...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა: მედვედევის ტყის ხოცვა-ჟლეტა

17 მარტი 2026


 ავტორი: გიგა ჩალიგავა, ისტორიის დოქტორანტი, მკვლევარი; ანტონ ვაჭარაძე, IDFI

  

საბჭოთა კავშირის ისტორიას ძალადობისა და მასობრივი დახვრეტების მრავალი ეპიზოდი უკავშირდება. სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკა თანაბრად ეხებოდა ყველას, ვინც კომუნისტური პარტიის წესრიგსა და გატარებულ პოლიტიკას არ ეთანხმებოდა, ანაც “ბოლშევიკური რევოლუციისა” და სისტემის ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი წვლილის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზის გამო, უკვე ქცეულიყო რეჟიმისთვის მიუღებელ სუბიექტად.

ქვეყანაში რეპრესიულ ფუნქციას ახორციელებდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, “შინსახკომი” – იგივე “ენკავედე” (НКВД, NKVD), რომელიც პასუხს აგებდა საბჭოთა კავშირისთვის არასანდო ადამიანების დაპატიმრებაზეე, გადასახლებასა და დახვრეტაზე. აღნიშნულ ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული მკვლელობათა მთელი სერია, “დიდი წმენდა” - იგივე “სტალინური რეპრესიები” (1936-1938), პოლონელ სამხედროთა მასობრივი დახვრეტა კატინის ტყეში (1940) და მრავალი სხვა.

 

1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირს თავს ნაცისტური გერმანია დაესხა. საყოველთაო მობილიზების პირობებში, ბერიასა და სტალინის ერთ-ერთი პრიორიტეტი სსრკ-ს დასავლეთის საზღვრებთან მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი იმ კატეგორიის პატიმრების თავიდან მოშორება გახდა, რომლებიც რეჟიმის აღქმით განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. საბჭოთა მთავრობა ამ ადამიანების ლიკვიდაციას იმ არგუმენტით ამართლებდა, რომ გერმანელების მხრიდან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში ანტისაბჭოთა ელემენტი უფრო მეტად სახიფათო გახდებოდა, რადგან ჰიტლერი მათ თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენებდა. ასეთ პირობებში, საბჭოთა მთავრობა “ხალხის მტრების” სწრაფ ლიკვიდაციას გადაუდებელ საქმედ თვლიდა.

პატიმრების მასობრივი დახვრეტა გერმანელების შემოჭრის პარალელურად დაიწყო. აღნიშნულმა პროცესმა თანამედროვე პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსის, ესტონეთის, ლიეტუვისა და რუსეთის დასავლეთ ტერიტორიებზე არსებული ციხეები და გამოსასწორებელი დაწესებულებები მოიცვა. როგორც ვარაუდობენ, ივნისიდან - წლის ბოლომდე “ენკავედეს” მიერ სიკვდილით დასჯილი პატიმრების საერთო რიცხვმა ასი ათასს მიაღწია.[1]

მასობრივი დახვრეტის ერთ-ერთი ცნობილი და გახმაურებული შემთხვევა ქალაქ ორიოლის ციხის - “ორლოვსკი ცენტრალის” მახლობლად მდებარე “მედვედევის ტყეს” უკავშირდება, სადაც 1941 წლის 11 სექტემბერს სტალინის პირდაპირი ბრძანებით 157 პოლიტიკური პატიმარი გასამართლების გარეშე გამოასალმეს სიცოცხლეს.

 

 

ერთკაციანი ოთახი “ორლოვსკი ცენტრალში”

 

