...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

დისიდენტ სერგეი კოვალიოვის ბიოგრაფია

02 აპრილი 2025


სერგეი ადამის ძე კოვალიოვი (დ. 02.03.1930 - 09.08.2021) ბიოფიზიკოსი. ადამიანის უფლებათა დამცველი, საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრი, „მიმდინარე მოვლენების ქრონიკის" რედაქტორი. პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე.

 

დაიბადა უკრაინაში, ქალაქ სერედინა-ბუდაში, სუმის ოლქში, რკინიგზის მუშაკის ოჯახში. ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ცხოვრობდა მუშათა დასახლებაში პოდლიპკიში, მოსკოვში. 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, 1955 წელს - ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა და გახდა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. კოვალიოვი 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც ეხებოდა მიოკარდიული ქსოვილის ელექტრო-ფიზიოლოგიას. 1965-1969 წლებში - იყო უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ბიოლოგიაში მათემატიკური მეთოდების საუნივერსიტეტო ლაბორატორიის განყოფილების ხელმძღვანელი, ლაბორატორიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი.

 

საბჭოთა საზოგადოებრივი ცხოვრების სტილსა და იდეოლოგიას კოვალიოვი ბავშვობიდან უარყოფდა. ამ გარემოების გამო, გადაიფიქრა იურისტად ან ისტორიკოსად გახდომა და საბუნებისმეტყველო კარიერა აირჩია. თუმცა 1948 წელს, როდესაც უნივერსიტეტში შევიდა, დაიწყო ე.წ. „ლისენკოიზმის" ეპოქა (“აკადემიკოს” ტროფიმ ლისენკოს შემოღებული, მეცნიერ ოპონენტებთან იდეოლოგიური ბრძოლის საბჭოთა პრაქტიკა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, რომელიც დომინანტური იყო სსრკ-ში 1933-1965 წლებში.), რომელსაც სფეროზე სრული დომინაცია ჰქონდა. შესაბამისად, ბიოლოგიის მეცნიერული შესწავლა არანაკლებ დამოკიდებული გახდა იდეოლოგიაზე, ვიდრე ჰუმანიტარულ დისციპლინებში.

 

კოვალიოვი ლისენკოს სწავლებათა წინააღმდეგ 1956 წელს გამოვიდა. ის იყო ერთ-ერთი ავტორი წერილისა, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანატში გაგზავნეს და შეეხებოდა გენეტიკის საუნივერსიტეტო კურსების ძირეულ გადახედვასა და გადამუშავებას. წერილში კოვალიოვი თანამოაზრეებთან ერთად ითხოვდა საბჭოთა მეცნიერებას ოფიციალურად გაეზიარებინა სხვადასხვა სამეცნიერო შეხედულებები. პარტიული ზეწოლის შემდეგ წერილის ხელმომწერთა უმრავლესობამ თავისი განცხადება გაიწვია. კოვალიოვი კი მცირე ჯგუფთან ერთად თავის პოზიციაზე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ დაუსჯიათ, სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დროს მოხვდა “კაგებეს” ყურადღების არეალში (ნახევარი წლის შემდეგ, უშიშროების თანამშრომლები ცდილობდნენ მის დათანხმებას ინფორმატორობაზე, რა დროსაც წერილიც ახსენეს).

კოვალიოვის უფლებათა დამცველის საქმიანობის იმპულსი იყო სინიავსკისა და დანიელის საქმე: უცნობი მწერლების მიმართ, კოვალიოვმა ბიოფიზიკის ინსტიტუტში დააორგანიზა რამდენიმე წერილის დაწერა მათ დასაცავად. 1967-1968 წლებში ხელი მოაწერა კოლექტიური პროტესტის რამდენიმე დოკუმენტს „ოთხეულის საქმესთან" დაკავშირებით: 1968 წლის ოქტომბერში, 1968 წლის 25 აგვისტოს წითელ მოედანზე გამართული დემონსტრაციის მონაწილეთა სასამართლოს დროს, შეხვდა და შეუერთდა პეტრე გრიგორენკოს, ტატიანა ველიკანოვას, პეტრე იაკირს, ნატალია გორბანევსკაიას და სხვა აქტივისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობიდან. 

1969 წლის მაისში კოვალიოვი თავის უახლოეს მეგობართან – ალექსანდრ ლავუტთან ერთად შეიყვანეს ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში. ამ დროიდან, მას მუდმივად იბარებდნენ დაკითხვებზე და ჩხრეკდნენ.  მალე, ისევე, როგორც ლავუტი, იძულებული გახდა დაეტოვებინა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მან მუშაობა გააგრძელა უფროს სამეცნიერო თანამშრომლად თევზის მეურნეობისა და მელიორაციის საცდელ სადგურზე. 

კოვალიოვს მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა ლიეტუვასა და საქართველოში მოღვაწე დისიდენტებთან. 1972 წლის მარტიდან, როდესაც ჟურნალი “ლიტვის კათოლიკური ეკლესიის ქრონიკა” გამოვიდა, მონაწილეობდა დაგეგმილ აქტივობებში. 

1974 წლის სექტემბრიდან გახდა „საერთაშორისო ამნისტიის" საბჭოთა სექციის წევრი.

1972 წლის დასაწყისიდან შევიდა იმ ადამიანთა წრეში, რომლებიც ამზადებდნენ „მიმდინარე მოვლენების ქრონიკის" (Хро́ника теку́щих собы́тий) გამოცემებს და მალევე იტვირთა მთავარი რედაქტორის ფუნქციები. მისი საერთო რედაქტორობით მომზადდა „ქრონიკის" რამდენიმე  გამოცემა. 1973 წლის იანვარში “ქრონიკის” გამოცემა შეწყდა. ამავე წლის შემოდგომის დასაწყისში კოვალიოვმა მხარი დაუჭირა “ქრონიკის” განახლებას და დაარედაქტირა კიდევ 3 ნომერი, რომლებიც მოიცავდა 1972 წლის 15 ოქტომბრიდან 1973 წლის ბოლომდე მომხდარ მოვლენებს.  1974 წლის 7 მაისს კოვალიოვმა, ტატიანა ველიკანოვასთან და ტატიანა ხოდოროვიჩთან ერთად ეს სამი გამოცემა დასავლელ კორესპონდენტებს წარუდგინა სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც მისივე ბინაში მოაწყო, რაც გამოცემის აღდგენას ნიშნავდა. იმავე პრესკონფერენციაზე კოვალიოვმა, ველიკანოვამ და ხოდოროვიჩმა გადასცეს ჟურნალისტებს განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი თავიანთ მოვალეობად თვლიდნენ ხელი შეეწყოთ “მიმდინარე მოვლენების ქრონიკის” რაც შეიძლება ფართოდ გავრცელებისთვის. საზოგადოებისა და უშიშროების სამსახურის მიერ ეს განცხადება აღქმული იქნა, როგორც “ქრონიკის” ავტორების გამოცემაში მონაწილეობის საჯარო აღიარება და ანონიმურობის უარყოფა. კოვალიოვისა და ველიკანოვას შემთხვევაში ეს სიმართლე იყო, ისინი გადამწყვეტს როლს ასრულებდნენ “ქრონიკის” მომზადებაში.

„მიმდინარე მოვლენების ქრონიკის" აღდგენა გახდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა  სამართლებრივი დაცვის მოძრაობის კრიზისიდან გამოყვანის საქმეში 1972-1973 წლებში.

შემდგომში, კოვალიოვი იყო მთავარი რედაქტორი ქრონიკის იმ ნომრების მომზადების დროს, რომლებიც ყირიმელი თათრების პრობლემას ეძღვნებოდა.  1974 წლის 28 დეკემბერს, 34-ე გამოცემაზე მუშაობის დროს კოვალიოვი “საბჭოთა წინააღმდეგ პროპაგანდისთვის” დააპატიმრეს. მას ბრალი ედებოდა “ქრონიკის” აღდგენის და შვიდი გამოშვების მომზადებაში (28-დან 34-მე), ასევე, სსრკ-ში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის მოწოდებებზე ხელმოწერაში, მასთან ერთად სხვა სამართლებრივი დაცვის დოკუმენტებზე ხელის მოწერაში. ალექსანდრე სოლჟენიცინის “არქიპელაგი გულაგის” გავრცელებასთან კავშირში და მისი მასალების გამოყენებაში “ქრონიკის” სტატიების მოსამზადებლად.  ბოლო ბრალდების გამო კოვალიოვის შესახებ გამოძიებამ ვილნიუსში გადაინაცვლა. მის საქმეს ისმენდა ლიეტუვის უზენაესი სასამართლო 1975 წლის 9-დან 12 დეკემბრამდე. კოვალიოვმა თავი დამნაშავედ არ მიიჩნია და დაუპირისპირდა პროკურორსა და მოსამართლეს, რის გამოც, პროცესის მეორე დღეს იგი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. ლიეტუვის დისიდენტებსა და ვილნიუსში ჩამოსულ მოსკოვის სამართლებრივი დაცვის აქტივისტებს (კერძოდ, ანდრეი სახაროვს) არ მისცეს სასამართლო დარბაზში შესვლის უფლება. კოვალიოვს გამოუტანეს განაჩენი და მიუსაჯეს 7 წლიანი შრომითი ბანაკი და 3 წლიანი გადასახლება.

