...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

ანრიდი სანაია - საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი

16 იანვარი 2025


ანრიდი (ბუჭა) პავლეს ძე სანაია (დ. 1937 წ. ზუგდიდი) - დისიდენტი, “საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ახალგაზრდული ორგანიზაციის“ დამფუძნებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობის ლიდერი ზუგდიდში. მამა – აგრონომი, დედა – დიასახლისი.

1956 წელს დაამთავრა ზუგდიდის №6 საშუალო სკოლა და დაიწყო მუშაობა ზუგდიდის "კოლმეურნმშენში" სანტექნიკოსად. 1960 წელს ჩააბარა ორჯონიკიძის სახელობის მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის სასწავლო განყოფილებაში.

1960 წლის ზაფხულში ანრიდი სანაიამ და ვალტერ შურღაიამ დააარსეს "საქართველოს განთავისუფლებისთვის მებრძოლი ორგანიზაცია”. მათ მიაჩნდათ, რომ საქართველო, რომელიც მდიდარია სახელმწიფოებრიობის უძველესი ისტორიით, საბჭოთა კავშირში კი გაერთიანებულია ძალდატანებით - უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი. ორგანიზაცია ემხრობოდა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. ორგანიზაციაში მიიწვიეს სერგო სორდია, ჰამლეტ სანაია, და მოგვიანებით გურამ მაკალათია. უკვე შემოდგომაზე, ორგანიზაციაში გაწევრიანებული იყო 18 ადამიანი.

ორგანიზაციამ გამართა ოთხი არალეგალური შეკრება, რომელზეც განხილული იყო კონსპირაციის საკითხები, საწევრო ფონდის ჩამოყალიბების საკითხი, პროკლამაციების დამზადება და გავრცელება, ტიპოგრაფიული შრიფტისა და ქაღალდის შეძენა, ორგანიზაციის მიზნები და მათი რეალიზაციის გზები და ა.შ.

ახლოვდებოდა 1961 წლის 25 თებერვალი – საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მე-40 წლისთავი. თარიღისთვის მზადება საბჭოთა საქართველოში რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვიტეს თავიანთი “საჩუქარი“ მიეძღვნათ ამ თარიღისთვის და პროკლამაციები 25 თებერვლამდე გაევრცელებინათ. ანრიდი სანაიას წინადადებით, გადაწყდა პროკლამაციები გაევრცელებინათ კინოთეატრებში ბოლო სეანსის ბოლო წუთებზე. პროკლამაციის ტექსტი დაწერა ანრიდი სანაიამ, ხოლო შესწორება შეიტანა ვალტერ შურღაიამ. ფურცლები იბეჭდებოდა სანაიას სახლში, თვითნაკეთ მოწყობილობაზე, შრიფტით, რომელიც სანაიამ და შურღაიამ მოიპოვეს ზუგდიდის გაზეთ "მებრძოლის” ტიპოგრაფიაში. საბეჭდი ქაღალდით ორგანიზაცია მოამარაგა ზაურ რატიამ, რომელმაც ზუგდიდის ქაღალდის კომბინატში სხვა მიზნისთვის შეიძინა ქაღალდის რულონი. 

1961 წლის 28 და 30 იანვარს, ერთსა და იმავე დროს, საღამოს 8 საათზე, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, ცხაკაიაში (სენაკი), ხობსა და ფოთში, ორგანიზაციის წევრებმა გაავრცელეს პროკლამაციები, რომლითაც მოსახლოებას მოუწოდებდნენ დაეწყოთ ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთის. 28 იანვარს, ანრიდი სანაიამ 500 პროკლამაცია გაავრცელა ქუთაისის კინოთეატრ "კომუნასთან". პროკლამაციების გავრცელებაში ორგანიზაციის წევრებს ეხმარებოდნენ ადგილობრივებიც. პარალელურად, პროკლამაციები გავრცელდა შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი - კინოთეატრი “რუსთაველი”; ფოთი - კინო-თეატრი “კომკავშირელი”; სოხუმი - სახელმწიფო დრამატული თეატრი და ა.შ. 

კონსპირაციის მიზნით, გადაწყდა, პროკლამაციები არ გავრცელებულიყო ზუგდიდში, მაგრამ КГБ-მ მაინც მოახერხა და დაადგინა, რომ ბუკლეტები იბეჭდებოდა ზუგდიდში გამომავალი გაზეთის, „მებრძოლის“, შრიფტით, რის შემდეგაც თვალთვალი დააწესეს ამ გაზეთის სტამბის ახალგაზრდა თანამშრომელზე, რომელიც შრიფტს აწვდიდა ახალგაზრდულ ორგანიზაციას.

 

პროკლამაციის ტექსტი მოკლე და მარტივად გასაგები იყო:

ქართველნო! დამოუკიდებლობის მსურველნო – ერთად დამოუკიდებლობისაკენ! პირადი და საშვილიშვილო საქმისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მოგიწოდებთ თქვენ, ქართველებო! ქართველი ახალგაზრდობის ახალგაზრდა, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ორგანიზაცია. ყოველი ქართველი ვალდებულია იბრძოლოს დამოუკიდებლობისათვის.

ამხანაგებო! მეგობრულად, ერთი გრძნობით, ამ დიდი საქმისთვის მხარდაჭერით, ქართული სიმტკიცით, გავერთიანდეთ ვიბრძოლოთ და მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა.

 

ანრიდი სანაია დააკავეს 1961 წლის 1 ნოემბერს. საქ. სსრ უზენაესი სასამართლოს 15.01.1962 წლის განჩინებით, საქართველოს სსრ–ის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით 71-1 და 73, ორგანიზაციის წევრებს განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა შემდეგი ვადებით: სანაია ა.პ. – 4 წელი, სორდია ს.ს. – 2 წელი, შურღაია ვ.გ. – 1 წელი, ქირია რ.მ. – 1 წელი, ხოლო სანაია გ.ვ. და მაკალათია გ.ე. – 1 წელი პირობითი მსჯავრი.

 

სანაიას დედამ და ძმამ, რომლებიც აპროტესტებდნენ მის დაკავებას და სასამართლო განაჩენს, დაამზადეს საპროტესტო პოსტერები და გააკრეს თბილისში, მთავრობის სახლის მიმდებარე შენობებზე, რის გამოც ისინიც გაასამართლეს. ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის დედას შეეფარდა 2 წელი პირობითი მსჯავრი, ხოლო ძმას – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ანრიდი სანაია სასჯელს იხდიდა მორდვეთის სსრ–ის პოლიანსკის რაიონის დასახლებაში - იავასი. ბანაკში სანაია პრინციპულად არ ესწრებოდა პოლიტიკური საკლასო გაკვეთილებს და არ იღებდა მონაწილეობას ე.წ. “შაბათობებში,” რის გამოც ბანაკის ადმინისტრაცია მას სჯიდა და ხშირად უშვებდა იზოლატორში, შეზღუდული ჰქონდა წერილებისა და ამანათების მიღება.

გადასახლებიდან დაბრუნდა სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ - 1965 წლის 5 ნოემბერს. შეეძლო სწავლა გაეგრძელებინა მოსკოვში, თუმცა უარი თქვა და დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელების გზების ძიება. იყო КГБ-ს მუდმივი დაკვირვების ობიექტი. ვალტერ შურღაიასთან და სხვა ყოფილ პოლიტპატიმრებთან ერთად განიხილავდა ანტისაბჭოთა ჯგუფის შექმნას. ამ მიზნით, სანაია და შურღაია 1968 წელს შეხვდნენ ცნობილ მწერალს, პატრიოტსა და ყოფილ პოლიტპატიმარ ლევან გოთუას, რომელმაც ჯამში 20 წელი გაატარა გულაგის ბანაკებში და რომელიც ჯერ კიდევ 1926 წელს დააკავეს, სასჯელი კი მოახდევინეს ე.წ. “სოლოვკების” ბანაკში. ერთიან ბრძოლის შესახებ მათთან თანამშრომლობის წინადადებაზე ლ. გოთუამ უარი განაცხადა. მათ ასევე ვერ შეძლეს არალეგალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოვნა, მაშინ მათ გადაწყვიტეს თანამოაზრეებთან, მათ შორის ზაურ ქობალიასთან ერთად ემოქმედათ ღიად, მიმალულიყვნენ ტყეში, ეპოვათ გამოქვაბული, დაებეჭდათ ანტისაბჭოთა პროკლამაციები და ა.შ., თუმცა ეს მიზანიც ვერ განახორციელეს.

 

ანრიდი სანაია 1985 წელს შევიდა განახლებული ქართული ჰელსინკის ჯგუფის შემადგენლობაში. იგი აქტიურად მონაწილეობდა 1988 წლის ნოემბრისა და 1989 წლის აპრილის დემონსტრაციებში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ზვიად გამსახურდიას საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მან დატოვა „კოლმეურნმშენი”, სადაც ინჟინრად მუშაობდა, და დაიწყო ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა. იგი დაინიშნა ბატალიონის მეთაურად. ქვეყნის მთავარ პარტიაში და ეროვნული გვარდიის შიგნით განხეთქილებისა და წინააღმდეგობის დროს, სანაია გადავიდა მთავრობის მხარეს. მარცხის შემდეგ, ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც მთავრობის სახლი დატოვა, დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში და გაწევრიანდა ახლად ორგანიზებულ „ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტში.” 1993 წლის 31 დეკემბერს, ოფიციალური ვერსიით, ზვიად გამსახურდიამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. თუმცა, „ეროვნული დაუმორჩილებლობის“ კომიტეტის წევრები, მათ შორის ანრიდი სანაია, აგრძელებდნენ ბრძოლას კანონიერი მთავრობის აღდგენისთვის, მაგრამ არა ძალადობრივი, არამედ დემოკრატიული მეთოდებით და პარალელურად, საზოგადოებრივი დაძაბულობის შესამსუბუქებლად, მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ შერიგების პროცესშიც.

 

წყაროები:

საქართველოს შსს არქივში დაცული მასალა;

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი, ანრიდ სანაიას კოლექცია;

ზეპირი მოგონებები.