...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14 ივნისი 2024


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (Civil Society Forum e.V.) მიერ დაფინანსებული პროექტის  “ისტორიის სწავლება ომის პირობებში” ფარგლებში, პედაგოგიური გზამკვლევის ქართულ თარგმანზე იმუშავა. გზამკვლევი შექმნილია პროგრამა Confronting Memories-ის მიერ და ეხება პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტებს - თუ როგორ არის შესაძლებელი სენსიტიური ისტორიის სწავლება.

 

პედაგოგიურ გზამკვლევში განხილული კონფლიქტები სენსიტიურია, რამეთუ ისევ ახალია ადამიანთა კოლექტიურ მეხსიერებაში: ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ განიცადეს ესა თუ ის კონფლიქტი, იქნებიან ესენი ჯარისკაცები, დაზარალებულები, ბავშვები თუ ისინი, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანი. გარდა ამისა, სასკოლო სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოებში ეს კონფლიქტები ხშირად ისწავლება სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიაზე აქცენტით (თუ საერთოდ ისწავლება), რაც წარმოაჩენს მხოლოდ იმ მომენტში მოქმედი რეჟიმის თვალსაზრისს.

 

აღნიშნული რესურსი შექმნილია იმ მიზნით, რომ იყოს მაქსიმალურად პრაქტიკული, რის გამოც შემუშავებულია თავად ისტორიის მასწავლებლებისა და პედაგოგების მიერ, პედაგოგიური ექსპერტების პროფესიონალური გუნდის კონსულტაციებითა და მხარდაჭერით.

 

გზამკვლევი რესურსია არა მხოლოდ იმ მასწავლებლებისთვის, ვინც კონფლიქტის ან ომის ზონიდან არიან, ან იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც ბოლო დროს კონფლიქტი მიმდინარეობდა, ის შექმნილია ამ რეგიონებს მიღმა მცხოვრები მასწავლებლებისთვისაც. გზამკვლევი გვაწვდის მოკლე ინფორმაციას სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვის ლოკალურ კონტექსტებზე, ხანგრძლივი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის (1988-დღემდე), საქართველოს სახელმწიფო გადატრიალებისა (1991-92) და დნესტრისპირეთის ომის (1992) შესახებ.

 

გზამკვლევი ხელმისაწვდომია მის შემქმნელ მასწავლებელთა ეროვნულ ენებზე – სომხურ, ქართულ და რუმინულ, ასევე ინგლისურ ენაზე, რათა მისი გამოყენება შეძლონ უცხოელმა მასწავლებლებმაც. ამ სახელმძღვანელოსა და სხვა საგაკვეთილო მასალაზე წვდომა და უფასო ჩამოტვირთვა შესაძლებელია Confronting Memories-ის ვებგვერდიდან.