...
30 მაისი 2017
ორთაჭალის ციხის არქივების გადარჩენა
სიახლეები

ქალაქ თბილისის ყოფილი №1 საპყრობილეში (ძველი ორთაჭალის ციხე) ინახებოდა უნიკალური არქივი, სადაც დაცული იყო საბჭოთა პერიოდში ციხეში მოხვედრილ პატიმართა საქმეები, ციხის თანამშრომელთა პირადი საქმეები, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვანი მასალა XX საუკუნის ისტორიის შესახებ. 2008 წელს სასწრაფოდ განხორციელებული ციხის დემონტაჟის შემდგომ, არქივის ბედი გაურკვეველი იყო.

 

IDFI ორთაჭალის ციხის არქივის ბედით ჯერ კიდევ 2013 წელს დაინტერესდა. ინფორმაციის გასარკვევად ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივსსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამინიტროს. იუსტიციის სამინიტროს პასუხის თანახმად, წერილი შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასჯელაღსრულების სამინიტროს, ხოლო ეროვნულმა არქივმა განაცხადა, რომ დოკუმანტაცია არ ინახებოდა მის დაქვემდებარებაში.

 

როგორც გაირკვა, 2008 წელს ორთაჭალის ციხის დანგრევის შემდგომ, ციხის არქივი, ყველანაირი წესის დაცვის გარეშე, გადაიტანეს გლდანის №8 საპყრობილის ადმინისტრაციული შენობის სარდაფში. შემდგომში, IDFI-მ თხოვნით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, დაეშვათ IDFI-ის თანამშრომლები №8 საპყრობილის ადმინისტრაციული შენობის სარდაფში, ციხის არქივის სანახავად. IDFI-ს პირველად მიეცა უფლება, ენახა სად და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ორთაჭალის ციხის არქივი. 

 

არქივის მონახულებისას IDFI-ის თანამშრომლებმა საგანგაშო მდგომარეობა დააფიქსირეს. ციხის არქივი სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. აღმოჩნდა, რომ არქივის გადატანისას, არ მომხდარა საარქივო დოკუმენტების აღწერა, აღრიცხვა და შესაბამისად გაფორმება. დოკუმენტები ტომრებით, ან ტომრების გარეშე იყო შეყრილი ციხის ადმინისტრაციული შენობის სარდაფში. საქმეების დიდი ნაწილი უბრალოდ ძირს ეყარა და განადგურების პირას იყო მისული. სინესტის და შესული წყლის გამო დოკუმენტების ნაწილი ისე იყო დაზიანებული, რომ მათი აღდგენა  პრაქტიკულად შეუძლებელიიყო. 

 

არქივის გადასარჩენად, IDFI-მ თანამშრომლობა შესთავაზა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ორგანიზაციის შუამავლობით, შედგა კომუნიკაცია საქართველოს შსს-ის არქივთან და საქართველოს ეროვნულ არქივთან, რათა მომხდარიყო მათი გამოცდილების გაზიარება დოკუმენტების შენახვა-დამუშავებისას. გაიმართა არაერთი შეხვედრა და დაიგეგმა საარქივო დოკუმენტების რეაბილიტაცია, შესაბამის შესანახ პირობებში გადატანა, არქივის განახლება და მისი კატალოგიზაცია-გაციფრულება. 

 

2016 წლის 8 სექტემბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა. ამავე დღეს, რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად, გაიხსნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არქივი.


სამინისტროს ძალისხმევით მოხდა საარქივო მასალების აღდგენა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში გადატანა. ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და კატალოგიზაცია, დაგეგმილია არქივის გაციფრულება. ამჟამად ციხის არქივი სამინისტროს სტრუქტურის ნაწილია. ის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის. 

 

IDFI მადლობას უხდის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ციხეების არქივის რეაბილიტაციისთვის საჭირო რესურსების მოძიებისა და გაწეული სამუშაოსთვის.  

 

ფოტო ალბომი - სასჯელაღსრულების სამინისტოს არქივი რეაბილიტაციამდე და შემდეგ