...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

გეორგიევსკის ტრაქტატი: 200 წლისთავის აღნიშვნა

04 აგვისტო 2025


1983 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში (სსსრ) დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს გეორგიევსკის ტრაქტატის ორასი წლისთავი, როგორც რუსეთ-საქართველოს “მეგობრული” და “ძმური” ურთიერთობების დასტური.[1]

მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი ღონისძიება დაიგეგმა, რომელიც ტრაქტატის მნიშვნელობას შეახსენებდა მოსახლეობას. საბჭოთა პროპაგანდისტული ისტორიოგრაფია ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებდა 1783 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, როგორც ერეკლე II-ის ინიციატივას და სწორ ნაბიჯს, რომლითაც საქართველო რუსეთს დაუკავშირდა და ამით ფიზიკურ განადგურებას გადარჩა. აღნიშნული მოსაზრება დღესაც ფესვგადგმულია ქართული საზოგადოების ნაწილში. ტრაქტატის შეფასებისას, ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდა ყოველთვის უსვამდა ხაზს სპარსული და ოსმალური აგრესიისგან დაცვას, თუმცა არაფერს ამბობდა 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს დამოუკიდებლობის გაუქმებასა და რუსეთის შემდგომ იმპერიალისტურ ნაბიჯებზე.

1983 წელს ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც მაშინ საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი იყო, გადაწყვიტა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან ორასი წლის თავზე მოეწყო დიდი სახალხო დღესასწაული.[2] პარადოქსული იყო  ფაქტი, რომ ტრაქტატი, რომლის იუბილეს აღნიშვნასაც აპირებდნენ, რეალურად არასდროს ამუშავებულა და არც ერთი მისი პუნქტი არ შესრულებულა. გეორგიევსკის ტრაქტატის ანულირების თარიღად 1801 წელი ითვლება, როდესაც რუსეთის იმპერიამ ოფიციალურად შეიერთა ქართლ-კახეთის სამეფო და ამით ეტაპობრივად დაიწყო თავისი ძალაუფლების გავრცელება საქართველოს დარჩენილ ტერიტორიებზე.

 

მსვლელობა თბილისში საზეიმო ტრანსპარანტებით

 


გაზ. “კომუნისტი”, 29 ოქტომბერი, 1983, №250

 

 

ტრაქტატის შეფასება საბჭოთა ისტორიოგრაფიაში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ (1921), გეორგიევსკის ტრაქტატის პროპაგანდისტული და იდეოლოგიური მნიშვნელი განსაკუთრებით გაიზარდა.[3] აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეტაპზე ოფიციალური პროპაგანდის ნარატივი გარკვეულ ცვლილებებს განიცდიდა.

