...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

სანდრო ახმეტელის საქმე

12 მარტი 2025


ავტორები: გიორგი კლდიაშვილი, ლევან ავალიშვილი

პირველად გამოქვეყნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ჟურნალში - "საარქივო მოამბე" N1, აპრილი, 2008, გვ. 37-44.

 

გასული საუკუნის 30-იანი წლები საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს, საინტერესო და, ამავე დროს, შეუსწავლელ ფურცლად რჩება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში (ყოფილი პოლიტიკურ პარტიათა არქივი) ინახება დოკუმენტი, რომელიც ეხება რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის, ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელისა და მისი დასის მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს. დოკუმენტი ბევრ საინტერესო ფაქტობრივ მასალას შეიცავს არა მარტო ამ მოვლენის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი მტკივნეული და რთული ეპოქის შესახებ.

1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ მოხდა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეპრესირებული ალექსანდრე ახმეტელის და ამავე თეატრის თანამშრომლების: პლატონ კორიშელის, ელგუჯა ლორთქიფანიძის, გია ქანთარიას, ივანე ლაღიძის, თამარ წულუკიძე-ახმეტელის, ბუჟუჟა შავიშვილისა და ნინო ღვინიაშვილის რეაბილიტაცია. ეს პიროვნებები საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს სამხედრო კოლეგიამ სცნო დამნაშავეებად. ალექსანდრე ახმეტელს ბრალად ედებოდა, რომ ახორციელებდა ჯაშუშურ საქმიანობას ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ და, ამავე დროს, იყო ტროცკისტულ-ზინოვიევური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი და მავნებლობდა ხელოვნების სფეროში. სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის საფარქვეშ  მან შექმნა მეამბოხე სამხედრო დაჯგუფებები  ბაქოში, სოხუმში, გროზნოში, სტალინირსა (ცხინვალი) და რიგ რაიონებში. მეამბოხე სამხედრო ჯგუფებში პირადად “გადმოიბირა” 35 ადამიანი.    ალექსანდრე ახმეტელს ბრალად არა მარტო ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა წაუყენეს, არამედ ისიც, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ლიკვიდაციასაც აპირებდა.[1]

 

 

                                    ალექსანდრე ახმეტელი

 

1937 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს, პლატონ კორიშელს, ელგუჯა ლორთქიფანიძეს, გია ქანთარიასა და ივანე ლაღიძეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, ქონების კონფისკაციით. ხოლო თამარ წულუკიძე-ახმეტელს, ბუჟუჟა შავიშვილსა და ნინო ღვინიაშვილს - ათწლიანი პატიმრობა. ალექსანდრე ახმეტელი 1922–1926 წლებში რუსთაველის თეატრში რეჟისორად მუშაობდა, 1935 წლამდე, გათავისუფლებამდე, მუშაობდა მთავარ რეჟისორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. გათავისუფლების შემდეგ იგი სამუშაოდ გადავიდა მოსკოვის “მწვანე თეატრში”. სარეაბილიტაციო კომისიის გამოძიებიდან ჩანს, რომ ახმეტელი 1936 წლის 19 ნოემბერს დააკავეს ქალაქ მოსკოვში და შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს ეტაპით. საინტერესოა, რომ მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილება გამოიცა 5 დეკემბერს, ხოლო ბრალი თავად ახმეტელს წარედგინა 7 დეკემბერს, 18 დღის შემდეგ მისი ფაქტობრივი დაკავებიდან. ახმეტელი დააპატიმრეს პროკურორის სანქციის გარეშე. წინასწარ გამოძიებასა და სასამართლო პროცესში პროკურორი მონაწილეობას არ იღებდა.[2]

 

 

ალექსანდრე ახმეტელი შვილებთან ერთად                             

 

ახმეტელი დაკავებული იყო 7 თვის განმავლობაში (1936 წ. ნოემბრიდან  1937 წ. ივლისამდე). როგორც საქმიდან ჩანს, პირველი სამი თვე იგი უარყოფდა ყველა ბრალდებას. მაგრამ  შემდგომ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, აღიარა არა მარტო ყველა წაყენებული ბრალდება, არამედ “დაასახელა” 200 ადამიანზე მეტი, ვინც მასთან ერთად მონაწილეობდა “კონტრრევოლუციურ საქმიანობაში”, მათ შორის ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, დეპუტატები, მწერლები და ა.შ. (მაგ.: ბუდუ მდივანი, გიორგი ყურულოვი, მიხეილ ჯავახიშვილი, შალვა დადიანი, კონსტანტინე გამსახურდია, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, რუსთაველის თეატრის მთელი შემადგენლობა და ა.შ.).[3]

აშკარაა, რომ აღნიშნული საქმე გამოიყენეს არა მარტო ახმეტელის, არამედ მთელი ქართული ინტელიგენციისა და პოლიტიკური  ელიტის წინააღმდეგაც. სასამართლო სხდომების ოქმებიდან ჩანს, რომ თითოეული ბრალდებულის მიმართ პროცესი მიმდინარეობდა მხოლოდ რამდენიმე წუთს, ბრალდებულებს გულდასმით არ კითხავდნენ, არ განიხილებოდა წინააღმდეგობები წინასწარ ჩვენებებსა და სასამართლოს დარბაზში მიცემულ ჩვენებებს შორის და, რაც მთავარია, სასამართლო არც კი დაინტერესდა, რატომ უარყოფდნენ ბრალდებულები საკუთარ ჩვენებებს სასამართლო პროცესზე. მაგალითად, ალექსანდრე ახმეტელის მეუღლემ თამარ წულუკიძემ სასამართლო პროცესზე მთლიანად უარყო გამოძიების მსვლელობისას მიცემული წინასწარი ჩვენებები და განაცხადა, რომ “გრძნობს თავს დამნაშავედ, ოღონდ თავადაც არ იცის, რაში”.[4]

კორიშელმა, ლორთქიფანიძემ, შავიშვილმა და ღვინიაშვილმა კი განაცხადეს, რომ არ ცნობენ თავს დამნაშავეებად, მაგრამ შემდგომ ნაწილობრივ მაინც აღიარეს “დანაშაული”. საინტერესოა, რომ მოწმეების ნაწილი (ლ. გასვიანი, ა. გიორგაძე, ი. ზურაბიშვილი) მოგვიანებით თავად გახდნენ რეპრესირების მსხვერპლი და ბევრი მათგანი დახვრიტეს. ხოლო იმ მოწმეებმა, რომლებიც რეპრესიებს გადაურჩნენ, სარეაბილიტაციო საქმის მსვლელობისას სრულიად უარყვეს 1936-1937 წლებში მიცემული საკუთარი ჩვენებები და განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გამომძიებლები დაკავებულნი იყვნენ ჩვენებების გამოძალვითა და ფალსიფიკაციით (ა. დავითაშვილი, ა. ქავთარაძე, ა. ვასაძე და ა.შ.).[5]

ამ მხრივ, ნიშანდობლივია რეაბილიტაციის საქმეში არსებული ორი მოწმის ჩვენება. კერძოდ, ვინმე ქვლივიძე, რომელიც ასევე დაპატიმრებული იყო და ერთი პერიოდი ახმეტელთან ერთად იყოფდა საკანს,, გამოძიებას უყვება, რომ ცნობილი რეჟისორი გაუთავებელი წამების შედეგად მიიყვანეს კრიტიკულ ზღვრამდე. ახმეტელი, ქვლივიძის ცნობით, ნანობდა, რომ თავის დროზე არ “აღიარა” ყველა ბრალდება და ამით არ შეწყვიტა წამება. ახმეტელს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული საქმის უკან იდგა თავად ლავრენტი ბერია, რომელთანაც მას არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.[6]

მეორე მოწმე, ვინმე ატაშიანი, როგორც შინსახკომის ყოფილი თანამშრომელი, ადასტურებდა, რომ გამომძიებელი შეკოტიხინი, რომელიც მხეიძესა და პოდოლსკაიასთან ერთად იძიებდა რუსთაველის თეატრის საქმეს, იყენებდა ბრალდებულების მიმართ განსაკუთრებით სასტიკ ფიზიკური ზემოქმედების საშუალებებს. იგივე დაადასტურეს, რეაბილიტაციის პროცესის დაწყების დროს, გადარჩენილმა ახმეტელის მეუღლემ და ნინო ღვინიაშვილმა.

იმავე, 1937 წელს, ამ საქმის გამომძიებლები შინსახკომის თანამშრომლები - მხეიძე და  შიკოტიხინი თავად გახდნენ ბრალდებულნი ჯაშუშობაში და მათაც სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯათ, ხოლო პოდოლსკაია დააპატიმრეს, როგორც ანტისაბჭოთა ტერორისტული ორგანიზაციის წევრ შუტოვის მეუღლე. მოგვიანებით, პოდოლსკაიას საქმე შეაჩერეს, მისი შემდგომი ბედი კი უცნობია.[7]

დოკუმენტში კარგად არის ნაჩვენები ყველა ის რეალური მოტივი, რომელიც საფუძვლად დაედო ახმეტელის საქმეს. როგორც ირკვევა, სანდრო ახმეტელსა და რუსთაველის თეატრის მსახიობებზე დაკვირვება სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის  ორგანოებმა ჯერ კიდევ 1928 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან დაიწყეს, როცა დაიხურა სამსახიობო კორპორაცია “დურუჯი”. ეს გაერთიანება 1924 წელს კონსტანტინე მარჯანიშვილის ინიციატივით შეიქმნა და მასში გაერთიანდნენ ქართული თეატრის წამყვანი სახეები. გამოძიების მასალებიდან ჩანს, რომ ლავრენტი ბერია, როგორც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელი, პირადად ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. 1930 წელს მისი უშუალო ბრძანების საფუძველზე რუსთაველის თეატრი   საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს.[8]

საქმეში აგრეთვე აღწერილია ახმეტელსა და ბერიას შორის დაპირისპირებაც, რაც გამოწვეული იყო, პირველ რიგში, ახმეტელის ფეთქებადი ხასიათითა და იმით, რომ მას არ სურდა, ბერიას ყველა ბრძანებისა თუ სურვილის უსიტყვო შესრულება. სხვა წყაროს ცნობით, ახმეტელმა მეგობრებთან საუბარში უხეში სიტყვებით მოიხსენია ლავრენტი ბერია. კონსტანტინე გამსახურდიასა და ჯიქიას ჩვენებებით, 1935 წელს, პირად საუბარში ახმეტელმა ძალზე უხეშად და უცენზურო სიტყვებით მიმართა ბერიას.[9]

კაჭარავას ჩვენებით, 1935 წლის ზაფხულში ის შეესწრო  დეკანოზოვსა და ბერიას შორის საუბარს, როდესაც ეს უკანასკნელი გაბრაზებული აღნიშნავდა, რომ “თავგასულმა” ახმეტელმა მისი ნებართვის გარეშე რუსთაველის თეატრში დაკიდა სტალინთან ერთად გადაღებული სურათები და იქვე გამოთქვა მისი ფიზიკური ლიკვიდაციის სურვილი.[10] თავის მხრივ, ბერიამ ისარგებლა იმ დაპირისპირებით, რომელიც არსებობდა რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელსა და თეატრის წამყვან მსახიობებს (აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე) შორის, იმუშავა, რათა კიდევ უფრო გაეღრმავებინა ეს შუღლი და ერთმანეთისთვის გადაეკიდა მათი მხარდამჭერი ბანაკები. 1935 წელს სანდრო ახმეტელმა დააქვეითა აკაკი ვასაძე, ხოლო აკაკი ხორავა საერთოდ გააძევა თეატრიდან. ამავე დროს ახმეტელმა არ შეასრულა ბერიას უშუალო ბრძანება - ხორავასა და ვასაძის ძველ თანამდებობებზე აღდგენასთან დაკავშირებით.

