13 დეკემბერი 2024
ავტორი: გიგა ჩალიგავა, ისტორიის დოქტორანტი, მკვლევარი
ესტონეთს ბალტიის ქვეყნების (ბალტიისპირეთის) ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ქვეყნის ტერიტორია აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გადაკვეთის ადგილი იყო. XIII საუკუნიდან იწყება ესტონური მიწების გაქრისტიანების პროცესი, რასაც ხელი შეუწყო “ჩრდილოურმა ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა” და, მასთან ერთად, “ლივონიისა” და ტევტონების სამხედრო-თეოკრატიული ორდენის გამოჩენამ. დაიწყო პრუსებსა და ლივებში (სწორედ აქედან წარმოდგება “პრუსიისა” და “ლივონიის” ეტიმოლოგია) ქრისტიანობის ცეცხლითა და მახვილით გავრცელება. ტევტონებმა აქ თავისი სახელმწიფო შექმნეს და ორდენის მიწებს „Terra Mariana”, იგივე “წმ. მარიამის მიწა” უწოდეს. ტევტონების ძალაუფლების შესუსტების შემდეგ ესტონურმა ტერიტორიებმა გარეშე ძალთა ბატონობის შემდეგი საფეხურები გაიარეს — ესენია: დანიური, პოლონური, შვედური და რუსული. ამის შემდეგ იყო ესტონეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ოცდაორწლიანი პერიოდი (1918-1940), რომელიც საბჭოთა დიქტატურამ შეცვალა.
მოცემულ სტატიაში შევეხებით ისტორიულ, პოლიტიკურ და სოციალურ პერიპეტიების ესტონეთის პირველი რესპუბლიკის ფორმირებიდან – საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლამდე. საინტერესო პარალელების გავლება შეიძლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან (1918-1921) მიმართებითაც, რადგან ორივე სახელმწიფო ერთ წელიწადს ჩამოყალიბდა. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური რეალიებისა და რეგიონული კონტექსტისა, მაინც ბევრი მსგავსების პოვნაა შესაძლებელი.
ესტონეთის ტერიტორიაზე, დანიური და პოლონური ბატონობის პერიოდის შემდეგ, შვედეთის სამეფოს მმართველობა დამყარდა. ჩრდილოეთის ომში (1700-1721) წარუმატებლობამ, შვედეთი იძულებული გახადა, რომ ესტონეთის ტერიტორიები რუსეთისთვის გადაეცა. სხვა დაპყრობილი ტერიტორიების მსგავსად, იმპერიამ აქაც რუსიფიკაციის პროცესი დაიწყო.
1850-1860-იან წლებში ნაციონალიზმის, განმანათლებლობის იდეებისა და რომანტიზმის გავლენით, ქვეყნის მნიშვნელოვანმა ფიგურებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ესტონურ იდენტობასა და კულტურას. მათ შორის არიან მწერლები ფრიდრიხ რეინჰოლდ კროიცვალდი (1803-1882) და კარლ რობერტ იაკობსონი (1841-1882). კროიცვალდის ეპიკური პოემა სახელწოდებით “კალევიპოეგი” ესტონური კულტურული იდენტობის სიმბოლო გახდა.
1880-1890-იან წლებში დაიწყო პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების პროცესი, რომლებიც რუსეთის იმპერიისგან ფართო ავტონომიას ითხოვდნენ, თუმცა პოლიტიკური დამოუკიდებლობის თემა ჯერ კიდევ არ იყო მომწიფებული. “ეროვნული გამოღვიძების” პროცესი უფრო მეტად უკავშირდებოდა იდენტობასა და სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს რუსეთის იმპერიის შიგნით, ვიდრე სახელმწიფო დამოუკიდებლობას. წარსულში მომხდარი აჯანყებებიც სოციალური პრობლემებიდან მომდინარეობდა და არა ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნიდან.
ერის პოლიტიკური გააქტიურების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო რუსეთში მომხდარი 1905 წლის რევოლუცია, რომლის დროსაც ესტონელებმა მეტი ავტონომია და მიწების რეფორმა მოითხოვეს. დაიწყო მოსახლეობის გამოსვლები ტალინსა და ნარვაში, თუმცა ნიკოლოზ II-მ ამ მოთხოვნებს რეპრესიებით უპასუხა და აჯანყებათა კერები ძალის გამოყენებით ჩაახშო.
