...
25 თებერვალი 2017
1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა
სიახლეები

25 თებერვალს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე პარლამენტის შენობის წინ - საზოგადოება „მემორიალმა“ და IDFI-მ  რუსთაველის გამზირზე გამართეს გამოფენა თემაზე: „გასაბჭოების შედეგები საქართველოში რეპრესირებულთა ფოტოებისა და სიების  სახით“.

 

გამოფენა ეძღვნებოდა ოკუპაციის პირველ წლებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დახვრეტილ პატრიოტთა ხსოვნას. გამოფენის მოწყობის მიზანს წარმოადგენდა ანტიჰუმანური რეჟიმის, ბოლშევიზმის, ქმედებათა შეხსენება მოსახლეობისათვის, რომლის 62% თურმე, სტალინელთა აზრით, მისტირის საბჭოთა კავშირს.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1921-1924 წლებში დახვრეტილთა (1350 ადამიანი) და 1921-1922 წლებში „ჩეკას“ მიერ დაპატიმრებულთა (2734 ადამიანი) სიები; სტენდებში განთავსდა გადასახლებიდან გამოგზავნილი წერილები, ჯგუფური ფოტოები, პატიმრების მიერ გამოშვებული გაზეთი და საბუნებისმეტყველო ჟურნალი, პოლიტრეპრესირებულების კონსპექტები, ლექსიკონები და სხვა. სურათების გადაღება მათ შეეძლოთ მხოლოდ  ციხეებში 2-3 წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ, როდესაც მათ მიმაგრებაში განამწესებდნენ. ამიტომაა რეპრესირებულთა ჯგუფური სურათები დათარიღებული 1926 წლიდან მოყოლებული. სურათებზე წარმოდგენილი პატრიოტები დაპატიმრებულნი იყვნენ ოკუპაციის დასაწყის 1921-1925წლებში.  

 

ჯგუფურ სურათებში ღირსეული ადამიანები არიან წარმოდგენილი: კანდო (ლეონიდე) ხუბულავა 1925 წლის დასაწყისში მოხვდა სოლოვკებზე. ის დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა პატიმრებში. 1930 წლის ნოემბერში დაბრუნებულ კანდოს დასახვედრად მთელი ზუგდიდი წასულა სადგურში, ისე რომ ზუგდიდში ფაიტონი აღარ დარჩენილა თურმე. იგი 37-ში დახვრიტეს; ასევე დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა პატიმრებში ვერა ასათიანი, ისიც 37-ში დახვრიტეს; პეტრე კურცხალია სასჯელს იხდიდა ჯერ სოლოვკებზე, შემდეგ ვიატკაში. დაბრუნდა, მუშაობდა ეკონომისტად.ვახტანგ ბარათაშვილი, მარიკა ბარათაშვილის ძმა, ახალგაზრდა სოციალ-ფედერალისტთა კომიტეტის მდივანი, 24 წლის აჯანყების დამარცხებით იმედგაცრუებული, 50 კაციან ჯგუფთან ერთად საზღვარგარეთ გაქცევის მცდელობის გამო დააპატიმრეს 1925 წელს. მოხვდა სოლოვკებზე, იქიდან კი თავისუფალ გადასახლებაში ჯერ სარატოვში, შემდეგ ჩებოქსარსა და ურალში. მძიმედ დაავადდა თირკმელების უკმარისობით და დაბრუნებული გარდაიცვალა 1938 წლის 28 მაისს; ვანო ხელაძე სწავლობდა ავსტრიის ქალაქ გრაცში, გადმოვიდა სასწავლებლად ქ. ხარკოვში და დაამთავრა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1925 წელს მიუსაჯეს 3 წელი საკონცენტრაციო ბანაკში მოხდით. სასჯელი მოიხადა სოლოვკებზე. იყო სოლოვკების საბუნებისმეტყველო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, ამ ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს სტატია.

 

დაბრუნების შემდეგ, 1927 წლიდან, გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა თბილისის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტში ლექტორად. გარდაიცვალა 1965 წელს; სევერიანე აროშიძე 1924 წელს დააპატიმრეს, მიესაჯა 3 წელი საკონცენტრაციო ბანაკში მოხდით. სასჯელს იხდიდა ჯერ სოლოვკებზე, შემდეგ ყაზახეთში, შემდეგ კი ციმბირში, ირკუტსკში. გადასახლებიდან დაბრუნდა 1933 წელს და მუშაობდა ბუღალტრად რაიონებში, ვინაიდან თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, გარდაიცვალა 1956 წელს; ლევან გოთუა 22 წელი იყო თავისუფლებააღკვეთილი. იყო წლები, როდესაც ის ყველაზე პოპულარული მწერალი იყო საქართველოში, თბილისის თეატრებში ერთდროულად მისი ოთხი პიესა იდგმებოდა. იყო მთამსვლელი და მღვიმეების მკვლევარი, მოგზაური და ქართული ძეგლების დამცველი, სანიმუშო ჟურნალის „ძეგლის მეგობრის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი სახელის ავტორი და პირველი კრებულის რედაქტორი. მან ჩაუყარა საფუძველი „გრემქალაქობას“, რაც, ზოგადად, „ქალაქობის“ შემოღების საფუძველი გახდა; აკაკი ოსიძე სოლოვკებში ჩაიყვანეს 1923 წლის დეკემბერში, სოლოვკების ერთ-ერთი პირველი პატიმარი იყო, ვინაიდან ეს ერთ–ერთი [მოწინავე საკონცენტრაციო ბანაკი 1923 წლის ოქტომბერში გაიხსნა. აკაკი ოსიძე პატიმრობაში გარდაიცვალა 1926 წლის 12 თებერვალს.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მისი დაკრძალვის ფოტო სოლოვკების სასაფლაო „გოლგოთაზე“; შოთა აბესაძეც ვერ დაბრუნდა ცოცხალი გადასახლებიდან, ის ჯერ სოლოვკების საკონცენტრაციო ბანაკში იხდიდა სასჯელს, შემდეგ ვორონეჟში, სადაც გარდაიცვალა; ვორონეჟში  გარდაიცვალა ასევე ალექსანდრე დგებუაძე, შიმშილისგან გამოფიტული.   

 

 

გამოფენაზე წარმოდგენილ ქართველ პოლიტპატიმრებს გამოვლილი აქვთ ურთულესი საკონცენტრაციო ბანაკები და გადასახლების ადგილები: სოლოვკები, მარის ოლქი, ნარიმი (ჩრდილოეთის მხარე, კარგასოკი, პოდგორნოე. აქ მოიხადეს სასჯელი მეფის რუსეთის მიერ გადასახლებულმა დეკაბრისტებმა, ნაროდნიკებმა, პოლონეთის აჯანყებების (1830-1831, 1863-1864წწ.) მონაწილეებმა), პენზა, იოშქარ-ოლა, სიმფეროპოლი, ვოლოგდა, ვორონეჟი, ასტრახანი, ტომსკი და სხვა.