...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

ქართული დისიდენტური მოძრაობის ისტორიიდან: თენგიზ გუდავას გზა

23 იანვარი 2025


თენგიზ გუდავა (1953-2009) იყო ქართველი ჟურნალისტი, მწერალი, დისიდენტი და საზოგადოებრივი მოღვაწე, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი გახდა  თავისი შეურიგებელი დამოკიდებულებით საბჭოთა რეჟიმის მიმართ და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობით.

გუდავა 1953 წლის 28 ნოემბერს დაიბადა სამტრედიაში. მამა – ზურაბ ევსტაფის ძე გუდავა, ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის განყოფილების თანამშრომელი იყო. დედა – რაისა ივანეს ასული უვაროვა ჯერ სამტრედიის რკინიგზის სადგურზე, ხოლო შემდეგ ტექნიკურ სასწავლებელში ელექტრობის მასწავლებლად მუშაობდა. 1961 წელს თენგიზ გუდავამ სწავლა სამტრედიის რუსულ სკოლაში დაიწყო, 1966 წელს კი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. თენგიზმა ოქროს მედალზე დაამთავრა ვლ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა.[1]

თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ, თენგიზმა სწავლა განაგრძო მოსკოვის N2 სამედიცინო ინსტიტუტში ბიოფიზიკის მიმართულებით.[2] გუდავა ადრეული წლებიდან აქტიურობდა და საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ადამიანის თავისუფლების ფუძემდებლური პრინციპების დასაცავად იბრძოდა. იგი დაინტერესდა პოლიტიკური საკითხებით და 1970-იან წლებში თავის ძმასთან – ედუარდთან ერთად ანტისაბჭოთა, ოპოზიციურ და დისიდენტურ  მოძრაობებში ჩაერთო.

ძმები ადრეული ასაკიდან ეუფლებოდნენ მუსიკას. მოგვიანებით, მათ როკ-ჯგუფი “ფანტომი” დააარსეს, რომელიც არალეგალურ კონცერტებს მართავდა. ჯგუფის სასიმღერო ტექსტები “სამიზდატის” გამოცემებით იყო შთაგონებული და ადამიანის უფლებებს შეეხებოდა. საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას ძმები ამ ფორმითაც ცდილობდნენ და საკმაო პოპულარობით სარგებლობდნენ სტუდენტებს შორის.[3]  მოგვიანებით, 2006 წელს მიცემულ ინტერვიუში, გუდავას დისიდენტობის გამოცდილებაზე ჰკითხეს, რაზეც უპასუხა: “კარგი იყო ეს თუ ცუდი? გაიფუჭეს ცხოვრება და დისიდენტები გახდნენ, როდესაც შეეძლოთ ექიმები ყოფილიყვნენ (ხუმრობით). როკ-მუსიკა მთლიანად უცხო ორიენტირებსა და ცხოვრების მარილს იძლეოდა, რომელსაც ვერცერთი ოლიგარქი ვერ იყიდის”.[4] საბჭოთა ხელმძღვანელობამ ბენდს “საბჭოთა ახალგაზრდობის დემორალიზებაში” დასდო ბრალი და აკრძალა.

ძმები გუდავები “საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის” წევრებიც იყვნენ და სხვა დისიდენტებთან ერთად, საბჭოთა კავშირში 1975 წელს ჰელსინკის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების მონიტორინგს აწარმოებდნენ. გუდავა არ ერიდებოდა საბჭოთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის უცხო და განსხვავებულ ქცევას. მაგალითად, გასამართლებული იქნა 1978 წელს, “ამერიკული ჯინსების” ჩაცმისთვის.

1978 წლის 13 ივნისს თენგიზი და ედუარდი ვორონეჟის მილიციის განყოფილებამ დააპატიმრა, მიზეზად იქცა “სპეკულაციური ვაჭრობა”. თენგიზ გუდავა კი ფიქრობდა, რომ ისინი დააკავეს ანტისაბჭოთა როკ-კონცერტებისთვის, საზღვარგარეთული კავშირებისა და “კაგებეს” აგენტებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო.[5] მათი სასამართლო პროცესი იმავე წლის დეკემბერში შედგა. თენგიზს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ედუარდს მიესაჯა 3 წლიანი პირობითი სასჯელი შესაბამისი საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულებით. ლიპეცკის ციხის ბანაკში ყოფნისას, თენგიზ გუდავამ დაწერა მოთხრობა – “დამნაშავენი: ერთი საბჭოთა ოჯახის ისტორია”,[6] რომელიც მოგვიანებით “სამიზდატში” გაავრცელა და მის წინააღმდეგ გამოყენებულ სამხილად იქცა.