პირველი მსოფლიო ომი (1914-1918) და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები ესტონელებისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა. კონფლიქტში, დაახლოებით, 100 ათასი ესტონელი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა. ქვეყანაში ეტაპობრივად აკვირდებოდნენ, თუ როგორ სუსტდებოდა რუსეთის მონარქიული ხელისუფლება და ფეხს იკიდებდა რევოლუციური განწყობები. 1917 წლის ნოემბერში რუსეთში ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა, რასაც მყისიერად მოჰყვა ესტონეთის ეროვნული გამოღვიძება და დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მსოფლიო ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და გერმანელთა შემოტევის საფრთხე რეალური იყო, ესტონეთმა გამოაცხადა სახელმწიფო დამოუკიდებლობა. ესტონეთის დამოუკიდებლობას ხელი შეუწყო რუსეთში მიმდინარე არასტაბილურობამ, 1917 წელს ჯერ თებერვლის რევოლუციამ, შემდეგ კი ოქტომბრის გადატრიალებამ, რამაც ბევრგან გააჩინა პოლიტიკური ვაკუუმი, მათ შორის ბალტიისპირეთშიც, და ქვეყნებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს.
ესტონეთის დამოუკიდებლობას ხელი ბევრმა ფაქტორმა შეუშალა. 1917 წლის 11-21 ოქტომბერს გერმანიის მეორე რაიხის ჯარებმა დაიკავეს დასავლეთ ესტონეთის არქიპელაგი და კუნძულები: ჰიუმა, საარემაა და მუჰუ. რუსეთში ბოლშევიკური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ფრონტზე რუსული ჯარის პოზიციები ეტაპობრივად სუსტდებოდა, რაც ხელს უწყობდა გერმანიას უფრო მეტად გაფართოებულიყო აღმოსავლეთის მიმართულებით. 1918 წლის თებერვალში გერმანიამ დაიკავა ესტონური ქალაქები: პიარნუ, ვილიანდი და ტარტუ.
სწორედ ამ ურთულეს ვითარებაში, ესტონეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა კულმინაციას მიაღწია. დეკლარაცია შეადგინა “ხსნის კომიტეტმა”, რომელიც აირჩიეს ესტონეთის პროვინციული ასამბლეის უხუცესმა წევრებმა. კომიტეტში შედიოდნენ: კონსტანტინ პეტსი, იური ვილმსი და კონსტანტინ კონიკი. დეკლარაცია ჯერ კიდევ 21 თებერვლისთვის იყო მზად, თუმცა ექსტრემალური პირობების გამო, დამოუკიდებლობის გამოცხადება რამდენიმე დღით გადაიდო. დეკლარაცია 23 თებერვალს დაიბეჭდა და ქალაქ პიარნუში და აქ დაფუძნებულ პარლამენტში ხმამაღლა წაიკითხეს. ოფიციალურად კი, ესტონეთის დამოუკიდებლობა გამოცხადდა ქალაქ ტალინში, 24 თებერვალს, რუსეთის იმპერიის ყოფილი ბანკის შენობაში, ესტონეთის დიეტის (პარლამენტის) მიერ.
დამოუკიდებლობის დეკლარაციის შემუშავების პარალელურად, გერმანელები ქვეყნის ტერიტორიას იკავებდნენ და უკან ახევინებდნენ ბოლშევიკებს. 24 თებერვალს მათ დაიკავეს პიარნუ, 25 თებერვალს კი ქვეყნის ცენტრი – ტალინი. ცხადია, გერმანელებმა არ აღიარეს ესტონეთის რესპუბლიკა, მეტიც, აქ ბალტიის საჰერცოგო, იგივე ლივონიის დიდი საჰერცოგო დააარსეს, რომელმაც 28 ნოემბრამდე იარსება.
1918 წლის 3 მარტს, საბჭოთა რუსეთმა, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის თანახმად, უარი თქვა მსოფლიო ომში მონაწილეობაზე. ესტონეთის ახალგაზრდა რესპუბლიკის მთავარი გამოწვევები გერმანიასა და აწ უკვე საბჭოთა რუსეთს დაუკავშირდა. ბოლშევიკები ცდილობდნენ იმპერიაში შემავალი ქვეყნების ხელახლა დაპყრობასა და შემოერთებას, თავის მხრივ, გერმანია აპირებდა დაპყრობილი მიწების შენარჩუნებას და არ აღიარებდა ესტონეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს.
დამოუკიდებლობის დეკლარაციაში (Manifest kõigile Eestimaa rahvastele) ხაზგასმულია ესტონელი ხალხის სურვილი და მონობიდან თავის დაღწევის დიდხნიანი, იდუმალი იმედი, როცა “ყველა სხივი აალდება და კალევი [ესტონეთის მითური გმირი] დაბრუნდება სახლში, რათა თავის შვილებს ბედნიერება მოუტანოს.” რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები დოკუმენტში წერდნენ, რომ “ხალხთა შეუჩერებელმა ბრძოლამ დაანგრია რუსეთის იმპერიული სახელმწიფოს სავალალო საფუძვლები.” მართლაც, ბალტიისპირეთში დამყარდა ანარქია, რომელიც ქმნიდა კვლავ რუსეთში დაბრუნების საფრთხეს, დასავლეთიდან კი გერმანიის ჯარები უტევდნენ ქვეყანას. “ამ საბედისწერო საათში ესტონეთის ასამბლეა, როგორც ჩვენი მიწისა და ხალხის კანონიერი წარმომადგენელი, ესტონური დემოკრატიული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების სრული თანხმობით, ხალხთა თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე, აუცილებლად მიიჩნია გადადგას შემდეგი გადამწყვეტი ნაბიჯები ესტონეთის მიწისა და ხალხის ბედის განსაზღვრისთვის.”
დეკლარაციაში საუბარი იყო ახალი სახელმწიფოს ფუძემდებლურ პრინციპებზე, ესტონეთის ყველა მოქალაქის თანასწორობაზე, კანონიერ და სასამართლოზე დაფუძნებულ მმართველობაზე, ეთნიკური უმცირესობების დაცვაზე. რესპუბლიკამ დაუშვა შეკრების, პრესის, რელიგიის, გამოხატვის თავისუფლება. დროებითმა მთავრობამ დეკლარაციაში განაცხადა ეკონომიკური და აგრარული პრობლემების რეფორმებით მოგვარების თაობაზე. გათავისუფლდა ყველა პოლიტიკური პატიმარი. წესრიგის უზრუნველყოფისთვის კი ჩამოყალიბდა სახალხო მილიცია. ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა კონსტანტინ პეტსი.
კონსტანტინ პეტსი
1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის გაფორმების შემდეგ აწ უკვე საბჭოთა რუსეთი პირველ მსოფლიო ომს გამოეთიშა. მიუხედავად აღმოსავლეთში მიღწეული წარმატებისა, გერმანია დასავლეთის ფრონტზე სულ უფრო სუსტდებოდა. ამას ემატებოდა შიდა უკმაყოფილებაც. პროცესები ესტონეთის რესპუბლიკისთვის სასიკეთოდ განვითარდა. 1918 წლის 29 ოქტომბერს გერმანიაში დაწყებულმა რევოლუციურმა მოძრაობამ, იგივე – “ნოემბრის რევოლუციამ” პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო არია. ყველა ამ პროცესმა გერმანიის საბოლოო კაპიტულაცია გამოიწვია.
