...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

ზვიად გამსახურდია დაკითხვის ოქმი

28 მაისი 2025


 

„გორგასლიანი“ იყო არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია, რომელიც 1956 წლის მაისში შეიქმნა, მას შემდეგ, რაც 9 მარტს, მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაარბიეს, რომელსაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ჯგუფი შედგებოდა 9 წევრისგან: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ანატოლი მიქაძე, ვლადიმერ (ვოვა) სიხარულიძე, თეიმურაზ (ჯონდო) მეტრეველი, თეიმურაზ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ დოჩანაშვილი და გურამ სხირტლაძე.

1956 წლის 1 დეკემბერს „გორგასლიანის“ წევრებმა დაბეჭდეს ანტისაბჭოთა შინაარსის პროკლამაციები და თბილისში გაავრცელეს. რამდენიმე დღეში ჯგუფის წევრები დააპატიმრეს. 1957 წლის აპრილში გამართულ საჯარო სასამართლოზე, ორგანიზაციის წევრები ანტისაბჭოთა საქმიანობაში დამნაშავედ ცნეს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი გარემოებები და მსჯავრდადებულებს პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივით და საქართველოს შსს არქივის ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის ამსახველ ექსპოზიციაში ორგანიზაცია „გორგასლიანის“ სტენდი.

საინტერესოა, რომ 17 წლის ზვიად გამსახურდია, პირადად საქართველოს სსრ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ,  გენერალ-ლეიტენანტმა ალექსი ინაურმა დაკითხა. სავარაუდოდ, ცნობილი მამის, კონსტანტინე გამსახურდიას ფაქტორის გათვალისწინებით. გთავაზობთ მისი დაკითხვის ოქმს.

 

 

 

დაკითხვის ოქმი

ბრალდებულ გამსახურდია ზვიად კონსტანტინეს ძის

10 იანვარი, 1957 წელი

დაკითხვა დაიწყო 16 საათსა და 30 წუთზე

 

კითხვა: მოგვახსენეთ თქვენს რწმენაზე “საქართველოს თავისუფლების” მოწოდების შესახებ?

პასუხი: მე ვთვლიდი, რომ რესპუბლიკის საბჭოთა რესპუბლიკის სახით გამოყოფა და თვითგამორკვევა, საქართველოს რესპუბლიკასთან მიმართებით უნდა განხორციელდეს. საქართველომ უნდა მიიღოს მეტი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა.

ვთვლიდი, რომ საქართველო ყველაფერში დამოკიდებული იყო საბჭოთა ხელისუფლებაზე და ვფიქრობდი, რომ ეს არასწორი გამოვლინებაა.

კითხვა: როდის გაგიჩნდათ ანტისაბჭოთა მრწამსი?

პასუხი: ვფიქრობდი, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ და პარტიამ დაივიწყეს სტალინის პიროვნება და ავტორიტეტი მისი სიკვდილის შემდეგ. მას შემდეგ დავიწყე უკმაყოფილების გამოხატვა პოლიტიკის მიმართ. გარდა ამისა, პირველ ხანებში, ვფიქრობდი, რომ ბერიაც არაკანონიერად დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ ბერიამ ნამდვილად ბევრი უბედურება მოუტანა ქართველ ერს და მის პიროვნებაზე აღარ ვფიქრობდი ასე.

განვრისხდი, როგორც ჩვენებაში მოგახსენეთ, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ ვფიქრობდი - სტალინის პიროვნების და ავტორიტეტის მიმართ დამოკიდებულება არაობიექტური იყო.

1956 წლის 9 მარტის მოვლენებმა და უნგრეთში განვითარებულმა პროცესებმა საბოლოოდ დამარწმუნეს იმაში, რომ აუცილებელი იყო ბრძოლა საქართველოს რესპუბლიკის, როგორც თვითმყოფადი და დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოყოფის უფლების განხორციელებისთვის, უფრო სწორად, მეტი თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის უფლების მოპოვებისთვის. მე ვუშვებდი, რომ საქართველო გარკვეულწილად საკავშირო საბჭოთა მთავრობას უნდა დამორჩილებოდა, არ ვიყავი წინააღმდეგი - საქართველო ემართათ კომუნისტებს.

კითხვა: თქვენს პროკლამაციებში, რომლებიც შეადგინეთ და გაავრცელეთ ქ. თბილისში არის პირდაპირი მოწოდება კომუნისტების განადგურების შესახებ? თქვენი ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის თქვენს შეხედულებებთან?

პასუხი: მე არ მოვუწოდებდი ყველა კომუნისტის განადგურებისკენ, გამოვდიოდი მხოლოდ უპატიოსნო კომუნისტების წინააღმდეგ, როგორებადაც ვთვლიდი მაგალითად: მწერლებს, ჟურნალისტებს, საქართველოს გაზეთის მუშაკებს, განსაკუთრებით “ზარია ვოსტოკას”, იმის გამო, რომ მათ დაადანაშაულეს ქართველი ხალხი ნაციონალიზმში და ამ ერს ყველანაირად სწამებდნენ ცილს.

