...
17 თებერვალი 2020
კონფერენცია - ნაციონალური ისტორიოგრაფია პოსტკომუნისტურ სამხრეთ კავკასიაში
სიახლეები

15-16 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) არქივების, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე და ანალიტიკოსი, მეგი ქარცივაძე დაესწრნენ ბუდაპეშტში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას “ნაციონალური ისტორიოგრაფია პოსტ კომუნისტურ სამხრეთ კავკასიაში“.

 

კონფერენციის ფარგლებში, IDFI-ის ინიციატივით, ჩატარდა მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე „არქივების ღიაობა და მეხსიერების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა და ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ანტონ ვაჭარაძემ, მეგი ქარცივაძემ, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანმა, ნუცა ბათიაშვილმა, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის თანამედროვე ისტორიის ხელმძღვანელმა და უფროსმა მკვლევარმა, შანდორ ჰორვატმა და ცენტრალური აზიის ისტორიის მკვლევარმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, ტომას უელსფორდმა.

 

ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების არქივებში არსებულ პრობლემებზე და არქივების ღიაობის ადვოკატირების კამპანიაზე, რომელიც "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მან აუდიტორიას გააცნო IDFI-ის პროექტი „არქივების ღიაობა პოსტსაბჭოთა და ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ და არქივების ღიაობის საერთაშორისო რეიტინგის ბაზა http://open-archives.org/. ასევე, ისაუბრა IDFI-ის აქტივობებზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ - პროექტის მსვლელობისას გამოქვეყნებულ სტატიებზე, IDFI-ის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე არქივებისა და პირადი მონაცემების შესახებ კანონებში ცვლილების თაობაზე, ეროვნული არქივის წინააღმდეგ მოგებულ სასამართლო დავაზე, სტალინის სიებსა და სხვადასხვა აქტივობებზე.

 

შანდორ ჰორვატმა წარმოადგინა არქივების ღიაობის კუთხით საუკეთესო პრაქტიკების მაგალითები აღმოსავლეთ ევროპიდან. მან ისაუბრა საარქივო დოკუმენტების ონლაინ ხელმისაწვდომობის საკითხსა და საარქივო საქმიანობის მოქნილობის გაზრდის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. გარდა არქივების ღიაობის კუთხით საუკეთესო პრაქტიკებისა, მისი მოხსენება, ასევე, შეეხო ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ გამოწვევებს. შანდორ ჰორვატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დისკუსია გაგრძელდა არქივების ღიაობის კუთხით სხვადასხვა რეგიონში არსებული სიტუაციების შედარებითი ანალიზის ფორმატში.

 

ტომას უელსფორდის მოხსენება ეხებოდა ცენტრალური აზიის არქივების დახურულობის საკითხს და იმ პრობლემებს, რასაც იქ მომუშავე მკვლევრები ყოველდღიურად აწყდებიან. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის არქივებში არსებული გამოწვევები მხოლოდ მინიმალურია ცენტრალური აზიის არქივებში არსებულ სიტუაციასთან შედარებით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ყირგიზეთისა და უზბეკეთის არქივებზე. ამის შემდეგ კი, ასევე, განიხილა არქივების როლი ცენტრალური აზიის ქვეყნების ნაციონალური ნარატივების ფორმირების პროცესში და აღნიშნა, რომ მეხსიერების არაეფექტური პოლიტიკა დიდწილად არქივების დახურულობითაა განპირობებული.

 

გარდა არქივების ღიაობისა, დისკუსია შეეხო აღნიშნულ რეგიონებში მეხსიერების პოლიტიკასა და არქივების როლს კოლექტიური მეხსიერების, ახალი ნაციონალური ნარატივების ფორმირებაში. ნუცა ბათიაშვილმა ისაუბრა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მეხსიერების პოლიტიკაზე და იმ ინსტიტუციურ ტრანსფორმაციაზე, რამაც გავლენა იქონია ახალი ნაციონალური ნარატივის ფორმირების პროცესში. მან აღნიშნა, რომ დიდწილად ნაციონალური ისტორიოგრაფიის ტრანსფორმაცია დაკავშირებული იყო ადგილობრივ ე.წ. ინტელიგენციასა და პოლიტიკურ კლასს შორის ურთიერთობის დინამიკასთან, ხშირად კი - მათ შორის დაპირისპირებასთან. არქივების ღიაობა ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

 

მეგი ქარცივაძის მოხსენება, საქართველოს გამოცდილების მაგალითზე, სწორედ მეხსიერების ეფექტური პოლიტიკის შემუშავების პროცესში არქივების როლს შეეხო. მან ხაზი გაუსვა არქივების მნიშვნელობას ლუსტრაციის, რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და თანმიმდევრული ნაციონალური ნარატივის ფორმირების პროცესში. ასევე, მეგი ქარცივაძემ ისაუბრა მკვლევართათვის არქივების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე თანამედროვე პოლიტიკურ ვითარებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა შესამჩნევად აქტიურ ფაზაშია შესული.

 

გარდა აღნიშნული დისკუსიისა, მეგი ქარცივაძემ კონფერენციის ფარგლებში, ასევე, წარმოადგინა ინდივიდუალური მოხსენება „ქართული სტალინიზმი, ნაციონალიზმი და ისტორიოგრაფია: სტალინისტური და თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოების შედარებითი ანალიზი“. პრეზენტაცია ეხებოდა 1930-1940-იან წლებში ქართული ნაციონალური ნარატივის ცვლილებასა და საკვანძო ისტორიულ ფიგურებთან სტალინის კულტის გადაჯაჭვას. ამის შემდგომ, მეგი ქარცივაძემ განიხილა თუ რამდენადაა შენარჩუნებული სტალინისტური ისტორიული ნარატივი თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოებში.

 

კონფერენციის დასასრულს, CEU-ის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბალაშ ტრენშჩენმა ხაზი გაუსვა შედარებითი ანალიზის მნიშვნელობას ნაციონალური ისტორიოგრაფიის, მეხსიერების პოლიტიკის, არქივების ღიაობისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლის პროცესში. სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის გამოცდილებების შედარება საშუალებას იძლევა, რომ შეიქმნას ფართო პერსპექტივა არსებული გამოწვევებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. ამისთვის IDFI აქტიურად განაგრძობს არქივების ღიაობის შეფასებას სხვადასხვა ქვეყანაში და მუშაობს იმაზე, რომ მომავალში მნიშვნელოვნად გაიზარდოს არქივების ღიაობის საერთაშორისო რეიტინგით დაფარული ქვეყნების რიცხვი.

 

___

აღნიშნული აქტივობა დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში.