...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და შვედეთის სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობები შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაცული დოკუმენტების მიხედვით

06 ივნისი 2020

საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა ევროპის ქვეყნების აღიარებისა და მხარდაჭერის მოპოვება, რაც არ იყო მარტივი  ამოცანა იმ პერიოდში პოლიტიკური რეალობისა და ევროპაში განვითარებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით. ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ხვდებოდა, რომ ევროპული მხარდაჭერის გარეშე მომძლავრებულ რუსეთთან გამკლავება შეუძლებელი გახდებოდა. საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა ამ მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომა და ხშირ შემთხვევაში, დასახული ამოცანები შეასრულა.

 

პირველი რესპუბლიკის პერიოდში, 1918-1921 წლებში, ორი სრულფასოვანი საელჩო, რომელიც საქართველოს დიპლომატებმა მოახერხეს, რომ გაეხსნათ, მოქმედებდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში და შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. სხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედმა წარმომადგენლობებმა სრულფასოვანი ფორმა - აღიარება მასპინძელი სახელმწიფოსგან, სამწუხაროდ, ვერ მიიღეს. მოგვიანებით, 1921 წელს, საელჩო დაარსდა პარიზშიც, თუმცა ახლადდანიშნულმა ელჩმა, აკაკი ჩხენკელმა საფრანგეთის პრეზიდენტ მილიერანს რწმუნებათა სიგელი გადასცა 1921 წლის 25 თებერვალს, სწორედ იმ დღეს, როდესაც თბილისს ბოლშევიკები იპყრობდნენ.

 

შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიის ისტორიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიზოდია საქართველოს და შვედეთის სამეფოს ურთიერთობები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წარმოგიდგენთ რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება და ძირითადად ასახავს ოფიციალურ მიმოწერას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა-გათავისუფლებისა და გადაადგილების თაობაზე. ამ დოკუმენტებშიც ნათლად ჩანს ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც სკანდინავიურ ქვეყნებს და, განსაკუთრებით, შვედეთს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ ჰქონდა.

 

შვედეთში საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რადგან ჯერ კიდევ 1900-იანი წლების დასაწყისში, შვედეთის დედაქალაქი და განსაკუთრებით იქ მდებარე გერმანიის საელჩო წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ერთ-ერთ ცენტრს ევროპაში. 1916 წლის დეკემბერში შედგენილი აგენტურული ცნობის თანახმად, ივანე ჯავახიშვილი ფარულად იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანიის ელჩთან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე.[1] იყო აქტიური კავშირი „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტთან“, რომელიც ამ პერიოდში ევროპაში მოქმედებდა.

 

             

 

კავკასიის სამოქალაქო საკითხებში საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისნაცვლისადმი წარდგენილი აგენტურული ცნობა, ივანე ჯავახიშვილის შესახებ, სადაც ნახსენებია მისი შვედეთში ფარული ვიზიტი: “ჯავახოვი, ვითომ და ინკოგნიტოდ იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ საქართველოს საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოა გერმანიის ელჩთან. ამ მოლაპარაკების შინაარსი დიდ საიდუმლოდ არის შენახული. ჯავახოვი-ისტორიკოსი, ავტონომიის და ფედერალიზმის მხურვალე მხარდამჭერი, თავის დასკვნებს ამყარებს ისტორიულ დოკუმენტებზე.” 15 დეკემბერი 1916 წელი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი.

 

შესაბამისად, რუსეთთან დაპირისპირებულ ძლიერ ევროპულ ქვეყანაში სრულფასოვანი საელჩოს ქონა, რომელიც ასევე დაფარავდა სხვა სკანდინავიურ ქვეყნებსაც, გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის, როგორც ახლად შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის.

 

შვედეთი პირველ მსოფლიო ომში ნაკლებად დაზარალდა. შვედურ პოლიტიკაში პროგერმანული განწყობების მიუხედავად, ქვეყანამ თავიდანვე გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და ომის მსვლელობის პირველ წლებში განაგრძობდა ვაჭრობას როგორც მოკავშირეთა ქვეყნებთან, ასევე გერმანიასთანაც. ეს მდგომარეობა 1917 წლამდე გაგრძელდა, სანამ შვედეთის რკინის ექსპორტი შემცირდებოდა, რის შემდეგაც ქვეყანაში წარმოიშვა სასურსათო კრიზისი და დაიწყო არეულობები. შედეგად, კონსერვატორთა მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო და მათ მაგივრად სათავეში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ.[2]

 

ბუნებრივია,თავად შვედეთის ინტერესს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ წარმოადგენდა ის ბუნებრივი რესურსები და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ქვეყანას გააჩნდა. მანგანუმის საბადოები იმ პერიოდის სამხედრო ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მთელს მსოფლიოში, ზემო იმერეთის რეგიონები კი მდიდარი იყო ამ წიაღისეულით. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ბაქოს ნავთობის საბადოები, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე იყო, ხოლო ტრანსპორტირების ერთადერთი გზა საქართველოს გავლით, ბათუმის პორტზე გადიოდა.[3] იდეოლოგიური თანხვედრა სოციალ-დემოკრატიულ მთავრობებს შორის დამატებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა, ამ ყველაფერმა კი ხელი შეუწყო შვედეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებას.

 

1918 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოებში დაეფუძნებინა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და ამისათვის საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა წერილობით მიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იოჰანეს ჰელნორეს (Johannes Hellnor). ჩხენკელმა საქართველოს მთავრობის სახელით შვედეთის მთავრობას წარუდგინა შვედეთში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მიხეილ (მიხაკო) წერეთლის კანდიდატურა და გამოხატა იმედი მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

 


მიხეილ (მიხაკო) წერეთელი

 

მიხაკო წერეთლის ელჩად დანიშვნის თაობაზე, 1918 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბერლინიდან წერდა:

 

„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას სურს, შვედეთის სამეფო უდიდებულესობის მთავრობასთან ურთიერთობებში შევიდეს და ამ მიზნით დანიშნოს წარმომადგენელი შვედეთის სამეფო მთავრობასთან, რესპუბლიკის მოქალაქე, ბატონი მიხეილ წერეთელი.

 

რესპუბლიკის მთავრობა იმედოვნებს, რომ ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქე, ბატონი მიხეილ წერეთელი, სამეფო ხელისუფლებასთან მოიპოვებს ნდობას, რაც ხელს შეუწყობს მას მისიის შესრულებაში. გთხოვთ, თქვენი უდიდებულესობის მთავრობას მიხეილ წერეთელმა წარუდგინოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით რწმუნებათა სიგელი.“

 

 


აკაკი ჩხენკელის წერილი ბერლინიდან მიხაკო წერეთლის ელჩად წარგზავნის თაობაზე. 1918 წლის 14 ოქტომბერი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი.

 

შვედეთის მთავრობის მხრიდან აგრემანის მიღების შედეგად 1918 წლის 19 ოქტომბრისათვის მიხაკო წერეთელი ოფიციალურად ჩავიდა სტოკჰოლმში რწმუნებათა სიგელების გადასაცემად შვედეთის მეფე გუსტავ V (Gustaf V) და შეუდგა  დიპლომატიურ საქმიანობას. საელჩო დროებით ფუნქციონირებდა სასტუმრო „რეგინა“-ში (Hotel Regina), ხოლო მოგვიანებით კი (1919 წლის 16 იანვრისათვის) საქართველოს საელჩო განთავსდა ქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში, ტეგნერლუნდენის ქუჩის №3-ში მდებარე შენობაში. შვედეთში საელჩოს გახსნის მთავარი მიზანი ორი იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და განვითარება.

 

 


მიხაკო წერეთლის წერილი, რომლითაც ის ატყობინებდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ იმყოფება სტოკჰოლმში და მზად არის შესახვედრად, 19 ოქტომბერი, 1918 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი.

 


შენობა სტოკჰოლმში, ტეგნერლუნდენის ქ. №3, სადაც მდებარეობდა საქართველოს საელჩო. თანამედროვე ფოტო. წყარო: google maps.

 

1918 წლის 26 ნოემბერს, მიხაკო წერეთლის სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (ის საქართველოში დაბრუნდა და თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა), შვედეთში ელჩად დაინიშნა არისტოტელე (არისტო) ჭუმბაძე. აღსანიშნავია ისიც, რომ საელჩოს გადაბარების საკითხი და ჭუმბაძის როტაცია გაჭიანურდა, ხოლო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელნერმა, მიხაკო წერეთელს შვედეთში დარჩენის უფლება მისცა და მას პასპორტი შესაბამისი ვადით გაუგრძელა.

 


არისტო ჭუმბაძე

 


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰელნერის წერილი მიხაკო წერეთლისადმი სტოკჰოლმში დარჩენის შესაძლებლობის თაობაზე. 21 იანვარი, 1919 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი.

 

ამ პერიოდიდან მოყოლებული, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ოფიციალურ სტოკჰოლმთან და ოსლოსთან აქტიური მუშაობა ვერსალის საზავო კონფერენციაზე ამ ქვეყნების წარმომადგენლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოიხატა იმაში, რომ 1920 წელს ერთა ლიგაში შეიქმნა საქართველოს გაწევრიანების საკითხზე სამდივნო, რომლის აქტიური წევრიც იყო შვედი დეპუტატი თეოდორ ადელსვორდი (Theodor Adelsward, ყოფილი ფინანსთა მინისტრი 1911-1917 წლებში) და ცნობილი ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი და მთავარი მხარდამჭერი ფრიტიოფ ნანსენი (Fritiof Nansen, 1922 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრიზი). სწორედ მათი და აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციების აქტიური მუშაობით მოხდა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დე იურედ აღიარება.