ედუარდმა თენგიზისგან განსხვავებით შეძლო სასწავლებლის დასრულება და დიპლომის აღება, თენგიზს კი ამის უფლება არ მისცეს.  1981 წელს თენგიზ გუდავა ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. იგი მცირე ხნის მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა და ცოლიც შეირთო. გამომდინარე იქიდან, რომ გუდავა ნასამართლევი იყო, მას მოსკოვში ჩაწერა აუკრძალეს. ცხადია, საბჭოთა სისტემა ყველა გზით ცდილობდა დისიდენტებისთვის ცხოვრების გართულებას.

1982 წელს მთელი ოჯახი (დედა, ძმები, მეუღლე) თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამავე წლის 19 ნოემბერს მათ სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს შუამდგომლობა გაუგზავნეს, რომლითაც უარს ამბობდნენ საბჭოთა კავშირის მოქალაქეობაზე და სურდათ ქვეყნის დატოვება. თენგის გუდავას წერილში ეწერა: ”მე საჯაროდ ვაცხადებ, რომ პასუხისმგებელი ვარ სახელმწიფო წესრიგზე, სახელმწიფო იდეოლოგიაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე და სსრკ-ს კანონმდებლობის თეორია და პრაქტიკა, ისევე როგორც საბჭოთა წესრიგი, უარყოფს რეალობას და ცხოვრების წესს. მიმაჩნია, რომ საკუთარ მოქალაქეობასთან კონფლიქტში ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომ, მე არ მაქვს საშუალება, ნებაყოფლობით და იძულების გარეშე, გავაგრძელო სსრკ-ს მოქალაქეობა.” წერილის დაწერის შემდეგ ძმები გუდავები მოსკოვში, ბრიტანეთის საელჩოში მივიდნენ, სადაც ისინი მილიციამ დააკავა. მათ აუკრძალეს მოსკოვში ჩასვლა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი მუდმივ მეთვალყურეობაზე აიყვანა.

შუამდგომლობა საბჭოთა კავშირის დატოვების შესახებ, ოფიციალურად, ორი წლის შემდეგ არ დააკმაყოფილეს.  1985 წლის 21 იანვარს გუდავებმა შსს-ს საპასპორტო განყოფილების წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს ბანერებით, რომლებზეც ეწერა “გვითხარით უარის მიზეზი”.

თენგიზს ძმასთან და მეუღლესთან ერთად, ოჯახის სარჩენად სხვადასხვა პოზიციებზე უწევდათ მუშაობა, ჯერ დიღმის მასივში არსებულ წიგნის ფაბრიკაში, შემდეგ კი ფოსტალიონად.

ქართული დისიდენტური მოძრაობის ისტორიაში გამოსარჩევია თენგიზ გუდავასა და ენრიკო თვალაძის საქმე (1985), რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა რეჟიმის სახე და დამოკიდებულება განსხვავებული აზრისა და თავისუფალი ქცევის მქონე ადამიანების მიმართ.

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ თბილისის აეროპორტში გუდავას დედის – რაისა უვაროვას ბარგის დათვალიერებისას მასში “საბჭოთა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სისტემის საწინააღმდეგო მასალები” აღმოუჩინეს. უვაროვამ უარი განაცხადა ჩვენებაზე და დაკითხვის ოქმზე ხელის მოწერაზე. საბჭოთა მილიციამ გაჩხრიკა მისი სახლი, საიდანაც ამოიღეს დიდი რაოდენობით ანტისაბჭოთა შინაარსის ლიტერატურა. როგორც დადგინდა, ლიტერატურა დედასთან ერთად შვილებმა – თენგიზმა და ედუარდმა მოაგროვეს. 1985 წლის 13 მაისს მილიციის კაპიტანმა თ.მალაშხიამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 29 მაისს თენგიზიც დაკითხეს და წარედგინა ბრალი “საჯარო მოწოდება სამშობლოს ღალატისკენ, ტერორისტული აქტის, დივერსიისა თუ მავნებლობის ჩადენისკენ.” 13 ივნისს საქმე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს გადაეცა.

