28 მარტი 2025
ავტორი: გიგა ჩალიგავა, ისტორიის დოქტორანტი, მკვლევარი
საბჭოთა კავშირის ანტირელიგიური პოლიტიკა მასშტაბურ და რთულ სოციალურ მოვლენას წარმოადგენდა, რომელსაც საფუძვლად ბოლშევიკების იდეოლოგიური მრწამსი ედო. 1920-იანი წლებიდან, დაპყრობილ რესპუბლიკებში განხორციელებული რელიგიის წინააღმდეგ მიმართული პროცესები იყო არა უბრალოდ პოლიტიკური კამპანია, არამედ მასშტაბური საბჭოთა სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცნობიერების სრულ, ფუნდამენტურ გარდაქმნას და ახალი, “საბჭოთა ადამიანის” ფორმირებას, რომელიც ლოიალური იქნებოდა არა რელიგიის, არამედ პარტიის დოქტრინის (პარტიული იდეოლოგიის) მიმართ. ბოლშევიკთა ხედვით, რელიგია სხვა არაფერი იყო, თუ არა წარსულის გადმონაშთი, რომელიც ხელს უშლიდა სოციალისტური საზოგადოების მშენებლობას და სწორედ ამიტომ სისტემურ განადგურებას საჭიროებდა.
მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფიის მიხედვით, რელიგია – ეს “ხალხის ოპიუმია”. ინსტრუმენტი, რომლითაც ექსპლუატატორები მუშათა კლასზე ბატონობენ და აკონტროლებენ. ვლადიმერ ლენინის ინტერპრეტაციით, რელიგია რეაქციულ ძალას წარმოადგენდა, რომელიც პროლეტარიატის კლასობრივ თვითშეგნებასა და სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვას აფერხებდა. ამიტომ, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალისტური რევოლუციის განუყოფელი ნაწილი გახდა. ლენინმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რელიგია არ იყო მხოლოდ პირადი რწმენის საკითხი და მას სოციალური ჩაგვრის ინსტრუმენტად წარმოადგენდა. შესაბამისად, ბოლშევიკებმა მიზნად დაისახეს რელიგიური ინსტიტუტების გავლენის შემცირება. ამგვარი იდეოლოგიური წანამძღვრები საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებული ანტირელიგიური პოლიტიკის თეორიულ საფუძვლად იქცა, რომელიც სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს ლეგიტიმაციას აძლევდა. ხელისუფლებაში იოსებ სტალინის მოსვლის შემდეგ, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდა და რადიკალური ხასიათი მიიღო. დაიწყო სისტემური რეპრესიები, საეკლესიო ქონების კონფისკაცია და რელიგიური მსახურების დევნა. რელიგიის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს მოედო და ბრძოლა ყველა რელიგიურ მიმდინარეობას გამოუცხადა: იქნებოდა ეს დომინანტური რელიგიები – ქრისტიანობა, ისლამი და იუდაიზმი, თუ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ჯგუფები.
სახელმწიფო ანტირელიგიური პროპაგანდა განსაკუთრებით აქტიურად ხორციელდებოდა წითელ არმიასა და სასაზღვრო დაცვის ძალებში (პოგრანოხრანა), სადაც, ძირითადად, გლეხები ირიცხებოდნენ. მთავრობაში ფიქრობდნენ, რომ გლეხობა, რომელიც საბჭოთა საზოგადოების უმრავლესობას შეადგენდა, რჩებოდა ნაკლებად განათლებულად და მათ ცხოვრებაში რელიგია დიდ როლს ასრულებდა.
ჯართან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ახალგაზრდა თაობის ათეისტური სულისკვეთებით აღზრდას. საგანმანათლებლო სისტემაში დაინერგა მატერიალისტური და ანტირელიგიური სწავლება. სკოლებსა და უნივერსიტეტებში რელიგია წარმოჩენილი იყო როგორც უკან მიმავალი, მეცნიერების საწინააღმდეგო ცრურწმენათა ერთობლიობა. მასწავლებლებს მოეთხოვებოდათ, რომ მოსწავლეებში განევითარებინათ კრიტიკული დამოკიდებულება რელიგიური იდეებისადმი და ჩამოეყალიბებინათ მეცნიერულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული აზროვნება, რომელიც იდეურად გამორიცხავდა რწმენის ელემენტებს.
ანტირელიგიური პროპაგანდის მთავარ საშუალებებად იქცა მედია, ხელოვნებისა და მასობრივი კულტურული ღონისძიებები. იქმნებოდა პლაკატები, კარიკატურები, ფილმები და თეატრალური წარმოდგენები, რომლებიც დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ რელიგიას. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ე.წ. "ანტირელიგიური კარნავალები" და "კომკავშირული აღდგომები” (ასევე, “კომკავშირული შობა)" - ღონისძიებები, რომლებიც იმეორებდნენ და საჯაროდ აშარჟებდნენ რელიგიურ დღესასწაულებს. ამგვარი ღონისძიებები მიზნად ისახავდა ტრადიციული რელიგიური რიტუალების დესაკრალიზაციას და მათ ჩანაცვლებას ახალი, საბჭოთა დღესასწაულებით. კომუნისტური იდეოლოგიური ჰეგემონიის გზაზე, რელიგიის აღმოფხვრა და ჩანაცვლება ახალი საზოგადოების მშენებლობისთვის საჭირო, პრიორიტეტული ამოცანა გახდა.
ღმერთების თოჯინების დაწვა "კომკავშირული შობის" დროს. ნახატი გაზეთიდან «Трудовой Дон», 1923 წლის 7 იანვარი
არქივში ინახება დოკუმენტები, რომლებიც შეეხება 1923-1924 წლის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების (აგიტპროპის) თეზისებსა და მასალებს საქართველოს კომუნისტური პარტიის საარქივო ფონდიდან.[1] დოკუმენტები ინფორმაციას გვაწვდის საქართველოს კომუნისტური პარტიის “აგიტპროპის” სხდომებზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რელიგიის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის შედეგებზე, ანტირელიგიური პროპაგანდის საჭიროებებსა და პრობლემებზე, არმიაში არსებულ მდგომარეობაზე ამ კუთხით. ამასთან ერთად, საარქივო მასალა შეიცავს ბრძანებებსა და წერილობით კორესპონდენციებს.
დოკუმენტების ქრონოლოგიური ჩარჩო შემდეგია: 1923 წლის 5 იანვარი - 12 მაისი და 1924 წლის 20 მარტი - 31 დეკემბერი. პირველ დოკუმენტთა კრებულში საუბარია იმაზე, თუ რა გაკეთდა რეალურად ანტირელიგიური მუშაობის კუთხით საქართველოში 1923 წლის პირველ ნახევარში, მეორე დოკუმენტში კი ხაზგასმულია, რისი გაკეთებაა საჭირო უფრო ეფექტური მუშაობისთვის, ჩამოთვლილია მეთოდები, პრობლემები და გამოწვევები. ორივე დოკუმენტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პირველწყაროს საქართველოში საბჭოთა მმართველობის დამყარების ადრეული ეტაპის (1922-1924) შესასწავლად და იმის გასაანალიზებლად, თუ რა კეთდებოდა და როგორ იგეგმებოდა “აგიტპროპის” მიერ შესაბამისი კამპანიები საბჭოთა წყობილების გასაძლიერებლად როგორც ადგილობრივ და ისე, ცენტრალურ დონეზე.
არქივში დაცული დოკუმენტები, მარცხნივ 1924 წლით დათარიღებული, ხოლო მარჯვნივ 1923.
1923 წლის იანვარი-მაისის დოკუმენტებში წარმოდგენილია 12 მაისის მე-2 კრების პირველი სხდომის ოქმი. სხდომაზე წარმოდგენილები იყვნენ სხვადასხვა რეგიონისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის მიხეილ კახიანი, სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი და სხვები. სხდომის დღის წესრიგში შედიოდა ანტირელიგიური საკითხების განხილვა, რომელსაც ამხ. ლომინაძე წარმოადგენდა. დოკუმენტში ასევე მოხსენიებულია სხვადასხვა რეგიონიდან და ორგანიზაციიდან მოსული წარმომადგენლები, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ.
დოკუმენტების მიხედვით, ამხ. კახიანმა შესთავაზა სხდომას დღის წესრიგის პირველ საკითხად წინასწარ მოესმინა მოხსენებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ანტირელიგიური კამპანიის შედეგების შესახებ, რეგლამენტად კი 10 წუთი დააწესა. მოხსენებები დაიწყო აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიშით, რომელიც წარმოადგინა ამხანაგმა ნერონოვმა.
აფხაზეთი – ანტირელიგიური კამპანია რეგიონში უმტკივნეულოდ ჩატარდა. ხელისუფლება ამოცანას ფრთხილად მიუდგა, ცკ რკპ-ის დირექტივების შესაბამისად. გლეხთა კრებების გადაწყვეტილებით, დაახლოებით, 10 ეკლესია დაიხურა, რომლებიც შემდგომში სკოლებად გადაკეთდა. კამპანიის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი პროტესტები ან ექსცესები არ დაფიქსირებულა, გარდა ილორის ეკლესიის შემთხვევისა.
მიუხედავად იმისა, რომ კამპანია დიდი წარმატებით არ ჩატარებულა, პროცესი მაინც უმტკივნეულოდ განვითარდა. მოსახლეობა, ძირითადად, თანაგრძნობით ეკიდებოდა ამ პროცესს და რელიგიის მიმართ ინდიფერენტულობას ამჟღავნებდა, რაც აადვილებდა კამპანიის განხორციელებას. გამონაკლისს წარმოადგენდა ილორის რაიონი, სადაც მოსახლეობა უფრო რელიგიური იყო. “მეჩეთები არსად დახურეს. მოსახლეობა განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოირჩევა, გარდა ილორის რაიონისა.”[2] დოკუმენტში იმედი გამოთქვეს, რომ დარჩენილი ეკლესიების დახურვაც არ იქნება რთული, თუ პროცესს სათანადო ტემპით წარმართავენ, რადგან ვითარება ამისთვის ხელსაყრელია.
სხდომაზე შემდეგ სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია განიხილეს: ამხანაგი სანაკოევის ინფორმაციით, მის რეგიონში ექსცესები არ დაფიქსირებულა და მხოლოდ რამდენიმე ეკლესია დარჩა მოქმედი. ამხანაგმა ჯორბენაძემ წესრიგის საკითხზე გამოსვლისას წამოაყენა წინადადება, რომ ანტირელიგიური კამპანიის მიმდინარეობა უფრო გულწრფელად და გამჭვირვალედ განეხილათ, რათა ცენტრალურ კომიტეტს შესძლებოდა, შედეგების გათვალისწინებით. შესაბამისი დირექტივების გაცემა. ეს წინადადება მიიღეს.
აჭარაში ამხანაგი პიასეცკის ინფორმაციით, კამპანია დეკემბერში დაიწყო სამხედრო საკათედრო ტაძრის დახურვით. კამპანია მხოლოდ ქალაქში [სავარაუდოდ, იგულისხმება ბათუმი] ჩატარდა, ოლქში ჯერ არ გატარებულა ღონისძიებები. მუსლიმი მოსახლეობა კამპანიის მიღმა დარჩა. ყველგან და ყველა ადგილას რეზოლუციები დადგენილი სულისკვეთებით ერთსულოვნად მიიღეს. ადგილობრივმა ორგანოებმა გამოიჩინეს მაქსიმალური ენერგია და აქტივობა. ხშირად უწევდათ ახალგაზრდების შეკავებაც. სამხედრო საკათედრო ტაძრისა და სინაგოგის გარდა, კომკავშირის ინიციატივით, დახურეს საავადმყოფოს ეკლესია, გარდა ამისა, გარეუბანში დახურულია ერთი სამხედრო ეკლესია. ქალაქში "მორწმუნეებისთვის" ეკლესიები მაინც დარჩა. განსაკუთრებული ექსცესები არ დაფიქსირებულა. კამპანია ჩატარდა ერთსულოვნად, მაღალი სულისკვეთებით, საკმაოდ წარმატებულად, ფრთხილად და ტაქტიკურად (სოციალური განათლების საშუალებით შესაბამისი ლექციებითა და დამტკიცებით). უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში ჩამოყალიბდა ქალ მორწმუნეთა ჯგუფი, რომელიც სისტემატურად ჩნდებოდა ყველა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით.
მუსლიმების შესახებ დასმულ კითხვებზე პლოშენმა უპასუხა, რომ მუსლიმებს შორის არაფერი უჩვეულო არ დაფიქსირებულა. ოლქმა გადაწყვიტა მათი ჩართვა არ მომხდარიყო ანტირელიგიურ კამპანიაში, მათი სპეციფიკური პირობების გამო. დოკუმენტის მიხედვით:
ოზურგეთის შესახებ ინფორმაცია ამხანაგმა მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მისი ანგარიშის მიხედვით, 1905 წლიდან გურიის მშრომელთა მასები არ აღიარებენ ეკლესიებს და რელიგიურ კაპიტალს. 1919 წელს რევოლუციის გარდატეხისას ხალხმა მოითხოვა ყველა ეკლესიის დახურვა და მათი კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებად გადაქცევა. ანტირელიგიური კამპანია ცკ-ის დირექტივებით დაიწყო გასულ წლის დეკემბერში. მარტში მასების მოთხოვნით დაიწყეს ეკლესიების ფაქტობრივი დახურვა რელიგიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებით. კამპანია წარმატებით “არაჩვეულებრივი სულისკვეთებით და შრომისმოყვარე გლეხების ენთუზიაზმით”[3] წარიმართა. არანაირი ექსცესი არ დაფიქსირებულა. დაიხურა 160 ეკლესია, დარჩენილია მხოლოდ 4. მენშევიკები, როგორც ორგანიზაცია, გურიაში აღარ არსებობს. ზოგიერთი მენშევიკი დათანხმდა კიდეც კამპანიაში მონაწილეობას.
ფოთი. (ამხანაგი მეგრელიშვილი). პარტკომი კამპანიისთვის არ იყო მომზადებული. დახურეს 3 ეკლესია და 2 სინაგოგა. ამის მიუხედავად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური რიტუალები მაინც ტარდება. შეიქმნა შესაბამისი კომისია დახურული ეკლესიების გამოყენებისთვის. მეგრელიშვილის ცნობით, ფოთში ამჟამად არც ერთი მოქმედი ეკლესია არ არის. სინაგოგის გახსნა სურდათ, მაგრამ პარტკომის პლენუმმა ამაზე უარი თქვა. მომავალში კომიტეტი გეგმავს ანტირელიგიური კამპანიის სისტემატიზაციას. ანგარიშის ავტორი ამბობს, რომ იგი არ იცნობს კარგად მასების ზოგად განწყობებს, რადგან ფოთში ეკლესიების დახურვისას გამოსვლები არ ყოფილა. ბოლოს კი დასძენს, რომ “მორწმუნე ქალები” მხოლოდ ერთხელ შეიკრიბნენ.
