16 იანვარი 2025
ენრიკო თვალაძე დაიბადა 1938 წლის 13 იანვარს, თბილისში. მამა – ზაქარია ზაქარიას ძე თვალაძე მუშაობდა ვეტერინარად ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს სისტემაში, ხოლო დედა – ლუიზა ალფონსის ასული სიმონისი, ეროვნებით ბელგიელი, კი კულტურის სისტემის მუშაკი იყო.
1956 წელს დაამთავრა თბილისის №4 რუსულენოვანი საშუალო სკოლა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ ქ. კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ცდილობდა ჩაბარებას, თუმცა დიდი კონკურსის გამო ვერ ჩაირიცხა. მომდევნო, 1957 წელს ჩააბარა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის პუშკინის სახელობის ისტორიულ ფაკულტეტზე, მაგრამ პირველი სემესტრის დასრულების გარეშე სწავლა მიატოვა, რადგან თეოლოგიის შესწავლა სურდა.
ტარიელ ღვინიაშვილი, ენრიკო თვალაძე
1987 წელი (განთავისუფლების მეხუთე დღე)
1957 წელს ენრიკო თვალაძე გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. მალევე კონფლიქტი მოუვიდა ასმეთაურთან, რის გამოც სამხედრო ნაწილიდან გაიქცა, კიევში ჩავიდა, საიდანაც პოლონეთის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთასა და დედის ძმასთან – გუსტავ სიმონისთან ჩასვლას აპირებდა, რომელიც ვარშავაში ბელგიის საელჩოში მუშაობდა. გეგმების განხორციელება ვერ მოახერხა – ქ. ბრესტთან, საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.
1959 წლის 5 აგვისტოს, კიევის ოლქის სამხედრო ტრიბუნალმა თვალაძეს სამშობლოს ღალატის მცდელობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელს იგი მორდვეთის ასსრ-ში, „დუბრავლაგში“ იხდიდა. იმ პერიოდში იქვე იხდიდნენ სასჯელს: რ. მეხეიძე, ი. ორეხოვი, ა. მელაძე, ო. მექვაბიშვილი, ა. ბათოშვილი, ი. მდინარაძე და ზ. ქობალია, გ. ბარამიძე, ი. ფაჩულია და სხვ.
გათავისუფლების შემდეგ ენრიკო თვალაძე თბილისში დაბრუნდა და დაიწყო სტომატოლოგიურ ლაბორატორიაში შეგირდად მუშაობა. 1966 წელს მოეწყო ქალაქ პიატიგორსკის სამედიცინო ტექნიკუმში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა და სტომატოლოგიური ტექნიკოსის კვალიფიკაცია მიიღო. 1967 წელს მან იუდაიზმი მიიღო და გადაწყვიტა სსრკ-ს დატოვება.
1969–1972 წლებში ქ. რუსთავის რკინიგზის ამბულატორიაში, სტომატოლოგიურ ტექნიკოსად მუშაობდა. 1972 წელს, მას შემდეგ, რაც ისრაელიდან მოწვევა მიიღო, თვალაძემ მიმართა სსრკ-ს დატოვების ნებართვის თხოვნით, მაგრამ 1973 წელს უარი მიიღო.
1977 წლის ნოემბერში თვალაძემ მოსკოვში ბელგიის საელჩოში შეაღწია, რათა ბელგიიდან მოწვევის მიღება გაადვილებოდა, რის შემდეგაც საბოლოოდ ისრაელში გაემგზავრებოდა, თუმცა, ამჯერადაც უარი მიიღო.
1970-იან წლებში თვალაძემ დაწერა ხელნაწერი ნაწარმოები 49 ფურცელზე – „ჩემთან უცხოელი მოვიდა“ - სსრკ-ში დემოკრატიის არარსებობაზე და საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლის აუცილებლობაზე სხვადასხვა მეთოდით. ამავე პერიოდში დაწერა ნაშრომები: „აქვს თუ არა ადამიანს სსრკ-ს დატოვების უფლება“, „მიმართვა კეთილი ნების ყველა ადამიანს“, რომელშიც მოუწოდებდა საზოგადოებას, მოეთხოვათ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და თავისუფალი გადაადგილების დაშვება. კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში დაკავებისას თვალაძეს უპოვეს იყო „ღია წერილი“, რომლის ადრესატიც აშშ-ის მოქალაქე დენის პრეგერი გახლდათ. ეს უკანასკნელი ეჭვმიტანილს 1981 წლის შემოდგომაზე, ისაია გოლდშტეინის (ასევე ცნობილი დისიდენტი - ავტ.) ბინაში გაუცნია.
