23-26 ოქტომბერს აჭარა (კვარიათი) მასპინძლობდა პირველ საერთაშორისო კონფერენციას „საქართველო მე-20 საუკუნეში: საქართველოს უშიშროების არქივების მიხედვით“. არქივების გახსნილობა, საბჭოური პერიოდის არქივები, იქ დაცული საარქივო დოკუმენტები და რაც მთავარია, ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩატარებული სამეცნიერო კვლევები, საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორია, საბჭოთა კავშირის ისტორია, - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც განიხილებოდა კონფერენციაზე.
კონფერენცია გაიმართა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ისტორიკოსები, არქივის მკვლევრები, არასამთავრობო სექტორში მომუშავე სპეციალისტები, სხვადასხვა ცნობილი სამეცნიერო და აკადემიური დაწესებულების წარმომადგენელი და არქივის სპეციალისტი, ასევე ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს განთქმულმა სპეციალისტებმა, მკვლევრებმა და პროფესიონალმა ისტორიკოსებმა შეერთებული შტატებიდან, რუსეთის ფედერაციიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.
კონფერენცია გაიხსნა საქართველოს შსს-ის საარქივო სამმართველოს მიერ ორგანიზებული ფოტო-გამოფენით, რომელზეც წარმოდგენილი იყო ყოფილ უშიშროებისა და პარტიულ არქივებში დაცული ფოტოები.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში (საქართველოს უშიშროების კომიტეტის ყოფილი არქივის და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი არქივის) დაცულ დოკუმენტებზე და ამ მასალების გამოყენებით გამოქვეყნებულ ნაშრომებსა და სამეცნიერო კვლევებზე. ასევე, განიხილებოდა არქივებში მუშაობის პრაქტიკა და არქივების გახსნილობის თემა წარმოდგენილ ქვეყნებში. ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია არქივების გახსნილობისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ამიტომ ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ამ კუთხით გააკეთეს და ისაუბრეს თავიან მიმართულებით არსებული პრობლემებისა და მიღწევების შესახებ.
ყველა გამომსვლელმა აღნიშნა ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლითაც გამოირჩევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივები. გახსნილობის, ხელმისაწვდომობის და მკვლევართათვის სამუშაო პირობების შექმნის საკითხში, საქართველოში მე-20 საუკუნის არქივები მართლაც რომ მისაბაძი და სამაგალითოა არა მხოლოდ პოსტ-საბჭოთა, არამედ ბევრი დასავლური ქვეყნის არქივისათვისაც.
საბჭოთა ისტორიის შესასწავლად საქართველოს არქივების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია. სწორედ საქართველოს შსს-ის საარქივო სამმართველოსთან ერთად და მის არქივებში დაცული მასალების გამოყენებით დაიგეგმა სამომავლო კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება კონფერენციის მონაწილეთა მიერ. ასევე, დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოიცემა ერთობლივი პუბლიკაციები სხვადასხვა საინტერესო თემაზე.
კონფერენციის ორგანიზატორები და მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიძღვნილი იქნება საარქივო საქმის და საარქივო კვლევების განვითარებისადმი ყოველწლიურად ჩატარდება.
კონფერენციის პროგრამა და ინფორმაცია კონფერენციის მონაწილეების შესახებ იხილეთ თანდართული ფაილებში: