The Sites of Conscience (შემდგომში „კოალიცია“) არის მეხსიერების კვლევის პლატფორმა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და აერთიანებს 275 ორგანიზაციას 65 ქვეყნიდან. კოალიციის მთავარი მიზანია, გაზარდოს აღნიშნული ინსტიტუტეციების შესაძლებლობები საგრანტო დაფინანსების, ურთიერთდაკავშირების და საერთო ქსელში ჩართვის, ტრენინგების, გარდამავალი სამართლიანობის მექანიზმების ამოქმედებისა და ადვოკატირების გზით. კოალიციის წევრები და პარტნიორები ახდენენ მრავალფეროვანი ისტორიების მემორიალიზაციას საკუთარ ქვეყნებში. ყველა მათგანს გააჩნია განსაკუთრებული, ინდივიდუალური წარსული - მათ შორის არიან ისევე როგორც დემოკრატიული ტრადიციების მატარებელი, ასევე ძალადობრივი წარსულის მქონე სახელმწიფოები და მიმდინარე კონფლიქტური რეგიონები, რომლებიც ახლა გადიან გარდამავალი სამართლიანობის ეტაპებს. კოალიციის წევრ ყველა ორგანიზაციას ააერთიანებს ერთი მიზანი - წარსულის მეხსიერებას დაუკავშირონ აწმყოს საერთო ვალდებულება.
კოალიციის საქმიანობის შედეგები სხვადასხვა ქვეყანაში:
- შრი-ლანკის სამოქალაქო ომის სხვადასხვა მხარეს მყოფი დედები (1983-2009) თავიანთ ისტორიებს აზიარებენ სათემო სემინარებში, რაშიც იყენებენ ინტერდისციპლინარულ მიდგომებს სიმართლის დასადგენად, სამართლიანობისა და შერიგების საკითხების მოსაგვარებლად;
- შეერთებული შტატების ყველა რეგიონიდან ახალგაზრდები ეცნობიან სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ისტორიას, რაც მათ ეხმარება საკუთარი ხმის ამაღლებისთვის ბრძოლაში. ისინი ქმნიან მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსს ამ ისტორიის გასავრცელებლად;
- ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის ორივე მხარის პოლიციელები ყვებიან თავიანთ ამბებს ზეპირი ისტორიების პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ორ მხარეს შორის ნდობისა და ურთიერთგაგების ამაღლებას;
- სიერა ლეონეში მიმდინარე სამოქალაქო ომს (1991-2002) ათასობით სოფლის სკოლაში სწავლობენ მოძრავი გამოფენის წყარობით - ომი, რომელსაც 70 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაგრამ რომლის განხილვა ზრდასრულ ადამიანებს ძირითადად არ სურთ.
ყველა ზემოჩამოთვლილ და კიდევ ასობით პროექტს მთელ მსოფლიოში გააჩნია თავისი ფესვები წარსულში და შეხედულება მომავალზე. გააზრებული და ერთიანი ძალისხმევის მეშვეობით, კოალიცია ცდილობს დააკავშიროს წარსულს აწმყოსთან და თავისი წვლილი შეიტანოს ერების მეხსიერების შეცვლაში.