“ორლოვსკი ცენტრალის” ციხის ისტორია სათავეს ცარისტული რუსეთიდან, კერძოდ კი, 1840 წლიდან, ნიკოლოზ I-ის მმართველობიდან იღებს. 1870 წელს ციხე გააფართოვეს და გამოსასწორებელი ფუნქციაც დაუმატეს. შემდგომში აქ მოხვედრილ პატიმრებს მძიმე, კატორღულ შრომას უსჯიდნენ. 1908 წლისათვის “ორლოვსკი ცენტრალი” რუსეთის ტერიტორიის ევროპული ნაწილის ყველაზე დიდ სასჯელაღსრულებით დაწესებულებას წარმოადგენდა, სადაც ყოველკვირეულად კატორღელთა 2-3 ჯგუფი ჩამოჰყავდათ. თითოეული ჯგუფი 1,000-1,200 კაცს აერთიანებდა, რომლის დაახლოებით მეათედზე მეტი პოლიტმატიმარი იყო.[2] ციხე საშინელი პირობებითა და სიმკაცრით გამოირჩეოდა. სასტიკ მოპყრობასთან ერთად, პატიმრები არასათანადო საცხოვრისის გამო მარტივად ავადდებოდნენ. საარქივო მასალების მიხედვით, 1908-1912 წლებში 437 პატიმარი გარდაიცვალა.[3]  1914 დან 1916 წლამდე ციხეში იხდიდა სასჯელს ცნობილი რევოლუციონერი, შემდგომში კი “ჩეკას” დამფუძნებელი ფელიქს ძერჟინსკი. 1915 წლის მონაცემებით, ციხეში 1,408 კატორღელი იმყოფებოდა. 1917 წელს ბოლშევიკების ხელისფულებაში მოსვლის შემდეგ მეფის რეჟიმის მიერ დაპატიმრებული პირები გაათავისუფლეს[4] და ციხის ფუნქციონირებაც დროებით შეჩერდა, გაუქმდა კატორღული სისტემაც, თუმცა მალე მისი საკნები კომუნისტებისთვის არასასურველმა ათასობით პატიმარმა შეავსო და ციხე სტალინის რეპრესიული რეჟიმის მრავალიდან ერთ-ერთ წამყვან დაწესებულებად იქცა.

 

ცენტრალის პატიმრების ფოტო

             

ნაცისტური გერმანიის შემოჭრის პარალელურად, 1941 წლის 5 სექტემბერს “ენკავედეს” ხელმძღვანელმა ლავრენტი ბერიამ და მისმა მოადგილე ბოგდან ქობულოვმა, ციხეების უფროსებმა ლეონიდ ბაშტაკოვმა და მიხაილ ნიკოლსკიმ შეადგინეს “ორლოვსკი ცენტრალის” პატიმრებს შორის დასახვრეტთა 170 კაციანი სია. მომდევნო დღეს ბერიამ იოსებ სტალინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ატყობინებდა, რომ ორლოვის ციხეში მყოფ პატიმართა ნაწილი საბჭოთა კავშირის დამარცხების ნარატივის გავრცელებასთან ერთად, გაქცევასა და შემდგომში ძირგამომთხრელ საქმიანობას აპირებდა. როგორც წესი, გერმანელების შემოჭრის შემდეგ, “ენკავედე” თავისი სურვილით და სხვებთან შეუთანხმებლად ხვრეტდა ხოლმე პატიმრებს, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე რამდენიმე მნიშვნელოვანი პირის დახვრეტას ეხებოდა, ამიტომაც სტალინს მიმართეს.[5] წერილის ბოლოს, ბერია აღნიშნავდა, რომ ჩამოთვლილი ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ სიკვდილით და ელოდება სტალინის მითითებას. [6] [ ფოტო: იხ. სურათი - დოკუმენტი]

 

ირონიულია ის გარემოება, რომ როგორც “ენკავედემ”, ისე სამხედრო კოლეგიამ სიაში მითითებულ ადამიანებს დააბრალა “შპიონაჟი და დივერსია”, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები ციხის მკაცრ პირობებში იყვნენ გამოკეტილი.[7]   

 

წერილის მიღებისთანავე სტალინმა სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტს დახვრეტებზე თანხმობა გამოუცხადა, რის შემდეგაც დამნაშავეთა საქმეები სამხედრო კომისიას უნდა განეხილა, რაც, ფაქტობრივად, დახვრეტის ბრძანების გაცემის ტოლფასი გადაწყვეტილება იყო და კომისიის სასამართლო მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენდა. მართლაც, 8 სექტემბერს დაუსწრებლად, ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომების გარეშე, სამხედრო კოლეგიამ ულრიხის, კანდიბინისა და ბუკანოვის მეთაურობით პატიმართა დახვრეტის განაჩენი გამოიტანა.[8]

 

პატიმრები ცენტრალში

 

