...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

ალექსანდრე სულხანიშვილი - დაბრუნება საქართველოში

28 აპრილი 2025


ალექსანდრე (საშა) კონსტანტინეს ძე სულხანიშვილი (დ. 1896, სოფ. აწყური, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, — გ. 6 ნოემბერი, 1990, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, პოლიტიკური ემიგრანტი, მემუარისტი.

1922-1924 წლებში იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმის“ წევრი, მონაწილეობდა ანტისაბჭოთა პარტიზანულ მოძრაობაში და 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩოლოყაშვილთან ერთად საქართველო დატოვა. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მუშაობდა ხელოსნად, ტაქსის მძღოლად, იახტების მშენებლად. ერთი პერიოდი იყო ამერიკის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი. სიცოცხლის ბოლო წლებში კალიფორნიაში, სან–ფრანცისკოში ცხოვრობდა.

ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის ინიციატივით, 66 წლიანი ლტოლვილობის შემდეგ, 1990 წლის 19 ოქტომბერს დაბრუნდა სამშობლოში. 94 წლის ალექსანდრე სულხანიშვილმა თან ჩამოიტანა პაკეტი, წარწერით „საქართველოს მიწა“, რომელსაც 66 წლის მანძილზე ინახავდა. მან ასევე ჩამოიტანა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის სამფეროვანი დროშა. 

პაატა ნაცვლიშვილი წერს: „ეს ფოტო თბილისის აეროპორტში, პეტერბურგიდან ჩვენი ჩამოსვლის დროს არის გადაღებული – სან-ფრანცისკოდან თბილისში ნიუ-იორკისა და პეტერბურგის გავლით ჩამოვედით“.  

ორი წლით ადრე, ალექსანდრე სულხანიშვილმა, პაატა ნაცვლიშვილს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვირფასი ხმალ-ხანჯალი გადასცა და დღეს ეს მემორიალური ნივთები საქართველოს მუზეუმშია დაცული. ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ, პაატა ნაცვლიშვილმა, როგორც მისი ანდერძის აღმსრულებელმა, ალექსანდრე სულხანიშვილის მიერ ჩამოტანილი შეფიცულთა რაზმის დროშა საქართველოს ახლად არჩეულ მრავალპარტიულ პარლამენტს გადასცა პირველსავე სხდომაზე.

ალექსანდრე სულხანიშვილი 18 დღეში გარდაიცვალა თბილისში. მისი დაკრძალვის ცერემონიალი ახმეტის სოფელ აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის ეზოში, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ღირსსახსოვარ მოვლენად იქცა. 

ალექსანდრე სულხანიშვილის დაკრძალვაზე ზვიად გამსახურდიამ თქვა: “მათ გამოისყიდეს ძმანო ჩვენნო, ჩვენი თანამემამულეთა სირცხვილი. იმათი სირცხვილი, ვინც მტრის სამსახურში ჩადგა, ვინც მტერს ემსახურა, ვინც უღალატა მამულს თვისას და ამ ერთმა მუჭა გმირებმა, საუკუნო სახელი დაიმკვიდრეს!”

"თავად ვესწრებოდი ალექსანდრე სულხანიშვილის დაკრძალვას სოფელ აწყურის თეთრი გიორგის ტაძრის ეზოში 1990 წლის 11 ნოემბერს, კვირა დღეს. ალექსანდრე სულხანიშვილის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე იყო ზვიად გამსახურდია, ვისაც ვესაუბრე კიდეც იმ დღეს, მის მანქანაში. საქმე ისაა, რომ ამ დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური იმართებოდა. მე ვხელმძღვანელობდი „მრგვალი მაგიდის“ საარჩევნო კამპანიას ახმეტაში, რომლის შემადგენლობაშია სოფელი აწყური. ახმეტაშიც მეორე ტური იმართებოდა, სადაც „მრგვალი მაგიდის“ წევრი უ. ტ. და კომუნისტური პარტიის ახმეტის რაიკომის პირველი მდივანი ა. შ. უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. სიტუაცია რთული იყო. ამიტომ დაკრძალვაზე დიდხანს ვერ დავრჩი. ჩვენი საუბარიც ამ თემას შეეხებოდა. ზვიადმა გამომკითხა შექმნილი სიტუაცია. შეფიქრიანებულმა ვუთხარი, რომ ორივე კანდიდატს თანაბარი შანსი ჰქონდა. ზვიადმა დამამშვიდა და მითხრა: ჩვენ არჩევნებში უკვე გავიმარჯვეთ და ერთი კომუნისტი ვერაფერს დაგვაკლებს, მოვიდეს და დავხვდებით უზენაეს საბჭოშიო. ის არჩევნები „მრგვალი მაგიდის“ წარმომადგენელმა მოიგო.

დავძენ, რომ ზვიად გამსახურდიას თაოსნობით მოწყობილ ალექსანდრე სულხანიშვილის საფლავს ავბედითი ისტორია გადახდა. ჯერ იყო და 1992 წლის დასაწყისში თეთრი გიორგის ტაძარს თავს დაესხა "მხედრიონი". ისინი ეძებდნენ ამ ტაძრის წინამძღვარს მამა ალექსის, ვინც ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი იყო. მოძღვარი რომ ვერ იპოვეს, ერთ-ერთმა "მხედრიონელმა" ავტომატის ჯერი მიუშვა ალექსანდრე სულხანიშვილის საფლავს. 2022 წელს საფლავის განახლების მიზეზით ალექსანდრე სულხანიშვილის ნეშტი გადაასვენეს ახალ საფლავში. გადასვენებისას განადგურდა წმ. ნინოს ჯვრის მსგავსი საფლავის ქვა, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილის ბიუსტის ბედი უცნობია." - იხსენებს მერაბ ქათამაძე.

 

ფოტოები: ბადრი ვადაჭკორია