05 ივნისი 2024
ილია იაბლოკოვი (Ph.D.) წარმოადგენს შეფილდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის, მედიისა და კომუნიკაციის სკოლას. ის არის ციფრული ჟურნალისტიკის და დეზინფორმაციის ლექტორი. ილიას უახლესი მონოგრაფია “რუსეთი დღეს და შეთქმულების თეორიები: ხალხი, ძალა, პოლიტიკა RT-ზე” (Precious Chatterje-Doody-სთან ერთად) იკვლევს, თუ როგორ იყენებს რუსული საერთაშორისო მაუწყებელი ტრადიციულ და ახალ მედია გარემოს დეზინფორმაციის გასავრცელებლად ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ეს ნაშრომი ილიას წინა კვლევის საფუძველზე დაიწერა, რომელიც რუსეთში შეთქმულების თეორიების შესახებაა. მისი მონოგრაფია “ციხესიმაგრე რუსეთი: შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სამყაროში” (Polity 2018) შეისწავლის, როგორ იყენებენ პოსტსაბჭოთა რუსეთში პოლიტიკური ელიტები შეთქმულების თეორიებს პოლიტიკური მიზნებისთვის და სოციალური ერთობის ფორმირებისთვის ვლადიმერ პუტინის ეპოქაში.
საქართველოში არსებული ვითარება
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში ტერმინი გლობალური ომის პარტია დამკვიდრდა. თუ ნებისმიერ ენაზე მოვძებნით Google-ში, მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებულ სიახლეებს წავაწყდებით. ეს ადგილობრივი ტერმინია, არსაიდან არ გვისესხებია. ხელისუფლების თქმით, გლობალური ომის პარტია ცდილობს, ომში ჩაგვითრიოს და მეორე ფრონტი გაგვახსნევინოს, რაც ათიათასობით ადამიანის შეწირვას გამოიწვევს ჩვენი პატარა ქვეყნიდან… მე ვიცი, რომ თქვენ აქ განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებთ. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა არის გლობალური ომის პარტია?
- არ მგონია რომ ეს ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ორიგინალური იდეა იყოს. ის ნასესხებია საბჭოთა წარსულიდან, რადგან ათწლეულებია არსებობს კლიშე - ნატოს მილიტარისტულ-ინდუსტრიული ბლოკის ქვეყნები. ეს კლიშე აქტიურად გამოიყენებოდა ცივის ომის პერიოდში და დღესდღეობით რეფორმა განიცადა გლობალური საბაზრო ეკონომიკის ჭრილში. ახლა ის როგორც გლობალური ნარატივი გამოიყენება.
მნიშვნელოვანია გავიგოთ შინაარსი, რომლითაც ისინი ამ კლიშეს ტვირთავენ: ეს წარმოადგენს გლობალურ ცენტრს, რომელიც იწყებს ან მხარს უჭერს ომებს მთელს მსოფლიოში, უბიძგებს მთავრობებს კონფლიქტისკენ და შემდეგ მათთან იარაღით ვაჭრობს. ეს იდეა გარკვეულწილად ეხმიანება რეალობას, რადგან იარაღის ინდუსტრიაში მართლაც არის უზარმაზარი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბევრ სამუშაო ადგილს და მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების ეკონომიკისთვის, როგორიცაა აშშ, ისრაელი და საფრანგეთი. თუმცა, მოსაზრება, რომ არსებობს ერთი გლობალური სუბიექტი, რომელიც პროვოცირებს ომებს და შემდეგ მხარეებს ამარაგებს საბრძოლო მასალით, მცდარია.
მაგალითად, ზოგი ქვეყანა ყიდულობს იარაღს ომის საწარმოებლად სხვა ქვეყნისგან, მაშინაც კი, როცა მათ შეიძლება დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეთ ამ ქვეყანასთან. საქართველოს მმართველი პარტია იყენებს გლობალური ომის პარტიის კონცეფციას ადგილობრივი ამომრჩევლის ყურადღების მისაქცევად, აჯერებს საქართველოში ხალხს, რომ არსებობს საშიში სუბიექტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელსაც შეუძლია აიძულოს რუსეთი საქართველოში ომის დასაწყებად და შემდეგ იარაღი მიაწოდოს. ერთადერთი რეალობა ამ შეთქმულებაში არის ის, რომ ქვეყნები ყიდულობენ იარაღს სხვა ქვეყნებიდან და ეს ფული მიდის კერძო კომპანიებზე. ყველაფერი დანარჩენი შეთქმულება და მითია.
თუმცა, ეს ამარტივებს რეალობის აღქმას და ლოგიკურ ბმაშია დანარჩენ ინფორმაციასთან, რომლებსაც სახელმწიფო მედია ავრცელებს მოსახლეობაში. გლობალური ომის პარტია სტერეოტიპი და კლიშეა, მაგრამ მისი მარცვალი ნაყოფიერ ნიადაგზეა აღმოცენებული და შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მოსახლეობაზე.
თქვენ წაიკითხეთ ინტერვიუ, რომელშიც პარლამენტის წევრი ამტკიცებს, რომ მასონებს ყველაფერზე აქვთ გავლენა, მათ შორის პოლიტიკაზე. სიმართლე გითხრათ, სერიოზული მსჯელობა მასონების შესახებ 90-იანი წლების შემდეგ არ გვსმენია. მიუხედავად ამისა, ამას ამტკიცებს ადამიანი საკმაოდ შთამბეჭდავი რეგალიებით, რომელიც დონალდ რამსფელდის სტიპენდიატი იყო, ფლობს დიპლომებსა და სერტიფიკატებს ისეთი პრესტიჟული ინსტიტუტებისგან როგორებიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი. ის DAAD-ის სტიპენდიატიცაა. შეგიძლიათ, ნათელი მოჰფინოთ, რასთან გვაქვს საქმე?
- როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ცდილობს გაააქტიუროს ძალიან ძველი შეთქმულების სტერეოტიპი - მასონები. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტუალები შეიძლება დასცინოდნენ მასონებზე თეორიებსა და შიშებს, ეს რეალურად ეხმიანება მილიონობით ადამიანის აზრებს მთელს მსოფლიოში. მოსაზრება, რომ როტშილდებს, როკფელერებსა და სხვა მდიდარ პირებს შეეძლოთ ჰქონოდათ ურთიერთობა მასონებთან, არის ის, რისიც ხალხს სჯერა. არც ისე დიდი ხნის წინ, Covid-19-ის პანდემიის დროს, არსებობდა მასობრივი რწმენა ასეთი შეთქმულების მიმართ.
ეს ადამიანი არის ძალაუფლების ცენტრში, პოლიტიკური ელიტის ნაწილია, რომლის მკაფიო ამოცანაა ქართული საზოგადოების პოლარიზაცია. ისინი ამას აღმაშფოთებელი განცხადებებით აღწევენ. როდესაც ეს განცხადებები მეორდება სხვების მიერაც, რომლებსაც აქვთ მაღალი განათლების ბექგრაუნდი ან რეპუტაცია, შეთქმულების თეორიები ჭეშმარიტებას ემსგავსება. მათი სიტყვები ვირუსული ხდება, ეხმიანება პროსამთავრობო ნარატივებს და ვრცელდება მრავალი არხით. ეს შემაშფოთებელი განცხადებები შემდეგ რეალობად იქცევა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, რაც რეალობის გამარტივებას მცდელობას წარმოადგენს. უფრო მეტიც, ვინც აპროტესტებს მათ ხედვას, ხშირად წარმოჩინდებიან მასონების მოკავშირეებად. ეს არის სუფთა მანიპულაცია და პროპაგანდა.
რა დასკვნა გამოგაქვთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან, განსაკუთრებით შეთქმულების თეორიებთან დაკავშირებით? ფიქრობთ, რომ ისინი ორკესტრირებული და დაკვეთილია კრემლიდან, თუ ფიქრობთ, რომ პოლიტიკოსები სწავლობენ ამ შემთხვევებს, განიხილავენ მათ, როგორც უსწრაფეს მეთოდს დიქტატურის დასამყარებლად და, შესაბამისად, იმეორებენ?
- საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მიდის ავტორიტარიზმისკენ და ამისთვის გაააქტიურა ცნება „უცხოეთის აგენტები“, რადგან ამას აქვს უდიდესი პოლიტიკური პოტენციალი. ეს იდეა, თავდაპირველად, რუსებმა შემოიტანეს 2000-იანი წლების შუა ხანებში, როდესაც მათ პირველად დაიწყეს ამ კანონზე საუბარი 2006 წელს. ერთი მხრივ, ეს კანონი ტექნიკურად შემუშავებული იყო შეერთებულ შტატებში, გლობალური დემოკრატიის საწყის ეტაპზე, მტრის, განსაკუთრებით ნაცისტური გერმანიის პოტენციური ხმების გამოსავლენად. მოგვიანებით მისი შესწორება განხორციელდა 1960-იან წლებში გამჭვირვალობის გასაძლიერებლად. გამჭვირვალობა აქ საკვანძო სიტყვაა, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები ფუნქციონირებს საკანონმდებლო დონეზე, გამჭვირვალობას შეუძლია უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის.
თუმცა, ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, გამჭვირვალობის კონცეფციას ხშირად იყენებენ ინსტრუმენტად ავტორიტარული ლიდერების ხელში. ისინი ამას იყენებენ თავიანთი ქმედებების გასამართლებლად და აცხადებენ, რომ ეს უზრუნველყოფს ფულის დინებას გამჭვირვალე არხებით, ამავდროულად, საზოგადოებისგან მალავენ საკუთარი სახსრების რეალურ წყაროებს. ეს წარმოუდგენლად საშიში ინსტრუმენტია, როგორც გამოჩნდა რუსეთში, სადაც იგი გამოიყენება ოპოზიციის ან ხელისუფლების პოტენციური კრიტიკოსების მიზანში ამოსაღებად. ეს ყველაფერი იწყება სიტყვებით, როგორიცაა „უცხოური ინტერესები“ და „ყოველწლიური დეკლარაცია“, მაგრამ ხშირად გრძელდება პატიმრობითა და სხვა მძიმე შედეგებით. თუ სახელმწიფო ერთხელ წავიდა ამ გზაზე, როგორც ჩანს, გამოსავალი აღარ არის.
რუსეთის დასავლეთისგან იზოლაცია, სუვერენული დემოკრატია და აღმოსავლეთისკენ ყურება ბოლო წლების ერთ-ერთი მოვლენაა - თქვენ ახსენებთ მონაკვეთს წიგნში - “ციხე-სიმაგრე რუსეთი: კონცეფცია პრეზიდენტისთვის”. რამდენად შეიძლება, საქართველო გახდეს სუვერენული დემოკრატიის ქვეყანა? თუ ნიშნავს ეს რუსეთთან შეერთებას რამე ფორმით?
- საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მართლაც გამოწვევაა: ქვეყანა, რომელიც მოქცეულია რამდენიმე უაღრესად ავტორიტარულ სახელმწიფოს, რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის. ამის მიუხედავად, ევროპული პერსპექტივის ქონა არის მტკიცე მიზანი ჭეშმარიტად დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისთვის. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთისა თუ ევროპის აღქმა, მათ შორის, კორუფციულმა სკანდალებმა და სხვა საკითხებმა დააზიანა.
მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების უპირატესობების გათვალისწინება, როგორიცაა რუსეთთან ეკონომიკური შესაძლებლობები, შეიძლება, ერთი შეხედვით, მიმზიდველად მოგვეჩვენოს. თუმცა, რეალობა ისაა, რომ ეს, პირველ რიგში, სარგებელს მოუტანს ერთეულებს, გაზრდის კორუფციას და გაამძაფრებს სოციალურ და ეკონომიკურ პოლარიზაციას. ეს ასევე შეაფერხებს საქართველოს გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, კონტროლისა და ბალანსის ძლიერი სისტემის განვითარებისკენ.
ასეთი სისტემის ხელახლა აშენებას დასჭირდება რამდენიმე თაობის ძალისხმევა, მათ შორის კონსტიტუციური და პოლიტიკური კანონმდებლობის შეცვლა და მედიის, როგორც დემოკრატიის საყრდენის დაცვა. სისტემა იმგვარად უნდა იყოს შემუშავებული, რომ გაუძლოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების მიერ ხელოვნურად ჩამოშლის მცდელობებს. სამწუხაროდ, ამჟამინდელი ქართული მმართველი ელიტა, როგორც ჩანს, ორიენტირებულია რუსეთის იზოლაციისგან ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე, ხოლო არსებული კონტროლისა და ბალანსის სისტემის ჩამოშლის პარალელურად, გაანადგურებს ინდივიდებს, უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონითა და სხვა საშუალებებით.
ეს კანონი გამოიწვევს აღუსრულებლობისთვის პოტენციური სისხლის სამართლის დევნასთანაც. კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოსთვის გადამწყვეტ გზაჯვარედინს წარმოადგენს. შეთქმულების თეორიები გლობალური საფრთხეებისა და რელიგიის შესახებ გამოიყენება ამგვარი კანონმდებლობის გასამართლებლად, მიუხედავად იმისა, რომ ეს არგუმენტები არ არის დაკავშირებული კანონის რეალურ ზრახვასთან. ეს არის შემაშფოთებელი სიტუაცია, როდესაც პოპულიზმი გამოიყენება კანონების მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს.
და ბოლოს, როგორ ხედავთ საქართველოსა და ქართველი ხალხის მომავალს ამ ბრძოლაში?
ჩემი ერთადერთი სურვილია, ხალხი არ დაბრუნდეს სახლებში, არ შეწყვიტონ პროტესტი. ხალხი შეძლებს გაერთიანებას. რუსულ ოპოზიციას აქვს ერთადერთი შანსი - ეკონომიკური კოლაფსი და სანქციების ეფექტურობა. საქართველოში ჯერ კიდევ რჩება ქუჩაში გამოსვლის, პროტესტის, ძალების გაერთიანების შანსი. მეორე მხარეს, უაღრესად კორუმპირებულმა და ამორალურმა პოლიტიკოსებმა იციან, რა დევს სასწორზე: მილიარდობით დოლარი და ყველა შესაძლო სარგებელი, მათ შორის ოფშორების საერთაშორისო სისტემა, რაც მათ მოუტანს ქვეყანაში უკონტროლო ძალაუფლებას. მათ სურთ სამუდამოდ დარჩნენ ხელისუფლებაში. მრავალი თაობის ქართველთა პერსპექტივა კი დაინგრევა. თქვენ, საქართველოს მოქალაქეები იქნებით ისე, როგორც აზერბაიჯანში, ირანში ან რუსეთში არიან... მთელი ჩემი სიყვარული ახლა მიმართულია საქართველოსკენ - ეს არ მინდა მოხდეს.
შეთქმულების თეორიების რუსული კულტურა
ილია, როგორც ავტორს წიგნისა “შეთქმულების რუსული კულტურა: შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცეში”, რამ მოგცათ ინსპირაცია? რა სახის დაკვირვებებმა მიგიყვანათ ამ წიგნის დაწერის იდეამდე?
- მრავალი წლის წინ, როცა ეს კვლევა დავიწყე, ჩემი მიზანი იყო სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომი დამეწერა რუსეთში. თუმცა, ისტორიის ფაკულტეტი შეეწინააღმდეგა ამ გეგმას. მათ მითხრეს, რომ ვერასოდეს დავიცავდი დისერტაციას, ვინაიდან ბევრი ოპონენტი მეყოლებოდა. დეკანმა მირჩია სხვა თემაზე მუშაობა, მე კი შევთავაზე რომ აშშ-ის შესახებ დავწერდი. მან მითხრა “კი! ამერიკა კარგია!” ამიტომ მე დავიცავი დისერტაცია შეთქმულების თეორიებზე ამერიკაში, თუმცა ყოველთვის მინდოდა რუსეთი მეკვლია.
დისერტაციაზე მუშაობა 2007 წელს დავიწყე, რის შემდეგაც სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. 2009 და 2024 წლების შედარება პრაქტიკულად შეუძლებელია: მეთოდები, შედეგები და ზიანი, რომელსაც შეთქმულების თეორიები ადამიანებს აყენებს. როდესაც დისერტაცია დავიცავი, დავიწყე რუსულ შეთქმულების თეორიებზე მუშაობა, მოვიპოვე მანჩესტერის უნივერსიტეტის სტიპენდია, დავიწყე კვლევა და გამოვაქვეყნე წიგნი: “ციხესიმაგრე რუსეთი: შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცეში.”
ბოლო დროს ვიფიქრე, რომ საკმარისად ვიკვლიე ეს თემა და სხვა თემაზე უნდა გადავსულიყავი. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო, გადავხედე პუტინის გამოსვლას და მის 1 წლით ადრე გამოქვეყნებულ სტატიას რუსეთისა და უკრაინის “ერთობაზე”, მივხვდი, რომ სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა. ყველაფერი, რაც რუსულ შეთქმულების თეორიებზე ვიკვლიე, მის საჯარო გამოსვლაში შემხვდა.
როგორ მიიღო ფართო საზოგადოებამ თქვენი წიგნი? გახდა თუ არა იგი პოპულარული კონკრეტულ წრეებში? განიხილეს თუ არა წიგნი პროპაგანდისტებმა, ე.წ Z საზოგადოებამ?
- საოცარია, მაგრამ ინგლისურ გამოცემას არანაირი პრობლემა არ მოჰყოლია. დიდმა რუსულმა საგამომცემლო სახლმა, რომელიც არ არის დაკავშირებული კრემლთან, მოიპოვა წიგნის რუსულ ენაზე გამოცემის უფლება. მათ დამატებითი ტირაჟი ორჯერ დაბეჭდეს და ჯამში 3-ჯერ გამოსცეს წიგნი. მე მივეცი უამრავი ინტერვიუ. სხვათა შორის რუსეთის პირველ არხზეც ვიყავი დაპატიჟებული (ქსენია) სობჩაკის გადაცემაში, თუმცა უარი ვთქვი, რადგან ეს ჩემს ეთიკურ სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, გამომცემელმა წიგნი გაყიდვიდან ამოიღო. დღეს წიგნს რუსეთში ვერ იყიდით, ვერც ონლაინ - იგი (თვით)ცენზურის ქვეშ მოექცა.
მე არ მგონია რომ წიგნი Z-პროპაგანდამ განიხილა ან წაიკითხა. ერთადერთი ცნობა, რაც მაქვს არის რომ იგი მოხვდა კრემლის ანგარიშებში 2020 წელს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიის მიმართულების წარმომადგენელმა (ალექსეი გორესლავსკი) მე მახსენა ანგარიშში საშა არხიპოვასთან (რუსი მეცნიერი, შეყვანილია “უცხოეთის გავლენის აგენტების” სიაში) და სხვებთან ერთად.
პირველივე თავში თქვენ წერთ, რომ მთავარი მიზეზი, რაც ადამიანებს შეთქმულების თეორიებს აჯერებს, შესაძლოა, ამ ფრაზით დახასიათდეს: “ჩვეულებრივი, ჩვენნაირი ხალხის ცხოვრება გაუარესდა, რატომ დაგვემართა კიდევ ერთი უბედურება მაინცდამაინც ჩვენ?”. ისევ ფიქრობთ, რომ ეს რელევანტურია? არის თუ არა ხელისუფლებათა მიზანი ამ თეორიების გავრცელებით მთავარი პრობლემების გადაფარვა, რომელსაც მათი არაკომპეტენტურობა, გულგრილობა, კორუფცია და ა.შ იწვევს?
- რა თქმა უნდა! ეს ყოველთვის მთავარია, არ აქვს მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრების დონეს. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დაუმსახურებლად ცხოვრობენ სხვებზე უარესად, ხოლო შეთქმულების თეორიები ხშირად იქცევა პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მიზეზად. ავიღოთ ნებისმიერი შემთხვევა, მაგალითად, ტერორისტული თავდასხმა "კროკუს სიტი ჰოლზე" - იქ მაშინვე უკრაინულ კვალზე ალაპარაკდნენ, რაც გასაგებია, რომ აზრს მოკლებულია, თუმცა ეს საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს ბევრისთვის. მათ, ვისაც სჯერა მსგავსი თეორიის, სავარაუდოდ, არ აქვთ კარგი ცხოვრება რუსეთში, ალბათ უთანასწორობას განიცდიან და ა.შ.
საერთო ჯამში, შეთქმულების თეორიები არსებობს ყველა საზოგადოებასა და ადამიანის გონებაში. ჩვენ ყოველთვის გვაქვს აწმყოს კონსპიროლოგიური ხედვა, ხოლო კრიზისების დროს, ხედვა მეინსტრიმული ხდება. ადამიანებს მართლაც უჭირთ კრიზისის დროს გონიერებისა და წონასწორობის შენარჩუნება, რაც მათ შეთქმულების ვერსიების რწმენას უმტკიცებს. ცხოვრება არასოდეს ყოფილა თანაბარი ან მშვენიერი ადამიანების უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ასე რომ, დიახ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი მიზეზი.
თქვენს წიგნში აღნიშნავთ, რომ არსებობს გასაიდუმლოებული შეთანხმებები მთავრობებსა და პოლიტიკოსებს შორის. როგორ შეიძლება განვასხვაოთ შეთქმულების თეორია ლეგიტიმური შეთანხმებისგან, რომელიც კონფიდენციალურია?
- კარგი კითხვაა. ეს არის ზუსტად ის ბუნდოვანი ზღვარი რეალურ შეთქმულებასა და მითს შორის, რაც ადამიანებს აიძულებს დაიჯერონ შეთქმულების თეორიები. ზოგადად, შეთქმულების თეორია არის ინტერპრეტაცია და არა რეალობა. ეს შეიძლება იყოს რეალობის სწორი ინტერპრეტაცია, რომელშიც რამდენიმე მხარე ფარულად თანხმდება გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ ის რჩება ინტერპრეტაციად. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ რეალობის ვერსიაა, ერთ-ერთი ვარიანტი. ადამიანებს შეუძლიათ ინტერპრეტაცია თავიანთი ისტორიული და სოციალური გამოცდილების საფუძველზე. ჩვენ კი ვმსჯელობთ რაოდენობრივი და ფაქტობრივი მტკიცებულებების საფუძველზე. ვიღაცას მეტი მტკიცებულება სჭირდება, სხვას - ნაკლები, თუმცა ორივე შემთხვევა სპეკულაციურია. სწორედ აქ ხდება გადასვლა სპეკულაციიდან აღქმულ რეალობაზე, რაც ინტერპრეტაციას აქცევს შეთქმულების თეორიად.
სსრკ-ის დაშლა რუსული შეთქმულების კულტურის ცენტრალური ელემენტია და, შესაძლოა, მთავარი თეორიაც კი პოსტსაბჭოთა პერიოდში. “ვისი მიზეზით დაიშალა ამხელა სახელმწიფო რამდენიმე თვეში?” - ამ კითხვას ადამიანები ხშირად სვამდნენ და ეს დღემდე გრძელდება. ეს მხოლოდ რუსული ფენომენია, თუ მას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც ვხვდებით?
- ამას ეწოდება ნოსტალგია. ეს არის დიდი იმპერიის დაშლის აღქმის ჩვეულებრივი გზა, რომელიც ყოველთვის უაღრესად რთული მოვლენების ერთობლიობაა. საბჭოთა იმპერიის დაშლის შესახებ ათობით წიგნია დაწერილი, მათ შორის მისი ეკონომიკური სისტემის, სოციალური სტრუქტურის, იდენტობისა და იდეოლოგიის რღვევის შესახებ. რწმენა იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა მხოლოდ ერთი ადამიანის, გორბაჩოვის ქმედებების გამო, რაც დააჩქარა ბორის ელცინის ქმედებებმა, მოვლენის უაღრესი გამარტივებაა. არსებობს სოციალური მეცნიერებების პერსპექტივა, პარალელურად კი არსებობს რეალობა კონკრეტული პიროვნებების ან ოჯახების გადმოსახედიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში და მეორე დღეს იბრძოდნენ გადარჩენისთვის იმპერიის ნანგრევებზე. ეს ყველა პოსტსაბჭოთა ოჯახმა გაიარა. რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც იმ ეპოქაში გადარჩენისთვის იბრძოდა, ყველა ამ ფაქტორის შეფასება ძალიან რთულია. რასაც უყურებდნენ ტელევიზორში იყო გორბაჩოვი, მერე თბილისში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები, როცა ჯარისკაცებმა დაარბიეს და დახოცეს ხალხი, შემდეგ სობჩაკი... ადამიანები ცდილობენ შექმნან რეალობის საკუთარი ვერსია, რომელშიც ისტორიკოსებისა და სოციოლოგებისთვის ცნობილი ყველა ფაქტი შესაძლოა არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი მიდგომა და ცხოვრებისეული გამოცდილება და ამით ქმნიან თავიანთი სამყაროს სურათს.
1991 წელს, საბჭოთა კავშირის ნგრევა ელვის სისწრაფით წარიმართა აგვისტოს პუტჩიდან დაწყებული - დეკემბერში სრულ დაშლამდე, რასაც მოჰყვა ეკონომიკური რეფორმები. ყველა ეს მოვლენა არა მხოლოდ ტრაგიკული და მტკივნეული გამოდგა, არამედ უბრალო ადამიანებსაც ეჭვის საფუძველი გაუჩინა. მათ აინტერესებდათ, როგორ შეიძლებოდა ამხელა ქვეყანა ასე სწრაფად დანგრეულიყო. ეს არის პერსპექტივა რუსეთიდან. სხვა რესპუბლიკების პერსპექტივა კი სრულიად განსხვავებული იყო - ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენის, საკუთარი ისტორიის, იდენტობის დაბრუნებისა და გათავისუფლების დასაწყისი. საბჭოთა კავშირის 14 რესპუბლიკისთვის ეს რაღაც ახლის საფუძველი იყო, მაგრამ მე-15-სთვის (რუსეთისთვის) დასასრული. ეს არის რუსული შეთქმულების თეორიების ამოსავალი წერტილი.
თქვენ დაწერეთ, რომ 2010-იანი წლების ბოლოს, გავრცელებული შეთქმულება რუსების პოლიტიკური რეალობის ყოველდღიური ინტერპრეტაციის ნაწილი გახდა. რა იყო ამ ფენომენის განვითარების გზა და სად არის ის დღეს?
- მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კრემლს 2000-იანი წლების შუა ხანებშივე ჰქონდა განზრახული განეხორციელებინა ის სცენარი, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ბოლო 20 წლის განმავლობაში, უკრაინის ომამდე, შეთქმულების თეორიები გამოიყენებოდა, როგორც კრემლში შემუშავებული თავისებური პოლიტიკური ინსტრუმენტი კრიტიკულ მომენტებში ეროვნული მობილიზაციისთვის. ანტიდასავლური და პროსაბჭოთა შეთქმულების თეორიები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ, ძირითადად, შემოიფარგლებოდა რუსული საზოგადოების შიგნით. ამ თეორიების მხოლოდ რადიკალური მემარცხენე ან მემარჯვენე ფლანგს სჯეროდა. თუმცა, კრემლმა ამოკრიბა ფრაგმენტები ორივე მხრიდან და გადმოიტანა მეინსტრიმში. მაშინ მათ ეს გააკეთეს იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ძალაუფლების შეუფერხებელი გადაცემა ვლადიმერ პუტინიდან მის მემკვიდრეზე.
მათ განავითარეს კულტურა, რომელიც წარმოაჩენდა რუსეთს, როგორც დასავლეთის მუდმივ კონკურენტს, მტრებით გარშემორტყმულს და შიდა მტრებით აღსავსეს. ეს კულტურა აქტიურდებოდა კრიტიკულ მომენტებში, როგორიცაა არჩევნები, მიტინგები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ, ყირიმი 2014 წელს ან ანტიკორუფციული საპროტესტო ტალღა, რომელსაც ნავალნი ხელმძღვანელობდა 2010-იან წლებში. ამ მომენტებში, კრემლის, მედიისა და საზოგადოებრივი ინტელექტუალების მიერ საჯარო სივრცეში მასობრივად იფრქვეოდა შეთქმულების თეორიები. ამან შექმნა კრიზისისა და პოტენციური კატასტროფის ატმოსფერო, რაც საკმაოდ დამაჯერებელი იყო ხალხისთვის. ამან გააადვილა იმის რწმენა, რომ ნავალნი შეიძლება იყოს CIA-ს აგენტი, რომელიც მუშაობს რუსეთის განადგურებაზე, როგორც მორიგი გორბაჩოვი. ეს იყო საზოგადოების მართვის მოსახერხებელი გზა.
როდესაც კრიზისები გადაივლიდა, ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში ბრუნდებოდა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: როგორც კი დაიწყო შიდა მტრების პარანოიდული ძებნა, შეუძლებელი გახდა უკანდახევა. ამისათვის შეიქმნა არა მხოლოდ სატელევიზიო შოუები, წიგნები და სტატიები, არამედ კანონმდებლობაც - მაგალითად, „უცხოელი აგენტების შესახებ კანონი“, რომელსაც დღეს კიდევ განვიხილავთ. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჯაშუშების ძიების და ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის გამოვლენის შემთხვევები.
თქვენ დაწერეთ, რომ შეთქმულების თეორიები პოლიტიკური ჯგუფებისა და კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მარგინალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თუმცა, შეთქმულების ინტერპრეტაცია მოსახლეობის ნაწილში შემორჩა ერთ სცენარად (ეს უცნაური წინადადებაა), მაგრამ 2000-იან წლებში, სურკოვმა და კრემლთან დაახლოებულმა სხვა პოლიტიკოსებმა და ინტელექტუალებმა შეთქმულებათა თეორიები პოლიტიკური დისკურსის განაპირა ნაწილიდან ცენტრისკენ თანდათან გადმოწიეს. ამ პროცესის მიღმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ვლადისლავ სურკოვი იდგა. შეგიძლიათ, ეს პროცესი ახსნათ?
- დიახ, მე მოვიყვანდი მეტაფორას სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგიდან - ეს არის მრისხანების მტევნები. რა თქმა უნდა, სურკოვი არ იყო ერთადერთი, მაგრამ ის საკმარისად ნიჭიერი იყო იმისთვის, რომ ერთ-ერთ ძირითად არქიტექტორად ქცეულიყო. იგი რუსეთის საჯარო სფეროს - კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინტელექტუალური მოძრაობების მეშვეობით პერმანენტულად ავრცელებდა იდეას, რომ დასავლეთი რუსეთის კონკურენტია. სასაცილოა, რომ არასოდეს განსაზღვრულა, ვინ იგულისხმება დასავლეთში - რუმინეთიც, რომელიც რუსეთის დასავლეთით მდებარეობს, თუ აშშ?
2005 წელს, როდესაც ეს იდეები ჩამოყალიბდა, რუსეთი იყო მსოფლიოს ნაწილი: კულტურულად, პოლიტიკურად. 2006 წელს სანქტ-პეტერბურგში G8-ის სამიტსაც მასპინძლობდა, მაგრამ შიდა აუდიტორიის საჭიროებები მოითხოვდა ანტიდასავლური დღის წესრიგის შემოტანას. გარე სამყაროსთვის კრემლს არ სურდა ეს იმიჯი, რადგან ისინი სარგებლობდნენ მდიდრული პრივილეგიებით - ცხოვრობდნენ და ფულს შოულობდნენ რუსეთში, ხარჯავდნენ და ქონებებს ყიდულობდნენ ევროპაში და სხვაგანაც. რაც მათ ჩამოაყალიბეს, და მათ შორის იყო სურკოვიც, იყო დასავლეთისა და აშშ კონკურენტებად და არა მტრებად წარმოჩენა. შექმნეს ერთგვარი საბაზრო კონკურენცია აუდიტორიისთვის: რუსეთს აქვს გასაყიდი პროდუქტი და იდეები, ისევე როგორც აშშ-ს.
მაგალითად, ჩვენ ვეჯიბრებით საქართველოსთვის: მათ ვთავაზობთ სუვერენული სახელმწიფოს იდეას გლობალური სამყაროს წინააღმდეგ, რომელსაც მართავენ ამერიკელები და თუ ქართველები იყიდიან რუსეთის პროდუქტს, ეს შესანიშნავია. დასავლეთის, როგორც კონკურენტის წარმოჩენამ საშუალება მისცა სურკოვს შეთქმულების თეორიები პოლიტიკური განაპირა ნაწილიდან - ცენტრში გადმოეტანა, რადგან კონკურენტები საკუთარ ინტერესებს ატარებენ და ცდილობენ ძირი გამოუთხარონ სხვა კონკურენტებს. ეს მიდგომა მუშაობდა მრავალი წლის განმავლობაში 2022 წლამდე, რადგან ომის დაწყების შემდეგ, ეს ყველაფერი მეინსტრიმულად იქცა და კრემლის დისკურსი დაუბრუნდა ცივი ომის ფარგლებს.
რა როლს ასრულებენ ბლოგერები, მწერლები, ფილოსოფოსები, პოპულარული იუტუბერები, პოდკასტერები და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შეთქმულების თეორიების გავრცელებაში? როგორ მიედინება ინფორმაცია ამ ქსელში: მოედინება ის პირდაპირ ცენტრიდან (მისი ხელმძღვანელი სურკოვისგან) და დაბლისაკენ ვრცელდება, თუ პირიქით?
- რუსული შეთქმულების კულტურა ზემოდან-ქვემოთ მიემართება. ეს არა მხოლოდ კრემლია; მას ჰყავს ბევრი მოკავშირე კვლევითი ინსტიტუტების, ინტელექტუალების, ბლოგერებისა და სხვების სახით. ეს დინამიკური კულტურაა და ყოველთვის მიმართულია ზემოდან-ქვემოთ. ამავდროულად, შეცდომა იქნება იმის თქმა, რომ ინტელექტუალებს, როგორც დუგინს, არ გააჩნიათ საკუთარი იდეები და არ არიან დამოუკიდებლები შეხედულებებში.
რაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არის ის, რომ რუსულ პროპაგანდას აქვს რამდენიმე “გრანდ ნარატივი”, რომელიც არ იცვლება დროში - მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნეებშიც. არაა მნიშვნელოვანი ვინ ზის კრემლში; ისინიც და ინტელექტუალებიც ამბობენ და წერენ იმას, რაც ეხმიანება “გრანდ სტრატეგიას.”
რა როლი აქვთ შეთქმულების თეორიებს უკრაინის ომთან მიმართებით? გამოიკვლიეთ თუ არა ეს პრობლემა? თქვენ წიგნში ახსენებთ, რომ რუსეთს, საკუთარი ხელშეუხებლობისა და ყირიმის კონსენსუსის შემდეგ, დასავლეთის სისუსტის სჯეროდა. ასევე, იმის, რომ ამერიკული არჩევნების ბედი რუსმა ტროლ-ბოტებმა და ჰაკერებმა გადაწყვიტეს და ა.შ… თქვენი აზრით, შესაძლოა თუ არა ეს ყოფილიყო მიზეზი, რომ რუსეთს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი ომი წამოეწყო?
- უკრაინაში ომი გარდაუვალი გახდა 2014 წლიდან და ვინმე შეიძლება შეგვეკამათოს, რომ 2004-დანაც. კრემლს სჭირდებოდა საფრთხობელა - სახიფათო და ნეგატიური სახე, რადაც შეიძლება კრემლი ქცეულიყო. პოლიტიკური სპინ-დოქტორების (ყოვლისშემძლე პროპაგანდისტები, რომლებიც ფაქტებს იმ რაკურსით მიმართავენ რომ სასურველი რეალობა შექმნან კონკრეტული საკითხის მიმართ), ისეთების, როგორებიცაა სურკოვი და გლებ პავლოვსკი, ნარატივმა რუსოფობიის შესახებ შეიძინა ფორმა და იქცა რეალობად. ამიტომ ეს დროის ფაქტორი იყო. ეს ნარატივი ნაწილობრივ შემოვიდა 2014 წელს და სრულად განხორციელდა 2022-ში.
ომი გარდაუვალი გახდა, რადგან კრემლმა დაიწყო უკრაინით მანიპულირება პოლიტიკური მიზნებით, რათა ლეგიტიმურობა შეეძინათ საკუთარი თავისთვის და სრულად ახალ ფორმატში გადაეყვანათ რეჟიმი. პუტინმა წამოიწყო ომი და რეჟიმი ჩამოიქცევა, როდესაც იგი დასრულდება, რადგან ის დღესდღეობით მხოლოდ ომის პირობებში ფუნქციონირებს.
-
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.