ესტონეთის დამოუკიდებლობისთვის ომის პერიოდმა (1918–1920) ქვეყანა ახალ საფეხურზე აიყვანა. ესტონეთის რესპუბლიკამ ომი დაიწყო როგორც ბოლშევიკების, ასევე გერმანიის მხარდამჭერი ბალტიის საჰერცოგოს წინააღმდეგ. 1919 წლის 23 ივნისს ცესის ბრძოლაში ესტონურ-ლატვიურმა არმიამ დაამარცხა აქ შემორჩენილი გერმანული, ბალტიისპირეთის ლანდესვერის ჯარები. ამით ესტონეთმა მნიშვნელოვნად დაიცვა თავისი სამხრეთ საზღვარი. ესტონეთს დახმარებას უწევდა დიდი ბრიტანეთიც. ესტონურ არმიას ბრძოლა უწევდა ორ ფრონტზე, გერმანელებისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ. თუმცა, ორივე მხარემ გადამწყვეტ წარმატებას ვერ მიაღწია. ომიდან გამოთიშულ გერმანიას ბალტიისპირეთში პოზიციების დაკავება აღარ შეეძლო. რაც შეეხება საბჭოთა რუსეთს, ესტონელებმა ამ ფრონტზეც მიაღწიეს წარმატებას. გერმანიის ჯარების ესტონეთიდან გასვლის შემდეგ საბჭოთა რუსეთი ესტონეთს თავს დაესხა და ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავა. ესტონელთა არმია, თავდაპირველად, ვერ უმკლავდებოდა წითელ არმიას. ეს უკანასკნელი ტალინს 34 კილომეტრზეც კი მიუახლოვდა, თუმცა, ფინელებისა და ბრიტანელების დახმარებით, ესტონელებმა შეძლეს შეტევის მოგერიება და კონტრშეტევაზე გადასვლაც. ესტონელებმა რუსეთის ტერიტორიებიც დაიკავეს, აიღეს ფსკოვი. ფაქტობრივად, ესტონეთის კონტრშეტევამ სახელმწიფოს მისი ტერიტორიის ოდენა მიწა დააპყრობინა. ამასთან ერთად, ლატვიის ტერიტორიის გათავისუფლება დაიწყეს გერმანელებისა და წითელარმიელებისგან, რიგაშიც შევიდნენ და ლატვიის მთავრობაც აღადგინეს. 1919 წელს ბოლშევიკები ორჯერ შეეცადნენ ესტონეთის ოკუპაციას, თუმცა უშედეგოდ. ნარვას ბრძოლაში მარცხის შემდეგ, საბჭოთა კავშირი იძულებული იყო ეცნო ესტონეთის დამოუკიდებლობა. 1920 წლის 2 თებერვალს, ტარტუს ხელშეკრულებით, საბჭოთა რუსეთი იძულებული გახდა დე-იურედ ეღიარებინა ესტონეთის დამოუკიდებლობა.
რესპუბლიკამ 1919 წლიდან დაიწყო მიწის რეფორმა, რომლის შედეგადაც გერმანელ არისტოკრატებს მიწები ჩამოერთვათ და გლეხებს გადაეცათ. ეკონომიკის ძირითად სექტორებად სოფლის მეურნეობა და მრეწველობა რჩებოდა. ქვეყანამ წარმატებით დაიწყო რეფორმები განათლების სისტემის შესაქმნელად, რამაც ეროვნულ თვითშეგნებას შეუწყო ხელი.
1920 წლის 15 ივნისს, ესტონეთის ტერიტორიებიდან უცხო ქვეყნის ჯარების გასვლის შემდეგ, ქვეყანამ ახალი კონსტიტუცია მიიღო. მმართველობის თვალსაზრისით, ესტონეთი დემოკრატიული რესპუბლიკა იყო. კონსტიტუცია ამყარებდა პროპორციული წარმომადგენლობის სისტემას და ქვეყანაში მუშაობდა საკანონმდებლო ორგანო სახელწოდებით “Riigikogu”, რომელიც დღესაც ესტონეთის პარლამენტის სახელწოდებაა. 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ესტონეთის პირველ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა პროპორციული სისტემით. დაწესდა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი, რამაც საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსები პატარა პარტიებსაც მისცა. პარლამენტის პირველი სხდომა კი 1920 წლის 20 დეკემბერს შედგა.
“რიიგიგოკუ” 100-მა დეპუტატმა დააკომპლექტა და განსაკუთრებული პოლიტიკური პლურალიზმით გამოირჩეოდა. ყველაზე მეტი, 22 მანდატი “ესტონეთის ლეიბორისტულმა პარტიამ” მიიღო, რომელიც ცენტრისტული პოზიციებით გამოირჩეოდა და სოციალური რეფორმების გატარებით იყო დაინტერესებული. 18 ადგილი მოიპოვა “ესტონეთის სოციალისტურმა მუშათა პარტიამ,” რომელიც სოციალურ რეფორმებთან ერთად მუშების ინტერესებზე იყო ორიენტირებული. “ფერმერების ასამბლეამ” პარლამენტში 21 ადგილი მიიღო, ისინი მემარჯვენეები იყვნენ და აგრარული საკითხების წამოწევას ცდილობდნენ. “ესტონეთის სახალხო პარტიამ” 10 ადგილი მოიპოვა, რომლებიც ლიბერალურ ეკონომიკას და ერის განვითარებას უჭერდნენ მხარს. პარლამენტში შევიდა, “ქრისტიანი ხალხის ერთობა” – 7 მანდატით, რომლებიც ქრისტიანულ ღირებულებებზე სვამდნენ აქცენტს. დანარჩენი 13 მანდატი კი პატარა პარტიების წარმომადგენლებს ერგოთ. შედეგად, რიიკიგოკუს პირველი მოწვევა ხასიათდებოდა მრავალფეროვნებით. პარტიების ფართო სპექტრმა კოალიციური მთავრობის შექმნა განაპირობა. ამ პერიოდის მთავრობები ხანმოკლეობით გამოირჩეოდნენ, რადგან პარტიებს ერთმანეთში ხშირად მოსდიოდათ უთანხმოება. პირველ ხუთ წელიწადში 7-8 პრემიერი შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ესტონეთის პირველი პარლამენტი ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების საფუძვლად იქცა.