1935 წელს ახმეტელი გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო ერთ წელიწადში წაუყენეს ჯაშუშობისა და სხვა ბრალდებები. ახმეტელის საქმეში მთავარი მოწმის სტატუსი ჰქონდა აკაკი ვასაძეს. სწორედ მისი ჩვენებების საფუძველზე მოხდა ძირითადი ბრალდებების ფორმულირება და შემდგომში წაყენება. ვასაძემ, ახმეტელთან ერთად, “კონტრრევოლუციურ” საქმიანობაში ამხილა და ჩვენება მისცა ბევრი ცნობილი პიროვნების წინააღმდეგ. მათ შორის იყვნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი და სანდრო შანშიაშვილი; მსახიობები: ხორავა, საღარაძე, ჯაფარიძე, იმდროინდელი პოლიტიკური მოღვაწეები: ბ. მდივანი, მ. ორახელაშვილი, ლ. გოგობერიძე, პ. ორჯონიკიძე, ლიდია გასვიანი; ასევე მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე და სხვები.[11]ვასაძის ჩვენებებით, სანდრო ახმეტელი მიზანმიმართულად ახორციელებდა კონტრრევოლუციურ, მავნებლურ საქმიანობას თეატრში, კონტაქტი ჰქონდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ ემიგრაციასთან, რომლისგანაც პერიოდულად იღებდა ფინანსურ დახმარებას,  დგამდა ანტისაბჭოურ სპექტაკლებს, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა რესპუბლიკის (განსაკუთრებით უკრაინული) თეატრების ხელმძღვანელებთან, რომლებთანაც ერთად არჩევდა ნაციონალისტურ თემებს, ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა მეამბოხე ჯგუფს თეატრში, სტუდენტებში  აღვივებდა ანტისაბჭოურ სულისკვეთებას და პირად საუბრებში მუდამ ნაციონალისტურ თემებზე ამახვილებდა ყურადღებას, იყო პროფაშისტურად განწყობილი და თავის თანამოაზრეებთან ერთად აპირებდა ლავრენტი ბერიასა და სხვა პარტიული მოღვაწეების ლიკვიდაციას.[12]

ვასაძე სამჯერ იყო დაბარებული გამომძიებლებთან ჩვენებების მისაცემად და ყოველი  მისვლისას ახმეტელის “კონტრრევოლუციური ორგანიზაციის” წევრთა სია ახალი წევრებით ივსებოდა. შედეგად, რეპრესიებს შეეწირა კიდევ 6 პიროვნება, მათ შორის პეტრე ოცხელი, ვახტანგ და ივანე აბაშიძეები, ალექსანდრე თარხნიშვილი.[13]                                       

აკაკი ვასაძის ჩვენებებში ვეცნობით რუსთაველის თეატრში წლების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, თანამშრომელთა ცხოვრების დეტალებს, ასევე იმ დაპირისპირებას, რომელიც არსებობდა თეატრის თანამშრომლებს შორის და როლს, რომელსაც ამ მოვლენებში თამაშობდა ცკ-ს პირველი მდივანი ლავრენტი ბერია.

1950-იან წლებში, რეაბილიტაციის საქმის მსვლელობისას, აკაკი ვასაძე კვლავ დაიკითხა ახმეტელის საქმესთან დაკავშირებით. ამჯერად მან უარყო ყველა ის ბრალდება, რომელიც წაუყენეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მისი ჩვენებების საფუძველზე.[14] მან აგრეთვე უარი განაცხადა, დაედასტურებინა საკუთარი დაკითხვის ოქმები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრიმინალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა ოქმებზე მისი ხელმოწერების უტყუარობა,[15] ვასაძემ აღიარა, რომ ოქმები არ იყო გაყალბებული, თუმცა ვერ ახსნა ის ფაქტი, თუ საიდან გაჩნდა მისი ხელმოწერები დოკუმენტზე. ერთადერთი ახსნა, რომელიც თავად ვასაძემ მოუძებნა ამ ფაქტს, იყო ის, რომ ბერიამ ფსიქოლოგიურად მოამზადა იგი, ხოლო გამომძიებლებმა ისარგებლეს მისი დაბნეულობით და შეუცვალეს დაკითხვის ოქმი ხელმოწერისას.[16] მიუხედავად იმისა, რომ 1937 წლის 14-16 აპრილს მიცემულ ჩვენებებში აკაკი ვასაძემ სანდრო ახმეტელისა და მისი ჯგუფის “კონტრრევოლუციური მოღვაწეობის” მრავალი ფაქტი ამხილა, 1955 წლის 20 აპრილს  სარეაბილიტაციო კომისიისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ ახმეტელის  კონტრრევოლუციური საქმიანობის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.[17]

