ციფრული არქივირება მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რადგან ის ეხმარება დოკუმენტურად ასახოს წარსული, მიმდინარე ადამიანის უფლებათა დარღვევები და უკეთ შეაგროვოს ინფორმაცია, რათა დაეხმაროს გარდამავალი სამართლიანობის მექანიზმებს და საზოგადოებრივი სიმართლის, სამართლიანობის აღდგენისა და ხსოვნის ინიციატივებს. თუმცა, მრავალი ორგანიზაცია, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი - შექმნან და შეინახონ მნიშვნელოვანი ციფრული არქივები - ვერ ახორციელებენ ამას. შესაბამისი უნარებისა და რესურსების ნაკლებობის გამო, სსო-ებს არ შეუძლიათ ეფექტურად დააარქივონ, შეინახონ და გაავრცელონ თავიანთი დოკუმენტაცია, რაც იწვევს რისკს, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება დაიკარგოს ან უბრალოდ არაეფექტური აღმოჩნდეს უფრო დიდი მიზნების მისაღწევად, რაც ეხება სიმართლის გავრცელებას, ანგარიშვალდებულებას და ხსოვნის უზრუნველყოფას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და კიდევ ორმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ ბელარუსიდან და უკრაინიდან პასუხი გასცა კითხვარს, რომელიც შეიმუშავეს სამართლიანობის, სიმართლისა და შერიგების გლობალური კვლევის ცენტრმა (Global Survey of Justice, Truth and Reconciliation (GIJTR)), ჰუმანიტარული სამართლის ცენტრმა (Humanitarian Law Center (HLC)) და სინდისის მემორიალური ადგილების საერთაშორისო კოალიციამ (International Coalition of Sites of Conscience (ICSC)). პროექტი - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა ციფრულ არქივირებაში - განხორციელდა 2021 წლის 1 მარტიდან - 15 ივნისამდე და დაფინანსებული იყო ICSC მიერ.
სამივე ქვეყნის ორგანიზაციებისთვის, დოკუმენტების შეგროვებისა და გამოქვეყნების საერთო მიზნებია: სოციალური და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ხელშეწყობა; რეპრესირებული მოქალაქეების დახმარება სახელმწიფო ხელისუფლების გაუმართლებელი და რეპრესიული ქმედებების შეცვლა; ციფრული არქივის პლატფორმის საშუალებით შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა, იმ დოკუმენტების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების შესახებ.
უკრაინასა და საქართველოში, ორგანიზაციების დამატებითი მიზანია დაეხმაროს საკუთარ სახელმწიფოებს საზოგადოების დეკომუნიზაციის პროცესში, რაც ქვეყნებში კვლავაც გამოწვევად რჩება. ამ ქვეყნებში ეს პროცესი ძირითადად ეხება თანამედროვე რუსეთის გავლენის ორბიტიდან მოწყვეტისა და რუსული პროპაგანდის დაძლევის საკითხს, რაც ქვეყნების დღის წესრიგში დგას. რუსეთი აქტიურად ახორციელებს ისტორიის ინსტრუმენტალიზაციას საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ამის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი მეთოდია არქივების ღიაობა და სტატიების გამოქვეყნება, რომელიც დაფუძნებული იქნება დოკუმენტებზე. დეკომუნიზაცია ბელორუსული ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია, მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსის მთავრობა რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევას პრიორიტეტად არ მიიჩნევს.
კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგია:
- ორგანიზაციებიდან მხოლოდ ერთმა შეიმუშავა და დანერგა სხვადასხვა ტიპის შესაბამისი მეთოდოლოგია, როგორიცაა კოდირების მეთოდები, ინფორმაციის ანალიზი, სხვადასხვა დოკუმენტებსა და კოდების წიგნებს შორის ურთიერთქმედების შესაბამისი სისტემა. იმ მიზეზთა შორის, რომლებსაც სხვა ორგანიზაციები არ ნერგავენ ასეთ მეთოდოლოგიას, ამჟამად მათ მიერ შეგროვებული საარქივო დოკუმენტაციის შედარებით დაბალი მოცულობა შეიძლება დასახელდეს.
- თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, დადებითად აისახა სამოქალაქო საზოგადოების არქივების განვითარებასა და მათი დიგიტალიზაციის პროცესზე. ეფექტურობა მნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობასა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხარისხს. იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო არქივები ღია და ხელმისაწვდომია, სამოქალაქო საზოგადოების კვლევითი ორგანიზაციები უფრო ეფექტურად მუშაობენ და პირიქით.
- გარდა ფინანსური და ადამიანური რესურსების შეზღუდვებისა, რომელიც გავლენას ახდენს კვლევაში მონაწილე თითოეულ ორგანიზაციაზე, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო და პოლიტიკური სიტუაცია აისახება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არჩევანზე, როგორი ტიპის მიდგომა შეიმუშაოს საარქივო მონაცემების დაცვისა და განვითარების კუთხით. ეს განსაკუთრებით საგანგაშო ხდება ბელორუსული ორგანიზაციის შემთხვევაში, მონაცემთა კონფისკაციის საფრთხეებისა და მკვლევრებისთვის შესაძლო რისკების ჩათვლით. მეორეს მხრივ, უკრაინაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები დადებითად აისახა არქივების ღიაობასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ საარქივო მონაცემების გაციფრულებაზე.