ახალგაზრდა რესპუბლიკა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საერთაშორისო გამოწვევებს აწყდებოდა. ამის მიუხედავად, 1920 წელსვე დაიწყო აგრარული რეფორმები. გაუქმდა არისტოკრატია და მათი ქონება განაწილდა ომის მოხალისეებზე. აღნიშნული პერიოდი ესტონური აღორძინების ხანად მიიჩნევა. ქვეყანას დროებით აღარ ჰყავდა საგარეო მოწინააღმდეგე, რამაც საშუალება მისცა საშინაო საქმეები მოეწესრიგებინა. აღორძინდა ცხოვრების ყველა სფერო, დაწყებული სპორტიდან დასრულებული ლიტერატურამდე. 1921 წლის 22 სექტემბერს ესტონეთი ერთა ლიგის წევრიც გახდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მყიფე მშვიდობა სუფევდა, რაც პატარა ქვეყნებისთვის საქმეს ართულებდა. საბჭოთა რუსეთი ვერ ეგუებოდა თავის მარცხს და, მიუხედავად ესტონეთის აღიარებისა, ცდილობდა ქვეყანა შიგნიდან გაეტეხა. 1924 წლის 1 დეკემბერს ტალინში სამხედრო გადატრიალება მოაწყო, თუმცა ესტონელებმა ეს საფრთხეც გაანეიტრალეს.
1925 წელს ესტონეთმა მიიღო კანონი კულტურული ავტონომიურობის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროპაში ეთნიკური უმცირესობების დაცვის კუთხით. კანონმა უმცირესობებს კულტურულ საკითხებში თვითმმართველობის უფლება მისცა. იგი განსაკუთრებით სასარგებლო იყო ესტონეთში მცხოვრები გერმანელებისთვის, შვედებისა და ებრაელებისთვის, რაც მათ აძლევდათ საშუალებას შეენარჩუნებინათ საკუთარი ენა, სკოლები, ორგანიზაციები და ტრადიციული კულტურა. 1920-იანი წლების ბოლოს ესტონეთი ეკონომიკურად ძალიან დააზარალა დიდი დეპრესიის შედეგად გამოწვეულმა არასტაბილურობამ. სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები დავარდა, რამაც ქვეყნის რეფორმირებულ აგრარულ სექტორს დიდი დარტყმა მიაყენა. გაიზარდა სიღარიბე სოფლებში და სოციალური მღელვარებებიც უფრო მეტად შესამჩნევი გახდა.
ესტონეთში 1918-დან 1934 წლამდე 20-ზე მეტი მთავრობა შეიცვალა. მუდმივი პოლიტიკური ცვლილებების გამო, ბევრი კონსტიტუციურ რეფორმებს ითხოვდა. 1930-იან წლებში პოპულარული გახდა ომის ვეტერანთა ლიგა, რომელიც ნაციონალისტური, პოპულისტური და ავტორიტარული პოლიტიკის საჭიროებით გამოდიოდა. ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვეტერანთა ლიგა დემოკრატიულ სისტემას აბრალებდა და მთავრობას “რკინის ხელის” პოლიტიკისკენ მოუწოდებდა. ლიგის პოპულარობა ესტონეთში საკმაოდ გაიზარდა, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის, რადგან დიდი დეპრესიის შემდეგ გამოწვეულმა მოვლენებმა ქვეყანაში აგრარული სექტორი საკმაოდ დააზიანა.
ამგვარი გამოწვევების ფონზე, 1933 წელს ესტონეთის მთავრობამ მიიღო ახალი კონსტიტუცია და შექმნა სახელმწიფო უხუცესის პოსტი, რომელსაც ფართო უფლებამოსილება მიანიჭა აღსრულებით ნაწილში. ეს სისტემა პოლიტიკური არასტაბილურობის მოგვარებისთვის შეიქმნა, თუმცა ქვეყანაში ავტორიტარიზმი წაახალისა. 1934 წლის იანვრისთვის ვეტერანთა ლიგა მომავალ არჩევნებში ფავორიტად მიიჩნეოდა. პრემიერი კონსტანტინ პეტსი არ დაელოდა არჩევნებს, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და ამავე წლის 12 მარტს პარლამენტი დაშალა, არჩევნები კი გაურკვეველი დროით გადადო. ვეტერანთა ლიგა აიკრძალა, მისი ლიდერები კი დაიჭირეს. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ძალაუფლების ვერტიკალი, რომლის სათავეშიც კონსტანტინ პეტსი აღმოჩნდა. მან დაიწყო ოპოზიციური პარტიების ჩახშობა და თავისი ძალაუფლების კონსოლიდაცია. პეტსმა თავისი ნაბიჯები იმით გაამართლა, რომ ვეტერანთა ლიგის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ის ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს დაამყარებდა, თუმცა, პეტსი თავად უყრიდა საფუძველს ავტორიტარულ ესტონეთს, ამას კი ესტონეთის დაცვითა და სტაბილურობით ამართლებდა. ვეტერანთა ლიგის პოპულარობა პეტსმა თავისი პოლიტიკური ძალაუფლების გასაზრდელად გამოიყენა. მან დაიწყო მედიისა და საზოგადოებრივი აზრის კონტროლი. 1937-1938 წლებში შეიქმნა ახალი კონსტიტუცია, რომელიც პეტსის რეჟიმის საყრდენი გახდა. ახალმა კონსტიტუციამ გააძლიერა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლო დაენიშნა პრემიერი და დაეთხოვა პარლამენტი. ოპოზიცია იზღუდებოდა და მის წარმომადგენლებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევდნენ.
1930-იანი წლების ესტონეთის ისტორია ეს იყო ეკონომიკური კრიზისების, პოლიტიკური ტრანზიციისა და პოპულისტური მოძრაობებით სავსე პერიოდი. პეტსი ქვეყანაში მთავარ პირად გადაიქცა, რომლის დროსაც დაიწყო დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება და დამყარდა ავტორიტარული რეჟიმი.
1930-იანი წლების ეკონომიკური რეცესიის გამო ქვეყანაში ულტრამემარჯვენე განწყობები გაძლიერდა, რომელიც პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. გამოჩნდნენ ქარიზმატული ლიდერებიც – არტურ სირკი და ანდრეს ლარკა. ამას ყურადღებით აკვირდებოდა კონსტანტინ პეტსი, რომელიც ცდილობდა არ დაეშვა ესტონური მოსახლეობის გახლეჩა და პოტენციური სამოქალაქო ომი. მას შემოაქვს მკაცრი კანონები და შლის მემარჯვენე ვეტერანთა ლიგას, რაც ესტონური დემოკრატიის განვითარებაზე დადებითად ვერ აისახა. კონსტანტინ პეტსმა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა თავისი ძალაუფლება და პრემიერობასთან ერთად პრეზიდენტის თანამდებობაც შეითავსა. 1934 წელს პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინ პეტსმა პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალება განახორციელა, რითაც დაითხოვა პარლამენტი და აკრძალა პარტიების საქმიანობა.
ამავე პერიოდში, საბჭოთა მხარემ დადგა სპექტაკლი და თითქოს რეფერენდუმი ჩაატარა, რომელიც მხარს უჭერდა ესტონეთის კავშირთან შეერთებას, თუმცა პეტსმა არ ცნო რეფერენდუმის ლეგიტიმურობა. პრეზიდენტს მალევე ხელიდან გამოეცალა ყველა ბერკეტი და 1940 წლის 14 ივნისს მხარი დაუჭირა ქვეყნის საბჭოთა კავშირთან მიერთებას სისხლისღვრის თავიდან აცილების ეგიდით. პეტსი დააკავეს, ქვეყანაში დახურეს საელჩოები და ესტონეთმა დაკარგა ოფიციალური დამოუკიდებლობა.