IDFI საარქივო, მეხსიერების და საბჭოთა კვლევების მიმართულებით 2009 წლიდან აქტიურად მუშაობს. ორგანიზაციის წარმატებულ პროექტებს შორისაა:
- სტალინური სიები საქართველოდან - საქართველოში პირველი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც 1937-1938 წლების "დიდი ტერორის" მსხვერპლთა შესახებ 3.616 ადამიანის მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს შეიცავს და რომელმაც საშუალება მისცა ასობით ადამიანს ეპოვნა ინფორმაცია რეპრესირებული წინაპრის შესახებ;
- საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ დოკუმენტების მოგროვება და გაანალიზება, რომელიც მოიცავს 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებს, ასევე აშშ ინსტიტუტების საარქივო ფონდებში დაცულ საიდუმლო დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს 9 აპრილზე, ზვიად გამსახურდიაზე და სხვა მოვლენებსა თუ პიროვნებებზე;
- ციხის არქივების გადარჩენა - 2008 წელს ორთაჭალის ციხის დანგრევის შემდგომ, ციხის არქივი, ყველანაირი წესის დაცვის გარეშე, გადაიტანეს გლდანის №8 საპყრობილის ადმინისტრაციული შენობის სარდაფში. IDFI ადვოკატირების კამპანიით და სამინისტროს ძალისხმევით, მოხდა საარქივო მასალების აღდგენა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში გადატანა;
- არქივების ღიაობის ადვოკატირების კამპანია საქართველოში, პოსტ-საბჭოთა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში - 2017-2020 წლებში განხორციელებული ორი პროექტი, რომლის შედეგადაც მომზადდა რეგიონის 18 ქვეყნის არქივების რეიტინგი, აგრეთვე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდა 2 დიდი კონფერენცია საარქივო და მეხსიერების კვლევებში;
- ათობით ანალიტიკური სტატია, კრებულის ქვეთავი, გამოფენა, საჯაროლექცია, შეხვედრა, ვიზუალიზაცია თუ მოკლე ვიდეო - საზოგადოების უკეთესი ინფორმირებისთვის.
მეხსიერების შენარჩუნებისა და XX საუკუნეში მოღვაწე მნიშვნელოვანი ფიგურების სახელების უკვდავყოფის მიზნით, IDFI-მ თბილისის მერიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით დაამონტაჟა მემორიალური დაფები დედაქალაქსა და რეგიონებში:
- 2016 წელს, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საარქივო კვლევის შემდეგ დადგინდა 1923 წელს, ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი 15 ქართველი ოფიცრის ზუსტი საცხოვრებელი მისამართი და მათ სახლებზე დამონტაჟდა მემორიალური დაფები;
- 2018 წლიდან, IDFI-მ საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი მოღვაწეების მემორიალური დაფები დაამონტაჟა ხონში, ჩოხატაურსა და კასპში - იმ მუნიციპალიტეტებში სადაც აღნიშნული პიროვნებები დაიბადნენ;
- 2019 წელს, IDFI-მ გამოსცა მემორიალური ალბომი „ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (1864-1926)“ - რომელიც ასახავს XX საუკუნის პირველი მეოთხედის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ალბომის პარალელურად, სახლზე სადაც კარლო ჩხეიძე და მთავრობის კიდევ ერთი წევრი, კონსტანტინე გვარჯალაძე ცხოვრობდნენ, თბილისის მერიამ IDFI-ს ინიციატივით დაამონტაჟა მემორიალური დაფები. 2020 წელს IDFI აპირებს ანალოგიური ალბომს გამოცემას რესპუბლიკის კიდევ ერთი გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის შესახებ;
- IDFI აქტიურად ჩაერთო 2019 წელს ქალაქ ბათუმთან ახლოს აღმოჩენილი, 1937-1938 წლებში, „სტალინური ტერორის“ დროს დახვრეტილი პირების მასობრივი სამარხის მემორიალიზაციის საკითხში და უმოკლეს ვადაში მოახერხა რეპრესირებული პირების შესახებ საარქივო დოკუმენტების მოძიება. ორგანიზაციის მიერ შსს არქივში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ 1937-1938 წლებში სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციის შედეგად აჭარაში სულ 1050 ადამიანი დახვრიტეს.
The Sites of Conscience კოალიციასთან მუშაობის პირველ ეტაპზე, 2020 წელს, IDFI აპირებს შესთავაზოს ორგანიზაციას პროექტი აჭარაში დახვრეტილი პირების ხსოვნის უკვდავყოფის მიზნით. მოხდება იდენტიფიცირებული 1050 რეპრესირებულის ოჯახის წევრების და შთამომავლების ზეპირი ისტორიების ჩაწერა, მათ ოჯახში დაცული ფოტო და საარქივო მასალის შეგროვება, მათი პოპულარიზაცია და განთავსება IDFI ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში. პარალელურად, ორგანიზაცია გააგრძელებს ადვოკატირებას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან და სახელმწიფო ორგანოებთან, რათა მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები სამარხების შესწავლის და ნეშტებისთვის სათანადო პატივის მიგების უზრუნველსაყოფად.
___
აღნიშნული აქტივობა დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში.