...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

სიმონ გოგიბერიძე (1900-1970) – „ბრძოლა სამშობლოსათვის“

08 ივლისი 2025


სიმონ გოგიბერიძე 1900 წელს გურიაში, სოფელ ხიდისთავში დაიბადა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გაწევრიანდა თბილისის “მსროლელთა ათასეულში“. იმავე წლიდან გახდა - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მოგვიანებით მეტყვიამფრქვევეთა სასწავლებელი დაამთავრა და 1920 წელს ოფიცრის წოდება მიიღო. მონაწილეობდა ოსმალეთის, “თეთრი რუსეთის” და ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის დროს იბრძოდა გაგრის ფრონტზე, სადაც რამდენიმე თვით დაატყვევეს.

1922 წლიდან იყო ჩოხატაურის სამხედრო ორგანიზაციების შტაბის უფროსი და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ერთ-ერთი მეთაური გურიაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში, სადაც თავი ფიზიკური შრომით გაჰქონდა და პარტიულ მუშაობასაც აგრძელებდა. 1938 წელს პარიზში გამოსცა წიგნი „ბრძოლა სამშობლოსთვის“, რომელშიც აღწერა 1921-1924 წლები და აგვისტოს აჯანყება გურიაში.

1940 წლის 20 აპრილს, თანამოაზრესთან, დათიკო ერქომაიშვილთან ერთად თურქეთიდან შემოიპარა საქართველოს სსრ-ში. მათ თან ჰქონდათ პარიზში გამომავალი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოველთვიური ჟურნალი „ბრძოლის ხმა“, სადაც გამოქვეყნებული იყო საქართველოს ემიგრირებული მთავრობისა და პარტიების განმარტებები მეორე მსოფლიო ომის თაობაზე. საქართველოში გოგიბერიძემ 31 დღე დაყო. ამ პერიოდში მან საიდუმლოდ ინახულა დედა, 10 დღით გაჩერდა მშობლიურ სახლში და მერე მეზობლის დახმარებით გადავიდა თურქეთში. ამ ფაქტის გამო, სიმონ გოგიბერიძის დედა, სოფიო მგალობლიშვილი დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს, ხოლო 1949 წელს გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც გარდაიცვალა 1955 წელს.

1942 წლის ივნისის თვეში სიმონ გოგიბერიძე ხელმეორედ შემოვიდა საქართველოში, თუმცა მალევე დააპატიმრეს. 27 თვის განმავლობაში იყო წინასწარ პატიმრობაში, მიუსაჯეს ოცდახუთწლიანი პატიმრობა. სასჯელი სრულად მოიხადა ვლადიმირის ციხეში. 1967 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ცხოვრობდა თბილისში, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას, შეასრულა ქართულ-ფრანგული ლექსიკონის ორტომეულის სრული კორექცია, ასწავლიდა ფრანგულ, გერმანულ და თურქულ ენებს. მუშაობდა ეთნოგრაფიული ხასიათის ნარკვევზე მაჭახელას მუსლიმ ქართველებზე. გარდაიცვალა 1970 წლის 8 დეკემბერს. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ვკვდები“. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე, დედისა და დების გვერდით.[1]

1938 წელს პარიზში გამოცემული წიგნი, „ბრძოლა სამშობლოსთვის“, აღწერს 1921-1924 წლების ანტიბოლშევიკური ფრონტის მოვლენების ანალიზს. წიგნი წარმოადგენს ემიგრაციაში შექმნილ უნიკალურ მემუარისტულ ანალიზს. ავტორი ღიად ასახავს იმედგაცრუებას, შიშს, მაგრამ ამავე დროს – ნებისყოფასა და გმირობას, რომელიც მრავალმა უცნობმა ქართველმა გამოავლინა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტექსტში დეტალურადაა აღწერილი სასტიკი რეპრესიები, ახალგაზრდების გმირული თავგანწირვა, მასწავლებლების დევნა, პოლიტიკური პარტიების განადგურება და ბოლშევიკური აპარატის შიგნით არსებული ფარული წინააღმდეგობა. გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს ამ ნაშრომიდან:

 

1921 წლის ოკუპაციის შემდგომი თვეები

 

“თუ რა მოელოდა საქართველოს ახალი მდგომარეობის შექმნის გამო. ამაზედ ხალხის აზრი მეტად ჭრელი იყო. ფართე მასაში ზოგი ფიქრობდა, რომ ბოლოს და ბოლოს “ბოლშევიკებთან” საერთო ენა მოინახებოდა და საქართველოს დაპყრობა არ გადაიქცეოდა ისეთ დაპყრობად, როგორც ეს საერთოდ ხდება ასეთ შემთხვევებში. ზოგი ფიქრობდა, რომ საერთოდ რუსეთის მასშტაბით საბჭოთა ხელისუფლება ჩქარა დაეცემოდა და საქართველო კვლავ მოიპოვებდა თავის დამოუკიდებლობას, რატომღაც მეტის მეტად ზერელედ უყურებდნენ საბჭოთა ხელისუფლების “საქმიანობას”. ამბობდნენ: „ესენი აქ იმას ვერ იზამენ რაც რუსეთში ჰქნესო“!. რაღაცნაირად ჰქონდათ დიდი იმედი საზღვარგარეთ წასული მთავრობისა, წყალწაღებულივით ეჭიდებოდნენ ყოველგვარ ხავსს.”

“ციხის რეჟიმი იყო რბილი. ტუსაღებს უფლება ჰქონდათ მიეღოთ ყოველგვარი გადაცემები და პირველ ხანებში ციხეში ყოფნა წარმოადგენდა ერთგვარ ყრილობას ანტი-საბჭოთა ელემენტებისა. ყოველ შემთხვევაში, ვინც დაუჭერელი გადარჩა, ცოტა შერცხვენილად სთვლიდა თავს ამხანაგების წინაშე.

 

წინააღმდეგობის მოძრაობა გურიაში

 

“16-17 წლის ბავშვები გასაოცარი სიმტკიცით იქცეოდნენ, გურიის კომიტეტის ერთი შიკრიკთაგანი, მოწაფე მსხალაძე დატუსაღებულ იქმნა წერილით ხელში და ჩეკა შეეცადა მისი საშუალებით მთავარი ორგანიზაციების მიგნებას. საშინელი ტანჯვა-წამება მიაყენეს ამ ბავშვს, მაგრამ მისგან ვერაფერი გაიგეს და ბოლოს ისეთ ველურ ზომასაც კი მიმართეს, რომ მარტო ამისათვისაც კი კომუნისტები სამუდამოთ საზარელი დარჩებიან მათ თვალში, ვინც იმ დროს გურიაში იყო: ამ ბავშვს გახადეს ტანზედ, ჩამოკიდეს ფეხებით და მთელი სხეული ნელ-ნელა დაუწვეს პაპიროზის ცეცხლით! ბავშვმა ამასაც გაუძლო. და როცა ის გაანთავისუფლეს, მთელი მისი სხეული პაპიროსის ცეცხლისაგან საცერივით იყო დაცრეცილი. მან განაგრძო მუშაობა და როცა ხნით მოიზარდა, აჯანყების შემდეგ ციმბირში გაგზავნეს, სამშობლოს სამსახურში ამდენი უბედურების შემდეგ, მან თავისი წმინდა სული იმათ რიცხვს შეუერთა, ვისაც სამშობლოს წინაშე უკვე ყოველგვარი ვალი მოხდილი აქვთ.”

“გურიას ჰყავდა მთელი თაობა თავდადებული მასწავლებლებისა, რომლებმაც ათასგვარ დაბრკოლებათა წინაშე შესძლეს ეს სკოლები გაემრავლებინათ და ხალხისათვის შეეყვარებინათ. საქართველოს დაპყრობის დღიდანვე საოკუპაციო ხელისუფლება შეუდგა მათ წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს, რათა ისინი დაეშინებინა და კომუნიზმის მქადაგებლად გადაექცია. 20-25  წლის ნამოღვაწარი მოხუცი მასწავლებლები თვეობით ციხეებში ლპებოდნენ და ამ დროს კი სკოლებში პატრონი არავინ იყო. როცა მთავრობამ ამ გზით თავის მიზანს ვერ მიაღწია, შეჰქმნა სასწრაფო კურსები “ახალი კადრების შესაქმნელად და შეუდგა ძველი, გამოცდილი ხელმძღვანელების უვიც „კომსომოლებით“ შეცვლას, წინანდელ ორკლასიან სკოლებში მასწავლებლებად ამავე სკოლის მოწაფეები “კომსომოლის“ წევრები ინიშნებოდნენ. უვიცობასთან ერთად, ესენი ათასგვარ უზნეორბას ახვევდნენ თავზე ბავშვებს „კომუნისტური აღმზრდელობის” სახით, კომუნისტურ სისაძაგლეებში ყველაზედ საზარელი ეს უმწიკვლო ბავშვების ძალით გადაგვარება იყო.”

 

1922-1923 წლები, რეპრესიები ძლიერდება

 

“1922 წლის შემოდგომიდან მთავრობის რეპრესიები ხალხის წინააღმდეგ უფრო და უფრო გაძლიერებულ იქნა. ხალხი, რომელიც ოზურგეთის ციხეში იჯდა, გაცხრილულ იქმნა და ბევრი მათგანი გადაიგზავნა თბილისში. თვით მაზრაში დარჩენილებს აღარ აკმარებდნენ ძველებურად 2-3 თვე ციხეში ყოფნას: უმეტესობას აჩერებდნენ 7-8 თვით ყოველგვარი ბრალდების წაუყენებლად.

“რამდენიმე დღეში ჩამოვიდა თბილისიდან ჯალათი ტალახაძე[2] და შეუდგა თავის საქმიანობას… მთელს მაზრაში ჩააყენა ჯარის ნაწილები და მიიტანა სასტიკი შეტევა პოლიტიკურ ხალხზედ. უნდა აღვნიშნო, რომ მთელს საქართველოში ბევრი ხალხი იქმნა დახვრეტილი მთავრობის მიერ, მაგრამ ყველა ესენი იხვრიტებოდნენ როგორც მხედრები, შეთქმულების მომწყობნი ან როგორც ჩოლოყაშვილისა და სვანეთის მოძრაობებთან კავშირის მქონე, წარსულში კომუნისტების წინააღმდეგ ცნობილი მებრძოლნი, ერთი სიტყვით ყოველგვარი ბრალდებით, გარდა ერთისა - რომელიმე პოლიტიკურ პარტიის წევრობისათვის. აქამდის საოკუპაციო ხელისუფლება გაურბოდა ამ ბრალლდებით ხალხის ხვრეტას, მით უმეტეს, რომ ათასი სხვა და სხვა ხრიკებით ის მაინც ახერხებდა თავისი მიზნის მიღწევას. ახლა სრულიად აშკარად დაადგნენ პოლიტიკური პარტიების განადგურების გზას.

“ამ გზაზედ ტალახაძის პირველი მსხვერპლი გახდა ოზურგეთში ორი სოციალ დემოკრატი: ერთი მოხუცი გლეხი, პარტიის ძველი წევრი, იშვიათი პატიოსანი ადამიანი, სამსონ ქავჟარაძე. ის გადმოიყვანეს ციხიდან და შეიყვანეს ჩეკას სარდაფში. იქ მას წარუდგინეს გამზადებული წერილი ხელის მოსაწერად. რომლითაც მას უნდა ეღიარებინა სოციალ დემოკრატების-მიერ მოწყობილ ტერორისტული აქტი. დაეგმო ეს პარტია, ეცნო რომ საქართველოში მოხდა გასაბჭოება თვით ხალხის მიერ და ათასი სხვა. ერთი სიტყვით, ის სერიული წერილი, რომლითაც შემდეგში ასე აივსო კომუნისტური პრესის ფურცლები. ამასთანავე მას უთხრეს რომ ამ წერილზედ ხელისმოწერა ნიშნავდა მის განთავისუფლებას, უარის თქმა კი ადგილზე დახვრეტას. მან ეს წინადადება ზიზღით უარყო და ჯერ კიდევ ფეხზე მდგომს შუბლში ჰკრეს ტყვია. მისი ქართული, ჭკვიანი ტვინი სარდაფის კედლებს შეანარცხეს და მომავალი ტუსაღებისათვის დასტოვეს ნიშნად!”

მეორე პიროვნება იყო ძველი სოციალ დემოკრატი, ფოთის მუშა, ყოფილი ფოთის გვარდიის შტაბის წევრი, ტიფო ჟღენტი. მასაც მიმართეს იმავე წინადადებით, როგორც პირველს, ჩვენს სამაზრო პარტიულ ხულმძღვანელობას ჰქონდა საშუალება ამ სცენის გაცნობის და თვით კომუნისტებიც არ მალავდნენ ჟღენტის იშვიათ ვაჟკაკურ ქცევას ამ დროს. მისი პასუხი დაახლოებით იყო ასეთი: მე ამდენი ხანია სოციალ დემოკრატი ვარ და ჩემი შეგნებით ყალბად მიმაჩნია ის გზა, რომლითაც თქვენ სოციალიზმის დამყარებას ფიქრობთ, მაგრამ დღეს ამას მნიშვნელობა არა აქვს, ჩემი ოჯახის გულისათვის მე შემიძლია თავი დავხარო თქვენი ძალის წინაშე, მაგრამ ამ წუთში მე ვგდგევარ აქ როგორც ქართველი და არასოდეს და არავითარი შიშის წინაშე არ ვიტყვი იმ ტყუილს, რომ საქართველოს გასაბჭოება მოხდა თვით ქართველი ერის ხელითო. ის გაიყვანეს და იმ ღამესვე დახვრიტეს. ამ ორი კაცის ქცევა და სიტყვები დახვრეტის წინ აშკარა საბუთი იყო იმისა, რომ ქართველი ხალხში რაღაც ახალი რამ მოხდა, რომ მან თავისი თავი იცნო, რომ ის ერად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ ამ დღიდან მას აშკარად მხოლოდ ქართველობისათვის ხოცვა-ჟლეტა დაუწყეს, მისი აღორძინებული ეროვნული შეგნების დამარცხება არავითარ ძალას აღარ შეეძლო.”

 

წინააღმდეგობა ბოლშევიკური ორგანიზაციების შიგნით

 

საოკუპაციო ხელისუფლების დამყარების პირველსავე დღიდან, რამოდენიმე წინდახედული პირის თაოსნობით, საბჭოთა სამაზრო ადმინისტრაციაში და ჩეკაში შეყვანილ იქნა რამოდენიმე ახალგაზრდა, რომელთაც პირადი თვისებების და ოჯახურ ნათესაური მდგომარეობის მიხედვით თითქმის სამი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად, აწვდიდნენ ჩვენს სამაზრო ცენტრს საბჭოთა მთავრობის ყოველივე გადაწყვეტილებას, ცენტრიდან მიღებულ ცნობებს, კომუნისტური პარტიის საიდუმლო დადგენილებებს, ადგილობრივად განზრახულ რეპრესიებს და საბუთებს საბჭოთა მთავრობის საქმიანობის შესახებ ყველა დარგში. საშინელი იყო ამ ხალხის მდგომარეობა: ყოველ წუთში ისინი ელოდნენ თავიანთი მოღვაწეობის გახსნას და მაშასადამე აუცილებელ დახვრეტას და ოჯახების განადგურებას. რა გვქონდა ჩვენ რომ ეს ხალხი მოგვესყიდა, ან რით შეგვეძლო მათი დაშინება რომ ჩვენი ცნობების მომცემნი გამხდარიყვნენ? არაფერი! ამ მდგომარეობაში მათ შეგნებულად ჩაიყენეს თავიანთი თავი. ამ საშინელ მდგომარეობაში ყოველ წუთში, დღე და ღამ სიკვდილის შიშის მოლოდინში სამი წელი ემსახურნენ თავიანთ სამშობლოს.

მათ მიემატათ ერთი პიროვნება რომლის ბედი მეტის მეტად ამაღელვებელია. ეს იყო, ძველი, იდეური კომუნისტი მარტიან კიღურაძე, ძმა დიდი ხნის გარდაცვალებულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიის ცნობილ მოღვაწე ლავროსი კიღურაძის. ეს კაცი გულწრფელად იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის, ძალიან მომზადებულიც იყო და დიდი თანამდებობაც მიეღო საქართველოს დაპყრობის შემდეგ. მაგრამ საშინელი იყო მისი სულიერი ტრაგედია როცა ის დარწმუნდა თავის შეცდომაში. როცა მიხვდა რომ ერის ღალატში მონაწილეობა მიიღო და მოინდომა მისი შეცდომის გამოსწორება. დიდი ცდების შემდეგ დაუკავშირდა გურიის კომიტეტს, იყო სამაზრო ჩეკის მთავარი მდივანი და აწვდიდა ჩვენებს ყოველგვარ ცნობებს. მეტის თქმა მათზედ ეხლა შეუძლებელია უნდა ვსთქვა მხოლოდ, რომ მათი თავდადება და ღვაწლი ჩვენს მაშინდელ მუშაობაში დაუფასებელი იყო.”[3]

 


[1] რუხაძე რუსუდან. „მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ვკვდები"... : პოლიტიკური ემიგრანტის სიმონ გოგიბერიძის ცხოვრება და ბედი // საქართველოს რესპუბლიკა. 2016. გვ. 7.

[2] ილარიონ (ვალიკო) ილარიონის ძე ტალახაძე (1894 — 1974) — ქართველი ბოლშევიკი. სხვადასხვა დროს იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს სსრ პროკურორი. 1937-38 წლებში, შედიოდა შინსახკომის ე.წ. „განსაკუთრებულ სამეულში“ და იყო საქართველოში განხორციელებული “დიდი წმენდის” ერთ-ერთი მთავარი მონაწილე.

[3] მარტიან კიღურაძის საქმიანობა გამოაშკარავდა 1923 წელს. იგი ჩეკამ დააკავა და დახვრიტეს 1924 წლის იანვარში.