...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

ზურაბ ჭავჭავაძე - საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი

05 თებერვალი 2025


“ნებისმიერ დროში, ძნელბედობაა თუ გალაღებულობა, ერს განგებისაგან მოვლენილი ჰყავს ადამიანები, რომელთაც სულიერი მესვეურობის ურთულესი და საპატიო მისია აქვთ დაკისრებული. სწორედ ისინი, მიუხედავად თანამდებობისა თუ საზოგადოებრივი მდგომარეობისა, წარმოადგენენ ნიშანსვეტებს თანამედროვეთათვის, აყალიბებენ საზოგადოების ცნობიერებას, ბურჯად უდგანან ერის სასიცოცხლო ინტერესებს“, – წერდა ზურაბ ჭავჭავაძე აკაკი ბაქრაძისადმი მიძღვნილ პუბლიცისტურ წერილში. 

 

ზურაბ ჭავჭავაძე დაიბადა 1953 წლის 5 თებერვალს, ქალაქ თბილისში. მისი მშობლები იყვნენ ცნობილი ფილოსოფოსი ნიკო ჭავჭავაძე და აღმოსავლეთმცოდნე თინა ცაგარეიშვილი. ზურაბმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1971-1972 წლებში სწავლობდა გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. 1976-1979 წლებში მუშაობდა უფროს ლაბორანტად საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1979 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის რეფერენტად დაიწყო მუშაობა. 1980-1983 წლებში მუშაობდა მეცნიერ-რედაქტორად სამეცნიერო თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში, ხოლო 1984 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანის მთავარი სარედაქციო კოლეგიის ჯერ მეცნიერ-რედაქტორი, შემდეგ კი სამეცნიერო ლიტერატურის განყოფილების გამგე. 1986 წელს, ქართული ლიტერატურის ისტორია ექსტერნად ჩააბარა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „XII საუკუნის ქართული ჰიმნოგრაფია“. 

 

 

1988-1989 წლებში ზურაბ ჭავჭავაძე იყო “ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” გამგეობისა წევრი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ის რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობდა, რომელთა შორის იყო: დეპორტირებული მესხების საკითხი, თვითმფრინავის გატაცების საქმე, 9 აპრილის მოვლენები, ეკლესიის საკითხები, მათ შორის გრიგოლ ფერაძის პიროვნების შესწავლა.

1988 წელს ჭავჭავაძე ამ საზოგადოების მმართველობის წევრი, ხოლო გიორგი ჭანტურიას მომხრეთა („მეოთხე დასი“) განცალკევების შემდეგ ფაქტობრივი ლიდერი გახდა.  მთელი მოღვაწეობის მანძილზე, ზურაბ ჭავჭავაძე შედარებით ზომიერ, ლიბერალურ პოზიციაზე იდგა. ერთ-ერთ გამოსვლაში იგი ამბობდა: “ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის, ვინც გვიყვარს, იმასთან მოვნახოთ საერთო ენა, ჩვენი მოვალეობა არის, საერთო მოვნახოთ იმასთან, ვინც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი, ეს არის პოლიტიკური მოღვაწეობის ხელოვნებაც და აუცილებლობაც.”

 

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, ზურაბ ჭავჭავაძემ “ანტიქართულად” გამოცხადებული ოსური ორგანიზაციის, “ადამონ ნიხასის” ლიდერ ალან ჩოჩიევთან მშვიდობიანი დიალოგის წარმართვაც მოახერხა: “დღეს, როდესაც შიშის დათესვის მეშვეობით ცდილობენ ჩვენს ურთიერთიზოლაციას, კი არ უნდა გავუცხოვდეთ, კი არ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის, არამედ, პირიქით, უნდა დავამყაროთ ერთმანეთთან უშუალო კონტაქტები და ვეძებოთ ის, რაც გვაერთიანებს და არა ის, რაც განვასხვავებს ერთმანეთისგან… ჩვენი ურთიერთობის გაუარესებით დაინტერესებულია ორივე ჩვენი ხალხის მტერი.”

 

აფხაზეთში “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” ატარებდა არა ანტიაფხაზურ არამედ ანტიიმპერიალისტურ მიტინგებს. მიტინგების დედაარსი ქართველთა შევიწროებისათვის ხელის შეშლა იყო. 1988 წლის 3 დეკემბერს ზურაბ ჭავჭავაძე აფხაზურ ენაზე მიმართავდა: “არ არსებობს ისეთი აფხაზური პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს ქართულენოვან პრობლემას და პირიქით. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ილიას საზოგადოებაში ჩვენს აფხაზ ძმებს და ამოვუდგებით მხარში აფხაზური პრობლემების მოგვარებაში…”

1989 წლის აპრილის მოვლენები მაშინ დაიწყო, როდესაც “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან ასაცილებლად წინააღმდეგობის ცენტრის თბილისში გადატანა გადაწყვიტა. 4 აპრილიდან თბილისში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, თავდაპირველად კი აპრილის აქციების მთავარ მოთხოვნად აფხაზეთის პრობლემის მოგვარება იდგა. 4 აპრილის საყოველთაო გაფიცვის შედეგად, ჯუმბერ პატიაშვილმა 6 აპრილს  საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, ბორის ადლეიბა თანამდებობიდან გაათავისუფლა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, კონსტანტინე ოზგანისა და იმ პირების დასჯასაც, ვინც აფხაზეთში მომიტინგეებს დაესხა თავს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეროვნული მოძრაობა შეჯერდა, რომ აფხაზეთის პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მოგვარდებოდა და აპრილის აქციების მთავარ მოთხოვნად საქართველოს დამოუკიდებლობა იქცა.

 

9 აპრილის შემდეგ, განათლებით ქიმიკოსი ზურაბ ჭავჭავაძე დღის წესრიგში აყენებდა მეტად მნიშვნელოვან საკითხს უცნობი მომწამლავი ნივთიერების გამოყენების შესახებ. აქტიურად მუშაობდა უცხოელ მეცნიერებთან, რათა მომწამლავი გაზის ქიმიური შემადგენლობა დაედგინათ. გამოაქვეყნა არა ერთი წერილი პრესაში.

1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან მოხდა ავტოავარია, რის შედეგადაც მერაბ კოსტავა ადგილზე დაიღუპა, თამარ ჩხეიძე დაშავდა, ზურაბ ჭავჭავაძე კი საავადმყოფოში, შემთხვევიდან მე-60 დღეს გარდაიცვალა - ერთი ვერსიით, იგი საავადმყოფოში მკურნალობისას ჰეპატიტით დააავადეს. ზურაბ ჭავჭავაძე დაკრძალეს ყვარელში, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, რომელიც ჭავჭავაძეების საგვარეულო ტაძრად მიიჩნევა.

 

ზურაბ ჭავჭავაძე გამორჩეული და მრავალმხრივი ფიგურაა ქართული დისიდენტური მოძრაობის ისტორიაში. მეტიც, საქართველოს ისტორიის მომდევნო პერიოდში, რომელსაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ეწოდება, ზურაბ ჭავჭავაძე ერთ-ერთი იყო, ვინც ამკვიდრებდა თანამედროვე, ცივილიზებული ბრძოლის წესებს არსებული ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ და ურყევად იდგა საზოგადოებრივი ეროვნული ცნობიერების გამოფხიზლებისა და ამაღლების სადარაჯოზე.

„ზურას მიაჩნდა, რომ პოლიტიკაში არანაირი ამორალური მეთოდი არ უნდა გამოიყენებოდეს, არანაირი ცილისწამება არ უნდა იყოს, არადა თავად გახდა ცილისწამების მსხვერპლი“, - იხსენებს თამარ ჩხეიძე.

 

2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. „პატრიოტიზმი საკუთარი ერის თავდავიწყებულ სიყვარულს ნიშნავს და არა სხვების სიძულვილს, პოლიტიკოსის მისია ერის გაერთიანებაა და არა ერთმანეთზე გადაკიდება და დაპირისპირება. ხელისუფლების მიზანი ერის მიზნისკენ გაერთიანებაა და არა მასების ბრბოებად გადაქცევა. ამ იდეალებს ახორციელებდა ზურაბ ჭავჭავაძე და მის ღვაწლს მივაგებთ პატივს, რომ ახალ თაობას მივცეთ მაგალითი, რა არის სამაგალითო პოლიტიკაში.“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ცერემონიაზე.