ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სასემინარო კვირის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. მოკლევადიანი, უნარების განვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკული კურსი: “რა არის დეზინფორმაცია და როგორ შემიძლია დავუპირისპირდე მას?”, 25-29 ოქტომბრის კვირაში ყოველდღიურად მიმდინარეობდა. სემინარებში მონაწილეობას იღებდნენ IDFI-სა და UG-ს ერთობლივი პროგრამის - “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები” - მსმენელები და საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ყოველდღიური დეზინფორმაციის გადამოწმების მექანიზმებს, დეზინფორმაციის გავრცელების თანამედროვე ხერხებს და ემსჯელათ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჟურანლისტური და მოქალაქეობრივი წვლილის შეტანის გზებზე.
კვირეულის განმავლობაში სულ ჩატარდა ოთხი სესია. თითოეული მოიცავდა დეზინფორმაციის კვლევის სხვადასხვა ასპექტს და მისი დაძლევის გზებს.
- სოფო გელავას, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორისა და ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიებების კვლევის ლაბორატორიის მკვლევრის სემინარი გააცნობდა სტუდენტებს დეზინფორმაციის ინტერნეტში გავრცელების სპეციფიკასა და გეოლოკაციის საშუალებით ინფორმაციის გადამოწმების ხერხებს.
- იაროსლავ ვალუჰი, მედია წიგნიერებისა და ფაქტების შემოწმების პროექტის მენეჯერი პრაღაში დაფუძნებული მედია განვითარების ორგანიზაციიდან (Transitions Prague), ესაუბრა მონაწილეებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოქალაქეების ჩართვა ფაქტების შემოწმებისა და უკეთესი საინფორმაციო გარემოს შექმნის პროცესში.
- ნინო გოზალიშვილის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მკვლევრისა და მოწვეული ლექტორის, სემინარი შეეხებოდა დეზინფორმაციის გავლენას საზოგადოებასა და დემოკრატიულ პროცესებზე. Სემინარის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს დეზინფორმაციის გავრცელებისა და მასთან დაპირისიპირების საქმეში პასუხისმგებლობის საკითხზე.
- რევაზ თოფურია, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ფრანკლინის კლუბის აკადემიის ხელმძღვანელი, ესაუბრა მონაწილეებს თანამედროვე დეზინფორმაციის სპეციფიკის შესახებ და გააცნო ჰიბრიდულ ომში დეზინფორმაციის როლი.
29 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) რექტორი - კონსტანტინე თოფურია, პროგრამის ორგანიზატორებსა და ლექტორებთან ერთად შეხვდნენ პროგრამის მონაწილეებს. ღონისძიებაზე მათ სერთიფიკატებით დააჯილდოვეს სემინარის მონაწილეები და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.