11 აპრილი 2025
ავტორი: გიგა ჩალიგავა
1978 წელი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, როდესაც ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით კი სტუდენტური მოძრაობა, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დასაცავად გააქტიურდა და პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
1977 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის აღარ უნდა ჰქონოდა. ამან საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია, თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და ამან დიდი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებაც გამოიწვია.
1970-იან წლებში საქართველოს სსრ-ში გაძლიერდა დისიდენტური მოძრაობა, რომელმაც ინსტიტუციური ფორმა მიიღო 1974 წელს "ჰელსინკის კავშირის" სახით. ქართველი დისიდენტები, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხელმძღვანელობით, ავრცელებდნენ არალეგალურ ანტისაბჭოთა ლიტერატურას ჟურნალების "საქართველოს მოამბესა" და "ოქროს საწმისის" მეშვეობით. მოძრაობა ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ ადამიანის უფლებებზე, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეაზე, რასაც ემატებოდა ბრძოლა ქართული იდენტობისა და კულტურის დასაცავად. დისიდენტები აქტიურად ცდილობდნენ დასავლეთის სახელმწიფოებისთვის მიეწვდინათ ხმა რეჟიმის დანაშაულების შესახებ.
მკვლევრები 1978 წლის მოვლენებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისადაც მიიჩნევენ. ამ დროს ჩამოყალიბებულ დისიდენტურ ჯგუფებში ბევრი სტუდენტი ირიცხებოდა, მათ უდიდესი ნაწილი კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იყო. თუმცაღა, ეს სრულად სტუდენტური მოძრაობა არ ყოფილა. 1978 წლის წარმატებულმა აქციამ, ანტისაბჭოური დემონსტრაციები უფრო გაააქტიურა. მოძრაობის მთავარ მოთხოვნად კი საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლა იქცა.
ქართული ენის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტუდენტობამ, რაც თვით ედუარდ შევარდნაძის მიერაც იქნა აღიარებული. თავის სიტყვაში მან განაცხადა: "ჩვენ შევისწავლეთ საზოგადოების აზრი სტუდენტობაში, საერთოდ ახალგაზრდობაში" და, საბოლოოდ, გადაწყდა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება. თუმცა, ზეპირი ისტორიების მიხედვით, თავდაპირველად, შევარდნაძე საწინააღმდეგო პოზიციას იკავებდა და სხვადასხვა დაწესებულებაში დადიოდა, ხვდებოდა საზოგადოების წარმომადგენლებს, არწმუნებდა ახალი კონსტიტუციის სიკეთეში და ცდილობდა საპროტესტო ტალღის შეჩერებას. მკვლევარი ანა ბაქანიძე თავის ნაშრომში "1978 წლის 14 აპრილი" აღწერს მოვლენებს უშუალოდ პროტესტის მონაწილეების მონათხრობებზე დაყრდნობით. ის ხაზს უსვამს, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა, საფრთხის მიუხედავად, შეძლეს ეროვნული ღირსების დაცვა და არ დაემორჩილნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას. რესპონდენტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო მოძრაობა ხშირად ქაოსურ სახეს იღებდა, ეს იყო ერთსულოვნად გაერთიანებული ახალგაზრდობა, რომელმაც გაბედა "ბეწვის ხიდზე, დანის პირზე გავლა", მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირი კვლავ ძლიერი იყო. ამ მოვლენებმა გამოავლინა, რომ ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, განსაკუთრებით კი სტუდენტ-ახალგაზრდობამ, უარყო კომუნისტურ-ინტერნაციონალური იდეოლოგიური დოგმები და ეროვნულ ღირებულებებს დაუბრუნდა[1]. ფილოლოგი თამარ მახარობლიძე აღნიშნავს – “გასაგები გახდა, რომ სტუდენტური მოძრაობა იწყებოდა, ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა სინამდვილეში, როცა სტუდენტები რაღაცას აპროტესტებდნენ და თანაც, ამას ასე ორგანიზებულად აკეთებენ”[2]. სტუდენტებს ზურგს პროფესორ-მასწავლებლებიც უმაგრებდნენ, ფილოლოგიის პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი იხსენებს, რომ პროფესორებს “არ ეშინოდათ თავიანთი აზრის საჯაროდ გამოხატვა”. [3]
1978 წლის დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების—საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ენობრივი სტატუსის გადახედვა, რათა შეესრულებინა ცვლილებები 1977 წლის საბჭოთა კონსტიტუციის მიხედვით. ცვლილების მიზანი იყო ამ რესპუბლიკებში არსებული ენობრივი საკითხის გადაწყვეტა, რადგან სამივე ქვეყანა ტიტულარული ერების კლასიფიკაციაში მოიაზრება[4], რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დომინანტური ერი წარმოადგენს, რომელიც რუსულად არ საუბრობს, რაშიც საბჭოთა კავშირი პრობლემას ხედავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება ზოგადად უყურადღებოდ დარჩა, საქართველოში ენის საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარე გამოდგა. უნდა ვახსენოთ 1976 წელს წინადადება[5], რომლის თანახმადაც, ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში გარკვეული კურსების სწავლება რუსულ ენაზე უნდა წარმართულიყო. ეს საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზი გახდა, რასაც მომდევნო წლის კონსტიტუციაც დაემატა.
ამ თვალსაზრისით, მიუხედავად საბჭოთა მთავრობის მიერ დაანონსებული ცვლილებებისა, აზერბაიჯანში სიტუაცია მშვიდობიანად წარიმართა. ქვეყანაში არ დაწყებულა საპროტესტო მოძრაობა. სომხეთში ადგილი ჰქონდა პროტესტს, თუმცა მისი მასშტაბები დიდი არ იყო. საქართველოში კი მოვლენები დრამატულად განვითარდა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას აიძულა უკან დაეხია.[6]
1978 წლის 14 აპრილს, ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დასაცავად ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია გაიმართა. დემონსტრანტების უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ, თუმცა საპროტესტო გამოსვლებს მხარს უჭერდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. ამავე დღეს, მცირე დაპირისპირება მოხდა საბჭოთა ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის, მთავრობის სახლთან კი მობილიზებული იყო საბჭოთა ჯარი. იმის გამო, რომ სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა, მომიტინგეებს ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც იმ დროს საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო, მიმართა და 1956 წლის 9 მარტის მოვლენები შეახსენა, თუმცა მის მიმართვას ნეგატიური შეძახილები მოჰყვა მომიტინგეების მხრიდან. ამის შემდეგ, მალევე ცნობილი გახდა, რომ ქართული ენა კონსტიტუციურ სტატუსს ინარჩუნებდა, რის შემდეგაც თბილისში სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა დაძაბულობამ იმატა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლების ეს ნაბიჯი იქ აღიქვეს, როგორც ქართული ნაციონალისტური განწყობების წახალისება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მოპოვებულმა გამარჯვებამ სხვა ერებიც გადაარჩინა ენის სტატუსის ამოღებისგან. საბჭოთა ხელისუფლებამ მსგავსი ჩანაწერები შეიტანა საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც, რამაც ხაზი გაუსვა ქვეყნის სახელმწიფო ენას.
