...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

დიდი ტერორი - "სიღნაღელთა" საქმე

29 მაისი 2025


 შესავალი

„დიდი ტერორი” – არის ეპოქა, რომელიც ასახავს საბჭოთა სახელმწიფოს მასობრივ ძალადობას 1930-იან წლებში საკუთარი მოქალაქეების მიმართ. პროცესმა, გარდა პარტიული მუშაკების, თანამდებობის პირებისა და ძალოვნებისა, უბრალო მოქალაქეებიც მრავლად შეიწირა. “დიდი ტერორის” ეპოქაში განხორციელდა მასობრივი დაპატიმრებები, დახვრეტები და გადასახლებები. ზოგიერთი მეცნიერი „დიდი ტერორისთვის” სრულ პასუხისმგებლობას სტალინს აკისრებს, ზოგი კი, სტალინის როლის გარდა, ხაზს უსვამს სისტემურ და პოლიტიკურ ფაქტორებს, რომლებმაც ასევე დიდი გავლენა იქონია მასობრივ რეპრესიებზე [Khlevnyuk, 83-84].

„დიდი ტერორის” ათვლის წერტილად ისტორიკოსები ასახელებენ 1936 წლის ზაფხულის დასასრულსა და შემოდგომის დასაწყისს, როდესაც გაიმართა „გაერთიანებული ანტისაბჭოთა ტროცკისტულ-ზინოვიევისტური ცენტრის“ ღია სასამართლო (ასევე ცნობილია როგორც “პირველი მოსკოვური პროცესი”), რომელზეც ბრალი დასდეს 16 ოპოზიციონერს, მათ შორის ლევ კამენევს, გრიგორი ზინოვიევს და ყველა მათგანი დახვრიტეს.  1937 წლის იანვარში დაიწყო ე.წ. „მეორე მოსკოვური პროცესი”, რომელზეც ე.წ. „პარალელური ტროცკისტული“ ცენტრის წევრები – პიატაკოვი, რადეკი, სერებრიაკოვი და სხვები გასამართლდნენ [Khlevnyuk: 88].

სწორედ მეორე მოსკოვური სასამართლო პროცესი იყო მოვლენა, რომელსაც ყველაზე ფართო პროპაგანდისტული კამპანია სდევდა თან. პროცესის დამთავრების დღეს, 30-გრადუსიან ყინვაში, წითელ მოედანზე გაიმართა აქცია, სადაც საბჭოთა ფუნქციონერები: ხრუშჩოვი, შვერნიკი და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, კომაროვი, ბრალდებულების საწინააღმდეგო სიტყვებით წარდგნენ [Роговин, глава XV]. 25 იანვარს, საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა გამოაქვეყნა რეზოლუცია სახელწოდებით „თუ მტერი არ ნებდება, მას ანადგურებენ", რომელიც ყველა საბჭოთა მწერლის სახელით მოითხოვდა ე.წ. „ანტისაბჭოთა, პარალელური ტროცკისტული ცენტრის“ წევრთა დახვრეტას [«Литературная газета», № 5 (641) 1937 г.]. საგულისხმო ფაქტია, რომ მწერლებმა სტატიების გამოქვეყნება დაიწყეს და რეზოლუციას ხელი მოაწერეს განაჩენის გამოცხადებამდე, 1938 წლის 30 იანვრამდე. 20-მდე მწერალს შორის, რეზოლუციას ხელი მოაწერა ბორის პილნიაკმა, რომელიც 1938 წელს, იაპონიის ჯაშუშობის მოტივით თავადაც დახვრიტეს.

1937-1938 წლებში საბჭოთა კავშირის მასშტაბით არაერთი ღია სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებზეც, უმეტეს შემთხვევაში, გაასამართლეს ადგილობრივი მაღალჩინოსნები. მსგავს პროცესებზე ბრალმდებლებად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გვევლინებოდნენ, მოწმეებად კი, ძირითადად, უბრალოდ მოქალაქეები გამოდიოდნენ. ფართომასშტაბიანი პროპაგანდისტული კამპანიები, ძირითადად, მიმდინარეობდა მაღალი რანგის პარტიული ფუნქციონერების, სტალინის პირდაპირ ოპონენტების, ე.წ. “ძველი ბოლშევიკების მიმართ” (ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი და ლენინთან დაახლოებული სხვა პირები). საქართველოშიც, მაღალი რანგის პოლიტიკოსების რეპრესიებს (მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, მალაქია ტოროშელიძე, მიხეილ ოკუჯავა და სხვები) თან სდევდა პროპაგანდისტული კამპანია. ამავდროულად, პროპაგანდა სწვდებოდა სხვა პირების რეპრესიებსაც, მათ შორის, საქართველოში ერთ-ერთი იყო სიღნაღის რაიონში გამართული, საჯარო მოხელეების სასამართლო პროცესი.

“სიღნაღელების საქმე”

საყოველთაო მასშტაბი რეპრესიებმა შეიძინა 1937 წელს, მას შემდეგ რა 30 ივლისს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის ხელმოწერით გამოიცა ბრძანება №00447. ბრძანების პრეამბულაში ვკითხულობთ: “1937 წლის 5 აგვისტოდან ყველა რესპუბლიკაში, მხარეში და ოლქში დაიწყოს ყოფილი კულაკების, აქტიური ანტისაბჭოთა ელემენტებისა და კრიმინალების რეპრესირების ოპერაცია.”

5 აგვისტოსვე, საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ლავრენტი ბერიამ დააინიციირა საჩვენებელი პროცესი სოფლის მეურნეობაში მავნებლების წინააღმდეგ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის 7 პუნქტიანი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს, ს. გოგლიძეს დაევალა სიღნაღში, ყვარელში, კასპში, გორში, მახარაძესა და ჩოხატაურში მოეგროვებინა მასალა “მავნებლების” წინააღმდეგ. შერჩეულ 2 ან 3 რაიონში კი გაემართათ საჩვენებელი პროცესები.

პროკურორ ტალახაძეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ისაკაძეს დაევალათ მასალების და სასამართლო შემადგენლობის მომზადება და დამტკიცება. პირველი პროცესის თარიღად განისაზღვრა 15 აგვისტო, ხოლო გაზეთებს “შესთავაზეს” - ფართოდ გაეშუქებინათ პროცესის მიმდინარეობა და შედეგები.

დადგენილების ბოლო, მე-7 პუნქტის თანახმად, კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს ეთხოვა, მსგავსი პროცესების ინიციირება აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებშიც.

 

 

ილარიონ ტალახაძე (1894-1974).  1936-1946 — საქართველოს სსრ პროკურორი, 1937-1938 წლებში - ე.წ. “განსაკუთრებული სამეულის” წევრი.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის  ბიუროს დადგენილება ხალხის მტრების წინააღმდეგ საჩვენებელი პროცესის ორგანიზების შესახებ. ხელს აწერს ლავრენტი ბერია.

5 აგვისტო, 1937 წელი.

 წყარო: საქართველოს შსს-ის არქივი

 

პირველი საჩვენებელი პროცესისათვის შეირჩა სიღნაღის რაიონი, სადაც ჩაინიშნა “მემარჯვენეთა სიღნაღის კონტრრევოლუციონერ მავნებელთა ორგანიზაციის პროცესი.” გაზეთ “კომუნისტის” 1937 წლის 26 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ: “საქართველოს სსრ შინსახკომის მიერ 1937 წელს სიღნაღის რაიონში აღმოჩენილ და ლიკვიდირებულ იქნა მემარჯვენეთა კონტრევოლუციური ტერორისტული დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაცია... რომელიც მოწყობილი იყო და მოქმედებდა მემარჯვენეთა კონტრევოლუციური ორგანიზაციის საქართველოს ცენტრის პირდაპირი მითითებებით, თავის ამოცანად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას საქართველოში და კაპიტალიზმის რესტავრაციას და შეიარაღებული აჯანყების მოწყობით, მეამბოხეთა რაზმების შექმნით, საკავშირო კომპარტიის (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა მიმართ ტერორის გამოყენებით, სახალხო მეურნეობაში დივერსიული და მავნებლური აქტების განხორციელებით, კოლმეურნეობათა დაშლით და საკავშირო კომპარტიის (ბ) და საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ მშრომელთა შორის უკმაყოფილების ხელოვნურად შექმნით." 1937 წლის 15 აგვისტოს პროცესზე, “მავნებლობისთვის” გაასამართლეს:

 

  1. არტემ წითლიძე (დაბ. 1903) - სიღნაღის რაიკომის მდივანი.
  2. შალვა ალავერდაშვილი (1902) - სიღნაღის რაიაღმასკომის თავმჯდომარე.
  3. კონსტანტინე აბაშიძე (1895) - ელდარის მეცხვარეობის კოლმეურნეობის დირექტორი.
  4. იოსებ სტეფანოვი (1902) - წნორის სამანქანო-სატრაქტორო სადგურის დირექტორი.
  5. სიმონ ყუფარაშვილი (1887) - ნუკრიანის “ლენინის ანდერძის” კოლმეურნეობის თავმჯდომარე.
  6. მათე შათირიშვილი (1890) - ხირსის საბჭოთა მეურნეობის უფროსი სპეციალისტი, აგრონომი.
  7. გიორგი მეტრეველი (1896) - საქობოს სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე.
  8. ნიკოლოზ ჯავაშვილი (1896) - საქობოს “7 ნოემბრის” სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე.
  9. ალექსანდრე კობეშავიძე (1909) - სიღნაღის დამცველთა კოლექტივის ხელმძღვანელი.
  10. ფირუზა ყაჯრიშვილი (1905) - ბოდბისხევის სასოფლო საბჭოს სტალინის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე.
  11. ვასილ მახოშვილი (1894) - სიღნაღის რაიონის სახალხო მოსამართლე.

 

კონსტანტინე აბაშიძე (1895-1937).
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

უკვე 29 აგვისტოს, ლავრენტი ბერიას ხელმოწერით საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურომ გამოიტანა დადგენილება წითლიძის, ალავერდაშვილის, აბაშიძის, სტეფანოვის, მეტრეველის, მახოშვილის და კობეშავიძის დახვრეტის თაობაზე, ხოლო შათირიშვილის, ყუფარაშვილის, ჯავაშვილისა და ყაჯრიშვილის სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა.

 

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს დადგენილება “სიღნაღელთა საქმის” 7 ფიგურანტის დახვრეტისა და 4-ის სხვადასხვა ვადით დაპატიმრების თაობაზე.

ხელს აწერენ: ბერია, გოგლიძე, სტურუა, ბედია (გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი; იქამდე - საქ. კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და კულტურის განყოფილების გამგე, დახვრიტეს 1937 წლის 11 დეკემბერს), გეურქოვი (დაკავების შიშით, თავი მოიკლა 1937 წლის 29 სექტემბერს). 

 29 აგვისტო, 1937 წელი

 

ზემოხსენებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ სასამართლოსა და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს კოორდინირებული მოქმედება სინამდვილეში წარმოადგენდა ფორმალურ, საჩვენებელ სპექტაკლს, რომლის შედეგიც დიდწილად ლავრენტი ბერიას და კომპარტიის მიერ წინასწარ, ერთპიროვნულად იყო გადაწყვეტილი. ბერიას 1937 წლის 5 აგვისტოს ბიუროს დადგენილებაში ირონიულად ჟღერს გაზეთებისთვის პროცესის გაშუქების  “შეთავაზება”. რა თქმა უნდა, ეს იყო დავალება - პროცესი უნდა ყოფილიყო ფართოდ გაშუქებული იმ დროის მთავარ მედიაში - გაზეთის ფურცლებზე.

პროპაგანდისტული კამპანია გაზეთის ფურცლებზე

“სიღნაღელების საქმის” ირგვლივ ფართო პროპაგანდისტული კამპანია წარიმართა იმდროინდელ მთავარ მედიასაშუალებაში - პრესის ფურცლებზე. გაზეთებში გამოქვეყნებული ცნობებით ირკვევა, რომ მიტინგები შედგა, მაგალითად, ბორჩალოში, ბორჯომში და სხვა ადგილებშიც. ცალკე მსგავსი შეხვედრები იმართებოდა პროფკავშირებში - პედაგოგების, რკინიგზელების და ა.შ. სავარაუდოა, რომ იქ გამომსვლელი ადამიანები საერთოდ არ იცნობდნენ სიღნაღში გასამართლებულებს, თუმცა, აღნიშნული საჭირო იყო პარტიული პროპაგანდის ხაზით - “მშრომელებს” უნდა დაეგმოთ “ძირგამომთხრელები” და პირობა დაედოთ, რომ გააძლიერებდნენ ყურადღებას “ხალხის მტრების” გამოსავლენად და დასასჯელად. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო პედაგოგების შეხვედრები, გაზეთებში შემორჩენილია ცნობები, რომ თბილისის 10-მდე სკოლაში გაიმართა საჯარო დისკუსია აღნიშნულ საკითხზე.

გაზეთების: “კომუნისტი”, “Заря Востока”, “კომუნისტური განათლება” 1937 წლის აგვისტოს ბოლო დღეებისა და სექტემბრის ნომრებში მრავლადაა სტატიები “სიღნაღელების პროცესზე.” ისინი შეეხება გამოსვლებს, მიღებულ რეზოლუციებს, პროცესის მიმდინარეობასა და განაჩენს და სხვადასხვა კოლექტივის მიერ “ხალხის მტრების” გმობას. აღნიშნული პუბლიკაციები წარმოადგენს რეჟიმის პროპაგანდის მკაფიო ნიმუშს. “კომუნისტი” 1937 წლის 30 აგვისტოს ერთ-ერთი სტატიის პირველ ნაწილში დეტალურადაა აღწერილი მემარჯვენე კონტრრევოლუციურ ორგანიზაციასთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებიც სიღნაღის რაიონში ვითარდებოდა. სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს რესპუბლიკის პროკურორის, ილარიონ ტალახაძის განცხადება დეტალურად აღწერს ბრალდებულთა საქმიანობას, რომელთა მიზანიც იყო ბნელი, არქაული სისტემის დაბრუნება, სადაც გლეხები კვლავ მონებად გადაიქცეოდნენ, ხოლო მდიდრები და კაპიტალისტები აღადგენდნენ საკუთარ ძალაუფლებას. სტატია ასახავს, თუ როგორ უკავშირებდნენ ბრალდებულები საკუთარ საქმიანობას მოსკოვის ტროცკისტულ-ზინოვიევურ ცენტრს და ადგილობრივ ბანდიტებს. ბრალდებაში ასევე ნათქვამია, რომ მემარჯვენე დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფი გეგმავდა ტერორისტული აქტების განხორციელებას საბჭოთა მთავრობისა და პარტიის ლიდერების, მათ შორის იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ.

პროკურორ ტალახაძის გამოსვლა ასახავს იმ პერიოდის იდეოლოგიურ ხაზს, რომლის მიხედვითაც, ყველა ოპოზიციური მოძრაობა განიხილებოდა, როგორც უცხოელ აგენტებთან დაკავშირებული დივერსიული ქსელის ნაწილი.

მისი წარმოთქმული სიტყვა აშკარად ემსახურება პროპაგანდისტულ მიზნებს – ის არა მხოლოდ ამცირებს ბრალდებულთა დაცვის შესაძლებლობას, არამედ თავიდანვე მათ დამნაშავეებად წარმოაჩენს, მათთვის ნებისმიერ ალტერნატიულ ვერსიას გამორიცხავს და მათ წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ცდილობს.  ბრალდებულთა შერჩევაც მიზანმიმართული ჩანს: ისინი უმეტესად მოქმედი საბჭოთა ფუნქციონერები იყვნენ, რაც პროცესს კიდევ უფრო სიმბოლურს ხდიდა – ხელისუფლებას სჭირდებოდა იმის დამტკიცება, რომ „მტერი“ სისტემის შიგნითაც არსებობდა და მასთან მუდმივი ბრძოლა იყო საჭირო.

ბრალდებაში ხშირად მეორდება მოსკოვში გამართული სხვა სასამართლო პროცესების ნარატივი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე წინასწარ იყო მიმართული საბჭოთა სახელმწიფოს "მტრების" გამოსავლენად. ასეთმა პროცესებმა, მათ შორის სიღნაღის კონტრრევოლუციური ორგანიზაციის საქმემ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ეპოქის მასობრივი რეპრესიების კონტექსტში, რაც საბოლოოდ საბჭოთა კავშირის შიშისა და ეჭვების პოლიტიკის ერთ-ერთი გამოხატულება გახდა.

პუბლიკაციის მეორე ნაწილში მოცემულია ინფორმაცია პედაგოგთა კონფერენციის, რკინიგზისა და მრეწველობის მუშაკთა მიტინგების შესახებ, სადაც ისინი ერთსულოვნად იწონებენ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც მოიცავდა ე.წ. “ხალხის მტრებისთვის” სასჯელის უმაღლესი ზომის – დახვრეტის შეფარდებას. მიტინგებზე გაჟღერებული რეზოლუციები და გამოსვლები ხაზს უსვამენ სტალინისადმი ერთგულებას, კლასობრივი სიფხიზლის გაძლიერებასა და კონტრრევოლუციური ელემენტების ამოძირკვის აუცილებლობას.

