთვის უცნობი ვინმე ფუტურისტი ნიკოლო მიწიშვილი… საშინლად კიცხავდა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას და ავრცელებდა ათასგვარ ყალბ ცნობებს, სადაც მან დაბეჭდა პატარა ფუტურისტული ბროშურა, შემდეგ კი მოახერხა პარიზში ჩასვლა.” სხვა ყველაფერთან ერთად, ალიხანაშვილი ასევე ცდილობდა ქართული ემიგრაციის ნაწილი გადაერწმუნებინა და საქართველოში საბჭოთა მთავრობასთან სათანამშრომლოდ დაებრუნებინა.

 

ალიხანაშვილი მეორე ანგარიშს ამჯერად მხოლოდ ფილიპე მახარაძეს უგზავნის და აღნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქართული ემიგრაციის დასაშლელად. მოხსენება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ვანო ალიხანაშვილი ისევე, როგორც 1924 წლის აჯანყებამდე, აჯანყების შემდეგაც აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი მოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ცდილობდა ოპოზიციურად განწყობილი ემიგრაციის შესახებ ცნობების მოპოვებას და ბოლშევიკური გავლენების გაძლიერებას. ამით ბოლშევიკებს სურდათ სოციალ-დემოკრატთა დაშოშმინება და მათი ნაწილის საბჭოთა კავშირში დაბრუნება, რათა ძლიერი და ერთიანი ემიგრაციის პირობებში თავიდან აერიდებინათ ხელახალი აჯანყება. ალიხანაშვილის თქმით, რამიშვილი და ჟორდანია არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ - ატყუებდნენ ევროპელ პოლიტიკოსებს, ინტერნაციონალის ლიდერებს, რაც ანტისაბჭოთა განწყობებს იწვევდა და ეს ბოლშევიკების აქტიური მუშაობით უნდა შეცვლილიყო. მისი აზრით, პარიზში ემიგრაციის მეთაურად უნდა დანიშნულიყო რომელიმე ავტორიტეტული ბოლშევიკი. ემიგრაციის დასამორჩილებლად სიტუაციას უფრო ამარტივებდა გრიგოლ ვეშაპელის მკვლელობა[16] და ნიკოლოზ-კარლო ჩხეიძის თვითმკვლელობა.

 

ავტორის პირველი, ძირითადი მოხსენება უშუალოდ აჯანყების მიმდინარეობას არ შეეხება, იგი უფრო სახალხო აჯანყების პოლიტიკურ და სოციალურ კუთხეს პროპაგანდისტული პერსპექტივიდან აფასებს. აჯანყების მოთავეებს “პროვოკატორებს” უწოდებს და წერს, რომ 1924 წლის დასაწყისში საქართველოდან მარსელში ჩამოვიდნენ ვასო ნოდია და ნაპოლეონ კახიანი, რომელთაც ინახულეს მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლები და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, ნოე რამიშვილის მეთაურობით პარიზიდან საქართველოში ფარულად გამოემგზავრნენ აჯანყების მოსაწყობად.  29 აგვისტოს საქართველოში აჯანყებაც დაიწყო და ამ დროს საქართველოს მენშევიკურ ორგანიზაციებსა და პარიზში მყოფ მენშევიკურ მთავრობის შუა კავშირის გასაბმელად ტრაპიზონში იყვნენ: კოწია სულაქველიძე, ექიმი იოსებ ცინცაძე, ვასო წულაძე და სხვები. აჯანყება დაიწყო თუ არა, კოწია სულაქველიძე ტრაპიზონში მყოფ გაზეთ “ჩიკაგოს” ამერიკელ კორესპონდენტს აწვდიდა გაზვიადებულ და ყალბ ინფორმაციებს, რომ საქართველოში დაიწყო მუშებისა და გლეხების აჯანყება: “აღმოსავლეთ საქართველოს რკინის გზები, თბილისი და ქუთაისი აჯანყებულის ხელშია. ქუჩებში ბარიკადებია გამართული, მთა და ბარი სისხლით ირწყვება. ქუჩებში დახოცილს მკვდრებს ძაღლები და ყვავ-ყორანი სჭამენ და პატრონი არავინ არის, საჭიროა იარაღის მიწვდა და ევროპიულ ჯარების მიშველებაო.”

ალიხანაშვილი ასევე ცდილობს მიჩქმალოს ევროპული საზოგადოებების გამოხმაურება აჯანყების თაობაზე და წერს, რომ: “მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დეპეშებით ქვეყანა მოფინეს, დასავლეთ ევროპაში არ გამოსულა არც ერთი საზოგადო მოღვაწე, არც ერთი სახელმწიფო მთავრობის წევრი, არც ერთი მეორე ინტერნაციონალის წევრი და არც მუშათა ორგანიზაციები, რომელსაც ხმა ამოეღო ანუ უბრალო პროტესტი განეცხადებინა თუ რათ ხდებოდა საქართველოში აღნიშნული ამბები.“ სინამდვილეში აჯანყებას ბევრი ევროპული გაზეთი გამოეხმაურა და ევროპული საზოგადოების ყურადღებაც მიიქცია.

 

1924 წლის საქართველოს საერთო-სახალხო ანტიკომუნისტურ აჯანყებას დასავლური საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება და გამოხმაურება ჰქონდა. იტალიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთისა და ინგლისის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურად ბეჭდავდნენ პუბლიკაციებს აჯანყების მიმდინარეობის შესახებ. მათი დიდი ნაწილი რეალობას გადაჭარბებულად აფასებს, თუმცა ადასტურებს ევროპული პრესის საკითხით დაინტერესებას და ყურადღებას იმსახურებს. მაგალითად: ვარშავაში გაზეთები წერდნენ, რომ აჯანყებულებმა ბათუმი დაიკავეს. პოლონური გაზეთი “Kurier Pornany” იუწყებოდა, რომ აჯანყების დასახმარებლად პოლონეთიდან ოფიცრები გაგზავნეს.[17] პარიზში გაზეთი “Qoutidien de Paris” წერდა, რომ აჯანყება ედება დაღესტანს. რომში გამოსული გაზეთი წერდა, რომ აჯანყებულები აკონტროლებენ სიტუაციას, აიღეს ტფილისი და ქუთაისი და გადაკეტეს რკინიგზა, საფრთხეში მყოფი კომუნისტები კი ბათუმის დასაცავად ემზადებიან. ლონდონის “Daily Mail”-ის კორესპონდენტი კონსტანტინოპოლიდან აღნიშნავს ქუთაისის აღებას, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო ხაზის დაზიანებას და იმასაც, რომ აჯანყება შესაძლოა აზერბაიჯანშიც გავრცელდეს. 1924 წლის 12 სექტემბრის ნომერში “გარდიანი” აღნიშნავდა: “უეჭველია ბოლშევიკები ისევე დაუნდობლად ჩაახშობენ ქართველების სულის ამ გამოხატულებას, როგორც ომის შემდეგ არაერთხელ გაუკეთებიათ და ნაკლებსავარაუდოა, რომ რომელიმე დიდმა სახელმწიფომ ეს შეაჩეროს… ყოველ ჩვენგანს, ვისაც გვსურს ნორმალური ურთიერთობის აღდგენა დღეს არსებულ რუსეთის მთავრობასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ დაუნდობლად ექცევა იგი თავის პატარა მეზობელს.” აჯანყების დასრულების შემდეგ, 27 სექტემბერს ფრანგულ ჟურნალში ‘l’illustration” დაიბეჭდა ჟან ლენის სტატია “რევოლუცია კავკასიაში”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დასავლური გაზეთები ამხელდნენ ბოლშევიკურ პროპაგანდას, როდესაც აჯანყებულებს “მცირერიცხოვან ბანდად” მოიხსენიებდნენ. 

დასავლური გაზეთების მწვავე, მრავალრიცხოვანი მხილებისა და კრიტიკის ფონზე საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა ევროპულ ჟურნალისტიკაში პროპაგანდის მეთოდების გაძლიერება და საზოგადოებრივი აზრის თავისკენ შემოტრიალება. ისინი უკვეთდნენ სტატიებს იმ ტიპის გაზეთებსა და კორესპონდენტებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის რეალურ სახეს არ აჩვენებდნენ და მოვლენებს საბჭოთა კავშირისთვის სასურველი, პროპაგანდისტული კუთხით გააშუქებდნენ. ამ მხრივ, აქტიურობდა გაზეთ “ლუმანიტესა” და “იზვესტიის” ლონდონელი წარმომადგენელი ც. დავიდი, საფრანგეთის კომუნისტების ლიდერი მარსელ კაშენი,  გერმანიის კომუნისტების გაზეთი “როტე ფანე”. ისინი წერდნენ, რომ ევროპული გაზეთები რეალობას დამახინჯებულად წარმოადგენდნენ, საქართველოში აჯანყება პროვოკაციის, “ფუქსავატი ავანტიურის” შედეგია და მიუთითებდნენ, რომ  “საქართველოში სრული წესრიგია”. 

რაც შეეხება აჯანყების გამოხმაურების პოლიტიკურ ნაწილს: 1924 წლის ზაფხულში ინგლისსა და საბჭოთა კავშირს შორის ხელშეკრულება დაიდო, რაც გულისხმობდა მოსკოვისთვის ფულადი კრედიტების მიცემას. კონსერვატორმა უინსტონ ჩერჩილმა ლეიბორისტული მთავრობა ტირანიის დაფინანსებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ინგლისი უღირსად მოიქცეოდა თუ სესხს მისცემდა საბჭოთა ხელისუფლებას, რომელიც ამ თანხით იარაღს შეიძენდა ქართველების დასახოცად.[18] მომდევნო პრემიერმა სტენლი ბოლდუინმა უარი თქვა საბჭოთა კავშირისთვის სესხის მიცემაზე. 

1924 წლის 20 სექტემბერს ვარშავის საკრებულოში გაიმართა რიგგარეშე სხდომა, სადაც საგანგებო რეზოლუციით დელეგატებმა პროტესტი გამოთქვეს აჯანყების ჩახშობის თაობაზე. ამავე წლის სექტემბრის ბოლოს ლონდონში სოციალისტური ინტერნაციონალის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღშფოთება გამოხატა ბოლშევიკების მიერ აჯანყების ჩახშობისა და რეპრესიების გამო. ინტერნაციონალმა ასევე მოუწოდა სოციალისტურ პარტიებს მხარი დაეჭირათ ქართველი ხალხის სამართლებრივ მოთხოვნებისთვის.[19]

1925 წლის იანვარში ფრანგმა სოციალისტმა პიერ რონოდელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაგმო ბოლშევიკების ქცევა, შემდეგ კი მოუწოდა მათ დაეცვათ საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. საქართველოში ჩამოვიდა ფრანგი პოლკოვნიკი რამონ დიუგე, რომელმაც დაწერა წიგნი “მოსკოვი და წამებული საქართველო”, რომელშიც ნათლად ასახა ქართველთა აჯანყების სისხლიანი ქრონიკა. ემიგრანტმა ვასილ დუმბაძემ ნიუ-იორკში გამოსცა წიგნი სახელწოდებით “კავკასიის რესპუბლიკები: პატარა დემოკრატიები, რომლებიც დაივიწყა მსოფლიომ”, რითაც აჯანყების ამბები ამერიკაშიც გავრცელდა. მომდევნო წელს დუმბაძე აშშ-ის სენატმა და კონგრესმა საქართველოს დევნილი მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად დანიშნა. ვაშინგტონში გამოქვეყნდა ვასილ დუმბაძის მიერ გადაცემული მასალა, რომელიც საქართველოს ისტორიასა და ამჟამინდელ სიტუაციას ეხებოდა. 1924 წლის ბოლოს ჟენევაში დაარსდა “საქართველოს დაცვის საერთაშორისო კომიტეტი”, რომელშიც შევიდნენ პროფესორები ჟან მარტენი, ალბერტ მალში, ედგარ მილო და ემიგრირებული მთავრობის დელეგატები. კომიტეტი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას. მსგავსი ტიპის კომიტეტი ინგლისშიც, ე. მორისის ხელმძღვანელობით მუშაობდა. როგორც ცნობილია, კომიტეტი შემდგომში საზოგადოებად -“საქართველოს მეგობრები” - გადაკეთდა.

 

ალიხანაშვილი ანგარიშში წერს, რომ აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ ემიგრაცია და ხალხი დარწმუნდა, რომ მენშევიკური მთავრობა მათ იარაღად იყენებდა და ევროპის სახელმწიფოები და მეორე ინტერნაციონალი მენშევიკებს ანგარიშს არ უწევდნენ.  ჟორდანია და რამიშვილი ატყუებდნენ ემიგრაციას და საქართველოში აჯანყებულ ხალხს, რომელთაც ჰქონდათ ევროპული მთავრობების დახმარების იმედი. 

 

აჯანყების წარუმატებლობამ ალიხანაშვილს უფრო მეტად მისცა იმის მტკიცების საშუალება, რომ საქართველოს გაძლიერებისა და აყვავებისთვის საბჭოთა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაა საჭირო და არა მასთან დაპირისპირება.

“რაკი საქართველოში აჯანყება დამარცხდა, როგორც ვიცით საზღვარ-გარეთ მყოფი მენშევიკური ბიურო უარსყოფდა საქართველოში აჯანყების მოწყობაზე, მაგრამ უკანასკნელათ დამარცხებულ აჯანყებულების ჩამოსვლამ, ჩვენი რწმენა ფაქტებით დაადასტურა.”  ამგვარი ნარატივით, ალიხანაშვილის მსგავსად, საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა აღეკვეთა ხელახალი ანტისაბჭოთა გამოსვლების შესაძლებლობა და აჯანყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალა როგორც ქართული, ასევე საბჭოთა კავშირში შემავალი სხვა საზოგადოებების თვალში გადაექცია მარგინალურ, ჰერმეტულ ჯგუფად, რომელიც ეწინააღმდეგება საერთო მუშურ-გლეხურ იდეებს, ქართველ ხალხს, არიან აგენტები და პროვოკატორები და არღვევენ საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფოს მშვიდობასა და კეთილდღეობას.

 

 

დასკვნა

ალიხანაშვილის ნარატივიდან სრული საბჭოთა პროპაგანდის ამოკითხვაა შესაძლებელი - პირველი, ის, რომ საქართველოზე “ბატონობდნენ” მენშევიკები და საბჭოთა ოკუპაციით საქართველო კი არ დაიპყრეს, არამედ - “გათავისუფლდა”. მეორე, საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ ქვეყანა მალულად, მუხანათურად დატოვა, მოსახლეობას უღალატა და ქონება გაფლანგა.
 

ეს ნარატივები თანამედროვეობაშიც ძლიერ ფესვგადგმულია, რისი მიზეზიც საბჭოთა საქართველოს მოსახლეობაში 70 წლის განმავლობაში მისი გამუდმებით გამეორება გახდა. მაგალითად, გავრცელებულია დეზინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში უღირსად ცხოვრობდა, გაფლანგეს სახელმწიფო საგანძური და ძვირფასეულობა და არამიზნობრივად ხარჯავდნენ ქონებას. აღნიშნული ნარატივი ორ ძირითად პოსტულატს ეყრდნობა: პირველი, რომ მხოლოდ ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიჩინა ეროვნული თვითშეგნება და არ მისცა ჟორდანიას მთავრობას ნებართვა გაენიავებინათ განძი, თუმცა, ამავდროულად, ვერ დაიცვა სხვა სიმდიდრე (სინამდვილეში, იმ ტიპის, რომელიც არ წარმოადგენდა ეროვნული საგანძურის ნაწილს), რომელიც მთავრობამ გაფლანგა. და მეორე, საქართველოში საგანძურის დაბრუნება სტალინის ერთპიროვნული დამსახურებაა. [20]

აღნიშნულ საკითხზე მრავალი კვლევაა ხელმისაწვდომი. საარქივო და სამეცნიერო კვლევებით ცნობილია, რომ ექვთიმე თაყაიშვილის გარდა საგანძურის დაცვაში უდიდესი წვლილი მიუძღვით სხვა ადამიანებსაც, განსაკუთრებით, დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე იოსებ ელიგულაშვილს, “მენშევიკს”. ცნობილია აგრეთვე ისიც, რომ საგანძურის დაბრუნება საფრანგეთის და მისი პრეზიდენტის, შარლ დე გოლის კეთილი ნების გამოხატულება იყო მეორე მსოფლიო ომში საკუთარი მოკავშირის მიმართ, თუმცა პროპაგანდა ამას განიხილავს როგორც  “სტალინის საჩუქარს ერისთვის”.

აღნიშნული ფაქტების გასამყარებლად საკმარისია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ერთი წერილიც, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილის წერს:

„ქონება სახელწოდებით „des objets mobiliens constituent le depot Georgien“ (), წარმოადგენს საქართველოდან 1921 წელს, ევაკუაციის დროს, წამოღებულ სამუზეუმო ქონებას, მიბარებული რომ იყო საფრანგეთის ბანკისთვის მამულში შესანახად და შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლების მიერ იყო ჩამორთმეული.
მთელი ეს ქონება დეტალურად არის აღწერილი და მას არაფერი აკლია და სავსებით არის დაცული თანახმად იმ სიისა, რომელიც შედგენილი იყო მარსელში. ნაკისთვის მიბარების დროს, საქართველოს ყოფილ მთავრობის მიერ დანიშნული კომისიის მიერ.

ექვთიმე თაყაიშვილი. 25 თებერვალი 1945 წელს.“[21]

 

 

დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

 

რაც შეეხება ყუთების რაოდენობაში აცდენას და “განიავებას”, რასაც პროპაგანდა ასევე აქტიურად ავრცელებს, ცნობილია, რომ ემიგრირებულმა მთავრობამ გატანილი ქონების ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენდა ეროვნულ საგანძურს გაყიდა და მისი დიდი ნაწილი ლევილის მამულის შეძენას მოახმარა. ეს გადაწყვეტილება იმ პერიოდში ინტერპარტიულად იქნა მიღებული და მას დაეთანხმნენ ექვთიმეს თანაპარტიელები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან.

გარდა ამისა, ფულის ნაწილი მოხმარდა 1924 წლის აჯანყების დაფინანსებასაც: “კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობის დროს დამკომმა საზღვარგარეთიდან 10 000 ლირა მიიღო (ორჯერ 5000-5000 ლირა). საზღვარგარეთიდან გამოგზავნილ ფულს გოგიტა ფაღავა ღებულობდა. ეს ფული ორგანიზაციულ მუშაობას ხმარდებოდა. საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულის ნაწილს დამკომი ქაქუცა ჩოლოყაშვილს უგზავნიდა (სშსსა (III), ფონდი №14, აღწერა №2, საქმე №377, ტომი №3, ფურცელი 370-372).”[22]

  ვანო ალიხანაშვილი მოხსენებაში ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აჯანყების მოწყობის მთავარ მოტივაციად ევროპის ჯარების დახმარება დაასახელოს და არა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დამოუკიდებლობისკენ მიმართული ხასიათი, ან ადგილობრივი ქართული მოსახლეობის საბჭოთა მმართველობით უკმაყოფილება. საბჭოთა პროპაგანდა აჯერებდა მოსახლეობას თითქოს 1924 წლის ეროვნული აჯანყება “საზღვარგარეთიდან” იმართებოდა მენშევიკებისა და ნაციონალ-დემოკრატების საშუალებით და საფრანგეთისა და ინგლისის “ბურჟუაზიის აგენტები” ცდილობდნენ ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის შემოტანას, აღნიშნული ნარატივი დღესაც აქტიურად ვრცელდება და საქართველოს დღევანდელი მთავრობის უსაფუძვლო ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. 

კირილე კაკაბაძე, მოგვიანებით საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული ყოფილი კომუნისტი წერდა: ტერორმა და ეკონომიურმა გაჭივრებამ ისეთი ხასიათი მიიღო, რომ ხალხი თანდათან უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანა და ერთად ერთ გამოსავალს ხედავდა აჯანყების გზით საოკუპაციო ხელისუფლების განდევნაში. მთელი ხალხი მოიცო აჯანყების ფსიქოზმა.” [23]

საბჭოთა მხარე თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ აჯანყებულ მოსახლეობას “ბანდებს” უწოდებდა, ხოლო მათ გამოსვლას კი “პროვოკაციასა” და “ავანტიურას”[24]სინამდვილეში კი, 1924 წლის აჯანყება, მიუხედავად მისი “გაშავების” არაერთი მცდელობისა, ატარებდა საერთო-სახალხო ხასიათს, ვინაიდან მოქალაქეთა ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდა, საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკების დაპირებების  მიუხედავად. ბოლშევიკების პროპაგანდის მთავარი ხაზი, რომ თითქოს 1921 წელს მათ უბრალოდ უუნარო ხელისუფლება შეცვალეს, აღარ იყო დამაჯერებელი. საქართველოში უკვე მიხვდნენ, რომ ეს იყო სრულფასოვანი ოკუპაცია რეპრესიული რეჟიმის მიერ, რომელიც ეროვნული თვითმყოფადობის ჩახშობას, ადამიანთა დამონებას და მათი სისტემისთვის დაქვემდებარებას ისახავდა მიზნად. ალიხანაშვილის დისკრედიტაციის მცდელობების მიუხედავად, მოიპოვება უამრავი ცნობა, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებას ჰქონდა, როგორც ევროპის საზოგადოებრივი, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერა, დიდი ყურადღება და დაინტერესება.
შალვა ამირეჯიბი (1887-1943), საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი წერდა:
აჯანყების დღეების შემდეგ მე ისევ ტფილისში ჩავედი და დავრჩი იქ ორ თვემდის. ამ ხნის განმავლობაში მე ვიყავი ბევრ სახლში, სამჯერ ისეთ სახლებშიაც სადაც დახვრეტილები ჰყავდათ, ვნახე სხვადასხვა პირნიც, მაგრამ იქ საყვედური, ან რომ აჯანყება ვიღაცის პროვოკაცია იყო, მე არ გამიგონია. ყველას ესმოდა რა მოხდა და ყველა მოწიწებით ფიქრობდა მასზედ. ყველას ესმოდა, რომ აგვისტოს აჯანყება ის კარია, რომლითაც ქართველი ერი თავის დამოუკიდებლობაში უნდა შევიდეს.”[25]

დასასრულს, ვანო ალიხანაშვილი წარმოგვიდგება, როგორც საქართველოს ეროვნული მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ჩინოვნიკი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ბოლშევიკური საქმისა და  პროპაგანდის გასაძლიერებლად, როგორც საქართველოში, ასევე მთელი ევროპის მასშტაბით. თავად მას ეკუთვნის სიტყვები: “ჩვენებური ხალხების და განსაკუთრებით ქართველების ბუნებაზე ზედგამოჭრილია ბოლშევიკური მუშაობა და ყალყზე შემდგარი იარაღით ხელში რევოლუციონერული ბრძოლა”[26]. მრავალმხრივ ირონიულია ის ფაქტი, რომ “ყალყზე შეყენებული” იარაღით კომუნიზმისთვის მებრძოლ ალიხანაშვილს საბჭოთა სისტემამ “დაუფასა” თავისი წვლილი და 1937 წელს “დიდი წმენდის” პერიოდში სიკვდილით დასაჯა.

  

 

 

 


 

[1] ვანო ალიხანაშვილის მოხსენება მენშევიკების ბატონობის პერიოდში და მის შემდეგ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. მიმოხილვა აფხაზეთის ეკონომიკურ მდგომარეობის სამხრეთ-ოსეთში წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციის, საქართველოში პოლიტ-განათლების მდგომარეობის, სახალხო განათლების, კუსტარულ სარეწაო კოოპერაციის, გლეხთა მეურნეობის, ურთიერთდამხმარე საზოგადოების წარმოშობის, განვითარების და მათი მუშაობის შესახებ. საქართველოს ეროვნული არქივი. ანაწერი 3, საქმე 330.

[2] ვანო ალიხანაშვილის მოხსენება პარიზში მყოფ ქართველ ემიგრანტთა მდგომარეობის შესახებ. საქართველოს ეროვნული არქივი. ფონდი 284, ანაწერი 1, საქმე 211.

[3] მახარაძე, ირაკლი. ლაშა ხეცურიანი. ტერორისტები. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი. 2012. გვ. 209.

[4] European Researcher, 2014, Vol.(80), № 8-1 გვ. 1449-1450.

[5] თენგიზ სიმაშვილი კახეთში მოქმედი ,,წითელ რაზმელები’’ და იოსებ ჯუღაშვილი, (სტალინი), თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გვ. 2.

[6] იქვე. გვ 1450. ; Тенгиз Симашвили, Теймураз  Вахтангишвили Иосиф Джугашвили (Сталин) и террор. Researchgate.net.

[7] თენგიზ სიმაშვილი კახეთში მოქმედი ,,წითელ რაზმელები’’ და იოსებ ჯუღაშვილი, (სტალინი), თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, https://doi.org/10.52340/tuw.2023.01.36.06

[8] იქვე. გვ. 5

[9] მახარაძე, ირაკლი. ლაშა ხეცურიანი. ტერორისტები. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი. გვ. 146.

[10] Заря Востока, N948. 1925. გვ. 1.

[11] ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.119 ვანო ალიხანაშვილი, ბიოგრაფია. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. იხ. ბმული

[12] საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდი N1970, აღწერა N/3, საქმე N29, ფურც.42.

[13] იგივე, ფურც.57.

[14] შარაძე, გიორგი, ისტორიული რელიკვიების დაბრუნება 1918-1921. თბილისი, “მეცნიერება”, 2001. გვ. 100.

[15] გ. შარაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა,

თბ., 2003.

[16] მიუხედავად წარსულში განსხვავებული პოზიციებისა, გრიგოლ ვეშაპელმა 1924 წლის აჯანყების შემდეგ საბჭოთა აგენტურასთან დაამყარა კავშირი. ამავე წლის 5 ნოემბერს მან პარიზში დააარსა გაზეთი “ახალი საქართველო”, რომლის ფურცლებზეც ხაზს უსვამდა ემიგრაციის საქართველოში დაბრუნებისა და საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის აუცილებლობას. ანტიპატრიოტული მოსაზრებებისა და საქმეების გამო 1926 წელს გრიგოლ ვეშაპელი პარიზში სიცოცხლეს გამოასალმა ავთანდილ მერაბიშვილმა. აქედან გამომდინარე, უცნაურია ალიხანაშვილის ამგვარი განცხადება გრიგოლ ვეშაპელის მიმართ და მისი ნიკოლოზ-კარლო ჩხეიძესთან ერთად მოხსენიება, თუმცა შესაძლოა ალიხანაშვილმა უბრალოდ არ იცოდა ვეშაპელის პოზიციების ცვლილების შესახებ.

[17] ოთარ ჯანელიძე. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების საერთაშორისო გამოძახილი. კონფერენციის მასალები. თბილისი. გვ. 171.

[18] იქვე. გვ. 179.

[19] იქვე. გვ. 180.

[20]იხ. https://mythdetector.ge/ka/ganmeorebithi-dezinphormatsia-thithqos-erovnuli-sagandzuri-pirveli-respublikis-mthavrobam-gaitatsa-stalinma-ki-gadaarchina/

[21] საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი №1861, აღწერა № 3, საქმე № 380, გვ. 9.

[22] ლევან ჯიქია, 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბილისი, 2012, გვ. 62.

[23] კირილე კაკაბაძე. კომუნისტები საქართველოში. (ყოფილი კომუნისტის მოგონებები) ჟურნალი დამოუკიდელი საქართველოს, პარიზი, 1935. No. 11.

[24] საქართველოს ეროვნული არქივი. ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 9.
 საქ. სსრ ცენტრალური აღმოასრულებელი კომიტეტი განცხადება აჭარის ასსრ საგანგებო კომისიისა. მოწოდება აჭარის ასსრ ცაკის მოსახლეობისადმი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მენშევიკების ე.წ. პარიტეტული კომიტეტის კონტრრევოლუციური გამოსვლების დამარცხების შესახებ და მათი ხელმძღვანელთა უმაღლესი სასჯელით დასჯის შესახებ.

[25] შალვა ამირეჯიბი, მოგონებები, 2 წიგნად; თბილისი. 1998, წ.2.

[26] მახარაძე, ირაკლი. ლაშა ხეცურიანი. ტერორისტები. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი. 2012. გვ. 252.

 

 

 -

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.