26 მარტი 2025
პაიჭაძე ამბერკი მელქისედეკის ძე (დ. 1922 წ. სოფ. საყვავიას ტყე, ჩოხატაურის რაიონი), პროფესიით იურისტი.
პაიჭაძის მამა, მელქისედეკ ავქსენტის ძე, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. მსახურობდა კავალერიაში. 1921 წელს, სოფელში დაბრუნების შემდეგ, დაქორწინდა ნინა კალანდაძეზე. ჰყავდათ 6 შვილი. ჰქონდათ ინდივიდუალური მეურნეობა. ბოლშევიკური წყობის დამყარების შემდეგ, მას ორი ჰექტარი მიწა კოლმეურნეობის სასარგებლოდ ჩამოართვეს, დამატებით დაუწესეს მძიმე გადასახადი, წაართვეს დარჩენილი მიწის ნაწილი და პირუტყვი.
მელქისედეკ პაიჭაძე აპროტესტებდა ამას, აცხადებდა, რომ „ნორმალური სახელმწიფო მსგავს ოჯახებს უნდა ეხმარებოდეს და არა ძარცვავდეს“. მან გააკეთა მკვეთრი განცხადებები არსებული რეჟიმის მიმართ. 1937 წლის აგვისტოში იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც არ დაბრუნებულა.
ოჯახის რჩენის მთელი ტვირთი უფროს შვილს, ამბერკი პაიჭაძეს დააწვა. მძიმე შრომის შედეგად, მან თითქმის დაკარგა შრომის უნარი, მიიღო ხერხემლის დეფორმაცია, რის გამოც სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლეს. მიუხედავად გაჭირვებისა, ექვსივე ბავშვმა უმაღლესი განათლება მიიღო.
1944 წელს პაიჭაძემ ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ქუთაისის რაიონული სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებაში იურისტად, მოგვიანებით გადავიდა ქუთაისის, ხოლო შემდეგ – თბილისის ადვოკატურაში.
პაიჭაძე იყო კომუნისტური იდეოლოგიისა და პრაქტიკის წინააღმდეგი. 1955 წელს, მან ორგვერდიანი წერილი გაუგზავნა ნიკიტა ხრუშჩოვს, სადაც აცხადებდა, რომ „კომუნიზმის მშენებლობა ფანტაზია და მისტიკაა, კერძო საკუთრების გაუქმება ხალხს უბედურებას მოუტანს და არ უნდა ატყუონ ხალხი“.
1956 წლის 25 იანვარს ქუთაისში, ხოლო 28 იანვარს მის სოფლის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. აღმოაჩინეს მისი ხელნაწერი ნაწარმოებები ქართულ ენაზე: „როგორ ფიქრობს ღატაკი ადამიანი“, „ცხოვრება და რეალობა“ და „ზღაპარი“. ცენზურამ ისინი შერაცხა საბჭოთა კავშირისადმი მტრულად განწყობილ ტექსტებად.
პაიჭაძე არ აღიარებდა თავის დანაშაულს. 1956 წლის 9 თებერვალს დაკითხვაზე განაცხადა, რომ ანტისაბჭოთა საქმიანობით არ ყოფილა დაკავებული და თავის ნაწარმოებებში არ ავითარებდა ანტისაბჭოთა იდეებს, არამედ მხოლოდ გამოხატავდა საკუთარ შეხედულებებს კერძო საკუთრების უპირატესობის, ერის თვითგამორკვევის უფლებისა და საზოგადოებაში არსებული დარღვევების თაობაზე.
პირველ სასამართლო სხდომაზე, მან გააპროტესტა პროცესის მიმდინარეობა და მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ვიდრე დარბაზში იდგებოდა სტალინის ბიუსტი. აღნიშნა, რომ „ის იყო პირველი ჯალათი, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად მიაჩნდა და სამართლის პრინციპებს არღვევდა“. პაიჭაძემ პოზიცია არ დათმო, რის შედეგადაც სასამართლო დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ბიუსტი დარბაზიდან გაიტანეს.
1950-იანი წლიდან, ხრუშჩოვის მიერ გატარებული “შერბილების პოლიტიკის” შემდეგ სტალინის ეპოქის რეპრესიების მასშტაბი შემცირდა და ფორმები შეიცვალა, თუმცა ნელ-ნელა საბჭოთა კავშირში დამკვიდრდა რეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა - იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. სტალინის ეპოქის სისხლის სამართლის კოდექსის №58-10 მუხლი - „ანტი-საბჭოთა პროპაგანდა“ კვლავაც შენარჩუნებული იქნა 1958 წლის შეცვლილ სისხლის სამართლის კოდექსში როგორც მუხლი №70 – „ანტი-საბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“. აღნიშნული მუხლები ხშირად გამოიყენებოდა ფსიქიატრიული დაავადებების დიაგნოზის დასასმელად. თეორიული ჩარჩოს თანახმად, არასტანდარტული აზროვნება ან სტანდარტებიდან ამოვარდნილი მრწამსი მარტივად შეიძლება განსაზღვრულიყო, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და ფსიქიატრიული დაავადების დიაგნოზის დასმის საფუძველი.
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმის სასჯელი, რადგან ამ შემთხვევაში გამოიყენებოდა დასჯის სასტიკი მეთოდები: სულფოზინის ინიექციები, ინსულინოკომატოზური თერაპია, გამუდმებული და მრავალწლიანი თერაპია ნეიროლეპტიკებით - რათა პაციენტები „განეკურნათ“ ანტისაბჭოთა შეხედულებებისგან. ტუსაღებს ხშირად სცემდნენ სანიტრები და სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომლებსაც არჩევდნენ ჩვეულებრივი ციხის კონტინგენტისგან და გადაჰყავდათ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. დაუმორჩილებლებს ახვევდნენ სველ ზეწარში, რომელიც გაშრობის შემდეგ ვიწროვდებოდა და აუტანელ ტკივილებს იწვევდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი პოლიტპატიმარი წერდა საკუთარ მოგონებებში ამ და სხვა სასტიკი მეთოდების შესახებ, მათ უმეტესობას ფსიქიკა სამუდამოდ შეერყა.
უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, ამბერკი პაიჭაძეც ფსიქიატრიული გამოკვლევისთვის გაგზავნა. 1956 წლის 4 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, 15 დეკემბერს იგი იძულებით გაგზავნეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობისთვის. რამდენიმე დღეში, იგი ხელახლა გამოიკვლიეს ფსიქიატრიულ ინსტიტუტში, სადაც დადგინდა, რომ მას ფსიქიკური დაავადების ნიშნები არ აღენიშნებოდა. ამის მიუხედავად, პაიჭაძე სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით მკურნალობდა ერთი წლის განმავლობაში.
გათავისუფლების შემდეგ თბილისში, რაიონულ ადვოკატურაში ადვოკატად მუშაობდა. 1980-იანი წლების მიწურულს აქტიურად ჩაერთო საზოგადოება „მემორიალის“ საქმიანობაში, იყო გამგეობის წევრი და იურიდიული კომისიის ხელმძღვანელი. გარდაიცვალა 2000-იან წლებში.