საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1918 წლის 26 მაისს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1920 წლის მაისში ბოლშევიკთა გადატრიალების მცდელობის ჩავარდნისა და წითელი არმიის საქართველოს ტერიტორიაზე შემოღწევის უშედეგოდ დამთავრების შემდეგ, ლენინის მთავრობა დათანხმდა საქართველოსთან ხელშეკრულების მოწერაზე და 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის მოსკოვის ხელშეკრულება დაიდო.
ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, „რუსეთი უსიტყვოდ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და ნებაყოფლობით ამბობს უარს ყოველგვარ სუვერენულ უფლებებზე, რომლებიც რუსეთს გააჩნდა ქართველი ხალხისა და მისი მიწა-წყლის მიმართ“. სანაცვლოდ რუსეთმა მიიღო პირობა, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების ჯარებს არ განალაგებდა. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, ამ მუხლს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევდნენ და რუსეთის პირობების უკუგდებას ამჯობინებდნენ. თუმცა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარენოე ჟორდანია, რომლისთვის საერთაშორისო აღიარების მიღწევა მთავარი ამოცანა იყო, დათანხმდა რუსეთის პირობებს. ხელშეკრულებას საბოლოოდ ხელი მოაწერეს ქართული მხრიდან გრიგოლ ურატაძემ და რუსული მხრიდან ლევ კარახანმა, მოსკოვში 1920 წლის 7 მაისს.