როგორც ირკვევა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მასალებს შორის იყო ბროშურა სახელწოდებით „მატერიის პირველადობისა და საბოლოო შედეგების შესახებ“, რომელიც აკრიტიკებდა მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებს. ტექსტში ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ ეს იდეოლოგია ადამიანს უაზრო, არათავისუფალ არსებად აქცევდა. ბროშურას ინგლისურენოვანი შესავალი ჰქონდა. ჩხრეკისას ასევე აღმოაჩინეს ლიპეცკის ციხეში დაწერილი ზემოთნახსენები ნაწარმოები “დამნაშავენი: ერთი საბჭოთა ოჯახის ისტორია,” რაც წარმოადგენდა დოკუმენტური ტიპის თხრობას, რომელიც უშუალოდ გუდავებმა შეადგინეს და აღწერდა სამართალდამცავი და პარტიული ორგანოების რეპრესიებს მოქალაქეების მიმართ. ამასთან ერთად, აღმოაჩინეს ძმები გუდავების მიმართვა დასავლეთში მოღვაწე მუსიკოსებისადმი, რომლებშიც ერთობლივ კონცერტებს სთავაზობდნენ ჰელსინკის აქტის გაფორმების ათ წლისთავთან დაკავშირებით. საგამოძიებო მასალას თან ერთვოდა საბუთები, რომლითაც გუდავები საბჭოთა კავშირს მოქალაქეობის გაუქმებასა და საზღვრების დატოვების შუამდგომლობას სთხოვდნენ.

თენგიზ გუდავას საქმის გამოძიება 1985 წლის 28 ივნისიდან 1986 წლის 3 მარტამდე გაგრძელდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გუდავა პრინციპულად არ თანამშრომლობდა გამომძიებლებთან - უარს აცხადებდა კითხვებზე პასუხის გაცემასა და დაკითხვის ოქმების ხელმოწერაზე.

გუდავას გამოძიებამ დაუდგინა, რომ 1978-1985 წლებში ჩართული იყო ანტისაბჭოთა საქმიანობაში, ზეპირსიტყვიერი და წერილობითი ფორმით აწარმოებდა აგიტაციასა და პროპაგანდას, ავრცელებდა რეჟიმისთვის მიუღებელი შინაარსის ტექსტებს როგორც ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ “საბჭოთა კავშირისთვის სახელის გატეხის მიზნით”. გუდავას ასევე ბრალად წარუდგინეს  ჯერ კიდევ ვორონეჟის გამოსასწორებელ კოლონიაში (1979-1980) ანტისაბჭოთა შინაარსის საუბრები თანასაკნელ მატანოვთან. კოლონიაში დაწერილი რეჟიმის საწინააღმდეგო რამდენიმე ლექსი, რომელიც შემდგომში კრებულად აქცია, სამ ეგზემპლარად დაბეჭდა და ერთი მათგანი გადასცა გ.ა. გოლდშტეინს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1984 წელს თბილისში. გოლდშტეინის ბინაში თავისი დოკუმენტური თხრობის ასლები გუდავამ “ფრანს-პრესის” და “გარდიანის” კორესპონდენტ-ჟურნალისტებს გადასცა. ეს ინფორმაცია შემდეგ “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” ეთერში არაერთხელ გადაიცა. ანტისაბჭოთა შინაარსის ჩანაწერები გამოქვეყნდა პარიზის ემიგრაციულ გაზეთში “რუსული აზრი.”  გუდავამ ასევე გააცნო მათ საკუთარი ნაშრომი “მატერიის პირველადობისა და საბოლოო შედეგების შესახებ.” 1985 წლის 19 აპრილს თენგიზმა “საქართველოს განახლებული ჰელსინკის ჯგუფის” სახელით ენრიკო თვალაძესა და ძმებ გოლდშტეინებთან ერთად, ხელი მოაწერა ინგლისურ და რუსულ ენებზე შედგენილ დოკუმენტს, რომელიც უნდა გაგზავნოდა საქართველოს სსრ-სა და სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეებს. ამავე წლის 10 მაისს ხელი მოაწერეს დოკუმენტს სათაურით „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის დოკუმენტი მერაბ კოსტავას შესახებ,“ რომლის მიზანი იყო ჰელსინკის ხელშეკრულების ხელმომწერი 35 სახელმწიფოს მთავრობების ინფორმირება საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. 

 

საქმეზე დაკითხეს ზვიად გამსახურდიაც. 1986 წლის 18 თებერვალს გამსახურდიამ აღნიშნა, რომ არასდროს ყოფილა ენრიკო თვალაძესთან სახლში და არ გადაუცია დოკუმენტები დასაბეჭდად.  საინტერესოა, რომ თვალაძის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს დოკუმენტი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელით იყო შესრულებული. მოწმის, ვინმე ე. დემენტიევას ჩვენების თანახმად, გამსახურდია თვალაძესთან სტუმრად დადიოდა. ზვიადმა ყველა ფაქტი უარყო, თუმცა დაამატა, რომ იცნობდა თენგიზ გუდავასა და ძმებ გოლდშტეინებს, მაგრამ მათთან ერთად საქმიანობაზე უარი ჰქონდა ნათქვამი.[7]

1986 წლის 20 ივნისს, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ თენგიზ გუდავასა და ენრიკო თვალაძის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ ზურაბის ძე გუდავას სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში, რასაც უნდა მოჰყოლოდა 3-წლიანი გადასახლება. ენრიკო ზაქარიას ძე თვალაძეს კი მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ასევე მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში და 3 წლით გადასახლება. თუმცა, 1987 წელს გუდავას პატიმრობა ვადაზე ადრე შეუწყდა. ქ.პერმის ბანაკში ექვსი თვის გატარების შემდეგ გუდავა საქართველოში დააბრუნეს. მას გორბაჩოვის მიერ ინიციირებული პოლიტპატიმართა ამნისტია შეეხო. თუმცა, გათავისუფლდა იმ პირობით, რომ იგი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას დატოვებდა. ანალოგიური პირობა წაუყენეს ენრიკო თვალაძესაც, რომელიც 1988 წელს საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა.[8]  გუდავას საქმით დაინტერესებული იყო საერთაშორისო პრესაც, რასაც ადასტურებს 1987 წლის 28 აპრილს “ლოს-ანჯელეს თაიმსში” გამოქვეყნებული სიახლე, სადაც ნათქვამი იყო: “საბჭოთა დისიდენტმა თენგიზ გუდავამ განაცხადა, რომ ის ციხიდან ერთთვიანი შიმშილობის შემდეგ გაათავისუფლეს. გუდავამ მოსკოვში დასავლეთის ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის ძმას ამ კვირაში გაათავისუფლებენ.” გაზეთში გუდავას შესახებ მცირე ინფორმაციაც იყო მითითებული, რომ იყო ჯგუფის წევრი, რომელიც მონიტორინგს უწევდა ჰელსინკის შეთანხმების პუნქტების შესრულებას საბჭოთა კავშირში.[9] თენგიზის ძმის, ედუარდ გუდავას გათავისუფლების შესახებ წერდა “ნიუ-იორკ თაიმსიც”. 1987 წლის 3 მაისის სტატიაში ედუარდ გუდავა ადასტურებდა მერაბ კოსტავას ბანაკიდან გათავისუფლებას. ამასთან ერთად, გაზეთი გვატყობინებდა, რომ ედუარდი – ხუთშაბათს, ხოლო თენგიზ გუდავა – ორშაბათს გაათავისუფლეს.[10]

ენრიკო თვალაძე და თენგიზ გუდავა


გათავისუფლების შემდეგ, ემიგრაციაში წასვლამდე, გუდავა მცირე ხნით ეროვნულ მოძრაობაშიც ჩაერთო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრიც გახდა, რომელსაც გიორგი ჭანტურია ხელმძღვანელობდა. ოჯახთან ერთად ემიგრირების შემდეგ, მან საცხოვრებლად ამერიკის შეერთებული შტატები აირჩია, სადაც მალევე ჩაება ადამიანის უფლებების დაცვის საქმიანობაში. აქტიურად თანამშრომლობდა ნიუ-იორკის "დემოკრატიის ცენტრთან," კითხულობდა ლექციებს.  შემდგომ პერიოდში, დასავლეთში მოღვაწე ცნობილ დისიდენტებთან - ვლადიმირ ბუკოვსკისთან და იური იარიმ-აგაევთან, ასევე საკუთარ ძმასთან, ედუარდ გუდავასთან ერთად, დააარსა საერთაშორისო ორგანიზაცია სახელწოდებით "დემოკრატია და დამოუკიდებლობა." გუდავა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გამგეობის წევრი და საგარეო ოფისის ხელმძღვანელი გახდა. ამასთან ერთად იგი საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის საგარეო უწყებასაც წარმოადგენდა, თუმცა ზვიად გამსახურდიასთან აზრთა სხვადასხვაობის გამო ეს პოზიცია მცირე ხნის შემდეგ დატოვა.
[11]

 

თენგიზ გუდავა აქტიურად წერდა მწვავე პოლემიკურ სტატიებს, რომლებიც სისტემატურად ქვეყნდებოდა ემიგრანტულ პრესაში და მოგვიანებით ინტერნეტ სივრცეშიც. პუბლიცისტური მოღვაწეობის პარალელურად, იგი ლიტერატურულ შემოქმედებასაც ეწეოდა.[12] მრავალ სტატიასთან და ესეისთან ერთად, მის კალამს ეკუთვნის ორი რომანი: "მისი სახელი იყო ანჟელიკა" (2003) და "გელგოლანდი" (2008).

1989 წლიდან თენგიზ გუდავა გადავიდა ევროპაში და დაიწყო მუშაობა "რადიო თავისუფლების" ქართულ და რუსულ რედაქციებში[13] მიუნხენში, ხოლო 1995 წლიდან პრაღაში.  გუდავა ყურადღებას ამახვილებდა ადამიანის უფლებებისა და ეროვნების საკითხების შესახებ. მისი რეპორტაჟები ძირითადად ეხებოდა კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების განვითარებასა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს. იყო გადაცემის “კავკასიისა და ცენტრალური აზიის” პასუხისმგებელი რედაქტორი. 1996 წელს ნიუ-იორკის გაზეთმა “ნოვოე რუსკოე სლოვო”, სადაც მისი მოთხრობა “ლაგუნა” გამოქვეყნდა, დააჯილდოვა წოდებით - “წლის კომენტატორი”.

2004 წელს, გუდავამ დატოვა "რადიო თავისუფლება" პროტესტის ნიშნად, მიიჩნევდა რა, რომ რედაქციის ხაზი სულ უფრო კონფორმისტული ხდებოდა. ამის შემდეგ, ის მუშაობდა დამოუკიდებელ ჟურნალისტად და აქტიურად თანამშრომლობდა ყოფილ საბჭოთა დისიდენტებთან. თავის მეგობრებთან საუბარში ერთხელ თენგიზ გუდავას უთქვამს: “ვისაც ერთი დღეც კი გაუტარებია საპატიმროში, თავისუფლების ფასი სხვანაირად ესმისო.”[14]

Photo: www.dissidenten.eu 

2009 წლის 16 აპრილს თენგიზ გუდავა პრაღაში გარდაიცვალა. ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს გზაზე, სახლიდან შორს. გუდავა საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა, გონზე მოუსვლელად. რადიო თავისუფლების თქმით, “ორი დღის შემდეგ, მის ცხედარს მორგში მიაგნეს. პოლიცია მხოლოდ იმას ამბობს, რომ თენგიზს მანქანა დაეჯახა.”[15] 

თავის დროზე, ძმები ედუარდი და თენგიზი კათოლიკური წესით მოინათლნენ. თენგიზ გუდავას პანაშვიდი პრაღის ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში გაიმართა. პადრე იანიჩეკმა თქვა, რომ თენგიზი რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდა და მისი ცხოვრება სამართლიანობისთვის ბრძოლა იყო.[16] კრემაციის შემდეგ, თენგიზ გუდავას ფერფლი თბილისში ჩამოიტანეს და მამის გვერდით დაკრძალეს.

