...
19 თებერვალი 2013
სტალინური სიების გამოფენა რუსთავში
სიახლეები

 

2013 წლის 14 თებერვალს რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა IDFI - ს (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) მიერ მომზადებული გამოფენა - 1937-1938 წლების რეპრესიები: " სტალინური სიები " საქართველოზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა 1937–1938 წლებში საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა, რომელიც IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისი ანალიტიკური დეპარტამენტის, საზოგადოება „საქართველოს მემორიალის“ არქივებში და ასევე რეპრესირებულთა საოჯახო არქივებში მოიძია.

გამოფენაზე წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ნაწილი იმ მასალისა, რომელიც ასახავს დაპატიმრებების, გამოძიების მსვლელობის, წამებისა და სიკვდილით დასჯის მექანიზმებს.

საქართველოში 1937-1938 წლებში სტალინის და პოლიტბიუროს წევრთა უშუალო ხელმოწერით 3615 ადამიანი იქნა რეპრესირებული. მოსკოვიდან თბილისში იგზავნებოდა რეპრესირებულთა სახელი, გვარები და სასჯელის ზომა.

საქართველოზე ასეთი 12 სია არსებობს, რომელიც სხვადასხვა დროს იქნა გამოგზავნილი.

გამოფენა 14 თებერვალს გაიხსნა. გამოფენა სიმბოლურად მიეძღვნა 1938 წლის 14 თებერვლით დათარიღებულ სიის 75 წლისთავს.

1938 წლის 14 თებერვლის სიაში 405 ადამიანი ირიცხება.

გამოფენას დაესწრნენ რუსთვის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რეპრესირებულთა შთამომავლები, რუსთავის საკრებულოს წევრები და დაინტერესებული საზოგადოება.

გამოფენა რუსთავში 5 მარტამდე გაგრძელდება. მომავალში იგეგმება გამოფენის სხვადასხვა ქალაქებში გადატანა.