27 მაისი 2016
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქესა და გულშემატკივარს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. სპეციალურად ამ დღისთვის, ინსტიტუტი აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცულ საიდუმლო დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.
გვინდა ჩვენს მკითხველს შევახსენოთ, რომ IDFI-ის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ არქივების ღიაობისა და დოკუმენტური მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ამ მიმართულების ფარგლებში ორგანიზაცია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებთან. IDFI-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმა, IDFI-ის თხოვნით რამდენიმე წლის წინ გამოითხოვა საარქივო ფონდებში დაცული დოკუმენტები. დოკუმენტების ნაწილი ჩვენს მიერ გამოქვეყნებული იქნა სტატიაში "IDFI- გრიფით საიდუმლო 9 აპრილის შესახებ". ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მხოლოდ წარსულის ობიექტური შესწავლით არის შესაძლებელი მომავალი თაობების გააზრებული არჩევანის უზრუნველყოფა.
ქვემოთ წარმოდგენილი დოკუმენტები, გვაძლევს აშშ-ის შესაბამისი სამსახურების მიერ საქართველოში იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენების ანალიზისა და ამ მოვლენებზე აშშ-ის პერსპექტივის გაგების შესაძლებლობას.
დოკუმენტის სახელწოდებაა: საქართველო - დამოუკიდებლობის მუხტი ძლიერდება (1990 წლის 24 აპრილი). დოკუმენტის აღწერილობაში აღნიშნულია, რომ 1989 წლის 9 აპრილის სასტიკი დარბევის შემდეგ საქართველოში 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილი ძლიერდება. დამოუკიდებლობის მსურველები ორ ნაწილად არიან გაყოფილნი - ისინი, ვინც მოსკოვთან მკაცრ და უხეშ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას და სურთ დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ მიღება, მეორე ნაწილი კი თანდათანობით, რაციონალურად მიზნის მიღწევის მომხრენი არიან. მოხსენების მიხედვით საქართველოში ძლიერდება ანტი-ქართული განწყობები ეთნიკურ უმცირესობებში, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან. არსებობს დაპირისპირების საფრთხე. ანალიზის ავტორი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მოსკოვი თავს შეიკავებს რესპუბლიკის შიდა კონფლიქტში მონაწილეობისგან, თუმცა, მკაცრ პასუხს გასცემს ქვეყნის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ.
დოკუმენტში საუბარია აგრეთვე იმაზე, რომ საქართველოში სულ უფრო მეტად მძაფრდება ანტისაბჭოთა განწყობა. დემონსტრანტებმა გაანადგურეს ლენინის ქანდაკებები და საბჭოთა სიმბოლოები. ყოველ პარასკევს, საღამოს 6 საათიდან იმართება საპროტესტო აქციები საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მოთხოვნით. შენობებიდან მხოლოდ ქართული ეროვნული და მართლმადიდებლური ეკლესიის დროშები ფრიალებს. ცვლილება შეეხო ენის საკითხსაც - ქართული სახელმწიფო ენად აღიარეს, სკოლებში ისწავლება საქართველოს ისტორია. შეერთებული შტატების დაზვერვის ანალიტიკოსთა შეფასებით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ნაციონალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მოქალაქეები დაუფარავად ესწრებიან წირვა-ლოცვას. მათი აზრით, ქართველების დაბრუნება ეკლესიის წიაღში შესაძლოა აიხსნას ორი მიზეზით - უკვე აღარ იკრძალება რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა და გარდა ამისა, რელიგია ქართველებისთვის საკუთარი იდენტობის ხაზგასმის საშუალებაა.
ანალიტიკოსთა შეფასებით მოსკოვი შიშობს, რომ თუკი საქართველოს არ ექნება მეტი თავისუფლება, ქვეყანაში იმძლავრებს ანტირუსული განწყობები. თუკი, რუსი ეროვნების მოქალაქეები გახდებიან თავდასხმის ობიექტები ქართველი ნაციონალისტების მხრიდან, მოსკოვი ჩაერევა, მაგრამ, სავარაუდოდ, არაქართული მოსახლეობის რესპუბლიკიდან გაყვანით ან ეკონომიკური სანქციების დაწესებით. ამავე დროს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს. მათი შეფასებით გორბაჩოვის რეაქციას ლიტვაში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში არსებული ეროვნული მოძრაობებისთვის. უფრო რაციონალურები კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებიან თანდათანობითი, მოლაპარაკებების გზით მიღწეული დამოუკიდებლობის სისწორეში. რადიკალებმა კი შესაძლოა იფიქრონ, რომ ეს დასტურია იმისა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს საქართველოს გამოყოფას და ერთადერთი გამოსავალი, რადიკალური ქმედებებია.
დოკუმენტი: 1990 წლის 24 აპრილი - „საქართველო - დამოუკიდებლობის მუხტი ძლიერდება“