1955 წლის 6 ივლისს სამხედრო პროკურორმა, პოლკოვნიკმა ა. ცუმაროვმა წარმოადგინა დასკვნა სანდრო ახმეტელისა და მისი საქმის მიხედვით რეპრესირებული რუსთაველის თეატრის თანამშრომლების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია: “ვთვლი, რომ ამ საქმით გასამართლებული ყველა პირის მიმართ წაყენებული განაჩენი უნდა ჩაითვალოს გაუქმებულად და საქმე შეწყდეს მასში დანაშაულის არარსებობის გამო.”[18]

სანდრო ახმეტელის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტი დეტალურად და თანმიმდევრულად ასახავს იმ პერიპეტიებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში გასული საუკუნის 30-იან წლებში. ზემოაღნიშნული საქმიდან შესაძლებელია, თვალნათლივ წარმოვიდგინოთ ის მოვლენები, რომლებიც მიმდინარეობდა საქართველოში გასაბჭოების ეპოქაში,  აღწერილია, თუ რა გავლენას ახდენდნენ ცალკეული პიროვნებები საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ასპექტებზე,  როგორ იხლართებოდა პირადი ამბიციები და ინტერესები პოლიტიკურ ინტრიგებში და როგორ ეწირებოდა ამას ადამიანების სიცოცხლე. დოკუმენტი ფარდას ხდის და აშიშვლებს იმ რეპრესიული აპარატის მუშაობის მთელ მექანიზმს, რომელსაც 30-იანი წლების საიდუმლო სამსახური ერქვა და რომელსაც სათავეში ლავრენტი პავლეს ძე ბერია ედგა. დოკუმენტიდან იკვეთება, როგორ ხდებოდა ჩვენებების გამოძალვა, გაყალბება, ადამიანების გამოყენება და, რაც განსაკუთრებით მძიმეა, მათი ლიკვიდაცია. სანდრო ახმეტელისა და მისი დასის საქმე ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესოა იმ მასალიდან, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში.

 

 

 

 



[1] შსს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილების (ყო-ფილი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის - Партархив Грузинского филиала ИМЛ при ЦК КПСС) არქივი - ф. No14, Оп. No31, дело No247 стр. 3.

[2] იქვე, გვ. 4-5

[3] შსს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილების არქივი--ф. No14, Оп. No31, дело No247  стр. 4-5.

[4] იქვე, გვ. 6.

[5] იქვე, გვ. 6-7.

[6] შსს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილების არქივი – ф. No14, Оп. No31, дело No247 стр. 14. 

[7] იქვე, გვ. 14.

[8] იქვე, გვ. 13.

[9] შსს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილების   არქივი– ф. No14, Оп. No31, дело No247 стр. 12.

[10] იქვე, გვ. 12.

[11] შსს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილების არქივი – ф. No14, Оп. No31, дело No247 стр. 7.

[12] შსს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილების არქივი – ф. No14, Оп. No31, дело No247 стр. 18-24., 25-35., 36-38.

[13] იქვე, გვ. 10.

[14] იქვე, გვ. 39-41.

[15] იქვე, გვ. 51-52.

[16] იქვე, გვ. 49-50.

[17] იქვე, გვ. 42.

[18] შსს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილების არქივი – ф. No14, Оп. No31, дело No247 стр. 14.