...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ვლადიმერ ჟვანია

11 ივლისი 2025


ვლადიმერ ჟვანია 1935 წელს ქუთაისში დაიბადა. მამამისი, გრიგოლ ჟვანია, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ვაჭრობის ქუთაისის ქვეგანყოფილების უფროსი, 1938 წელს, პოლიტიკურ რეპრესიებს ემსხვერპლა. მე-9 კლასელი ვლადიმერი სკოლიდან გარიცხეს, რადგან, თამაშის დროს შემთხვევით საკლასო ოთახში კედლებიდან ბელადთა სურათები ჩამოიყარა. 18 წლის იყო, საზღვრის გადაკვეთა პირველად რომ სცადა - სწრაფმავალი კატარღით უნდოდა თურქეთში გადასვლა. შეამჩნიეს, ესროლეს, უკან მობრუნდა და მიიმალა. საბჭოთა კავშირიდან ვლადიმერ ჟვანიას გაქცევის მცდელობა 1955 წლის 6 დეკემბერს კვლავ უშედეგო აღმოჩნდა. უფრო მეტიც, სასაზღვრო პატრულმა ის საგუშაგოზე დააკავა და სამი წელი მიუსაჯეს. ამის შემდეგ ვლადიმერ ჟვანია კიდევ რამდენჯერმე იყო დაკავებული და გასამართლებული: სოხუმში ჩხუბის მოწყობისთვის, რომელიც სინამდვილეში რუსი ეროვნების პროვოკატორმა წამოიწყო; ამის შემდეგ კოლონიებიდან არაერთგზის გაქცევისთვის. 1969 წელს, როგორც საშიში დამნაშავე, ციმბირის მკაცრი რეჟიმის შრომაგასწორების კოლონიაში გაამწესეს. 

პატიმრობიდან განთავისუფლდა 1972 წელს. გათავისუფლებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ იწყება ვლადიმერ ჟვანიას მიერ მოწყობილი აფეთქებების  სერია...

ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით დახ­ვრე­ტილი ვლა­დი­მერ ჟვა­ნიას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 15 ტო­მის­გან შედ­გე­ბა. ამ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც უშიშ­რო­ე­ბის არ­ქივ­შია შე­მო­ნა­ხუ­ლი, ირ­კვე­ვა, რომ მას რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მო­წყო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

ვლადიმერ ჟვანია 1970-იან წლებში, მის მიერ გამოგონილი ორგანიზაციის, "საქართველოს განმათავისუფლებელი ფრონტის" სახელით ავრცელებდა მიმართვებს, რომლებშიც აყენებდა შემდეგ მოთხოვნებს: საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება; ქვეყნიდან რუსეთის ჯარის გაყვანა; საქართველოს ნეიტრალიტეტის აღიარება; დემოკრატიული პარტიის ცნობა; საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს განმათავისუფლებელ ფრონტის სახელით, კომუნიკაციებისა და მაღალი ძაბვის ანძების აფეთქებით იმუქრებოდა.

70-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში - სო­ხუმ­ში, თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში მძლავ­რი აფეთ­ქე­ბე­ბი მოხ­და. საბ­ჭო­თა კავშირში ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შემთხვევები იყო. 1975 წლის 22 ივ­ნისს, დი­ლის 11 სა­ათ­ზე, სო­ხუმ­ში, აფხა­ზე­თის სა­ოლ­ქო კო­მი­ტე­ტის შე­ნო­ბას­თან აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა. ამ აფეთ­ქე­ბას მსხვერ­პლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია - რუსი ტურისტი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

კიდევ ერთი აფეთქება 1976 წლის 12 აპ­რილს, თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბის ფა­სად­თან მოხ­და, დღი­სით, 17:00 სა­ათ­ზე, ხელ­წე­რა იგი­ვე იყო. რუსთაველის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად მთავრობის სახლის, სამხატვრო სახლისა და კინოთეატრ რუსთაველის ფანჯრები მთლიანად დაიმსხვრა, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითნაკეთი საათის მექანიზმით დამონტაჟებული ბომბი საოლქო კომიტეტის შენობასთან სქელ თუჯის ურნაში იყო ჩადებული. დაკითხულები ჩვენებებში ჰყვებოდნენ, რომ ერთი ადამიანი გამვლელებს აფრთხილებდა, იქით არ გაიაროთ საშიშიაო. 

ოთხ დღე­ში, 1976 წლის 16 აპ­რილს, ქუ­თა­ი­სის წუ­ლუ­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლურ ბაღ­ში გა­ის­მა კიდევ ერთი აფეთ­ქე­ბის ხმა. სა­კავ­ში­რო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბით და მკაცრ დი­რექ­ტი­ვებს იძ­ლე­ო­და. მოს­კო­ვი­დან მო­სუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბით, აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლებ­ზე ნა­პოვ­ნი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი კუს­ტა­რუ­ლად იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ამ­ფეთ­ქე­ბ­ლის შე­საძ­ლო პრო­ფე­სი­ე­ბი კი იყო - გამ­ნაღმვე­ლი, სე­ის­მო­ლო­გი, სამ­თო მომ­წყო­ბი ან ფი­ზი­კო­სი.

ვლადიმერ ჟვანია ბათუმში დააკავეს 1976 წლის 15 მაისს, როგორც „საეჭვო პიროვნება“ და გადაიყვანეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში. პირადი ჩხრეკისას მას ალმოაჩნდა ანტისაბჭოთა შინაარსის წერილები, კაპსულ-დეტონატორი და ჩანაწერები - როგორ უნდა დამზადებულიყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. ვლ. ჟვანია იმავე დღეს გადაიყვანეს თბილისში. ვლ. ჟვანიას დანაშაული საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 54-ე და 298-ე მუხლების მეორე ნაწილით განისაზღვრა. ეს იყო ანტისაბჭოთა, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა, აფეთქებები, ნაციონალისტური შეხედულებანი, ასაფეთქებელ ნივთიერებათა უკანონოდ მშეძენა, შენახვა და ფულის გამოძალვა. 

ჩვენებებში ვლადიმერ ჟვანია ხსნიდა საკუთარი ქმედების მოტივებს:

“1921, წელს რუსეთის ჯარების შემოჭრას საქართველოში მე ვთვლიდი აგრესიად სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მის ოკუპაციად. ჩემი ფიქრით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმის, რომ მე ჩამენერგა აზრი მებრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.”

“ჯერ კიდევ 1962 წლამდე, საქართველოს მთელ რიგ ქალაქებში მე ვამჩნევდი ქართველების გარუსებას, ქართული ენის თანდათანობით დაკარგვას. უმთავრესად ეს იყო დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა რაიონებში. მაგრამ როდესაც მე გავთავისუფლდი პატიმრობიდან 1972 წელს და ჩამოვედი საქართველოში, შევამჩნიე, რომ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ თბილისშიც, ჩვენს დედაქალაქშიც, მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე გადასულა. ჩემი აზრით, ქართველი ხალხის გარუსება-გადაგვარება არის დღევანდელი ცხოვრების ნორმა, რასაც ბიძგს აძლევს და აკანონებს საქართველოს კომუნისტური მთავრობა. გაივლის კიდევ 50 ან 70 წელი და გაქრება ქართული ენა, დაიკარგება კულტურა, ერი. მე ვფიქრობ, რომ ქართულ სკოლებში რუსულ ენასა და ლიტერატურას არ ასწავლიან როგორც უცხო ენას. მას ასწავლიან ქართველ ბავშვებს როგორც თითქმის მშობლიურს. სკოლიდანვე უნერგავენ მოსწავლეებს რუსეთის დიდებას, მათი გმირების ქებას და სხვას არაფერს.”

“ჩემი აზრით, რუსეთის კულტის, ულიანოვის ძეგლები და მათი სახელობის ცენტრალური მოედნები და ქუჩები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში არის დაცინვა ჩვენი ხალხისა, არის შეურაცხყოფა ქართველთა გმირებისა და სხვა გამოჩენილი ადამიანებისა.”

“ჩემი ფიქრით, ერთპარტიული სისტემა არის მოსახლეობის ერთი ჯგუფის მბრძანებლობა მოსახლეობის სხვა ფენებზე - ჩვენს შემთხვევაში კომუნისტური დიქტატურა. ჩემი „აზრით, ერთპარტიული სისტემა იწვევს ადამიანების ცალმხრივ განვითარებას. უნდა ადამიანს ეს თუ არა, მან უნდა განიცადოს მხოლოდ ერთი პარტიის იდეების ზეგავლენა, უნდა მიჰყვებოდეს მხოლოდ ამ პარტიას. “

“ჩემი აზრით, თითქმის მთელი ქართველი ხალხი მოიწონებდა რუსეთიდან საქართველოს გამოყოფას რეფერენდუმის შეშთხვეევაში. მაგრამ, ჩემი ფიქრით, ქართველ კომუნისტთა აქტივს რეფერენდუმის შესახებ ხსენებაც კი შიშსა ჰგვრის.”

გამოძიება ინტენსიურად ცდილობდა გაერკვია, რა გზით ავრცელებდა ვლადიმერ ჟვანია ანტისაბჭოთა იდეებს, ვისთან საუბრობდა ამ თემებზე, რა სახის ანტისაბჭოთა ლიტერატურას ეცნობოდა და ა.შ. გამომძიებლებს არ სჯეროდათ, რომ პრაქტიკულად უსინათლო კაცი მარტო მოქმედებდა. თუმცა, ისინი საბოლოო დარწმუნდნენ ამაში.

როგორც მისი საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი, უშიშროების პოლკოვნიკი გურამ სოფრომაძე 2010-იანი წლების ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იხსენებდა, - “არ დამავიწყდება მისი გამოხედვა, წყნარი, მშვიდი მსჯელობა. კორექტული პასუხები ჰქონდა. არსებული წყობით იყო უკმაყოფილო, უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. ნამდვილად არ იყო დახვრეტის ღირსი, რომ არა მისი ასეთი ცხოვრება, ის ნამდვილად კარგი ადამიანი იყო. ჭეშმარიტი ეროვნული ერთობისთვის მებრძოლი.”

იცოდეთ თქვენ, რომ საქართველოს განთავისუფლების იდეები მუდამ გულში მექნება, სანამ ის მიცემს. მუდამ ტვინში მექნება, სანამ ის აზროვნებს. მუდამ სულში მექნება, სანამ სული მიდგას. 23.05.76 წ. ხელმოწერა - ჟვანია

წყარო: მარტოსული - “მარტოსული - სული ნათელი” ავტ.: გელა სულაძე, თბილისი, 2001.

 

“მარტოხელა, უსახლკარო, გამხდარი უსინათლო, რომელსაც მხოლოდ 14%-იანი მხედველობა ჰქონდა. მისთვის ბრალის დადება დაუჯერებელი იყო. ეჭვმიტანილმა უარყო აფეთქებათა ციკლში მონაწილეობა. ასაფეთქებელი ნივთიერებების საჭიროება თევზაობის სიყვარულით ახსნა. საბოლოო, ვლადიმერ ჟვანია მაინც გატყდა. მან დრო ითხოვა, რათა გულწრფელად ეღიარებინა ყველაფერი." - გურამ სოფრომაძის მოგონებებიდან.

1977 წლის 17 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებული სიტყვით გამოვიდა: „მე დავრწშუნდი საბოლოოდ, რომ ტერორი, დივერსიები და სხვა აშგვარი მოქმედებები დაუშვებელია საერთოდ ყველგან, ყველა ქვეყანაში. ასეთ მოქმედებებს, რაგინდ საზრიანად, ჭკვიანურად არ უნდა გაკეთდეს, ყოველთვის მოსდევს ადამიანთა მსხვერპლი, რაც დაუშვებელია, ჩემს მოქმედებაზე ვაჟკაცურად ვაგებ პასუხს უკან არ დავიხევ. მართალია, მე არასწორი გზა ავირჩიე, მაგრამ საქართვრლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ბევრი სხვა ხერხი არსებობს, ეს ყველა ხერხი უნდა იყოს მშვიდობიანი.“  ვლადიმერ ჟვანიას გულწრფელი აღიარება, ისევე როგორც სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლომ არ გაითვალისწინა და ვლადიმერ ჟვანიას მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. 1977 წლის 7 თებერვალს გაზეთ "კომუნისტის" ბოლო გვერდზე "საქინფორმმა" გამოაქვეყნა შეტყობინება "დამნაშავე დაისაჯა", რომელშიც მოკლედ იუწყებოდნენ ვლადიმერ ჟვანიას ბრალეულობას და მის მიმართ დამდგარ განაჩენს, იმასაც, რომ “სხდომის დარბაზში მყოფნი კმაყოფილებით შეხვდნენ განაჩენს.“ 

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა თავის ერთ-ერთ წე­რილ­შიც: “თქვენ 1977 წელს დახ­ვრი­ტეთ ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტი ვლა­დი­მერ ჟვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი.”