...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

მერაბ კოსტავას დაკითხვა

25 მაისი 2025


 

1956 წლის მაისში, კლასელებმა და მეგობრებმა: გურამ დოჩანაშვილმა, მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ, გურამ სხირტლაძემ, ანატოლი მიქაძემ, ვლადიმერ (ვოვა) სიხარულიძემ, თეიმურაზ (ჯონდო) მეტრეველმა, თეიმურაზ ცერცვაძემ და თამაზ გუნჯუამ დააფუძნეს არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია - „გორგასლიანი“. 

 

1956 წლის 1 დეკემბერსგორგასლიანისწევრებმა დაბეჭდეს პროკლამაციები საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით და თბილისში გაავრცელეს.

 

რამდენიმე დღეში ისინი დააპატიმრეს. 1957 წლის აპრილში გამართულ საჯარო სასამართლოზე, ორგანიზაციის წევრები ანტისაბჭოთა საქმიანობაში დამნაშავედ ცნეს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებებად მხედველობაში მიიღო მათი ასაკი და მსჯავრდადებულებს პირობითი სასჯელი შეუფარდა.

 

 

 

უნიკალური ფოტოგორგასლიანისწევრების სასამართლო პროცესიდან - გურამ სხირტლაძის მამის, ჯემალ სხირტლაძის მიერ ფარულადაა გადაღებული. ხარისხის მიუხედავად, მასზე მაინც შესაძლებელია ორგანიზაციის წევრების ამოცნობა.

 

 

 

 

დაკითხვის ოქმი

 

ბრალდებულ მერაბ ივანეს ძე კოსტავასი

 

27 დეკემბერი 1956 წელი

დაკითხვა დაიწყო 15 საათსა და 45 წუთზე

 

კითხვა: ხომ არ ხართ წინააღმდეგი, ჩვენი დაკითხვა ჩატარდეს რუსულ ენაზე და პასუხების დაფიქსირდეს ასევე რუსულად?

 

პასუხი: არა. მე საკმარისად ვფლობ რუსულ ენას და არ ვარ წინააღმდეგი დაკითხვა ჩატარდეს და პასუხები დაფიქსირდეს რუსულ ენაზე.

 

კითხვა: თქვენ წინააღმდეგ წარდგენილია ბრალდება, საიდანაც ირკვევა, რომ თქვენ, იყავით რა გამსახურდიას ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედი არალეგალური, ანტისაბჭოთა ახალგაზრდათა ჯგუფის წევრი, ჯგუფის წევრებთან ერთად ეწეოდით აქტიურ ანტისაბჭოთა სამუშაოს. ამას გარდა, 1956 წლის 9 დეკემბერს მონაწილეობდით რუსი ეროვნების პირებზე თავდასხმაში.

 

ბრალდება ითვალისწინებს საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს 58-10, ნაწ. 1, 58-11 და 58-21, რომელთა არსი და შემადგენლობა თქვენთვის ახსნილია.

 

რას განაცხადებთ თქვენ მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ?

 

პასუხი: დადგენილებას და წარდგენილ ბრალდებას მე გავეცანი, თავს სრულად დამნაშავედ ვცნობ.

მე ნამდვილად ვიყავი ანტისაბჭოთა ჯგუფი წევრი, რომელშიც შედიოდნენ გამსახურდია ზვიად კონსტანტინეს ძე, გუნჯუა თამაზ ტარასის ძე, ცერცვაძე თეიმურაზ, მამის სახელი არ მახსოვს, მეტრეველი თემური, მამის სახელი არ მახსოვს, სიხარულიძე ვლადიმერ, მამის სახელი არ მახსოვს, დოჩანაშვილი გურამი, მამის სახელი არ მახსოვს, მიქაძე ანატოლი აბესალომის ძე. ჩვენს ჯგუფში სხვა არავინ იყო.

 

კითხვა: კიდევ ვინ იყო თქვენი ანტისაბჭოთა ჯგუფის მონაწილე?

 

პასუხი: მასში მეტი არავინ შედიოდა.

 

კითხვა: თქვენს მიერ დასახელებული ანტისაბჭოთა ჯგუფის წევრების გარდა, კიდევ ვინ ესწრებოდა თქვენი ჯგუფის შეკრებებზე?

 

პასუხი: ჩემს მიერ დასახელებული პირების გარდა, არავინ ესწრებოდა შეკრებებს და ჩვენი ჯგუფის არსებობის შესახებაც არავინ იცოდა.

 

კითხვა: კიდევ რას განაცხადებთ თქვენს მიმართ წაყენებული ბრალდების შესახებ?

 

პასუხი: ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გამსახურდია არ თამაშობდა ხელმძღვანელის როლს ჩვენს არალეგალურ ჯგუფში

 

კითხვა: რა ვითარებაში შეხვედით ამ ჯგუფში?

 

პასუხი: მე გადავწყვიტე ამ არალეგალურ ჯგუფში შესვლა საკუთარი მოსაზრებების გამოისობით. მე პირადად დავუპირისპირდი რუსი ეროვნების პირებს. იყო შემთხვევები, როცა გასული წლის ზაფხულში, მე ვისვენებდი შავი ზღვის სანაპიროზე და ორ-სამჯერ მომიხდა შელაპარაკება რუსი ეროვნების პირებთან, რომლებმაც საუბრისას ცუდი აზრები გამოთქვეს ქართველი ეროვნების მიმართ, უწოდეს რა ისტორიის არმქონე ველურები. ამას გარდა გავბრაზდი რუს სამხედროებზე, რომლებმაც იარაღი გამოიყენეს 1956 წლის 9 მარტს ხალხის ჯგუფების მიმართ

ამან მიმიყვანა აზრამდე, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი და თვითმყოფადი რესპუბლიკის არსებობის შესახებ, საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის შემდეგ.

მე ნამდვილად ვმონაწილეობდი რუსი ეროვნების პირებთან ჩხუბში, ჩავთვალე რა რომ მათ მიაყენეს ჭრილობა ჩემს ამხანაგ დოჩანაშვილ გურამს. მე ვაღიარებ, რომ ვიყავი არალეგალური ჯგუფის წევრი, ვიღებდი მონაწილეობას ანტისაბჭოთა პროკლამაციების შედგენასა და . თბილისში გავრცელებაში. პირადად მე გავავრცელე სამი პროკლამაცია, დანარჩენები გაავრცელეს სხვა წევრებმა, გამსახურდიამ, მიქაძემ, დოჩანაშვილმა და სიხარულიძემ. ჩემთან ერთად პროკლამაციებს ავრცელებდნენ გუნჯუა, მეტრეველი და ცერცვაძე

 

დაკითხვა შეწყდა 18 საათსა და 00 წუთზე.

 

დაკითხვის ოქმი ჩემი სიტყვებით შედგენილია სწორად, ჩემ მიერ წაკითხულია რაზეც ხელს ვაწერ - კოსტავა.

 

დაკითხეს:

 

საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული უშიშროების კომიტეტის (КГБ) საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებელი - კაპიტანი გეგელია

 

საქ. სსრ პროკურორის თანაშემწე, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი - ბლიაძე