...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

უმძიმესი ოჯახური ტრაგედია სტალინიზმის ეპოქაში: ძმები ბუაჩიძეების საქმე

11 თებერვალი 2025


 

თედორე (სოსო) მოსეს-ძე ბუაჩიძე (1900-1937) იყო პარტიული და სამხედრო მუშაკი. ფრუნზეს სახელობის საქართველოს 63-ე სამთო-მსროლელი დივიზიის მეთაური 1931-1937 წლებში.

      

 ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

 

სხვადასხვა ისტორიული წყაროს თანახმად, თედორე ბუაჩიძე 1920 წელს გორის მაზრაში, ქალაქ ცხინვალში ბოლშევიკების გამოსვლაში  მონაწილეობდა, რის გამოც დააკავეს და იჯდა მეტეხის ციხეში, ხოლო შემდეგ იგი გაასახლეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ. 1922 წელს დაბრუნდა ქვეყანაში და სიცოცხლის ბოლომდე წითელ არმიაში იმსახურა. 1937 წელს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოსვლა, წითელი არმიის 15 წლიანი სამსახური და ერთგულება თედორე ბუაჩიძეს საშინელ წამებად დაუჯდა… ხოლო ზოგადად ოჯახში - კიდევ უფრო დიდ ტრაგედიაში გადაიზარდა.

 

1955 წელს, თბილისში გაიმართა 1937-1938 წლების რეპრესიების მონაწილეთა საჯარო სასამართლო პროცესი, მაღალჩინოსნების: რაფავას, რუხაძის, წერეთლის, კრიმიანის და სხვათა წინააღმდეგ, სადაც რამდენიმე მოწმემ გაიხსენა თ.ბუაჩიძე:

 

შინსახკომის №1 ციხის უფროსის, ოყროშიძის ჩვენებიდან: „დივიზიონის მეთაური ბუაჩიძე ნაცემი, ნახევრად მკვდარი მოიყვანეს. მთელი სხეული დაფარული ჰქონდა ჩალურჯებებით და სისხლჩაქცევებით. ის ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ კვნესოდა. მას არ შეეძლო შარდვა, რადგან დაზიანებული ჰქონდა შარდის ბუშტი, ხოლო შარდი ჟონავდა მუცლიდან... ბუაჩიძე მაღალი, ძლიერი აღნაგობის იყო, ამიტომ ჩემთვის მისი მდგომარეობა განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო. მეორე დღეს ბუაჩიძე გარდაიცვალა.“

 

პროცესზე დაკითხული ი.გ. ყურელი, რომელიც 1937-1944 წლებში შინსახკომის შიდა ციხის ექიმად მუშაობდა. მან დაადასტურა, რომ დახმარება აღმოუჩინა ძლიერ ნაცემ თ.ბუაჩიძეს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მოწმე ყურელმა ასევე განაცხადა, რომ ექიმებს, რომლებიც ციხეში დახმარების აღმოსაჩენად შედიოდნენ, აკრძალული ჰქონდათ ეკითხათ პატიმრის ვინაობა. ყურელმა ბუაჩიძე იცნო, რადგან ადრე მსახურობდა იმ დივიზიონში, რომელსაც ის მეთაურობდა.

 

თედორე ბუაჩიძე დააკავეს 1937 წლის 30 ივლისს. მის წინააღმდეგ ჩვენებები ერთ დღეს, 14 ივლისს მისცეს ბუდუ მდივანმა, ჩიხლაძემ და საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მგალობლიშვილმა. ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ პირადად გადაიბირა ბუაჩიძე. აღნიშნულ პირების დაკითხვებს აწარმოებდნენ ქობულოვი, კრიმიანი და სავიცკი.

 

თედორე ბუაჩიძის საქმეში არის დაკითხვის ორი ოქმი: პირველი დაკითხვისას მან აღიარა, რომ გამოდიოდა ბერიას კომპარტიის მდივნად დანიშვნის წინააღმდეგ, თვლიდა რა რომ „თუ ბერია მოვიდოდა პარტიული ორგანიზაციის სათავეში, ორგანოს ჩეკისტური მეთოდებით გაუწევდა ხელმძღვანელობას.“

მეორე ოქმი, რომელიც 1937 წლის 4 აგვისტოთი თარიღდება, მის მიერ ხელმოწერილი არ არის. ოქმში აღნიშნულია, რომ თ.ბუაჩიძემ აღიარა დანაშაული და კონტრრევოლუციურ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა.

 

 

შსს არქივში ინახება თედორე ბუაჩიძის ძმის, საქ. კომუნისტური პარტიის ვანის რაიკომის მდივნის, პავლე ბუაჩიძის 1937 წლის 7 აგვისტოს განცხადება, რომელიც მან ლავრენტი ბერიას გაუგზავნა:

 

“საქ. კ.პ.ც.კ. მდივანს, ამხ. ლ.პ. ბერიას

საქ. კ. პ. ვანის რაიკომის მდივნის, პ. ბუაჩიძის

განცხადება

თქვენთვის ცნობილია, რომ სოსო ბუაჩიძე იყო ჩემი ძმა, რომელიც აღზარდა კომუნისტურმა პარტიამ, დაამთავრებინა აკადემია, დანიშნა და ჩააბარა მას დივიზია, პარტიამ და ხელისუფლებამ ორი ორდენი მისცა, აირჩია საკავშირო ცაკის წევრად და ყოველივე ამის შემდეგი იგი გამომჟღავნებული იქნა როგორც ხალხის მტერი, სამშობლოს მოღალატე. საჭიროა, რომ იგი მთელი სისასტიკით დაისაჯოს, ვინაიდან მტრების მიმართ, როგორც ამხანაგი სტალინი გვასწავლის უნდა დაუნდობელნი ვიყოთ. ეს სასჯელი სოსო ბუაჩიძემ, როგორც სამშობლოს მოღალატემ და ხალხის მტერმა დაიმსახურა და მე ეჭვი არ მეპარება რომ იგი საბჭოთა ხელისუფლების მტრობისა და სამშობლოს ღალატისთვის საკადრის რევოლუციურ პასუხს მიიღებს.

მე, როგორც მის ძმას მქონდა თუ არა კავშირი მასთან? არა, არავითარი კავშირი მე მასთან არ მქონია, გარდა იმისა, რომ მე და იგი ერთი დედის შობილნი ვართ. დაე წყეულ იქნეს იგი როგორც სამშობლოს მოღალატე და ხალხის მტერი.

ლავრენტი პავლეს ძევ! მე არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, მიუხედავად იმისა, რომ სოსოსთან მე არავითარი კავშირი არ მქონდა, რომ მე ვმუშაობდე პარტიულ სამუშაოზედ. რაიკომის მდივანი – მისი ძმა ხალხის მტერი… არაა ეს ამბავი პოლიტიკურად გამართლებული, თუმცა ძმა მეორე ძმის მოქმედებაზე პასუხს არ აგებს. ამის გამო, ამხანაგო ლავრენტი, დაბეჯითებით გთხოვთ, განმათავისუფლოთ რაიკომის მდივნის მოვალეობიდან და გადმომიყვანოთ საბჭოთა ან სამეურნეო სამუშაოზედ.

საქ. კ. პ. ვანის რაიკომის მდივანი, პ. ბუაჩიძე. 7.VIII.1937.”

      

დოკუმენტები დაცულია შსს არქივში 

ოფიციალური ვერსიით, თედორე ბუაჩიძე გარდაიცვალა 1937 წლის 6 აგვისტოს, გულის უკმარისობით.

 

თედორე ბუაჩიძე სამხედრო სამსახურიდან სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარიატის 1937 წლის 31 აგვისტოს ბრძანების (№ 00230/ОУ) საფუძველზე გათავისუფლდა, მაშინ, როდესაც ის უკვე თითქმის 1 თვის მკვდარი იყო. რეპრესიებს დაექვემდებარა თედორე ბუაჩიძის ცოლიც - ლიუდმილა ალექსის ასული ბუაჩიძე. 1937 წლის 16 დეკემბერს, შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს გადაწყვეტილებით მას მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ყაზახეთში, ბანაკ „ალჟირში“ (აკმოლას სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკი) გადაასახლეს.

 

1954 წლის 13 ივნისს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პროკურატურის გადაწყვეტილებით, თ.ბუაჩიძის საქმე შეწყდა მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო...




1937 წელს (ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, 7 აგვისტოს შემდეგ) დააკავეს პავლე ბუაჩიძე. დაბადებული 1905 წელს, დაბა ხარაგაულში. დაოჯახებული, საშუალო განათლებით, კომპარტიის წევრი 1925 წლიდან (დაკავების გამო მალევე გარიცხეს პარტიის რიგებიდან).

 

ბრალად დასდეს, რომ 1935 წლის 16 მაისიდან იყო მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი და ვანის რაიონში მოქმედი კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამავე რაიონის რაიკომის მდივანი. კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციაში ჩართვის პირველივე დღიდან, კ/რ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ამბერკი კეკელიას პირდაპირი დავალებით იბირებდა ახალ წევრებს, სულ - 8 ადამიანი. ასევე მავნებლობდა ამავე რაიონის სოფლის მეურნეობაში. ახორციელებდა მავნებლურ საქმიანობას კოლმეურნეთათვის მიწების გამოყოფის საკითხსა და პროდუქტიული საქონლის ნორმებთან დაკავშირებით, რითაც გამოიწვია დიდი უკმაყოფილება კოლმეურნეთა შორის და პროვოკაცია კომპარტიის წინააღმდეგ. დანაშაული გათვალისწინებული საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-9 (ზიანის მიყენება/ მავნებლობა) და 58-11 (კონტრრევოლუციური ორგანიზაციული საქმიანობა).

მომხსენებელი - ლაზარევი.

 

საქმე 1937 წლის 31 დეკემბერს განიხილა შინსახკომის განსაკუთრებულმა სამეულმა გოგლიძის, წერეთლის და ტალახაძის მონაწილეობით, საქმის მდივანი - მოროზოვი. ბრალდებულს მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით.

 

პავლე ბუაჩიძე დახვრიტეს 1938 წლის 2 იანვარს. 

რეჟიმის პირობებში, ძმის წინააღმდეგ დაწერილმა წერილმა ვერც პავლე იხსნა…

 

დოკუმენტი დაცულია შსს არქივში