...
10 ოქტომბერი 2014
პროექტის „სტალინური სიები საქართველოდან“ პრეზენტაცია
სიახლეები

8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პროექტის „სტალინური სიები საქართველოდან“ პრეზენტაცია. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც დაესწრო და თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უახლოეს წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ სწორი ინფორმაციის ქონა.

პროექტი 2011-2013 წლებში განახორციელა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალთან“ თანამშრომლობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. 


პროექტი "სტალინური სიები საქართველოდან" არის საქართველოში პირველი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც 1937-1938 წლების "დიდი ტერორის" მსხვერპლთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს შეიცავს, მათ შორის მოხვდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც უშუალოდ იოსებ სტალინის ხელმოწერითა და ბრძანებით არიან დახვრეტილნი. პროექტის მიზანი იყო საქართველოში 1937-1938 წლებში განხორციელებული "დიდი ტერორის" მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის მოძიება, კვლევა და გაანალიზება.

 

IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის განცხადებით სიების შექმნა დაიწყო მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოება “მემორიალმა” რუსეთში გამოაქვეყნა რუსეთის ცენტრალური კომიტეტის არქივში დაცული რეპრესირებულთა სია, გასაჯაროებულ ნუსხაში 44 ათას პირს შორის 3600 ადამიანი იყო საქართველოდან. ეს სიები აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებისა და პროფესიის მქონე ადამიანებს. საერთო ჯამში 3616 პირს, რომელთაგან 3100-ს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა კომპაქტ-დისკები, რომელიც წარმოდგენას ქმნის 1937-38 წლებში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე.

 

„სტალინური სიების“ ციფრული ვერსიები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი, იგეგმება ამავე სახელწოდებით მასალების წიგნად გამოცემაც. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტალინის, როგორც „დადებითი ქართველი გმირის“ დამკვიდრებული სტერეოტიპის დამსხვრევას და პოსტსაბჭოთა საქართველოში ბოლშევიკური წარსულის გააზრებას. მონაცემები საჯარო ბიბლიოთეკის ღია ელექტრონულ ქსელში უკვე გაეშვა.

 

ასევე, ბმულზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვთ მოიძიონ ინფორმაცია მათი წინაპრების შესახებ, რომლებიც გახდნენ 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენების მსხვერპლნი.

აღნიშნული პრეზენტაციას ვრცელი სტატიები მიუძღვნა რადიო თავისუფლებამ და ნეტგაზეთმა