...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

იროდიონ ფაჩულია - საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი

25 მარტი 2025


იროდიონ ფაჩულია  (დაბ. 21.12.1922, სოფ. ხორში, სენაკის რაიონი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა), პედაგოგი, თეატრმცოდნე. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორის მოადგილედ.

მამა მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, შემდგომ კი კოლმეურნე იყო. დედა – დიასახლისი.

1940 წელს ფაჩულიამ დაამთავრა საშუალო სკოლა სოფელ ხორშში და დაიწყო მუშაობა ისტორიის მასწავლებლად გაგრის რაიონის სოფელ კოლხიდაში. 1942 წელს ჩაირიცხა სტუდენტად სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე. მეორე კურსზე სწავლისას დაინიშნა სოფელ ლესელიძის ქართული საშუალო სკოლის დირექტორად.

1945 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და ჩააბარა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე, სადაც გაიცნო გურამ ბარამიძე – მისი თანამოაზრე საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1950 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი და დაიწყო მუშაობა რესპუბლიკური კულტურულ-საგანმანათლებლო კომიტეტის კლუბური სამუშაოების სამმართველოში, ხოლო 1953 წელს გადაიყვანეს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორის მოადგილედ.

ფაჩულიამ ბავშვობა სოფელში გაატარა და საკუთარი თვალით იხილა საბჭოთა სისტემის მანკიერება. საუკეთესო ადამიანები, მშრომელები და პატრიოტები რეპრესიებს ემსხვერპლნენ, ბოლშევიზმის იდეურ და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ. კოლექტივიზაციის დროს მრავალშვილიან ოჯახებს ართმევდნენ საქონელს, კერძო მეურნეობას მძიმე გადასახადებით ანადგურებდნენ, გლეხის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, ერთი ძროხიდან წელიწადში 31 კგ ხორცის, ერთი ქათმიდან კი 30 ცალი კვერცხის ჩაბარება იყო სავალდებულო. ამ ყველაფერმა განსაზღვრა მისი ცხოვრება - ებრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ.

უკვე 1954 წელს, ფაჩულიამ და გურამ ბარამიძემ ერთობლივად გადაწყვიტეს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და იატაკქვეშ საქმიანობის დაწყება. პირველ რიგში, აუცილებელი იყო არალეგალური სტამბის შექმნა, რის გამოც ისინი პარალელურად დასაქმდნენ სტამბაში – ერთი მბეჭდავად, მეორე ასოთამწყობად. მათი ინიციატივით, 1954 წელს ჩამოყალიბდა არალეგალური ჯგუფი – „საქართველოს გათავისუფლების ორგანიზაცია“, რომელშიც ასევე შედიოდნენ არჩილ ბეგაშვილი, ალექსანდრე მირიანაშვილი და მიხეილ გოგიაშვილი.

პირველი პროკლამაციები, რომლებიც მხოლოდ შვიდი სიტყვას შეიცავდა – „გაუქმდეს კოლონიურობა, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!“ – გავრცელდა საზოგადოებრივ ადგილებში: კინოთეატრ „რუსთაველში“, რუსთაველის თეატრში და ოპერის თეატრში.

ფაჩულია და ბარამიძე აქტიურად მონაწილეობდნენ 1956 წლის მარტის მოვლენებში თბილისში. გურამ ბარამიძემ სტალინის მონუმენტთან სიტყვით გამოსვლა დაასრულა იმავე შეძახილით: „გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს! გაუქმდეს კოლონიურობა!“

1956 წლის მაისში, თბილისში, უნივერსიტეტში და სტუდქალაქში გაავრცელეს პროკლამაციები მოწოდებებით: „ჩვენი ქვეყნის პატრიოტებო, გაერთიანდით!“ და „არცერთი ადამიანი 7 ნოემბრის დემონსტრაციაზე!“ იმავე 1956 წელს, ორგანიზაციამ გამოსცა გაზეთი „თავისუფლებისთვის“, რომელიც „ხალხის კეთილდღეობისათვის ბრძოლის ორგანიზაციის“ სახელით გამოვიდა და მოუწოდებდა ხალხს გამოეღვიძათ და ებრძოლათ დამოუკიდებლობისთვის.

გაზეთი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სკოლებში, კინოთეატრებში და ასევე ფოსტით გაეგზავნა ცნობილ საზოგადო მოღვაწეებსა და მწერლებს. მსგავსი მეთოდით გავრცელდა 1957 წლის ივლისში გამოცემული ბროშურა „სალაღობო“, რომელსაც ეწერა „ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლის ორგანიზაცია №7, სვანეთი“.

ფაჩულია და ბარამიძე 1958 წლის იანვარში დააპატიმრეს. ფაჩულიას ბინაში აღმოაჩინეს სტამბა, ანტისაბჭოთა შინაარსის პროკლამაციები და ლექსები, რომელთაც ხელი „ხალხის კეთილდღეობისათვის ბრძოლის ორგანიზაციის №2“ აწერდა.

ბარამიძის ბინაში აღმოაჩინეს „სალაღობო“ - კარიკატურა, რომელიც წარმოადგენდა რეპინის ნახატის „ბურლაკები ვოლგაზე“ რეპროდუქციას ქართულ წარწერით: „დიდი ხანია ატარებს ქართველი ხალხი მძიმე ტვირთს, მაგრამ დასასრული არ ჩანს. რამდენ ხანს გაგრძელდება ასე“. ასევე, ბარამიძის მიერ 1952 წლიდან დაწერილი ანტისაბჭოთა ლექსები.

საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 1958 წლის 26 მარტის განაჩენით, საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 და 58-11 მუხლების საფუძველზე, ფაჩულიასა და ბარამიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

1960 წლის 5 მაისს, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმმა განაჩენს გადახედა და სასჯელი 5 წლამდე შეამცირა.

ფაჩულიამ და ბარამიძემ სასჯელი მოიხადეს „დუბრავლაგში“, სოფელ იავასში, ზუბოვო-პოლიანის რაიონი, მორდვეთის ასსრ. 1964 წელს ისინი გადასახლებიდან დაბრუნდნენ.

ფაჩულიამ დაიწყო მუშაობა ხის გადამამუშავებელ კომბინატში, ქალაქ რუსთავში. თბილისის საცხოვრებლად მიღების ნებართვის შემდეგ, 1973 წლამდე მუშაობდა საქართველოს სსრ პროფკავშირების კულტურულ-მასობრივი მუშაობის მეთოდური საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო შემდეგ – განათლების მუშაკთა სახლის დირექტორის მოადგილედ, ვიდრე პენსიაზე გავიდოდა.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურებასთან ერთად, “პერესტროიკისა” და “გლასნოსტის” დასაწყისში, ფაჩულია მონაწილეობდა მიტინგებსა და დემონსტრაციებში, რომლითაც ხალხი საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლას მოითხოვდა.

 

იყო „საქართველოს სახალხო ფრონტისა“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი. ცხოვრობდა თბილისში. ჰყავდა მეუღლე და ორი ვაჟი. გარდაიცვალა 2000-იან წლებში.