არქივების გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია ყველა ქვეყანაში ისტორიის შესწავლის კუთხით, მაგრამ, კიდევ უფრო მეტად, ეს საკითხი წინ იწევს ისეთ ქვეყნებში, სადაც არქივებს ძალუძს სხვადასხვა პოლიტიკური რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლთა იდენტიფიცირება და მათი სამართლებრივი რეაბილიტაცია. რეგიონში, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტმა მოიცვა, სახელმწიფო არქივები ამ მხრივ უდიდეს როლს ასრულებენ.
2017 წელს, IDFI-მ საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად დაიწყო პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში“ განხორციელება.
2017-2018 წლების პროექტის ფარგლებში შეიქმნა სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასების მეთოდოლოგია და შეფასდა 10 ყოფილი საბჭოთა ქვეყნის 20 არქივი. პროექტი გაგრძელდა მომდევნო წლებშიც (2019-2020) და რეიტინგს აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის 8 ახალი ქვეყანა დაემატა. პროექტის შედეგად თითოეულ ქვეყანაში შეფასდა 2 არქივი.
კვლევამ გამოავლინა შემდეგი ძირითადი მიგნებები:
- საარქივო კანონმდებლობის კუთხით პირველი 9 ქვეყნიდან 7 ქვეყნის კანონმდებლობა ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მოლდოვისა და უკრაინის კანონმდებლობების გარდა;
- ღიაობის მაღალი სტანდარტისა და ზოგიერთი ნაკლებად გამჭვირვალე არქივის მიდგომა ყოფილი საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების ხელმისაწვდომობის მიმართ ერთგვაროვანია: ისინი არ ანადგურებენ წარსულში კლასიფიცირებულ (გასაიდუმლოებულ) ფონდებსა და დოკუმენტებს, რომელთა გასაიდუმლოებაც სახელმწიფომ არსებობის გარკვეულ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩათვალა; ღია არქივებში დაუშვებელია გაგრძელდეს დოკუმენტების გასაიდუმლოების ვადა, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ასეთი დოკუმენტები ავტომატურად ხდება ხელმისაწვდომი; დაუშვებელია ხელახლა გასაიდუმლოვდეს ისეთი დოკუმენტი, რომელსაც აღნიშნული სტატუსი ერთხელ უკვე მოეხსნა;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება რეპრესიების განმახორციელებელი ყოფილი სახელმწიფო ინსტიტუტების არქივებსა და ფონდებზე, ანუ „სარეჟიმო არქივების“ დოკუმენტებზე. აღნიშნული პრინციპი არქივების ღიაობის საუკეთესო მაგალითის მქონე ქვეყნებს, ლატვიას და ლიეტუვას აქვთ დანერგილი. ასევე ამ პრინციპს საკანონმდებლო დონეზე იზიარებს ყაზახეთიც;
- ის არქივები, რომლებიც შედიან ყველაზე ღია ქვეყნების ჩამონათვალში საუკეთესო ონლაინ მომსახურებებს სთავაზობენ მკვლევრებს და პირიქით - ნაკლებად ღია არქივები ამ კუთხით უარეს შედეგებს აჩვენებენ, ზოგიერთ მათგანს კი საერთოდ არ აქვს ონლაინ რესურსები (ვებგვერდი);
- მკვლევრებზე ორიენტირებული არქივები დარბაზში და ონლაინ იძლევიან დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების გამოყენების საშუალებას; ასევე საუკეთესო ღიაობის მქონე 6-დან 5 არქივში - ჩეხეთში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და უკრაინაში - მკვლევართა დარბაზებში დაშვებულია საკუთარი ფოტოაპარატის გამოყენება.
კვლევის შედეგად, საქართველომ დაიკავა მე-8 ადგილი 18 ქვეყანას შორის და საერთო რეიტინგი შეფასდა 70.99%-ით.
ცალკეული არქივების მიხედვით კი, საქართველოს ეროვნულმა არქივმა 2019 წელს მიიღო 68.85%, ხოლო საქართველოს შსს არქივმა - 73.13%. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა არქივმა დაახლოებით 5%-ით გაიუმჯობესა საერთო შედეგი 2018 წელთან შედარებით, რაც განპირობებული იყო იმით, რომ არქივმა გადადგა პრაქტიკული ნაბიჯები რათა გაზრდილიყო ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტთა აღწერების, დასკანერებული მასალებისა და სხვა მონაცემების რაოდენობა. ასევე დაინერგა ვებგვერდის ადაპტირებული ვერსია უსინათლო და მხედველობაშეზღუდული პირებისთვის.
კვლევის მეთოდოლოგიას, პარტნიორების შესახებ ინფორმაციას, ქვეყნებისა და ცალკეული სახელმწიფო არქივების რეიტინგს და კვლევის ფარგლებში შექმნილ სხვა მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ პორტალზე - http://open-archives.org/.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა IDFI-ის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა საკანონმდებლო ცვლილებებს. წინადადების მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველოს არქივების საერთაშორისო რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნებოდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გააგრძელებს საქართველოს პარლამენტთან და ყველა დაინტერსებულ უწყებასთან მუშაობას არქივების მარეგულირებელი კანონმდებლობის და არქივების გამჭვირვალობის გაუმჯობესებაზე და ამისთვის აქტიურად გამოიყენებს 2019 წლის პროექტის - „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობა“ კვლევის შედეგებს და საერთაშორისო რეკომენდაციებს.
მასალის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.