20 ივლისი 2022
სახელმწიფო დაწესებულებათა მუშაობის პროცესში შექმნილი საარქივო ჩანაწერები წარმოადგენს ღია მმართველობისა და გამჭვირვალობის პრინციპების ფუნდამენტს. წვდომა მსგავსი ტიპის ჩანაწერებზე უზრუნველყოფს სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობისა და ჩართულობის პრინციპებისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში დემოკრატიისა და დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს ამყარებს. სახელმწიფო დაწესებულებებში საარქივო მონაცემთა გამართული წარმოება, მათზე ხელმისაწვდომობა და ეროვნული საარქივო ფონდისთვის შესაბამისი მასალის გადაცემა გავლენას ახდენს არა მხოლოდ დაწესებულებათა მუშაობის დაკვირვებისა და შეფასების პროცესებზე, არამედ უფრო ფართო – სახელმწიფო მმართველობითი პროცესის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობასა და ჩართულობის საშუალებებზე. ამრიგად, მსგავსი ტიპის მონაცემები, ერთი მხრივ, დაკავშირებულია მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვასთან და, მეორე მხრივ, სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და დაწესებულებათა პასუხისმგებლობასთან საზოგადოების წინაშე. დაწესებულებათა მუშაობის პროცესში შექმნილი მუდმივად შესანახი დოკუმენტაცია კი, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდს განეკუთვნება, ასახავს სახელმწიფოს ისტორიას და, შესაბამისად, უნდა იწარმოებოდეს და იყოს დაცული.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირობებში, 1920 წლის 23 აპრილს მიიღეს კანონი რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ. თუმცა, აღნიშნული კანონის მოქმედებამ დიდხანს ვერ გასტანა და საქართველოს გასაბჭოებასთან ერთად, ერთი წლის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ ის ჩაანაცვლა დეკრეტით „რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ“. აღნიშნულის შემდგომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე, საქართველოს სსრ-ის არქივები არა მხოლოდ პარტიული ინტერესების შესაბამისად იწარმოებოდა, არამედ დიდწილად აფერხებდა ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესწავლის შესაძლებლობასაც. საბჭოთა მმართველობის პერიოდში შექმნილ საარქივო მასალაზე არა მხოლოდ იზღუდებოდა დაშვება, არამედ მათი წარმოებაც (მაგ.: შესაბამისი აღწერილობისა და თანდართული მონაცემების არქონა) არათანმიმდევრულად და მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა.
თანამედროვე არქივებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის მეთოდები და საქმისწარმოების პრინციპები, რომლებიც საბჭოთა მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პრაქტიკის გაგრძელება დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არქივების ღიაობისა და გამართული მუშაობის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ითვლება.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის თარიღი – 1991 წლის 9 აპრილი მიიჩნევა ისტორიულ გამმიჯვნელ თარიღად საბჭოთა ეპოქის, საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ფარგლებში შექმნილ საარქივო ფონდებსა და თანამედროვე საქართველოს საარქივო ფონდებს შორის. საბჭოთა მმართველობის პერიოდში სამინისტროთა მიერ შედგენილი საარქივო ფონდები და დამოუკიდებლობის პერიოდში სახელმწიფო დაწესებულებათა საარქივო მასალა შეადგენს სხვადასხვა საარქივო ფონდს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წელს დამტკიცებული №174 ბრძანების „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესის შესახებ“ მიხედვით.
პოსტსაბჭოთა პერიოდი საქართველოში, როგორც სხვა ბევრი მიმართულებით, ეროვნული საარქივო ფონდის ეფექტური შენარჩუნებისა და წარმოებისთვისაც მძიმე გამოწვევებით დაიწყო: მაგალითად, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში, დღესდღეობით შსს არქივის სისტემაში შემავალი, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივის საარქივო ფონდის 80%-ზე მეტი განადგურდა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამ პერიოდში გადარჩენილი საქმეების ნაწილი, 1992 წელს გადარჩევისა და კატეგორიზების გარეშე, განთავსდა სახელმწიფო არქივის შენობის სარდაფში. არქივების სწორად დაცვასა და განვითარებას თავისი კვალი დაატყო ქვეყანაში 1990-იანი წლებიდან შექმნილმა გაუსაძლისმა სოციალურმა და ეკონომიკურმა პირობებმაც.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2004 წლამდე შედგენილი (როდესაც სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდა) საარქივო დოკუმენტებისა და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არაერთგვაროვანია. ასევე, რიგ შემთხვევებში, გაურკვეველია დაინტერესებულ პირთა დაშვების პირობებიც. დაინტერესებული პირები ხშირად მათთვის საჭირო ინფორმაციის რაობაზე გადამისამართდებიან ერთი სახელმწიფო დაწესებულებიდან მეორეში და, ამრიგად, ამ პერიოდის საარქივო მასალაზე წვდომა გართულებული, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელიცაა. საქართველოს ეროვნულ არქივში მისულ მკვლევარს, ხშირ შემთხვევაში, 1991 წლის შემდეგ შექმნილი საარქივო მასალა ადგილზე არ ხვდება, რადგან ისინი ცალკეული დაწესებულებებიდან ჯერ კვლავ არ არის გადაცემული ცენტრალური საარქივო ორგანოსთვის, სახელმწიფო შენახვაზე, მაშინაც კი, როდესაც დაწესებულების მიერ ადგილზე შენახვის ვადები ამოწურულია და საარქივო ფონდი ეროვნულ არქივს უნდა გადაეცეს. მეორე მხრივ კი, მსგავს მასალაზე წვდომა სახელმწიფო დაწესებულებების ფარგლებში რთულდება ამ უკანასკნელთა სამკითხველო დარბაზისა ან სხვა ტიპის სამუშაო სივრცის არარსებობის, მასალათა ელექტრონული ხელმიუწვდომლობის ან თუნდაც მკვლევართა საუწყებო არქივზე დაშვების შეზღუდვების გამო.
2007 წლის მარტში, იუსტიციის მინისტრის №71 ბრძანებით, ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ორგანო – საქართველოს ეროვნული არქივი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ეროვნული არქივი, როგორც ცენტრალური საარქივო დაწესებულება, პასუხისმგებელია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მიღების, ორგანიზებული დამუშავებასა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. ქვეყანაში არსებული დაწესებულებების ნაწილი ქმნის ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს და, შესაბამისად, სწორედ სახელმწიფო დაწესებულებები წარმოადგენს ეროვნული არქივის დაკომპლექტების წყაროს. თუმცა აღსანიშნავია, რომ საარქივო მასალის გადაცემის ვალდებულების მიუხედავად, არქივის მაკომპლექტებელი დაწესებულებები, ხშირ შემთხვევაში, მათი საქმიანობის პროცესში შექმნილ დოკუმენტთა შენახვას თავად განაგრძობენ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე კვლევა წარმოადგენს მცდელობას, დაადგინოს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა საუწყებო არქივების მუშაობაში გამოყენებული ნორმატიული აქტების პრაქტიკაში განხორციელების დინამიკა, საუწყებო არქივებში დაცულ მასალათა სახეობები, მათი შენახვის ფორმატი და ეროვნული არქივისთვის გადაცემის ისტორია საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, 1991 წლიდან დღემდე. გარდა ამისა, კვლევის მიზანია, შეისწავლოს დაწესებულებათა მიერ ელექტრონულად შექმნილი და მათი ვებგვერდისა თუ სოციალური მედიაპლატფორმების საშუალებით გამოქვეყნებული მონაცემების არქივირების პოლიტიკა და პრაქტიკა.
- კვლევა ასახავს საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებათა უმრავლესობის მუდმივად შესანახ საქმეთა სახეობებს, მათ არქივებში დაცული საქმეების საქმისწარმოების ტენდენციებსა და ეროვნული არქივისთვის მონაცემთა გადაცემის დინამიკას.