გაზეთ კომუნისტის 1937 წლის 30 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული მასალებით, ნათლად ჩანს საბჭოთა კავშირის პერიოდში, განსაკუთრებით სტალინის ეპოქაში, გავრცელებული პოლიტიკური პროპაგანდა და რიტორიკა. გაზეთში გამოქვეყნებული სტატია ასახავს ტოტალიტარული რეჟიმის მიერ გავრცელებულ მითებს, იდეალებსა და საზოგადოების ნებას, რომელიც ერთიანია „ხალხის მტრების“ განადგურების მოთხოვნისადმი.

სხვა გაზეთები (Заря Востока”, “კომუნისტური განათლება”) სრულად იმეორებს “კომუნისტის” სტატიის შინაარსს, სტილსა და ფორმებს.

 

გაზ. “კომუნისტური განათლება”, 30 აგვისტო 1937 წელი, №81

გაზ. Заря Востока, 30 აგვისტო 1937 წელი, №199

 

აღსანიშნავია, რომ სიღნაღის საჩვენებელი პროცესის შესახებ დეტალები წინაა დღეებშიც აქტიურად ვრცელდებოდა საბჭოთა პროპაგანდისტულ პრესაში. თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკითხვის, ბრალდებისა და განაჩენის ამსახველი მასალების გამოქვეყნება.

მაგალითად,  გაზეთი „კომუნისტის“ 1937 წლის 27 აგვისტოს ნომერში დეტალურადაა აღწერილი მიმდინარე პროცესის სხდომები, სადაც ბრალდებულები დაკითხვისას აღიარებენ „მავნებლურ საქმიანობას“ და საბჭოთა წყობილების დამხობისკენ მიმართულ ქმედებებს. ბრალდებულთა ჩვენებები ერთმნიშვნელოვნად ემთხვევა იმდროინდელ შაბლონურ სქემებს: ისინი პირველივე კითხვაზე „სავსებით“ აღიარებენ დანაშაულს და დეტალურად აღწერენ მავნებლობის „გეგმებსა“ და ორგანიზაციულ კავშირებს.

მე უკმაყოფილო ვიყავი იმით, რომ მუდამ რეგიონში მიხდებოდა მუშაობა. ამაზე მათიკაშვილი მომელაპარაკა, დამპირდა ბინას მოგცემ და დაგეხმარებიო. ამავე დროს ჩამაბა მემარჯვენეთა ორგანიზაციაში. 1936 წელს წელს ალავერდაშვილმა, მითხრა, თუ ვინ იყო მავნებელთა ორგანიზაციაში, შემდეგ დავუკავშირდი მათ და უფრო გავშალე მუშაობა, მათიკაშვილი ხშირად მიწვევდა თავისთან, მესაუბრებოდა, მაძლევდა დავალებებს, რასაც ვასრულებდი. ყველაფერს ამას ვაკეთებდით იმიტომ, რომ ჩვენს მავნებელთა ორგანიზაციას უნდოდა არსებული ხელისუფლების დამხობა და კაპიტალისტური წესწყობილების აღდგენა”,- ბრალდებული ი. სტეფანოვი.

მსგავსი საჩვენებელი პროცესები სტალინური რეპრესიების მექანიზმის ნაწილი იყო. ბრალდებულთა მიმართ წაყენებული ბრალდებები ხშირ შემთხვევაში არ იყო დადასტურებული რეალური მტკიცებულებებით. „აღიარებითი ჩვენებები“ მეტწილად მიცემული იყო წამების ან შანტაჟის ფონზე. პროცესები საჯაროდ ტარდებოდა და გაზეთებში შუქდებოდა იმისათვის, რომ მოსახლეობაში შიში გაეღვივებინათ და ე.წ. „საჯარო სასჯელის“ ეფექტი მიეღოთ.

დასკვნა

სიღნაღის რაიონში გამართული სასამართლო პროცესი, წარმოადგენს სტალინური რეპრესიების კლასიკურ მაგალითს, სადაც პოლიტიკური ოპონენტები კონტრრევოლუციურ შეთქმულებად გამოაცხადეს. “როგორც წინასწარ გამოძიებიდან და იმ პროცესზე ბრალდებულთა და მოწმეთა ჩვენებიდან გამოირკვა, — ამბობს ამხ. ტალახაძე, საბრალდებო დასკვნით წაყენებული ბრალდება მათ მიმართ მთლიანად და სავსებით დადასტურებულია. პროცესმა გვიჩვენა, რომ ეს ორგანიზაცია წარმოადგენდა ტროცკი-ზინოვიევ-პიატაკოვ-ბუხარინ-რიკოვის საკავშირო კონტრრევოლუციური ცენტრის ერთ-ერთ შტოს, მის ფილიალს, მის ერთერთ განყოფილებას. როგორც ვიცით, ამ ფილიალს საქართველოში ხელმძღვანელობას უწევდა საქართველოს კონტრრევოლუციური ცენტრი, რომელშიაც შედიოდნენ: ბუდუ მდივანი, მ. ტოროშელიძე, მ. ოკუჯავა, ელიავა, ყურულოვი და სხვები. ყველა ესენი გამოაშკარავებულ და გასამართლებულ იქნენ ამ რამდენიმე ხნის წინათ და მათ დამსახურებული სასჯელი მიიღეს.”

ბრალდებები, რომლებიც დაკავებულთა წინააღმდეგ წარადგინეს, ემსახურებოდა პროპაგანდისტულ მისწრაფებებს და მიზნად ისახავდა შიშის ჩანერგვას მოსახლეობის ყველა ფენაში. გარდა აბსტრაქტული, ხელისუფლების მაღალჩინოსნების ტერაქტისა, განსასჯელთა მიმართ წარდგენილი იყო კონკრეტული ბრალდებები - მიწის ზედაპირის ხვნა არა 15-18, არამედ 10-12 სანტიმეტრზე. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მკითხველისთვის ადვილად მისახვედრი იქნებოდა ბრალდების აბსტრაქტული ხასიათი (ბერიას მოკვლა) დაბალი რანგის სიღნაღელი ფუნქციონერების მიერ, და რთული წარმოსადგენი იქნებოდა - როგორ უნდა მოეხერხებინათ მათ ეს. თუმცა, მეორე მხრივ ისინი ზუსტად გაიაზრებდნენ, რომ თუ პარტიასა და ხელისუფლებას მათი მუშაობა და მოსაზრებები არ დააკმაყოფილებდა, თავადაც აღმოჩნდებოდნენ დახვრეტილი მსგავსი ბრალდებით.

გაზეთში გამოქვეყნებული მასალების ტექსტი სავსეა ემოციურად დატვირთული და აგიტაციური ფრაზებით, რაც იმდროინდელი სასამართლო პროცესების განუყოფელი ნაწილი იყო. რეალური დანაშაულებრივი მტკიცებულებების ნაცვლად, აქ ვხედავთ იდეოლოგიურ შოუს, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, მძიმე განაჩენით დასრულდა.

ხელისუფლების მიერ გამოტანილი განაჩენი აღიქმება, როგორც სამართლიანი და აუცილებელი ნაბიჯი საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. ტექსტში გამოიყენება პასაჟები, რომელთა მიზანიც არ არის მხოლოდ მტერთა მხილება, არამედ საზოგადოების მობილიზაცია მათ წინააღმდეგ. ხალხი უპირობოდ აღიარებს განაჩენს და იწონებს სამართალწარმოებას, რომელიც უკავშირდება “მტრის” მთლიანად განადგურების იდეას.

ეს პუბლიკაცია არის იმ პერიოდის პროპაგანდის კლასიკური მაგალითი, როდესაც სტალინური ტერორის სამიზნეებად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის პედაგოგები, ინჟინრები და სახელმწიფო მოხელეები ხდებოდნენ, ხოლო საზოგადოებისგან მათდამი დაუნდობელი დამოკიდებულება ხდებოდა ლეგიტიმური და აუცილებელი.

დანართი:

წყაროები:

 

  1. Oleg Khlevnyuk, “The Objectives of the Great Terror 1937-1938” in Julian Cooper, Maureen Perrie and E.A. Rees, Soviet History, 1917-1953: Essays in Honour of R.W. Davies (London: Macmillan Press, 1995).
  2. Роговин Вадим Захарович, 1937, Издательство: Новости.
  3. «Литературная газета», № 5 (641) 1937 г.
  4. Русские писатели и поэты. Борис Андреевич Пильняк.
  5. stalin.historyproject.ge