...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

თეიმურაზ (ჯონდო) მეტრეველის დაკითხვის ოქმი

28 მაისი 2025


გთავაზობთ “გორგასლიანის” კიდევ ერთი წევრის, თეიმურაზ (ჯონდო) მეტრეველის, დაკითხვის ოქმს.

საინტერესოა, რომ ჯგუფის წევრები პროკლამაციაში ეხმიანებოდნენ საქართველოს ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ თარიღებს, 1924 წლის აჯანყების ჩახშობასა და 1937 წლების რეპრესიებს. ამ წლებმა მრავალი ათასი ქართველი შეიწირა. საგულისხმოა, რომ თუ კი რეპრესიების მეხსიერება შედარებით ახალი და კვლავაც ცოცხალი იყო, 1924 წელს საბჭოთა პროპაგანდა მაქსიმალურად მალავდა და დამახინჯებულად წარმოადგენდა. მათ შორის მსხვერპლთა რაოდენობასაც, რომელიც მხოლოდ მოგვიანებით, არქივების დამშავების შედეგად გახდა ცნობილი.

 

 

 

დაკითხვის ოქმი

ბრალდებულ მეტრეველი თეიმურაზ დიმიტრის ძის

30 დეკემბერი, 1956 წელი

დაკითხვა დაიწყო 9 საათსა და 60 წუთზე

კითხვა: 1956 წლის 27 დეკემბრის დაკითხვაზე დაადასტურეთ, რომ შეხვედით არალეგალურ ანტისაბჭოთა ჯგუფში საკუთარი რწმენის გათვალისწინებით. რა თვითრწმენები იყო ეს?

პასუხი: 1956 წლის 9 მარტის მოვლენებმა ძლიერ შემძრა, უარყოფითად განვეწყვე რუსი ეროვნების პირების მიმართ, ვფიქრობდი, რომ მათ დახვრიტეს კავშირგაბმულობის სახლთან მოქალაქეთა ჯგუფი. ამას გარდა, 10 მარტს მივდიოდი ქუჩაში და შემხვდნენ რუსი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც დამადანაშაულეს იმაში, რომ გზა არ დავუთმე, გამლანძღეს და ტროტუარიდან გადამაგდეს. ამავე დღეს, მივდიოდი დოჩანაშვილთან ერთად შევჩენკოს ქუჩაზე და აქაც რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა რატომღაც გაგვლანძღეს.

ამ ყველაფერმა რუსი ეროვნების პირების წინააღმდეგ განმაწყო, რის შესახებაც მოვუყევი ჩემს ამხანაგებს, თუმცა სახელდობრ ვის - ახლა არ მახსოვს. შესაძლოა, ეს მოსაზრებები გამოვთქვი გამსახურდიასთან და კოსტავასთან საუბრისას, თუმცა უფრო დეტალურად ამ საუბრების გახსენება არ შემიძლია.

კითხვა: ვის მიერ და რა ვითარებაში გადაგიბირეს არალეგალურ ჯგუფში?

პასუხი: დაახლოებით ამა წლის ივლისში, მე მივედი გამსახურდიას ბინაში კოსტავასთან ერთად, რომელსაც შევხვდი ქუჩაში, უბრალოდ სანახავად, ჩემი ქუთაისიდან დაბრუნების შემდეგ. გამსახურდია იყო სახლში, ვაკეში, ჩვენ სამივე გამოვედით ბაღში და დავიწყეთ საუბარი ჩემს მოგზაურობაზე. შემდეგ გამსახურდიამ მითხრა, რომ რაღაც უნდა მაცნობოს და იქვე განმიცხადა, რომ არსებობს არალეგალური ჯგუფი ჩვენი ნაცნობებისგან, რომელმაც უნდა იბრძოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის უფლებისთვის, მისი თვითმყოფადობისთვის.

განმიცხადა რა ეს, გამსახურდიამ მითხრა, თანახმა ვიყავი თუ არა ამ ჯგუფში შესვლაზე. მე განვაცხადე, რომ თანახმა ვარ და ვკითხე, ვინ შედიოდა ამ ჯგუფში. გამსახურდიამ მიპასუხა, რომ ამ არალეგალური ჯგუფის წევრები არიან თავად, კოსტავა მერაბი, მიქაძე ანატოლი, სიხარულიძე ვლადიმერ და ცერცვაძე თემური. გარდა ამისა მან დაასახელა გუნჯუა თამაზი.

გამსახურდიამ ასევე განმიმარტა, რომ არალეგალური ჯგუფის პრაქტიკული სამუშაო მდგომარეობს ქალაქში არალეგალური პროკლამაციების გავრცელებაში. მანვე მითხრა, რომ მიზნის განსახორციელებლად აუცილებელია საბეჭდი მანქანის შეძენა და ამისთვის საჭიროა ფული, რომელიც უნდა შეკრიბონ ამ ჯგუფის წევრებმა. ამის შემდეგ გამსახურდია წავიდა ლენინგრადში, აკრეხინით მოწამვლისგან სამკურნალოდ. საიდანაც ის დაბრუნდა ა/წ აგვისტოს ბოლოს.

კითხვა: რას აკეთებდა თქვენი საუბრის დამსწრე კოსტავა?

პასუხი: ის ისევე როგორც გამსახურდია, ამბობდა, რომ საქართველომ უნდა მიაღწიოს დამოუკიდებლობას, რომ რუსები თავზე დაასხდნენ ქართველ ერს და ამ ჯგუფმა საქართველოს გათავისუფლებისთვის უნდა იბრძოლოს, მისი დამოუკიდებლობისათვის.

კითხვა: ხვდებოდით თუ არა ამ ჯგუფის წევრებს?

პასუხი: რუსთაველის პროსპექტზე კვლავ შევხვდით დოჩანაშვილს. ამის შემდეგ დავურეკეთ ზვიად გამსახურდიას ბინაში და ისიც მოვიდა რუსთაველის გამზირზე. ამავე დროს შევხვდით ცერცვაძესაც. უკანასკნელმა გვთხოვა მისთვის ხელთათმანები გვეყიდა, იმისთვის, რომ პროკლამაციების გაკვრისას მათზე თითის ანაბეჭდები არ დარჩენილიყო. ამის შემდეგ ცერცვაძე წავიდა სადღაც და ხელთათმანების საყიდლად წავედით მე, გამსახურდია, კოსტავა და დოჩანაშვილი. გზად, ვოროშილოვის სახელობის კლუბთან შევხვდით სხირტლაძეს და ვთხოვე მოეტანა ფუნჯი წებოსთვის. სხირტლაძემ სახლიდან მოიტანა ფუნჯი და მე ის მივეცი ან გამსახურდიას, ან დოჩანაშვილს. ამ ფუნჯს ჩვენი ჯგუფი არ იყენებდა პროკლამაციების გაკვრისას, როგორც ჩანს მას იყენებდა გამსახურდიას ჯგუფი.

ფუნჯის მიღების შემდეგ, ყველა, სხირტლაძის გარდა შევედით აფთიაქში კიროვის ქუჩაზე და ვიყიდეთ რეზინის ხელთათმანები, რომელიც შეხვედრისას გადავეცით ცერცვაძეს. ის მათ არ იყენებდა პროკლამაციების გავრცელების დროს, იმიტომ რომ პირადად არ აწებებდა მათ, მე ვიდექი დაცვად.

კითხვა: თქვენ წარმოგიდგათ ოთხი ანტისაბჭოთა პროკლამაცია. შეგიძლიათ ამოიცნოთ ეს დოკუმენტები?

პასუხი: კი, ამოვიცნობ, ეს ფურცლები ჩვენმა არალეგალურმა ჯგუფმა შეადგინა, ჩვენ მიერვე დამზადდა და გავრცელდა ქ. თბილისში. პროკლამაციის ტექსტი შეადგინა გამსახურდიამ და შეკრებისას ჩვენ განვიხილეთ იგი, შევიტანეთ ცვლილებები და დამატებები, რის შემდეგაც ის საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდა გამსახურდიამ, სხირტლაძის ბინაში.

კითხვა: გვიამბეთ დაწვრილებით ამ პროკლამაციების შინაარსის შესახებ?

პასუხი: პროკლამაციაში ჩვენ მივმართავდით ქართველებს და ვახსენებდით მათ 1956 ლის 9 მარტის მოვლენების შესახებ, ვახსენებდით 1924 და 1937 წლებს და ქართველი ერის განადგურებას, ვსვამდით კითხვას - როდემდე უნდა ვიყოთ კომუნისტების ურდოს ქვეშ, ვამახვილებდით ყურადღებას, რომ ჩვენი წინაპრები არავის ჰპატიობდნენ წყენას და დაღვრილ სისხლს, რომ დღეს, როცა მთელი შეგნებული კაცობრიობა აღელვებულია მოსკოვის დანაშაულებით, წყდება საკითხი ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის თაობაზე და დროა, გავერთიანდეთ საერთო დროშის ქვეშ, რათა ჩვენი ქვეყნის დამპყრობლებს ვებრძოლოთ. ჩვენ ამას ვწერდით პროკლამაციებში, რომ მსოფლიო ღელავს, დადგება გადამწყვეტი დღე კრემლის ჯალათების მიმართ თბილისში, პოზნანში, ბუდაპეშტში. მათ მიერ დაღვრილი უდანაშაულო სისხლი ითხოვს სამართალს, ახლოვდება მათი დასასრული. ამის შემდეგ ჩვენ მოვუწოდებდით, ბრძოლით მოგვეპოვებინა თავისუფლება, ვუგზავნიდით სალამს უნგრელ ხალხს და მათ, როგორც ყველა ჩაგრული ერის მაგალითად ვსახავდით. ამის შემდეგ მოვუწოდებდით რუსი ოკუპანტებისა და მათი სამხედრო ბანდის განადგურებისკენ, მოღალატეების - ქართველი კომუნისტების განადგურებისკენ, მოვუწოდებდით თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს ლოზუნგის განხორციელებისკენ.

კითხვა: რომელ ერებს თვლიდით დამონებულად და ვინ გყავდათ მხედველობაში მაშინ, როცა ქართველ კომუნისტებს მოღალატეებს უწოდებდით?

პასუხი: არ ვიცი.

დაკითხვა შეწყდა 11 საათსა და 30 წუთზე.

დაკითხვის ოქმი ჩემი სიტყვებით შედგენილია ზუსტად, წაკითხულია ჩემ მიერ, რაზეც ხელს ვაწერ - მეტრეველი.

დაკითხა: საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული КГБ-ს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებელი - კაპიტანი გეგელია.