...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

სტალინურ ტერორს შეწირული სტუდენტები

17 მარტი 2025


1934 წლის 1 დეკემბერს, პოპულარული ბოლშევიკის, სერგეი კიროვის ბოლომდე გაუხსნელმა მკვლელობამ, სტალინს საშუალება მისცა „იმპერიალიზმის აგენტებისა და კონტრრევოლუციური ელემენტების წინააღმდეგ“ მასობრივი რეპრესიები დაეწყო. საყოველთაო მასშტაბი რეპრესიებმა შეიძინა 1937 წელს, მას შემდეგ რა 30 ივლისს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის ხელმოწერით გამოიცა ბრძანება №00447. ბრძანების პრეამბულაში ვკითხულობთ: “1937 წლის 5 აგვისტოდან ყველა რესპუბლიკაში, მხარეში და ოლქში დაიწყოს ოპერაცია ყოფილი კულაკების, აქტიური ანტისაბჭოთა ელემენტებისა და კრიმინალების რეპრესიების შესახებ.” მუხლები კი შეეხებოდა რეპრესირებას დაქვემდებარებულ კონტინგენტს, ოპერაციის განხორციელების წესებს, განაჩენის აღსრულების წესებს და ა.შ. ბრძანებით დამტკიცდა ე.წ. “განსაკუთრებული სამეულების” (ტროიკების) შემადგენლობა სხვადასხვა ადგილას და განისაზღვრა რეპრესირებას დაქვემდებარებული ადამიანების კვოტები. პირველივე ჯერზე, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში 5 ათასი ადამიანის კვოტა გამოიყო: აქედან 2 ათასი პირველი კატეგორიით (სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციის) უნდა გაესამართლებინათ, ხოლო 3 ათასი - მეორე კატეგორიით (10 წლით ციხეში მოთავსება-გადასახლებით).

საქართველოში შინსახკომთან “განსაკუთრებული სამეული” 1937 წლის 8 ივლისს, ლავრენტი ბერიას ბრძანებით შეიქმნა. “განსაკუთრებული სამეულის” წევრები იყვნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე აქვსენტი რაფავა, საქართველოს რესპუბლიკის პროკურორი ილარიონ ტალახაძე და მუშათა და გლეხთა მილიციის უფროსი შალვა წერეთელი. განსაკუთრებული სამეულის შემადგენლობა სხვადასხვა დროს იცვლებოდა, მასში შედიოდნენ საქართველოს შინსახკომი სერგო გოგლიძე, შინსახკომის მოადგილე ბოგდან ქობულოვი და საქართველოს სსრკ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი კანდიდ ჩარკვიანი. განსაკუთრებულმა სამეულმა საქართველოში დაახლოებით 28,000 ადამიანი გაასამართლა. 

 

შსს-ის არქივის ე.წ. საქართველოს კომპარტიის ორგანოების ყოფილი არქივის “განსაკუთრებული საქაღალდეების” ფონდი  

1937–1938 წლების განმავლობაში, საბჭოთა ტერორის დანარჩენ ეტაპებთან შედარებით, ყველაზე მეტი ადამიანი იქნა რეპრესირებული. რეპრესიები შეეხო უბრალო მოქალაქეებს, გლეხებს, ასე ვთქვათ „კულაკებს“, სასულიერო პირებს, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, მწერლებს, მხატვრებს, პოეტებს, ისევე, როგორც პარტიულ და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, სამხედროებს, თავად შინსახკომის თანამშრომლებს და ა.შ.

1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები რამდენიმე ე.წ. “ოპერაციისგან” შედგებოდა. მათ შორის, ე.წ. “სტალინური სიები” ითვლება ყველაზე მაღალი მნიშვნელობის მქონედ. სიები ადგილობრივ შინსახკომში დგებოდა, შემდეგ კრემლში იგზავნებოდა და მას სტალინი და პოლიტბიუროს სხვა წევრები ამტკიცებდნენ აღსასრულებლად. სიაში მოხვედრილ პიროვნებებს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესია ასამართლებდა. თუმცა, 1937 წლის 30 ოქტომბერს, იოსებ სტალინთან გაგზავნილ წერილში, ლავრენტი ბერია ითხოვდა, სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის ნაცვლად, სიაში მოხვედრილ ადამიანების გასამართლება საქართველოში “განსაკუთრებული სამეულისთვის” გადაეცათ. ამის მიზეზად, ბერია ასახელებდა დაკავებულების დიდ რაოდენობას და “ჩამორჩენას” განაჩენების გამოტანა-აღსრულებაში. როგორც ჩანს, სტალინი დათანხმდა ბერიას წინადადებას და 1937 წლის 25 ნოემბრიდან გამსამართლებელი ორგანო შეიცვალა.

სულ საქართველოში, “სტალინური სიებით” 3600-ზე მეტი ადამიანი გასამართლდა, მათ შორის იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები.