დახვრეტის დღეს, ანუ 1941 წლის 11 სექტემბერს ქალაქი ორიოლი უკვე იბომბებოდა გერმანული ავიაციის მიერ. ციხე საევაკუაციო რეჟიმში იყო. "ომში დამარცხებისკენ მიმართული პროპაგანდა და ციხიდან გაქცევისთვის მზადება ძირგამომთხრელი საქმიანობის გასაგრძელებლად" - ასეთი იყო პატიმრების ბრალდება, რომლის საფუძველზეც საბჭოთა ჩინოვნიკებმა სასჯელის უმაღლესი ზომა აღასრულეს. სიაში ჩამოთვლილი 170 ადამიანიდან,  უშუალოდ “მედვედევის ტყეში”, 157 ადამიანი დახვრიტეს. რაც შეეხება სიაში მყოფ დარჩენილ ცამეტ პატიმარს, ცნობილია, რომ მათგან ოთხი ჯალათებმა სხვადასხვა დროს მოკლეს: ლისოვ-მუსატდინოვა (მუხოტდინოვა) კარლაგში - 12 სექტემბერს, სემიონოვი - 13 სექტემბერს უხტიჟემლაგში, კორხონენი - ნორილგარში, 15 სექტემბერს, შნეიდერი 16 სექტემბერს - კრასნოიარსკში. 

 

 

ცნობილია ყველა იმ ადამიანის ვინაობა, ვისაც ბერიამ და სტალინმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მათ შორის არიან სტალინიზმთან დაპირისპირებული პარტიების წევრები, ძველი თაობის რევოლუციონერები - ე.წ. “ძველი ბოლშევიკები”, რომელთა დახვრეტაც ერთპიროვნული ძალაუფლების ვერტიკალს კიდევ უფრო მტკიცეს გახდიდა, ასევე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებასა და ჯაშუშობაში ბრალდებული პირები, მწერლები, მეცნიერები, ექიმები და მრავალი სხვა პროფესიის წარმომადგენელი. მაიკლ პერიში მიუთითებს, რომ სიკვდილმისჯილთა სიაში ქალების დიდი რაოდენობა აქარწყლებს მითს,  რომ თითქოს სტალინი ერიდებოდა ქალების დახვრეტას.[9]

 

 ტყეში დახვრეტილთა შორის იყვნენ:

1. მარია სპირიდონოვა (დ. 1884) სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. აქტიურად იბრძოდა მეფის მთავრობის წინააღმდეგ, როგორც იდეოლოგიურად, ასევე იარაღითაც. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი გაათავისუფლეს და მონაწილეობა მიიღო ოქტომბრის რევოლუციაში. ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სპირიდონოვა მიიჩნევდა, რომ მათ რევოლუციურ იდეალებს უღალატეს. 1918 წლის ივლისში სოციალისტ-რევოლუციონერთა ანტიბოლშევიკური აჯანყება წარუმატებლად დასრულდა. სპირიდონოვა ამის შემდეგ რამდენჯერმე დააპატიმრეს, საბოლოოდ კი, 1937 წელს, 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს[10]. 

 

 

2. დმიტრი პლეტნიოვი (დ. 1871) - ექიმი, საბჭოთა კარდიოლოგიის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მის პაციენტებს შორის იყვნენ: ვლადიმერ ლენინი, ივანე პავლოვი, ნადეჟდა კრუპსკაია (ლენინის ცოლი) და თვით სტალინიც კი. 1937 წელს პლეტნიოვმა სტალინს მეგალომანიისა და პარანოიის დიაგნოზი დაუსვა, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა. მის წინააღმდეგ სახელმწიფო პროპაგანდა ამოქმედდა, რომელმაც ცნობილი რუსი მწერლის, მაქსიმ გორკის (გარდ. 1937) სიკვდილიც დააბრალა, თითქოს პლეტნიოვი არასათანადოდ მკურნალობდა მას.  