1930-იან წლებში საბჭოთა კავშირის “სამეცნიერო სტანდარტის” თანახმად, გეორგიევსკის ტრაქტატი წარმოჩინდებოდა, როგორც ერეკლე II-ის გონივრული არჩევანი, რადგან მას სხვა გზა არ ჰქონდა და მოუწია ე.წ. “უმცირესი ბოროტების” – რუსული იმპერიალისტური გზის არჩევა იმისათვის, რომ “ქართველი ხალხი ეხსნა ფიზიკური განადგურებისგან”. ისტორიკოსებს დაეგზავნათ დირექტივა, რომ გაემართლებინათ “უმცირესი ბოროტების” ფენომენი, რაც იმ პერიოდის ქართველმა ისტორიკოსებმა ზედმიწევნით შეასრულეს და სასკოლო სახელმძღვანელოებში დაიწყო მსგავსი ნარატივის შეტანა. ნიკო ბერძენიშვილის და სხვა ქართველი ისტორიკოსების ავტორობით გამოცემულ სასკოლო წიგნებში (1944, 1948) შევხვდებოდით საკავშირო სამთავრობო კომისიის ჟიურის დადგენილების პირდაპირ ციტირებას: “საქართველოს წინაშე მაშინ ალტერნატივი იდგა – მას შაჰის სპარსეთი ან სულტანის ოსმალეთი დაიპყრობდა, ან იგი  რუსეთის პროტექტორატის ქვეშ უნდა შესულიყო… მეორე პერსპექტივი მაინც უმცირესი ბოროტება იყო”.[4] “უმცირეს ბოროტებად” მოიაზრებოდა რუსეთის იმპერიის მიერ ქართული სამეფოების ეტაპობრივი დაპყრობა, ვიდრე ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქართველმა ხალხმა არ მოიპოვა დამოუკიდებლობა – აქ ცხადია იგულისხმება არა დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი, არამედ 1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაცია და წითელი არმია, რომელიც ქვეყანაში “განმათავისუფლებლის” ეგიდით შემოვიდა. გეორგიევსკის ტრაქტატის ამგვარი შეფასებით, საბჭოთა კავშირს სურდა “მეფის რუსეთისთვის” ბოროტების იარლიყი მიეკრა, თუმცა, ტრაქტატის სრულად უგულებელყოფაც არ სურდა, რადგან საქართველო-რუსეთს შორის ისტორიული კავშირი სოციალური ინტერნაციონალიზმის სულისკვეთებას კარგად ეხმიანებოდა. გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღწერისას, გაზეთი “კომუნისტი” წერდა: “ეს ერთხელ კიდევ მოწმობს, თუ როგორ ცოცხლობს, ვითარდება და ახალი შინაარსით ივსება საბჭოეთის ყველა ხალხებთან საქართველოს სულიერი ერთიანობის ტრადიცია”.[5]

“დესტალინიზაციის” პირობებში საბჭოთა ხელისუფლებამ ტრაქტატთან დაკავშირებით ახალი ნარატივების შექმნა დაიწყო. უკვე არავინ ახსენებდა “უმცირეს ბოროტებას”. მაგალითად, 1958 წელს იმავე ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით გამოცემულ სკოლის დამხმარე სახელმძღვანელოში ტრაქტატი წარმოჩინდებოდა ისე, თითქოს საქართველომ 350-წლიანი ბრძოლა ისლამურ სამყაროსთან  დაასრულა, შეუერთდა პროგრესულ ქვეყანას და ამით თავი ფიზიკურად გადაირჩინა. ამგვარი მიდგომა დამკვიდრდა სახელმძღვანელოებში საბჭოთა კავშირის დაშლამდე.[6]

გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაშუქებაში დიდი წვლილი შეჰქონდა გაზეთ “კომუნისტს”, რომელიც არა მხოლოდ აღწერდა მოვლენებს, არამედ იდეოლოგიური ნარატივის კუთხით აანალიზებდა და გადმოსცემდა მას. 1983 წელს გამოშვებულ ერთ-ერთ ნომერში აღნიშნული იყო, რომ “ქართულ მიწაზე ხალხთა მეგობრობა ზეიმობდა”, “ჩვენს მიწა-წყალზე დიდი და სახელოვანი რუსული კულტურის ჭეშმარიტი დღესასწაული იყო”.

გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღნიშვნა საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელის – ედუარდ შევარდნაძის დირექტივით დაამტკიცეს. შედგა ე.წ. “საიუბილეო კომიტეტი”, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა ჩატარების დრო და ორგანიზება გაეწია ღონისძიებებისთვის. ღონისძიების თარიღი ხშირად იცვლებოდა საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივნის, იური ანდროპოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. სავარაუდოდ, ამის გამო ღონისძიებები ვერ დაამთხვიეს ხელმოწერის 200 წლისთავს, 23 აგვისტოს კვირეულს. კომისიამ მოისმინა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, გიორგი ენუქიძის ანგარიში[7] და საბოლოოდ, ტრაქტატის ორასი წლისთავის აღსანიშნი ღონისძიებები 1983 წლის 29 სექტემბრიდან - 7 ოქტომბრის ჩათვლით ჩაინიშნა, სამზადისი კი საქართველოს სსრ-ს მთელ ტერიტორიაზე გაიშალა.

28 სექტემბერს მოსკოვიდან დიდი დელეგაცია ჩამოვიდას, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე – ე.მ. ჩეხარიანის ხელმძღვანელობით.[8] დელეგაციას მიესალმა საქართველოს სსრ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე – ოთარ ჩერქეზია: „გვინდა ვისარგებლოთ დღევანდელი მოვლენით და კიდევ ერთხელ მოვახსენოთ განსაკუთრებული მადლობა რუს ხალხს, რომლის უანგარო დახმარება რომ არა, საქართველო ვერ დარჩებოდა მსოფლიო ცივილიზაციის ასპარეზზე, ვერ დაადგებოდა აღმშენებლობის გზას“. მომდევნო დღეს დელეგაცია ეწვია ანანურს, სადაც გამოდიოდა ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბერიოზკა”.[9]

 

რუსეთის მოცეკვავეთა ანსამბლი თელავში, გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავზე

 

მასობრივ ღონისძიებებში ჩართული იყო ხელოვნების ყველა სფერო. მაგალითად, კომპოზიტორმა ფელიქს ღლონტმა შექმნა ნაწარმოები, რომელიც ეხებოდა საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან - 1983 წლამდე. გამოვიდა გიგა ლორთქიფანიძისა და ამირან დარსაველიძის ერთობლივი ფილმი “წიგნი ფიცისა”.[10] კინოს სახლში შეიკრიბნენ რუსი და ქართველი მწერლები, გავრცელდა ლოზუნგები “ქართულ მიწაზე ხალხთა მეგობრობა ზეიმობს.”[11] ცნობილმა ქართველმა მწერალმა, ნოდარ დუმბაძემ წარმოთქვა სიტყვა, სადაც აღნიშნა, რომ: არ არის ორი ხალხის უანგარო მეგობრობის უფრო მნიშვნელოვანი მაგალითი, ასე რომ იყოს, გაცისკროვნებული და განმტკიცებული პოეზიით. საქართველოს მართლაც დიდი ადგილი უკავია რუსი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაში.”[12]

1983 წელს სკოლებს სპეციალური მითითებები, ე.წ. “მეთოდური წერილები” დაეგზავნათ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღენიშნათ საბავშვო ბიბლიოთეკებში გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი.[13]

მთელი 1983 წლის მანძილზე იმართებოდა ტრადიციული, სოციალისტური შინაარსის შეჯიბრებები მეურნეობაში. რაიონები ერთმანეთს ეჯიბებოდნენ პროდუქციის მოყვანაში. გამოჩენილ მშრომელებს გადაეცემოდათ სხვადასხვა პრიზი. საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ, რუსეთისა და საქართველოს მეგობრული გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნად და სამეურნეო და კულტურულ მშენებლობაში საქართველოს მუშათა მიღწევებისათვის, ლენინის ორდენით დააჯილდოვა მრავალი პიროვნება. მათ შორის იყვნენ სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ი. ანდროპოვი და მდივანი თ. მენთეშაშვილი.[14]

გაიმართა ლიტერატურული საღამოები, სამეცნიერო კონფერენციები და სპორტული შეჯიბრებები. გამოიცა არაერთი წიგნი, რომლებიც რუსულ-ქართული ურთიერთობების თემას ეძღვნებოდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა კრებული „საუკუნეთა მანძილზე“, რომელიც “ორ მოძმე” ხალხს შორის “მეგობრობის” ხანგრძლივ ისტორიას ასახავდა.

გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღნიშვნისთვის თბილისი განსაკუთრებული სამზადისით გამოირჩეოდა. ქალაქის ქუჩები მოირთო ნაირფერი ტრანსპარანტებით, დროშებითა და დეკორაციებით, ხოლო თბილისის იმდროინდელი სასტუმროები მზად იყვნენ დიდი დელეგაციებისთვის ემასპინძლათ. ღონისძიებების ფარგლებში, აეროპორტში საზეიმოდ მოაწყვეს დელეგაციების მიღება. სტუმრები ჩამოვიდნენ მოსკოვიდან, სტავროპოლიდან, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებიდან. განსაკუთრებულად გააფორმეს თბილისის აეროპორტი, სადაც სსრკ-ს სახელმწიფო დროშები, მოკავშირე რესპუბლიკების სიმბოლოები და დღესასწაულის ემბლემა გვერდიგვერდ განათავსეს. ღონისძიებებს ხელმძღვანელობდნენ კომპარტიის ხელმძღვანელი პირები და კულტურის წარმომადგენლები. გარდა კულტურული ღონისძიებებისა, შეიქმნა ახალი მემორიალური ძეგლები საქართველოს სამხედრო გზაზე, მათ შორის - ილია ჭავჭავაძის, სულხან-საბა ორბელიანისა და მაქსიმ გორკის სკულპტურები. იმ პერიოდის პრესა იუწყებოდა, რომ ოსტატურად შესრულებულმა ამ ნამუშევრებმა შთაბეჭდილება მოახდინეს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებზე.

1983 წელს გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილს შორის ზურაბ წერეთელმა შექმნა „ხალხთა მეგობრობის თაღი“, რომელიც 90-იანი წლების რთულ პერიოდში დაზიანდა. მოგვიანებით სკულპტურა აღადგინეს და დღესდღეობით პოპულარულ ტურისტულ ობიექტად იქცა. ამავე წელს, თბილისის შემოსასვლელთან დადგმული წერეთლის სკულპტურა „მეგობრობის კვანძი“ 1991 წელს განადგურდა. აღნიშვნის ფარგლებში, საქართველოს სამხედრო გზაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მემორიალური ნაგებობა და გამოჩენილ მოღვაწეთა ძეგლი აღმართეს. მათ შორის გამოირჩეოდა სკულპტურული კომპოზიცია „თერგდალეულნი“ (მოქანდაკეები: კ. ტაბატაძე, თ. თუშურაშვილი; არქიტექტორები: გ. აბულაძე, დ. ახვლედიანი), სულხან-საბა ორბელიანის მემორიალი (მოქ. გ. ზაქარაია, გ. ჟღენტი; არქ. ჯ. ურუშაძე, თ. გაბუნია), მაქსიმ გორკის ძეგლი (მოქ. ზ. კრაწაშვილი; არქ. მ. ზაალიშვილი) და ილია ჭავჭავაძის მონუმენტი (მოქ. ლ. მხეიძე; არქ. თ. ბოჭორიშვილი). ამ მემორიალებმა ისტორიული მნიშვნელობის აღნიშვნის პარალელურად, საბჭოთა პერიოდში პოლიტიკური და კულტურული ერთიანობის ხაზგასმაც უზრუნველყვეს.[15]

 

"მეგობრობის კვანძი" ზურაბ წერეთელი


გეორგიევსკის ტრაქტატისადმი მიძღვნილი ე.წ. “მშვიდობის მონუმენტი” გუდაურთან ახლოს

საუკუნო მეგობრობა (ზურაბ წერეთელი, 1983 წელი, მოსკოვი) გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი

 

გაზეთ “კომუნისტში” მოსახლეობისთვის გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმ ლიტერატურაზე, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატს შეეხებოდა.[16] ამ წიგნებში ტრაქტატი მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგიით იყო დანახული და ხელშეკრულების შინაარსი და შედეგები ცალსახად პოზიტიური კუთხით იყო განხილული.

            გაზეთი “კომუნისტი”. 1983. N250.

 

ეს ყოველივე ასახავს იმდროინდელი პოლიტიკური კულტურის თავისებურებებს, რაც აჩვენებს, როგორ ერწყმოდა იდეოლოგიური პროპაგანდა ისტორიული მოვლენების აღნიშვნას.

30 ოქტომბერს, თბილისის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა მასშტაბური ღონისძიება, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა. სამთავრობო ტრიბუნის წინ, ლითონის კონსტრუქციებით აწყობილი ტრიბუნები შავ-თეთრ და წითელ ფერებში ჩაცმული მაყურებლებით იყო გადაჭედილი. აღლუმის მონაწილეები მუსიკის, ყვავილების, ტრანსპარანტებისა და პეპლის საჭერებზე დამაგრებული პოლიტბიუროს წევრთა სურათებით გამოჩნდნენ.