“ელიტის ოპერაციის“ (“სტალინური სიების”) ფარგლებში რეპრესირებულთა შორის იყვნენ სტუდენტებიც. მათი, ისევე როგორც “სტალინური სიებით” რეპრესირებული სხვა ადამიანების ბრალდებები, მოიცავდა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას, საბოტაჟს და დივერსიულ-ტერორისტულ ჯაშუშურ ორგანიზაციაში მონაწილეობას, ტროცკისტობას, კონტრრევოლუციონერობას, სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას და ა.შ. რამდენიმე მათგანი არასანდო ელემენტად მიიჩნიეს იმის გამო, რომ მათ განათლება უცხოეთში ჰქონდათ მიღებული და იმ ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო დახვრიტეს.

აღნიშნული სტატია მომზადებულია საქართველოს შსს არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით შექმნილი “სტალინური სიების” საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით.

 https://stalin.historyproject.ge

IDFI-ს მიერ შექმნილი “სტალინური სიების” ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოში სტალინური სიით სულ მცირე 49 სტუდენტი გაასამართლეს. მათ შორის:

● 35 სტუდენტი დახვრიტეს

● 7 - მიესაჯა 10 წელი

● 1 - მიესაჯა 8 წელი

● 1 - მიესაჯა 3 წელი

● 2 - გარდაიცვალა ციხეში

● 3 - გაათავისუფლეს პატიმრობიდან

საშუალოდ, რეპრესირებული სტუდენტების ასაკი 26 წელს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა - 1919 წელს დაბადებული არჩილ ხიდიბეგაშვილი დაპატიმრებამდე იყო თბილისის ხე-ტყის ტექნიკური ინსტიტუტისა და ზოოვეტერინარული ინსტიტუტის სტუდენტი. იგი დააპატიმრეს 1938 წლის 12 სექტემბერს და ბრალად დასდეს რომ იყო ქ. ბათუმში კ/რ ორგანიზაცია "ახალგაზრდა მარქსისტების" წევრი. არაერთგზის მიიღო მონაწილეობა კ/რ ორგანიზაციის არალეგალურ შეკრებებში, სადაც განიხილებოდა კ/რ ორგანიზაციისთვის იარაღის შეძენის საკითხი. ხიდიბეგაშვილის სასამართლო სხდომა ე.წ. “განსაკუთრებულმა სამეულმა” 1938 წლის 10 ოქტომბერს გამართა, იგი მეორე დღეს, 11 ოქტომბერს დახვრიტეს.

ბათუმის “ახალგაზრდა მარქსისტების” ორგანიზაციაში მონაწილეობის გამო, 11 ოქტომბერსვე დახვრიტეს კიდევ ორი სტუდენტი: მიხეილ თავამაშვილი (დაბ. 1916) და იასონ ჟორდანია (დაბ. 1917).

  

განსაკუთრებული სამეულის სხდომის ოქმი, რომლითაც არჩილ ხიდიბეგაშვილი გაასამართლეს. ხელს აწერენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე. 10 ოქტომბერი 1938. დაცულია შსს არქივში.

 

49 სტუდენტს შორის 4 იყო ქალი. მათგან ორს - ედიტ ფილიპს (დაბ. 1911) და ვერა ვოლკოვსკაია-ბორისოვას (დაბ. 1909) 10-10 წლით გადასახლება მიუსაჯეს. ლუქსემბურგში (ბოლნისი) მცხოვრები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის სტუდენტი ფილიპი ბრალდებული იყო გერმანიის სადაზვერვო ორგანოების სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ხოლო სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტმა, ხალხის მტრის მეუღლემ,[1] ვოლკოვსკაიამ, იცოდა თავისი ქმრის ჯაშუშური საქმიანობის შესახებ და არ შეატყობინა ორგანოებს.

ბერტა ზახარინა (დაბ. 1904) ქალაქ სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის სტუდენტი, დააპატიმრა აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა და მემარჯვენე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 1937 წლის 16 სექტემბერს დახვრიტეს. მარია არეფიევა (დაბ. 1900) დაპატიმრებამდე ასევე იყო სუბტროპიკული ინსტიტუტის სტუდენტი, ბრალდების თანახმად, იგი იყო ტერორისტთა თათბირის მონაწილე, სადაც მუშავდებოდა სახალხო ბელადზე, ამხ. სტალინზე ტერაქტის განხორციელების გეგმა. იგი, ზახარინას მსგავსად, აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა და 16 სექტემბერს დახვრიტა. ორივე მათგანი ერთ საქმეში ფიგურირებდნენ.

 

ბერტა ზახარინა - სტუდენტის წიგნაკი. 1935 წელი.