1986 წლის 20 ივნისს, საქართველოს სსრ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ენრიკო თვალაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით გადასახლება მიუსაჯეს. დანაშაულის შემადგენლობაში ფიგურირებდა დოკუმენტების და კინოფილმის გადაცემა ინგლისურ გაზეთ “გარდიანის” კორესპონდენტისთვის.
დაკითხვებმა არა ერთი საინტერესო გარემოება გამოავლინა. კერძოდ, როგორც თავად ეჭვმიტანილმა განაცხადა, საფოსტო ყუთში პოულობდა გარკვეულ ტექსტებს, რომელთაც რუსულ ენაზე თარგმნიდა და საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა, ქართულ ენაზე შესრულებულ დედანს კი ანადგურებდა. აღნიშნული გარემოება მან თარგმნის პროცესში გაწაფვის სურვილით ახსნა. ამავე დაკითხვაზე მან აღიარა ერთი ტექსტის რუსულ ენაზე თარგმნა და დაბეჭდვა, სახელწოდებით „ქ. მცხეთაში მილიციის მუშაკების ანგარიშსწორება ახალგაზრდებზე.“ ასევე გაირკვა, რომ 1981 წელს მას დაუბეჭდავს მიმართვა მადრიდის სათათბიროს დელეგატებისთვის, რომელშიც ითხოვდა მერაბ კოსტავას გათავისუფლებას. თვალაძეს ტელეფონით უსაუბრია სააგენტო “ფრანს-პრესის” კორესპონდენტ ჟელეზაგინთან, რომელსაც არაფერი სცოდნია მერაბ კოსტავას განმეორებით დაპატიმრების შესახებ. სწორედ მაშინ გასჩენია მას სურვილი, წერილობით გაევრცელებინა ეს ინფორმაცია. ამავე პერიოდში საფოსტო ყუთში უპოვია ვინმე პოპოვას მიერ რუსულ ენაზე დაწერილი განცხადება, რომელიც მერაბ კოსტავას დაპატიმრების დეტალებზე წერდა. აღნიშნული განცხადება მას რამდენიმე პირად გადაუბეჭდავს, ხელნაწერი კი გაუნადგურებია. 1986 წლის 24 იანვრის დაკითხვაზე ენრიკო თვალაძეს წარუდგინეს საკუთარი დღიური, რომელშიც მის მიერ გაკეთებული იყო ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ამ უკანასკნელს გადაუცია ქ. მოსკოვში აკრედიტებული “ფრანს-პრესის” კორესპონდენტ ანდრე ბირიუკოვისთვის დოკუმენტი - „ბოროტმზრახველი ხულიგნების სასამართლო ქალაქ მცხეთაში.“ შემდგომ, 27 იანვრის დაკითხვაზე, მას წარედგინა დოკუმენტი სახელწოდებით „ამონაწერი საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს განაჩენიდან თბილისის თვითმფრინავის საქმეზე“, სადაც გამოთქმული იყო აზრი, რომ განაჩენი არ ასახავდა იმ მიზეზებს, რის გამოც სურდათ ახალგაზრდებს საბჭოთა კავშირის დატოვება. თვალაძემ დოკუმენტის ავტორობა არც დაადასტურა და არც უარყო.
1985 წლის 20 ნოემბერს გამოძიებამ დისიდენტ ნიკოლოზ სამხარაძის ვაჟი – თამაზ სამხარაძე დაკითხა. მან დაკითხვაზე შემდეგი ჩვენება მისცა: „1980 წლის სექტემბრიდან 1982 წლის დასასრულამდე ახლო ურთიერთობა მქონდა ვალენტინა ფაილოძესთან, რომელიც დისიდენტადაა მიჩნეული. ჩვენ ძირითადად წმინდა სამებისა და სიონის ეკლესიების ეზოში ვხვდებოდით ერთმანეთს. 1980 წლის ნოემბერსა თუ დეკემბერში, ზუსტად არ მახსოვს, სიონის ტაძარში დაახლოებით 12 საათზე მივედი. ეზოში ვალენტინა ფაილოძე დავინახე, რომელიც ჩემთვის უცნობ მამაკაცს ესაუბრებოდა. იგი დაახლოებით 40-42 წლის იქნებოდა, საშუალო სიმაღლის, სათვალე ეკეთა. რომ მივუახლოვდი, ვალენტინამ ერთმანეთი გაგვაცნო. უცნობი ენრიკო თვალაძე აღმოჩნდა, ფაილოძის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, პროგრესულად განწყობილი ადამიანი, ე.წ. დისიდენტი. ფაილოძემ თვალაძეს ჩემი თავი წარუდგინა როგორც დისიდენტ ნიკოლოზ სამხარაძის ვაჟი. იმხანად ანტისაბჭოთა განწყობა მქონდა, რაც მამაჩემის დაპატიმრებით იყო გამოწვეული. 1980 წლის 7 ნოემბერს პროკლამაციებიც კი გავავრცელე, სადაც აუგად მოვიხსენიებდი საბჭოთა ხელისუფლებასა და კომუნისტურ პარტიას და მერაბ კოსტავას, ავთანდილ იმნაძისა და მამაჩემის გასათავისუფლებელ მოწოდებას გამოვთქვამდი. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო ვალენტინა ფაილოძისთვის, რაც მან უამბო კიდეც ენრიკო თვალაძეს, რათა მის თვალში ჩემი ავტორიტეტი ამაღლებულიყო. ენრიკო თვალაძემ მითხრა თუ სად ცხოვრობდა და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებაც აღმითქვა. მისი წასვლის შემდეგ, ფაილოძემ მითხრა, რომ ენრიკო ძმებ გოლდშტეინებთან იყო დაკავშირებული და თუ საზღვარგარეთ რაიმე ინფორმაციის გადაცემას მოვისურვებდი, ენრიკო ჩემს დახმარებას შეძლებდა.“
1982 წელს თამაზ სამხარაძემ დაწერა „განცხადება პრესისათვის,“ რომელშიც მოყვანილი იყო დეტალები მამის დაპატიმრებასა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსების შესახებ. ეს განცხადება თვალაძე რამდენიმე დღეში გადასცა ერთ-ერთ უცხოურ რადიოსადგურს. 1983 წლის დასაწყისში თამაზ სამხარაძემ დაწერა კიდევ ერთი წერილი სახელწოდებით - „საიმედო და დამაჯერებელი ნიღაბი“. აღნიშნული ტექსტი მას ენრიკო თვალაძისთვის გაუცნია. 1986 წლის 26 თებერვალს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში გამოძახებულმა სამხარაძემ უარი განაცხადა თვალაძესთან დაპირისპირებაზე, რაც შემდეგი სიტყვებით ახსნა: „არ მსურს მივიღო მონაწილეობა დაპირისპირებაში ბრალდებულ ენრიკო თვალაძესთან, რადგან არ მინდა, რომ ჩემმა ჩვენებებმა ზიანი მიაყენონ მას.“
ენრიკო თვალაძე იყო იშვიათ დისიდენტებს შორის, რომელსაც შეეძლო ინფორმაცია საზღვრებს გარეთ გაევრცელებინა და დაპატიმრებულთა მდგომარეობისთვის საერთაშორისო ყურადღება მიეპყრო. როგორც შსს არქივში დაცული საგამოძიებო საქმეებიდან ვიგებთ, მან ინფორმაცია არა ერთი ადამიანის, მათ შორის მერაბ კოსტავას შესახებაც გაავრცელა უცხოეთში.
1987 წლის ივლისში შეიწყალეს. ვადამდე გათავისუფლების შემდეგ, როგორც იქნა მიიღო სსრკ-ს დატოვების ნებართვა და 1988 წელს ისრაელში გაემგზავრა.