დილის 10 საათზე ტრიბუნაზე მყოფ დელეგაციის წევრებს დემონსტრანტები ტაშით მიესალმნენ, რასაც მოჰყვა თეატრალიზებული წარმოდგენა. სცენაზე გამოჩნდა რიცხვი "200" და სიტყვები "სამარადჟამოდ ერთად". ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდა ქართული და რუსული სიმღერების პოპურით, ხოლო მონაწილეები ასრულებდნენ ეროვნულ ცეკვებს. მოედნის დეკორაციებს შორის გამოიფინა პოლიტბიუროს წევრთა შვიდმეტრიანი პორტრეტები. ღონისძიება ნაკლებად შეეხო ტრაქტატის ისტორიულ მნიშვნელობას, არც ისტორიული პირების პორტრეტები გამოჩნდა და უფრო კონცენტრირდა თანამედროვეობის სიმბოლოებზე.

საბოლოოდ, გაიმართა ცერემონია, რომელიც რეალური ისტორიული შინაარსისგან დაცლილი და მანიპულაციური იყო, თუმცა კარგად პასუხობდა იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის პროპაგანდასა და მის მიზნებს. ცხადია, საზოგადოებას გეორგიევსკის ტრაქტატი პოზიტიური კუთხით მიეწოდა, რასაც ადგილობრივი (და არა მხოლოდ) ისტორიოგრაფიული ნარატივი უწყობდა ხელს.

საზეიმო დღეები იმ დროისთვის არამხოლოდ ორი ერის მეგობრობის ხსენებას, არამედ პოლიტიკური და იდეოლოგიური აქტის გაძლიერებასაც ისახავდა მიზნად. როგორც იმდროინდელი საქართველოს კომპარტიის ლიდერი, ედუარდ შევარდნაძე აღნიშნავდა, გეორგიევსკის ტრაქტატი საფუძველი იყო ქართველი და რუსი ხალხების საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის განმტკიცებისთვის.

1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღნიშვნით,  სახეზე იყო ისტორიული რეალობის იგნორირება და მისი საბჭოთა პროპაგანდით შევსება და მასობრივი სახით მოსახლეობაში გავრცელება. ამგვარმა ნარატივებმა და პროპაგანდამ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ცუდი სამსახური გაუწია რეალურ ისტორიულ სამართლიანობას და მის ადეკვატურად, ობიექტურად აღქმას. საფუძველი ჩაუყარა რუსეთ-საქართველოს “მეგობრობის” იდეის ჩამოყალიბებას, რომელიც დღემდე გამოიყენება რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტად საქართველოში.

 

და ბოლოს…

ჯერ კიდევ 1919 წელს, ნაშრომში “დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში” გეორგიევსკის ტრაქტატს ივანე ჯავახიშვილი შემდეგნაირად აფასებდა: „როგორ ახერხებდა რუსეთი საქართველოს ისე მოჯადოებას, რომ იგი რამდენიმე მწარე გამოცდილების შემდგომაც მაინც „ქრისტესმოყვარე“ რუსეთის მფარველობის გულწრფელი მოიმედე იყო?“[17] და ვრცლად განიხილავდა მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც დღევანდელ ქართულ რეალობასთან საკმაოდ ახლოს დგას – რუსეთი საქართველოს კარგად გამოსაყენებელ იარაღად იყენებდა, ამ აზრს კი ნ. პანინის მიერ ტოტლებენისადმი ცინიკურად გულახდილი წერილითაც ასაბუთებდა, სადაც პანინი წერდა, რომ “უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი “ხელმძღვანელობით ხდებოდეს”, თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთ მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ, თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, რომ თითქოს ყველაფერი მისი სურვილსა და ნების თანახმად ხდებოდეს.” რუსების მიზანი კი ისე უნდა განხორციელებულიყო, რომ “სული აქაური (რუსული) იყოს, სხეული კი ქართულიო”. ჯავახიშვილი ასევე მიუთითებს, რომ დაცულობის მაგიერ, საქართველო სამის მხრით მტრებით შემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ. თვით ერეკლე მეფეც და მმართველი წრეები ხედავდნენ, რომ ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთ საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰაბაზის შემდგომ არ ყოფილა.”