 

 

3.     ფრიც ნოიტერი (დ. 1884) ებრაული წარმოშობის გერმანელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, ნოიტერმა დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკისა და თეორიული ფიზიკის განვითარებაში. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ებრაელი მეცნიერი საბჭოთა კავშირში გაიქცა. ის ციმბირში, ტომსკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიწვიეს. 1937 წელს “დიდი წმენდის” დროს ნოიტერი აგენტობაში და ანტისაბჭოთა მოქმედებებში დაადანაშაულეს. ცნობილია, რომ მის დაკავებას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. 1938 წელს ფიზიკოსის გასათავისუფლებლად სტალინს  წერილი ალბერტ აინშტაინმაც მისწერა, სადაც ხაზს უსვამდა ფრიცის სამეცნიერო მიღწევებს, უსამართლო დაპატიმრებას და ითხოვდა მის შეწყალებას, თუმცა, უშედეგოდ, ნოიტერი პატიმრობაში დარჩა. მეცნიერის რეაბილიტაცია 1988 წელს მოხდა, როდესაც საბჭოთა კავშირის უზენაესმა სასამართლომ მისი ბრალდებები უსაფუძვლოდ ცნო და სასჯელი გაუუქმა.  

 

 

4.   ქრისტიან რაკოვსკი (დ. 1873) - რევოლუციონერი, ექიმი და დიპლომატი. რაკოვსკიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1917 წლის რევოლუციაში. მეთაურობდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. სტალინთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ იგი გადაიყვანეს ელჩად ბრიტანეთსა და საფრანგეთში. დაახლოებული იყო ლევ ტროცკისთან და მხარს უჭერდა რევოლუციის ინტერნაციონალიზაციას. თავისი პოზიციების გამო რაკოვსკი იძულებული გახდა ცენტრალურ აზიაში გადახვეწილიყო. მიუხედავად ამისა, 1937 წლის რეპრესიების დროს იგი დააპატიმრეს და, საბოლოოდ, “ორლოვსკი ცენტრალში” გადაიყვანეს. 

 

ქრისტიან რაკოვსკი (მარჯვნივ) და ინგლისის პრემიერი რემზი მაკდონალდი

 

 

5.  ლევ კარახანი (დ. 1889) საბჭოთა რევოლუციონერი და დიპლომატი. კარახანი საქართველოს ისტორიაში ცნობილია იმითაც, რომ მან გრიგოლ ურატაძესთან ერთად ხელი მოაწერა 1920 წლის 7 მაისის შეთანხმებას, ე.წ. “მოსკოვის ხელშეკრულებას”, რომლის თანახმადაც საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 1937 წელს კარახანი პროფაშისტური შეთქმულებისთვის “ხალხის მტრად” გამოაცხადეს, დაიჭირეს და გაასამართლეს.  

 

 

6.     ოლგა კამენევა (ბრონშტეინი) (დ. 1883) - ტროცკის და ცნობილი “ძველი ბოლშევიკის”, სხვადასხვა დროს ცენტრალური კომიტეტის წევრისა და სახალხო კომისრის მოადგილის - ლევ კემენევის მეუღლე. ოლგა  აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციაში და საბჭოთა კავშირის ადრეული წლების პოლიტიკაში. 1930-იან წლებში სტალინის მიერ წამოწყებულმა რეპრესიებმა კამენევა და მისი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. 1934 წელს ლევ კამენევი დააპატიმრეს და ორი წლის შემდეგ დახვრიტეს.  ოლგა კი 1935 წელს დააპატიმრეს, ექვსი წელი პატიმრობაში გაატარა და შემდეგ ისიც მეუღლის მსგავსად დახვრიტეს.  

 

 

დახვრეტილთა შორის ასევე იყო 1936-1938 წლის რეპრესიების, იგივე “იეჟოვშინას” პრაქტიკაში განმახორციელებლის “ენკავედეს” ლიდერის ნიკოლაი ეჟოვის ძმა – სერგეი ეჟოვი. თავად ნიკოლაი ეჟოვი 1940 წელს დახვრიტეს.

 

განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ დახვრეტილთა სიაში რამდენიმე ქართველიც გვხვდება.

