16 იანვარი 2025
ზაურ დავითის ძე ქობალია დაიბადა 1941 წელს. დაბ. სოფ. კორცხელში, ზუგდიდის რაიონში.
ზაურ ქობალიას მამა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა სოფელ კორცხელში და ფოსტის გამგედ მუშაობდა. 1946 წელს, მას შემდეგ რაც მეზობელი ქალის ღირსების დაცვა სცადა, მას რუსმა ოფიცერმა ესროლა და მოკლა. შემდგომ, მკვლელი მისმა მეგობარმა გამოასალმა სიცოცხლეს. ზაურ ქობალიას დედა, ეთერი მამაგულაშვილი, დიასახლისი იყო. იგი აღიზარდა აღმზრდელებთან - ბაბუის დის და მისი მეუღლის ოჯახში, სოფელ ოდიშში, რომლებიც არსებული ტრადიციის შესაბამისად, მის მიმღებ მშობლებად ითვლებოდნენ.
1958 წელს ქობალიამ სოფელ კორცხელის სკოლა დაამთავრა და ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ჩააბარა. დაპატიმრების მომენტში იგი ტექნიკუმის სტუდენტი იყო.
ზაურ ქობალია კოლმეურნეთა გარემოცვაში იზრდებოდა და მათ ცხოვრებას მონათმფლობელურ წყობას ადარებდა: გადასახადები გლეხებს ახრჩობდნენ, თითოეული ოჯახი ვალებში იყო ჩაფლული, პროტესტის ნებისმიერი გამოვლინება მკაცრად ისჯებოდა. ქობალიას მეზობელი, შოთა ლაგვილავა, გადაასახლეს იმისთვის, რომ ქათმის სურათს პლაკატზე მიახატა ყულფი და წააწერა: „ვერ შევასრულე კვერცხების ჩაბარების გეგმა.“
სოფელში უსამართლობისა და სისასტიკის აღზევებამ, რაც განსაკუთრებით გამძაფრებული იყო, და სამშობლოს კოლონიურმა მდგომარეობამ ქობალიას ანტისაბჭოთა სული ჩამოაყალიბა მან გადაწყვიტა ბრძოლა გაემართა უსამართლობის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.
ზაურ ქობალია ანტისაბჭოთა ჯგუფის შექმნის ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. პროკლამაციების დასაბეჭდად საჭირო საბეჭდი მანქანა მან 1962 წლის 12 მარტს გ. კოჩუასთან ერთად ზუგდიდის რაიონის სანეპიდსადგურის კანცელარიიდან მოიპოვა. ბეჭდვის და ფურცლების გამრავლების უზრუნველსაყოფად მან სტამბის შრიფტები მოაგროვა და საბეჭდი დანადგარის დამზადებას შეუდგა, თუმცა მისი დასრულება ვერ მოახერხა. ზაურ ქობალია, ინდიკო ქობალია და ედემ კვირტია, პროკლამაციების დასაბეჭდად საჭმელით დატვირთულები ორი-სამ დღით, ტყეში გადიოდნენ და მღვიმეში მუშაობდნენ ხოლმე.
ქობალიამ არალეგალური ორგანიზაციის მსგავსი უჯრედები ჩამოაყალიბა სოხუმში, ზესტაფონში, ცხაკაიასა (სენაკი) და ხონში. ჯგუფის წევრები პროკლამაციებს შესაბამის ტერიტორიაზე ავრცელებდნენ.
1963 წელს, ზაურ ქობალია ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ქობალიას სახლში ჩხრეკისას ამოიღეს რვა სასწავლო რვეული, მისი ლექსებითა და მოთხრობებით. ქობალიამ სასჯელი მორდვეთის რესპუბლიკაში, ზუბოვო-პოლიანსკის რაიონის, იავასის პოლიტბანაკში მოიხადა. ის 40-ე ზონაში იმყოფებოდა, სადაც იმავე პერიოდში სასჯელს იხდიდნენ ინდიკო ქობალია, ედემ კვირტია, ასევე რამდენიმე ძალიან ცნობილი რუსი დისიდენტი: იულიი დანიელი, ანდრეი სინიავსკი, ლუკიანენკო, მოროზი და ძმები გორინები. სასჯელს მათთან ერთად იხდიდა ასევე ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის გასამართლებული ინგუშეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი – ისა კოძოევი.