როგორც მოვლენის უშუალო თვითმხილველი და მონაწილე მერი ტორაძე იხსენებდა, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები შენობაში ჩაკეტეს, რომ არ შეერთებოდნენ დემონსტრაციას. თუმცა, ისინი ფანჯრებიდან ხტებოდნენ და უერთდებოდნენ აქციის მონაწილეებს. მისი მონათხრობის მიხედვით, “კაგებეს” თანამშრომლები თეატრალური უნივერსიტეტის შენობაშივე ემუქრებოდნენ დაკითხვისას, მას, როგორც აქციის ორგანიზებაში თანამონაწილეს, ეუბნებოდნენ, რომ სწორედ მათნაირები ღუპავდნენ ქვეყანას. [მიუხედავად იმისა, რომ აქციის ორგანიზებაში მას მაღალი პოზიცია არ ეკავა], ადანაშაულებდნენ პოტენციურ სისხლისღვრაში. ტორაძე ასე აღწერს სტუდენტური ჯგუფების გამოჩენას “სიჩუმე შეიცვალა უცნაური გუგუნით, რომელიც ცხოვრებაში არ გაგვიგია”. ამის შემყურე “კაგებეს” თანამშრომლების ტონი ტორაძის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. პროტესტის მონაწილე პაატა ვეშაპიძე იხსენებს: „ეს იყო ყველაზე დიდი საპროტესტო დემონსტრაცია, რაც მე ოდესმე მინახავს საქართველოში. მონაწილეობდნენ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, თუმცა მოვლენებში ასევე, ჩართულნი იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც, მახსოვს, 14 აპრილს რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების გავლისას, როგორ ხტებოდნენ 53-ე სკოლის მოსწავლეები ფანჯრებიდან...“[7] აღსანიშნავია პროტესტში ქალების აქტიური ჩართულობა. თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ ისინი თეთრ პერანგებზე პომადით აწერდნენ სიტყვებს: “აი ია”.
ამ მანიფესტაციამ აჩვენა, რომ კრიტიკულ ეროვნულ სიტუაციებში ქართველ ხალხს შეუძლია გაერთიანება ეროვნული ინტერესების დასაცავად. ნათელი გახდა, რომ მსგავს შემთხვევებში აუცილებელია ძალების კოორდინაცია, სიტუაციის სრული კონტროლი და ისეთი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა, რომელიც იტვირთავდა ხალხის ხელმძღვანელობის ფუნქციას, რათა დაეცვა ერის უფლებები და მიეღწია მთავარი მიზნისთვის – საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. პროტესტის ინტერნაციონალიზაციაში მონაწილეობა საზღვარგარეთულმა პრესამაც მიიღო, აღსანიშნავია გაზეთები “ნიუ-იორკ თაიმსი”, “ჩიკაგო ტრიბუნი”, “ტორონტო”.
შედეგად, შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი მთავარი თეზისი, რომლითაც გამოირჩეოდა 1978 წლის სტუდენტური მოძრაობა:
უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა სისტემა, რომელმაც დაინახა ერთ მუშტად დარაზმული სტუდენტების ძალა, მოერიდა შემდგომ რეპრესიებს, უნივერსიტეტიდან არავინ გაურიცხავთ პროტესტში მონაწილეობის, ან ორგანიზატორობის გამო. იხსენებენ, რომ 1978 წელს ირაკლი კოსტავამ თსუ-ს მაღლივ კორპუსში, ბოლო სართულიდან გადმოყარა პროკლამაციები შინაარსით — თავისუფლება გამსახურდიას, კოსტავას, რცხილაძეს. ამის მიუხედავად, იგი უნივერსიტეტიდან არ გაურიცხავთ. 14 აპრილის მოვლენებმა დისიდენტური მოძრაობა კიდევ უფრო გააძლიერა. საზოგადოებრივი პროტესტი ახალგაზრდების წამყვანი როლით მალევე იქცა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების აუცილებელ წინაპირობად.
[1] გელხაური, მარიამ. ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში. 2024. გვ. 86.
[2] გელხაური, მარიამ. ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში. 2024. გვ. 83.
[3] გიორგი გოგოლაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი (ამონარიდი ზეპირი ისტორიიდან), ანა ბაქანიძე, „1978
წლის 14 აპრილი“, 2012, გვ.5
[4] Olsen, James S., Pappas Lee B., Pappas Nicholas C. ), An Ethnohistorical Dictionary of the Russian and Soviet Empries, 1994. pp. 247–258. Greenwood Press.
[5] Cornell, Svante E. (2001), Small Nations and Great Powers: A Study of Ethnopolitical Conflict in the Caucasus, pp. 154–155. Routledge (UK),
[6] Wheatcroft, S. G. (1978). A Second Soviet Republic Wins Its Language Fight. The New York Times. იხ. ბმული.
[7] გელხაური, მარიამ. ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში. 2024. გვ. 88.