თენგიზ გუდავას მოღვაწეობა მნიშვნელოვანია ტოტალიტარულ რეჟიმთან შეურიგებლობისა და  თავისუფლებისთვის ბრძოლის თვალსაზრისით. მისმა მოღვაწეობამ გავლენა მოახდინა, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ჟურნალისტიკისა და უფლებადაცვით მოძრაობებზე. თენგიზ გუდავა საქართველოს (და არა მხოლოდ) უახლეს ისტორიაში რჩება მნიშვნელოვან მაგალითად დემოკრატიული ფასეულობების დაცვისთვის ბრძოლაში. 

 

 


[1]თუშურაშვილი, ომარ. ვლადიმერ ლუარსაბიშვილი “ქართული დისიდენტური მოძრაობის ისტორია”. თბილისი, 2016.

[2] http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011688/

[3] https://www.dissidenten.eu/laender/georgien/biografien/tengis-gudawa

[4]https://iamerkviladze.blogspot.com/2017/05/blog-post_28.html?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR3FRU-ZCMEJscLhAT8sSc0Q-Px7c7WmTPvlm_QrsFxu3HumaK5dKP-j5bM_aem_vkONs5vorQMb9jHe6Ml9hw

[5] https://www.dissidenten.eu/laender/georgien/biografien/tengis-gudawa

[6] https://www.dissidenten.eu/laender/georgien/biografien/tengis-gudawa

[7]  თუშურაშვილი, ომარ. ვლადიმერ ლუარსაბიშვილი “ქართული დისიდენტური მოძრაობის ისტორია”. თბილისი, 2016.  გვ. 339.

[8] https://historyproject.ge/ge/archivememoryresearch/article/535/?cat_id=40

[9] https://www.latimes.com/archives/la-xpm-1987-04-28-mn-2381-story.html

[10]https://www.nytimes.com/1987/05/03/world/prominent-georgia-dissident-reported-released-in-soviet.html

[11] https://www.dissidenten.eu/laender/georgien/biografien/tengis-gudawa

[12] https://www.livelib.ru/author/354711-tengiz-gudava

[13] https://www.radiotavisupleba.ge/a/1617087.html

[14] https://www.radiotavisupleba.ge/a/1617087.html

[15] https://www.radiotavisupleba.ge/a/1617087.html

[16] https://www.radiotavisupleba.ge/a/1617087.html

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ია მერკვილაძე: Интервью с Тенгизом Гудава
  2. https://www.radiotavisupleba.ge/a/1617087.html
  3. https://www.ai-ia.info/online-arqivi/166-doqtor-isaia-golshteinis-mimartva-amerikel-xalxs-prezident-bushs-senatorebs-kongresmenebs.htm
  4. თუშურაშვილი, ომარ. ვლადიმერ ლუარსაბიშვილი “ქართული დისიდენტური მოძრაობის ისტორია”. თბილისი, 2016.
  5. https://centrasia.org/newsA.php?st=1240458960 სიკვდილის ვერსიები
  6. https://www.rferl.org/a/Tengiz_Gudava_A_Fighter_To_The_End_/1614695.html
  7. https://www.latimes.com/archives/la-xpm-1987-04-28-mn-2381-story.html
  8. https://www.nytimes.com/1987/05/03/world/prominent-georgia-dissident-reported-released-in-soviet.html
  9. https://www.cambridge.org/core/journals/nationalities-papers/article/abs/2-georgia-a-historical-survey-of-the-georgian-national-liberation-movements/EB79DFF004BE90A409F6DF8B6CFA912B
  10. https://www.gulag-perm36.org/base/gudava-tengiz-zurabovich/
  11. http://www.florida-rus.com/authors/tengiz-gudava
  12.  https://samlib.ru/k/kudrjac_e_w/gud.shtml
  13.  https://www.dissidenten.eu/laender/georgien/biografien/tengis-gudawa