კოვალიოვისთვის გამოტანილი განაჩენის საწინააღმდეგო პროცესები ფართო საერთაშორისო კამპანიაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირში პეტიციას სახელწოდებით “თავისუფლება სერგეი კოვალიოვს” (1976 წლის იანვარში) ხელი 178-მა ადამიანმა მოაწერა (ეს რიცხვი უჩვეულოდ მაღალი იყო 1970-იანი წლების შუაში). ამ პეტიციას ასევე მხარი დაუჭირეს პერმის პოლიტ.  ბანაკის, დუბრავლაგისა და ვლადიმირის ციხის პოლიტპატიმრებმა. მამის დაპატიმრების შემდეგ მის მოძრაობას შვილი – იოსებ კოვალიოვი შეუერთდა.

კოვალიოვი სასჯელს იხდიდა პერმის პოლიტიკურ ბანაკებში; 1980 წელს ბანაკის წინააღმდეგობის მოძრაობის აქციებში მონაწილეობისთვის და „რეჟიმის დარღვევებისთვის" წაყენებული ბრალის გამო გადაიყვანეს ჩისტოპოლის ციხეში. 1982-1984 წლებში იხდიდა სასჯელს მატროსოვოში, მაგადანის ოლქში, სადაც დამხმარე მუშად, შემდეგ კი ლაბორანტად მუშაობდა. 

გათავისუფლების შემდეგ დასახლდა კალინინში (ამჟამად ტვერი). 1987 წელს უფლება მისცეს დაბრუნებულიყო მოსკოვში. დაუყოვნებლივ ჩაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში, აქტიურად მონაწილეობდა დემოკრატიულ ინიციატივებში: „გლასნოსტის" პრეს-კლუბის შექმნაში (1987-1989), ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებრივი სემინარის ორგანიზებასა და ჩატარებაში (1987 წლის დეკემბერი), 1989 წლის შუა რიცხვებიდან, სახაროვის მოწვევით, გახდა ადამიანის უფლებათა პროექტის ჯგუფის თანათავმჯდომარე საერთაშორისო ფონდიდან გადარჩენისა და განვითარებისათვის, შევიდა 1989 წელს აღდგენილი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის შემადგენლობაში. 1989 წლის იანვარში „მემორიალის" საზოგადოების პირველ ყრილობაზე იქნა არჩეული მის გამგეობაში.


1989 წლის დეკემბრის დასაწყისში, სახაროვის თხოვნით, კოვალიოვმა მიიღო გადაწყვეტილება რსფსრ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე თავის კანდიდატურა დაეყენებინა.  კოვალიოვის საარჩევნო კამპანიას მხარი დაუჭირეს ბლოკმა „დემოკრატიული რუსეთი" და საზოგადოებამ „მემორიალი". 1990 წლის მარტში მოიგო არჩევნები მოსკოვის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში და გახდა სახალხო დეპუტატი. რსფსრ-ის პირველ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე (1990 წლის მაისი-ივნისი) აირჩიეს რსფსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრად და რსფსრ-ის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სახით შევიდა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში. იყო რუსეთში ადამიანის და მოქალაქის უფლებათა და თავისუფლებათა დეკლარაციის (მიღებული რსფსრ-ის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 22 ნოემბერს), 1991 წლის 18 ოქტომბრის კანონის „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ", 1993 წლის რუსეთის კონსტიტუციის მე-2 თავის „ადამიანისა და მოქალაქის უფლებები და თავისუფლებების" ერთ-ერთი ავტორი. კოვალიოვის ინიციატივით პენიტენციარულ კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც იცავდნენ პატიმართა უფლებებს და აუმჯობესებდნენ მათ მდგომარეობას.

 

იყო 1991 წლის 21-25 მაისს მოსკოვში გამართული საერთაშორისო კონგრესის „მსოფლიო, პროგრესი, ადამიანის უფლებები" ერთ-ერთ ორგანიზატორი, რომელიც ეძღვნებოდა ალექსანდრ სახაროვის ხსოვნას. მონაწილეობა მიიღო მრავალ კონგრესში და კონფერენციაში ადამიანის უფლებების შესახებ, რომლებიც ტარდებოდა რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, სამოქალაქო კონფლიქტის დროს რსფსრ-ის უზენაეს საბჭოსა და ელცინის პრეზიდენტს შორის, დადგა უკანასკნელის მხარეზე და მხარი დაუჭირა რსფსრ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობის დათხოვნას, თუმცა პროტესტი გამოთქვა მილიციის მოქმედებების წინააღმდეგ მოსკოვის ქუჩებში საგანგებო მდგომარეობის დროს. ელცინის ბრძანებით დაინიშნა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარედ. 1993, 1995 და 1999 წლებში აირჩიეს სახელმწიფო დუმის დეპუტატად. იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის წევრი.

1994 წლის იანვარში სახელმწიფო დუმამ აირჩია რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა რწმუნებულის თანამდებობაზე, რომელიც შემოიღეს 1993 წლის კონსტიტუციით. დაიწყო კანონის „ადამიანის უფლებათა რწმუნებულის შესახებ რუსეთის ფედერაციაში" მომზადება (მიღებული 1997 წელს, კოვალიოვის სახელმწიფო თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ).

ჩეჩნეთის პირველი ომის (1994-1996) დროს კოვალიოვი საყოველთაოდ ცნობილი გახდა, როგორც პრეზიდენტის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკოსი „ჩეჩნურ საკითხსა" და სამხედრო ძალის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ. ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანებულ სადამკვირვებლო მისიას ჩეჩნეთში, შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში. 1995 წლის მარტში დუმამ გაათავისუფლა ადამიანის უფლებათა რწმუნებულის თანამდებობიდან.

1995 წლის ივნისში იყო შუამავალი რუსეთის მთავრობასა და შამილ ბასაევის დაჯგუფებებს შორის, რომლებმაც დაიკავეს საავადმყოფო ქ. ბუდიონოვსკში (სტავროპოლის მხარე). სხვა სადამკვირვებლო მისიის წევრებთან ერთად, შევიდა მოხალისე მძევლების ჯგუფში,  საავადმყოფოს გათავისუფლებისთვის და მიღწეული შეთანხმებების შესრულების გარანტიისთვის.

1996 წლის იანვარში, ომის გაგრძელების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, გადადგა საპრეზიდენტო ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, რის შემდეგაც მას აღარ ეკავა არც ერთი სამთავრობო თანამდებობა.

2000-იანი წლების დასაწყისიდან კოვალევი იყო პრეზიდენტ პუტინის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და შეურიგებელი კრიტიკოსი. “მემარჯვენე ძალების კავშირის” მიერ პუტინის მხარდაჭერის გამო, მან დატოვა ეს პარტია და გადავიდა “იაბლოკოში” , გახდა მისი პოლიტსაბჭოს წევრი.

2003 წელს იგი კვლავ იყრიდა კენჭს სახელმწიფო სათათბიროში “იაბლოკოს” სიით, მაგრამ ვერ გახდა დეპუტატი, რადგან პარტიამ ვერ გადალახა ხუთპროცენტიანი ბარიერი.

1990-იან წლებში ის რეგულარულად აქვეყნებდა სტატიებს პოლიტიკურ, ფილოსოფიურ და აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე რუსულ და უცხოურ პრესაში და ფართოდ საუბრობდა სხვადასხვა საჯარო ფორუმებსა და კონფერენციებზე, როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კოვალიოვის ძირითადი სტატიები და გამოსვლები ამ წლების განმავლობაში შედის მის კრებულში "სამყარო, ქვეყანა, პიროვნება", რომელიც გამოქვეყნდა 2000 წელს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ვებგვერდზე. მან თავისი გლობალური ისტორიული და პოლიტიკური შეხედულებები ჩამოაყალიბა ნაშრომში „პოლიტიკური იდეალიზმის პრაგმატიკა“, რომელიც ცალკე წიგნად გამოიცა 1999 წელს და ასევე გამოქვეყნდა IHR-ის ვებგვერდზე.

ავტორია 1997 წელს გერმანულ თარგმანში გამოცემული მემუარების "თეთრი ყვავის ფრენა".

ადამიანის უფლებების დაცვაში გაწეული საქმიანობისთვის დაჯილდოებულია მრავალი ~საერთაშორისო ჯილდოთი, მათ შორის: მედალი „13 იანვრის ხსოვნას“ (ლიტვა, 1992), ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ლიგის პრემია (1996) და ჩეხეთის ფონდი. „ადამიანი გაჭირვებაში“ (1995), ნიურნბერგის პრემია ადამიანის უფლებებისთვის (1995), ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ადამიანის უფლებათა პრემია (1996), თვითგამოცხადებული ორდენი. იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკა "ღირსების რაინდი" (1996), ლიტვის დიდი ჰერცოგის გედიმინასის ორდენის დიდი სარდლის ჯვარი (1999), კენედისა (2000) და ოლაფ პალმეს პრემია (2004), საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი (2006), პრემია "აზროვნების თავისუფლებისთვის". ანდრეი სახაროვი (2009), პოლონეთის ღირსების ორდენის დიდი ჯვარი (2009), თავისუფლების პრემია (ლიტვა, 2010). მედიცინის საპატიო დოქტორი კაუნასის ბიოსამედიცინო მეცნიერებათა აკადემიიდან (1993), ესექსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ადამიანის უფლებების დარგში (1996). 1990-იანი წლების შუა ხანებში იგი ნობელის მშვიდობის პრემიაზე იყო წარდგენილი.

გარდაიცვალა 2021 წელს, 91 წლის ასაკში.

 

 

ავტორი: ნიკოლაი მიტროხინი, ისტორიკოსი