...
20 თებერვალი 2020
საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეული
სიახლეები

2020 წლის 25 თებერვალს რუსეთის ბოლშევიკური წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 99 წელი შესრულდა. პროექტის „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მეხსიერების კვლევების ხელშწყობა წარმოადგენს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. შესაბამისად, IDFI-მ საბჭოთა ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით დაგეგმა და ჩაატარა რამდენიმე ღონისძიება. IDFI-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, საბჭოთა წარსულისა და მომიჯნავე დარგების მკვლევარები, ასევე - საკნონმდებლო ორგანოს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები თბილისსა და რეგიონებში.

 

22 თებერვალს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის და IDFI-ის ორგანიზებით, გაიმართა სასწავლო ტური კოჯრისა და ტაბახმელას მახლობლად, სადაც 1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკურ წითელ არმიასთან ომის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. სასწავლო ტური თავდაცვის აკადემიის იუნკრებისთვის და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა. IDFI-ის საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მიმოიხილა ის ისტორიული მოვლენები, რომლებსაც 1920-21 წლებში ადგილი ჰქონდა კავკასიის რეგიონში. ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ, სტუდენტებს და იუნკრებს აჩვენა ის სანგრები, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. სასწავლო ტურის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ იმდროინდელი ქართული ჯარის ისტორიას, ოფიცრების, სამხედროების და იუნკრების გმირობებს, დეტალურად განიხილეს 1921 წლის თებერვალში მიმდინარე მოვლენები. ტურის ჩატარებაში აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ აღმოჩენილი თანადგომა და გაწეული დახმარება IDFI-ს ინიციატივის სრულყოფილად შესასრულებლად. აკადემიამ გამოყო ტრანსპორტი მონაწილეებისთვის, ასევე ტურის შემდეგ, კოჯრის სამხედრო ბაზაზე იუნკრებს, სტუდენტებს და ორგანიზატორებს გაუმასპინძლდა სადილით.

 

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კადეტები

 

24 თებერვალს, IDFI-მ ხაშურის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში IDFI-ს საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე და ანალიტიკოსი მეგი ქარცივაძე მოსწავლეებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის, საბჭოთა ეპოქისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ ესაუბრნენ. ლექციის ნაწილი შეეხო საქართველოს ევროპულ კურსს, როგორც ქვეყნის ისტორიულ არჩევანს. ანტონ ვაჭარაძემ დეტალურად უამბო სკოლის მოსწავლეებს, როგორი იყო ურთიერთობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობასა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის. ასევე, მან მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების იდეებზე საქართველოს დასავლური განვითარების შესახებ და იმ ზიანზე, რაც საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საქართველოს მიადგა. ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა როგორც საბჭოთა რეპრესიებზე, ასევე - პროპაგანდაზე, რის ქვეშაც საქართველომ 70 წლის განმავლობაში იარსება. გარდა საბჭოთა პერიოდისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობებს და რუსულ ოკუპაციას. ლექციაზე IDFI-ის წარმომადგენლებმა და მოსწავლეებმა განიხილეს, თუ როგორ ამახინჯებს საქართველოს ისტორიის კონრეტულ მონაკვეთებს რუსული პროპაგანდა და რა როლს თამაშობს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სიტყვის თავისუფლება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და არქივების ღიაობა. მოსწავლეები, ასევე, გაეცნენ სხვადასხვა საარქივო დოკუმენტს, როგორც საქართველოს პირველი რესპუბლიკის, ასევე, სტალინური რეპრესიების შესახებ.

25 თებერვალს,  საზოგადოება "მემორიალის" ინიციატივითა და IDFI-ის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ოკუპაციის 99 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საარქივო მასალა და ისტორია, რომელიც აღწერდა 1921 წელს საქართველოში ბოლშევიკური, წითელი არმიის შემოსვლას, 1920-იან წლებში განხორციელებულ საბჭოთა ტერორს და კონკრეტული ადამიანების პირად ტრაგედიებს. გამოფენაზე საარქივო მასალა და ფოტოდოკუმენტები წარმოადგინა საზოგადოება  „მემორიალის“ თავმჯდომარემ, გურამ სოსელიამ. „მემორიალის“ საზოგადოებრივ არქივში ინახება: უნიკალური ფოტომასალა, რომელიც ასახავს „სალავკის“ და „ნარიმის“ ბანაკების ქართველ ტყვეებს, ამავე ადამიანების მიერ გადასახლებაში დაბეჭდილი გაზეთები, ოჯახში მოწერილი წერილები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. გურამ სოსელიამ ამოფენის გახსნისას დეტალურად ისაუბრა საარქივო მასალის წარმომავლობასა და შინაარსზე. საუბარი შეეხო 1921 წელს ბოლშევიკური არმიის შემოსვლას საქართველოში, საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა პირად ტრაგედიებსა და ისტორიებს, რომლებიც ნათლად აღწერს საბჭოთა რეჟიმის ბოროტებას. გამოფენა 25 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაში და პარლამენტის თანამშრომლებს, დეპუტატებს და ვიზიტორებს ჰქონდათ საშუალება, გაცნობოდნენ იქ წარმოდგენილ მასალებს.

 

ასევე 25 თებერვალს, IDFI-ის ორგანიზებით სამტრედიისმუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის ხელოვანთა დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე IDFI-ის საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ, მწერალმა ირაკლი მახარაძემ და დრამატურგმა გურამ მეგრელიშვილმა საქართველოს ოკუპაციასა და ძალისმიერი გზით გასაბჭოებასზე ისაუბრეს. შეხვედრას სამტრედიის საჯარო სკოლების 200-მდე მოსწავლე დაესწრო. შეხვედრის დასასრულს გაიმართა წიგნების წამახალისებელი გათამაშება.

 

შეხვედრა მერიის ადმინისტრაციული შენობის ხელოვანთა დარბაზში

 

IDFI განაგრძობს მუშაობას საბჭოთა მეხსიერების კვლევებზე, საბჭოთა ტერორის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, რეპრესიების მსხვერპლთა ისტორიების პოპულარიზაციასა და საბჭოთა წარსულის გადააზრებაზე. 2020 წლის საბჭოთა კვირეულის ეგიდით განხორცილებული აქტივობების შედეგად მოხერხდა, რომ ორგანიზაციას ინფორმაცია მიეწოდებინა ფართო აუდიტორიისთვის - როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე კერძო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის თბილისსა და რეგიონებში. IDFI მომავალშიც გეგმავს საგანმანათლებლო ტურების, გამოფენებისა და საჯარო ლექციების ორგანიზებას საბჭოთა წარსულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის უახლესი ტოტალიტარული წარსულის გადასააზრებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების განსავითარებლად.

 

საბჭოთა ოკუპაციის თარიღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეული, საჯარო და კერძო სტრუქტურების თანამშრომლების კარგი მაგალითი იყო, რისთვისაც IDFI მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს, საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიასა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას.

 

 ___


 

აღნიშნული აქტივობები დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში.