...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

როგორ იქცა კანონი რეპრესიის იარაღად - საბჭოთა კავშირის მაგალითი

15 ივლისი 2025


მოვლენის შესახებ

სერგეი კიროვის (1886-1934) მკვლელობამ — როგორც მოვლენამ, რომელმაც საბჭოთა კავშირში “დიდი წმენდის” ტალღა გამოიწვია — საფუძველი დაუდო სტალინის დიქტატურის აბსოლუტიზაციას და უდიდესი გავლენა მოახდინა მთელი მეოცე საუკუნის ისტორიაზე.[1]

კიროვი იყო კომუნისტური პარტიის ლენინგრადის საოლქო კომიტეტის ხელმძღვანელი, პოლიტბიუროს წევრი და ცენტრალური კომიტეტის მდივანი. ქარიზმატული და ნიჭიერი ორატორი, პარტიაში პოპულარულობით სარგებლობდა. კიროვი, პოლიტბიუროს წევრებს შორის, სტალინთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი იყო და მათი მეგობრობის შესახებ ფართოდ იყო ცნობილი. როდესაც იგი 1934 წლის დეკემბერში მოკლეს, კიროვი პრაქტიკულად რევოლუციისთვის წამებულად შერაცხეს.

 

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

მკვლელობის დღესვე, 1934 წლის 1 დეკემბერს, სტალინმა ხელი მოაწერა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებას - „ტერორისტული აქტების მომზადების ან განხორციელების საქმეების წარმოების წესის შესახებ“. კანონი უფლებას აძლევდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს (НКВД) ტერორისტული აქტების დაგეგმვა-განხორციელებაში დაკავებული ეჭვმიტანილები:

  • გაესამართლებინა ადვოკატებისა და თავად მათი თანდასწრების გარეშე;
  • განხილვის ვადად განსაზღვრულიყო მაქსიმუმ 10 დღე;
  • სასჯელის უმაღლესი ზომის, დახვრეტის, შეფარდების შემთხვევაში - 24 საათის ვადაში აღესრულებინათ განაჩენი;
  • გაეუქმებინათ ყოველგვარი აპელაციის/ გასაჩივრების უფლება.

იმავე დღეებში, ათასობით ადამიანს ლენინგრადსა და მოსკოვში დააბრალეს ტერორისტულ აქტში მონაწილეობა. მათ შორის მრავალ მაღალი რანგის პარტიულ მუშაკსა და საჯარო ფუნქციონერს.

ტერორის მასშტაბების ზრდის პარალელურად, მსგავსი ტიპის შესწორება შევიდა “სისხლის სამართლის საპროცესო” კოდექსშიც. სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1937 წლის 14 სექტემბრის დადგენილებით:

  • კონტრრევოლუციურ დესტრუქციასა და დივერსიებზე სასამართლოში საქმის განხილვამდე ბრალდებულებს გადასცენ საბრალდებო საქმე სასამართლოში განხილვამდე ერთი დღით ადრე;
  • დაუშვებელი იყო კასაცია იმ საქმეებზე, რომლებშიც ბრალდებულები იყვნენ სისხლის სამართლის კოდექსის 587-ე (მავნებლური ქმედება) და 589-ე მუხლებით (დივერსია);
  • სასჯელის უმაღლესი ზომა (დახვრეტა) ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას, თუ მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნა უარყოფილი იქნებოდა

ზემოაღნიშნული ცვლილებები მხოლოდ 1956 წლის 19 აპრილის სსრკ უზენაესი საბჭოს ბრძანებით გაუქმდა.

 

“დიდი ტერორის” ეპოქაში “კანონიერი” იყო დაკავებული ეჭვმიტანილების წამებაც

ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ქალაქ ივანოვოს НКВД-ში, მიხაილ შრაიდერი, თავის მემუარებში იხსენებდა, რომ დიდ ტერორამდე, 1937 წლის ივლისში, სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ნიკოლაი ეჟოვმა რეგიონულ ორგანოებს გაუგზავნა დირექტივა გრიფით "სრულიად საიდუმლოდ". მასში ეჟოვი აკრიტიკებდა ჩეკისტებს "ხალხის მტრების" აღმოჩენის საქმეში სუსტი მუშაობის გამო, რადგან დაკავებულები , "თეთრ ხელთათმანებში იკითხებიან გამომძიებლების მიერ" და თითქმის “სანატორიუმის პირობებში” იმყოფებიან. შრაიდერის თქმით, ამით ფაქტობრივად გაიცა მითითება, რომ უნდა გაძლიერებულიყო ფიზიკური ზემოქმედების მეთოდების გამოყენება დაკითხვის დროს.

სტალინის 1939 წლის 10 იანვრის შიფროტელეგრამაში[2], რომელიც საოლქო, სამხარეო კომიტეტებს და საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების კომუნისტურ პარტიათა ცენტრალური კომიტეტების მდივნებს, შინაგან საქმეთა სახალხო კომისრებს და УНКВД ხელმძღვანელებს დაეგზავნა, ნათქვამი იყო: “კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის ცნობილი გახდა, რომ საოლქო და სამხარეო კომიტეტების მდივნები, როდესაც ამოწმებდნენ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატების (УНКВД) თანამშრომლებს, მათ საყვედურობდნენ დაპატიმრებულთა მიმართ ფიზიკური ზემოქმედების გამოყენების, როგორც დანაშაულებრივი ქმედების გამო. ცენტრალური კომიტეტი განმარტავს, რომ ფიზიკური ზემოქმედების გამოყენება НКВД-ს პრაქტიკაში 1937 წლიდან იქნა დაშვებული. ამასთანავე, გაიცა მითითება, რომ ფიზიკური ზემოქმედება დაშვებულია მხოლოდ როგორც გამონაკლისი და მხოლოდ იმ აშკარა ხალხის მტრების მიმართ, რომლებიც, ჰუმანური დაკითხვის მეთოდის გამოყენებით, ცინიკურად უარყოფენ შეთქმულების მონაწილეების გაცემას, თვეების განმავლობაში არ იძლევიან ჩვენებებს და ცდილობენ სხვა წევრების მხილების შეფერხებას — რაც ნიშნავს, რომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ციხეშიც კი.”

დაპატიმრებულების მიმართ ფიზიკური ზემოქმედება აიკრძალა მხოლოდ 1953 წლის 4 აპრილს, როდესაც სსრკ-ის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის, ლავრენტი ბერიას მიერ, გრიფით „სრულიად საიდუმლო“, გამოიცა ბრძანება №0068 — „დაპატიმრებულების მიმართ იძულების ნებისმიერი ზომისა და ფიზიკური ზემოქმედების გამოყენების აკრძალვის შესახებ“. ისტორიკოსების აზრით, ამით ბერიამ ერთდროულად ორ მიზანს მიაღწია: ერთი მხრივ, საჯაროდ გამოხატა ერთგულება „სოციალისტური კანონიერების“ პრინციპებისადმი, ხოლო მეორე მხრივ, მოიმატა მისმა პოპულარობამ ხალხში — უპირველესად ინტელიგენციაში, რომელიც სტალინიზმისგან სერიოზულად დაზარალდა.

 

საკონსტიტუციო ცვლილებები

1936 წლის კონსტიტუციაში პირველად იყო გამოკვეთილი კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) როლი: 126-ე მუხლის მიხედვით: “ყველაზე აქტიური და ცნობიერი მოქალაქეები — მუშათა კლასის, შრომისმოყვარე გლეხებისა და შრომითი ინტელიგენციის რიგებიდან — ნებაყოფლობით ერთიანდებიან საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში, რომელიც წარმოადგენს მშრომელი ხალხის მოწინავე რაზმს მათი ბრძოლისთვის კომუნისტური საზოგადოების შენების საქმეში და ასევე, წარმოადგენს ყველა შრომითი ორგანიზაციის, როგორც საზოგადოებრივის, ისე სახელმწიფოებრივის, ხელმძღვანელ ბირთვს.”[3] სწორედ ამ დებულების საფუძველზე, საბჭოთა კავშირში აიკრძალა ყველა სხვა პარტიის ფუნქციონირება და დაკანონდა ერთპარტიული სისტემა.[4]

1936 წლის კონსტიტუციის 112-ე და 113-ე მუხლები აცხადებდა, რომ მოსამართლეები იყვნენ „დამოუკიდებელნი და ემორჩილებოდნენ მხოლოდ კანონებს,“ ხოლო ყველა დონეზე სასამართლოები უნდა უზრუნველყოფდნენ დაცვის უფლებას და საჯარო სასამართლო პროცესებს. თუმცა, 1930-იანი წლების ბოლოსთვის სასამართლოები ფაქტობრივად პარტიის მითითებებზე იყვნენ დამოკიდებულნი — ეს ფენომენი საზოგადოებაში ცნობილი გახდა როგორც „სატელეფონო სამართალი“ მოსამართლეები განაჩენს წინასწარ ათანხმებდნენ პარტიის ხელმძღვანელებთან და სახელმწიფო უშიშროების ორგანოსთან (НКВД). თავად უზენაესი სასამართლოც, რომელიც თავდაპირველად საზედამხედველო ორგანოდ იყო ჩაფიქრებული, 1938 წელს მასობრივ წმენდას დაექვემდებარა, ახალ წევრებად კი სრულად მორჩილი კადრები შეირჩნენ.  