 

ოლღა ოკუჯავა (დ. 1888) 1929 წელს ტროცკიზმის ბრალდებით დააპატიმრეს და სამი წლით უზბეკეთში გადაასახლეს. 1936 წელს 10 წლით დააპატიმრეს და კვლავ მიუსაჯეს გადასახლება, იგი სასჯელს ჯერ იაროსლავლში, 1939 წლიდან - ვლადიმირში,[11] შემდეგ კი - ორიოლის ოლქში იხდიდა. გალაკტიონმა მას ლექსი “უკანასკნელი მატარებელი” მიუძღვნა. როგორც ირკვევა, პოეტმა მისი ცოლის დახვრეტის ამბავი არ იცოდა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 1957 წელს ოკუჯავა რეაბილიტირებულად ცნეს - სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1958 წლის განჩინებით N4н-977/58 საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.[12] 1940 წლით დათარიღებულ წერილში გალაკტიონი ოლღას სწერდა: “და შენ მომწერე! მსურს მეტი ვიცოდე შენი ცხოვრების შესახებ. ჯანმრთელი ხარ? შეგიძლია მუშაობა? კარგია, რომ იქ ბიბლიოთეკა გაქვს. რამდენი შესანიშნავი წიგნი წაიკითხე იქ. მათ აქ წიგნების მაღაზიაში ვერ ნახავთ. დაწერე, დაწერე![13] პოეტს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი მეუღლე საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ სასტიკ ციხეში იმყოფებოდა.  

 

 

ბაგრატ ჭუმბურიძე (დ. 1880) - ქართველი მენშევიკი პოლიტიკური მოღვაწე. ესწრებოდა 1917 წლის 6-12 მაისს სანკტ-პეტერბურგში გამართულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკების) კონფერენციას[14]. გაზეთ “თავისუფალი საქართველოს” 1921 წლის 15 ოქტომბრის ნომერში სტატიაში “საბჭოთა საქართველოს ციხეები პოლიტიკური პატიმრებით გაივსო” ვიგებთ, რომ ბაგრატ ჭუმბურიძე ამავე წლის მაისიდან მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს[15]. როგორც ჩანს შემდგომში გაათავისუფლეს და რეპრესიების პირობებში, 1937 წელს კონტრ-აგიტაციის – რეჟიმის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით კვლავ დააპატიმრეს. 1990 წლის 26 ივლისს ბაგრატ ჭუმბურიძე რეაბილიტირდა.[16]

 

შალვა მიქელაძე (დ. 1884) ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი. დამფუძნებელი კრების წევრი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1925 წელს გაემგზავრა ევროპაში, სადაც პარიზსა და ბერლინში გამოჩენილ ექიმებთან ერთად მუშაობდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი დაინიშნა პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის გამგედ. 1930 წლიდან გახდა ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის საბჭოს ხელმძღვანელი. 1938 წელს იგი დააპატიმრეს, დააბრალეს ძირგამომთხრელი საქმიანობა, სოციალისტ-ფედერალისთა კავშირის აქტიური წევრობა, უცხო ქვეყანათა ჯაშუშობა, ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მიუსაჯეს დახვრეტა, თუმცა მალევე შეუცვალეს ათწლიანი გადასახლებით. როგორც ცნობილია, შალვა მიქელაძე უკვე ხსენებულ ცნობილ ექიმთან - დიმიტრი პლენტიოვთან ერთად იხდიდა სასჯელს.[17]    

 

 

მეოთხე მათგანი - გალინა ბოლქვაძე-მელჩარსკაია (დ. 1906) დაბადებულია საქართველოში, თბილისში, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი პოლონეთში გაატარა. პროფესიით ეკონომისტი, არ მიეკუთვნებოდა არცერთ პარტიას. 1937 წლის 13 ივნისს “ენკავედემ” ტროცკისტობის ბრალდებით  10 წლით დააპატიმრა და ხმის მიცემის უფლებასთან ერთად ქონებაც ჩამოართვა.[18] დახვრეტის მეორე წელს ბოლქვაძე-მელჩარსკაიას ძმას შეგნებულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია და შეატყობინეს, რომ ის გარდაიცვალა 1942 წელს სასჯელის მოხდის დროს.

 

 

საარქივო მასალებიდან ვიგებთ, რომ შერჩეულ პატიმართა ორგანიზების პროცესს ხელმძღვანელობდა ბერიას მარჯვენა ხელი - ბოგდან ქობულოვი. მასვე ეკუთვნის სხვადასხვა აღნიშვნა დასახვრეტთა სიაში, ხოლო პატიმართა ბედის თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენდა, ბრალდებულთა საქმეები დაუსწრებლად განიხილეს. უშუალოდ დახვრეტის პროცესს მეთაურობდა “ენკავედეს” მიერ ორლოვის ოლქის უფროსად დანიშნული ფირსანოვი. ოპერაცია საიდუმლო ხასიათის იყო, ფირსანოვი იხსენებდა, რომ დასახვრეტ პირებთან ერთად სხვა ორასი პატიმარი შეკრიბეს, რათა შეენიღბათ სიკვდილით დასჯის პროცესი, თითქოს ყველა მათგანის ევაკუირებას აპირებდნენ. მოგონებების თანახმად, პოლიტპატიმრებს მანქანებში სვამდნენ და ტყისკენ მიჰყავდათ, სადაც ჯალათებს ორმოები წინასწარ მოემზადებინათ. გერმანელებისთვის კვალის გასაქრობად ხეებიც ფესვიანად ამოღებული ჰქონდათ,[19] რათა სასჯელის აღსრულების შემდეგ თავის ადგილზე ჩაერგოთ, თითქოს აქ არც არაფერი მომხდარიყო.

 

ცნობილია ჯალათების ვინაობაც, პატიმრებს ხვრეტდა “ენკავედეს” მაღალჩინოსნის – ულრიხის საიდუმლო ბრძანების თანახმად მოსკოვიდან ჩამოსული – დემიან სემეხიანი, კომისარიატის სპეციალური წარმომადგენელი. მის დამხმარეებად კი ორლოვის “ენკავედეს” წარმომადგენლები მიიყვანეს. თვითმხილველები იხსენებენ, რომ სემეხიანს სამხედრო ჩექმები ეცვა, გორაკზე იდგა და დასახვრეტთა მოლოდინში ხელში პისტოლეტს ათამაშებდა. პატიმრები სათითაოდ მიჰყავდათ მასთან, ჯალათი კი “პროფესიონალურად” ესროდა თავში, თანაც ისე, რომ ცხედარი ზუსტად მონიშნულ ადგილას ეცემოდა.

 

სტალინის დამტკიცებული სიიდან, ანუ 170 ადამიანიდან ტყეში 157 დახვრიტეს, როგორც ზემოთ განვიხილეთ, ოთხი სხვადასხვა ადგილას გამოასალმეს სიცოცხლეს. საინტერესოა, რა ბედი ეწია დანარჩენ ცხრა პატიმარს?

 

როგორც აღმოჩნდა,  მათგან რამდენიმე სასჯელის აღსრულებამდე გარდაიცვალა, ან უფრო ადრე გაათავისუფლეს, თუმცა, სიაში მაინც მოხვდნენ. მოიპოვება დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ფირსანოვი ადასტურებს 170 ადამიანის დახვრეტას, თუმცა, როგორც ირკვევა, “მედვედევის ტყეში” დახვრეტამდე გარდაცვლილთა თუ გათავისუფლებულთა სახელებისა და გვარების აღმოჩენის შემდეგ, რომლებიც სიაში შეცდომით მოხვდნენ, “ენკავედემ” შეცდომა ასეთი ფორმით გამოასწორა - სტალინი-ბერიას “გეგმის” ზედმიწევნად შესასრულებლად მათ სხვა ცხრა ადამიანი ოთხ დღეში, 15 სექტემბერს  დახვრიტეს, რომლებიც არც ერთ სიაში ფიგურირებდნენ, თუმცა “დანაკლისის” შესავსებად გამოიყენეს. 

 

საინტერესოა, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც “მედვედევის ტყის” ამბებამდე გარდაიცვალნენ და სიაში შეცდომით მოხვდნენ, ფიგურირებს კიდევ ერთი ქართველი კონსტანტინე გრიგოლის ძე ანჩაბაძე, იგივე “აჩბა” (დ. 1874), რომელიც, როგორც დაადგინეს, 1941 წლის 11 მარტს გარდაიცვალა, მის მაგივრად კი სხვა პატიმარი დახვრიტეს. (სურათი ბმული) ანჩაბაძის შესახებ მცირე ცნობები მოგვეპოვება, იგი აფხაზეთში, სოფელ ჭლოუში დაიბადა და მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მომარაგების დამზადების რწმუნებულად. 1937 წლის 22 ივნისს დააკავეს და ათი წელი მიუსაჯეს, ბრალად ედებოდა, რომ “ძირს უთხრიდა აფხაზეთის პარტიულ და პოლიტიკურ მოღვაწეობას[20]”.