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადებამ ესტონეთის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. 1939 წლის 23 აგვისტოს გერმანიის მესამე რაიხსა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საიდუმლო პროტოკოლების მიხედვითაც, ჰიტლერმა და სტალინმა ევროპის ტერიტორიები გაინაწილეს. ესტონეთი უშუალოდ შევიდა სტალინის სამომავლო გავლენის არეალში. პაქტის გაფორმებიდან მალევე საბჭოთა კავშირმა აიძულა ესტონეთი ხელი მოეწერა ურთიერთდახმარების მემორანდუმისთვის. საბჭოთა გავლენებს პრეზიდენტი კონსტანტინ პეტსი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ვერაფერს გახდა. 1940 წლის ივნისში იგი დათმობაზე წავიდა და დათანხმდა კომუნისტური პარტიის მონაწილეობაზე ქვეყნის არჩევნებში. პეტსს არ სურდა სამხედრო დაპირისპირება ფინეთის მსგავსად და რბილი მიდგომებით გამოირჩეოდა, რამაც გაუხსნა ფეხი საბჭოთა მცდელობებს დაეწყოთ ქვეყნის ანექსია და დაემყარებინათ საბჭოთა დიქტატურა. მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად ესტონეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, თუმცა ასე უფრო მეტად იქცა საბჭოთა სამიზნედ, რადგან მის წინააღმდეგ მარტო დარჩა.
საბჭოთა მხარე კი ყველაფერს აკეთებდა ესტონეთის გასაბჭოებისთვის. ქვეყანაში გახსნა თავისი სამხედრო ბაზები ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად, დადგა ერთგვარი სპექტაკლი და ჩაატარა მოჩვენებითი რეფერენდუმი, რომელიც მხარს უჭერდა ესტონეთის კავშირთან შეერთებას. ცხადია, პეტსმა არ სცნო რეფერენდუმის ლეგიტიმურობა. საბჭოთა ზეგავლენის შედეგად, პეტსს ბერკეტები ხელიდან გამოეცალა და 1940 წლის 14 ივნისს მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირთან მიერთებას. ეს კი გაამართლა იმით, რომ მან ქვეყანას სისხლისღვრა აარიდა თავიდან.
საბჭოთა კავშირმა ესტონეთი ყოველგვარი ომის გარეშე დაიკავა, თუმცა, ახალ ქვეყანაში ჩვეული სტილით შევიდა. დაიწყო რეპრესიები. ოკუპაციიდან ორ კვირაში ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა, სადაც მონაწილეობა საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა მიიღეს, აიკრძალა ოპოზიციური პარტიები. მასობრივი დაშინებისა და კონტროლის პირობებში კომუნისტურმა “სახალხო ბლოკმა” 93% აიღო. არჩევნების შემდეგ კი, საბჭოთა მმართველობამ დააკმაყოფილა ესტონეთის “ლეგიტიმური” მოთხოვნა გამხდარიყო კავშირის ახალი წევრი. ოკუპირებულ ესტონეთში პირველ წელს ათასობით მოწინააღმდეგე გადაასახლეს და აწამეს. გადაასახლეს მათ შორის კონსტანტინ პეტსიც.. დაიმორჩილეს ადგილობრივი სამხედრო ელიტა და მოსახლეობაზე სრული კონტროლი მოიპოვეს.
საბჭოთა ანექსია ესტონეთის ისტორიაში შავ ფურცლად რჩება. საერთაშორისო სამართალი და ისტორიოგრაფია საბჭოთა კავშირის ქმედებას ანექსიად მიიჩნევს, რადგან ესტონეთის კავშირში შესვლა მოხდა ზეწოლისა და ულტიმატუმის გზით და არა ნებაყოფლობით. ანექსიის შემდეგ საბჭოელებმა გააუქმეს ეროვნული ინსტიტუტები და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს პროპაგანდისა და მმართველობის დანერგვა.
საინტერესოა ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომში ესტონეთი კვლავ გერმანიამ დაიპყრო. 1944 წელს გერმანიის შესუსტების პარალელურად, 21 სექტემბერს რესპუბლიკამ კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდა. ესტონეთში კვლავ საბჭოთა მმართველობა დამყარდა. ესტონეთში მოქმედებდა “ტყის ძმების” შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ ერთიანდებოდა. მათ რიგებში 15 ათასი კაცი ირიცხებოდა და პარტიზანულ ბრძოლებს 1956 წლამდე აწარმოებდა.