ზაურ ქობალია გადასახლებიდან 1968 წელს დაბრუნდა, 10-წლიანი საპასპორტო შეზღუდვით. ზუგდიდში ცხოვრობდა. ვ. შურღაიასთან, ს. სორდიასთან და ი. ქობალიასთან ერთად ქობალია ანტისაბჭოთა შტაბის შექმნას ცდილობდა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ასევე წარუმატებლად დასრულდა მცდელობა, რომლითაც ვ. შურღაიასა და სხვა დისიდენტებთან ერთად ქობალიამ ტყეში გადასვლა, მღვიმის პოვნა და ანტისაბჭოთა პროკლამაციების ბეჭდვა სცადა. 1973 წელს ქობალია ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა, რის შემდეგაც ორი წელი უგონოდ იწვა და დაახლოებით ათი წელი ყავარჯნებით გადაადგილდებოდა.
1988 წლიდან ზაურ ქობალია ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და გახდა არაფორმალური გაერთიანების, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების,“ წევრი.
1989 წლის ივნისში ქობალია აქტიურად მონაწილეობდა ზუგდიდის მოვლენებში, როცა ადგილობრივები სოხუმელი ქართველების გვერდით დადგომას ცდილობდნენ. ეს მოხდა აფხაზებთან კონფლიქტის დროს, როცა მათ ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობის სოხუმელი ლიდერი - ვლადიმერ (ვოვა) ვეკუა მოკლეს. იმ პირებზე, ვინც ხალხის პროტესტს ხელმძღვანელობდა, მათ შორის ქობალიაზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ქობალია ერთი წლის განმავლობაში თბილისში, მერაბ კოსტავასა და ზურაბ ჭავჭავაძის სახლებში იმალებოდა.
ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იგი აბასთუმანში, ფილტვის დაავადებათა სამკურნალო კურორტზე გადაიყვანეს.
1990 წლის 9 აპრილს, მან კოლეგებთან ერთად ხელი მოაწერა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.” 1990 წელს ქობალია საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახდა. ის გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და უზენაესი საბჭოს “ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი კომისიის” თავმჯდომარე. ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ, ის ზუგდიდში გაემართა და მონაწილეობა მიიღო „ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტის“ ორგანიზებაში. მონაწილეობდა შემდგომ განვითარებულ მოვლენებში.
1994 წლის 25 თებერვალს ზაურ ქობალია დააკავეს სამშობლოს ღალატისა და ბანდიტიზმის ბრალდებით. 1996 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე საყვარელიძემ განაჩენში ქობალიას ბრალი დაამძიმა, რადგან აღნიშნა, რომ იგი ადრე უკვე ნასამართლევი იყო მძიმე დანაშაულისთვის. საუბარი იყო 1963 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის მის წარსულ სასჯელზე.
2000 წლის 4 თებერვალს ქობალიამ და მის მსგავსად დაპატიმრებულებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ევროპის საბჭოს მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებასთან იყო დაკავშირებული და სამოქალაქო ომის მხარეთა შერიგებას ითვალისწინებდა, ქობალია 2000 წლის 20 აპრილს, ვადამდე გათავისუფლდა.
2002-03 წლებში ზაურ ქობალია იყო “ეროვნული თანხმობის კავშირის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.
2000 წელს გამოიცა მისი რომანი “სტუმარი”, ასევე ლექსებისა და პოემების კრებული. “ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის” შესასვლელი კარი მის მიერაა ხეში ამოკვეთილი. იგი ამავე ტაძრის სტიქაროსანი გახლდათ.
ზაურ ქობალია გარდაიცვალა 72 წლის ასაკში, 2012 წლის დეკემბერში.
წყაროები:
საქართველოს შსს არქივში დაცული მასალა;
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი, ედემ კვირტიას კოლექცია;
ზეპირი მოგონებები.