 

1941 წლის 8 სექტემბერს გამოტანილი დახვრეტის განაჩენი საზოგადოებრივი ინტერესის ობიექტი 1980-იანი წლებიდან გახდა. “პერესტროიკის” პირობებში საქმის გადახედვის შედეგად 1990 წლის 26 ივლისს, სსრკ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა გააუქმა 108 ადამიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი “დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.” სხვა დახვრეტილების მიმართ ანალოგიური განხორციელდა შემდგომ წლებში.[21] ეს პრეცედენტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მანკიერი პრაქტიკის შესახებ, რომ უკანონო ვერდიქტი ტოტალიტარული რეჟიმის მაღალჩინოსნების (სტალინი, ბერია) ბრძანების საფუძველზე ინარჩუნებს კანონიერებას და ჰერმეტულ პოლიტიკურ სისტემაში სრულად ლეგიტიმური ხდება.

 

1941 წლის 3 ოქტომბრამდე, ანუ მანამდე, სანამ ქალაქს გერმანელები დაიპყრობდნენ, სიტუაციის შესამოწმებლად “ენკავედეს” თანამშრომლებმა სოკოების მკრეფავების ამპლუაში არაერთხელ მიაკითხეს დახვრეტის ადგილს.[22]  1990 წლის 26 ივლისს საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დანაშაულის არარსებობის გამო გააუქმა 1941 წლის 8 სექტემბერს 108 ადამიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი. დანარჩენი 58-ის საქმის განაჩენი კი წინა წლებში გააუქმა.[23] ბალანკინა ასევე მიუთითებს, რომ როგორც გამოძიებამ დაადგინა, 1941 წლის 8 სექტემბერს ამხ. ულრიხის, კანდიბინისა და ბუკანოვის მიერ პატიმრების დახვრეტის განაჩენი იყო უკანონო. საინტერესოა ისიც, რომ ლავრენტი ბერიას სიკვდილით დასჯის საქმეზე (ქობულოვთან ერთად) წაუყენეს ბრალი ორიოლში მოწყობილი დახვრეტების გამო. [24]“მედვედევის ტყეში” დახვრეტის ადგილას 1991 წლიდან აღმართულია მემორიალი.

 

 

 

“მედვედევის ციხე” 1993 წლიდან რუსეთში რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ნაცისტების მიერ ორიოლის ოკუპაციის შემდეგ გერმანელებმა ციხის მთელი კორპუსი ააფეთქეს. ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობამ აღადგინა იგი, მათ შორის ფელიქს ძერჟინსკის საკანიც.[25]

 

“ორლოვსკი ცენტრალი” დღეს

 