- დაინტერესებულ პირებს/მკვლევრებს დაწესებულებათა ნაწილი თავის საუწყებო არქივში არ უშვებს ან აცხადებს, რომ მსგავსი პრეცენდენტი (დაშვების მოთხოვნის) არ ჰქონია. ამ შემთხვევაში პრობლემა ორმხრივია: მკვლევართა და დაინტერესებულ მოქალაქეთა მხრიდან ინფორმაციის ლოკალიზების და მისი გამოთხოვის ფორმებზე ინფორმაციის ნაკლებობა და, მეორე მხრივ, დაწესებულებათა მზაობის ნაკლებობა (თუნდაც ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით), რათა მოემსახუროს დაინტერესებულ პირებს.
- უწყებათა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია მათ მიერ ელექტრონულად შექმნილი და გამოქვეყნებული (დაწესებულების ვებგვერდისა თუ აფილირებული სოციალური მედია გვერდების) ინფორმაციის არქივირების პოლიტიკა. ამრიგად, თანამედროვე საუწყებო არქივების დიდი ნაწილი, რომელიც სწორედ ელექტრონულად და ვირტუალურ სივრცეში ინტერაქციის შედეგად იქმნება, საუწყებო არქივების ნაწილს არ წარმოადგენს და კვლევაში ასახულ რამდენიმე სახის რისკს მოასწავებს. მსგავსი ტიპის დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ დირექტივებსა და ინსტრუქციებს გაწერდა, არც ეროვნულ დონეზე არსებობს. ამ კუთხით, კვლევის ბოლო ნაწილი შეეხება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ასახავს კონკრეტულ ინსტრუქციებსა და ხელსაწყოებს, რომელთა საშუალებითაც ხდება მსგავსი ტიპის არქივირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდი ბრიტანეთის მაგალითებზე დაყრდნობით.
- დაწესებულებათა ნაწილი, მიუხედავად შენახვის ზღვრული ვადის ამოწურვისა, კვლავ იტოვებს ეროვნული საარქივო ფონდის მუდმივად შესანახ დოკუმენტაციას, რომელიც უნდა გადაეცეს საქართველოს ეროვნულ არქივს. ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობს ზოგადი ადმინისტრაციული და საკანონმდებლო აქტებით საარქივო მონაცემების უნივერსალური ორგანიზებისა და შენახვისთვის, ისევე როგორც მათზე მოქალაქეთა დაშვების კუთხით.
- გასათვალისწინებელია, რომ იმ პირობებში, როდესაც ზოგიერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს ადგილზე მოწყობილი საარქივო მასალაზე სამუშაო სივრცე და თავად ინახავს საიდუმლო კატეგორიის საქმეებსაც, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტთან დაშვებისთვის ინდივიდუალური შემოწმების პროცედურა დამატებით კითხვებს აჩენს.
- დაწესებულებათა მნიშვნელოვანი ნაწილი (55%) არ აწარმოებს თავის საუწყებო არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონულ კატალოგს. გარდა ამისა, კვლევაში შეტანილი შესწავლილ დაწესებულებებიდან მხოლოდ რამდენიმე აწარმოებს ან გეგმავს საარქივო მასალის გაციფრულების პროცესს. მსგავს კონტექსტში, დაინტერესებულ პირთათვის საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირება და მის გამოთხოვამდე ზოგადი ინფორმაციის (მახასიათებლების, რაოდენობის, მდგომარეობის, მდებარეობის) მიღება, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია.
- დოკუმენტთა სახელმწიფო შენახვისთვის გადაცემის კუთხით ერთ-ერთ პრობლემაა საუწყებო არქივებში დაქვემდებარებული ქვედანაყოფებიდან საარქივო ინფორმაციის არათანმიმდევრული ჩაბარება.
- სახელმწიფო დაწესებულებათა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ თავად ხელმძღვანელობს კვლევაში განხილული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით. ამრიგად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზება აღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში უნდა მოხდეს. თუმცა, კვლევა ასახავს რიგ შეუსაბამობებს ნორმატიულ მითითებებსა და პრაქტიკაში არსებულ მდგომარეობას შორის, ზემოაღნიშნული რამდენიმე ძირითადი მიმართულებით.