 

 

ბიბლიოგრაფია:

 

  1. კარკაძე, ლუკა. 2020. როგორ მომზადდა და აღინიშნა საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატის ორასი წლისთავი. ისტორიანი.
  2. მერკვილაძე, დავით. 2022. გეორგიევსკის ტრაქტატი და მეფე ერეკლე: მიზნები, სურვილები, შედეგები. თბილისი, გამომცემლობა “არტანუჯი”. გვ. 22.
  3. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/55342
  4. https://tia.ge/223697-ratom-agnishna-eduard-shevardnadzem-georgievskis-traqtatis-200-wlistavi-didi-zar-zeimit-istoriis-ucnobi-mxare.html
  5. https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98-/31372262.html
  6. https://tsuplus.wordpress.com/2013/03/10/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%9C/
  7. https://iverieli.nplg.gov.ge/simple-search?query=1983+%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98
  8. მეთოდური წერილი
  9. https://socialjustice.org.ge/ka/products/istoria-da-propaganda-erekle-ii-is-epoka-avtoritarizmis-achrdilkvesh
  10. https://publika.ge/article/ras-werda-ivane-javakhishvili-gorgievskis-traqtatis-shesakheb/
  11. https://socialjustice.org.ge/ka/products/istoria-da-propaganda-erekle-ii-is-epoka-avtoritarizmis-achrdilkvesh


[1] რეხვიაშვილი, ჯიმშერ. 2021. გეორგიევსკის “ლეღვის ფოთოლი”. რადიო თავისუფლება. იხ. ბმული

[2] კარკაძე, ლუკა. 2020. როგორ მომზადდა და აღინიშნა საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატის ორასი წლისთავი. ისტორიანი. გვ. 48-51.

[3] მერკვილაძე, დავით. 2022. გეორგიევსკის ტრაქტატი და მეფე ერეკლე: მიზნები, სურვილები, შედეგები. თბილისი, გამომცემლობა “არტანუჯი”. გვ. 22.

[4] მერკვილაძე, დავით. 2022. გეორგიევსკის ტრაქტატი და მეფე ერეკლე: მიზნები, სურვილები, შედეგები. თბილისი, გამომცემლობა “არტანუჯი”. გვ. 23.

[5] გაზეთი “კომუნისტი”. 1983. N231. https://iverieli.nplg.gov.ge/bitstream/1234/459006/1/Komunisti_1983_N231.pdf

[6] მერკვილაძე, დავით. 2022. გეორგიევსკის ტრაქტატი და მეფე ერეკლე: მიზნები, სურვილები, შედეგები. თბილისი, გამომცემლობა “არტანუჯი”. გვ. 24.

[7] რატომ აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი დიდი ზარ-ზეიმით? - ისტორიის უცნობი მხარე. TIA.  იხ. ბმული

[8] ბლოგი. როგორ იგეგმებოდა და აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. იხ. ბმული

[9] საბჭოთა ხელოვნება. 1983. საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ყოველთვიური ჟურნალი. N12.

[10] http://geocinema.ge//ka/movies/506

[11]  ბლოგი. როგორ იგეგმებოდა და აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. იხ. ბმული

[12] კარკაძე, ლუკა. 2020. როგორ მომზადდა და აღინიშნა საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატის ორასი წლისთავი. ისტორიანი. გვ. 49.

[13]  საქ. სსრ კულტურის სამინისტრო. ლ. ასათიანის სახ. სახელმწ. რესპ. საბავშვო ბიბ-კა ; [შემდგ.: გ. ღლონტი ; რედ.: ა. გურგენიძე]. ბმული

[14] ბლოგი. როგორ იგეგმებოდა და აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. იხ. ბმული

[15] ბლოგი. როგორ იგეგმებოდა და აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. იხ. ბმული

[16] გაზეთი “კომუნისტი”. 1983. N250.  იხ. ბმული

[17] https://publika.ge/article/ras-werda-ivane-javakhishvili-gorgievskis-traqtatis-shesakheb/