...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

მერაბ კოსტავას უცნობი წერილები გადასახლებიდან

27 იანვარი 2025


 

ადრესატი: ვოლოდიმირ (ვალოდია) მარმუსი 

 

გთავაზობთ, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას წერილებს გადასახლებიდან, რომელსაც იგი უკრაინელ დისიდენტ ვოლოდიმირ (ვალოდია) მარმუსს უგზავნიდა პატიმრობასა და გადასახლებაში ყოფნისას. მერაბ კოსტავას და ვოლოდიმირ მარმუსის მეგობრობა და ურთიერთობა შეიძლება განვიხილოთ როგორც საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ერთობლივი ბრძოლის ისტორიის ნაწილი. ორივე მათგანი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ორივე მრავალი წლით გადაასახლა საბჭოთა რეჟიმმა.

 

 

ვოლოდიმირ მარმუსი (დაბ. 1949 წელს) უკრაინელი დისიდენტი, მწერალი, უფლებადამცველი და პოლიტიკოსია. არისუკრაინის ჰელსინკის ჯგუფის” (1988) დამემორიალისწევრი 1989 წლიდან. 1972 წელს მან დააფუძნა ახალგაზრდული ორგანიზაციაროსოხაჩი”, რომელმაც იმავე წლის 22 იანვარს ქალაქ ჩორტკივში საჯაროდ გამოფინა უკრაინის  დროშა და გაავრცელა ბროშურები უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 55- წლისთავზე. ორგანიზაციის ყველა წევრი დააპატიმრეს და გაასამართლეს ანტისაბჭოთა ორგანიზაციის შექმნისა და ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის. უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ვოლოდიმირ მარმუსი ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას. ვოლოდიმირ მარმუსის შვილი, მუსიკოსი და მსახიობი ვასილ მარმუსი 2022 წლის 11 სექტემბერს, ხარკოვის ოლქში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპა.

 

    ვასილ მარმუსი

 

მერაბ კოსტავამ საერთო ჯამში კოლონიებში და გადასახლებაში 9 წლამდე გაატარა. 1978 წლის 19 მაისს, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით გადასახლება მიუსაჯეს. პატიმრობაში იყო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში - “პერმი-35” დაპერმი-37”, შემდგომში კი ციმბირში. ვადა ორჯერ გაუვრცელეს გაფიცვებსა და შიმშილობაში მონაწილეობის გამო, არაერთხელ გადაიყვანეს ШИЗО-სა (საჯარიმო იზოლატორი) ПКТ-ში (კამერის ტიპის ოთახი, იგივე - სამარტოო საკანი). 1980 წელს ეტაპით გადაიყვანეს გადასახლებაში ტომსკის ოლქში და იმავე წელს ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონში. 1981 წლის ნოემბერში კვლავ დააპატიმრეს, 15 დეკემბერს ირკუტსკის ოლქის ტაიშეტის სასამართლომბოროტი ხულიგნობისბრალდებით მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1985 წელს, . ანგარის რაიონულმა სასამართლომ - სულ 3 წლით და 6 თვით შრომა-გასწორების კოლონია და 3 თვით გადასახლება მიუსაჯა. მერაბ კოსტავა შეწყალებით 1987 წლის 30 აპრილს გაათავისუფლეს.

 

მერაბ კოსტავას წერილები განეკუთვნება 1979-1980 წლების პერიოდს, როდესაც იგი პერმიდან ტომსკის ოლქში გადაიყვანეს. წერილები აჩვენებს უკრაინელ დისიდენტთან მის მყარ მეგობრობას. მერაბ კოსტავა წერილებში საუბრობს საკუთარ ყოფაზე გადასახლებაში, ბანაკებში, უზიარებს თავის უკრაინელ მეგობარს ინფორმაციას სხვა პოლიტპატიმრებისა და დისიდენტების შესახებ. წერილებში მოხსენიებულია არა ერთი ცნობილი დისიდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც. სტატიის ავტორი შეეცადა და შეძლებისდაგვარად გაშიფრა მათი უმრავლესობა. სამწუხაროდ, ზოგიერთი პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიება გაჭირდა. აგრეთვე რთული აღმოჩნდა ზოგი ადგილის გაშიფვრა, რაც წერილების ტექსტში აღნიშნულია.

 

მერაბ კოსტავას წერილების ასლები ვოლოდიმირ მარმუსმა რამდენიმე წლის წინ გადასცა ქართველ დისიდენტს, ტარიელ ღვინიაშვილს. წერილები ქვეყნდება პირველად - მისი თანხმობით.



წერილი №1

 

სალამი ვალოდია,

მე ახლა ვიმყოფები ირკუტსკის ოლქის ტაიშეტის რაიონის სოფელ კვიტოკში. აქ 21 აპრილს ჩამოვედი. ვმუშაობ კულტურის სახლის მუსიკალურ განყოფილებაში. თვეში ერთხელ ტაიშეტში მივდივარ, რათა კომენდატურაში აღვენიშნო. ვცხოვრობ საერთო საცხოვრებელში. სოფლის გარშემო უღრანი ტაიგაა სოკოებით, სხვადასხვა კენკროვანით, კოღოებით და ქინქლით. ზაფხულისა და ზამთრის ფარდობა აქ თითქმის იგივეა, რაც ურალში, - სამი ცხრაზე.

შენი წერილები ბანაკში არ მომსვლია, რადგან კონფისკაცია გაუკეთეს. დოლიშნის (ვასილი დოლიშნი - უკრაინელი დისიდენტი) წერილიდან შევიტყვეთ, რომ ერთად გიმგზავრიათ სვერდლოვსკამდე. შენს შემდეგ ჩვენს ბანაკში მოიყვანეს ზდოროვი (ანატოლი ზდოროვი - უკრაინელი დისიდენტი), კიირენდი (ოლევ კიირენდი - ესტონელი დეფექტორი (სსრკ-დან გაქცევის მცდელობა), პოლიტპატიმარი) და მუხამეტშინი (ბორის მუხამეტშინი - მხატვარი, დისიდენტი). ორი მათგანი ჩემს დროს გათავისუფლდა, მესამე კი გადაასახლეს.

მე აქ, გადასახლებაში, მარტის დასაწყისში ჩამომიყვანეს იმავე პირობებით, რითაც შენ იყავი, სტატუსის დადგენასთნ დაკავშირებით. იქ ავად გავხდი თრომბოფლებიტით, ფეხები დამისივდა და სიარული არ შემეძლოახლა კარგად ვგრძნობ თავს. აპოლონი და სტეპანი (სტეპან ხმარა - უკრაინელი დისიდენტი) ბანაკში დატოვეს. სტეპანი აგვისტოში უნდა გაათავისუფლონ. დოლინინი ამჟამად ყაზახეთშია. მისი ზუსტი მისამართ არ მახსოვს, რადგან ჩემი ყველა წერილი, წიგნი, რვეული თუ სხვა, შესამოწმებლად დაიტოვეს ბანაკში, მითხრეს, გადასახლების ადგილზე გამოგიგზავნითო, მაგრამ აქამდე არ მიმიღია, თუმცა განცხადება შევიტანე სსრკ პროკურატურასა და პრეზიდიუმში. ვნახოთ, რა გამოვა

ვასრულებ წერილს. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში, მაგრად გართმევ ხელს

 

მერაბ კოსტავა, 4/ IX/ 1980.

 

 

წერილი №2

გამარჯობა, ძვირფასო ვალოდია.

გწერ პასუხს შენს საპასუხო წერილზე, რომელიც სიხარულით წავიკითხე. მივიღე ფოტო. ჩემს ფოტოს მომდევნო წერილით გამოგიგზავნი, რადგან სურათის გადაღება ვერ მოვასწარი. მინდა გაცნობო, ვინ მოიყვანეს ბანაკში შენს შემდეგ. 1979 წლის განმავლობაში 37-ში გადაიყვანეს (იგულისხმება შრომა-გასწორების ბანაკი №37 .პერმში. პოლიტპატიმრებს პერმში ძირითადად სამ ბანაკში ათავსებდნენ: №35, 36 და 37-ში - რედ.) და იქიდან იმავე წელს გაათავისუფლეს ზდოროვი და კიირენდი, ხოლო გადასახლებაში გაუშვეს მუხამედშინი. მოიყვანეს ახლები: ცურკოვი არკადი  (არკადი ცურკოვი - მოჭადრაკე, დისიდენტი, შშმ პირი მხედველობის გამო) ლენინგრადიდან, მას მისჯილი აქვს  5 წელი ლაგერში, 2 გადასახლებაში, 70- მუხლით (ანტისაბჭოოთა აგიტაცია და პროპაგანდა) და 35- ბანაკში გადაიყვანეს ახალგაზრდა ლატვიელი, სახელად მორისი (გვარს გავიხსენებ  და მოგწერ), 70- მუხლით, 3 წელი. იგი სადღაც ამა წლის სექტემბერში უნდა გათავისუფლდეს. მისი უფროსი ძმა, მისივე თანამზრახველი, სხვა ბანაკშია, მგონი 36-ში (იგულისხმება შრომა-გასწორების ბანაკი №37 .პერმში), მცირე ზონაში. ასე 79 წლის აპრილის ბოლოს, საქართველოდან მოიყვანეს ავთანდილ იმნაძე (ქართველი დისიდენტი, მოგვიანებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი), 70- მუხლით, 5 წელი ლაგერში, 4 გადასახლებაში. მოიყვანეს ნილოვი (ფიზიკოსი) და სურგუჩევი ლენინგრადიდან, ორივე შპიონაჟის მუხლით. 1980 წლის იანვარში ჩემს  ზონაში მოიყვანეს ქართველი ნუკრაძე (ნიკოლოზ/ ნიკოლაი ნუკრაძე - პოლიტპატიმარი) ლენინგრადიდან, ხოლო დახურული ზონიდან თებერვლის ბოლოს გადმოიყვანეს ზოგრაბიანი (ეს უკანასკნელი ბოლომდე არაა შემოწმებული) (რაზმიკ ზოგრაბიანი - სომეხი დისიდენტი, მოგვიანებით პოლიტიკური მოღვაწე). 1979 წლის მაისის დასაწყისში ძველების ნაწილი გადაიყვანეს მცირე ზონიდან დიდ ზონაში. ესაა სულ. რაც შეეხება გლუზმანს (სემიონ გლუზმანი - უკრაინელი დისიდენტი, ფსიქიატრი), ლაგერში გავრცელდა ხმა, რომ ის ისრაელში გაუშვეს, პირდაპირ ბანაკიდან გაიყვანეს საკაცეთი, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ. მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა.

 

შენი წერილი ჩვენთანაც მიიღეს სახლში. ვალოდია, არ დაგავიწყდეს, შემატყობინე დოლიშნის მისამართი. იგი ბანაკში მწერდა, მაგრამ ყველა ჩემი წერილი, რვეული თუ წიგნი შესამოწმებლად დაიტოვეს ბანაკში, და, მიუხედავად ჩემი საჩივრისა და განცხადებებისა, ჯერ არ დაუბრუნებიათ. ეშმაკმა უწყის, დამიბრუნებენ თუ არა, ხოლო მისამართი დოლიშნისა ზუსტად არ მახსოვს.

 

ორლოვი (იური ორლოვი - რუსი ფიზიკოსი, დისიდენტი) 79 წლის ოქტომბრის ბოლოდან ექვსი თვე იჯდა ПКТ-ში, 37- ბანაკში. ახლაც ПКТ-ში ზის, როგორც ამას წინათ გავიგე. კონსტანტინოვსკი თებერვალში სადღაც წაიყვანეს. ესაა სულ.

 

ჩემთან რამდენჯერმე ჩამოვიდნენ ჩემი ნათესავები და ახლობლები, რამაც რამდენადმე შემიმსუბუქა სამშობლოზე ნაღველი. დრო მიდის დადგენილი ტემპით და ვცდილობ, არ მივაქციო ამას ყურადღება.

 

ჯანმრთელობის მხრივ ჯერჯერობით ნორმალურად ვარ. მხოლოდ ცოლი ყოფილა ავად, მაგრამ არ მწერს რით, რაც ძალიან მაშფოთებს. ამით ვამთავრებ წერილს. მომიკითხე შენი ძმა. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.

 

მერაბი

17/XI 80.

 

 

 

წერილი №3

 

გამარჯობა, ძვირფასო ვალოდია

გწერ იმ ვარაუდით, რომ ალბათ დაბრუნებული იქნები შვებულებიდან, თუ გაგიშვეს. ჩემი ფოტოს გამოგზავნა თავის დროზე ვერ შევძელი. რატომღაც არ მიყვარს სურათის გადაღება, თუმცა მაინც მოვინდომე ერთხელ, მაგრამ როდესაც ტაიშეტში ვიყავი ორჯერ, ფოტოგრაფი არ იყო, ხან კიდევ დამავიწყდა, და ასე შემდეგ. გიგზავნი ფოტოსურათს, რომელიც გადასახლებულის მოწმობისთვის გადავიღე. ფოტოსურათი იძულებითაა გადაღებული, მაგრამ მაინც ჩემი გამოსახულებაა და თავის მოვალეობას ასრულებს. შენთვის მარტოობა ალბათ ძნელი გასაძლებია. წარმოდგენილი მაქვს, რა გარემოში გიწევს ყოფა. პოლიტიკური გადასახლებულისათვის ყველაზე მძიმეა იძულებითი მარტოობა, მაგრამ არ უნდა შედრკე. მას ასევე თავისი ძლიერი და მშვენიერი მხარეები აქვს.

დაწვრილებით მოგწერ ბანაკის სხვა ამბებზეც. ალბათ იცი, რომ 79 წლის ნოემბერში, ორლოვი ПКТ-ში ჩასვეს 6 თვით. ორლოვმა თავისი ნაშრომი გადასცა ბიბლიოთეკარ აკულინას (შენს დროს ის არ იყო), მან კი ადმინისტრაციას ჩააბარა. ორლოვი თავის განცხადებაში ამხელდასუკებსაც” (сука; ციხის ჟარგონზე ჩამშვები, ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაში მყოფი. თუმცა, პოლიტბანაკების შემთხვევაში ტერმინს უფრო ფართო ცნება გააჩნდა და იგულისხმებოდა ბანაკის თანამშრომლები, ჩეკისტები, ასევე მათთან გარიგებაში მყოფი პატიმრები. ასევე ცუდ ტონად ითვლებოდა შეწყალების დაწერა, ამ შემთხვევაშიც შეიძლება პატიმარი сук-ების კატეგორიაში აღმოჩენილიყო), რომლებიც მას უთვალთვალებდნენ: ბუტაკოვს, კურტანიძეს, ხრომჩენკოს, კარპოვიჩს, სურგუჩევს. ბურილოვმა და პომაზმა კომედია გაითამაშეს, - პირზე დაადგნენ ამშეურაცხყოფილებს“, მაგრამ სურგუჩევმა (ლენინგრადიდან) მოულოდნელად აღიარა, რომ მას ნამდვილად მისცეს დავალება, ეთვალთვალა ორლოვისათვის. ხოლო ხრომჩენკომ, კურტანიძემ და კარპოვიჩმა საჩივარი დაწერეს ორლოვზე, რის გამოც იგი ПКТ-ში ჩასვეს.

ვასილევს და გილიოვს (ნიკოლაი გილიოვი - დეფექტორი უკრაინიდან, ყირიმიდან) ვადა შეუმცირეს და ქიმიაზე გაუშვეს (ტერმინიქიმიაზე გაშვებადისიდენტების სლენგზე აღნიშნავდა ღია ტიპის გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადაყვანას, „საპატიმრო პირობითი სასჯელის შეცვლა შრომა-გასწორების სასჯელით). ვასილევმა კი ის ბიბლიოთეკარი ცოლად მოიყვანა.

კუზნეცოვი (ედუარდ კუზნეცოვი - მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, უფლებადამცველი) მგონი ოქტომბერში წავიდა ბურილიოვთან (ჩანერგილი პატიმარი, .. სუკებიდან), რათა კავშირი გაეწყვიტა მათთან [მოსდევს რამდენიმე გაფერადებული სიტყვა], მაგრამ ამის შემდეგ იგი წაიყვანეს პერმში, სადაც ცოლთან სამდღიანი პაემნის ნება დართეს, იმ წელს მესამედ. იმავე წლის ნოემბერში ღვიძლის დაშლით გარდაიცვალა ლეიდერმანი . იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს სიკვდილამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე, მიუხედავად იმისა, რომ გადაყვანას იხვეწებოდა და ტკივილისაგან იკლაკნებოდა.

იმავე წლის სექტემბრის ბოლოს სამზარეულოს გამო გაფიცვა მოვაწყვეთ, როგორც მაშინ. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად არც ერთი არ გავედით სამუშაოდ. იმხანად მკვეთრად გაუარესდა კვების ხარისხი, ამიტომსუკებსაცკი არ უთქვამთ უარი გაფიცვაში მონაწილეობაზე. კვების ხარისხი დაუყოვნებლივ გააუმჯობესეს, მაგრამ თვის ბოლოს ყველას ჩამოაჭრეს გამომუშავებული თანხიდან.

იანკევიჩი განთავისუფლების წინ ძალიან ღელავდა, რადგან მისი მუხლით გასამართლებული ერთი ზეკი (პატიმარი რედ.) განთავისუფლებისთანავე საეჭვოდ დაიღუპა.

აპოლონი, როგორც ჩანს, ადაიყვანეს სხვა  ბანაკში, დაუბრუნეს ბლანკი, რომ იგი ბანაკში არ იყო. გვქონდა კარცერი აპოლონს, მეც, ცურკოვსპაემნების, ამანათების, “ლარიოკის” (იგულისხმება ციხის მცირე მაღაზია) მოხსნა.

მე 8 თვე დამრჩა. შვებულებას ვითხოვდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ხანდახან საქართველოდან ჩამოდიან და ეს მანიჭებს [არ იკითხება] წუთებს.

ჯერჯერობით ესაა სულ. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს.

 

მერაბი

10/VII [სავარაუდოდ, 1981 .]