 

ზახარინას და არეფიევას გარდა, რეპრესიებს ემსხვერპლა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის 10-ზე მეტი სტუდენტი. საქმეების თანახმად, ისინი კონტრრევოლუციურ, ტერორისტულ ორგანიზაციაში გადაიბირა შალვა ოდილავაძემ, რომელიც თავის მხრივ გადაბირებული იყო ბუდუ მდივანის მიერ. სტუდენტებს ბრალად ედებოდათ ტერორისტული აქტების მომზადება საბჭოთა და კომპარტიის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ.

საქართველოს შსს არქივში (ყოფილი უშიშროების კომიტეტის, ე.წ. კგბ-ს არქივი), საგამოძიებო საქმეებს შორის შემონახულია სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტის, დიმიტრი ვარდანაშვილის (დაბ. 1916) საქმე. 1937 წელს, დიმიტრი ვარდანაშვილმა გადაწყვიტა, საიდუმლო ორგანიზაციის წევრებთან ერთად აღენიშნა 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისის ღამით, დიმიტრი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი დააპატიმრეს. ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს არალეგალური საბეჭდი მანქანა, რომლის საშუალებით ის პროკლამაციებს ამზადებდა და ე.წ. “მენშევიკური ლიტერატურა.”

ვარდანაშვილის დაკითხვის ოქმში ვხვდებით სხვა საინტერესო დეტალებსაც. მაგალითად, კიროვის მკვლელობასთან დაკავშირებით მან პედაგოგიურ ინსტიტუტში გამოაკრა შემდეგი შინაარსის პროკლამაცია: “ნიკოლაევი (კიროვის მკვლელობაში ბრალდებული და 1934 წელს დახვრეტილი - ავტ.) არა მხეცი, არამედ გმირია!” მან ასევე აღიარა რომ კითხულობდა ჟორდანიას, რამიშვილის და სხვა მენშევიკების ნაშრომებს და მენშევიკურ წყობას უჭერდა მხარს. სურდა შეეცვალა საბჭოთა რეჟიმი და ამისთვის მუშაობდა სხვა სტუდენტებთანაც.

 

დიმიტრი ვარდანაშვილი - დაკავებისას გადაღებული ფოტო.

 

ვინაიდან დიმიტრი ვარდანაშვილმა ყველა ბრალდება საკუთარ თავზე აიღო, ამის გამო, ანდრია ცისკარიშვილი (დაბ. 1915) და შოთა დვალი (დაბ. 1914) 10 წლიანი სასჯელით გადარჩნენ. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 1937 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, დიმიტრი ვარდანაშვილს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. განაჩენი აღასრულეს მეორე დღეს - 1937 წლის 20 სექტემბერს. მაშინ დიმიტრი ვარდანაშვილი მხოლოდ 21 წლის იყო.

 

სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 1937 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, დიმიტრი ვარდანაშვილის მიმართ.

 

დიმიტრი ვარდანაშვილის განაჩენის აღსრულების ოქმი. 1937 წლის 20 სექტემბერი.

 

გამოსარჩევია არჩილ მდივანის (დაბ. 1911) საქმეც. დაპატიმრების მომენტისთვის იგი სახელმწიფო ინდუსტრიული ინსტიტუტის სტუდენტი იყო, ამავდროულად აქტიურ სპორტულ კარიერას მისდევდა და 1931–1936 წლებში შედიოდა სსრ კავშირის უძლიერეს ჩოგბურთელთა ათეულში. არჩილი, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედის, 1921-1936 წლებში მაღალ თანამდებობებზე მყოფი ბოლშევიკის, პოლიკარპე (ბუდუ) მდივანის (1877-1937), შვილი იყო. ბუდუ მდივანი 10 ივლისს დახვრიტეს და შემდგომში მისი მთელი ოჯახი გაანადგურეს - არჩილი, მისი 3 ძმა, დედა და მისი და. არჩილს ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა და რომ იგი მამასთან გამოთქვამდა ბერიას მოკვლის განზრახვას. არჩილ მდივანი 1937 წლის 14 სექტემბერს დახვრიტეს.

 

 არჩილ მდივანი

რეჟიმის სრულ სისასტიკეს ასახავს 2 სტუდენტის შემთხვევა: ანტონ ბედეაშვილი (დაბ. 1918) და მიხეილ ლოკაპიშვილი (დაბ. 1908) დააპატიმრეს, თუმცა ვერ გაასამართლეს, რადგან ისინი ციხეში გარდაიცვალნენ. სტალინური ტერორის დროს, სასურველი ჩვენების მიღებისთვის ფიზიკური ზემოქმედება კანონით იყო დაშვებული. აღნიშნული სტუდენტები სავარაუდოდ ციხეში წამების შედეგად მოკლეს.



[1] მეუღლე, ვასილი ბორისოვი (დაბ. 1892). მცხეთის ხე-ტყის სახერხი ქარხნის სახანძრო დაცვის უფროსის თანაშემწე. ბრალად დასდეს, რომ იყო კ/რ დივერსიულ ორგანიზაციის აქტიური წევრი. დახვრიტეს 1937 წლის 23 დეკემბერს.