გარდა ამისა პრესაში ამბობდნენ, რომ ბერია თითქოს და ქართველ ხალხში აღვივებდა გრძნობას, ქართველი ერის სხვების მიმართ უპირატესობის შესახებ, მაშინ, როცა ბერია იყო ქართველი ერის მტერი და ახშობდა ყველანაირ ეროვნულ გრძნობას, ანადგურებდა ქართველ პატრიოტებს. მე ამას ვთვლიდი ქართველი ხალხის მიმართ ცილისწამებად კომუნისტთა ზოგიერთი ნაწილის მიერ, რომლებიც წერდნენ და ქადაგებდნენ იმას, რაზეც ზემოთ მივუთითე.

კომუნისტთა ნაწილის წინააღმდეგ განვეწყვე იმიტომ, რომ ჩემამდე მოვიდა ჭორები, ვისგან არ ვიცი, რომ საქ. კომპარტიის ზოგიერთი წევრი 1956 წლის 9 მარტის მოვლენების შემდეგ თითქოს და საუბრობდა, რომ თბილისი იყო ნაციონალისტების ბუდე და ამიტომ მოხდა ეს მოვლენები.

კითხვა: 29 დეკემბრის დაკითხვაზე თქვენ მიეცით ჩვენება, რომ პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილება გაგიჩნდათ სტალინის სიკვდილის შემდეგ, თვლიდით რა, რომ მის მიმართ არაობიექტურ დამოკიდებულებას ავლენდნენ, მას ივიწყებდნენ.

პროკლამაციაში არის ნახსენები 1924 და 1937 წლები. განმარტეთ, რა გსურდათ ამით გეთქვათ?

პასუხი: 1953 წელს, მე სულ სხვა აზრის ვიყავი სტალინის პიროვნებაზე, მე იგი ძლიერ მიყვარდა და არ ვიცოდი, რა შეცდომები დაუშვა. შედეგად, როცა მასებს განუმარტეს მისი სისასტიკისა და არაობიექტურობის და, ამის შედეგად, - არასამართლიანი რეპრესიების შესახებ წესიერი ხალხის მიმართ, მე ჩამომიყალიბდა უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ. თუმცა შედეგად, სხვა მოვლენებმა, მათ შორის 1956 წლის 9 მარტის მსხვერპლმა, მოვლენებმა პოლონეთსა და უნგრეთში, ჩემში უკმაყოფილება გამოიწვია პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და ჩავთვალე, რომ არ ღირდა გამოეყენებინათ ცეცხლსასროლი იარაღი მასების მიმართ, ვთვლიდი, რომ ეს იქნებოდა ხალხის ნების უხეში ჩახშობა. ახლა ვფიქრობ, რომ ამაში ვცდებოდი, ან მივხვდი, რომ საბჭოთა ჯარების მოქმედება უნგრეთსა და პოლონეთში ნაწილობრივ გამოწვეული იყო აუცილებლობით, იმიტომ, რომ მასებს სურდათ კონტრრევოლუცია და აუცილებელი იყო ამის განხორციელება. ვიმეორებ, ეს გავიაზრე ახლა და, რა თქმა უნდა, თუ ამას მივხვდებოდი ადრე, მე არ ჩავდგებოდი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციაში. ხოლო 1956 წლის 9 მარტის მოვლენებზე ვიცოდი ძალიან ცოტა და დამახინჯებულად, ვთვლიდი დამნაშავედ რუსი ეროვნების სამხედროებს, ამიტომაც პროკლამაციაში მე მათ ვუწოდე ოკუპანტები და მოვუწოდებდი მათ წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ახლა კი, საქ. სსრ მინისტრთან საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ)  საუბრებიდან  ვაცნობიერებ, რომ 1956 წლის 9 მარტის მოვლენების შესახებ ვცდებოდი, ან ვერ ამოვიცანი პროვოკატორები, რომლებმაც გამოიწვიეს მღელვარება და მსხვერპლი.

ამ ყველაფერმა, რაც ზემოთ აღვნიშნე, უფრო სწორად, ჩემმა შეხედულებებმა მიბიძგეს ანტისაბჭოთა საქმიანობისკენ, დამაჯერეს იმაში, რომ უნდა მებრძოლა დამოუკიდებელი საქართველოსთვის და ამ ბრძოლისკენ მოვუწოდებდი პროკლამაციებში. ნამდვილად საქართველოს ისტორიის საკითხებში ვერკვეოდი არაობიექტურად, რადგან ვფიქრობდი, რომ საქართველოს ბედნიერება და აყვავება მხოლოდ მის დამოუკიდებლობასა და აბსოლუტურ თვითმყოფადობაშია.

 

დაკითხვა შეწყდა 17 საათსა და 30 წუთზე.

დაკითხვის ოქმი ჩემი სიტყვებით შედგენილია ზუსტად, წაკითხულია ჩემ მიერ, რაზეც ხელს ვაწერ - ზ. გამსახურდია.

 

დაკითხეს:

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტი ა. ინაური

საქ. სსრ მს არსებული КГБ-ს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებელი - კაპიტანი გეგელია.