1942 წლიდან კონსტანტინ პეტსი დაექვემდებარა რეპრესიულ ფსიქიატრიას სხვადასხვა დაწესებულებაში. 1952 წლის დეკემბრიდან პეტსი იმყოფებოდა ბურაშევოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კალინინის მახლობლად. გადმოცემის თანახმად, როცა მას ეკითხებოდნენ, ვინ იყო, ის პასუხობდა: „მე ვარ ესტონეთის პრეზიდენტი"; ამ განცხადებას პალატაში მყოფი პაციენტები და თანამშრომლები არ იღებდნენ სერიოზულად და პაციენტს მეტსახელი - „პრეზიდენტი“ - შეარქვეს. სამი წლის განმავლობაში საავადმყოფოში გატარების შემდეგ, 1956 წლის 18 იანვარს კონსტანტინ პეტსი გარდაიცვალა.
კონსტანტინ პეტსი
მიუხედავად მსგავსი წამებისა, კონსტანტინ პეტსი ესტონურ ეროვნულ მეხსიერებასა და ისტორიოგრაფიაში არ აღიქმება ცალსახა ფიგურად. განუზომელია მისი როლი ესტონეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ამავდროულად, საუბრობენ 1934 წელს ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარებაზე. თუმცა, მის შესახებ უარყოფითი აზრები დაკავშირებულია ბოლშევიკური რუსეთისთვის უბრძოლველად ქვეყნის ჩაბარებასთან. 2019 წელს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიურანდი შეეწინააღმდეგა საზოგადოების ნაწილის ინიციატივას - კონსტანტინ პეტსის ძეგლის აღმართვასთან დაკავშირებით.
სტატიაში აღწერილია ის მძიმე პერიოდი, რომელიც ესტონეთმა გაიარა 1920-1940 წლებში და კარგად ჩანს, თუ როგორ ჩამოყალიბდა და რა ფორმები შეიძინა ესტონეთის პოლიტიკურმა სისტემამ და კულტურამ ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში. ამ მხრივ, ქვეყანა საინტერესო ფენომენს წარმოადგენს.
მსგავსად რიგი ქვეყნებისა, ესტონეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა გახდა. 1918-1940 წლებში ესტონეთმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, რომლის 22 წლიანი პერიოდი ძალზედ პროდუქტიული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. პირველი რესპუბლიკის პერიოდში, განსაკუთრებით კი 1918-1934 წლებში ჩამოყალიბებულმა დემოკრატიულმა ტრადიციებმა და დაგროვილმა გამოცდილებამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ავტორიტარული ტრანზიცია და საბჭოთა ტოტალიტარიზმი ესტონეთისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცა. მსგავსად რიგი ქვეყნებისა, 1991 წელს ესტონეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შედეგად, ესტონეთი ევროპის ერთ-ერთი წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა გახდა.
ბიბლიოგრაფია:
1. პეტტაი, ველო. 2013. ევროპული დემოკრატიული ნაციონალური პოლიტიკური სისტემების შედარებითი მიდგომა: ესტონეთი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.
2. Kasekamp, Andres (2000). The Radical Right in Interwar Estonia. Palgrave Macmillan
3. კარელსონი, კაი. 2016. ერთმანეთის აღმოჩენა. რადიო თავისუფლება: ინტერვიუ იხ. ბმული
4. ბატიაშვილი, ზურაბ. ესტონეთის ბრძოლა თავისუფლებისთვის. იხ. ბმული
5. Raun, T. U. Estonia and the Estonians (Stanford University Press, 1991), გვ. 120–145
6. Made, V. Democracy in Estonia: From Independence to Authoritarian Rule (2003).
7. Laur, M., et al. History of Estonia (2012), გვ. 245–260.
8. Hiden, J., & Salmon, P. The Baltic Nations and Europe: Estonia, Latvia and Lithuania in the Twentieth Century (Longman, 1991), გვ. 45–62.
9. Taagepera, R. The Baltic States: Years of Dependence, 1940–1990 (Hurst & Company, 1993)
10. Arjakas, Küllo 2008. "23. ja 24. veebruar 1918: kuidas iseseisvust kuulutati" (in Estonian). Postimees. Archived from the original on 26 February 2008. Retrieved 24 February 2008.
11. Vahtre, Lauri 2007. "89 aastapäeva – sinimustvalgega ja ilma" (in Estonian). Postimees. Archived from the original on 2 March 2007. Retrieved 24 February 2008.