ზუგდიდი (ამხანაგი ჩხეიძე). ანგარიშის მიხედვით, კამპანია ქალაქიდან დაიწყო. მასზე აისახა მეზობელ სენაკის რაიონში ჩატარებული ღონისძიებები. გაიმართა მიტინგი, მოსახლეობა თანაგრძნობით შეხვდა პროცესს, იყო ბევრი მოთხოვნაც. ჩხეიძის თანახმად, გახსნეს “წმინდა” [აქ წმინდა ბრჭყალებშია] ნაწილები. ზუგდიდში ადგილი ჰქონდა ექსცესებს, რომლის მიზეზადაც ჩხეიძე “მღვდლების პროვოკაციას” ასახელებს. თუმცა იყო განსხვავებული ფაქტებიც - მაგალითად, სოფელ ობუთში მოსახლეობამ თვითონვე გაანადგურა ეკლესიის იატაკი. ჩხეიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობა ბოლო დროს დიდ სურვილს გამოხატავს საბჭოთა სამსახურში მონაწილეობისთვის. ზუგდიდის რაიონში დაიხურა 100-მდე ეკლესია.
სენაკის, ჩოხატაურის და შორაპნის მდივნების მოხსენებები არ წარდგენილა. პარტკომში სხდომის მდივნის არარსებობის გამო, არსებობს დეტალური წერილობითი ანგარიშები მითითებულის შესახებ.
ამხ. გობეჯიშვილის ანგარიშების მიხედვით, რაჭაში ანტირელიგიური კამპანიის ჩატარება ადვილი იყო, რადგან გლეხების უმეტესობა რეგიონს გარეთ სამუშაოებზე დადიოდა. დარჩენილ მოსახლეობას (10%) კი მცირე ვაჭრები შეადგენდნენ. ნიკორწმინდაში გახსნეს წმინდა ნაწილები, გაიმართა მრავალრიცხოვანი კრება, სადაც პროფკავშირებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. დოკუმენტის მიხედვით, 1-დან 20 აპრილის ჩათვლით, 40 მიტინგი ჩატარდა. ქალაქ ონში შედგა სასამართლო პროცესი სასულიერო პირების წინააღმდეგ, რომლებმაც პროცესის ბოლოს დაგმეს სასულიერო საქმე და რელიგია. დახურეს სომხური ეკლესიებიც. რეგიონის მასშტაბით, ჯამში 118 ეკლესია დაიხურა და არ დარჩენილა არცერთი მოქმედი. ხუთ მღვდელს, მათივე ნებით, შეჭრეს თმები და წვერი (დოკუმენტში “გაპარსეს”). ანგარიშის მიხედვით, ოლქში დარჩა 7 მღვდელი. ადგილობრივმა უპარტიო გლეხებმა ანტირელიგიურ კამპანიაში დიდი წვლილი შეიტანეს. დახურულ ეკლესიებში ოთხი კლუბი მოეწყო – “სპარტაკი” - ონში, ხოლო სოფლებში: “ლენინი”, “ელბაქიძე” და სხვ. ქვემო რაჭაში ანტირელიგიურ კამპანიას უფრო დიდი ექსცესები მოჰყვა. სოფელ ბუგეულის მხარეში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა. საქმეში ადმინისტრაცია ჩაერთო, საბჭოთა მთავრობამ ბუგეულში ტრიბუნალის პროკურორი გაგზავნა. გამოიყენეს ზალპები, შეტაკებას ემსხვერპლა ერთი ქალი. მოხსენების ბოლოს აღნიშნულია, რომ ნებაყოფლობით “გაპარსეს” 73 მღვდელი, რომელთა 80% მეურნეობას დაუბრუნდა. მცირე ინციდენტი მოხდა ქალაქში [ონში] თუმცა, ამაზე ანგარიში ინფორმაციას არ გვაწვდის, მხოლოდ მითითებულია, რომ ეს ცალკე უნდა განეხილათ.
ლეჩხუმში არსებული სიტუაციის შესახებ მოხსენება ამხანაგმა ჭაბუკიანმა წარმოადგინა. კამპანია 1 აპრილიდან დაიწყო. მოსახლეობა მას თანაგრძნობით შეხვდა, რაზეც გავლენა მეზობელ ქუთაისის რაიონში მიღწეულმა წარმატებებმა იქონია. ლეჩხუმში დახურეს 4 ეკლესია, 2 მართლმადიდებლური, 1 სინაგოგა, 1 კი სომხური. ეკლესიების დახურვა უმტკივნეულოდ წარიმართა. ლეჩხუმის შემდეგ კამპანია მთელ რაიონში გაიშალა (იგულისხმება რაჭა-ლეჩხუმი). ჯამში დაიხურა 168 ეკლესია და ზოგიერთ მათგანში სკოლები მოეწყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კამპანია “საკმარისი სიფრთხილით” არ ჩატარდა. მოეწყო პროვოკაციები “პოლიტ-პარტიების” მხრიდან, მაგრამ ისინი მალევე დაშალეს პარტიული კომიტეტის ძალების გამოყენებით. ანგარიშის მიხედვით, სასულიერო პირების უმრავლესობა უკვე რელიგიის წინააღმდეგია, თუმცა რჩებიან დაუმორჩილებელი მღვდლებიც.
