05 თებერვალი 2025
ტარიელ ღვინიაშვილი დაიბადა 1960 წლის 22 სექტემბერს თბილისში. 1980-იან წლებში ტარიელი ანტისაბჭოთა იატაკქვეშა მოძრაობას შეუერთდა, რის გამოც დააპატიმრეს და გადასახლებაში არაერთი წლის გატარება მოუწია.
სკოლისა და უნივერსიტეტის წლები; ჩართვა იატაკქვეშა მოძრაობაში
ტარიელ ღვინიაშვილი სწავლობდა თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში. როგორც იხსენებს, ჩვეულებრივი ბავშვი იყო და ბევრი მეგობარი ჰყავდა, მასწავლებლებიც დადებითად ახასიათებდნენ. სკოლა ძალიან კარგი ნიშნებით დაასრულა. თავად აღარ ახსოვს, თუმცა მასწავლებლები იხსენებდნენ, რომ არსებული რეალობის მიმართ კრიტიკით ბავშვობიდან გამოირჩეოდა.
კინორეჟისორობა უნდოდა, თუმცა პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა. ტარიელ ღვინიაშვილი ფიქრობს, რომ მისი შეხედულებები მისმა გარემოცვამ განაპირობა, რომელიც საბჭოთა კავშირის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. ანდროპოვის მმართველობის პერიოდში იატაკქვეშა აქტივიზმში უკვე ჩართული იყო.
იატაკქვეშა შეკრებები მალე ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებაში გადაიზარდა. 5-6 პიროვნებისგან შემდგარი მობილური ჯგუფები პროკლამაციებს ღამის საათებში ავრცელებდნენ, რაც ანდროპოვის მკაცრი რეჟიმის პირობებში ძალიან სახიფათო იყო. ორგანიზაციის არსებობისათვის საჭირო ფინანსებს თავად წევრები აგროვებდნენ. საბოლოოდ, ერთ-ერთმა ახალმა და ძალიან აქტიურმა პირმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ КГБ-ს აცნობა და 40 წევრზე მეტი, მათ შორის ტარიელ ღვინიაშვილი, ციხეში აღმოჩნდა.
სასამართლო, ქართული ციხე და ურალის მთები
დააპატიმრეს 1983 წელს. დაკავების შემდეგ 11 თვე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა. ამ პერიოდში ის მუდმივ ზეწოლას განიცდიდა. გამომძიებელი ითხოვდა, რომ ეღიარებინა დანაშაული და ჯგუფის სხვა წევრებიც “ჩაეშვა”. პროტესტი არც აქ შეწყვეტილა - ის დემონსტრაციულად ეწეოდა სიგარეტს, რათა გამომძიებელი გაეღიზიანებინა. 11 თვის განმავლობაში ადვოკატი სულ 2-ჯერ ნახა, რადგან სახაზინო ადვოკატები სისტემის ერთგულები იყვნენ, რომლებიც იქამდე პროკურორებად მსახურობდნენ და, ბუნებრივია, დისიდენტები სძულდათ.
ტარიელის თქმით, ნამდვილი რეპრესიები მაშინ დაიწყო, როცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თავდაპირველად, ადგილობრივ ციხეში მოათავსეს, სადაც ცუდი პირობები იყო, ფიზიკურად ძალადობდნენ, ანტისანიტარიაში აცხოვრებდნენ და ოჯახთან კონტაქტის უფლებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით, გააცნობიერა, რომ ორთაჭალის ციხე საუკეთესო იყო მათ შორის, სადაც სასჯელის მოხდა მოუწევდა.
2 კვირაში ორთაჭალის ციხიდან როსტოვში გადაიყვანეს, საიდანაც მატარებლით ურალის მთებისკენ გააგზავნეს. მატარებელში გატარებული დრო ერთ-ერთი მძიმე მოგონებაა: ვაგონებში სპეციალური კაბინები იყო, სადაც პატიმარი მთელი მგზავრობის განმავლობაში უნდა მდგარიყო, დაჯდომა და დასვენება ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ამ გასაჭირის გადასატანად იუმორს მიმართავდნენ და, როგორც ტარიელი იხსენებს, ის მთელი გზა ხუმრობდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში, ტარიელ ღვინიაშვილს ოჯახთან მიმოწერა თითქმის არ ჰქონია, რადგან თვეში მხოლოდ 2 წერილის გაგზავნის უფლება ჰქონდა და ამ წერილებსაც მშობლები 4-5 თვის დაგვიანებით იღებდნენ. ბანაკში სასჯელს მხოლოდ 70-ე (ანტისაბჭოთა აგიტაცია) და 62-ე (სამშობლოს ღალატი) მუხლებით გასამართლებული ადამიანები იხდიდნენ. რეალურად, იქ მყოფი თითქმის ყველა პიროვნება პოლიტპატიმარი იყო.
ბანაკში პრივილეგირებული კლასი არ არსებობდა, პატიმრები ერთმანეთს თანასწორად ეპყრობოდნენ. იძულებითი შრომა ყოველდღიურობის ნაწილი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები მნიშვნელოვან საქმეს არ აკეთებდნენ, ამ სისტემის მიზანი მათგან სრული მორჩილების მიღება იყო. ისინი, ვინც წესებს არ ემორჩილებოდა, ძალიან მკაცრად, საჯარიმო საკნებში გამოკეტვით ისჯებოდა, სადაც ადამიანი სიცივისგან თავისუფლად შეიძლება დაღუპულიყო. ასეთ იზოლატორში ტარიელი 4-ჯერ მოხვდა.
რა თქმა უნდა, ახალი ამბების მოსმენის შანსი არ არსებობდა. ტელევიზორი დღეში მხოლოდ 1 საათით ირთვებოდა და მაშინაც „ვრემიას“ აჩვენებდა. პატიმრები ვერ გაიგებდნენ ჩერნობილის კატასტროფის ამბავს, რომ არა მეცნიერი იური ორლოვი, რომელიც ციხეში იმყოფებოდა და კატასტროფის მასშტაბის კალკულაცია უმცირესი ინფორმაციითაც კი შეძლო.
ციხიდან გამოსვლა და ანტისაბჭოთა აქტივობის გაგრძელება
1987 წლის მარტში, გორბაჩოვისა და მარგარეტ ტეტჩერის შეხვედრის შემდეგ, ბანაკში პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამ დროისათვის ტარიელ ღვინიაშვილი უკვე დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირი მალე დაიშლებოდა. 1987 წელს, თბილისში, სასჯელის ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე გადმოიყვანეს და მალევე გაათავისუფლეს.
ტარიელის დაპატიმრება ოჯახისთვის მძიმე დარტყმა იყო. მამამისმა, ნიკო ღვინიაშვილმა ნერვიულობის ნიადაგზე ინფარქტი გადაიტანა, მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და შვილის ციხიდან გამოსვლიდან მალევე გარდაიცვალა. ტარიელმა დისიდენტური აქტივობა მალევე განაახლა და „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას“ შეუერთდა, რომელთან ერთადაც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა - კერძოდ, მან ლიეტუვაში დაბეჭდა ანტისაბჭოთა გაზეთი „ივერია“ და საქართველოში ჩამოიტანა. კარგად იცნობდა საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომელიც ასევე დისიდენტი იყო და, როგორც ტარიელი იხსენებს, 9 აპრილის ღამეს ათობით ადამიანი გადაარჩინა. სჯერა, რომ მერაბ კოსტავასა და ზურაბ ჭავჭავაძის სიკვდილი ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია იყო და რომ არა ეს, სამოქალაქო ომის არიდება შესაძლებელი იქნებოდა.
ცხოვრება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
საქართველოს გათავისუფლების შემდეგ ტარიელ ღვინიაშვილმა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან“ ერთად მუშაობა გააგრძელა. 1994 წლიდან თანამშრომლობდა „მემორიალთანაც“. საქართველოს სათავეში ედუარდ შევარდნაძის მოსვლას ირონიული მოვლენად მიიჩნევს, რადგან ეს უკანასკნელი დისიდენტების წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.
ციხეში გაცნობილ დისიდენტებთან ურთიერთობა შეინარჩუნა და ბევრ მათგანთან დღემდე მეგობრობს. 90-იანი წლების შემდეგ ბევრჯერ ჰქონდა შანსი, ცხოვრება საზღვარგარეთ გაეგრძელებინა, თუმცა საქართველოში დარჩენა ამჯობინა. თვლის, რომ ყოფილი დისიდენტი ოფიციალურ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს.
დაჯილდოვებულია 2008 წ. უკრაინის ჰელსინსკის კავშირის საპატიო სიგელით. 2009 წელს - პოლონეთის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ მიანიჭა სამხედრო ოფიცრის ორდენი "პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის". 2012 წელს გადაეცა სამხედრო ოფიცრის ჯვარი “მებრძოლი სოლიდარობისთვის”. 2015 წელს - გადაეცა უკრაინის მთავრობის საპატიო მედალი "უკრაინის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი". 2017 წელს მიიღო პოლონეთის "მებრძოლი სოლიდარობის" აღმოსავლეთის განყოფილების ჯილდო "თანამშრომლობისთვის".
მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დღემდე ინტერესდება, თუმცა ნაკლებად ერთვება. იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ინდიფერენტული დამოკიდებულებით დისიდენტების მიმართ. მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ პერსონალური სარგებელი მისი მოქმედებების მიზანი არასდროს ყოფილა. ყოფილი დისიდენტი არ ნანობს ციხეში გატარებულ წლებს, რადგან თვლის, რომ ბანაკში იმ ადამიანებზე თავისუფალი იყო, რომლებიც იმ პერიოდის თბილისის ქუჩებში დადიოდნენ.