1993 წელს ორიოლის გამგეობამ დააწესა ამავე ტერიტორიაზე რეპრესირებულთა ხსოვნის დღე – 11 სექტემბერი.[26] საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსული სააგენტო “წითელი გაზაფხული” 2020 წლის სტატიაში ორიოლის ციხის შესახებ ახსენებს ცარისტული პერიოდის უმკაცრეს და არაადამიანურ პირობებს, თუმცა არაფერს ამბობს 1941 წლის დახვრეტების შესახებ. პუტინის რუსეთში საბჭოთა რეპრესირებულთა საკითხს უკვე სხვაგვარად უყურებენ. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის პროკურატურის წარდგინებით, სასამართლო სსრკ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ ზოგიერთ გადაწყვეტილებას აუქმებს. კონცეფცია რეპრესირებულთა შესახებ რუსეთის მთავრობამ  მიმდინარე წლის 20 ივლისს შეცვალა და დოკუმენტიდან ამოიღეს სსრკ-ში გატარებული რეპრესიების “მასობრივობის” ცნება. ამასთან ერთად, ამოღებულია პუნქტები, რომლებიც შეეხება სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელი და „სოციალური კლასით განსხვავებული“ ადამიანების რეპრესიებს, ძალადობრივ კოლექტივიზაციასა და ხელოვნურად შექმნილი შიმშილობებს, მილიონობით გულაგის პატიმარსა და გადასახლებულ ხალხებს, რეპრესიების უკანონობის აღიარებას,  “დიდი სამამულო ომის” მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიებს და ა.შ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რუსეთში მიღებული გადაწყვეტილება რეპრესირებულ პირთა შესახებ გადაეგზავნება სხვა ქვეყნების მთავრობებსაც. რუსეთის მთავრობა აიძულებს მასმედიას გაავრცელოს ინფორმაცია რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის გაუქმების შესახებ კონსტიტუციის იმ მუხლზე მითითებით, რომელიც იცავს “ისტორიულ სამართლიანობას” და კონსტიტუციას 2020 წელს პუტინის საპრეზიდენტო ვადების “განულების” პაკეტთან ერთად დაემატა. კონცეფციის ცვლილებას გაუგებრად მიიჩნევს, მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის სასამართლო ასამბლეის დეპუტატი ბორის ვიშნესვკი. ის აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი კონცეფციიდან გაურკვეველია, ვინ, როდის და ვის წინააღმდეგ განახორციელა რეპრესიები საბჭოთა კავშირში. ის, თუ როგორ შეაფასებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება რეპრესირებულთა  „დამნაშავეობის“ ხარისხს, ჯერ კიდევ არ განუმარტავთ.[27]

 

 

 



[1] Robert Gellately. Lenin, Stalin, and Hitler: The Age of Social Catastrophe. Knopf, 2007. გვ. 391.

[2] Орловский надзиратель: Закон-то у нас в кармане… 2019. იხ. ბმული

[3] Орловский каторжный "централ" и его сидельцы (из цикла "История революционного движения на Орловщине в лицах") იხ. ბმული

[4] იქვე.

[5] Parrish, Michael. The Lesser Terror: Soviet State Security, 1939-1953. Praeger Publishers, Westport. 1996. გვ. 69.

[6] Ян Рачински. Палаческая бухгалтерия История про свободные места в расстрельном списке. 2021. იხ. ბმული

[7] Parrish, Michael. The Lesser Terror: Soviet State Security, 1939-1953. Praeger Publishers, Westport. 1996. გვ. 69.

[8] Массовые расстрелы. Очевидное - невероятное истории НКВД. იხ. ბმული

[9] Parrish, The Lesser Terror.  გვ. 70.

[10] Findsen. Jenny R. Women and Violence in Revolutionary Russia, 1860-1925. MA thesis. 2021. Washington.

[11] ტაბიძე, ნოდარ. გალაკტიონი. საუნჯე, თბილისი. 2010. გვ. 323.

[12] იხ. https://stalin.historyproject.ge/info/2516

[13] ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 41. იხ. ბმული

[15] იხ. https://civil.ge/ka/archives/448711

[17] მიქელაძე შალვა ანტონის-ძე (1884-1941). გვერდი: რეპრესირებულთა ისტორიები 1937-1938. იხ. ბმული

[19] Как проходил расстрел заключенных под Орлом. იხ. ბმული

[21] Балакина Юлия Николаевна. Книга Памяти жертв политических репрессий Орловской области. Том первый. 1994. წიგნი იხილეთ ბმულზე

[22] Расстрел Сталина под корнями деревьев. იხ. ბმული

[23] Балакина Юлия Николаевна. Книга Памяти жертв политических репрессий Орловской области. Том первый. 1994. წიგნი იხილეთ ბმულზე

[24] Балакина Юлия Николаевна. Книга Памяти жертв политических репрессий Орловской области. Том первый. 1994. წიგნი იხილეთ ბმულზე

[25] Орловский каторжный централ стал охраняемым памятником культурного наследия ИА Красная Весна. იხ. https://rossaprimavera.ru/news/2a41a6a8

[26] Алексей ПЕТРОВ. 79 лет назад в Медведевском лесу расстреляли 157 политзаключенных იხ. ბმული

[27] Прокуратура РФ отменит решения о реабилитации ряда жертв советских политических репрессий. იხ. ბმული