ახალციხის ოლქის მოხსენება ეკუთვნოდა ამხანაგ გაბუნიას. იგი ხაზს უსვამდა ახალციხის მულტიეროვნულ ხასიათს. ქალაქში უმრავლესობას სომხები, ხოლო ოლქში მუსლიმები წარმოადგენდნენ. ამიტომაც, საბჭოთა პროპაგანდა აქ ფრთხილად მოქმედებდა და აქტიური ინიციატივა არ გამოიჩინა. ჩატარდა მიტინგები, რომლის შედეგადაც დახურეს 2 კათოლიკური, და 2 სომხური, 2 მართლმადიდებლური ეკლესია. ამასთან ერთად, 2 სინაგოგა. [ამგვარ თანაბარ განაწილებას განხილვისას სიცილი მოჰყვა]. რელიგიური დაწესებულებები ერთნაირი რაოდენობით იმიტომ დახურეს, რომ თავიდან აერიდებინათ ანტაგონიზმი ეროვნული ნიშნით. რაც შეეხება მეჩეთებს, საბჭოთა მთავრობა მოერიდა აქ მეჩეთების დახურვას მუსლიმი მოსახლეობის უმრავლესობის გამო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კამპანიის ფარგლებში გააკრიტიკეს მოლას ქცევა და საქმიანობა. აღნიშნულია, რომ სამომავლოდ საჭიროა ანტირელიგიური ღონისძიებების გაძლიერება და გაღრმავება.
გორში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წარმომადგენელი ამხ. გიორგაძე აღნიშნავს, რომ რეალობამ მოლოდინებს გადააჭარბა. ეკლესიები ინტენსიურად დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ გორში იყო ქალთა გამოსვლა და ქვემო ჭალის რაიონში გლეხებმა საბჭოთა წარმომადგენელს სცემეს, ქარელში კი ებრაელები გამოვიდნენ, სულ დაიხურა 84 ეკლესია, ძირითადად, აპრილში. 60-მა მღვდელმა ნებაყოფლობით თქვა უარი ღვთისმსახურებაზე, მიუხედავად ამისა, საეკლესიო ღონისძიებები მაინც გრძელდება [მინაწერი - თბილისშიც კი დადიან].
შუალედური დასკვნის სახით, აღნიშნულია, რომ საბჭოთა მთავრობას ეკლესიების გახსნა მოუწევს, მაგრამ აუცილებელია ანტირელიგიური პროპაგანდის გაღრმავება. აქვე ნათქვამია, რომ ებრაელები არასდროს გამოთქვამენ თავად სინაგოგების დახურვის სურვილს. საბჭოთა პროპაგანდისთვის ებრაელთა განწყობები “მუქად და კონსერვატიულად” ხასიათდებოდა.
ბორჩალოს ანგარიშის თანახმად, ამხ. კიზირინმა წარადგინა. მსგავსად ახალციხისა, ბორჩალოს რეგიონიც მრავალეროვნულობით ხასიათდებოდა. პროპაგანდამ აქ შეარჩია დარწმუნების და არა იძულების მეთოდი. 1 მაისს შულავერში მოეწყო დიდი მიტინგი, რომელსაც 3000 ადამიანი ესწრებოდა. კიზირინის თქმით, ბორჩალოელებისთვის შეთავაზებული რეზოლუციები დიდაქტიკური ხასიათის იყო, რომელიც არ მოიაზრებდა ეკლესიების დახურვის აუცილებლობას, თუმცა შემდეგ გლეხებმა თვითონ აიძულეს ისინი დაეხურათ ეკლესიები შულავერში. ბოლნის-ხაჩინში გლეხებმა თავად დახურეს ეკლესიები. დაკეტილი მეჩეთი სკოლას გადაეცა. გლეხებმა დახურეს 11 ეკლესია, მათ შორის დვერის ქალთა მონასტერი. ექსცესები არ ყოფილა. დაიწყეს მოლების აღრიცხვა, რომლებიც თურმე გაფანტულან (ამასაც სხდომაზე სიცილი მოჰყვა). 4 მეჩეთი დაიხურა. მუსლიმებმა ასევე განაცხადეს, რომ “კომსომოლის გარეშე დახურავდნენ ეკლესიებს”.[4] დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქმეში პოლიტბიურო ჩაერთო, რომელმაც პროცესი დააზიანა, თუმცა არ არის საუბარი კონკრეტულად რა გააკეთა.
დუშეთში, ამხანაგი ხუხუას მოხსენების საფუძველზე ვიგებთ, რომ კამპანიას წინასწარ განსაზღვრული გეგმით მიუდგნენ, რომელიც დამატებით შეკრებებზე განიხილეს. დუშეთის მოსახლეობის უმრავლესობა პროცესის წინააღმდეგ წავიდა. კამპანია კი ბოლშევიკებისთვის არასასურველ ხასიათს იღებდა. ეკლესიების დახურვის საკითხიც აღდგომის შემდგომ პერიოდამდე გადაიდო. მუხრანში ეკლესიების დახურვა უმტკივნეულოდ განხორციელდა. დაიკეტა ერთი ქართული და ერთი სომხური ეკლესია. ხუხუას თქმით ირკვევა, რომ კამპანიის განსაკუთრებული ეფექტიანობისთვის ნიადაგი კომუნისტებს არ აქვთ. მაგალითად, მოჰყავს მცხეთაში 12 მოციქულის სახელობის ტაძარი (იგულისხმება სვეტიცხოველი). ანგარიშის ბოლოს ნათქვამია, რომ არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა დახურონ ტაძრები და გაითვალისწინებენ შექმნილ პირობებს.
თიანეთისა და სიღნაღის შესახებ მოხსენება ამხ. ვარავაშევმა წარადგინა. რომლის თანახმად, “ბანდიტიზმი”, რაშიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ ჩამოყალიბებული ანტისაბჭოთა მოძრაობა იგულისხმება, არ იძლევა მშვიდად ყოფნის საშუალებას – “მოსახლეობის განსაკუთრებული კულტურული ჩამორჩენილობა არ გვაძლევს ფართო აგიტაციის განვითარების შესაძლებლობას”.[5] თიანეთში კომუნისტებმა 500 კაციანი მიტინგი გამართეს. 14 ეკლესიიდან მხოლოდ ერთი დაიხურა. მთის მოსახლეობის მხრიდან რეჟიმი მრავალ დაბრკოლებას აწყდებოდა. რაც შეეხება სიღნაღს, მოქმედება სოფელ ანაგიდან დაიწყო, გლეხების ინიციატივით, სომხური ეკლესია თეატრად გადაკეთდა. სოფ. ბოდბისხევში მრავალრიცხოვანი მიტინგის შემდეგ საჯაროდ “შეიკრიჭა” თმა მღვდელმა. სოფ. ვაქირში კომუნისტებს აგრარული რეფორმა წაეხმარა ანტირელიგიურ საქმიანობაში, მღვდლებმა მიწის მიღების იმედით, მასობრივად უარი თქვეს სასულიერო წოდებაზე. გლეხები ამ მღვდელს ეუბნებოდნენ, რომ “იმუშავეთ ან ზეცაზე, ან მიწაზე”[6] [რასაც კვლავ დამსწრეთა სიცილი მოჰყვა]. რაიონში 100-ზე მეტი ეკლესია დაიხურა, 2-3 მათგანი დარჩა. ლაგოდეხის რაიონში ქალები პროცესის წინააღმდეგ გამოვიდნენ. სხვა ადგილებში კი კამპანიამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.
თელავის შესახებ მოხსენება ამხ. ლაშხი-ლობჟანიძეს ეკუთვნის. მისი თქმით, ანტირელიგიური კამპანია თელავში ცენტრიდან დაიწყო და რაიონებში გავრცელდა. სოფლებში ნაკრეფსა და კურდღელაურში მღვდლები კამპანიას შეუერთდნენ, ზოგიერთი მათგანი კი ქალებში იდეოლოგიურ მუშაობასაც აწარმოებდა. დაიხურა 100-ზე მეტი ეკლესია. 13 ეკლესიაში მოეწყო კლუბები და თეატრები. “გლეხები ჩვენს ინიციატივებს დიდი აღფრთოვანებითა და ღია ენთუზიაზმით შეეგებნენ”. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ანტირელიგიურ ფრონტზე სრულ გამარჯვებას. თელავში დაფიქსირდა ექსცესი. ჩოლოყაშვილის რაზმებთან კავშირის გამო დააპატიმრეს მღვდელი და დიაკვანი. მოხსენების თანახმად, თელავის გლეხობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის რელიგიური რწმენებიდან გამოსული. ორჯონიკიძის კითხვაზე ხაზი გაესვა იმას, რომ მომხსენებლის ღრმა რწმენით, მოსახლეობა ჩოლოყაშვილის მოძრაობას (Чолокаевщина) არ თანაუგრძნობს.
თელავის განხილვის შემდეგ, კახიანის დირექტივის შესაბამისად, სხდომა დასრულდა და გაგრძელდა საღამოს 6 საათზე, სადაც მოისმენდნენ დარჩენილ თვალსაზრისებს და გაიმართებოდა დებატები.
ამხანაგ მენტალის მოხსენებაში ასახულია ცენტრალური კომიტეტის თვალსაზრისი ანტირელიგიურ კამპანიაზე და მისი შემდგომი პერსპექტივები. მოხსენებიდან ირკვევა, რომ ცენტრალურ კომიტეტში შეიქმნა სპეციალური კომისია ანტირელიგიურ საკითხებზე, რომლის წევრებიც დამტკიცებულნი იყვნენ პრეზიდიუმის ბოლო სხდომაზე.
მომხსენებელი აღნიშნავს, რომ ადგილებიდან მიღებული ანგარიშების თანახმად, პრაქტიკული საქმიანობა ხშირად განსხვავდებოდა როგორც პარტიის პროგრამული მოთხოვნებისგან, ასევე ცენტრალური კომიტეტის მითითებებისგან ამ საკითხში. გამოიკვეთა, რომ ანტირელიგიური პროპაგანდა დიდწილად არ შეესაბამებოდა პარტიის პროგრამულ პრინციპებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რელიგიური დაწესებულებების მდგომარეობაზე. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ბოლნისი-ხევში მრავალრიცხოვანი მიტინგის შემდეგ მღვდელმა საჯაროდ მოიკვეცა თმა. სოფელ ზაქირში კი პროცესს ხელი შეუწყო მიწის რეფორმის განხორციელებამ. ბოდბის მონასტერთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო დეტალური ინფორმაცია, ხოლო ლაგოდეხის მიდამოებში დაფიქსირდა ქალების გამოსვლა. თუმცა, საერთო ჯამში, კამპანია დანარჩენ ადგილებში ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მცხეთაში, სადაც მდებარეობს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი (12 მოციქულის სახელობის), პარტიულ მუშაკებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეხურათ ეკლესიები. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ობიექტური მდგომარეობის გათვალისწინება და არსებული პირობების რეალისტური შეფასება.
შეხვედრაზე შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები:
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება რელიგიური ორგანიზაციების რეორგანიზაციისთვის და დახურული ეკლესიების შენობების სათანადო გამოყენება კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსაწყობად.
საბოლოოდ, სხდომამ მიზნად დაისახა ანტირელიგიურ დონეზე შეტევითი მოქმედებების გააქტიურება. მათ გამოცდილებამ უჩვენა, რომ ეკლესიების დახურვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მოსახლეობის ნებას დაემთხვევა. გამოწვევებად სახელდება ფაქტი, რომ ეკლესიების დახურვის მიუხედავად, მოსახლეობა “უკანონოდ” განაგრძობს ღვთისმსახურებას. დოკუმენტიდან ჩანს, რომ საბჭოთა მთავრობა თავდაპირველ ეტაპზე მზადაა წავიდეს დათმობებზე – აღდგეს ღვთისმსახურება იქ, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკლესიების გახსნას მოითხოვს. “აგიტპროპი” კვლავ ხედავს საფრთხეს გლეხთა ფენაში, სადაც მათი კამპანიის მიმართ პასიური განწყობები ჭარბობდა და საჭიროდ მიიჩნევს მასებთან სწორ ურთიერთობას.
საბჭოთა პერიოდის ანტირელიგიური პოლიტიკა საქართველოში განსხვავებულად ხორციელდებოდა. ზოგიერთ რეგიონში (რაჭა, გურია) კამპანია ძალიან წარმატებული იყო, ხოლო სხვაგან (აჭარა, ახალციხე) ფრთხილად მიმდინარეობდა. მოსახლეობის რეაქცია ასევე სხვადასხვაგვარი იყო – ზოგან თანამშრომლობდნენ, ხოლო სხვაგან პროტესტები და ექსცესები ხდებოდა. ტალახაძე დისკუსიის დროს აღნიშნავდა, რომ 1923 წლის მონაცემებით, საბჭოების სრული მმართველობა საქართველოში “ჯერ კიდევ არ გვაქვს”.
ქართულენოვანი ჟურნალი “მებრძოლი უღმერთო”. რუსულენოვანი “უღმერთოს” გამოცემები
სტატიაში განხილულ დოკუმენტთა მეორე კრებულში[7] მოცემული 1924 წელს ჩატარებული სხდომების მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა დათმობოდა ჯარს, როგორც ძალოვან სტრუქტურას. ანტირელიგიური პროპაგანდის ძირითადი მიზანი ჯარისკაცებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და მათი რელიგიური წარმოდგენების მეცნიერული მსოფლმხედველობით ჩანაცვლება უნდა ყოფილიყო.
როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე, “აგიტპროპი” ანტირელიგიური პროპაგანდის განხორციელებისას სიფრთხილეს ამჯობინებდა. დოკუმენტის მიხედვით, ანტირელიგიური პროპაგანდა არ უნდა ყოფილიყო რელიგიური გრძნობების პირდაპირი, უხეში შეურაცხყოფა, არამედ შეფარული, კარგად შეფუთული გზავნილი. როგორც საარქივო მასალაში წერია, პირდაპირი და უხეში კრიტიკა შეცდომებს გამოიწვევდა. "რწმენის დევნამ” შესაძლოა გამოიწვიოს წითელარმიელების განწყობის დაქვეითება, უკმაყოფილება და უსიამოვნება.
საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკას ჰქონდა ღრმა გავლენა საზოგადოებაზე. ერთი მხრივ, მან ხელი შეუწყო მეცნიერული მსოფლმხედველობის გავრცელებას და რელიგიური ინსტიტუტების გავლენის შემცირებას. მეორე მხრივ, გამოიწვია რელიგიური ტრადიციებისა და კულტურის დაკნინება, განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობებს შორის. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ანტირელიგიური პროპაგანდა გახდა საბჭოთა პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი. დაიწყო რელიგიური შენობა-ნაგებობების მასობრივი ჩამორთმევა. ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები ექვემდებარებოდნენ ნაციონალიზაციას, ხოლო მათი ქონება გადადიოდა სახელმწიფოს ხელში. სასულიერო პირები ექვემდებარებოდნენ რეპრესიებს - მათ მიმართ ტარდებოდა დაპატიმრებები, გადასახლებები, ზოგჯერ კი ფიზიკური განადგურებაც. რელიგიური ორგანიზაციების მატერიალური ბაზის მოშლა საბჭოთა ხელისუფლების მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენდა. მიუხედავად პროცესის წარმატებისა, მაინც ვერ მოახერხა რელიგიის სრული განდევნა, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც რელიგიური ტრადიციები ღრმად იყო ფესვგადგმული. პირველ ეტაპზე საბჭოთა კავშირი ღონისძიებების გატარებისას სიფრთხილეს იჩენდა. მაგალითად, შესაძლებლად მიაჩნდათ დახურული ეკლესიის გახსნა, თუ მოსახლეობა ამას გამოსვლებით მოითხოვდა, მეჩეთები ძირითადად ხელუხლებელი დატოვეს იმ რეგიონებში, სადაც მუსლიმი მოსახლეობა დომინირებდა. ანტირელიგიურ მუშაობაში, უფრო დიდი შედეგებს საბჭოთა მთავრობამ შემდგომ ათწლეულში მიაღწია.
საერთო დასკვნის სახით, უნდა ითქვას, რომ 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ქვეყნის ტერიტორიაზე დაიწყო ინდოქტრინაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა. ამ პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ანტირელიგიური მიმართულება გახდა. საქართველოში დაიხურა უამრავი ეკლესია, მღვდლები ჩამოაშორეს სასულიერო საქმიანობას, შექმნეს ისეთი პირობები, რომელიც ადამიანს ახალი, საბჭოთა აზროვნებისთვის საჭირო სიტუაციაში ჩააყენებდა. საქართველოში ანტირელიგიური პოლიტიკა შეეხო როგორც ქრისტიანობას, ასევე ისლამსა და იუდაიზმს.
მსგავსი პოლიტიკის საყოველთაოდ გავრცელებით საბჭოთა კავშირი ცდილობდა შეექმნა სრულიად ახალი საზოგადოება, ჩაეკლა მასში როგორც მანამდე არსებული რელიგია და კულტურა, ასევე პატრიოტიზმი და ყოველივე ეს რეჟიმის სამსახურში ჩაეყენებინა, თავისი ახალი კულტით, სამშობლოთი და კულტურული მიმართულებით – სოციალური რეალიზმით. რელიგიების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა იდეალისტური კომუნისტური საზოგადოების შენების გზაზე, საბჭოთა კავშირის სოციალური ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი. (1923). სამდივნოს ოქმები საოლქო და რაიონული კომიტეტების მდივნების თათბირებისა (ფონდი №14, საქმე №486, ანაწერი №1, ყუთი №24). პარტარქივი, საქართველოს იმლ-ის ფილიალი სსკპ ცკ-სთან ;
2. კავკასიის საოლქო კომიტეტი რკპ(ბ). (1924). აგიტპროპოტდელი, მასალები საოლქო კომიტეტის უჯრედების მდივნების და წითელი არმიის შესახებ (საქმე №№ 485, 505, 812, 813, 820). [საარქივო დოკუმენტი].
[1] ეს მასალებია: საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი. (1923). სამდივნოს ოქმები საოლქო და რაიონული კომიტეტების მდივნების თათბირებისა (ფონდი №14, საქმე №486, ანაწერი №1, ყუთი №24). პარტარქივი, საქართველოს იმლ-ის ფილიალი სსკპ ცკ-სთან ;
კავკასიის საოლქო კომიტეტი რკპ(ბ). (1924). აგიტპროპოტდელი, მასალები საოლქო კომიტეტის უჯრედების მდივნების და წითელი არმიის შესახებ (საქმე №№ 485, 505, 812, 813, 820). [საარქივო დოკუმენტი].
[2] საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი. (1923). სამდივნოს ოქმები საოლქო და რაიონული კომიტეტების მდივნების თათბირებისა (ფონდი №14, საქმე №486, ანაწერი №1, ყუთი №24). პარტარქივი, საქართველოს იმლ-ის ფილიალი სსკპ ცკ-სთან ; გვ.
[3] საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი. (1923). სამდივნოს ოქმები საოლქო და რაიონული კომიტეტების მდივნების თათბირებისა (ფონდი №14, საქმე №486, ანაწერი №1, ყუთი №24). პარტარქივი, საქართველოს იმლ-ის ფილიალი სსკპ ცკ-სთან ;
[4] საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი. (1923). სამდივნოს ოქმები საოლქო და რაიონული კომიტეტების მდივნების თათბირებისა (ფონდი №14, საქმე №486, ანაწერი №1, ყუთი №24). პარტარქივი, საქართველოს იმლ-ის ფილიალი სსკპ ცკ-სთან ;
[5]საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი. (1923). სამდივნოს ოქმები საოლქო და რაიონული კომიტეტების მდივნების თათბირებისა (ფონდი №14, საქმე №486, ანაწერი №1, ყუთი №24). პარტარქივი, საქართველოს იმლ-ის ფილიალი სსკპ ცკ-სთან ;
[6] საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი. (1923). სამდივნოს ოქმები საოლქო და რაიონული კომიტეტების მდივნების თათბირებისა (ფონდი №14, საქმე №486, ანაწერი №1, ყუთი №24). პარტარქივი, საქართველოს იმლ-ის ფილიალი სსკპ ცკ-სთან ;
[7] კავკასიის საოლქო კომიტეტი რკპ(ბ). (1924). აგიტპროპოტდელი, მასალები საოლქო კომიტეტის უჯრედების მდივნების და წითელი არმიის შესახებ (საქმე №№ 485, 505, 812, 813, 820). [საარქივო დოკუმენტი].