საკონსტიტუციო ცვლილება

კონსტიტუციური გარანტია

პრაქტიკული რეალობა

სასამართლოს დამოუკიდებლობა

გარანტირებული (მუხლი. 112)

პარტიისა და НКВД-ს სრული კონტროლი

სამოქალაქო უფლებები

სიტყვის, პრესისა და შეკრების სრული თავისუფლება (მუხ. 125–128)

სამოქალაქო უფლებები პრაქტიკულად გაუქმებული; სამართლებრივი პროცედურები კი უგულებელყოფილი იყო.

არჩევნები

საყოველთაო, ფარული, კონკურენტული (თავი 11)

ერთი პარტიის კანდიდატები; არჩევანის შეუძლებლობა

პარტიის როლი

სახელმწიფოს ხელმძღვანელი ბირთვი (მუხ. 126)

სრულად კონტროლირებადი მთავრობა

უმაღლესი საბჭო

ცენტრალური საკანონმდებლო ორგანო (თავი 3)

სტალინის გადაწყვეტილებების ფორმალური დამტკიცებელი

 

დასკვნა:

კიროვის მკვლელობა იქცა სამართლებრივ გარდატეხის წერტილად — დაიწყო ეპოქა, სადაც სამართლებრივი პროცედურების ცვლილებით — სახელმწიფო ტერორს სამართლებრივი ჩარჩო შემოაშენეს, ხოლო საბჭოთა სამართლებრივი სისტემა იმგვარად გადააწყვეს, რომ ჩამდგარიყო რეპრესიების სამსახურში. 1934 წლის დეკემბრიდან გატარებული ცვლილებები მიზნად ისახავდა როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალების სწრაფად განადგურებას, ასევე წარმოადგენდა გრძელვადიან გეგმას ე.წ. „ხალხის მტრების“ წინააღმდეგ. საბოლოოდ კი საბჭოთა კავშირში სრულად გაქრა კრიტიკული აზრი და სტალინის სიკვდილამდე, პრაქტიკულად აღარ არსებობდა არანაირი წინააღმდეგობა.

“დიდი ტერორის” დროს, იმ ეპოქისთვისაც კი, ერთი შეხედვით გაუგონარი უკანონობა — სრულად დაკანონდა. იმ პერიოდში, განვითარებული ევროპული ქვეყნების და მათ შორის რუსულ კანონმდებლობაშიც კი გარანტირებული იყო საბრალდებო დასკვნის გაცნობის, სამართლიანი, შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული სასამართლოსა და აპელაციის უფლებები, ასევე ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა. 1934 წლიდან მიღებულმა ცვლილებებმა კი ეს უფლებები პრაქტიკულად გააქრო. დაკავებულის მიმართ წამების განხორციელების კანონიერი პრაქტიკაც 1930-იანი წლებისთვის ანაქრონიზმს წარმოადგენდა, თუმცა, საბჭოთა კავშირში ეს მეთოდიც სრულად დაკანონდა და 1953 წლამდე გამოიყენებოდა.

 



[1] Amy Knight, Visiting Lecturer, Department of Political Science, Carleton University, and former Fellow, Woodrow Wilson Center, at a Kennan Institute lecture on 24 February 2000.

[2] Шифртелеграмма ЦК ВКП(б) о мерах физического воздействия к арестованным. 10 января 1939 г. ნანახია 1 ივლისი, 2025: https://istmat.org/node/65694

[3] КОНСТИТУЦИЯ (ОСНОВНОЙ ЗАКОН) СОЮЗА СОВЕТСКИХ СОЦИАЛИСТИЧЕСКИХ РЕСПУБЛИК

Утверждена Чрезвычайным VIII съездом Советов Союза ССР 5 декабря 1936 года.

[4] Loeber, Dietrich André, ed. (1986). Ruling Communist Parties and Their Status Under Law. Law in Eastern Europe. Vol. 31. Dordrecht: Martinus Nijhoff Publishers. p. 438.