 


თეოდორ ადელსვორდი

 


ფრიტიოფ ნანსენი

 

საქართველოს საელჩომ, ფინანსური სიდუხჭირის გამო,შვედეთის სამეფოში დიდხანს ვერ იფუნქციონირა და 1920 წლის ივნისში ელჩი, არისტო ჭუმბაძე,იძულებული გახდა დაეხურა საელჩო. მისი მოვალეობების შესრულება კი ბერლინში საქართველოს წარმომადგენელს, ვლადიმერ ახმეტელს დაეკისრა.[4]

 

გამოსამშვიდობებელ წერილში, 1920 წლის 14 ივნისს,არისტო ჭუმბაძე საგარეო საქმეთა მინისტრს წერდა: „თქვენი მძლავრი მხარდაჭერით, ქართველი ხალხის ინტერესების წარმომადგენელი ვიყავი. ქართველმა ხალხმა არასოდეს უნდა დაივიწყოს ის მორალური მხარდაჭერა, რომელიც შვედეთმა აჩვენა რთულ პერიოდში, რაც გამოიხატა ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის ფაქტობრივი აღიარებით. ორივე ხალხის ინტერესი კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო აქტიურ მიდგომას მოითხოვს, ამიტომ მე მივდივარ იმ იმედით, რომ თქვენი აღმატებულება მომავალში კვლავ აღმოგვიჩენს თავის გავლენიან მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელების გზაზე.“

 


არისტო ჭუმბაძის გამოსამშვიდობებელი წერილი, 14 ივნისი, 1920 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი.

 

სამწუხაროდ, საქართველოს საელჩოს მუშაობა შვედეთში ძალზედ ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საელჩოს დაფუძნების დროს დასახული მიზნების ნაწილი, მაინც მიღწეული იქნა. იმას, თუ რატომ ვეღარ გაგრძელდა და განვითარდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, კარგად ასახავს მოკლე ამონარიდი 1920 წლის გაზეთიდან - „საქართველოს რესპუბლიკა“, რომელიც იტყობინებოდა:

 

„სკანდინავიაში მყოფი საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი არისტო ჭუმბაძე საქართველოში დაბრუნდა. მან აღნიშნა, რომ შვეცია, ნორვეგია, დანია ის ქვეყნები არიან, ვინც პირველად აღიარა აქართველოს დამოუკიდებლობაო. მისივეთქმით, ადგილობრივმა პრესამ დიდი ინტერესი გამოიჩინა საქართველოს მიმართ. სავაჭრო წრეები ძლიერ დაინტერესებულან, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ერიდებიანო“.[5]

 

კერძო და თუნდაც სამთავრობო კომპანიებისთვის ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო იმ რეგიონში შესვლა, რომელსაც გამუდმებით ემუქრებოდა ბოლშევიკური რუსეთისგან მომდინარე საფრთხე. რუსეთის სათავეში მოსვლისთვის მებრძოლი ანტიბოლშევიკურ რევოლუციურ ძალებს, ე.წ. „თეთრ მოძრაობას“  რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოები უჭერდნენ მხარს. „თეთრებმა“ პოზიციები ნელ-ნელა დათმეს და 1920 წლისთვის უკვე ჩრდილო კავკასია საბოლოოდ დაკარგეს, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ევროპის ქვეყნების პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაშიც. ბოლშევიკები გაბატონდნენ ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში, მალევე „გააწითლეს“ სომხეთიც და უკვე რთული მისახვედრი არ იყო, რომ რიგში იდგა საქართველოს ოკუპაციის საკითხი. მცირე ხანში, დიდი რესურსების ფლობის გამო და გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, ბოლშევიკებთან საერთო ენის გამონახვა დაიწყეს ჯერ ბრიტანეთმა და შემდეგ ევროპის ზოგიერთმა სხვა ქვეყანამაც, რამაც შვედეთის დარ, მეგობარ ევროპულ სახელმწიფოებს საქართველოს დახმარების შანსები აღარ დაუტოვა...

 

[1] https://idfi.ge/ge/ivane_javakhishvili_and_georgias_independence

[2] Siney, Marion C. (1975). "Swedish neutrality and economic warfare in World War I". Conspectus of History.

[3] იხ.: Ghambashidze, David (1918), The Caucasian petroleum industry and its importance for Eastern Europe and Asia, Londra, The Anglo-Georgian Society.

[4] http://sweden.mfa.gov.ge/

[5] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი, 2018 გვ.529.

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.